განათლება,მთავარი,სიახლეები

ქიმიის და ფიზიკის პედაგოგები: სამინისტრო დისკრიმინაციულად გვეპყრობა

29.01.2020 • 5566
ქიმიის და ფიზიკის პედაგოგები: სამინისტრო დისკრიმინაციულად გვეპყრობა

საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი აიმაღლეს და გახდნენ უფროსი ან წამყვანი მასწავლებლები, ამ სტატუსით განსაზღვრულ დანამატს სრულად მაინც ვერ იღებენ. სრული დანამატის მიღება მხოლოდ იმ პედაგოგებს შეუძლიათ, ვისაც მინიმუმ 15 საათი აქვს. პედაგოგების აზრით, ეს არის უსამართლობა და დისკრიმინაცია, რადგან ბევრ სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებში საათები მცირეა და ხშირად პედაგოგები 15 საათს, არჩევითი საგნების დამატების შემთხვევაშიც კი, ვერ აგროვებენ.

პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ სტატუსით განსაზღვრული დანამატის აღება, საათების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. „მაშინ რა აზრი ჰქონდა სტატუსის ამაღლებას?“ – ამბობენ მასწავლებლები.

ხობში, სოფელ ხიბულას საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მიხეილ სართანია, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სახელმწიფომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომა უნდა შეცვალოს,  მასწავლებელმა სტატუსის შესაბამისი ანაზღაურება რომ აიღოს.

„ანალოგიურ სიტუაციაში ვარ მეც, რადგან ჩემს სკოლაში ფიზიკაში მაქსიმალური არის 11 საათი, 3 საათი მაქვს დამატებული ბუნებისმეტყველების და 15 მაინც არ შეგროვდა. ფიზიკურად არ არის საათები.

უფროსი მასწავლებლის სტატუსით გათვალისწინებული 470 ლარი რომ დამერიცხოს (რაც ხელზე 376 ლარია), მინიმუმ 15 საათი მაინც უნდა მქონდეს. დაახლოებით 45 ლარი მაკლდება ამის გამო. წლიურად ეს 540 ლარია“, – ამბობს მიხეილ სართანია.

ის პედაგოგები, ვისაც ცხრა და უფრო ნაკლები საათები აქვთ, გაცილებით ნაკლებს იღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსის ფლობის მიუხედავად.

მიხეილ სართანიას თქმით, ხიბულას სკოლაში არც არჩევითი საგნებია, რომ მასწავლებლებმა ამის ხარჯზე მაინც შეივსონ საათები. თუმცა, სართანიას თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სკოლას არჩევითი საგნები აქვს, მაგრამ მიმართულებებში სკოლას ორი ან სამი პედაგოგი ჰყავს, მაშინ ეს საკითხი შესაძლოა გახდეს პედაგოგებს შორის უთანხმოების მიზეზი. „დირექტორი წყვეტს, ვის მისცეს არჩევითი საგანი, მაგრამ თუ ორივე მასწავლებელს აქვს მაღალი სტატუსი, წესით კათედრაზე უნდა შეთანხმდნენ, ვის დაემატება. თუმცა ჩვენს სკოლებში ასე არ ხდება და ეს შემდეგ იწვევს უთანხმოებას კოლეგებს შორის“, – გვეუბნება ის.

„მაგალითად, ქიმიის მასწავლებელს მხოლოდ ცხრა 9 საათი აქვს და დანამატიდან დაახლოებით 240 ლარი ერიცხება. ბუნებისმეტყველებაში მხოლოდ სამი საათია განსაზღვრული, ამ საგნის მასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ უფროსის სტატუსი აქვს, მაინც მიზერულ ხელფასს იღებს, რაც სამარცხვინოა. ამიტომ სამართლიანი იქნება, დანამატის თანხა ავიღოთ სრულად, საათების კი იმის მიხედვით, რამდენსაც ვატარებთ“, – ამბობს მიხეილ სართანია.

პედაგოგის აზრით, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეცვალოს მიდგომა, რადგან საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლები, ყველაზე მეტად ზარალდებიან. „ამას ემატება ის, რომ სკოლებში არ გვაქვს შესაბამისი ლაბორატორიები. ზოგიერთ სკოლას არც ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება შეუძლია, ამიტომაც გვაქვს მძიმე მდგომარეობა ამ მიმართულებით“.

მაგული ჯინჭარაძე, სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელია და მასაც არ ერიცხება უფროსი მასწავლებლის სტატუსით გათვალისწინებული სრული დანამატი.

„მთავრობა ამბობდა, რომ ხელფასი იმ შემთხვევაში გაგვეზრდებოდა, თუკი კომპეტენციას დავადასტურებდით. ჩავაბარეთ გამოცდა, მაგრამ სრული ანაზღაურება მაინც არ გვეძლევა.

470 ლარი უნდა აეღო უფროსს მასწავლებელს საათების მიუხედავად, ამაზე იყო საუბარი, თუმცა მხოლოდ საათების პროპორციულად ვიღებთ. დანამატი არ უნდა იყოს საათების რაოდენობაზე დამოკიდებული, თუ მიიღო სტატუსი პედაგოგმა, დანამატიც სრულად უნდა მიიღოს“, – ამბობს მაგული ჯინჭარაძე.

თინიკო ბრაჭული დუშეთის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში ქიმიას და ფიზიკას ასწავლის. მას ორივე სკოლაში 15 საათი აქვს, შესაბამისად, დანამატსაც სრულად იღებს.

„მეორე სკოლაში 18 საათი იყო, ამიტომ ორი საათი ჩემს კოლეგას დავუმატე და იმანაც შეივსო. ორივე უფროსი მასწავლებლები ვართ. თუმცა ყველა სკოლაში ასე არ არის“, – გვეუბნება ის.

განათლების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ 2020 წლიდან სავალდებულო იქნება კომპეტენციის დადასტურება ყველა იმ საგანში, რომელსაც პედაგოგი ასწავლის სკოლაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პედაგოგი სხვა საგნის სწავლების უფლება აღარ ექნება.

„მე კომპეტენცია დადასტურებული მაქვს მხოლოდ ქიმიაში. ამიტომ, თუ ეს მოთხოვნა ძალაში შევა, მაშინ ფიზიკის საათები მომაკლდება“, – ამბობს თინიკო ბრაჭული. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მაინც ქიმიის მასწავლებლები ზარალდებიან, რადგან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით როცა საბაზო საფეხური მე-10 კლასის ჩათვლით განისაზღვრება, ქიმია მხოლოდ მე-10 კლასის ჩათვლით იქნება სავალდებულო. მე-11 აღარ იქნება ქიმიის საათები“.

დღეს ქიმია ისწავლება მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში.  „საუბარი იყო, რომ ქიმიის საათები მე-7 კლასში დამატებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მხოლოდ ფიზიკა შევიდა მეშვიდეში“-გვეუბნება ბრაჭული.

„ფუნდამენტური საგნის მასწავლებლები ვიღებთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებას, არც სერტიფიცირებამ გვიშველა და არც დიპლომებმა“, – ამბობს ქიმიის კიდევ ერთ-ერთი პედაგოგი ქეთი ბენდელიანი, რომელსაც ასევე ცხრა საათი აქვს სკოლაში.

ირმა გაგლოევიც ქიმიას ასწავლის გორის საჯარო სკოლაში და მხოლოდ ცხრა საათი აქვს, შესაბამისად, სტატუსით გათვალისწინებულ სრულ დანამატს ვერ იღებს.

„ჩვენ, ფაქტობრივად, შეურაცხყოფილები ვართ, რატომ აქვს ჩვენს სერტიფიკატსა და დიპლომს ნაკლები წონა და ფასი, ვიდრე სხვა საგნისას“, – ამბობს პედაგოგი.

ქიმიის პედაგოგების თქმით, მცირეკონტიგენტიან სკოლებში, სადაც პარალელური კლასები არ არსებობს, ქიმიაში პედაგოგს განაკვეთი ვერასდროს ექნება. „სწორედ აქ არის განსხვავებული მიდგომა საჭირო“, – ამბობენ ისინი.

„ბათუმელებს“ ასევე დაუკავშირდა ერთ-ერთი სკოლის ქიმიის მასწავლებელიც, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა. ეს პედაგოგი ამბობს, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს, თუმცა, იმის გამო, რომ სკოლაში ქიმიის საათები ნაკლებია, ვერ იღებს სრულ დანამატს. პედაგოგი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ არის წამყვანი მასწავლებელი, იყო სქემის ფასილიტატორი და ზოგადი განათლებისა და საგნობრივი მიმართულების ტრენერიც. „კანონში გარკვევით უნდა იყოს მითითებული, რომ წამყვან მასწავლებელს ყველა შესაძლო გზით უნდა ჰქონდეს სრული საათები ან მიიღოს სრული დანამატი, რომ არ იყოს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში“, – გვეუბნება პედაგოგი კახეთიდან.

რატომ არ აისახა სტატუსის ცვლილება პედაგოგების ანაზღაურებაზე და რამდენად სამართლიანად მიაჩნია განათლების სამინისტროს დანამატების გადანაწილების არსებული პოლიტიკა? ხომ არ გადაიხედება ამ კატეგორიის მასწავლებლებისთვის ანაზღაურების საკითხი, მით უფრო, რომ ეს მასწავლებლები ძირითადად სოფლებში მუშაობენ, სადაც სისტემა განიცდის კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობას? – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას განათლების სამინისტროსგან რამდენიმე დღეა ვცდილობთ. სამინისტროში განმარტების გაკეთება არ ისურვეს.

ერთადერთი, რასაც განათლების სამინისტროს პრესსამსახურში გვეუბნებიან, არის ის, რომ „ამ საკითხს“ (როცა დანამატის ოდენობა საათების რაოდენობაზეა მიბმული), კანონი არეგულირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: