მთავარი,სიახლეები

მე მოვიპარე შოკოლადი [ვიდეო]

29.01.2020 • 2645
მე მოვიპარე შოკოლადი [ვიდეო]

„არავის წინაშე არ ხარ პასუხისმგებელი: არც მშობლის, მეგობრების, გარშემომყოფების. შენ თავს არ უნდა გაუკეთო ეს ყველაფერი… ჯობია, გაწვალდე, იმუშაო და სხვისი არაფერი მიისაკუთრო. ძალიან დიდი სტრესია ეს ყველაფერი,“ – ამას ბათუმში მცხოვრები სოფო გვიყვება [სტატიაში მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეცვლილია]. ის პოლიციამ ქურდობისთვის დააკავა. სოფო არასრულწლოვანი იყო. ის განრიდების პროგრამაში ჩართეს.

რას აკეთებენ არასრულწლოვნები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და განრიდების პროგრამაში ჩართეს? რას ფიქრობენ თავად მოზარდები განრიდებით გათვალისწინებულ აქტივობებსა და საზოგადოების განწყობაზე, რომ სახელმწიფოს მიდგომა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ ლოიალურია და ეს მიდგომა მოზარდებს დანაშაულის ხელახალი ჩადენისკენ უბიძგებს – „ბათუმელები“ ორ განრიდებულს ესაუბრა. ერთ-ერთმა მათგანმა განრიდების პროგრამა უკვე დაასრულა, მეორე – ამჟამად მოხუცთა თავშესაფარში კვირაში ერთ დღეს მუშაობს. ეს სოფოა. მან განრიდების პროგრამით გათვალისწინებული კიდევ ერთი დავალებაც შეასრულა – ესეი დაწერა თემაზე: „დანაშაულის გამომწვევი მიზეზები“.

„რადგან დამნაშავე ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ განმარტებას არ იმსახურებ…“

ორივე პირი, რომლებიც განრიდების პროგრამაში იყვნენ ჩართული, სტრესად საგამოძიებო ორგანოში ყოფნას ასახელებს – ღამეებს, რომელთა გათენებაც მოზარდებს პოლიციის განყოფილებაში მოუხდათ.

სოფომ ბათუმში, ერთ-ერთ საკანცელარიო მაღაზიაში ბლოკნოტი მოიპარა. ჩათვალა, რომ ამას ვერავინ შენიშნავდა. სახლში მისვლამდე მას პოლიციიდან დაუკავშირდნენ და განყოფილებაში დაიბარეს.

„პოლიციელები ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ რადგან დამნაშავე ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახსნა-განმარტებას არ იმსახურებ,“ – გვიზიარებს სოფო გამოცდილებას, რაც მან პოლიციის განყოფილებაში მიიღო.

სოფოს სურვილი იყო, განრიდების პროგრამის ფარგლებში ისევ იმ საკანცელარიო მაღაზიაში ემუშავა, სადაც ბლოკნოტი მოიპარა. გული წყდება, რომ ამ შეთავაზებაზე მაღაზიამ უარი თქვა. „ხშირად საზოგადოება დამნაშავეს გამოსწორების შესაძლებლობას არ აძლევს. ესაა ყველაზე ცუდი,“ – ასკვნის სოფო.

„…ამ დრომდე არ მაქვს პასუხი, რატომ მოხდა ეს. ალბათ, უფრო ბავშვური სურვილის დაკმაყოფილება იყო. ბევრს ჰგონია, რომ ექსტრემალური სიტუაციაა ეს, ზოგს ეს სიამოვნებს კიდეც. დანაშაულის ჩადენის მიზეზი ზოგჯერ ოჯახური მდგომარეობაა, ან ჩამოუყალიბებლობა,“ – გვიყვება სოფო. მისი დაკვირვებით, არასრულწლოვნები ხშირად ვერ იაზრებენ იმას, რომ ქურდობა დანაშაულია. სოფო აქცენტს აკეთებს მოზარდებს შორის ბულინგზეც.

„ზოგს სიამოვნებს ერთმანეთის აყოლიება. ბიჭებში ხშირად არის, შევსწრებივარ სიტუაციას, თუ მაგარი ბიჭი ხარ, მიდი და მოიპარე… დანაშაული ჰგონიათ მკვლელობა მხოლოდ, ადამიანის დაჭრა. საგნის მისაკუთრება თუ დანაშაულია, ეს გაცნობიერებული არ აქვთ,“ – გვიყვება სოფო.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/198432727884717/

ნიკა: კონსულტანტთან, ვისაც შოკოლადები მოვპარე, შეხვედრა შემრცხვა 

ნიკამ განრიდების პროგრამა უკვე დაასრულა. ის უფასო სასადილოში მუშაობდა. განრიდების პროგრამის ფარგლებში კონსულტანტსაც შეახვედრეს, რომელსაც სუპერმარკეტში შოკოლადები მოჰპარა.

„ფულიც მქონდა, მაგრამ რატომ არ ვიყიდე და ვარჩიე, რომ ასე ამეღო, არ ვიცი… 20 ლარის შოკოლადი იყო. დაზარალებულს როცა მახვედრებდნენ, მქონდა სირცხვილის გრძნობა. არ ვიცოდი, რა მეთქვა… ის გამეხუმრა. მითხრა, გელოდი ნახევარი საათიო, მერე გაბრაზებულა. ნახევარ საათში რომ დაბრუნებულიყავი, აღარ დავრეკავდი პოლიციაში, გიცნობიდი სახეზე და გეტყოდი, დამიბრუნე ჩემი შოკოლადებიო… მერე დავუახლოვდით ერთმანეთს,“ – იცინის ნიკა.

ნიკა მიიჩნევს, რომ განრიდების პროგრამა რომ არა, სხვაგვარი იქნებოდა მისი ცხოვრება. ნიკა განსაკუთრებით სოციალურ მუშაკს და მედიატორს ემადლიერება. მიიჩნევს, რომ ამ პროგრამაში ჩართვის შემდეგ სხვაგვარად შეხედა ცხოვრებას და საკუთარ მომავალს.

„უფასო სასადილოში ვეხმარებოდი მოხუცებს… თავიდან გამიჭირდა შეგუება, მერე დიდი სიხარულით მივდიოდი იქ, მოხუცებიც მცნობდნენ. პროგრამა როცა დასრულდა, შემდეგაც მივედი…

განრიდება რომ არა, სხვა ადამიანი ვიქნებოდი ახლა. მივხვდი ისეთ რაღაცებს, რაც არ ვიცოდი, რაზეც ადრე დაკვირვებული არ ვიყავი,“ – აღნიშნავს ნიკა.

პრობლემა – მოზარდები ითხოვენ ფსიქოლოგს

ორივე რესპოდენტი ამბობს, რომ განრიდების პროგრამაში სოციალურ მუშაკთან და მედიატორთან ერთად ფსიქოლოგიც უნდა იყოს ჩართული. ნიკასთან ფსიქოლოგს არ უმუშავია. სოფოს კი პროგრამის მიხედვით ჰქონდა დავალებული რამდენიმე ვიზიტი ფსიქოლოგთან.

„სხვამ შესაძლოა ეს არ აირჩიოს… მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგთან მუშაობა აუცილებელია, როცა პირისპირ, ერთი-ერთზე ხვდები ფსიქოლოგს და ესაუბრები, ამ დროს სხვაგვარად ხდება დანაშაულის გააზრება… ძალიან დიდი სტრესია ეს ყველაფერი,“ – გვითხრა სოფომ.

„ფსიქოლოგი არა, სოცმუშაკი მუშაობდა ჩემთან და ეს იყო ძალიან კარგი ჩემთვის… კარგი იქნება, იყოს ჩართული ფსიქოლოგი,“ – ამბობს ნიკა.

როცა ქურდობის მიზეზი სიღარიბეა

რესპონდენტებს ვკითხეთ შემთხვევებზეც, როცა არასრულწლოვნები სიღარიბის, შიმშილის გამო ქურდობენ. სოფო და ნიკა მიიჩნევენ, რომ გამოსავალი მხოლოდ განრიდება ვერ იქნება და სახელმწიფომ ამ მოზარდების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს.

ნიკა: „თუ ღარიბია, მისთვის ზედმეტი იქნება განრიდებაც. შეიძლება, განრიდება დაეხმაროს, მაგრამ მისი სოციალური ფონი არ შეიცვლება… მე მოვუწოდებ [მოზარდებს], რომ თავად გამოიმუშაონ ფული, როგორც შეუძლიათ, იმუშაონ დღიურად, თვიურად. მართლა ძალიან ცუდია ქურდობა – იმიტომ არა, რომ განრიდების მეშინია ან ციხის. მე ვიცი ის, რომ მექნება ძალიან დიდი პრობლემები, ეს რომ ისევ განმეორდეს, განრიდება აღარ მიშველიდა“.

სოფო: „როგორც უნდა გიჭირდეს, არ უნდა მიისაკუთრო სხვისი ნივთი… თუ არის მატერიალური მიზეზი, რომ დანაშაულს ჩადიხარ, ჯობია, რომ ყველანაირად გაწვალდე, იმუშაო და სხვისი არაფერი მიისაკუთრო…. იმხელა ნერვიულობა, სტრესი, სირცხვილის გრძნობა და ყველაფერი უარყოფითია ამ პროცესში, არაფერი არ ცვლის ამ გრძნობას“.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/178200050197191/

2019 წელს 796 შემთხვევაში გამოიყენეს განრიდება

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს 437 არასრულწლოვნის მიმართ გამოიყენეს განრიდება და კიდევ 359 პირის მიმართ, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 21 წელი. 2016 წლიდან განრიდებისა და მედიაციის პროგრამა მოქმედებს 14-დან 21 წლამდე ასაკის ადამიანებზე.

21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის (14 წლის ასაკიდან) მიმართ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის პირობებში:

  • ჩადენილია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, ე.ი. ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირი არ არის ნასამართლევი;
  • 21 წლის ასაკს მიუღწეველ პირს ადრე არ აქვს მონაწილეობა მიღებული განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს და თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს განრიდების პროგრამაში;
  • არ არსებობს ისეთი გარემოებები, რაც აუცილებელს ხდის პირის დასჯას.

________

 

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაცია – სუდოს“ დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია batumelebi.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი