დააკავეს კაცი, რომელიც ცოლს შვილის თანდასწრებით ნაჯახით ემუქრებოდა

შს სამინისტროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთში 1976 წელს დაბადებული ჯ.გ. ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს.

​შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილს – 2009 წელს დაბადებულ ს.გ.-სა და მეუღლეს – 1987 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჯ.გ., არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

​პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო. ​

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი შეწყდა

ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი დღეს, 13 თებერვალს, ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში შეწყდა. მიზეზი დიდთოვლობაა. განათლების რესურსცენტრებში გვითხრეს, რომ ბავშვებმა სკოლებში მისვლა ვერ შეძლეს.

„ადმინისტრაცია იყო მისული, მაგრამ ბავშვებმა ვერ შეძლეს მისვლა… რომელიმე სხვა კვირის შაბათს ავანაზღაურებთ ამ გაცდენილ დღეს,“ – ამბობს ედუარდ მიქელაძე, ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი. სასწავლო პროცესის შეწყვეტის ანალოგიური მიზეზი დაასახელეს ქედისა და შუახევის რესურსცენტრებში.

რესურსცენტრების განმარტებით, სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდა.

ხულოს მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარი დაბაში 80-სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში კი 1.5 მეტრს აჭარბებს.

შუახევის მერიის ცნობით, თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1.5 მეტრს აჭარბებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, თოვა მაღალმთიან სოფლებში დღესაც გაგრძელდება.

ამ თემაზე:

ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრზე მეტია – დიდთოვლობა მთაში

 

 

ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრზე მეტია – დიდთოვლობა მთაში

აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობაა. დაბა ხულოში თოვლის საფარის სიმაღლე 80-სმ-მდეა, ხოლო ზოგიერთ სოფელში 1 მეტრს გადააჭარბა. ხულოში შექმნილი საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ წუთებშიც ინტენსიურად თოვს.

„ბათუმი-ხულოს ცენტრალური მაგისტრალი გაწმენდილია, იწმინდება გზა გოდერძის მიმართულებითაც, სადაც მაღალი გამავლობის ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება. იწმინდება შიდა გზებიც. გაწმენდა დილიდან დაიწყო და შუადღემდე ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები გაიწმინდება. ზვავის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. არის შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდებაშიც, თუმცა შესაბამისი ბრიგადები მუშაობენ“, – გვითხრეს შტაბში.

აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზები იწმინდება ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია ხილვადობიდან გამომდინარე.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზებზე ყრიან მარილს, მათ შორის ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზეც.

თოვლის გამო შეფერხებულია მოძრაობა ბათუმი-ხულოს მაგისტრალზე. სოფელ აჭარისწყლიდან ქედა-შუახევი-ხულოს მიმართულებით ავტომანქანები ერთ ზოლში მოძრაობენ.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მუშაობს ბრიგადები, დაახლოებით 10:30 წუთისთვის ჩაირთვება დენი მაღალმთიანეთში, სადაც ინტენსიურად თოვს და შემდეგ, თუ სადმე პრობლემა იქნება, დაიწყება შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.

ამ თემაზე:

ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი შეწყდა

ქედა. 13.02.2020

 

ყოველი მე-5 ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება – ანგარიში

ევროკავშირი საქართველოში 2020 წლის თებერვლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ერთი ქვეთავი ქვეყანაში ბავშვთა უფლებებს ეხება.  

ანგარიშში საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა განხილული. 

სექტემბერში საქართველომ ბავშვთა უფლებების კოდექსი მიიღო, რომელიც 2020 წლის 1 ივნისს სრულად შედის ძალაში. ამ დოკუმენტში მოცემულია სამართლებრივი საფუძვლები, უსაფრთხოების ზომები და გარანტიები ბავშვთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი პრინციპების, მისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. 

კოდექსი  უზრუნველყოფს იურიდიულ გარანტიებს იმისთვის, რომ ბავშვმა საკუთარი უფლებები დამოუკიდებლად დაიცვას და გამოიყენოს.

ევროკავშირის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში კვლავ მაღალია  ჩვილი ბავშვებისა და დედების სიკვდილიანობის მაჩვენებლები.  

ამავე ანგარიშის მიხედვით მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის იანვრიდან მთავრობამ ბავშვების ყოველთვიური დახმარება 10-დან 50 ლარამდე გაზარდა და ბავშვებისთვის სასურსათო ვაუჩერები (“კვების ბარათები”) შემოიღო, მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფების ბავშვთა კვების სტატუსში ჯამში კი ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. 

„ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც მათი ძირითადი საჭიროებები არ კმაყოფილდება, ბავშვთა დაახლოებით მეოთხედი კი საბავშვო ბაღებშიც არ დადის, განსაკუთრებით ის ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველ და მარგინალურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. 

ჯერ კიდევ მოქმედებს ორი დიდი სახელმწიფო დაწესებულება სადაც მძიმე და სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაახლოებით 80 ბავშვი ცხოვრობს.

900 – ზე მეტი ბავშვი კი ცხოვრობს არარეგულირებულ დაწესებულებაში, ძირითადად პანსიონატებში, რომელთაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აფინანსებენ და მართავენ” – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიში ასახავს პერიოდს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს 2019 წლის 5 მარტის სხდომიდან საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2020 წელს გაიმართება.


მთავარ ფოტო გვერდიდან: Described and Captioned Media Program

ტვ პირველის „ღამის ამბები“ ოხანაშვილისგან ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს

დღეს, 12 თებერვალს, პარლამენტარმა ანრი ოხანაშვილმა „TV პირველზე“, დიანა ტრაპაიძის ეთერში ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს  შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს ტვ „პირველის“ „ღამის ამბების“ ჯგუფი:

„ბოლო სამი კვირაა ტვ პირველის „ღამის ამბების“ წამყვანს, ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს დაუსაბუთებლად ლანძღავენ პირდაპირ ეთერში. ამჯერად პარლამენტარმა ანრი ოხანაშვილმა დიანა ტრაპაიძის ეთერში „უზნეო“ და „ამორალური“ უწოდა თამარ ჩიხლაძეს იმისთვის, რომ მას თავის გადაცემაში მოქალაქე ვახტანგ რობაქიძე ჰყავდა მოწვეული.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს, ბაკურიანში, ვახტანგ რობაქიძემ სიტყვიერად შეურაცხყო დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მაშინ, როდესაც ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა. მოგვიანებით კი ვახტანგ რობაქიძე დააკავეს და მას წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, ძალადობის მუხლით. რობაქიძემ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიციელები ძალადობაში დაადანაშაულა. რობაქიძე „ღამის ამბების“ სტუმარი იყო სწორად ამ განცხადების გამო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პროდიუსერთა ჯგუფი რობაქიძის ეთერში მოწვევამდე წინასწარ დაუკავშირდა დეპუტატებს – ანრი ოხანაშვილს, მამუკა მდინარაძეს, რატი იონათამიშვილს და ამავე ეთერში (რომელშიც რობაქიძე სტუმრად იმყოფებოდა) შევთავაზეთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, პასუხის გაცემა – ჩვენ თავიდანვე ვვარაუდობდით, რომ 14 იანვარს ბაკურიანში მომხდარ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლიდით. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ პროდიუსერმა ისინი წინასწარ გააფრთხილა ეთერში რობაქიძის სტუმრობის შესახებ.

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენლის პირობა იყო, რომ ეს სტუმარი საერთოდ არ მოგვეწვია, რადგან ის იყო დამნაშავე. ჩვენ ეს რეკომენდაცია, ცხადია, არ გავითვალისწინეთ – დარწმუნებული ვართ, პოლიციელების მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.
მოგვიანებით, ამ ინციდენტის გამო, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს გადაცემას ბოიკოტი გამოუცხადა. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ თუ პრეტენზია ჰქონდათ, უმჯობესი იყო მიემართათ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის“. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ განცხადებებს სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლების მცდელობად და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმად აღვიქვამდით.

ამასთან, იყო პირობა, რომ თუ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დაადგენდა ქარტიის პრინციპების დარღვევას, მაშინ ბოდიშს მოვიხდიდით. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, სხვადასხვა გადაცემაში ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეზე თავდასხმები ისევ გრძელდება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მსგავსი თავდასხმები არის ჩვენი აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომ თითქოს ჩვენ დავარღვიეთ ეთიკური სტანდარტები“ – აღნიშნულია „ღამის ამბების“ ჯგუფის განცხადებაში.

ოხანაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ტელეკომპანია „პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია, რომელმაც ანრი ოხანაშვილის მიერ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” გაკეთებული განცხადება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად და მედიის კონტროლის მცდელობად შეაფასა.

„ბატონო ანრი ოხანაშვილო, თუ ვერ გაიგეთ, დამარცვლით აგიხსნით, მოიყვანა ის ადამიანი იმიტომ, რომ ის კაცი საუბრობდა, რომ პოლიციელებმა სცემეს. სისტემის ძალადობაზე საუბრობდა დაკავების შემდეგ. გესმით რა არის ჟურნალისტიკა? ვინ დაგნიშნათ თქვენ ჩვენს უფროსებად?“ – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

განცხადება გააკეთა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. ქარტიის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგელების მხრიდან ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეზე გაკეთებული განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ.

ბათუმი წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა ისრაელში – უკვე მეორედ

ისრაელში ბათუმი 2019 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს ეს ტიტული გასული წლის შემდეგ უკვე მეორედ მიანიჭა.

სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ კაიკაციშვილს გადასცეს.

Lametayel-ი ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი ვებგვერდია. მას ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

„სასიხარულოა, რომ ბათუმი უკვე მეორედ დასახელდა ისრაელში წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად. ბათუმისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ნამდვილად მზარდია ისრაელში. ვიზიტორების რაოდენობა არ წყდება სტენდთან, რომლებსაც აინტერესებთ ყველაფერი ჩვენი ტურისტული მიმართულების შესახებ. ბუნებრივია, ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს აჭარაში ისრაელიდან ტურისტებისა და მოგზაურების რაოდენობა,” –  განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

2019 წელს აჭარაში ისრაელიდან 100 992 ტურისტი ჩამოვიდა. ისრაელი იმ ქვეყნების ხუთეულში შედის, საიდანაც აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის.

____________

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმში, თევზის ბაზართან კარბამიდის საწყობის მშენებელ კომპანიას გზშ მოსთხოვეს

კომპანია „კარგო პარსელს“, რომელიც ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობას გეგმავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება მოსთხოვა.

„ვინაიდან სასაწყობო მეურნეობაში დაგეგმილია მაქსიმუმ 1000 მ³ კარბამიდის განთავსება, გაცნობებთ, რომ გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“, – აღნიშნულია სამინისტროსგან კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში.

კომპანიის განცხადებით, ის კარბამიდის შემოტანას აზერბაიჯანიდან გეგმავს; ბათუმში დასაწყობების ვადა კი, არ გადააჭარბებს ერთ თვეს.

ვინაიდან დაგეგმილი საქმიანობა საჭიროებს გზშ-ს მომზადებას, სამინისტრომ, კომპანიის მიერ წარდგენილ სკოპინგის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება საერთოდ შეწყვიტა და კომპანიას მოსთხოვა სკოპინგის პროცედურა გაიაროს.

სკრინინგით დგინდება, ამა თუ იმ პროექტის განხორციელებისას, საჭიროა თუ არა გზშ-ის ჩატარება; ხოლო სკოპინგი განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს.

კომპანიამ სკრინინგის განცხადებით სამინისტროს 2019 წლის დეკემბერში მიმართა, თუმცა, სამინისტროს ჰქონდა შენიშვნები და „კარგო პარსელს“ გარკვეული დეტალების დაზუსტება მოითხოვა.

კომპანიამ დააზუსტა დეტალები, თუმცა, სამინისტროს წერილში აღნიშნულია, რომ „კარგო პარსელის“ მიერ სამინისტროში ხელახლა წარდგენილი „სკრინინგის განცხადების ელექტრონული და მატერიალური ვერსიები არ შეესაბამება ერთმანეთს“.

შპს „კარგო პარსელის“ პროექტის მიხედვით, დაგეგმილია, რომ ბათუმის ღია სასაწყობო მეურნეობაში წელიწადში შეიტანონ დახლოებით 500 000 – 600 000 ტონა კარბამიდი, ასევე დაახლოებით 500 000 ტონა არმატურა.

ნახეთ დეტალურად:

როგორი იქნება კარბამიდის ტერმინალი ბათუმის პორტში [ფოტო]

 

 

 

როგორ იბრძვის საფრანგეთის პატარა სოფლის მერი ტრადიციული ადგილების გადასარჩენად 

საფრანგეთის ჩრდილოეთით, ნორმანიდიის პატარა სოფელ კიტბეფის მერი ბენუა ჰენარტი სოფლის ტრადიციული შენობა-ნაგებობების, მაღაზიების, საკონდიტროებისა და სავაჭრო დახლების შესანარჩუნებლად იბრძვის.

ევრე, ლუვიე და ლე ნოიბურგი შედარებით დიდი ადმინისტრაციული ერთეულებია, რომელთა შუაგულშიც სოფელი კიტბეფი მდებარეობს და შესაბამისად, იქ გახსნილმა დიდმა სავაჭრო ცენტრებმა ახლომდებარე სოფელ კიტბეფში  ძველი, ტრადიციული მაღაზიების, საპარიკმახეროების, საკონდიტროებისა და დისკოკლუბის დახურვა გამოიწვია. 

სოფელ კიტბეფში სულ 652 მცხოვრებია, ფუნქციონირებს ერთი, ოთხკლასიანი სკოლა. ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ მერის უპირველესი მოვალეობა მისი ქალაქისა თუ სოფლის ტრადიციული ადგილების შენარჩუნება, მოვლა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაა.

„ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ სოფლის ტრადიციული მაღაზიები, დაწესებულებები შევინარჩუნო. ჩემი, როგორც ხალხის მიერ არჩეული ჩინოვნიკის მოვალეობა საკუთარი სოფლის დახმარებაა, მისი ტრადიციული ადგილების შენარჩუნება, ხალხის ინტერესების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უსულო სისტემის ნაწილები გამოვდივართ,“ – ამბობს ბენუა ჰენარტი. 

თავიდან მერმა სოფლის ფოსტა მიუერთა მერიას, რომ არ გაუქმებულიყო, შემდეგ ფიზიოთერაპევტი, ექთანი და ექიმი ჩამოიყვანა სოფელში, რომლებსაც კარგად აღჭურვილი შენობა გადასცა, აღადგინა სოფლის ადგილობრივი პურის ქარხანა და თავად სოფლის მცხოვრებლების მიერ 2000 ევროდ გამოსყიდულ ძველ კაფეში დაიწყო მუშაობა ბარმენად. 

კიტბეფის ერთ-ერთ მცხოვრებს, რომელმაც  ტრადიციული მაღაზიის გასხვისება გადაწყვიტა, მერმა 20 წლით ასესხა 200 000 ევრო – ადგილზე ძველი მაღაზიის  შენარჩუნებისთვის. ბენუა ჰენარტი მოხალისეებთან ერთად საკონდიტროებსა და საცხობებს არემონტებს, თავად ამუშავებს პროდუქტების მაღაზიასა და ბარს. 

ამჯერად სოფელ კიტბეფის ხორცის მაღაზიებში ყასბების დეფიციტია, რის აღმოფხვრასაც მერი მალე აპირებს, სურს ასევე სტომატოლოგიური კაბინეტი, დანტისტები და საკვირაო ბაზრობაც დაუბრუნოს სოფელს.

კიტბეფის მცხოვრებლებმა ბენუა ჰენარტი მერად ზედიზედ მესამედ აირჩიეს.


წყარო: Le Parisien

ბათუმის აეროპორტში 134 აბი ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ჯამში 134 აბი გამოავლინეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველომ  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262- ე მუხლების 1-ლი ნაწილებით დაიწყო.

 

გარდაცვლილის მემკვიდრეს დაზღვეული სესხის დაბრუნება მოსთხოვეს – სასამართლო დავა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ არ დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი, რომელიც ერთ-ერთ ბანკს  20 ათასი ლარის ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა. დავის საგანი ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც მსესხებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაზღვეული იყო. მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ, მის მემკვიდრეს ბანკმა სესხის – 20 ათასი ლარის დაბრუნება მოსთხოვა. ეს სესხის ნაშთია, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ არ აანაზღაურა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მსესხებელთან ბანკმა ორი ხელშეკრულება გააფორმა 2016 წლის 25 აპრილს [28 ათას აშშ დოლარზე] და მეორედ ამავე წლის 7 სექტემბერს [12 877 აშშ დოლარზე]. მსესხებელი ყოველთვიურად იხდიდა სესხთან ერთად სიცოცხლის დაზღვევის საფასურს – 8 აშშ დოლარს. მსესხებელი 2018 წლის 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

გარდაცვალების შემდეგ სადაზღვევო კომპანიამ სესხის ნაწილი აანაზღაურა, თუმცა დარჩენილი ვალის – 20 ათასი ლარის შესახებ შეტყობინება მემკვიდრეს მიუვიდა.

მოქალაქის საპასუხოდ ბანკმა სასამართლოში განაცხადა, რომ დაზღვევა ლიმიტირებული იყო და ამის შესახებ მოქალაქეს ხელშეკრულების გაფორმების დროს აცნობეს.

„მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ორივე სესხის ხელშკრულება იყო დაზღვეული სს ,,სა.-ში”, 2018 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულებით. სადაზღვევო კომპანიამ განიხილა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი და აანაზღაურა ორივე სესხი ავტომატური დაზღვევის ლიმიტის ფარგლებში…“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მსესხებლის მემკვიდრემ მოსამართლე ირმა ტოგონიძეს უთხრა, რომ მსესხებელმა არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა დაზღვევის ხელშეკრულების ზუსტი შინაარსი, ვინაიდან იგი მხოლოდ ინტერნეტგვერდზე იყო განთავსებული.

„ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე, ერთ შემთხვევაში, სადავოდ ხდიდა საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულების ელექტრონულ მატარებელზე-ბანკის ვებგვერდზე განთავსების სახელშეკრულებო დათქმას, მეორე მხრივ – სადავო მუხლის საფუძველზე მიღებული ანაზღაურება მართლზომიერად მიაჩნდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ეს დათქმა (მითითება ხელშეკრულების დრაფტის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსების შესახებ) შეესაბამება სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპს (სკ-ის მ. 319.1) და ჯდება სამართალურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერების სტანდარტში…

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება მოიცავდა მსესხებლის მთლიან საკრედიტო პორტფელს. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა არა საკრედიტო ხელშეკრულებები, არამედ საკრედიტო დავალიანება,“ – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სატვირთო მანქანას საქართველოში 2 ტონაზე მეტი კანაფი მიჰქონდა – თურქული მედია

თურქული მედიის ინფორმაციით, დააკავეს იტალიდან საქართველოს მიმართულებით მიმავალი უცხონომრიანი სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც  2 ტონა 70 კილოგრამი კანაფი მიჰქონდა. 

დეკლარაციის მიხედვით, სატვირთო მანქანას სასუქის ტიპის საქონელი გადაჰქონდა. საეჭვო სიმკვრივის დადგენისთანავე, მანქანა გადაყვანილი იქნა გასაჩხრეკად.

ჩატარებული ჩხრეკისას შემჩნეული იქნა, რომ ნარკოტიკებზე დაგეშილი ძაღლები რეაგირებდნენ მანქანაში არსებულ ზოგიერთ ტომარაზე. აღნიშნული ტომრები ჩამოღებული იქნა მანქანიდან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 213 ტომარაში იყო 2 ტონა 70 კილოგრამი კანაფი. 

ამოღებული რეკორდული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების სავარაუდო საბაზრო ღირებულება 124 მილიონ 220 ათას ლირას შეადგენს.

დაკავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც, თურქული მედიის ცნობით, უცხოელია.

ფოტო: aa.com.tr

წულუკიანმა სამინისტროში 233-ით გაზარდა ანაზღაურებადი სტაჟიორების რაოდენობა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 7 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც 2020 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების [ანაზღაურებადი] რაოდენობა და მათი ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა. ამ ბრძანების მიხედვით სტაჟიორთა რაოდენობა წელს, 2019 წელთან შედარებით, ორჯერაა გაზრდილი.

ბრძანებით, იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სსიპ-ებში 2020 წლისთვის სტაჟიორთა რაოდენობა 456-ით განისაზღვრა, მაშინ როცა, 2019 წლისთვის სტაჟიორთა რაოდენობა 233 იყო.

მიმდინარე წელს, ისევე როგორც შარშან, სტაჟიორების ანაზღაურება თვეში 400 ლარი იქნება. გამონაკლისია მხოლოდ „სმართ ლოჯიქის“ 8 სტაჟიორი, რომელთა ანაზღაურება თვეში 500 ლარი იქნება.

აღსანიშნავია ასევე, რომ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2019 წელს მხოლოდ 10 სტაჟიორის მიღება შეეძლო, მათი ანაზღაურება 300 ლარი იყო. 2020 წლისთვის კი სტაჟიორთა რაოდენობა 60-ით, ანაზღაურება კი 100 ლარით იზრდება. შესაბამისად, ამ სააგენტოში წელს 70 სტაჟიორი თვეში 400 ლარს მიიღებს.

იუსტიციის სამინისტროში სტაჟიორთა რაოდენობა 2017 წელს 255-ით, ხოლო 2018 წელს 258-ით იყო განსაზღვრული.

[toggle title=”2020 წლისთვის სტაჟიორთა რაოდენობა და მათი ანაზღაურება ნახეთ აქ“]

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები − რაოდენობა 20 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
  • „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
  • „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ − რაოდენობა 4 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
  • „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ − რაოდენობა 2 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
  • „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 70 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
  • „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ − რაოდენობა 70 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
  • „საქართველოს ეროვნული არქივი“ − რაოდენობა 10 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
  • „აღსრულების ეროვნული ბიურო“ − რაოდენობა 60 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
  • „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ − რაოდენობა 1 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
  • „სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) − რაოდენობა 8 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 500 ლარით;
  • „იუსტიციის სახლი“ − რაოდენობა 150 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
  • „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 56 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით.

[/toggle]

მინისტრის 2020 წლის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებად სტაჟიორად დანიშნული სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ პროექტ „50 საჯარო მოხელის“ მონაწილეების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით“.

ეს ბრძანება ამოქმედდა 10 თებერვლიდან, თუმცა მისი მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

წყარო: იუსტიციის მინისტრის ბრძანებები

 

„პაციენტები წლობით ცხოვრობენ სტაციონარებში“ – ფსიქიატრიული დაწესებულებების კვლევა

ბათუმისა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მედპერსონალის დეფიციტია, კადრები კი, ვინც ამ დაწესებულებებში მუშაობენ არ არიან  სათანადოდ კვალიფიციური. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ ექსპერტი, ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი ესაუბრა, რომლის ავტორობითაც სულ ახლახან საქართველოში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული დაწესებულებების შეფასების ანგარიში მომზადდა.

განსაკუთრებით დეფიციტია დაბალ და საშუალო პერსონალზე, ასევე ფსიქოლოგზე, სოცმუშაკსა და ისეთ სპეციალისტებზე, რომელთა საქმიანობაც თანამედროვე ფსიქიატრიაში აუცილებელია, ეს არის ერგოთერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, შრომითი თერაპევტი, არტთერაპევტი… ხოლო ვინც გვყავს, მათი კვალიფიკაცია არ არის სათანადო,“ – ამბობს ნანა ზავრადაშვილი.

ფონდმა კვლევის ფარგლებში შეისწავლა საქართველოში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის 11 სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა (მათგან 3 იყო ფსიქიატრიული განყოფილება ზოგადი პროფილის საავადმყოფოში). კვლევა ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით, ევროკავშირისა და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

  • ქალბატონო ნანა, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები რა ნაწილში გამოვლინდა?

პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ პაციენტებს არ აქვთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობები სტაციონარში. ბევრი განყოფილება გასარემონტებელია, აუცილებელია ცვლილებები, რომ გარემო გახდეს თერაპიული და მეგობრული პაციენტისთვის. არ იყოს პაციენტისთვის ღირსების შემლახავი, იყოს მისი პირადი სივრცე დაცული, ჰქონდეს ნივთების შესანახად სათანადო პირობები. კვების სივრცეც და ჰიგიენის დაცვის პირობები იყოს ადეკვატური.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა ის, რომ პაციენტები რეალურად ცხოვრობენ სტაციონარში, მაშინ, როცა მათ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის მიუხედავად, სტაციონარში ყოფნა არ სჭირდებათ. სტაციონარი არის სამკურნალო დაწესებულება და ადამიანი უნდა სარგებლობდეს ამ სერვისით მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით, სანამ  ეს მას სჭირდება. როგორც აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა პაციენტები წლობით ცხოვრობენ სტაციონარებში, რადგანაც მათთვის სხვა მომსახურება არ არსებობს. ეს სტაციონარებში ადგილების დეფიციტსაც წარმოშობს.

  • რატომ უწევთ ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ცხოვრება წლების განმავლობაში?

ეს განპირობებულია იმით, რომ ამ ადამიანებს წასასვლელი არ აქვთ – არ აქვთ სახლი ან ოჯახი/ნათესავები უარს ამბობენ მათ სახლში დაბრუნებაზე, ან აქვთ საცხოვრებელი, მაგრამ მარტოხელები არიან და არ აქვთ საკმარისი უნარები მარტო ცხოვრებისთვის. მათ, რომ ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა და სერვისი – ამ ადამიანებს გავწერდით, ასე კი რომ გაწეროს დაწესებულებამ, სად გაუშვას? ქუჩაში ხომ არ გაყრის.

„დღის აქტივობები მწირია, ძირითადად დროს ატარებენ ტელევიზორის ყურებაში. ზოგადი პრობლემაა მობილობაშეზღუდული პაციენტების გადაადგილება და ტუალეტით სარგებლობა, გარემონტებულ დაწესებულებებშიც კი,“ – ამონარიდი კვლევის პრეზენტაციიდან 

  • ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში რა დარღვევები გამოვლინდა?

ბათუმის სამედიცინო დაწესებულების ორი ფსიქიატრიული განყოფილება შევაფასეთ გაზაფხულზე. ამ დროისთვის აქ ერთი განყოფილება გარემონტებული იყო, მეორე – არა. თუმცა ახლა ორივე განყოფილება გარემონტებულია და პაციენტების გარემო ირობებიც გაუმჯობესებულია.

გამოიკვეთა კადრების დეფიციტი (განსაკუთრებით რეგიონებში) და არსებული კადრების ნაკლები პროფესიონალიზმი. არ შეიძლება 30 და მეტ პაციენტს ემსახურებოდეს სამი ადამიანი. უნდა იყოს უფრო მეტი თანამშრომელი, რომ ადეკვატური იყოს მომსახურება, ყურადღებაც მეტი ექცეოდეს ბენეფიციარებს და როცა მათ რაღაც სჭირდებათ, დროულად აღმოუჩინონ დახმარება, დროულად მოემსახურონ.

რაც შეეხება კადრების პროფესიონალიზმს. მნიშვნელოვანია, რომ ხდებოდეს თანამშრომლების გადამზადება (ჩვენ ამ სასწავლო პროგრამების დეფიციტიც გვაქვს). შეფასებისას გამოვლინდა, რომ ხშირად არ იციან როგორ განმუხტონ დაძაბული სიტუაცია, როგორ მოიქცნენ აგრესიულ სიტუაციებში. პაციენტთა უსაფრთხოების საკითხები ნამდვილად საჭიროებს ამ მხრივ გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის დროს, როცა პაციენტი არის აგრესიული, აღგზნებული, შტატი მოიქცეს ისე, რომ ნაკლებად გამოიყენოს შემზღუდავი საშუალებები, მათ ნაცვლად კი, გამოიყენოს კონფლიქტის განმუხტვის სხვა ალტერნატიული საშუალებები, ამას სწავლება სჭირდება.

მცირე შტატისა და არაკვალიფიციური კადრების გამო ვლინდება პაციენტების მიმართ უყურადღებობა, პაციენტის თხოვნის უგულებელყოფა, უხეშობა. პაციენტებმა ბათუმში ასეთი დამოკიდებულება მათ მიმართ ნაკლებად დააფიქსირეს, თუმცა უყურადღებობა და უხეშობა დაფიქსირდა ყველგან, მათ შორის, ბათუმშიც.

  • როგორია თქვენი ფონდის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები?

პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს ბაზისური სტანდარტი სტაციონარული მომსახურების. არსებობს სტანდარტი, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება, რომ განახორციელოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ მის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასება არ ხდება. ამ კვლევის ინსტრუმენტები იძლევა იმის საშუალებას, რომ დავინახოთ სტაციონარული მომსახურების მოცულობა, შინაარსი, რას სთავაზობენ ბენეფიციარებს, როგორ ემსახურებიან, როგორია გარემოპირობები და პროგრამის ბიუჯეტიც იქითკენ უნდა მივმართოთ, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს.

რეგიონებში კადრების დეფიციტის აღმოფხვრა – უნდა მოვიზიდოთ სპეციალისტები ამ დარგში, იქნებ უფრო მაღალი ანაზღაურება შევთავაზოთ, უფრო ხანგრძლივი შვებულება და დავაინტერესოთ ისინი. ასევე ხდებოდეს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ტრენერების მომზადება.

ასევე, ამ ეტაპზე ნარკოლოგია და ფსიქიატრია არის ცალ-ცალკე დარგი, ჩვენი რეკომენდაციაა, მოხდეს მათი ინტეგრაცია, რათა კოორდინირებულად იმუშაონ როდესაც პაციენტს აქვს როგორც ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების, ისე ფსიქიკური აშლილობის პრობლემა.

ხელი შევუწყოთ, რომ ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში განვითარდეს ფსიქიატრიული განყოფილებები, რომ არ იყოს მხოლოდ მონოპროფილური იზოლირებული საავადმყოფოები, არამედ არსებობდეს ფსიქიატრიული განყოფილებები ჩვეულებრივ მულტიპროფილურ საავადმყოფოებში, სადაც ადამიანს ექნება შასაძლებლობა მიიღოს არამარტო ფსიქიატრიული დახმარება, არამედ საჭიროების შემთხვევაში ფიზიკურ/სომატურ ჯანმრთელობაზეც იზრუნოს.

და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომ განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში სოციალური სახლები/საცხოვრისები, სადაც სტაციონარიდან გადავლენ ის ადამიანები, რომელთაც არსად აქვთ წასასვლელი, ან ვერ უვლიან საკუთარ თავს მარტო. აჭარაში 2020 წლის იანვრიდან გაიხსნა პირველი ასეთი სახლი (24-ადგილიანი). საქართველოს მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს საოჯახო ტიპის სახლები, წელს კიდევ ორი დაემატება. ეს არის ოჯახური ტიპის 6-ადგილიანი სახლი. აჭარაში ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისში არის სპეცპერსონალი, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს ეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში, სადილის მომზადებაში, თავის მოვლაში. ეს არის სოციალური საცხოვრებელი და არა საავადმყოფო, აქ ადამიანები ნაკლებად შეზღუდულები არიან და თავისუფლებაც მეტი აქვთ, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მათ უკეთ ინტეგრაციას გარესამყაროსთან. 

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში 6 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით. დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს – მეტსახელად „ბურდღუნიჩას“ მიმართეს. „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის, რომლებიც მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ, სატელეფონო ქურდული გარჩევა შედგა, რომლის შედეგადაც, ერთ-ერთ მხარეს 8 700 ევროს ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.

„ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, ნ.შ.-ს და დ.მ.-ს, დაკისრებული თანხა ბრალდებულების ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობამ საოჯახო სასტუმროს 177 მფლობელს 614 ათასი ლარი მისცა

„გავრილოვის ღამის“ შემდეგ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 177 ბიზნესმენს დაეხმარა. მათ სახელმწიფომ ნახევარ მილიონზე  მეტი ლარი მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციიდან „აწარმოე საქართველოში“ მოგვაწოდეს.

მას შემდეგ, რაც მთავრობის წარმომადგენლებმა რუსი ტურისტების დაკარგვის გამო შეშფოთება გამოთქვეს და საჯაროდ ზიანის ანაზღაურების დაპირება გასცეს, მთავრობას 207-მა მცირე და საოჯახო სასტუმროს მესაკუთრემ მიმართა. ორგანიზაციის მონაცემებით, ჯამში 177 განაცხადი დაკმაყოფილდა და გაიცა 614 ათასი ლარი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით აღმოჩნდა, რომ 2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში 141 323-ით მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

რატომ დახარჯა სახელმწიფომ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი კონკრეტულ პირებზე, თუკი ასევე ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით სეზონი არ ჩავარდნილა, როგორც ამას მაღალჩინოსნები აანონსებდნენ? – კითხვებზე პასუხისთვის ისევ „აწარმოე საქართველოშის“ განმარტება ჯერ არ მიგვიღია.

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სახელწიფო უწყებაა, რომლის მიზანია სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ასევე კერძო სექტორის განვითარება. ამ უწყებას ჩვენ ასევე ვკითხეთ: რის მიხედვით შეარჩიეს ის მეწარმეები, რომლებმაც სახელმწიფოსგან სუბსიდია მიიღეს, ვინ არიან ისინი და როგორ გადანაწილდა ეს ფული რეგიონების მიხედვით?

შენიშვნა: ორგანიზაციამ „აწარმოე საქართველოში“ მოგვაწოდა ინფორმაცია გაცემული დაფინანსების შესახებ რეგიონების მიხედვით. ამ მონაცემების მიხედვით,  აჭარის რეგიონში 39 ბენეფიციარი დაფინანსდა, გურიაში – 22, თბილისში – 27, იმერეთში – 20, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმში – 5, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 14, შიდა ქართლში – 2.

ბათუმელი ჩინოვნიკები პარიზში გამოფენაზე ბიუჯეტის ხარჯით

აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საფრანგეთში, პარიზში არტ-კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, ცხრა ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და ერთ კვირას გაგრძელდება.

აჭარიდან “არტ კაპიტალზე” გამოფენილია მხატვრების – აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის ნამუშევრები.

ქართველი მხატვრების გამოფენაზე იმყოფება ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საკრებულოს წევრი, ასევე უმაღლესი საბჭოს ორი წევრი, ბათუმის ბულვარის დირექტორი, განათლების მინისტრი და მისი მოადგილე.

როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში „ბათუმელებს“ უთხრეს, პარიზში გამოფენაზე უმაღლეს საბჭოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარას“ თავმჯდომარე დავით ბაციკაძე იმყოფებიან. ორივე დეპუტატი გამოფენაზე მიუწვევიათ, თუმცა ბიუჯეტის ფულით. უმაღლეს საბჭოს ვკითხეთ, რა თანხა გამოიყო ამ მოგზაურობისთვის ბიუჯეტიდან, რაზეც გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

როგორც „ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურში გვეუბნებიან, პარიზში მიწვევით იმყოფება ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძეც. „ელისო ბოლქვაძემ მიიწვია როგორც ვიცი“, – გვითხრეს პრესსამსახურში. ბულვარში მოგვიანებით დააზუსტეს ინფორმაცია და გვითხრეს, რომ ირაკლი ჯინჭარაძე ნამდვილად მიწვევით იმყოფება პარიზში, თუმცა არა გამოფენაზე, არამედ „მიშელ სონის ფონდის მიერ, რადგან 2020 წელს ბათუმში იმართება შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი და ამასთან დაკავშირებით. ხარჯები გაღებულია სამივლინებოდან“, – გვეუბნებიან პრესსამსახურში.

პარიზში ქართველი მხატვრების გამოფენაზე წასული საკრებულოს წევრი და სხვა პირები

პარიზში მივლინებით იმყოფება ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც. „საფრანგეთის ხელოვანთა საზოგადოების პრეზიდენტის მიერ არის მიწვეული, მივლინებით“, – გვითხრეს მერიაში. უწყებაში ასევე გვითხრეს, რომ გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

როგორც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში გვეუბნებიან, სამინისტროს დაფინანსებით ანუ სამივლინებო ხარჯებით პარიზში იმყოფებიან მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე. „აკაკი ძნელაძეზე ნაწილობრივ გაცემულია სამივლინებო თანხა, რადგან ის, როგორც მხატვარი, ისე მონაწილეობს ამ გამოფენაში“, – ამბობენ სამინისტროს პრესსამსახურში.

გამოფენის ამსახველი ფოტოების მიხედვით, პარიზში იმყოფება ბათუმის საკრებულოს წევრი ნერიმან ცინცაძეც, თუმცა როგორც საკრებულოში გვითხრეს, ნერიმან ცინცაძე პარიზში პირადი ხარჯით წავიდა. გამოფენაზეა ასევე მწერალი ბელა ქებურია და მმართველი პარტიის მხარდამჭერი მაია სურმანიძე. ისინი პირადი ხარჯით არიან წასული პარიზში, თუ რომელიმე საბიუჯეტო უწყების მხარდაჭერით, ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ. თუმცა მაია სურმანიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე მადლობას უხდის აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარ გუდავას – „მადლობა გოგოებო ამ შესანიშნავი ტურისთვის“.

 

ბათუმის მერი, უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ბულვარის დირექტორი გამოფენაზე პარიზში

თამარ გუდავა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს გამოფენის მნიშვნელობაზე: „ქართველ ხელოვანთა დელეგაცია აჭარის რეგიონიდან წელს პირველად იქნება წარმოდგენილი პარიზში, არტკაპიტალზე, როგორც ერთ-ერთი მთავარი სტუმარი… ეს მნიშვნელოვანი პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბ-ნ თორნიკე რიჟვაძის, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის ქ-ნ მაია ხაჯიშვილის უშუალო მხარდაჭერით და განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, ბ-ნ აკაკი ძნელაძის უშუალო მხარდაჭერით და კოორდინაციით ხორციელდება. საფრანგეთის მხრიდან ამ მეგა პროექტის ხელშემწყობი და ინიციატორი გახლავთ იუნესკოს მშვიდობის არტისტი, სახელოვანი ქართველი მუსიკოსი ქ-ნი ელისო ბოლქვაძე“.

_________________

მთავარი ფოტო: მერი, უმაღლესი საბჭოს წევრები და მინისტრი პარიზში გამოფენაზე

“დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები” – აქცია ბათუმში აჭარის მთავრობასთან

დღეს, 12 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია გამართა.

„დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები”, „კორუმპირებული მთავრობა“, „სისტემა ყარს“ – ეწერა საპროტესტო პლაკატებზე.

„როგორც რიჟვაძემ უთხრა 2019 წელს ენმ-ს „ჩაო ნაციონალურო მოძრაობაო“, ისე ეტყვის ქართველი ამომრჩეველი ქართულ ოცნებას ჩაოს 2020-ის არჩევნებზე, ” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა შავაძემ.

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილებს არ შეხვედრია.

აქცია აჭარის მთავრობასთან. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

„ასეთი უკმეხი დამოკიდებულება არ მინახავს“ – ტურისტი გოდერძიზე მდებარე რესტორანზე

ავტორი: ნინო ზვიადაური

7 თებერვალი. რესტორანი „შალე გოდერძი“ ( chalet goderdzi). ამ რესტორანში ფასები ისეთივეა, როგორც ბათუმის ან თბილისის ძვირადღირებულ რესტორანში. საჭმელი – არაფერი განსაკუთრებული, თუმცა არც ცუდი არ არის. მაგალითად, კარბონარა 18 ლარი ღირს, 4 ლარი – ჩაი, 9 ლარი – ფრი.

მეორე ვიზიტზე შეკვეთის მოტანიდან დაახლოებით 30 წუთში შემოდის რესტორნის თანამშრომელი და გვთხოვს რესტორნის დატოვებას იმ მიზეზით, რომ დიდხანს ვაკავებთ „კუპეს“ და რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცე არ აქვთ (ჩვენ 3.5 წლის და 11 თვის ბავშვები გვახლდა, რომლებსაც იქ არაფერი დაუზიანებიათ და არავინ შეუწუხებიათ). ამ დროს მთელ “რესტორანში” სულ 1 ან 2 მაგიდაა დაკავებული. ასევე გვითხრეს, რომ წინა დღეს “პატივი გვცეს” – მოგვემსახურნენ, გვაცალეს მშვიდად ჭამა და დღეს დიდხანს არ უნდა შევყოვნდეთ.

ასეთი უტიფარი და უკმეხი დამოკიდებულება კლიენტის მიმართ კვების თუ მომსახურების ობიექტში აქამდე არასდროს მინახავს. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია მათი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, რაზეც ცალკე უნდა დავაკონკრეტო: ,,ქალბატონმა შავებში” (თანამშრომელი, რომელსაც სხვა დროსაც ასევე მოვიხსენიებ), რომელიც პირველ დღეს პოზიტიური დამოკიდებულებით შეხვდა ჩემს პატარა შვილს, მეორე დღეს თოვლსა და ქარში იგივე ბავშვი გარეთ გამოაგდო.

რესტორნის მეორე თანამშომელმა პირველ დღეს ფოტოსესია გაუმართა ბავშვს (შეთანხმებით) და თავიანთ გვერდზე დადო მისი ფოტო.

მნიშვნელოვანია ვთქვათ ისიც, რომ სანამ ამ პოსტს დავწერდი, დავუკავშირდი მათ ინსტაგრამის გვერდს, სადაც ჩემი შვილის ფოტო გაავრცელეს და ფოტოს სასწრაფოდ წაშლა მოვითხოვე, დავადანაშაულე ორმაგ სტანდარტებში და ავუხსენი, რომ მინიმუმ სირცხვილია წინა დღეს სტუმარი ბავშვის ფოტო გამოფინო და მეორე დღეს შენმა თანამშრომელმა კარებისკენ მიუთითოს ამავე ბავშვს თანმხლებ სტუმრებთან ერთად.

გვერდის სოციალური მედიის მენეჯერის სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად ეცადა ამ სამარცხვინო სიტუაციიდან გამოსავალი ეპოვა და ჩვენ შორის გარკვეული კომუნიკაცია შედგა. მომწერა, რომ როგორც გაარკვია ეს „კუპე“ დაჯავშნილი იყო და მათმა თანამშომლებმა სწორედ ამიტომ გვთხოვეს ოპერატიულად გაგვეთავისუფლებინა სივრცე, თუმცა, ცხადია, ეს ასე არ ყოფილა, ჩვენთვის სიტყვა ჯავშანი არავის უხსენებია და აგრესიულად განწყობილი „ქალბატონი შავებში“ ყოველ მეორე სიტყვაში ბავშვებს ახსენებდა: აქ საბავშვო ოთახი კი არ გვაქვს მოწყობილი, არაა ჩვენთან საბავშვო სივრცე – ამგვარი ფორმულირებით.

რესტორნის დატოვების შემდეგ იქ მყოფმა ორმა ადამიანმა, რომლებიც შემდეგ გავიცანი, მითხრეს, რომ ამ კონფლიქტს ესწრებოდა და უემოციოდ ისმენდა რესტორნის მესაკუთრის – ედნარ პაპუნაიშვილის მეუღლე. მე ამ ქალბატონზე და მის მეუღლეზე მანამდე არაფერი მსმენოდა და თავს ვერ დავდებ, რომ ნამდვილად ის იყო, მაგრამ მყავს ზემოთხსენებული ორი მოწმე, რომლებიც მას იცნობენ და მათი თქმით, იმ მომენტში ეს ქალბატონი იქ იმყოფებოდა.

ყოველ შემთხვევაში, „ქალბატონმა შავებში“ ჩვენთან საუბარი სწორედ იმით დაიწყო, რომ მისი უფროსის გადაწყვეტილებით უნდა დაგვეტოვებინა რესტორანი. ცხადია, მე მას ვთხოვე ,,უფროსთან” შეხვედრა, რომ გამერკვია საქმის ვითარება, მაგრამ „ქალბატონმა შავებში“ არ დააკონკრეტა, ვისგან მიიღო ეს დავალება.

როგორც შემდეგ გავიგე, რესტორნის მფლობელებს აქვთ სასტუმროების, კოტეჯების, სხვადასხვა სპეცტექნიკის, საკვები პუნქტების მთელი მონოპოლია ამ კურორტზე (და არამარტო) და, ცხადია, დიდად თავს არ იღლიან რიგით მომხმარებლებზე ფიქრით.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კურორტის ადმინისტრაციას. მათ განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მთავარი ფოტო: ნინო ზვიადაური შვილთან და მეგობრებთან ერთად გოდერძიზე

_______________

მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს „ბათუმელების“ პოზიციას.

ოლიმპიადა ინგლისურში – გამარჯვებულები სწავლის დაფინანსების გრანტებს მიიღებენ

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ აცხადებს ინგლისური ენის ოლიმპიადას მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის.

ოლიმპიადა გაიმართება 2020 წლის 2 მარტს.

გამარჯვებულები მიიღებენ სერტიფიკატებს და 30-40%-იან გრანტებს ამერიკულ აკადემიასა და ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლის დაფინანსებისთვის.

მონაწილეობის მსურველები 20 თებერვლამდე უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე:

ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა.

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ეროვნული და მსოფლიო სტანდარტების განათლებაზე.

სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო სკოლის და უმაღლესი სკოლის – აკადემიის პროგრამები, სადაც მულტიკულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება იმ უნარების განვითარება, რაც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრების რეალური გამოწვევების დაძლევისთვის. სწავლა ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს და სკოლის კურსდამთავრებულები იღებენ როგორც სახელმწიფო ატესტატს, ასევე ამერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომს (აკრედიტებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს “AdvancED”-ის და “უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს” მიერ).

სწავლების კურიკულუმი ეფუძნება ეროვნულ და ამერიკულ მოდულებს. სკოლა მოწინავეა STEM საგნებში, პროგრამები დატვირთულია სამეცნიერო და საგანმანათლებო-კულტურული ღონისძიებებით და ფესტივალებით; სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურის, ფილოსოფიის, გარემოს დაცვის, სპორტული და სახელოვნებო კლუბები. სკოლა „პროგრესი“ გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით და ჩართულია  სოციალურ აქტივობებში რეგიონის მასშტაბით.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ თანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო საშუალო და უმაღლეს დაწესებულებებთან, მათ შორის ამერიკის, პოლონეთის და უკრაინის უნივერსიტეტებთან და ყოველწლიურად აწყობს გაცვლით პროგრამებს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის. სკოლის მოსწავლეები ემზადებიან საერთაშორისო გამოცდებისთვის, როგორიცაა:  KET, PET, FCE, IELTS, PSAT, SAT, TOEFL ასევე გერმანულ ენაში გოეთეს გამოცდებისთვის.

სკოლის უმთავრესი აქტივი და დასაყრდენია მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც თითოეული მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული.

სკოლა „პროგრესის“ მიზანია განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი თაობის აღზრდა, რომელიც იქნება შეუქცევად პროგრესზე ორიენტირებული და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში.

ბავშვით ვაჭრობის ფაქტზე 7 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.

„დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გასულ წლებში ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის.

ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით,“-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, საგამოძიებოს სამსახურმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

 

მთავარი ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

როგორ ზრუნავს სისტემა გერმანიაში ადამიანზე – წარმატებული მოდელი მსოფლიოში

სოფიო ტატურაშვილი გერმანიის ქალაქ ესენის უნივერსიტეტში სოციალური საქმის სპეციალობაზე სწავლობს [Soziale Arbeit] ბაკალავრიატის ბოლო საფეხურზე. სწავლის დასრულების შემდეგ პრაქტიკულ საქმიანობას სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით გეგმავს, რაც ძირითადად ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობას გულისხმობს, რომლებსაც ყოველდღიურობასთან გასამკლავებლად სხვა ადამიანის დახმარება ესაჭიროებათ. დასაწყისისთვის ქალთა პრობლემებზე მუშაობა სურს, შემდეგ კი მრავალმხრივი გამოცდილების შესაძენად მოქმედების არეალის გაფართოებას გეგმავს. 

სოფიო ტატურაშვილი „ბათუმელებს” მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გამოცემამ 9 თებერვალს გაავრცელა მასალა ბაღდათში მცხოვრები ცხრაშვილიანი ოჯახის მდგომარეობის შესახებ, რომელიც 1100-ლარიანი სოციალური დახმარების იმედად ცხოვრობს, ბავშვები კი მძიმე სოციალური პირობებისა და სკოლაში ბულინგის ფაქტების შემდეგ სკოლაში აღარ დადიან. 

სოციალური საქმის მომავალი სპეციალისტი გერმანიაში მოქმედ სოციალურ სისტემასა და მისი მუშაობის მექანიზმებზე საუბრობს, მსოფლიოს მაღალგანვითარებული ქვეყნების სისტემებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითადაა მიჩნეული.  

სოციალურად დაუცველი ოჯახები გერმანიაში

ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკით გერმანია სოციალური [Sozialstaat] ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ დაცულია ყოველი მოქალაქის ღირსება და უფლებები, ეს დაცულობა კი  მუდმივი ყურადღების ქვეშაა. სოციალური სისტემა, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პირველადი სასიცოცხლო საჭიროებების საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას: საკვებით, სამოსითა და ადამიანური საცხოვრებლით. დაბალი შემოსავლის მქონედ გერმანიაში მიიჩნევა ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ შემოსავლის სტაბილური წყარო, ან ადამიანები, რომელთა ფსიქოლოგიური მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სახელმწიფო უზრუნველყოფს ასევე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებს. 

გერმანიაში მრავალშვილიანად მიიჩნევა სამ და მეტშვილიანი ოჯახი. გერმანიაში დაბადებული ყოველი ბავშვი 18 წლის ჩათვლით იღებს დახმარებას 202 ევროს ოდენობით ყოველთვიურად. თუ ოჯახში არ მუშაობს რომელიმე მშობელი, ან აქვს მწირი შემოსავალი, ოჯახი უზრუნველყოფილია ბინის საფასურით სოციალური ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა, მაგალითად, „Jobcenter” და „Agentur für Arbeit”.

სადაზღვევო სისტემა

გერმანიაში მცხოვრებ ყველა ადამიანს აქვს სახელმწიფო ან კერძო დაზღვევა, რისი საშუალებითაც ნებისმიერი კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, გინეკოლოგთან თუ პედიატრთან უფასოა. ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის სხვადასხვა პაკეტის ყოველთვიური გადასახადიც ხელმისაწვდომი თანხაა გერმანიის ნებისმიერი მოქალაქისთვის. 

როდესაც ოჯახი იქმნება, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საერთო ოჯახურ დაზღვევაში [Familienversicherung] ჩართვაა, ამ ტიპის სადაზღვევო გადასახადი დაბალია. 

გერმანიაში ჯანმრთელობის დაზღვევის პრინციპი სოლიდარობის იდეაზეა დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს, მაღალ, საშუალო თუ მცირეშემოსავლიანს სამედიცინო სერვისებით სარგებლობის თანაბარი პირობა ექმნება. გერმანიაში მცხოვრები ყველა ადამიანი ვალდებულია ჰქონდეს დაზღვევა.

სოფიო ტატურაშვილი, სოციალური საქმის [Soziale Arbeit] სპეციალისტი

ბავშვთა უფლებები და სოციალური სამსახური

სკოლაში სიარული გერმანიაში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის სავალდებულოა. თუ ბავშვი ხშირად აცდენს სკოლას რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო, თუ ეს ჯანმრთელობის პრობლემას არ ეხება,  სკოლა ვალდებულია აცნობოს ბავშვებისა და მოზარდების უფლებათა დამცველ სოციალურ სამსახურს [Jugendamt].

ეს ორგანიზაცია ადგილზე შეისწავლის შიდაოჯახურ პრობლემებს. არკვევს რა მიზეზით არ დადიან ბავშვები სკოლაში. სოციალური სამსახური პარალელურად მუშაობს მშობლებთან.  

განსხვავებით საქართველოსგან, საკვების, სამოსის და უსახლკარობის გამო არ აცდენენ გერმანიაში ბავშვები სკოლას. პრობლემა ხშირად ბავშვების მიმართ მშობლების დამოკიდებულებაშია, როცა, მაგალითად, ისინი ვერ უზრუნველყოფენ ბავშვთა ჰიგიენას, საკვების მომზადებას, აგრესიას იჩენენ შვილების მიმართ ან არ უწილადებენ საკმარისად სიყვარულს. ბავშვთა უფლებები [Kindeswohl] გერმანულ საზოგადოებაში მკაცრადაა დაცული და ეს მუდმივად განვითარებადი პროცესია. 

არანაირი აგრესია ბავშვის მიმართ გამართლებული არ არის. თუკი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელი ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები მშობლების მხრიდან არ არის გათვალისწინებული და ირღვევა თუნდაც ერთი აუცილებელი პირობა, ოჯახთან ინტენსიურ მუშაობას იწყებს ბავშვებისა და მოზარდების უფლებათა დამცველი სოციალური სამსახური [Jugendamt].

თავიდან მშობლებთან ინტენსიურ საუბრებს იწყებენ სოციალური ფსიქოლოგები, რომ მშობლებს იმ უნარის განვითარებაში დაეხმარონ, რომლის არარსებობაც ბავშვის განვითარებას უშლის ხელს ან ლახავს მის უფლებებს და ღირსებას. საჭირო უნარების განვითარებაში მშობლებს პროფესიონალთა ჯგუფი ეხმარება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ვერ იძენენ საჭირო უნარებს და სკოლას ბავშვი ისევ ხშირად აცდენს, „Jugendamt”-ი იძულებული ხდება, ბავშვი გადასცეს ე.წ. „მზრუნველ ოჯახს“. [Pflegefamilie].

ბულინგი სკოლაში

გერმანიაში ყველა სკოლა ვალდებულია ჰყავდეს სკოლის ფსიქოლოგი, რომელიც ძირითადად ბულინგის საკითხებშია ჩართული. ბულინგის შემთხვევაში სკოლის ფსიქოლოგს მასწავლებელი უკავშირდება, რადგან მიიჩნევა, რომ ეს არის პრობლემა, რასაც მხოლოდ მასწავლებელი ვერ გაუმკლავდება. ბულინგის კონკრეტული შემთხვევების აღმოფხვრასა და პრევენციაში ჩართულები არიან სკოლის ფსიქოლოგი, კლასის მასწავლებელი, დაბულინგებული და ბულერი ბავშვები. სამწუხაროდ, გერმანულ სკოლებში ბულინგი საკმაოდ გავრცელებულია და ხშირია თვითმკვლელობის შემთხვევებიც.  

სოციალური სამსახურის  მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ჯგუფები გერმანიაში

გერმანული სოციალური სისტემა [Sozialstaat] სოცმუშაკებზე, სოცფსიქოლოგებსა და სოცმასწავლებლებზე დგას. პროფესიონალთა ჯგუფები ქვეყანაში ეხმარებიან არა მხოლოდ მრავალშვილიან და მცირეშემოსავლიან ოჯახებს, არამედ ზოგადად მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მარტოხელა დედებს, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს, ქალებს მშობიარობისშემდგომი დეპრესიით. 

ასეთი ქალები სპეციალურ სახლებში [Frauenhaus] ცხოვრობენ, სადაც ისინი სხვადასხვა მიმართულების სოციალური თანამშრომლების მეთვალყურეობისა და მზრუნველობის პირობებში არიან. 

სოცმუშაკები ეხმარებიან ასევე ოჯახებს, რომელთაც რთულად აღსაზრდელი ბავშვები ჰყავთ. ისინი ეხმარებიან ასევე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებს თერაპიის სხვადასხვა საშუალებით. 

სოციალური სამსახური ასევე ინტენსიურად მუშაობს ადამიანებთან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და ეძებენ ახალს. ასეთ შემთხვევებში მუშაობა იწყება უმუშევართა მოტივაციის ამაღლებით, ხოლო შემდეგ ერთობლივი მსჯელობით, ერთად იწყებენ პრობლემის გადაჭრას. 

აუცილებელი პირობაა, ოჯახი ან ინდივიდი მზად იყოს სოციალური სამსახურის დახმარების მისაღებად

ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახი თუ ცალკეული ინდივიდი მზად იყოს სოციალური სამსახურის დახმარების მისაღებად. თუკი სოცმუშაკთა დახმარებას პირი უგულებელყოფს, დაძალებას და იძულებას ადგილი არ აქვს. 

საქართველოსა და გერმანიას შორის ერთი დიდი სხვაობაა. საქართველოში ღარიბები სტიგმატიზებულები არიან. ქართულ საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ სიღარიბე მათი ბრალია და არა სისტემური პრობლემების. თუმცა სახელმწიფო საქართველოში სოციალურად დაუცველებს ხშირად ვერ უზრუნველყოფს ადამიანური საცხოვრებლით, საკვებითა თუ სამოსით, რაც ელემენტარულია. გერმანიაში კი ეს პირველადი საჭიროებები უზრუნველყოფილი აქვთ – თუ ამ პირობებში ვერ ვითარდება ოჯახი, ადამიანი, მართლაც მეტია ამაში მათივე წვლილი, ვიდრე სისტემის. თუმცა ამაზეც უხეშად თითის გაშვერა გერმანულ საზოგადოებაში მიღებული არ არის და ძალიან ცუდ ტონად მიიჩნევა. 

ხათუნა სამნიძე: ივანიშვილმა აშშ-ის ელჩს ფაქტობრივად მიღება ჩაუშალა 

ასლან აბაშიძის მიერ ჩოლოქში ხიდების აფეთქებას ახსენებს გიგი უგულავას ციხეში შებრუნება ბათუმელ ხათუნა სამნიძეს. „რესპუბლიკელების“ ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილის მსგავსი ლიდერების პოლიტიკური ნაბიჯები კრიტიკულ სიტუაციებში იდენტურია. „ივანიშვილი ახლა კედელთანაა,“ – წერდა დღეს ფეისბუქში ხათუნა სამნიძე.

გაგრძელდება თუ არა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება [რამდენიმეს წინააღმდეგ გამოძიება უკვე მიმდინარეობს] და რა შეიძლება მოიგოს ამით ხელისუფლებამ? – „ბათუმელებმა“ ხათუნა სამნიძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ქალბატონო ხათუნა, დასავლელი პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ ფეისბუქპოსტში წერთ, რომ „არავინ მისცემს ივანიშვილს ქვეყნის დაზიანების უფლებას…“ რა მოლოდინი გაქვთ? 

ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთი განცხადება იყო, რომ მათ აინტერესებთ და აღელვებთ ძირითადად სამი საკითხი: სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო რეფორმა და პოლიტიკური რეპრესიები ლიდერების მიმართ. ჩვენი პარტნიორები თვლიან გადამწყვეტად ამ სამ ფაქტორს იმისთვის, რომ პარტნიორობა გაგრძელდეს. ისინი კარგად ხედავენ, რომ ეს საკითხები პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გუშინ, 10 თებერვალს, გიგი უგულავას დაკავებით პირდაპირ უთხრა დასავლეთს, რომ შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ამის უფლებას არავინ არ მისცემს, ამას მოჰყვება კონკრეტული ქმედებები.

  • რა შეიძლება ამას მოჰყვეს განცხადებების გარდა? 

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნული ელჩი იყო ივანიშვილთან სტუმრად და ზუსტად იმ დროს, როცა ელჩი ეცნობოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ივანიშვილმა დააპატიმრა გიგი უგულავა. ფაქტობრივად, მან ჩაუშალა ელჩს ეს მიღება. ივანიშვილმა ამ ნაბიჯით პირდაპირ უთხრა ამერიკას და დასავლელ პარტნიორებს, რომ მას ადარდებს მხოლოდ პირადი უსაფრთხოება და ძალაუფლების შენარჩუნება, აინტერესებს რუსეთის კეთილგანწყობა. ამიტომაც, საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის მისი გადაწყვეტილებები. ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება დასავლეთის მხრიდან, სანქციები და კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ივანიშვილის ძალაუფლებასაც დაუკავშირდება.

  • ხომ არ ჩანს, რომ ხელისუფლებას დასავლეთის რეაქცია არ აინტერესებს? 

ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პირადი უსაფრთხოება არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ის თავს იცავს ამ მეთოდებით. საქართველოს ჰყავს პარტნიორები, რომლებიც არ დაუტოვებენ ქვეყანას ასე ერთ ადამიანს, რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით.

  • საზოგადოებისგან რა რეაქციას ელით? 

ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება ახსნა, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება: როცა რვა წლის შემდეგ დაუბრუნდნენ საქმეს [მოიხადა პატიმრობა] და ისევ ციხეში უშვებ. აქამდე ვინც მკაცრი შეფასებებისგან თავს იკავებდა, მათაც თქვეს დღეს, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი. ამ თემას ახსნა არ სჭირდება და არავის სჯერა იმის, რომ დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება. ივანიშვილს ეშინია ახლა ოპოზიციური პარტიების კოორდინირებული მუშაობის.

  • უშვებთ, რომ ლიდერების დაკავებით შესაძლოა მან ოპოზიციის განეიტრალება შეძლოს? 

ივანიშვილის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ლიდერი დააკავოს. მისი მიზანია, ლიდერების დევნით დაძაბოს მუხტი წინასაარჩევნოდ, რადგან მშვიდ და სამართლიან არჩევნებში მას მოგების შესაძლებლობა არ აქვს. მეორე მიზანია, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, რომ აი, აქტიურ ადამიანებს აკავებენ და რა აზრი აქვს ბრძოლას, არაფერი იცვლება. ივანიშვილს ასევე სურს, რომ ჩვენ, ოპოზიცია, გადავიდეთ სამართლებრივი რელსებიდან, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვაპირებთ ძალიან ბევრ შეხვედრას ხალხთან, მათ შორის, რეგიონებში, რომ ვუთხრათ ადამიანებს, რა არის ივანიშვილის მიზანი, რომ ვერ გაგვაჩუმებენ…

ეს არის ასლან აბაშიძის გზა, რასაც ახლა ივანიშვილი გადის. ყველაზე კრიტიკულ მომენტში აბაშიძემ ააფეთქა ხიდები, ივანიშვილი ხიდებს წვავს დასავლელ პარტნიორებთან. ის ზურგით დგება საზოგადოებასთან და ფიქრობს, რომ მას შეაშინებს ან გააჩუმებს. ეს არ არის ამ ტიპის პოლიტიკური ლიდერისგან პირველი შემთხვევა, როცა ასე იქცევა და გვინახავს და ვიცით, როგორ რეაგირებს ამაზე ხალხი. ივანიშვილი აგონიაშია.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი რუსეთს გაურიგდა. რას უნდა ველოდოთ ამ პროცესში რუსეთისგან? 

იგივე საინფორმაციო ომი, რომელიც ახლაც აქტიურად მუშაობს, ეკონომიკური ინტერესები, დახურული ხელშეკრულებები, როგორც, მაგალითად, „გაზპრომის“ ხელშეკრულება ამ დრომდე არ ვიცით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი აძლევს ივანიშვილს უსაფრთხოების გარანტიებს…

გამოსავალი, ვფიქრობ, ამ ყველაფრიდან არის თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარება. ჩვენი ამომრჩეველი აჩვენებს მზადყოფნას, რომ მან საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს ბიულეტენზე, თუმცა „გავრილოვის ღამემ“ და შემდეგმა პროცესებმა აჩვენეს, რომ საზოგადოება საპროტესტო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობს. ნებისმიერი გამოკითხვიდან ჩანს, რომ „ოცნების“ მიმართ ნდობა დღითიდღე იკლებს და ივანიშვილმაც კარგად იცის ეს. ის ხედავს, რომ არათუ პროპორციული საარჩევნო სისტემით, არამედ არსებული უსამართლო სისტემითაც ის ვერ რჩება ხელისუფლებაში, თუ არ გამოიწვია დაპირისპირება და ნიჰილიზმი.

როდის განახლდება ვარჯიში ბათუმის ყინულის სასახლეში

ბათუმის ყინულის სასახლე დროებით არ მუშაობს. როგორც სასახლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ასეთი გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს. სასახლის სპეციალური მემბრანა თოვლის გამო ხელოვნურად დაუშვეს.

ყინულის სასახლეში აცხადებენ, რომ 10 დღის შიგნით, სასახლე ფუნქციონირებას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს.

ბათუმის ყინულის სასახლის მემბრანული ნაგებობა დროებით დაშვებულია / 11.02.2020 / ფოტო: გურამ მურვანიძე

ბათუმში ახალი ყინულის არენის მშენებლობა 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავს, 19 990 002 აშშ დოლარია.

მშენებლობის პროცესი დროში გაიწელა. ყინულის სასახლეში ინფორმაცია არ აქვთ, თუ როდის დაიშლება არსებული მოედანი, ხოლო ახლის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ სამინისტროში 2019 წლის ბოლოს ფაქტობრივად იგივე განუცხადეს, რაც ამავე წლის დასაწყისში:

ამ თემაზე:

როდის დაშლიან ყინულის სასახლეს და როდის ააშენებენ საცურაო აუზს

მერია: გორგილაძის #94-ში სახლის მდგრადობას სამხარაულის ბიურო შეისწავლის

გორგილაძის #94-ში, ახალაშენებულ მრავალბინიან სახლში, დღეს სამაშველო სამსახური გამოიძახეს. სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობამ დახმარება ადგილზე გაჩენილი ბზარების გამო ითხოვა. „ჩვენი კომპეტენცია არ იყო და საკითხი შესასწავლად მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადავაბარეთ“, – განმარტეს სამაშველო სამსახურში.

გორგილაძის #94-ში მდებარე მრავალბინიანი სახლი შპს „დარ ბილდინგმა“ ააშენა. სახლის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა და ის მერიას ექსპლუატაციაში მიღებული აქვს.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მერია აპირებს ამ სახლის მდგრადობის შესწავლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთოს. შემდეგ კი მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

უსაფრთხოა თუ არა სახლი ამ კორპუსში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვიდრე მისი მდგრადობის შესახებ დასკვნას სპეციალისტები მოამზადებენ? – ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, მერიის პასუხი არ გვაქვს.

შპს „დარ ბილდინგის“ იურისტის ირაკლი სურმანიძის თქმით, თავადაც ამ სახლში ცხოვრობს და შეუძლია დარწმუნებით განაცხადოს, რომ სახლი საცხოვრებლად უსაფრთხოა. მისივე ინფორმაციით, გამოძახება უკავშირდებოდა იმას, რომ სახლის კომერციულ ფართობში ამოცვივდა ე.წ. გრანიტი, რამაც სპეციფიკური ხმაური გამოიწვია:

„იმის გამო ამოცვივდა, რომ არასწორადაა დაგებული, მათ შორის დაშორება არის და გრანიტს სცოდნია ასე. მე თვითონ ვიყავი ჩასული სარდაფში და ბზარის კვალი არსებობს, ასევე მოსული იყო კონსტრუქტორიც. არ ვიცი და ვერ გიპასუხებთ, რატომ გადაწყვიტა მერიამ სამხარაულს დაუკვეთოს დასკვნის მომზადება, ეს მათი გადაწყვეტილებაა. აქ ორი კორპუსია ა და ბ ბლოკი. შეიძლება მათ შორის რაიმე ბზარიც არსებობდეს, რაც გამოწვეულია სიცივით [ ეს ბზარიც არ არის], თუმცა  დარწმუნებული ვარ, რომ სახლი უსაფრთხოა“, – განაცხადა კომპანიის იურისტმა ირაკლი სურმანიძემ.

ამ სახლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები აქ მცხოვრებლებს ადრეც ჰქონდათ. 2017 წელს სახლის სარდაფიდან ნავთობი ამოტუმბეს.

ბათუმში, კორპუსის სარდაფში, ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობის გაჟონვაზე საუბრობენ

 

40 639 ლარის არადეკლარირებული ოქრო „სარფის“ საბაჟოზე

საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 40,639.10 ლარის  ღირებულების (470,36 გრამი)  არადეკლარირებული ოქროს საიუველირო  ნაკეთობები გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

859 კილოგრამი ოქრო და 18 ტონა ვერცხლი – საბადოზე ლიცენზიას 5 მილიონად ყიდიან

ქედისა და შუახევის ტერიტორიებზე მდებარე ე.წ. „მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას წიაღის ეროვნული სააგენტო აუქციონზე ყიდის. საწყისი ფასი – 5 მილიონი ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 500 ათასი ლარი, საგარანტიო თანხა კი – 1 მილიონ 200 ლარი. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 30 წელია, სალიცენზიო ფართობი კი – 11 ათას ჰექტარზე მეტი. ლიცენზიანტს უფლება ექნება მოიპოვოს 859 კილოგრამი ოქრო და სხვა წიაღისეული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის იანვარში დაანონსა, რომ პროგრამა – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდებოდა და უძრავი ქონების პრივატიზების გარდა, შეთავაზებების ნუსხას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები დაემატებოდა.

„პროექტის ფარგლებში წიაღის ეროვნული სააგენტო არანაკლებ 100 საბადოს ელექტრონულ აუქციონზე განათავსებს. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები მკაცრი გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით ჩატარდება,“ – აღნიშნული იყო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC). ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა „საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიის“ დოკუმენტს ეწინააღმდეგება და ბუნებრივი რესურსების დემოკრატიული, გამჭირვალე და სათანადო ცოდნაზე დაფუძნებული მართვის პრინციპებთან შეუსაბამოა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება აგრძელებს პრივატიზაციისა და აუქციონის წესით ლიცენზიების გაცემის პრაქტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულში, ჭიათურასა და სხვა რეგიონებში დაგროვებული გამოცდილება ამ პოლიტიკის სოციო-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო  2019 წლის დეკემბერში დამტკიცებული „წიაღის სექტორის სტრატეგია“ სამთო-მოპოვებით სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ჩავარდნებზე მიუთითებს, რომელთა აღმოუფხვრელად მოპოვების ლიცენზიების გაცემის მასშტაბური ტალღის წამოწყება უკიდურესად საფრთხისშემცველია,“ – აცხადებს EMC-ი.

მიუხედავად ამისა, წიაღის ეროვნულ სააგენტოს ათობით აუქციონი აქვს გამოცხადებული, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაზე. მათ შორისაა „მერისის საბადოც“.

აუქციონის მიხედვით, „მერისის ოქროს საბადოს“ ლიცენზიის მფლობელს ექნება უფლება, 30 წლის განმავლობაში მოიპოვოს სხვადასხვა კატეგორიის:

[checklist]

  • ოქრო – 859 კილოგრამი,
  • ვერცხლი – 18,3 ტონა,
  • სპილენძი – 130 746 ტონა,
  • ტყვია – 16 800 ტონა,
  • თუთია – 14 200 ტონა.

[/checklist]

[toggle title=”მოსაპოვებელი მადანისა და წიაღისეულის ოდენობა ნახეთ აქ“]ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, სასარგებლო წიაღისეულის [„მერისის“ ოქრო, სპილენძი, პოლიმეტალური საბადო] მოპოვება:

[highlight color=”red”]სპილენძი[/highlight] – ბალანსური მარაგები: B კატეგორია – მადანი – 87 ათ. ტ, სპილენძი – 2200 ტ; C1 კატეგორია – მადანი – 1800 ათ. ტ, სპილენძი – 48000 ტ; B+C1 კატეგორია – მადანი – 1887 ათ. ტ, სპილენძი – 50200 ტ; C2 კატეგორია – მადანი – 1006 ათ. ტ, სპილენძი – 24600 ტ; ბალანსგარე მარაგები: B კატეგორია – მადანი – 49 ათ. ტ, სპილენძი – 577 ტ; C1 კატეგორია – მადანი – 158 ათ. ტ, სპილენძი -2085 ტ; B+C1 კატეგორიები – მადანი – 207 ათ. ტ, სპილენძი – 2662 ტ; C2 კატეგორია – მადანი – 28 ათ. ტ, სპილენძი – 422 ტ;

[highlight color=”red”]ტყვია[/highlight] – ბალანსური მარაგები:C1 კატეგორია – მადანი – 1117 ათ. ტ, ტყვია – 7800 ტ; C2 კატეგორია – მადანი 805 ათ. ტ, ტყვია – 7200 ტ; ბალანსგარე მარაგები: C1 კატეგორია – მადანი – 235 ათ. ტ, ტყვია – 1800 ტ.

[highlight color=”red”]თუთია[/highlight] – ბალანსური მარაგები: C1 კატეგორია – მადანი – 1117 ათ. ტ, თუთია – 6500 ტ; C2 კატეგორია – მადანი – 805 ათ. ტ, თუთია 4500 ტ; ბალანსგარე მარაგები: C1 კატეგორია – მადანი – 235 ათ. ტ, თუთია – 3200 ტ.

[highlight color=”red”]ოქრო[/highlight] – ბალანსური მარაგები: C2 კატეგორია – მადანი – 917 ათ. ტ, ოქრო – 651 კგ; ბალანსგარემარაგები: C1 კატეგორია – მადანი – 235 ათ. ტ, ოქრო – 208. კგ.

[highlight color=”red”]ვერცხლი[/highlight] – ბალანსური მარაგები: C2 კატეგორია – მადანი – 917 ათ. ტ, ვერცხლი – 15.1 ტ; ბალანსგარე მარაგები: – C1 კატეგორია – მადანი – 235 ათ. ტ, ვერცხლი – 3.2 ტ. [/toggle]

ელექტრონული აუქციონი 2020 წლის 11 მარტს დღის 12 საათზე დაიწყება და იმავე დღის 18:00 საათზე დასრულდება. აუქციონის პირობის თანახმად, საგარანტიო თანხა მოიცავს 200-ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელსაც.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის ვადაში სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში განახორციელოს არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია, აქედან, შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილი ჩატარების მიზნით განახორციელოს არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია;

ასევე, ლიცენზიის მიღებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოს მუდმივად საქართველოს არანაკლებ 50 მოქალაქის დასაქმება, ხოლო შემდეგ, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მუდმივად საქართველოს არანაკლებ 500 მოქალაქის დასაქმება.

[toggle title=”ლიცენზიის მფლობელის სხვა ვალდებულებები ნახეთ აქ“]

ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები:

  • ლიცენზიის მიღების შემდგომ არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა.
  • ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს 2020 წლის დეტალური გეგმა-გრაფიკი და ბიუჯეტი განსახორციელებელი შესწავლის სამუშაოების შესახებ, ხოლო დანარჩენ პერიოდზე (მომდევნო წლებში) ყოველი მომავალი წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის წარდგენის ვადად განესაზღვროს წინა კალენდარული წლის 1 დეკემბერი. ლიცენზიის შესწავლის პერიოდში ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 აპრილისა წარადგინოს წინა წლის შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში. დეტალური საძიებო სამუშაოები (თანამედროვე მეთოდიკის და სტანდარტების შესაბამისად), საჭიროებისამებრ შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოებით (რუკების შედგენა-დაზუსტება), გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევებით, სამთო გამონამუშევრების გაყვანით, ქანების ნივთიერი და მინერალოგიური შესწავლით და ამ შესწავლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობით;
  • ვალდებულების შესრულების ვადის გასვლიდან ორი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელებას;
  • სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.
  • ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია 3 000 000 ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;
  • ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;
  • მარაგების დამტკიცების შემდგომ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს, იმ ლიცენზირებული ფართობის (ტერიტორიის) დაბრუნება, რომელიც შესწავლის შედეგებზე დაყრდონობით წარმოადგენს უპერსპექტივო უბანს;
  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიით გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ასეთი მიწის კერძო მესაკუთრესთან შეთანხმებით;
  • სახელმწიფო უფლებამოსილია, წინამდებარე სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან;
  • სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე და კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართობებზე წიაღით სარგებლობა განახორციელოს მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით;
  • ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე უზრუნველყოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით’’ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;
  • ვალდებულებების შეუსრულებლობა, შესაძლებელია განხილულ იქნეს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლად.
  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;
  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია. ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა.
  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება.
  • ექსპლუატაციის დროს მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება. გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;
  • ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის.
  • ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებიდან და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს დასამტკიცებლად ათვისების გეგმა ყოველწლიურად მოსაპოვებელი რაოდენობის მითითებით;
  • დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, „საქართველოს ტყის კოდექსით“, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.
  • აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებული იქნება გაითვალისწინოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და ორგანიზაციების პირობები და პოზიციებიც, მათ შორის, სახელმწიფო ელექტროსისტემის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და სხვ. აგრეთვე დაიცვას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნები.

[/toggle]

„მერისის საბადოზე“ ლიცენზია 2007 წელსაც იყო გაცემული, რომელიც 2011 წელს სხვა კომპანიას გადაეცა. საბოლოოდ კი ეს ლიცენზია გაუქმდა. ლიცენზიას ბოლოს შპს Kinland Georgia Mining-ი ფლობდა.

2019 წლის ბოლოს სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მერისის საბადოზე შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის აუქციონზე ხელახლა გატანას, სავარაუდოდ, 40 წლით და 2,5 მილიონ აშშ დოლარად [საწყისი ფასი] აპირებდნენ. მერისის საბადო წიაღის ეროვნული სააგენტოს საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში იყო:

რამდენი ოქროა მერისში – წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია თავისუფალია

ქობულეთის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია 788 305 ლარად გაიყიდა  

წერილი ნატალიას, რომელსაც მშობლები თავიდან იშორებენ

ავტორი: გელა შათირიშვილი. ბათუმი.

ფიზიკა-მათემატიკის [მე-6] საჯარო სკოლა. მე-8 კლასი

გამარჯობა, ნატალია!

სულ რამდენიმე დღეა, რაც შენი ამბავი გავიგე და მას შემდეგ მოსვენება დამეკარგა; ძალიან აღვშფოთდი დედაშენის საქციელის გამო. მოულოდნელობის ეფექტს პირველივე ფრაზით მიაღწია: ,„მიშველე, ჩემო მწყალობელო!.. იცხონე სული… მოისხი ჩემი შვილების მადლი!.. ერთი, ერთი ვინმე… რას დავეძებ, ვინ იქნება, სახლში სიძედ შემომაყვანიე და გაჭირვებისაგან მიხსენი. ერთი ვინმე პირველი მაშოვნინე და მერე მე ვიცი…“ თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ ისეთი გულწრფელი დაჟინებით აგრძელებდა, მივხვდი, ხუმრობისგან შორს რომ იყო.

როგორ შეუძლია დედას, ასე იფიქროს შვილზე: „ქე რომ გადაპრანჭვა და ტუჩის აბზუკვა იცის, თავი დაანებოს, თვარა გლახა საქმეს უზამს თავის თავსაც და დებსაც… თვითონაც ჩარჩება, ჩაბერდება ქალიშვილობაში და იმათაც ჩააბერებს!..“ თავდაპირველმა სიბრაზემ რომ გადამიარა, დავფიქრდი, მარტო შენ კი არა, დედაშენიც – პელაგიაც – მსხვერპლია. მისი აზროვნება, მოვლენების აღქმა და შეფასება ადასტურებს ამას.

ალბათ, არაფრით განუგეშებს იმის გაგება, რომ არც სხვებს ულხინთ. დედაშენივით დაიარება დარისპანიც და ეძებს სასიძოს, რომ მოიშოროს ქალიშვილი – ერთი ზედმეტი სარჩენი. რა მტკივნეულია მამისგან ამისთანა სიტყვების მოსმენა: .. დავათრევ ამ ჩემს ქალბატონს ყველგან – ნათესავებში, კეთილებში, დღეობებში, – ეგებ ვისმეს ან მოეწონოს, ან ვინმემ სხვანაირ გუნებაზე თვალი გადაავლოს და გამანთავისუფლოს მაგისაგან… სად არ ვყოფილვარ, ცის კიდე მაქვს მორებული, – არაფერი იქნა!.. ახლა აგერ ერთმა, ჩემი ცოლის ნათესავმა, შემომითვალა, მომიყვანეო… ვიღაც ყმაწვილი ყოლია სახეში – ვაჩვენებო… მიმყავს იქ…ე შვილი

კიდეც დამიბერდა, დამიუშნოვდა!.. დამახინჯებულსა და დაგლახავებულს რომ შეხვდა საბედო, კი აღარ მოჰკიდა ხელი, ქე დეიწუნა..“  ნუთუ შესაძლებელია, გაჭირვებამ ისე გააუზნეოს ადამიანი, ქალიშვილს მხოლოდ სარჩენ ობიექტად მიიჩნევდეს?

თქვენს ამბებს რომ გვიყვებოდა ქართულის მასწავლებელი, ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო ტექსტი მხოლოდ კონკრეტული ეპოქისა და სიდუხჭირის შესახებ. ეს ტექსტი ლოგიკური გამოხატულებაა ჩვენს საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული შეხედულებებისა, რომლებიც ჩაგრავს ქალს, უპირატესობას ანიჭებს მამაკაცს. მალალას ამბავი აღგვაშფოთებს, საკუთარს თვალს ვუხუჭავთ. მარტო შორეულ პაკისტანში უხარიათ ვაჟების დაბადება და სწყინთ – გოგონებისა? ალბათ, თქვენს დროს ექოსკოპიას სქესის დადგენა რომ შესძლებოდა, არ ეყოლებოდა შენს ნაცნობ დარისპანს ოთხი ქალიშვილი ან იქნებ არც შენ დაგჭირდებოდა თქმა იმისა, რომ „სიკვდილი სჯობია თქვენს ხელში ყოფნას, სიკვდილი!“

თქვენი ამბებიდან 120 წლის შემდეგაც არ ადგათ ქალებს უკეთესი დღე: გახშირდა ფემიციდი, 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების ანაზღაურება მამაკაცის ანაზღაურებასთან შედარებით 36%-ით ნაკლებია, მმართველ ორგანოებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის მხოლოდ 14-15% არის ქალი…

ყოველთვის გვჭირდებოდა, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ცვლილებები, მნიშვნელოვანი ცვლილებები კი იწყება ცვლილებებით გონებაში.

შენ, ნატალია და ყველა სხვა მსხვერპლმა უპირველესად თვალი უნდა გაუსწოროთ რეალობას.

მხოლოდ არსებულის გააზრებითა და სწორად შეფასებითაა შესაძლებელი იმ მოქმედებათა დაგეგმვა, რომლებიც დაგიცავს და გაგაძლიერებს. დაფიქრდი, რატომ უნდათ შენს მშობლებს შენი თავიდან მოშორება? რათა სარჩენი მოიშორონ.

ფინანსური დამოკიდებულება იძულებულს ხდის ადამიანს, ემოციურადაც დამორჩილდეს მარჩენალს. რომ არავისზე იყო დამოკიდებული, უნდა ისწავლო, გქონდეს პროფესია, რომელიც გარჩენს და გადაგარჩენს. ფინანსური დამოუკიდებლობა გაგაძლიერებს, ემოციურ-ფსიქოლოგიური სტრესისგანაც დაგიცავს. შენ უნდა ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობების, იპოვო საკუთარ თავში ძალა, აიმაღლო ხმა უსამართლობის წინააღმდეგ.

ხანდახან არაფრის თქმა, პასიური პროტესტი, გაჩუმება დანაშაულია, ამავე უსამართლობის წახალისებაა.

უნდა იმოქმედო, უნდა ისწავლო, როგორ იცხოვრო, რათა არ დარჩეს ფარატინა ფურცლად საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, რომლის თანახმადაც „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“.

___________

კონკურსის შესახებ:

წერილი მსხვერპლს გამოქვეყნებულია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) მიერ ჩატარებული კონკურსის ფარგლებში. ცენტრმა სკოლის მოსწავლეებისთვის გენდერული ნიშნით ძალადობის თემაზე წერილების კონკურსი გასულ წლის ბოლოს გამოაცხადა.

კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილეებს ძალადობის მსხვერპლისთვის უნდა მიეწერათ წერილი, რომლითაც ემპათიას, მხარდაჭერას გამოხატავდნენ და თავიანთ აზრებს გაუზიარებდნენ. კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია გელა შათირიშვილი, რომელმაც პირველი ადგილი აიღო.

როცა მოსამართლე და პროკურორიც ერთი კაცია – თადუმაძის როლი უგულავას დაკავებაში 

„მოსამართლე თადუმაძემ დაადასტურა ბრალმდებელი თადუმაძის საჩივარი, ასე გამოვიდა,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მერაბ ქართველიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძის შესახებ, რომელმაც გუშინ, 10 თებერვალს თბილისის ყოფილი მერი და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი – გიგი უგულავა ციხეში შეაბრუნა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით. მას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება დაუდგინეს.

რას ნიშნავს, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე განიხილავს იმ საქმეს, რომელზეც სახელმწიფო ბრალმდებელი თავად იყო და ირღვევა თუ არა კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, როცა საქმის განმხილველმა მოსამართლემ უნდა შეაფასოს პროკურორის პოზიცია და ეს პროკურორი თავად იყო, ვიდრე იგი მოსამართლე გახდებოდა?

„ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და ჩნდება განცდა, რომ სამართლებრივ მდგენელის გარდა, შესაძლოა, არსებობდა პოლიტიკური გავლენა“, – მიიჩნევს საია-ს იურისტი მერაბ ქართველიშვილი.

შალვა თადუმაძის პოლიტიკასთან კავშირზე, კონკრეტულად კი, „ქართულ ოცნებასთან“ აფილაციაზე ამახვილებს ყურადღებას „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, გურამ იმნაძეც. დამოუკიდებელი იურისტები თანხმდებიან იმაზე, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან სანდოობას ანგარიში არ გაუწია.

„ამას ჰქვია სამართლებრივი უხერხულობა, ეს არის ალბათ ყველაზე კარგი შეფასება შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებაზე,“ – გვითხრა გურამ იმნაძემ. – „პირდაპირი ვალდებულება არ ჰქონდა შალვა თადუმაძეს, რომ საქმის განხილვა აეცილებინა, მაგრამ თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მაღალი სანდოობით უნდა სარგებლობდეს და მინიმალურ ეჭვებსაც არ უნდა აჩენდეს. გონივრული იქნებოდა, თუკი შალვა თადუმაძე დააკმაყოფილებდა აცილების შუამდგომლობას, რაც დაცვის მხარემ დააყენა. მოსამართლე შალვა თადუმაძემ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა“.

შალვა თადუმაძეს თვითაცილებაც შეეძლო.

გურამ იმნაძე

„შალვა თადუმაძის არჩევამდეც ვამბობდით, რომ იქნებოდა ინტერესთა კონფლიქტი და ეს პირველი საქმეა, სადაც ეს ცხადად გამოჩნდა,“ – ამბობს საია-ს იურისტი, მერაბ ქართველიშვილი.

საია-ს იურისტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თავად პროკურატურის სტრუქტურაც, სადაც ვერტიკალური მართვის მოდელია და ძალიან რთულია ვინმემ დაიჯეროს ის ამბავი, რომ საჩივარი გიგი უგულავას წინააღმდეგ შალვა თადუმაძის კურაციის გარეშე შევიდა უზენაეს სასამართლოში.

„გენპროკურორობის დროს შალვა თადუმაძე მხარს უჭერდა იმას, რომ გიგი უგულავა სასამართლოს დამნაშავედ მიეჩნია. შესაბამისად, საქმის განმხილველ მოსამართლე შალვა თადუმაძეს წინასწარი განწყობა უკვე შექმნილი ჰქონდა… მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ეს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს, ანუ მოსამართლე თადუმაძემ მხარეებს ზეპირად სხდომათა დარბაზში არც კი მოუსმინა. საუბარია საქმეზე, სადაც თავისუფლების აღკვეთას უფარდებ პირს და აბრუნებ ციხეში,“ – ამბობს მერაბ ქართველიშვილი.

EMC-ის იურისტი, გურამ იმნაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ყურადღება უნდა მიექცია საქმის „პოლიტიკური წონისთვისაც“. სასამართლოს სისტემაზე პოლიტიკური გავლენის კუთხით კითხვები უჩნდება საია-ს იურისტს, მერაბ ქართველიშვილსაც.

მერაბ ქართველიშვილი

„ეს სარჩელი წელიწადი და სამი თვე იყო შეტანილი და ახლა განიხილეს, როცა პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს საარჩევნო სისტემაზე… ევროსასამართლო იმსჯელებს ალბათ, დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება,“ – მიიჩნევს მერაბ ქართველიშვილი.

ხელისუფლების პოზიციაა, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს პრაქტიკა, როცა ყოფილი პროკურორები უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები ხდებიან.

„ასეთი შედარებები არ არის სწორი. შალვა თადუმაძე როცა გახდა გენპროკურორი და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ აირჩიეს უზენაეს სასამართლოში, ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უფრო ჰგავდა, რადგან შალვა თადუმაძეს არ განუხორციელებია არც ერთი რეფორმა, რაც დაანონსებული ჰქონდა, არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი. რა გააკეთა მან ისეთი, რის გამოც დაიმსახურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა?“ – კითხულობს საია-ს იურისტი.

გიგი უგულავას დაკავებაზე დაწერა ჯიმ რიში დაწერა „იმედგაცრუებული ვარ“

თავისი ტვიტერის პოსტზე უგულავას დაკავებას შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესმენი კიზინგერი

სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა 

კონგრესმენს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ასე უპასუხა:

„სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის და ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ეს ხდებოდა 2012 წლამდე“

 

კმდს-ს საბჭომ „რივიერა ბათუმის“ ახალი იახტკლუბის პროექტი განიხილა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმში, გოგებაშვილის #1-ში, სანაპირო კლუბისა და იახტკლუბის სამშენებლო პროექტი განიხილა. დაგეგმილ პროექტთან ახლოს [სამშენებლო ტერიტორია] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – შუქურა მდებარეობს. შესაბამისად, კომპანიამ პროექტის შეთანხმებაზე სააგენტოს ზონალურ საბჭოსაც მიმართა. პროექტი პლაჟთან ახლოს ორსართულიანი შენობისა და საცურაო აუზის მოწყობას ითვალისწინებს.

საბჭოსთვის წარდგენილი ინფორმაციით, მშენებლობის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი 0.5, შენობის კონსტრუქციული სიმაღლე კი – 12,64 მეტრი, აქედან 1.6 მიწის ქვეშ [ნულს ქვემოთ] იქნება.

ახალი იახტკლუბის პროექტი – საბჭოს სხდომაზე წარდგენილი რენდერი

ჯერჯერობით არ ვიცით, რა გადაწყვეტილება მიიღეს საბჭოს წევრებმა.

აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, კომპანიამ ახალი იახტკლუბის მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს.

ბათუმის იახტკლუბი შპს „რივიერას“ აჭარის მთავრობამ 20-წლიანი იჯარით და გარკვეული ვალდებულებებით 2017 წლის დეკემბერში 1 ლარად  გადასცა. იახტკლუბის განვითარებასთან ერთად, საიჯარო ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ის, რომ „რივიერას“ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობა იახტკლუბის მიმდებარე ნაკვეთებზე 2019 წლის 31 დეკემბრამდე დაეწყო. „რივიერას“ მიმართ ეს და სხვა მოთხოვნები ხელშეკრულებაში, 2019 წლის 18 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით შეიცვალა.

რენდერი

ახალი შეთანხმების მიხედვით, ბათუმის იახტკლუბის რეკონსტრუქცია 2021 წლის ნაცვლად 2023 წელს დასრულდება.

ახალი შეთანხმებით „რივიერა“ ვალდებულია უზრუნველყოს:

„2020 წლის 31 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემული ქონების მომიჯნავედ თავისსავე [ამჟამად შპს „ბათუმი რივიერას“] საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის – საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყება“.

 

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

 

რა სარგებელს მიიღებენ USAID-ის 7-მილიონიანი პროექტით მოსწავლეები და პედაგოგები

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი სახელწოდებით – „წინსვლა“ საჯარო სკოლებში ხუთი წლის განმავლობაში, 2024 წლის ჩათვლით, რამდენიმე ეტაპად  განხორციელდება.

განათლების სამინისტროში ამ ეტაპზე არ საუბრობენ დეტალებზე, თუმცა წერილობით განმარტებებში აღნიშნულია, რომ „პროექტი მოწოდებულია მოსწავლეებში განავითაროს ამოცანის ამოხსნისა და კრიტიკული აზროვნების უნარები“.

USAID-ისგან მიღებული ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული, მდგრადი და ინკლუზიური განათლების რეფორმის განხორციელებას დაწყებით განათლებაში.

ორგანიზაცია გვწერს, რომ პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემოღებას, ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების დანერგვას, „რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განივითარონ წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარები“.

ახალი პროგრამის ფარგლებში პედაგოგებს, მენტორებსა და სკოლის ადმინისტრაციას ჩაუტარდებათ ტრენინგები.

„შეიქმნება პედაგოგების გადასამზადებელი მასალები, მოხდება მასწავლებლების საკლასო დაკვირვება, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალების მხარდაჭერა. მოსწავლეებისთვის კი, შეიქმნება სასწავლო რესურსები,“ – მოგვწერეს USAID-დან.

პროექტით გათვალისწინებულია მშობლების ჩართულობა სასწავლო პროცესში. USAID-ის ინფორმაციით, შეიქმნება კითხვის და მათემატიკის კლუბები, „რომლებიც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს სწავლის პროცესს“.

ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის კი, პროექტი ითვალისწინებს „საჭიროებების შესაბამისი სწავლების მეთოდების“ დანერგვას. ეთნიკური უმცირესობებისთვის I-II კლასებში პრიორიტეტული იქნება მშობლიურ ენაზე კითხვის უნარების განვითარება, III-VI კლასებში კი – ქართულს ისწავლიან, როგორც მეორე ენას.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინკლუზიის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამა შექმნის ისეთ სასწავლო რესურსებს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მოსწავლისთვის“.

როგორც „ბათუმელებს“ მოგვწერეს, პროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის კუთხით გადამზადდება დაწყებითი სკოლებისა და სპეციალური განათლების ყველა მასწავლებელი.

USAID-ის ინფორმაციით, ზოგადი განათლების პროგრამა ამ ორგანიზაციის, უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განხორციელდება.

USAID-ის პროგრამასთან ითანამშრომლებს რვა უნივერსიტეტი, მათ შორის რეგიონებიდან და პედაგოგებს უზრუნველყოფს შესაბამისი ტრენინგებით. „USAID-ის პრიორიტეტია ამ ორგანიზაციების გაძლიერება ისე, რომ მომავალში თავად შეძლონ პედაგოგების გადამზადება“.

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს ყველა საჯარო სკოლას ექნება შესაძლებლობა, განივითაროს წიგნიერების, მათემატიკური, ამოცანის ამოხსნისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 15 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა 2020 წლის იანვარში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 30 ფაქტი. გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით, 15 პირი პასუხისგებაშია მიცემული.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ  განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 30 000 კოლოფზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული  უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 117 000 ლარს აღემატება“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, ბათუმში წვიმა, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უნალექოდ; დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, მთაში – თოვა, ზვავსაშიშროება, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; დღის მეორე ნახევრიდან – დასავლეთის მიმართულების, ზოგან 17-22მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო;
  • მთაში – ღამით 7-12, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა;
  • მაღალ მთაში – ღამით -15-20, დღისით -5-10 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან 17-22მ/წმ-ში, უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, ხილვადობა კარგი.
  • ტალღის სიმაღლე 7-12დმ (2-3ბალი), დღის მეორე ნახევრიდან 13-18დმ (4 ბალი),
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +7 გრადუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მომდევნო 2 დღეს, 13 და 14 თებერვალს, აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში – თოვა, ზოგან ძლიერი, ზვავსაშიშროება.

 

მთავარი ფოტო: არდაგანის ტბა, ბათუმი, 11.02.2020

ასლან ლორთქიფანიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად დანიშნეს

ასლან ლორთქიფანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავისი კაბინეტის უფროსად დანიშნა, ეს ინფორმაცია უმაღლეს საბჭოში დაადასტურეს. ამ დრომდე ასლან ლორთქიფანიძე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეთავაზება უმაღლეს საბჭოში გადასვლაზე მან პირადად დავით გაბაიძისგან მიიღო.

ასლან ლორთქიფანიძემ „უსაფუძვლო ბრალდება“ უწოდა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შეფასებას: „ჭიქაში ქარიშხალი გამოწვეულია იმით, რომ ერთმა კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაკარგა ტელევიზიის მართვის ბერკეტები“.

ასლან ლორთქიფანიძე ცოტა ხნის წინ იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატები შეარჩია. საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ არსებობდა დიდი უნდობლობა. პროცესის შესახებ საიამ განაცხადა, რომ კანდიდატები კომისიამ კანონდარღვევით შეარჩია.

როდის აღდგება წყლის მიწოდება ჩაქვში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, დაბა ჩაქვის მოსახლეობას წყლის მიწოდება დღის 14:00 საათზე აღუდგება.

კომპანიის განცხადებით, „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით“.

„ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღონ და წყალი ადინონ რამდენიმე წუთით.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ახალი რეგულაციები დაუწესეს

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 თებერვლის დადგენილებით, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები უნდა ფლობდნენ სქემით მინიჭებულ სტატუსს, გარდა პრაქტიკოსისა იმ საგნებში, რომლებსაც სკოლაში ასწავლიან, ან  უმაღლესი განათლების დიპლომით უნდა ჰქონდეთ დადასტურებული იმ საგნების სწავლება, რომლებსაც დამატებით ასწავლიან.

[checklist]

  • მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;
  • ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს  მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.

[/checklist]

ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთების არსებობის  შემთხვევაში, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე.

ბრძანების მიხედვით, მასწავლებელი არის პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, გარდა პრაქტიკოსისა ან დიპლომით აქვს დადასტურებული იმ საგნის სწავლება, რომელსაც ასწავლის.

მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების შესამცირებლად 35 მილიარდი დოლარია საჭირო – UNFPA

ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო მოსახლეობის ფონდი UNFPA ყველა ქვეყანას მოუწოდებს, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმონ არასრულწლოვანთა ქორწინების შემცირებას.

ნაადრევი ქორწინება პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის და როგორც კვლევები ცხადყოფს, არასრულწლოვანთა ქორწინების შემცირება, გოგოებისთვის სკოლის დამთავრებისა და, ზოგადად, განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემა, ასევე დედობის გადავადება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას. 

UNFPA-ს კვლევების მიხედვით, თანამედროვე მსოფლიოში მცხოვრები 650 მილიონი ქალი ნაადრევად, 18 წლამდე დაქორწინდა. ნაადრევი ქორწინების დიდი წილი ეკონომიკურად საშუალო და დაბალი განვითარების ქვეყნებზე მოდის, თუმცა ნაადრევი ქორწინების შემთხვევებს განვითარებულ ქვეყნებშიც ვხვდებით. 

ამ საკითხით მთელ მსოფლიოში ადვოკატებიც ინტერესდებიან, მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიაში არასამთავრობო ორგანიზაციამ Nesime Salioska ჩაშალა ასაკოვანი კაცისა და 16 წლის გოგოს  ქორწინება, რომელმაც ამ კაცისგან შვილი გააჩინა. ადვოკატებს დიდი ძალისხმევის გაღება მოუხდათ, რადგან ადგილობრივი ჩინოვნიკები უარს ამბობდნენ რაიმე ტიპის ჩარევაზე. 

გაეროს მსოფლიო მოსახლეობის ფონდის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ გლობალური სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევები იკლებს. 2000 წელს 20-24 წლამდე  ყოველი მესამე ქალი მსოფლიოში, ბავშვობაში დაქორწინდა, 2017 წელს კი ამავე ასაკობრივი კატეგორიის ყოველი მეხუთე ქალი იყო ბავშვობაში დაქორწინებული.

სამხრეთ აზიაშიც კი, სადაც მთელ მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ნაადრევი ქორწინების შემთხვევები თანდათან მცირდება. 

18 წელს მიუღწეველი გოგოების დაქორწინების რისკი ამ რეგიონში შემცირდა ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად. 

მაგრამ ეს ბავშვთა ქორწინების თვალსაზრისით მხოლოდ ერთი პრობლემური რეგიონის წარმატებული მაგალითია. თუ მსგავსი ძალისხმევა მსოფლიოს სხვა რეგიონებში არ დაჩქარდება, UNFPA-ს კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის ბავშვთა ქორწინების მაჩვენებელი გაიზრდება.

დღესდღეობით მოსახლეობა ყველაზე სწრაფად იზრდება იქ, სადაც არასრულწლოვანთა ქორწინება ჩვეულებრივი მოცემულობაა, მაგალითად დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებშიც ბავშვთა ქორწინების მაღალი მაჩვენებლები ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ შემცირებულა.

2019 წლის ნოემბერში გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჯონ ჰოპკინსის, ვიქტორიას, ვაშინგტონის უნივერსიტეტებსა და ორგანიზაცია Avenir Health-თან ერთად ჩატარებული ერთობლივი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს 68 ქვეყნის მაგალითზე დაითვალეს რა ფინანსური რესურსია საჭირო ნაადრევი ქორწინების შესამცირებლად. კვლევის მიხედვით, პრობლემურ ქვეყნებში 2030 წლისთვის ბავშვთა ქორწინების კლებადი მაჩვენებლის მისაღებად 35 მილიარდი დოლარია საჭირო, რაც დღევანდელ მსოფლიოში თითო დაქორწინებულ ბავშვზე 600 დოლარი გამოდის – მაღალი კლასის სასტუმროში გატარებული ერთი ღამის საფასური.  

35 მილიარდიანი ინვესტიციაში მკვლევარებმა მოიაზრეს საგანმანათლებლო, ადამიანის უფლებების, სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი პროგრამები. კვლევის მიხედვით, ამ ფინანსური რესურსით 2030 წლისთვის ბავშვთა ქორწინების თითქმის 58 მილიონი შემთხვევის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი. 

ნაადრევ ქორწინებაში არიან როგორც გოგოები ასევე ბიჭები, თუმცა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიხედვით, დაბალი და საშუალო ეკონომიკური განვითარების 82 ქვეყანაში ყოველი 25 ბიჭიდან ერთია 18 წლამდე დაქორწინებული. 

ნაადრევი ქორწინება ბიჭებისთვისაც ტვირთია, რასაც ხშირად ვერ უმკლავდებიან, თუმცა ბავშვთა ქორწინებისას გოგოებს გაცილებით დიდი ზიანი ადგებათ ბიჭებთან შედარებით. კვლევებით დასტურდება, რომ ნაადრევ ქორწინებაში მყოფი გოგოები უფრო ხშირად ხდებიან მეუღლის, ნათესავების და საკუთარი მშობლების ოჯახიდანაც კი სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი. ამას ემატება ნაადრევი მშობიარობის რისკები, როცა სხეული ჯერ კიდევ არ არის მზად ორსულობისა და შემდგომი გართულებებისთვის. 

მთელ მსოფლიოში არასრულწლოვანი გოგოების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ორსულობისა და მშობიარობის გართულებებია. 

დაქორწინების გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი გოგოები ხშირად ნაადრევი ორსულობის გამო წყვეტენ, თუნდაც მოძალადეზე, რომ საკუთარი ოჯახები ქორწინების გარეშე დაორსულებასთან დაკავშირებული სტიგმისგან იხსნან. 

ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების, განათლების ხელშეწყობა მთავარი ფაქტორებია ბავშვთა ქორწინების პრობლემის დასაძლევად.

Unisef – ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში 20- 24 წლის ასაკის ქალების 14% დაქორწინებული იყო 18 წლამდე. ბავშვობის ასაკში ქორწინება პრობლემაა საქართველოში თუმცა, ამავე კვლევის მიხედვით, მისი გავრცელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავებაა ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის.

20-24 წლის ასაკის ქალების 33%, რომელმაც განაცხადა, რომ იყვნენ დაქორწინებული ან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ კავშირში 18 წლის ასაკამდე, მიეკუთვნებიან კეთილდღეობის ინდექსის უღარიბეს კვინტილს, ხოლო უმდიდრეს კვინტილურ ჯგუფში ანალოგიური მაჩვენებელი 4% -ს შეადგენს. 20-49 წლის ასაკის ქალების წილი, რომლებიც იყვნენ დაქორწინებული ან 18 წლის ასაკამდე, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლში (25%), ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში (12%). 


მთავარი ფოტო გვერდიდან – Humman Trafficking search

Exit mobile version