მთავარი,სიახლეები

ყოველი მე-5 ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება – ანგარიში

12.02.2020 • 2687
ყოველი მე-5 ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება – ანგარიში

ევროკავშირი საქართველოში 2020 წლის თებერვლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ერთი ქვეთავი ქვეყანაში ბავშვთა უფლებებს ეხება.  

ანგარიშში საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა განხილული. 

სექტემბერში საქართველომ ბავშვთა უფლებების კოდექსი მიიღო, რომელიც 2020 წლის 1 ივნისს სრულად შედის ძალაში. ამ დოკუმენტში მოცემულია სამართლებრივი საფუძვლები, უსაფრთხოების ზომები და გარანტიები ბავშვთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი პრინციპების, მისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. 

კოდექსი  უზრუნველყოფს იურიდიულ გარანტიებს იმისთვის, რომ ბავშვმა საკუთარი უფლებები დამოუკიდებლად დაიცვას და გამოიყენოს.

ევროკავშირის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში კვლავ მაღალია  ჩვილი ბავშვებისა და დედების სიკვდილიანობის მაჩვენებლები.  

ამავე ანგარიშის მიხედვით მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის იანვრიდან მთავრობამ ბავშვების ყოველთვიური დახმარება 10-დან 50 ლარამდე გაზარდა და ბავშვებისთვის სასურსათო ვაუჩერები (“კვების ბარათები”) შემოიღო, მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფების ბავშვთა კვების სტატუსში ჯამში კი ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. 

„ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც მათი ძირითადი საჭიროებები არ კმაყოფილდება, ბავშვთა დაახლოებით მეოთხედი კი საბავშვო ბაღებშიც არ დადის, განსაკუთრებით ის ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველ და მარგინალურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. 

ჯერ კიდევ მოქმედებს ორი დიდი სახელმწიფო დაწესებულება სადაც მძიმე და სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაახლოებით 80 ბავშვი ცხოვრობს.

900 – ზე მეტი ბავშვი კი ცხოვრობს არარეგულირებულ დაწესებულებაში, ძირითადად პანსიონატებში, რომელთაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აფინანსებენ და მართავენ” – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიში ასახავს პერიოდს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს 2019 წლის 5 მარტის სხდომიდან საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2020 წელს გაიმართება.


მთავარ ფოტო გვერდიდან: Described and Captioned Media Program

გადაბეჭდვის წესი


ასევე: