დაშინების მცდელობა დამთავრდება წარუმატებლად – აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს.

„მაუწყებლის დირექტორმა მრჩეველთა საბჭოს საშტატო განრიგში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა. პროექტის თანახმად, მაუწყებლის სამსახურების უფროსების მოადგილეების თანამდებობები უქმდება, მათ შორის, უქმდება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაც, რაც კონტრაქტის მიხედვით, სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

პარალელურად მიმდინარეობს დისციპლინარული წარმოება, საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც შეიძლება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს. ამ ფაქტების ერთობლიობით, ლეგიტიმურად გვიჩნდება ეჭვი, რომ აჭარის მაუწყებლის დირექციას სურს შეცვალოს საინფორმაციო სამსახურის მმართველი რგოლი და შეცვალოს მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა.

ხელმძღვანელობის პასუხი, რომ ცვლილება მხოლოდ სახელს ეხება და შინაარსობრივად საქმიანობაში არ ერევა, ტოვებს კიდევ უფრო მეტ კითხვას.

მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად, მოუგვარებელი რჩება მაუწყებლის ფუნქციონირებისთვის არსებითი ხასიათის პრობლემები, დაწყებული ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაო სივრცით და დამთავრებული ტექნიკური აპარატურის განახლების აუცილებლობით.

ამგვარ პირობებში სარედაქციო მიმართულებით ამგვარი „მუხლჩაუხრელი“ მუშაობით კონკრეტულ წარმოდგენას გვიქმნის ხელმძღვანელობა პრიორიტეტებზე.

საინტერესო დამთხვევაა ისიც, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები, ძირითადად, ეხება ჩვენს წევრებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ჩვენი კრიტიკულმა პოზიციებმა და თვითორგანიზების მცდელობამ გაამძაფრა უკმაყოფილობის განცდა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი წევრების მისამართით გაგრძელდება მსგავსი ქმედებები, ბუნებრივია ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და მივმართავთ პროკურატურას.

ნებისმიერი მცდელობა – დააშინონ თანამშრომლები, დამთავრდება წარუმატებლად. ჩვენ არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას, არ შევეგუებით მაუწყებლის რეგრესს, ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებებისთვის და უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნისთვის,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ჩემს შტატს აუქმებენ“ – აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე 

მაია მერკვილაძე, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე ადასტურებს, რომ მაუწყებელში მის შტატს აუქმებენ. მანამდე კი მაია მერკვილაძემ ტელევიზიის დირექტორს მოუმზადა ახსნა-განმარტება, სადაც პასუხობს დირექტორის კითხვას, რატომ მიიწვიეს ეთერში ერთი კონკრეტული სტუმარი, რითაც თითქოს ბალანსი დაირღვა. როგორც მაია მერკვილაძემ გვითხრა, დისციპლინური წარმოება დაიწყო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წინააღმდეგაც. ასევე, ეთერიდან მოხსნას უპირებენ „ჰეშთეგის“ წამყვანს – მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი კოხრეიძე ქუჩაში შეხვდა და უთხრა, რომ გადაცემის წამყვანი აღარ უნდა იყოს. ამჯერად რა ხდება აჭარის მაუწყებელში – „ბათუმელებმა“ მაია მერკვილაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • მაია, გავიგეთ, რომ თქვენი პოზიციიდან გადაყენებას გიპირებენ. მართალია?  

კი. გუშინ შევიტყვეთ, რომ აუქმებს [დირექტორი] სამსახურის მოადგილეების შტატებს მაუწყებელში. ასეთი იყო სულ ოთხი შტატი: აქედან ერთი არის ჩემი – ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე ვარ სარედაქციო მიმართულებით, ეს მიწერია ხელშეკრულებაში. მეორე იყო რადიოს მიმართულებით სამსახურის მოადგილე, რომელიც თამილა დოლიძის მრჩევლად არჩევის შემდეგ ვაკანტურია, არავინ დაუნიშნავთ. ასევე ვაკანტური იყო კიდევ ერთი სამსახურის მოადგილის შტატი და მეოთხე არის გიორგი მურვანიძე, რომელიც არის შემოქმედებითი მიმართულებით სამსახურის უფროსის მოადგილე. ანუ რეალურად ორ ადამიანზეა საუბარი – ერთი მე ვარ, ერთი – გიორგი მურვანიძე.

  • რის საფუძველზე მიიღო ეგ გადაწყვეტილება დირექტორმა?

როგორც განუმარტა გუშინ შეკრებილ მმართველთა საბჭოს, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ თითქოს დუბლირებულია ფუნქცია-მოვალეობა. ამიტომ ჩათვალა, რომ არ იყო მოადგილის შტატი საჭირო.

  • რა გითხრათ, რასთან ან ვისთან იყო თქვენი მოვალეობა დუბლირებული?

სამსახურის უფროსის – შორენა ღლონტის მოვალეობასთან არის დუბლირებულიო.

  • გავიგეთ, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საინფორმაციო სამსახურის უფროსის წინააღმდეგაც. შორენა ღლონტს რას უპირებენ?

შორენას წინააღმდეგ ერთი წლის წინანდელ ამბავთან დაკავშირებით დაიწყო დისციპლინური წარმოება. კონტექსტი, ეს ყველაფერი იმდენად ემთხვევა ერთმანეთს… ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს, უნდათ რამენაირად შეცვალონ რედაქცია. თან დაიწყეს არა ადმინისტრაციული, არამედ დისციპლინური წარმოება. იურისტების კონსულტაციით ვიცი, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობდა.

  • ასევე გავიგეთ, რომ „ჰეშთეგთანაც“ არის მსგავსი ტიპის წერილობითი გაფრთხილება. იცით რა ხდება „ჰეშთეგთან“ დაკავშირებით?

როგორც ვიცი, „ჰეშთეგს“ აქვს სხვა ტიპის პრობლემა – ალტერნატიული პროფკავშირის გამო მალხაზ რეხვიაშვილს ედავებიან ორი ფუნქციის თავსებადობას. ის გადაცემის წამყვანია და ასევე ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე, რომელიც ცოტა ხნის წინ შექმნეს. ჯერჯერობით მალხაზთან ზეპირსიტყვიერი ურთიერთობა აქვთ. არ ვიცი, რამდენად შეძლებენ მალხაზის ჩამოშორებას ეთერიდან. ვნახოთ, რა იქნება.

  • თქვენგან ოფიციალურად ითხოვენ ახსნა-განმარტებას, თუ რატომ მიიწვიეთ ეთერში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მოქმედი წევრი – გია ქარცივაძე, რომელიც სხვა მრჩევლების და დირექტორის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. როგორც გავიგე, ბალანსის დარღვევას გედავებიან და ამაზე პასუხს გთხოვენ.

ეგ გუშინდელ ამბავს უძღოდა წინ – მაუწყებლის დირექტორმა მომწერა განმემარტა, რატომ იყო დაუბალანსებელი ერთ-ერთი გადაცემა, ანუ რატომ მოვიწვიეთ გია ქარცივაძე ეთერში. ამ წერილს დაურთო მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა, სადაც პუნქტობრივად არის ერთსაათიანი გამოშვება განხილული – სიუჟეტები, გადაცემის სტუმრები… დასკვნის ავტორს უწერია, რომ დაირღვა ჩვენთან მაუწყებლობის შესახებ კანონი და ერთი სტუმარი გია ქარცივაძის სახით ვერ ასახავდა იმ სურათს, რაც ხდება მაუწყებელში. ბალანსი და მხარეთა პოზიციების წარმოსაჩენად საჭირო იყო მოწინააღმდეგე მხარის მოწვევაო – ასეთი შინაარსის წერილი მივიღე.

  • ვინ არის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი მაუწყებელში?

გიორგი მოისწრაფიშვილი ხელმძღვანელობს ამ სამსახურს. მე როგორც მითხრა გიორგიმ, მსგავსი დასკვნები არასოდეს გამოუყენებიათ რაიმე ზეწოლის ბერკეტად. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახურის ჩართვა არის ცენზურის მცდელობა. დირექტორი ამას იყენებს, შინაარსში შემოდის და განიხილავს გადაცემის შინაარსი. მას ამის უფლება არ აქვს, ზუსტად ეს არის ცენზურის მცდელობა.

  • შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა ბალანსის დარღვევას გედავებიან?

მე ამის თაობაზე წერილობითი პასუხი უკვე მომზადებული მაქვს… სადავო გამოშვება ორი ნაწილისგან შედგებოდა – პირველ ნაწილში იყო დღის ამბები. მეორე ნაწილში გვყავდა ორი სტუმარი, რაც შეეხებოდა მაუწყებელში დაგეგმილ რეორგანიზაციას. ჩვენ მოვიპოვეთ სქემა, რომელიც წარმოადგინა დირექტორმა და გადავწყვიტეთ ამისთვის დაგვეთმო ეთერი. ამ საკითხზე ვრცელი სიუჟეტი მოვამზადეთ, რომელშიც ჩაწერილი გვყავდა მრჩევლები და დირექტორი, სადაც ხსნიდნენ რეორგანიზაციის მიზეზებს. ამ რეორგანიზაციას რა რისკები და საფრთხეები მოჰყვებოდა, ამაზე  გადავწყვიტეთ სწორედ გია ქარცივაძე მოგვეწვია. ბალანსი არ დარღვეულა იმიტომ, რომ გია ქარცივაძემ უპასუხა მრჩევლების არგუმენტებს, რის საფუძველზეც აპირებდნენ რეორგანიზაციის დაწყებას. ასევე მოწვეული გვყავდა თამარ წილოსანი [მაუწყებლის საბჭოს წევრი], რომელსაც რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ჰქონდა და პასუხობდა სწორედ მრჩევლებს, რომლებიც ამას ემხრობოდნენ.

ჩემი აზრით, ამ გადაცემაში მაყურებელს სრული შთაბეჭდილება შეექმნა იმაზე, თუ რა ხდებოდა მაუწყებელში, შესაძლო რისკი დავინახეთ ჩვენც და საზოგადოებამაც. რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ რეორგანიზაციას, სხვაგვარად ჩვენ ამის გადმოცემას ვერ შევძლებდით.

  • თქვენი შტატის გაუქმება ასე ერთპიროვნულად შეუძლია დირექტორს?

როგორც გავარკვიე, სამი მრჩევლის თანხმობა სჭირდება დირექტორს. დებულების თანახმად, საშტატო განრიგში ცვლილებას არ სჭირდება საბჭოს ოთხი წევრის ხმა.

  • ჰყავს დირექტორს ეს მრჩევლები?

„ქართული ოცნების“ სამი ხმა მრჩეველთა საბჭოში გარანტირებულად ეყოლება ბატონ დირექტორს. ჩვენც ვამზადებთ ამ თემაზე სიუჟეტს და მათი კომენტარებიდან გავარკვიეთ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ ცვლილებას.

  • თქვენ რა პოზიციაზე გიპირებენ გადაყვანას?

ველოდები რას შემომთავაზებს დირექტორი, რადგან ცალმხრივად ვერ შემიცვლის ხელშეკრულებას, უნდა შემითანხმოს პირობები. ჯერჯერობით არ შემოუთავაზებია არაფერი. არ ვიცი, რამდენად იქნება ჩემი პოზიცია იმის საპირწონე, რაც აქამდე მქონდა. დარწმუნებული ვარ, დაკნინების და შევიწროების ხარჯზე აპირებს ჩემი უფლებამოვალეობის განსაზღვრას. დაველოდები ახალ ხელშეკრულებას.

____

2 თებერვალს აჭარის მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ. მან თქვა, რომ ახალი ხელშეკრულების საშუალებით, მას აღარ მისცეს მუშაობის საშუალება

2 თებერვალს აჭარის მაუწყებელი დატოვა ნათია ზოიძემ. მან თქვა, რომ ახალი ხელშეკრულების საშუალებით, მას აღარ მისცეს მუშაობის საშუალება

3 თებერვალს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ აჭარის ტელევიზიას უთხრა, რომ აბსოლუტურად არაფერშუაშია უმაღლესი საბჭო

3 თებერვალს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ აჭარის ტელევიზიას უთხრა, რომ აბსოლუტურად არაფერშუაშია უმაღლესი საბჭო

6 თებერვალს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის წასვლას შეაფასა, როგორც პოლიტიკური ზეწოლა

6 თებერვალს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის წასვლას შეაფასა, როგორც პოლიტიკური ზეწოლა

დღეს, 14 თებერვალს, ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მაუწყებელში დევნიან არასასურველ ადამიანებს და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლეს საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს და მთელ მმართველ გუნდს“.

დღეს, 14 თებერვალს ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მაუწყებელში დევნიან არასასურველ ადამიანებს და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლეს საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს და მთელ მმართველ გუნდს“.

აჭარის მაუწყებელში ხელისუფლების მხრიდან ჩარევაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც გასული წლის აპრილში მაუწყებლის დირექტორი, ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის გზით გადააყენეს. 2019 წლის ბოლომდე დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებდა და მან არაერთხელ განაცხადა ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ.

რა დარღვევები გამოვლინდა ბათუმის სკოლებსა და ბაღებში – სანიტარული ნორმების კონტროლის შედეგები

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება საჯარო და კერძო ობიექტები.

ბათუმში სკოლებსა და ბაღებს ამოწმებს როგორც სურსათის უვნებლობის სამსახური, ისე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება. მათ გამიჯნული აქვთ  კომპეტენციები – თუ სურსათის უვნებლობა ბაღებსა და სკოლებში შეტანილი პროდუქციის ხარისხსა და შენახვის პირობებს ამოწმებს, მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობა უშუალოდ სისუფთავის ხარისხის შემოწმებაზეა ორიენტირებული, მაგალითად, როგორ არის ჭურჭელი დარეცხილი, რამდენად სუფთაა მაგიდის ზედაპირები და ა.შ.

2020 წელს მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილებამ ბათუმში ცხრა საჯარო სკოლა და ერთი კერძო საბვშვო ბაღი შეამოწმა.

განყოფილების უფროსის ნუგზარ ცეცხლაძის განმარტებით, ბათუმის ორი საჯარო სკოლის კვების ბლოკში (ბუფეტში), დარღვევა გამოვლინდა სისუფთავის ხარისხთან დაკავშირებით, შესაბამისად შედგა ადმინისტრაციულ დარღვევათა ორი ოქმი. ეს ნიშნავს, რომ დარღვევების გამო 50 ლარით დაჯარიმდნენ ის ინდმეწარმეები, რომლებიც სკოლასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობენ კვების ბლოკში.

გარდა ამისა, შემოწმებული სკოლების საკლასო ოთახებში განისაზღვრა განათების კოეფიციენტები – “უმეტეს სკოლაში განათების კოეფიციენტი ნორმასთან შედარებით დაბალია. ზოგიერთ სკოლაში არის თხევადი საპნისა და ხელსაშრობების, ასევე  ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი, თუმცა სკოლების უმეტესობა აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. მათ მიეცათ წერილობითი გაფრთხილება,” – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

ასეთ დარღვევებზე ჯარიმა ინდ მეწარმის შემთხვევაში 50 ლარია, იურიდიული პირის შემთხვევაში  კი – 100 ლარი. იმავე წელს თუ გამოვლინდა იგივე დარღვევები, ჯარიმები იზრდება ინდმეწარმის შემთხვევაში – 200 ლარამდე, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 500 ლარამდე.

რაც შეეხება საბავშო ბაღს, ნუგზარ ცეცხლაძის განმარტებით, აქ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა გამოვლინდა, რის საფუძველზეც შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

“ტექნიკური რეგლამენტი მოიცავს, თუ რა სანიტარულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის საბავშვო ბაღი, მათ შორის არის ის, რომ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უნდა ჰქონდეს პერსპექტიული მენიუ შედგენილი, ჰქონდეს შესაბამისი ჟურნალები, უნდა ჰქონდეს ინვენტარი აღჭურვილი საბავშვო ზონების შესაბამისად, როგორც საწოლები, ისე ხელსაბანი ნიჟარები, სანიტარული კვანძები, უნდა ჰქონდეს ხორცსაკეპი მანქანები… ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი დარღვეული იყო და აქედან გამომდინარე შედგა ოქმი,” – განმარტავს ნუგზარ ცეცხლაძე.

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე ჩატარდა 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში 70-მდე სახელმწიფო კონტროლი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სკოლებისა და ბაღების შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა გამოიკვეთა, თუმცა არც ერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. შემოწმებისას ყურადღება ექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას.

სეს-ის განმარტებით, დარღვევები ძირითადად საკვები პროდუქტების ეტიკეტირებას და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს შეეხებოდა, თუმცა არავინ დაჯარიმებულა. ბიზნესოპერატორებმა სააგენტოს ინსპექტორებისგან მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები.

სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებისა და სანიტარული შემოწმებები, წლის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

 

სექსუალური ორიენტაციის გამო ძმაზე ძმა ძალადობდა – რა გადაწყვიტა სასამართლომ 

პირი,  რომელიც ოჯახის წევრზე სექსუალური ორიენტაციის გამო ძალადობდა, სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.

მსხვერპლს საია იცავდა. საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოძალადე მსხვერპლს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო სისტემატიურად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული იძულებული გახდა, შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 29 ოქტომბერს გამოიტანა განაჩენი და მოძალადე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ოჯახში ძალადობა). სასამართლომ ასევე გამოიყენა სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლი და სექსუალური ორიენტაციის მოტივით ჩადენილი დანაშაული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება – თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის და ექვსი თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

საკონსტიტუციოს მოსამართლე ნიკა მელიას: შეეძლო პარლამენტს კანონის იგნორირება?

“ასე საერთოდ განაჩენის გარეშე შეიძლება შეუწყდეთ უფლებამოსილება პრეზიდენტს ან უზენაესი სასამართლოს წევრს, თუკი მას იმპიჩმენტს მოუწყობენ. რა გამოდის, რომ მხოლოდ პარლამენტის წევრს უნდა ჰქონდეს პრივილეგია?” – იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ და ნიკა მელიას გახედა, რომლის სარჩელსაც დღეს, 14 თებერვალს, არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

“ნიკა მელიას შემთხვევაში, ერთმა მოსამართლემ მიიღო განაჩენი და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის გარეშე შეუწყვიტეს მელიას უფლებამოსილება… პარლამენტი არც კი დაინტერესებულა, რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო ერთი მოსამართლე.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში კი, საჭიროა პარლამენტის ერთი მესამედის თანხმობა იმისთვის, რომ მოგმართონ თქვენ, საკონსტიტუციო სასამართლოს. პრეზიდენტის შემთხვევაში დაცვის მეტი გარანტიებია და ეს გარანტია ხართ თქვენ – 9 მოსამართლე,” – უპასუხა მოსამართლეს საია-ს იურისტმა, გიორგი გოცირიძემ. ის ნიკა მელიას ინტერესებს იცავს.

ნიკა მელიას პარლამენტის მანდატი 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, ნიკა მელია დამნაშავედ მიიჩნიეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩადენაში.

ნიკა მელია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს იმას, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერეს, კონსტიტუციის მიხედვით კი, დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაშვებულია მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის არსებობის შემთხვევაში.

მოსარჩელის პოზიციით, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ.

“სამართლიანი სასამართლო ეფუძნება ვარაუდს, რომ სასამართლოს პირველი ინსტანცია შესაძლოა შეცდეს და არსებობს გასაჩივრების შესაძლებლობა…” – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

დისკუსიაში ისევ მოსამართლე ევა გოცირიძე ჩაერთო, რომელიც დაინტერესდა “უდანაშაულობის პრეზუმფციით” რატომ უნდა სარგებლობდეს მხოლოდ პარლამენტის წევრი და არა ნებისმიერი ადამიანი.

მოსამართლეს მოსარჩელე მხარის იურისტებმა უთხრეს, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება პირდაპირი წესით ხალხის მიერ არჩეულ თანამდებობის პირს.

“მე მაინტერესებს, შეეძლო პარლამენტს მის მიერ მიღებული კანონის იგნორირება?” – მიმართა გიორგი გოცირიძეს მოსამართლე მანანა კობახიძემ. მან “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე” გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, აღსრულება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იწყება.

“არ ვთვლი, რომ საპროცესო კოდექსი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას… პარლამენტის წევრებს შეეძლოთ ენახათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგალითად, “ცინცქილაძის საქმეზე”, სადაც ხაზგასმით წერია, რომ საბოლოოა ისეთი განაჩენი, როცა გასაჩივრების ყველა ეტაპი ამოწურულია,” – უთხრა გიორგი გოცირიძემ მოსამართლე მანანა კობახიძეს, რომელიც მოსამართლეობამდე პარლამენტის წევრი იყო.

“რა გამოდის, პარლამენტი განმარტების გზით უნდა წასულიყო?” – იკითხა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ.

“კი, რატომაც არა,” – მოკლედ უპასუხა კითხვას მელიას ინტერესების დამცველმა.

“სასამართლო დარბაზში რომ დაეკავებინათ და ბორკილი დაედოთ?…” – მიუბრუნდა ისევ გიორგი გოცირიძეს მოსამართლე მანანა კობახიძე და იქვე დასძინა: “ამას მე არავის ვუსურვებ, არც მოსარჩელეს… თქვენი ლოგიკით გამოდის, რომ პარლამენტმა დაახლოებით ერთი წელი ხელფასი უნდა უხადოს მსჯავრდებულ დეპუტატს, თუკი მას სასამართლოს პირველი ინსტანცია მიუსჯის თავისუფლების აღკვეთას”, – თქვა მოსამართლემ, რომელსაც მაშინვე შეახსენა ნიკა მელიას ინტერესების დამცველმა, რომ დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაც შეიძლება.

“შეჩერებას თავისი საფუძვლები აქვს…” – აღნიშნა მოსამართლე მანანა კობახიძემ.

დისკუსიის ამოწურვამდე სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ შესვენება გამოაცხადა. სასამართლო განხილვა 4 საათზე განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლო ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს

როგორ არიდებს თავს აჭარის მაუწყებლის დირექტორი საგამოძიებო ჟურნალისტიკას

„აჭარის ტელევიზიის დღევანდელ მენეჯმენტს არ სურს ჰქონდეს საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ტელევიზიის დირექტორი თავს არიდებს ამ პრიორიტეტის შესრულებას…“ – ეს მრჩეველთა საბჭოს წევრის გია ქარცივაძის შეფასებაა მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის  წერილობითი პასუხი მიიღო კითხვაზე: „რა კონკრეტულმა გარემოებებმა განაპირობა ამ დრომდე თქვენ მიერ მაუწყებლის მოქმედი პროგრამული პრიორიტეტების უგულებელყოფა?“

წინა წლებში ჟურნალისტურ გამოძიებას აჭარის ტელევიზიისთვის სტუდია „რეკი“ ამზადებდა. მაუწყებელი ვალდებულია, საგამოძიებო პროდუქტი გარე რესურსებიდან შეიძინოს ტენდერით – ეს მაუწყებელს თავის ბიუჯეტში უწერია. ამის მიუხედავად, წელს ამ მიმართულებით შესყიდვაზე აჭარის ტელევიზიას ტენდერი არ გამოუცხადებია.

როგორც ჩანს, ტელევიზია ამ მიმართულებით ტენდერის გამოცხადებას არც აპირებს – გიორგი კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრს, გია ქარცივაძეს უთხრა, რომ ტელევიზიაში მომზადებული ანალიტიკური სიუჟეტები ისედაც საგამოძიებო ჟურნალისტიკაა.

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს სატელევიზიო პროგრამით – „მთავარი აჭარაში“ მომზადდა და გადაიცა რამდენიმე ვრცელი რეპორტაჟი, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჟანრს განეკუთვნება, მათი საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 45 წუთია…“ – აღნიშნულია გიორგი კოხრეიძის წერილში, რომელიც ტელევიზიის ახალმა დირექტორმა მრჩეველთა საბჭოს წევრს მისწერა.

ნიშნავს თუ არა ეს პასუხი იმას, რომ ტელევიზიის ახალი მენეჯმენტი საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე მუშაობას აღარ აპირებს და გიორგი კოხრეიძე ანალიტიკურ სიუჟეტებს დაარქმევს საგამოძიებო ნამუშევარს?

„აქეთკენ მივდივართ… ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესების, რაზეც ჩვენ ბოლო პერიოდში ეჭვები გაგვიჩნდა,“ – ამბობს ლაშა ზარგინავა, გადაცემა „მთავარი აჭარაში“ წამყვანი და რედაქტორი.

გიორგი კოხრეიძისგან განსხვავებით, ლაშა ზარგინავა მიიჩნევს, რომ მის გადაცემაში გასული სიუჟეტები, მათ შორის ის რეპორტაჟები, რომლებზეც გიორგი კოხრეიძე ოფიციალურ წერილში იშველიებს, არ არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა.

„ვინც არის ჟურნალისტიკაში და იცის მედია, მარტივია იმის გაგება, რომ ეს არის ანალიტიკური სიუჟეტები და არა საგამოძიებო ჟურნალისტიკა. საგამოძიებო ჟურნალისტიკას სხვა რესურსი სჭირდება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს…“ – ამბობს ლაშა ზარგინავა.

მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე, ყურადღებას იმ სამართლებრივ ნორმაზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტების შეუსრულებლობა მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საფუძველია, თუმცა ვალდებულების შეუსრულებლობაზე ჯერ საბჭოს სხვა წევრებთან არ უსაუბრია.

„ამ პასუხიდან [დირექტორის] ერთი რამ ჩანს – მაუწყებელს მცდელობაც კი არ აქვს, რომ ეს პრიორიტეტი შეასრულოს,“ – დასძენს გია ქარცივაძე.

ის გვიყვება, რომ სმენია, თუ რა მიზეზს ასახელებს გიორგი კოხრეიძე ტელევიზიის თანამშრომლებთან, როცა საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესყიდვაზე უარს ასაბუთებს.

„ამბობს, რომ შესაძლოა ისეთმა სტუდიამ მოიგოს, რომელიც იქნება ტენდენციური. მე ამ არგუმენტის არ მჯერა, რადგან შესაძლებელია სატენდერო პირობის წინასწარ განსაზღვრა, რა სახის და ხარისხის პროდუქტს ითხოვს მაუწყებელი. თუ გარე სტუდია ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს და დაარღვევს ჟურნალისტურ ეთიკას, არ ჩაურიცხავ თანხას… თუ ამ პირობას გაწერს მაუწყებელი, რა მნიშვნელობა აქვს: X მოიგებს თუ Y?“ – კითხულობს გია ქარცივაძე.

„ჩვეულებრივი ინტერპრეტაციის საკითხია და ქარიშახალი ჭიქაში. გია ქარცივაძეს სურდა ამბავი აეტეხა და ატეხა ამბავი,“ – გვითხრა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, გიგა ჩხარტიშვილმა.

„გია ქარცივაძის წერილზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ… საგამოძიებო ფილმების წარმოება საკანონმდებლო ვალდებულება გვაქვს და საკითხი, უნდა იწარმოებოდეს თუ არა, არ განიხილება, ეს არის სავალდებულო მოთხოვნა. ჩემი არჩევის დროს მე ჩემს კონცეფციაში განვაცხადე, რომ საგამოძიებო ფილმები უნდა იწარმოებოდეს ტელევიზიის შიგნით და არა „out source“-ზე, ეს მეხსიერება მაუწყებელს უნდა ჰქონდეს, უნდა არსებობდეს საკმაოდ კარგი სტაფი, რომელიც ამას მოამზადებს და თავის გამოცდილებას უნდა უზიარებდეს შემდეგ თაობებს…. როცა გარე სტუდიის მიერ მომზადებულ პროდუქტს უშვებ შენს ეთერში, პასუხისმგებელი ვინაა შემდეგ სარედაქციო სიზუსტეზე? – რა თქმა უნდა, მაუწყებელი,“ – უთხრა გიგა ჩხარტიშვილმა „ბათუმელებს“.

ჩვენ გიგა ჩხარტიშვილს ვკითხეთ, იზიარებს თუ არა მაუწყებლის დირექტორის პოზიციას იმის შესახებ, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჟანრის რეპორტაჟები უკვე გადის სატელევიზიო პროგრამაში – „მთავარი აჭარაში“.

„ვერ გავიზიარებ თქვენს მოსაზრებას, რომ მაუწყებელი ამას ამბობს… როცა მეტყვის მენეჯმენტი, რომ ამას ვაკეთებო, ეს იქნება პასუხი,“ – გვიპასუხა გიგა ჩხარტიშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მრჩევლები ამ საკითხის განხილვას არ აპირებენ იმ არგუმენტით, რომ ახალი მენეჯმენტი „ორი თვეა შეუდგა ვალდებულებების შესრულებას“.

„ბათუმელებმა“ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრებიდან მხოლოდ თამილა დოლიძესთან მოახერხა დაკავშირება.

„უნდა ვისაუბრო ამ თემაზე სამუშაო შეხვედრაზე და შემდეგ გიპასუხებთ… რა თქმა უნდა, უნდა იყოს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ისევე, როგორც საბავშვო გადაცემები,“ – გვითხრა თამილა დოლიძემ.

„2 საათის შემდეგ დამირეკეთ,“ – გვიპასუხა გიორგი კოხრეიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორმა. მის განმარტებას მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

შენიშვნა: აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ გვითხრა, რომ კომენტარს არ გააკეთებს.

მთავარი ფოტო: გია ქარცივაძე და გიგა ჩხარტიშვილი

თეონა ბაკურიძე: ბოლო ამბები აჭარის მაუწყებლიდან, დევნიან არასასურველ ადამიანებს

თეონა ბაკურიძე, ჟურნალისტი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარის“ წამყვანი: 

„ბოლო ამბები აჭარის ტელევიზიიდან. მოკლედ მინდა მოგიყვეთ, რითია დაკავებული მრჩეველთა საბჭო და დირექტორი.  როგორ აცლიან ბერკეტებს, როგორ დევნიან ადამიანებს და როგორ ცდილობენ რედაქციის შეცვლას.

ჩემი ვარაუდით, ნათია ზოიძის იძულებით წასვლის შემდეგ, სტრუქტურული (გაუგებარი) რეორგანიზაცია გვერდზე გადადეს და გადავიდნენ გეგმა B-ზე.

გეგმა ასეთია – პირდაპირი მნიშვნელობით, არასასურველი ადამიანების დევნა.

1. დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციოს უფროსზე შორენა ღლონტზე, ამბავი 1 წლის წინანდელ გადაცემას ეხება, რომელიც NDI-სთან ერთად გაკეთდა მაუწყებლის ეთერში. ამის თაობაზე დირექტორს მრჩეველმა თამილა დოლიძემ მიმართა.

2. შიდა მონიტორინგის საფუძველზე იკვლევენ 26 დეკემბრის გადაცემაში გია ქარცივაძის სტუმრობის ამბავს – შინაარსში შემოდიან.

3. დირექტორმა უკვე გააცნო მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილება: აუქმებს მოადგილეების შტატებს. უქმდება მაია მერკვილაძის შტატი – ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე და მთავარი გამოშვების რედაქტორია. ამას სამი (ოცნების) ხმა სჭირდება. მაიას ტოვებენ რიგით რედაქტორად, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეიძლება მიმართონ სხვაგან და არა მთავარ ამბებზე. რედაქციის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირის შერყევით, ფაქტობრივად, მიზანი მიღწეული იქნება.

აუქმებენ სხვა სამსახურების მოადგილეების შტატებსაც.

4. „ჰეშთეგში“ მალხაზ რეხვიაშვილს გადაცემის წამყვანობას ედავება, რადგან ის ალტერნატიული პროფკავშირის უფროსია.

5. დირექტორი არ ასრულებს პრიორიტეტს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით. არ გააქვს გარე წარმოებაზე პრიორიტეტით განსაზღვრული გადაცემა, რასაც აქამდე სტუდია REC-ი და ირმა ზოიძე აკეთებდა. ამტკიცებს, რომ ამის მომზადება შიგნითაცაა შესაძლებელი, მაგრამ რა რესურსით, ბუნდოვანია. ცნობისთვის, მიზეზად საარჩევნო წელი და რისკი სახელდება – შემთხვევით, ნაცებმა არ მოიგონ კონკურსიო..

ეს ყველაფერი არაა, ვეცდებით უფრო მეტი „მთავარში“ მოგიყვეთ. მანამ, ვიდრე ამის საშუალება ჯერ კიდევ გვაქვს.

დასკვნები თქვენთვის მომინდვია, მაგრამ აბა, ვინმე შემომედავოს, რომ ეს არაა დევნა, ცენზურა ან რედაქციაში უხეში ჩარევა.

პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლეს საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს და მთელ მმართველ გუნდს“.

______________

წყარო: Facebook 

 

კორონავირუსის შედეგად 1 380 ადამიანი გარდაიცვალა – 14 თებერვლის მონაცემები

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 14 თებერვლის მონაცემებით, დაფიქსირებულია კორონავიურისის  5 090 ახალი შემთხვევა.

ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად.

14 თებერვლის მონაცემებით ჩინეთში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 63 851 შემთხვევა. დაფიქსირებულია სიკვდილის 1 380 და გამოჯანმრთელების 6 723 შემთხვევა.

ჩინეთის გარეთ 25 ქვეყანაში დაფიქსირებულია 465 დადასტურებული შემთხვევა: ტაილანდი 33, იაპონია 29, სინგაპური 50, ტაივანი 18, მალაიზია 18, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 28, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 8, ვიეტნამი 15, კამბოჯა 1, ნეპალი 1, ფილიპინები 3, ინდოეთი 3, შრი-ლანკა 1, საფრანგეთი 11, გერმანია 16, იტალია 3, გაერთიანებული სამეფო 9, რუსეთი 2, ბელგია 1, ფინეთი 1, ესპანეთი 2, შვედეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 14, კანადა 7, ავსტრალია 15.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა [ფოტო/ვიდეო]

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დავასრულეთ. სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული, ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია.

ამ ეტაპზე გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს. ეწყობა 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე.

გარე პერიმეტრი

დაცვა თუ არ შეგვიძლია, ნუ ჩავანაცვლებთ ბეტონით – ფრანგი პროფესორი ბათუმზე

ისტორიკოს ჟაკლინ ხრისტიენის ღია წერილი

_____________________

ისევ ძალიან მესიამოვნა ბათუმის ნახვა. ისევ მოვიხიბლე უნივერსიტეტით, მისი ზღვისპირა ხედებისა და ბულვარის/პარკის ბრწყინვალებით.

დავრწმუნდი ასევე, რომ ქალაქი ვითარდება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ახალი უბნები. სხვათა შორის, ამ შენობების ზოგიერთი ნაწილი მშვენიერია!

მაგრამ, თუ საქართველოს სურს გერმანელი, იტალიელი და ფრანგი ტურისტების მოზიდვა (და თქვენი ქვეყანა უკვე საინტერესო ტურისტულ მიმართულებად მიიჩნევა), უნდა გაუფრთხილდეთ ისტორიულ მემკვიდრეობას! შავი ზღვისპირზეც შესაძლებელია შეგვხვდეს ბაჰრეინის სტილში აგებული შენობები, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია ისტორიული ღირებულებების შენარჩუნება, რადგან დასავლელი ტურისტები ჩამოვლენ არა ცათამბრჯენებისა და კაზინოებისთვის, არამედ ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის სანახავად!

ეს გულისხმობს ქალაქის პირვანდელი, ძველი იერსახის შენარჩუნებას და ამ შენობების მეპატრონეთა მხრიდან ნაგებობების (სულერთია, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო) მოვლის ვალდებულებას. რა თქმა უნდა, მთელი კანონმდებლობაა შესამუშავებელი ისტორიული მემკვიდრეობის დასაცავად.

როცა გვიმართლებს და გვაქვს ეს განძი, საჭიროა გონივრულად მოვუაროთ მას!

ფასადები უსახურდება, ქუჩები ფილებით იფარება, ძველი სახლები ახლებურად რემონტდება. ესეც ცივილიზაციაა! მაგრამ ამ სიმდიდრის დაცვა თუ არ შეგვიძლია, ნუ ჩავანაცვლებთ მათ ბეტონით, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მტვერი და ძალიან სწრაფად ხუნდება.

ეს ვერტიკალური სამყარო არ არის ადამიანური. იმისთვის, რომ ყველამ გაიხაროს, აუცილებელია ადამიანური ნაწილის, იმ ხიბლისა და ცხოვრების სიტკბოს შენარჩუნება, რომელიც ბათუმის სავიზიტო ბარათი იყო. განსაკუთრებით საჭიროა ზღვის სანაპიროების, ამ საზოგადოებრივი სიმდიდრის შენარჩუნება.

გწერთ იმ სამყაროში დაბრუნების იმედით, რომელსაც არც ხიბლი დაუკარგავს და არც ცხოვრების სიტკბო!

____________

ავტორის შესახებ: ჟაკლინ ხრისტიენი ისტორიკოსია, არის პარიზის X (ნანტერის) უნივერსიტეტის პროფესორი, ამჟამად პენსიონერი. რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს. ბოლოს რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა ბათუმში, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „ბიზანტინოლოგია საქართველოში – 5″. უყვარს საქართველო, განსაკუთრებით ბათუმი. 

ბათუმის მერია პარიზში ვიზიტზე: სიცრუეა, რომ მერს მეგობრები ახლდნენ ბიუჯეტის ფულით

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ ვიზიტზე მერს ახლდნენ მეგობრები, რომლებიც დაფინანსებულნი იყვნენ ბიუჯეტის თანხებით, წარმოადგენს სიცრუეს“, – ასე მთავრდება ბათუმის მერიის მიერ წუხელ გავრცელებული განცხადება. – „ღონისძიებაზე დამსწრე სხვა პირები გამოფენაზე იმყოფებოდნენ საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით. მათი დაფინანსება არ განხორციელებულა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან. მოგიწოდებთ ყველას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“.

საქმე იმაშია, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ ბათუმის მერიასთან პერფორმანსი გამართა და ასე გააპროტესტა მერის და სხვა საჯარო მოხელეების პარიზში ბიუჯეტის ფულით გამგზავრება, სადაც ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართა. საჯარო მოხელეებმა ფეისბუქში გაავრცელეს თავიანთი ფოტოები პარიზის არტ-კაპიტალის საგამოფენო სივრციდან.

ეს ფაქტი აქტიურად განიხილეს სოციალურ ქსელებში. წუხელ გვიან ღამით მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო ორი დღის განმავლობაში ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მიზანმიმართულ, ცრუ კამპანიას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება ბათუმის მერის პარიზში ვიზიტის ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ არტ-კაპიტალის გამოფენაზე ქართული დელეგაციის სტუმრობა და ქართველი მხატვრების მონაწილეობა არის უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისა და რეგიონისთვის. აღნიშნულ გამოფენაში ბათუმელი მხატვრების მონაწილეობა არის ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძისა და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის, აკაკი ძნელაძის ძალისხმევის შედეგი. მხატვრების გამოფენაზე წარდგენისთვის ხარჯები გაწეული იქნა აჭარის კულტურის სამინისტროსა და, ნაწილობრივ, ბათუმის მერიის მიერ. წარმოდგენილი მხატვრების უმრავლესობა იყო ბათუმელი და შესაბამისად, არტ-კაპიტალის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერი ოფიციალურად იქნა მიწვეული აღნიშნულ ღონისძიებაზე. ვიზიტი ასევე მოიცავდა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და სამომავლო გეგმების განხილვას“.

___

ამავე თემაზე:

ბათუმელი ჩინოვნიკები პარიზში გამოფენაზე ბიუჯეტის ხარჯით

დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოსა და შუახევს, შეფერხებაა ქედაშიც

დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიანად ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს.

ხულოში დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. რა დრო დასჭირდება დაზიანების გამოსწორებას, უცნობია.

„როგორც ენერგო-პრო ჯორჯიაში გვითხრეს, უმოკლეს დროში აღადგენენ ელექტროენერგიას” – გვითხრეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა შუახევის მუნიციპალიტეტსაც. „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური დილიდან მუშაობს ელექტროენერგიის აღდგენაზე.

ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების გასაწმენდად მუშაობს 24 ერთეული ტექნიკა, აქედან 2 – ადგილობრივი თვითთმართველობისაა.

გადაადგილება შესაძლებელია ხულო-ბათუმის მიმართულებით. ასევე, გზას წმენდენ  გოდერძის მიმართულებით. ამ მონაკვეთში გუშინ ღამის შემდეგ თოვა არ შეწყვეტილა, ხილვადობა კვლავ დაბალია  და გაწმენდილი გზები კვლავ თოვლით იფარება.

შუახევში საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეზღუდულია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ამ ეტაპზე სხვადასხვა მიმართულებით განახლდა. დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში სულ იმუშავებს 20 ერთეული ტექნიკა.

ელექტროენერგია ნაწილობრივ არ მიეწოდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც: მერისის, ოქტომბრის, მახუნცეთისა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულებს. ნაწილობრივ შიდა დაზიანებებია რიგ სოფლებშიც. მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოები.

დღეს ქედაში  15 ერთეული ტქნიკა იმუშავებს და გაიწმინდება შემდეგი მიმართულებები: დანდალო-ხარაულა, დანდალო-არძენაძეები, ცხმორისი-გეგელიძეები, ცხმორისი-ზედა ცხმორისი, წონიარისი-ვარჯანისი, ზვარე-ზესოფელი, ქედა- ზენდიდი, ქედა-აქუცა, ქედა-მერისი-ნამონასტრევი, მერისი-ზედა მერისი-სილიბაური, პირველი მაისი-სამნიძეები, ცივასულა-აგარა-ქვედა აგარა , მახუნცეთი-უჩხითი, ოქტომბერი-მეძიბნა-აგოთა, ქედა-ორცვა.

დღეს, 14 თებერვალს, დილით, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა, მობილიზებულია საქართველოს საავტომობილო გზების ტექნიკა. ამ დროისთვის მოძრაობა ცალმხრივად  აღდგენილია.

შენიშვნა: „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 14 თებერვლის დღის 12 საათიდან „ხულოს მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა აბონენტს ელ.ენერგია სტაბილურად მიეწოდება, ამ დროისთვის დენის გარეშე დარჩენილია დიდაჭარის, რიყეთისა და დანისპარაულის სოფლები. შუახევის მუნიციპალიტეტში დაბა შუახევსა და მიმდებარე სოფლევს ელ.ენერგია სტაბილურად მიეწოდებათ. ქედაში შეზღუდვებია დოლოგნის, ოქტომბრის, მახუნცეთის, დანდალოსა და მერისის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში. ტექნიკური ბრიგადები ინტენსიურად მუშაობენ რათა ელ.მომარაგება მაღალმთიან აჭარაში სრულდ აღდგეს“.

 

შაბათი-კვირა ბათუმში უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 14  თებერვლის  21 საათიდან  15  თებერვლის  21 საათამდე,  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5-10 გრადუსი
  • ღამით: -2 – 3 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი ყინვა 
  • ღამით: 2-7 გრადუსი ყინვა

კვირას და ორშაბათს, 16-17 თებერვალს, სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე

ტაქსის მძღოლის დაშინება და ავტომანქანის გატაცება სათამაშო პისტოლეტის მუქარით – განაჩენი

8 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისში მცხოვრებ ლევან წ.-ს ავტომანქანის ყაჩაღობის მცდელობისა და ამ ავტომანქანის მძღოლის იძულებისთვის მიუსაჯეს. განაჩენის მიხედვით, ლ.წ.-მ მეგობართან ერთად თბილისში ტაქსის მძღოლი პისტოლეტის ფორმის სანთებელათი დააშინა და დუშეთში წაყვანა აიძულა, შემდეგ კი, ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა და დაზარალებულს მობილურიც წაართვა.

„…ღამის პირველის ნახევარი იქნებოდა, როცა ორი ბიჭი მოვიდა, დუშეთში თუ წაგვიყვან 40 ლარადო,“ – მოუყვა მოსამართლე მაია ოშხარელს დაზარალებული ნოდარ კ., – „ცოტა გზა რომ გავიარეთ, მივხდი მათი საუბრიდან, რომ შეიძლებოდა ფული არ გადაეხადათ. სუპერმარკეტთან გავაჩერე და ვუთხარი, რომ ფული წინასწარ უნდა მოეცათ… ამ დროს ჩემ გვერდით მჯდომი ბიჭი აგრესიული გახდა, ქამრიდან უცებ პისტოლეტი ამოიღო და მითხრა, მოგკლავ, თუ არ წაგვიყვანო. მე ნამდვილი იარაღი მეგონა, შემეშინდა, ვუთხარი, ნუ მომკლავ-მეთქი და გზა განვაგრძე…“

დუშეთში ავიდნენ და ლევან წ.-მ ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ ერთ-ერთ სოფელში მეგობარი უნდა ენახათ. მეგობრის ოჯახში მისულებს არავის უხსენებია ავტომანქანის გატაცება და ის, რომ ტაქსის მძღოლი, რომელიც ასევე მიიწვიეს სუფრასთან, იქ იძულებით იმყოფებოდა.

„…შუაღამე იყო უკვე, მაგრამ მეც შემიპატიჟეს… ღვინის სმა დაიწყეს… მეც ვამბობდი სადღეგრძელოებს, მაგრამ ჭიქა პირთან მიმქონდა და მერე ღვინოს მაგიდის ქვეშ ვაქცევდი, მათ რომ არ დაენახათ… იქ გავარკვიე ამ ბიჭების გვარები.

უკანა გზაზე ლევანმა მითხრა, საჭესთან მე დავჯდებიო. ტყვიას რას გაექცევი, დავთანხმდი… ისე დადიოდა, რამდენჯერმე კინაღამ ავარია გააკეთა. ვუთხარი, მე დამსვი-მეთქი, გინება დამიწყო… მერე მანქანა ჩაქრა და ვეღარ ამუშავებდა. მითხრა, მოდი, აამუშავე, თორემ მოგკლავო და ისევ ამოიღო იარაღი, მემუქრებოდა მოკვლით,“ – აღნიშნა დაზარალებულმა.

ტაქსის მძღოლის თქმით, სიტყვიერი დაპირისპირების დროს გასაღების რგოლიდან ავტომანქანის გასაღების გამოძრობა და გადამალვა მოახერხა, ხოლო ბმულზე მხოლოდ საბარგულის გასაღები დატოვა. მძღოლმა ავტომანქანის ამუშავება ვეღარ შეძლო. ტაქსის მძღოლი ლევანმა და მისმა მეგობარმა მანქანიდან გადმოიყვანეს და ცემა დაუწყეს.

„…თენდებოდა. ამ დროს ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და გამომესარჩლა… მივხვდი, ყურადღება ამ კაცისკენ გადაიტანეს, უცებ დავქოქე მანქანა და სწრაფად წამოვედი, დამრეცი იყო, მანქანის ოთხივე კარი – ღია, გამიკვირდა, როდესაც ოთხივე კარი დაიკეტა. უკვე თითქმის გათენებული იყო… მეეზოვე დავინახე, მასთან გავაჩერე და ვთხოვე, პოლიციის განყოფილება სად იყო. მეეზოვე მანქანაში ჩამიჯდა და პოლიციაში მიმიყვანა,“ – დაასრულა დაზარალებულმა.

„ბრალდების მხარეს არაფერი აქვს ხელმოსაჭიდი,“ – ეს წერილი საქმის განმხილველ მოსამართლეს ბრალდებულმა ლევან წ.-მ მისწერა. ლევანი ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მან სასამართლო სხდომებზე დასწრება არ ისურვა.

ლევან წ.-მ მცხეთის რაიონულ სასამართლოს წერილობით ასევე აცნობა, რომ მის წინააღმდეგ პოლიციელებმა მისი მეგობარი ვ.რ განაწყვეს, „რომელმაც დაადასტურა ისეთი გარემოებები, რასაც ადგილი არ ჰქონია… პირიქით, ორივე ვაქეიფე და ვუმასპინძლე“.

ბრალდებულმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ იმავე საქმეზე პროკურატურა მის მეგობარს არ მიედავა.

სასამართლომ ბრალდებულის მეგობრის ჩვენებაც მოისმინა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრალდებულის მეგობარია, მაგრამ პისტოლეტი მასაც ნამდვილი ეგონა და ამიტომ გაჩუმება არჩია. „მთხოვა, დუშეთში წამყევიო და გავყევი… არ მეგონა, თუ ასე მოხდებოდა…“ – დასძინა მოწმემ.

მეწყრის გამო მახუნცეთთან ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ჩაიხერგა

ქედის სოფელ მახუნცეთთან ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ამ წუთებში ჩახერგილია. გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება 9:00 საათზე შევიდა.

„ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ამ წუთებში [9:40სთ.] ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას და დაიწყება გზის გაწმენდა,“ – გვითხრეს მერიაში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 14 თებერვალს, „დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ37-კმ80 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე, აკრძალულია  მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“.

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი სოფელ მახუნცეთთან ჩახერგილია / 14.02.2020 / ფოტო: „ბათუმელები“

ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქედა-ხულოს მონაკვეთზე გუშინ, 13 თებერვალს, დიდთოვლობის გამო შეიზღუდა:

ამ თემაზე:

ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი შეწყდა

როგორ აპირებს ბაღდათის დეპუტატი უსახლკარო 9-შვილიანი ოჯახის დახმარებას

ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი ,,ბათუმელებთან” აცხადებს, რომ მზად არის სამართლებრივი და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს ბაღდათში მცხოვრებ 11-სულიან ოჯახს, რომელთაგანაც 9 ბავშვია. მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის შესახებ ,,ბათუმელებმა” მასალა 9 თებერვალს გამოაქვეყნა.

დედა, მამა და 9 შვილი უსახლკაროდ – ბავშვები სკოლის გარეშე [ვიდეო]

ოჯახი ნაქირავები სახლის პირველ სართულზე, უკიდურეს სიღარიბესა და ცხოვრებისთვის შეუთავსებელ პირობებში ცხოვრობს. 5 სასკოლო ასაკის ბავშვისგან სკოლაში არცერთი დადის. სახლს არ აქვს გათბობა, წყალი, გაზი, ოჯახს არ აქვს ზამთრისთვის საკმარისი შეშა, 9 ბავშვი და მათი მშობლები ბეტონის იატაკზე, სიცივეში ცხოვრობენ. ხათრიძეების 9 შვილს შორის ყველაზე პატარა 2 თვისაა, უფროსი კი თოთხმეტი წლის. ოჯახი ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლის ან მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს, სადაც სახლის აშენება იქნება შესაძლებელი.

როგორც ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი ამბობ, ბაღდათის მუნიციპალიტეტს ანგარიშზე მიწის საკმაო რაოდენობაა, რომლის დამოუკიდებლად განკარგვის უფლებაც მუნიციპალიტეტს აქვს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასურველი მიწა ან შენობა არ არის ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე, მუნიციპალიტეტს შეუძლია, მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებების შემთხვევაში, გამონაკლისად გამოითხოვოს ეს ქონება სამინისტროსგან ოფიციალურად მუნიციპალიტეტისთვის გადმოსაცემად.

„თუ ბაღდათში მდებარე ჩემს ბიუროში ეს ოჯახი განცხადებას წარადგენს, მზად ვარ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინო. ქონების ნაწილი, რომელსაც განკარგავს მერია, სრულიად შესაძლებელია გამოყენებული იქნას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მათ შორის ისეთი ნაგებობები  ქალაქად და სოფლად, რაც მუნიციპალიტეტის ანგარიშზეა და ჩვენს ანგარიშზე არის ასეთები.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის ადგილზე რომ ვიყო, გამოვიყენებდი ამ შესაძლებლობას და ბევრ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ანგარიშზე არსებულ დაუტვირთავ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც უპატრონობით ნადგურდება, ამ და მსგავს მრავალშვილიან ოჯახებს გადავცემდი, რომლებიც მოუვლიდნენ და საკუთარ პირობებსაც გაიუმჯობესებდნენ”, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

მისი თქმით, ის აპირებს დაუკავშირდეს ბაღდათის მერიასა და საკრებულოს მდგომარეობის ადგილზე შესასწავლად და პირადად ჩაერთვება პრობლემის სამართლებრივი და პრაქტიკული მოგვარების საკითხებში.  

ქობულეთის მერიის განმარტება ფიჭვნარში ხეების გაჩეხვაზე

დღეს, 13 თებერვალს, ქობულეთის სანაპიროზე, ფიჭვნარში კომპანია „კრისტალ ბილდინგმა“ ხეები გაჩეხა. ქობულეთის მერიის განმარტებით, კომპანიას ხეების გაჩეხვის უფლება მუნიციპალიტეტმა მისცა.

„ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი #277-ში, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის შპს „კრისტალ ბილდინგი“, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია 29 322 კვ.მ. კომპანიამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინა თანამედროვე ტიპის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, რაზეც ქობულეთის მერიის მიერ შესაბამისი ნებართვა გაიცა.

კომპანიამ ვალდებულების შესრულების მიზნით წარმოადგინა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის შესაბამისადაც სამშენებლო მოედნის ფარგლებში მოექცა რამდენიმე ძირი ფიჭვის ჯიშის ხე, რამაც განაპირობა ზემოთ ხსენებული ხეების მოჭრა“, – გვაცნობეს ქობულეთის მერიიდან.

მერია განმარტებაში მიუთითებს იმაზეც, რომ მუნიციპალიტეტი „აღნიშნული პროექტის განხორციელებით მიიღებს 200-ნომრიან თანამედროვე ტიპის სასტუმრო კომპლექსს და კიდევ ერთ განაშენიანებულ ტერიტორიას ზღვის სანაპირო ზოლში“.

მერიაში ირწმუნებიან, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანია გაჩეხილი ხეების ნაცვლად ახალ ხეებს დარგავს. „კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, პროექტის დასრულების შემდეგ მოახდინოს მის კუთვნილი ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დარგვა და განაშენიანება“.

____

ამავე თემაზე:

„საგარეოს შენობა“ 1 მილიონ 755 ათას ლარად რუსლან კაკაბაძემ იყიდა

ადგილები აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც ამ დროისთვის დენი შეზღუდვით მიეწოდებათ

ამ დროისთვის [19:50 სთ] დენის მიწოდების მხრივ „მცირე შეზღუდვებია ხულოში – დანისპარაულისა და რიყეთის აბონენტების ნაწილს დენი შეფერხებით მიეწოდება; შუახევში ამ დროისთვის დარჩენილია ჭვანის ხეობის ნაწილი; ქედაში კი დოლოგნის, დანდალოსა და აგარას აბონენტების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდებათ ელექტროენერგია.“ – აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

მაღალმთიანი აჭარა / 13.02.2020 / ფოტო: „ენერგო-პრო ჯორჯია“

კომპანიის განცხადებით, „მიუხედავად მაღალმთიან აჭარაში რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, „ენერგო-პრო ჯორჯიას “ტექნიკურმა ბრიგადება მოახერხეს სამივე მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის თითქმის სრულად აღდგენა.“

მაღალმთიანი აჭარა / 13.02.2020 / ფოტო: „ენერგო-პრო ჯორჯია“

დიდთოვლობამ დღეს, 13 თებერვალს, აჭარის მაღალმთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდებასა და ავტომობილების გადაადგილების კუთხით პრობლემები შექმნა.

ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი შეწყდა

სარფში 1 კილოგრამი არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 11 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 88 004.63 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო [1030.35 გრამი] ნაკეთობები გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბათუმში, რუსთაველზე, 3 თაუერი აშენდება – უმაღლესი ნიშნული 182 მეტრია

შპს „ალიანს სიტი“ ბათუმში, რუსთველის #52-ში, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე, სამ თაუერს ააშენებს, მათ შორის ყველაზე მაღალი თაუერის სიმაღლე  182 მეტრი იქნება. კომპანიას მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს.

რენდერი

 

ამ დროისთვის „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟი კომპანიას უკვე დასრულებული აქვს. აქ არსებული შენობა ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აშენდა და ის მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლის კომპანიამ ააშენა, შენობას არც ერთი მობინადრე არ ჰყოლია.

ფოტო: თედო ჯორბენაძე

გასულ წელს ეს ქონება  შპს „ბათუმი სიტიმ“ შეისყიდა, კომპანიის წარმომადგენელმა თავიდანვე განაცხადა, რომ შემძენი დაინტერესებული იყო ამ ადგილზე ახალი პროექტის მშენებლობით.

კომპანია ამ პროექტის შეთანხმებამდე მიწის ნაკვეთისთვის  ზონის სტატუსის შეცვლას, საზოგადოებრივ საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებას და კ2 კოეფიციენტის 15,0-მდე გაზრდას ითხოვდა, რაზეც თანხმობა მიიღო.

კომპანია „ალიანს სიტი“ 2019 წლის 14 იანვარს დააფუძნეს, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი ბიზნესმენ გია ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილია.

„ალიანსი“ რუსთაველის ქუჩაზე, #42-ში კიდევ ერთი თაუერის მშენებლობას ასრულებს. ეს ადგილი, სადაც კომპანია 54-სართულიან თაუერს აშენებს, ბათუმის ბულვარს ესაზღვრება.

54 სართული ზღვასა და ტბას შორის – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვა-პასუხები

 

„კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთში სანაპიროზე ფიჭვნარი გაჩეხა – ენმ

„კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის სანაპიროზე ფიჭვნარი გაჩეხა. აქ კომპანია 71 523 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს და სამშენებლო სამუშაოებს ატარებს. როგორც ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან ბონდო თედორაძე ამბობს, ხეების გაჩეხვაზე ნებართვა არ შეიძლება ჰქონდეს კომპანიას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „კრისტალ ბილდინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, შესწავლის მიზნით, 2019 წლის თებერვალში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო.

საგამოძიებო სამსახურს კითხვები ჰქონდა ქონების არასაბაზრო ფასად გაყიდვაზე. აჭარის ფინანსთა სამინისტროს სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გელა ცინცაძემ, გასულ წელს „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ ქონება მართლაც საბაზრო ფასთან შედარებით ნაკლებად გაყიდეს, თუმცა სამინისტროს ამის უფლება ჰქონდა.

„ეს არის რეკრეაციული ზონა და ვერავინ ვერ გასცემდა ხეების გაჩეხვაზე ნებართვას. მათ შესაძლოა ჰქონდეთ მშენებლობის ნებართვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხეები უნდა მოეჭრა ტერიტორიაზე. 31 ჰექტარზე მეტია და თითქმის გაჩეხილია“, – ამბობს ბონდო თედორაძე.

„კრისტალ ბილდინგმა“ სანაპიროზე ფიჭვნარი გაჩეხა

აქვს თუ არა კომპანიას ხეების გაჩეხვის ნებართვა, კომენტარისთვის ქობულეთის მერიას დავუკავშირდი. პრესსამსახურის განცხადებით, საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს და განმარტებას ამის შემდეგ გააკეთებენ.

გაჩეხილი ხეები ქობულეთის სანაპიროზე

____

ქობულეთში, სანაპირო ზოლში, მიწის გასხვისების კანონიერების შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასულ წელს დაიწყო.

„საგარეოს შენობა“ 1 მილიონ 755 ათას ლარად რუსლან კაკაბაძემ იყიდა

საქართველოს სახელმწიფო კომპანია სერტიფიკატებს რუსული კომპანიისგან იღებს

ქართული სახელმწიფო კომპანია „საზღვაო ტექსერვისი“, გარკვეული საქმიანობის აღიარების დამადასტურებელ სერტიფიკატებს რუსული კომპანია „რუსეთის საზღვაო ნაოსნობის რეგისტრისგან“ იღებს. კონკრეტულად კი, ამავე კომპანიის შვილობილი შპს-დან – „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“.

„საქართველოში შემოსული გემების უმრავლესობა გახლავთ აღნიშნული რეგისტრის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ. შესაბამისად, გემთმფლობელი კომპანიების და აგრეთვე, საკლასო საზოგადოების [შპს „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“] უმთავრესი მოთხოვნაა, მცურავ საშუალებებზე საჭირო ტექნიკური მომსახურება აწარმოონ ორგანიზაციებმა, რომლებსაც გააჩნიათ მათი საკლასო საზოგადოების აღიარების დამადასტურებელი სერტიფიკატები. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადების შესაბამისად საწარმოს აღიარების სერტიფიკატების საერთო ღირებულება შეადგენს 2 088.6 ევროს“, – აღნიშნულია „საზღვაო ტექსერვისის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ განცხადებაში.

„საზღვაო ტექსერვისის“ ინფორმაციით, „რეგისტრის სერტიფიკატის მინიჭების მომსახურება მოიცავს შემდეგი სახის სერტიფიკატებს: საცდელი ლაბორატორიის აღიარების სერტიფიკატი, შემდუღებლის თეორიული მომზადება და პრაქტიკული საკვალიფიკაციო გამოცდები, მცურავ საშუალებებზე სარემონტო სამუშაოების უფლება, სამაშველო საშუალებების შემოწმების უფლება, კორპუსის სისქის აზომვა გემებზე ნაოსნობის რეგისტრის ინსპექტორის დაკვირვების ქვეშ“.

ამონარიდი რუსული კომპანიის კომერციული წინადადების დოკუმენტიდან

„საზღვაო ტექსერვისი“ რუსული კომპანიისგან აღნიშნული სერტიფიკატების მიღებას ტენდერის გარეშე გეგმავს.

„მოგახსენებთ, რომ შპს „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“ წარმოადგენს ამავე ორგანიზაციის ერთადერთ ფილიალს საქართველოს ტერიტორიაზე და ის არის საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოების ასოციაციის წევრი(IACS). ჩვენს საწარმოს „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოსგან” მოპოვებული აქვს აღიარებისა და შესაბამისობის სერტიფიკატები… შპს „საზღვაო ტექსერვისი“ არის საწარმო, რომლის დაფინანსების წყაროა საკუთარი შემოსავლები, შემოსავლების მიღებისათვის კი საჭიროა საწარმოს მიერ მისი პროფილის მომსახურების გაწევა. დაკვეთების სიმრავლე აისახება, როგორც საწარმოს შემოსავალზე, ასევე სახელმწიფო დივიდენდზე“, – აღნიშნულია „საზღვაო ტექსერვისის“ დირექტორის წერილში.

ქართული კომპანიის განაცხადის მიხედვით, „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“ დაარსებულია უკვე მრავალი წელია და ამ პერიოდისათვის სხვა პირი ან მიზანშეწონილი ალტერნატივა, რომელიც განახორციელებდა მსგავსი საზღვაო საკლასიფიკაციო აღიარების სერტიფიკატების გაცემას, არ არსებობს. მომსახურების გაწევა მოხდება 2020 წლის 18 თებერვლიდან შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბრამდე“.

დოკუმენტების მიხედვით, „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“ 1999 წლის აპრილში, ბათუმშია რეგისტრირებული და მისი დირექტორია სერგო კოტოიანცი. ამ კომპანიის მესაკუთრე კი არის ფედერალური ავტონომიური დაწესებულება რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი [რუსეთის ფედერაცია].

რაც შეეხება „საზღვაო ტექსერვისს“, ისიც ბათუმშია რეგისტრირებული 1998 წელს. დირექტორია სოლომონ ჩხაიძე, ხოლო 100% წილის მფლობელი – საქართველოს სახელმწიფო.

სახელმწიფო „საზღვაო ტექსერვისის“ 100% წილს და კომპანიის კუთვნილ ქონებას, 2019 წელს 2 მილიონ 283 ათას ლარად, უპირობიდ ყიდდა, თუმცა აუქციონი განმკარგავი ორგანიზაციის [სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს] ოფიციალური მიმართვის საფუძველზე შეწყდა.

ამ თემაზე:

სახელმწიფო 2,2 მილიონ ლარად ყიდის კომპანიას, რომელიც ბათუმში 8 835 კვ.მ მიწას ფლობს

ქავერის ფოტო: „რუსეთის საზღვაო ნაოსნობის რეგისტრის“ ოფიციალური დოკუმენტიდან

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის სრული მარაგი სახელმწიფომ ისევ ვერ იყიდა

„დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტის „მიკოფენოლატის მოფეტილის“ (Mycophenolate Mofetil (Cellcept)) შესაძენად ბოლო სამი თვის მანძილზე გამოცხადებული რამდენიმე ტენდერი არ შედგა. სოციალურმა სააგენტომ  წამლის 2020 წლის მარაგის ნაცვლად რამდენჯერმე ნაწილ-ნაწილ შეიძინა პრეპარატის მხოლოდ თვიური მარაგი. სოციალური სააგენტო ამბობს, რომ ამის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე „მიკოფენოლატის მოფეტილის“ დეფიციტია და მასზე ფასი გაზრდილია. დღეის მონაცემებით, სოციალურ სააგენტოს ამ მედიკამენტის შესაძენად ტენდერი არ აქვს გამოცხადებული.

როგორც წამლის მწარმოებელმა კომპანია როშიმ [ROCHE] მოგვწერა, ამ წამალზე მოთხოვნა მართლაც გაზრდილია მსოფლიოში, თუმცა მათი კომპანია კვლავ აწარმოებს მედიკამენტ სელსეპტს და შეკვეთის განთავსების შემთხვევაში მედიკამენტს 5-6 თვეში მიაწვდიან დამკვეთს – “კომპანია როში აწარმოებს მედიკამენტ სელსეპტს 250მგ N100 და 500მგ  N50.  მსოფლიოში მედიკამენტზე მაღალი მოთხოვნის გამო მიწოდების ვადები შეადგენს 5-6 თვეს  შეკვეთის განთავსების დღიდან.”

საქართველოში 254 თირკმელგადანერგილი პაციენტი ცხოვრობს, რომლებსაც ყოველდღიურად იმუნოსუპრესიული ანუ იმუნიტეტის დამწევი მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა სჭირდებათ. წამლის თუნდაც ერთი მიღების გამოტოვების შემთხვევაში, ორგანიზმმა შეიძლება ტრანსპლანტატი მოიცილოს. ასეთი მედიკამენტია „მიკოფენოლატის მოფეტილი“, რომელსაც „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარები სპეციალიზებულ აფთიაქებში უფასოდ იღებენ. 

ეს მედიკამენტი წლების განმავლობაში ბენეფიციარებზე სამი თვის მარაგით გაიცემოდა, ბოლო სამი თვის განმავლობაში ბენეფიციარებს აფთიაქიდან მხოლოდ ერთი თვის მარაგს აძლევდნენ, შემდეგ – ორი კვირის, ბოლოს მარაგი ერთი კვირის სამყოფ დოზამდე დავიდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, არშემდგარი ტენდერის გამო ბენეფიციარებს მედიკამენტის მიღებისას ბარიერი  არ ექმნებათ: „სახელმწიფოს აქვს წამლის შესაბამისი მარაგი, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა პაციენტს მედიკამენტებით ტენდერის დასრულებამდე და წამლის დამატებითი მარაგის მიღებამდე ქსელში. დღეს ნებისმიერ ორგანოგადანერგილ პაციენტს შეუძლია მედიკამენტის შეუფერხებლად მიღება შესაბამის ფარმაცევტულ დაწესებულებაში”.

პროგრამის ერთ-ერთ ბენეფიციარი ლაშა (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ გასული წლის მიწურულს მას უკვე ჰქონდა გამოცდილება, როცა სპეციალიზებული აფთიაქიდან წამლის გაცემა დაუგვიანეს, ამის შემდეგ 27 000 მილიგრამით (18 დღის სამყოფი) ნაკლები დოზა მისცეს, სხვაობა კი არ აუნაზღაურეს. „2019 წლის ნოემბრის თვეში 3 თვის მარაგის ნაცვლად მომცეს მხოლოდ 1 თვის მარაგი, პრეპარატის არასაკმარისი მარაგის გამო. 6 დეკემბერს კი, იმავე მიზეზით პრეპარატი საერთოდ ვერ მომცეს, ორჯერ გადამივადეს მისვლა და ბოლოს 25 დეკემბერს მომცეს მხოლოდ 2 კვირის სამყოფი პრეპარატი. სპეციალიზებულ აფთიაქში განმიმარტეს, რომ  შემდგომში წამალი გაიცემოდა მხოლოდ 2 კვირის სამყოფი ოდენობით. სოციალური მომსახურების სააგენტომ ოფიციალური პასუხიც გამცა, რომ უკანა თარიღით სამკურნალო საშუალების გაცემა შეუძლებელია”. – გვიყვება ლაშა.

ლაშა შიშობს, რომ თუ სოციალური მომსახურების სააგენტო ალტერნატიულ გზას არ გამოძებნის იმუნოსუპრესიული მედიკამენტის მარაგის დროულად შესავსებად, შესაძლოა უახლოეს მომავალში წამლის გასაცემი მარაგი რამდენიმე დღის სამყოფ დოზამდე დავიდეს ან სულაც დეფიციტი შეიქმნას და პროგრამის ბენეფიციართა ჯანმრთელობა დიდი საფრთხის წინაშე დადგეს. „ეს მედიკამენტი საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ უფრო საშიში ის არის, რომ ჩვეულებრივ აფთიაქებში ყოველთვის არ იშოვება”, – ამბობს ის

ოთხი სააფთიაქო ქსელიდან (ავერსი, PSP, GPS, ფარმადეპო) “მიკოფენოლატის მოფეტილი” მხოლოდ ერთგან, თბილისის ფილიალში მოიძებნა  (8 კოლოფი), ბათუმში გამოკითხულ სამი აფთიაქიდანაც (Impulse, ჰეკატე, Irina) ეს მედიკამენტი მხოლოდ ერთგან იყიდება. ერთი კოლოფის ფასი 130 ლარია და პაციენტს საშუალოდ ორ კვირას ჰყოფნის.

სოციალური მოსმახურების სააგენტოს განმარტებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წამლის მარაგი ამოიწურა, არ შეესაბამება სინამდვილეს: „წამლის მარაგის თანაბრად განაწილების მიზნით პაციენტი ერთჯერადად მიკოფენოლატის მოფეტილის ორი კვირის მარაგს იღებს. აღნიშნული პრაქტიკა კვლავაც გაგრძელდება. ამის მიზანი პაციენტთა ინტერესების დაცვა და წამლის მარგიას უკეთ განკარგვაა”.

სოციალური მოსმახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 25 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი (NAT190022355), მიკოფენოლატის 40 000 კაფსულის შეძენაზე უარყოფითი შედეგით დასრულდა. 2019 წლის 13 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (NAT190024533) შედეგად, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეიძინა ამ მედიკამენტის დაახლოებით 1 თვის მარაგი (30 000 მგ). ხუთი დღის შემდეგ, სააგენტომ იმავე მედიკამენტის 2020 წლის ბოლომდე სამყოფ მარაგზე (91 800 000 მგ) კიდევ ერთი ტენდერი (NAT190024920) გამოაცხადა, რომელიც არ შეგდა. იმავე დღეს სოცსააგენტომ, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, პირდაპირი წესით შეიძინა სს “გეფასგან” ამ მედიკამენტის 10 000 კაფსულა. 10 იანვარს მეოთხედ (NAT190024920) გამოაცხადეს ტენდერი ამ მედიკამენტის წლის ბოლომდე სამყოფი მარაგის (91 800 000 მგ) შესაძენად, რომელიც ასევე არ შედგა. 

სოციალური მომსახურების სააგენტო: ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 24 000 კაფსულაა საჭირო პაციენტთა არსებული რაოდენობის სრულად დასაკმაყოფილებლად

დღეის მონაცემებით,  ამ მედიკამენტის შეძენაზე სოციალურ სააგენტოს ტენდერი არ აქვს გამოცხადებული. გვითხრეს, რომ ამჟამად კვლავ მზადდება ახლი ტენდერი და იგი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

„მიკოფენოლატის მოფეტილის დეფიციტი ქვეყანაში არ არის. მიმდინარე ეტაპზე წამლის მარაგი საკმარისია, თუმცა პარალელურად სახელმწიფო უწყებები მუშაობენ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გატარებაზე მედიკამენტის დამატებითი მარაგის შესაძენად. ეს პროცედურები დროულად დასრულდება და პაციენტებს პრობლემები არ შეექმნებათ მედიკამენტის მიღებისას“, – გვიპასუხეს სოციალურ სააგენტოში.

 

„ოცნების ქალაქში“ 38-მილიონიან მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელშეკრულება დღეს, 13 თებერვალს, გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 38 745 999 ლარია. სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა კი – 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 3 თებერვლის ოქმის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანია „დაგს“ დაევალა, მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში 968 650 ლარზე  საბანკო გარანტია წარედგინა. კომპანიამ საგარანტიო 6 თებერვალს წარადგინა.

„დაგი“ ხელშეკრულების ფარგლებში სამ კორპუსს ააშენებს.

„ოცნების ქალაქში“, მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ტრაქტორები ხელშეკრულების გაფორმებამდე მუშაობდნენ:

„ოცნების ქალაქში“ ტრაქტორები მუშაობენ – ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის

თიბისი დაზღვევის და „ლივოს“ ერთობლივი აქცია

თიბისი დაზღვევა და უძრავი ქონების ციფრული პლატფორმა –„ლივო“ მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობს. ბინის დაზღვევის შეძენა ახლა უკვე პირდაპირ livo.ge-ზე შეგიძლიათ, რა დროსაც პირველ თვეს საჩუქრად, უფასოდ მიიღებთ.

დაზღვევა განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც არანაკლებ 18 წლისაა, ბინის მესაკუთრე ან მფლობელია და ვის ბინაშიც მუდმივად ცხოვრობენ.

რა შემთხვევები აგინაზღაურდებათ:

[checklist]

  • მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება
  • კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება
  • ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით დაზიანდა ქონება
  • ხანძარი და აფეთქება
  • სტიქიური მოვლენები
  • ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა
  • ვანდალიზმი
  • გაქირავების შემთხვევაში ანაზღაურდება დამქირავებლის მიზეზით გამოწვეული დაზიანებებიც

[/checklist]

თიბისი დაზღვევის და „ლივოს“ ერთობლივი აქცია 20 მარტამდე გაგრძელდება. 

„ჩვენც გვაქვს ღირსება“ – გოდერძიზე მდებარე რესტორნის მენეჯმენტის გამოხმაურება კლიენტს

“ბათუმელებმა” 13 თებერვალს გამოაქვეყნა მოქალაქის მოსაზრება, რომელიც კურორტ გოდერძიზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ამბავს შეეხებოდა. მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, დაგვიკავშირდა რესტორან  Chalet Goderdzi-ის მმართველი კომპანიის, შპს “ხიდის” დირექტორი ჯუმბერ ჭყონია, რომელმაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

გთავაზობთ ჯუმბერ ჭყონიას კომენტარს:

“დავიწყებ იმით, რომ ეს სტუმარი [ნინო ზვიადაური] ნამდვილად ბრძანდებოდა ჩვენთან, კურორტ გოდერძიზე მდებარე ობიექტზე…

ის თავის კრიტიკულ სტატიაში ახსენებს, რომ წინა დღით პერსონალმა ყურადღება მიაქცია ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერ კლიენტს ვაქცევთ. ვინ არის კლიენტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენს სფეროში ნებისმიერი კლიენტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ მათთვის შესაძლებლობის მაქსიმუმი ვაკეთებთ.

რაც შეეხება კუპეს, რომელზეც საუბარია სტატიაში, არის 12-კაციანი. მინდა გითხრათ, რომ პირველ დღეს მთელი დღე მათ ჰქონდათ დაკავებული, აბსოლუტურად ყველაფრით, მაგრამ ჩემს თანამშრომლებს მათთვის არაფერი მიუთითებიათ. მეორე დღეს კი, ეს კუპე იყო დაჯავშნილი – სტუმრებს ველოდით. სწორედ ამიტომ მივიდა მენეჯერი და ბოდიშის მოხდით სთხოვა კუპედან დარბაზში გადანაცვლება.

ჩემი თანამშრომლების თხოვნა მხოლოდ ეს იყო – თუ შეიძლება დარბაზში გადმობრძანდით. სამწუხაროდ, ჩვენს შეთავაზებაზე ასეთი რეაქცია მივიღეთ – აი, ბავშვით გარეთ მიშვებთ. სინამდვილეში კი, მათ მხოლოდ კუპეს გათავისუფლება სთხოვეს ჯავშნის გამო.

გარდა ამისა, ინსტაგრამსა და ფეისბუქგვერდზე პირველივე დღეს მათი ბავშვების ფოტოები გამოვაქვეყნეთ. ცუდი დამოკიდებულება რომ გვქონდეს კლიენტთან ან უყურადღებოები ვიყოთ, წინა დღით როგორ მოვემსახურებოდით ისე, როგორც მოვემსახურეთ?

მინდა გითხრათ, რომ ჩემი თანამშრომლები ინციდენტის შემდეგაც დაუკავშირდნენ ამ ადამიანებს, მაგრამ როგორც მითხრეს, მათ არაფრის გაგონება არ აინტერესებთ. თავისი აკვიატებული აზრები აქვთ – ასე იყო და ასე მოხდაო.

უკვე მართლა ძალიან უხერხულია მათი ქცევა – პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან. ჩვენ კი ვთვლით, არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რაც მათ ამის უფლებას მისცემდა.

და ბოლოს მონოპოლიაზეც მინდა გითხრათ – მათი თქმით, „თურმე მონოპოლია გვაქვს“. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე. მართალია, ჩვენ ვფლობთ ბათუმში მდებარე რესტორან “სან რემოს”, მაგრამ გოდერძიზე რა პროექტსაც ვახორციელებთ, არანაირი მონოპოლია არ გვაქვს. მხოლოდ ერთ რამეს ვცდილობთ – ჩვენს კუთხეში შევქმნათ ნორმალური სერვისი. ვართ კლიენტზე ორიენტირებული და ნებისმიერი კლიენტი ჩვენთვის არის ფასეული.

ოღონდ საკუთარი ფასეულობებიც გვაქვს და ღირსებაც.

______

„ასეთი უკმეხი დამოკიდებულება არ მინახავს“ – ტურისტი გოდერძიზე მდებარე რესტორანზე

კინოგადაღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის მარტიდან ქართული კინოაპლიკაცია ჩაირთვება

თუ კინოგადაღება, ამბის თხრობის თავისებურებები, კადრის, მონტაჟის, ხმისა და გამოსახულების შექმნის პროცესი გაინტერესებთ, 2020 წლიდან საქართველოში პირველი კინოსაგანმანათლებლო ონლაინაპლიკაციით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომელშიც კინოტერმინების ლექსიკონიც იქნება ინტეგრირებული. აპლიკაცია და ონლაინპლატფორმა ძირითადად სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი, მაგრამ საინტერესო იქნება კინოგადაღებით დაინტერესებული ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
პირველ ეტაპზე ონლაინრესურსზე წვდომა იმ სპეციალისტებს ექნებათ, რომლებიც მუშაობენ პროექტზე „კინო სკოლაში“. ეს პროექტი მოზარდებში კინოგანათლების ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს.
კინოსაგანმანათლებლო ონლაინაპლიკაცია საქართველოში ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა.
საქართველოს გარდა პროექტში „კინოს კუთხე“ (THE FILM CORNER) ჩართულნი არიან იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სერბეთი და სლოვენია.
კინოაპლიკაცია აქამდე ხუთ სხვადასხვა ენაზე იყო ინტერნეტში ხელმისაწვდომი, ამ ენებს მარტიდან აპლიკაციის ქართულენოვანი ვერსიაც დაემატება.
კინოენისა და კინონაწარმოების შემსწავლელ საგანმანათლებლო რესურსზე საერთაშორისო ექსპერტებმა იმუშავეს და მისი პრაქტიკულად გამოყენება წელს იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ – მარტიდან. კინოპლატფორმის ინგლისური ვერსიის სანახავად საკმარისია ლინკზე გადასვლა და ონლაინრეგისტრაცია.
ეროვნული კინოცენტრი ქართულენოვანი კინოაპლიკაციის პრეზენტაციას 21 თებერვალს, 12:30 საათზე გამართავს მრავალფუნქციურ სივრცეში „ტერმინალი“ (მის: თბილისი, აბაშიძის #34).

„მეღსი ბოკუ მესიე ლაშა“ – მაღალჩინოსნების პარიზში ვიზიტს პერფორმანსით გამოეხმაურნენ

ბათუმის მერიასთან დღეს, 13 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალატერნატივამ“ კრუასანები მიიტანა. ორგანიზაცია ასე გამოეხმაურა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძისა და მთავრობის წევრების ვიზიტს ბიუჯეტის ხარჯებით პარიზში. აქციის მონაწილეებს სურდათ კრუასანები მერიის შენობაში შეეტანათ, თუმცა მათ დაცვამ ამის ნება არ მისცა.

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

პარიზში ქართველი მხატვრების გამოფენაზე იმყოფებიან: ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი, ასევე, უმაღლესი საბჭოს ორი წევრი, ბათუმის ბულვარის დირექტორი, განათლების მინისტრი და მისი მოადგილე.

ამავე თემაზე: 

ბათუმელი ჩინოვნიკები პარიზში გამოფენაზე ბიუჯეტის ხარჯით

ქედა-ხულოს მიმართულებით საავტომობილო გადაადგილებაში შეზღუდვებია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გადაადგილების კუთხით შეზღუდვაა ქედა-ხულოს მიმართულებით და მოძრაობა რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

ქედის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 60-80 სმ-მდეა, მაღალ სოფლებში კი – 1.5 მეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობაა შუახევსა და ხულოშიც.

ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი შეწყდა

რას უპირებს სამინისტრო მაძიებლებს და პრაქტიკოს მასწავლებლებს

საქართველოში ამ დროისთვის 285 საჯარო და 4 კერძო არაქართულენოვანი სკოლაა. არაქართულენოვან საჯარო სკოლებში 6 798 მასწავლებელი მუშაობს. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აქედან 4 162 მასწავლებელი პრაქტიკოსია, უფროსის სტატუსი კი მხოლოდ 1817 პირს აქვს.

სამინისტროს 2019 წლის მაისის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 33 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელია, ეს ციფრი უმნიშვნელოდ  შემცირდა გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე. თუმცა, ორივე სეზონის გამოცდებზე რეგისტრირებული პედაგოგებიდან  6-6 ათასამდე პედაგოგმა მაინც ვერ გადალახა დაწესებული ზღვარი და ვერ შეიცვალა სტატუსი.

ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება მაინც არაქართულენოვან სკოლებშია – ამ სკოლებში მხოლოდ 71 პედაგოგია წამყვანი, 9 პედაგოგი კი – მენტორი. გარდა ამისა, 739 პირი მაძიებელია.

საქართველოს მთავრობამ ახლახან გამოსცა დადგენილება, სადაც წერია, რომ მასწავლებლად დასაქმებულ პირს იმ შემთხვევაში შეუძლია მათემატიკის, საბუნებისმეტყველო ან მომიჯნავე მეცნიერებების სწავლება, თუ მოპოვებული აქვს სქემით გათვალისწინებული სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა), ან დიპლომში უწერია, რომ იმ საგნის სპეციალისტია, რომელსაც ასწავლის.

როგორ აისახება ამ დადგენილების შინაარსი იმ საჯარო სკოლებზე, სადაც უმეტესად პრაქტიკოსი პედაგოგები ასწავლიან აღნიშნულ საგნებს, შეუქმნის თუ არა ეს ჩანაწერი პრობლემას იმ პირებს, ვინც ამ დრომდე ვერ მოიპოვა უფროსი ან სხვა შემდგომი სტატუსი იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის? და რას აპირებს განათლების სამინისტრო იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობის დადგენილება ყველა პრაქტიკოს პედაგოგს შეუზღუდავს ბრძანებაში დასახელებული საგნების სწავლებას?

ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძეს მიმართა. ეკა დგებუაძე მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების სკოლებთან მიმართებაში აკეთებს მცირე კომენტარს და ამბობს, რომ მუშაობენ პოლიტიკაზე. „განსხვავებული მიდგომაა და ახლა ამას ვამუშავებთ. ძალიან მოკლე ხანში წარმოვადგენთ პრეზენტაციას“, – გვითხრა მინისტრის მოადგილემ.

„ბათუმელები“ შეეცადა უფრო მეტი გაეგო ამ საკითხზე და ეკა დგებუაძეს დამატებითი კითხვებიც დაუსვა, თუმცა მინისტრის მოადგილე მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ეთნიკურ უმცირესობებზე „გარდამავალ დებულებაში წერია“ და სანამ ჩვენ ამ განსხვავებულ პოლიტიკას არ შევიმუშავებთ, ხედვას არ დავდებთ, ჩვენ ამ ადამიანებს (პრაქტიკოს მასწავლებლებს) ხელს არ ვახლებთ და გააგრძელებენ მუშაობას“, – ამბობს დგებუაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, „პედაგოგებმა უნდა იცოდნენ, რას აპირებს სისტემა და ამისთვის უნდა მოამზადოს ისინი. ამიტომ, ამ ადამიანების უფლება იქნება დაცული“.

სისტემაში მიმდინარე ცვლილებები აშფოთებთ მაძიებლებსაც. ერთ-ერთი მაძიებელი რომელიც იმერეთიდან გვწერს ფეისბუკში, ამბობს, რომ მაძიებლებს არ მიეცათ სქემაში ჩართვის შესაძლებლობა, რის გამოც, შესაძლოა მათ საათების პრობლემაც დაუდგეთ.  ის ამბობს, რომ მაძიებლებმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით შესაძლოა აქციაც კი გამართონ.

პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის შეცვლა 2020 წლის ზაფხულში დაგეგმილ საგნობრივ გამოცდაზე შეუძლიათ. სექტემბრიდან კი, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებლის კარიერული წინსვლის ახალი მოდელი ამოქმედდება, თუმცა რას შესთავაზებს საბოლოოდ სამინისტრო პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად, არც ეს დეტალებია ბოლომდე ცნობილი.

 

მთავარი ფოტო: ეკა დგებუაძე/ფეისბუქის გვერდიდან

ამავე თემაზე:

2020 წლის გამოცდაზე პედაგოგების კონკურენტები იურისტები და ბანკირები იქნებიან

რატომ გაიზარდა ნარკოტიკის მოხმარების სტატისტიკა?

ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების სტატისტიკა გასულ წელს გაიზარდა. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ქვეყნის მასშტაბით 10 518 პირი გადაიყვანეს და აქედან 6725 შემთხვევაში ნარკომოხმარება დადასტურდა. აჭარაში 699 შემოწმებული პირიდან 360-ს დაუდასტურეს ნარკოტიკის მოხმარება.

2018 წელს 8625 შემოწმებული პირიდან 4961 ადამიანს დაუდგინეს ნარკოტიკის მოხმარება. ნარკოშემოწმებაზე გადაყვანილი პირების და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კლებადი 2013 წლიდან იყო 2019 წლამდე.

„ზუსტი მიზეზი უცნობია, თუ რას უკავშირდება ზრდა. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სამოქალაქო აქტივობა შეწყდა და ასევე შეჩერდა ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა… რეალურად წინა წლებში ნარკომოხმარებაზე გადაყვანის მაჩვენებელი არაბუნებრივად დაბალი იყო. შესაძლებელია, ხელისუფლება ამ დაბალი მაჩვენებლით ცდილობდა იმის ჩვენებას, რომ თითქოს ნარკოპოლიკა ცვლილებას არ საჭიროებს,“ – ამბობს გურამ იმნაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი.

გურამ იმნაძე მიიჩნევს, რომ წინა წლებში ნარკომოხმარების დადასტურების შემცირება განაპირობა სამოქალაქო აქტივიზმმაც, როდესაც საზოგადოების ინფორმირების ხარისხი გაიზარდა და ცნობილი გახდა, რომ იძულებით ბიოლოგიური მასალის მოთხოვნის უფლება არავის ჰქონდა.

შსს-ს სტატისტიკაში არაა მოცემული, კონკრეტულად რომელი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დადასტურდა 2019 წელს.

  • 2013 – შემოწმებაზე გადაიყვანეს 60 196, დადასტურდა – 22 711
  • 2014 – შემოწმებაზე გადაიყვანეს 50 865, დადასტურდა – 14 005
  • 2015 – შემოწმებაზე გადაიყვანეს 37 503, დადასტურდა – 10 834
  • 2016 – შემოწმებაზე გადაიყვანეს 22 405, დადასტურდა – 8229
  • 2017 – შემოწმებაზე გადაიყვანეს 13 175, დადასტურდა – 6657
  • 2018 – შემოწმებაზე გადაიყვანეს – 8650, დადასტურდა – 4961.

ამ თემაზე:

რამდენმა პირმა თქვა უარი ნარკოტესტირების დროს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე

 

ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და დახმარების სხვა პროგრამები აჭარაში

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წელს 30-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის კი, ჯამში, ბიუჯეტში 21 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ნახეთ ინფორმაცია ვრცლად, სოციალური დაცვის რამდენიმე პროგრამის შესახებ:

[gray_box]100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება[/gray_box]
მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.
[highlight color=”yellow”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე.

[gray_box] ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება[/gray_box]

პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ორი ან ორზე მეტი ტყუპი.
[highlight color=”yellow”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: თანხა ტყუპისცალზე შეადგენს 1000 ლარს, ჩარიცხვა განხორციელდება მშობლის საბანკო ანგარიშზე.

[gray_box]2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარება[/gray_box]
პროგრამა ითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე რეგისტრირებული, 20 სამხედრო მოსამსახურის, მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 4 მეომრის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული 3 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას.
[highlight color=”yellow”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 29 ბენეფიციარს.
აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 27 მეომრის ოჯახს – თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

[gray_box]მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა[/gray_box]
პროგრამა ითვალისწინებს მზრუნველობამოკლებულ (სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ) პირთა მატერიალური მხარდაჭერას, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობას, საზოგადოებაში სრულ რეინტეგრაციას.
[highlight color=”yellow”]მოსარგებლეები[/highlight]: 18-დან 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც აღარ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, არ ჰყავთ თანადგომის ქსელი და ვერ ხერხდება მათი ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია.
[highlight color=”yellow”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ბენეფიციარის/ საბანკო ანგარიშზე.

[gray_box]ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა[/gray_box]
პროგრამა ითვალისწინებს, ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა.
[highlight color=”yellow”]მოსარგებლეები[/highlight]: ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიანი ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.
[highlight color=”yellow”]დაფინანსების ფორმა[/highlight]:

  • საცხოვრებელი ფართის ღირებულების ანაზღაურდება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გამყიდველის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, ხელშეკრულებაში ასახული ქონების ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული თანხისა.
  • იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში, ბენეფიციარი ფართის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

პროგრამაში ჩართვისათვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით.
[highlight color=”yellow”]შენიშვნა[/highlight]:

  • ბენეფიციარი 2010 წლის 1 იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
  • პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომლებსაც სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციით სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება ან ფაქტიურ მფლობელობაში/საკუთრებაში გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

[checklist]

  • პროგრამების მოსარგებლე 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვსთავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.

[/checklist]

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის სხვა პროგრამები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:

[red_box]

[checklist]

[/checklist]

[/red_box]

მიმდინარე წლის პროგრამებში სიახლეების შესახებ ნახეთ ბმულზე:

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119
ტელეფონი: +995 (0422) 247972, +995 (0422) 24-79-64
ელ–ფოსტა: info.molhs@molhs.gov.ge

 

აჭარის მთიანეთში დენის მიწოდებაში შეზღუდვებია, აბონენტებს ეტაპობრივად ვრთავთ – კომპანია

აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად აღდგენილია დენის მიწოდება, შეზღუდვაა ხიხაძირისა და ღორჯომის ხეობებში, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

კომპანიის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტშიც უმეტეს ნაწილს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.

ამ ეტაპზე დაწყებულია ელექტროენერგიის მიწოდება შუახევში, სადაც, კომპანიის განცხადებით, ძლიერი თოვის გამო გადაადგილება გაძნელებულია. აქ დენის მიწოდებაში შეზღუდვებია დაბის ნაწილშიც.

„მიუხედავად ამისა, ჩვენი ბრიგადები მაქსიმალურად ცდილობენ რომ ელექტროენერგიის მიწოდება მაღალმთიან აჭარაში სრულად აღდგეს. ვინაიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს ჩართვებიც, ამ დროისთვის ვერ დავაკონკრეტებთ, რამდენი აბონენტია დენის გარეშე,“ – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

შუახევი / 13.02.2020 / ფოტო: „ბათუმელები“
შუახევი / 13.02.2020 / ფოტო: „ბათუმელები“
ქედა, მახუნცეთი / 13.02.2020 / ფოტო: „ენერგო-პრო ჯორჯია“

დღეს დილიდან ინტენსიურად თოვს აჭარის მაღალმთიანეთში. სამივე მუნიციპალიტეტში დღეს, 13 თებერვალს, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია:

ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი შეწყდა

მთავარი ფოტო: შუახევი, 13.02,2020

საჯარო ორგანიზაციები და პროგრამები აჭარაში, რომლებსაც აუდიტი 2020 წელს შეამოწმებს 

აუდიტორული საქმიანობის 2020 წლის გეგმის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 39 შესაბამისობის [თემატური] აუდიტის ჩატარება განისაზღვრა, აქედან 6 აჭარაში:

[checklist]

  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარებისთვის“ 2019 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის“ პრიორიტეტისთვის 2019 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი;
  • სსიპ – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისობის აუდიტი [2018-2019 წლები];
  • ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

[/checklist]

„შესაბამისობის აუდიტის მიზანია აუდიტის ობიექტის ოპერაციებისა და საქმიანობის შესაბამისობის შეფასება კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ ნორმებთან, სახელშეკრულებო და საგრანტო მოთხოვნებთან, ასევე ორგანიზაციულ პოლიტიკასთან და პროცედურებთან. შესაბამისობის აუდიტი საშუალებას იძლევა ყურადღება გამახვილდეს უფრო მაღალი რისკის მატარებელ და აქტუალურ თემებზე“ – აცხადებს აუდიტი.

მიმდინარე წელს ჩატარდება ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი [კონსოლიდირებული] ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

აუდიტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის [ეკონომიკური საქმიანობა] ეფექტიანობასაც შეისწავლის.

„ეფექტიანობის აუდიტი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტი მიზნად ისახავს შეაფასოს, რამდენად იქნა მიღწეული გადახდილი ფასის შესაბამისი ღირებულება. ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება ხელს უწყობს საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, მათ მიზანმიმართულად და ეფექტიანად გამოყენებას,“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი.

საქართველოს სარკინიგზო დერეფანი თურქმენული ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვისაც კონკურენტუნარიანი გახდა

2020 წლის 11 თებერვალს, სასტუმრო „Tbilisi Marriot”-ში, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და დსს „აზერბაიჯანის რკინიგზების“ ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში  ასევე მონაწილეობდნენ რეგიონის ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული სახელმწიფო და კერძო კომპანიები – დსს „აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო“, დსს „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო პორტი“, დიუბენდისა და ბათუმის ნავთობტერმინალები. 

შეხვედრის ინიცირება საქართველოს რკინიგზის მიერ მოხდა, თურქმენული ნავთობის და ნავთოპროდუქტების საქართველოს დერეფნის გავლით სეზონური ტარიფებით გადაზიდვის განხორციელების მიზნით. მხარეებმა აღნიშნული ტვირთების პერმანენტული გადაზიდვისათვის “ვოლგა დონის” საზღვაო მარშრუტთან მიმართებაში სეზონური და გამჭოლი ტარიფის შეიმუშავეს, რითაც წლის განმავლობაში “ვოლგა დონის” მარშუტთან კონკურენცია შესაძლებელი  გახდა. 

ინტენსიური განხილვის შედეგად, ინიცირებული საკითხზე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და შეხვედრაში მონაწილე ყველა მხარის ჩართულობით კონკურენტული, ერთიანი ტარიფები შეთანხმდა თურქმენული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვისათვის.  შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ოქმს და ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახა. 

ჩხუბი ოჯახში მანდარინის ფულის გამო – ბრალდებული ახალ წელს ციხეში შეხვდა

ოჯახში ძალადობისთვის ოზურგეთში მცხოვრებ კაცს მოსამართლე მარინა კიკნაძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც პირობით ჩაუთვალა. ბრალდებულს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა მაინც მოუწია – შემთხვევა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

განაჩენის მიხედვით, ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პ.-ს ცოლთან ჩხუბი მანდარინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გამო მოუხდა.

„…დაახლოებით 21:00 საათზე პ. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დაბრუნდა სახლში და მეუღლეს – მ.-ს გადასცა კუთვნილი, მანდარინის რეალიზაციიდან აღებული თანხის ნაწილი, რაზეც მ.-მ უსაყვედურა და უთხრა, რომ იგი ,,ატყუებდა და არ იყო კაცური საქციელი მისი მხრიდან’’, ვინაიდან მას თანხა სრულად ჰქონდა აღებული. აღნიშნულზე განაწყენდა პ. და საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ ოთახში, ხელებით და ფეხებით ცემა მ., რომელმაც მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. პ. აგრძელებდა რა ძალადობას, რაც გამოიხატა მის სიტყვიერ შეურაცხყოფაში, მ. დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და ითხოვა პოლიციის დახმარება…“ – წერია განაჩენში.

ცოლზე ძალადობა პ.-ს პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგაც გაუგრძელებია „…ვინაიდან მ.-მ სამართალდამცავ ორგანოს აცნობა ოჯახში მომხდარი ძალადობის შესახებ, თავში ჩაარტა ხელი, რითაც მ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა“.

ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო და სადავოდ არ გაუხდია ამ საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლოს არ მოუსმენია დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენება.

 

Exit mobile version