კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

54 სართული ზღვასა და ტბას შორის – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვა-პასუხები

10.04.2018
54 სართული ზღვასა და ტბას შორის – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვა-პასუხები

სამშენებლო კომპანია „ალიანსი ფრივილიჯმა“ კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს 54-სართულიანი მრავლფუნქციური შენობის პროექტის შესათანხმებლად მიმართა. პროექტი ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ 172-მეტრიან მშენებლობას ითვალისწინებს.

ზონალურმა საბჭომ საკითხი სხდომაზე უკვე განიხილა და პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით საგანგაშოდ არ მიიჩნია“.

ბოლო პერიოდში ეს იყო პირველი პროექტი, როცა საბჭოს სხდომაზე შენობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვა დასვეს, ვიდრე ძეგლებთან მიმართებაში. ამ ტერიტორიაზე ორი ძეგლია – საზღვაო აკადემიისა და აკვარიუმის შენობები. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეს შენობა ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება, ძეგლების აღქმას ის ხელს ვერ შეუშლის.

სამშენებლოდ მონიშნულ ტერიტორიას ერთი მხრიდან ზღვა, მეორე მხრიდან კი ნურიგელის ტბა ესაზღვრება, სამშენებლო ნაკვეთის მომიჯნავედ კი კიდევ ერთი მაღალი შენობა – სასტუმრო „ჰილტონი“ მდებარეობს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების საკითხებთან და ასევე შენობის მდგრადობასთან მიმართებაში კითხვები დასვა ორგანიზაცია „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა.

ზონალური საბჭოს წევრი, პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი გიზო ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ პროექტის მიხედვით შენობა სწორადაა ორიენტირებული ზღვის მიმართულებით. როგორც ტექნიკური, ასევე საინჟინრო გადაწყვეტილება ისეთი ორიენტაციით, როგორიც მას აქვს, ხელს დიდად არ შეუშლის ჰაერის ნაკადების შემოსვლას ქალაქში. თუმცა, ის მაინც ურჩევს მერიას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს „გაანგარიშებას ამ მიმართულებით“ და შეისწავლოს პროექტის კონსტრუქციული მდგრადობა ნებართვის გაცემამდე.

საქართველოში ამ დროისთვის მაღლივ შენობებთან მიმართებაში განსაკუთრებული რეგულაციები დადგენილი არ არის. მაღლივ შენობებთან მიმართებაში კანონმდებლობა განსაკუთრებულ მოთხოვნებს რომ არ ადგენს, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც საუბრობს.

მირიან მეტრეველის განმარტებით, პროექტს კონსტრუქციულად მერია არ ითანხმებს 2006 წლიდან. თუმცა, ამბობს, რომ შპს „ალიანსი ფრივილიჯმა“, ამის მიუხედავად, ამ კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში მერიას წარუდგინა როგორც კონსტრუქციული და საინჟინრო, ასევე გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები:

„გამომდინარე იქედან, რომ პროექტი მაღლივი შენობის მშენებლობას ითვალისწინებს, ჩვენ ის სწრაფად გადავაგზავნეთ ზონალურ საბჭოში. როგორც კი იქედან დაბრუნდება, ჩვენ მას დეტალურად შევისწავლით“.

ზონალურ საბჭოში გადაგზავნილი ე.წ. რენდერისა და განმარტებითი ბარათის მიხედვით, შენობის კ2 კოეფიციენტი 0,16-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი სამშენებლო ტერიტორიის 70%-ს აითვისებს. იმის დასადგენად თუ დარჩენილი ადგილი როგორ გადანაწილდება, „ბათუმელებმა“ კომპანიას მიმართა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მირიან მეტრეველის თქმით, პროექტმა საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილებასაც უნდა უპასუხოს, რაც სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ მოთხოვნებს აწესებს. ამიტომაც ზონალურ საბჭოზე მეტი ყურადღება სპეციალისტებმა პროექტთან მიმართებაში ჰაერის ნაკადების მოძრაობასა და მისგან გამომდინარე შესაძლო სირთულეებზე გააკეთეს.

„ჩვენ არ განვიხილავთ უსაფრთხოების საკითხებსა და ტექნიკურ დეტალებს, ჩვენ ვაფასებთ ძეგლთან მიმართებაში. თუმცა საბჭომ ჩათვალა რეკომენდაცია გაეცა ამ მიმართულებითაც, რომ ეს საკითხი მერიამ ნებართვის გაცემამდე გაითვალისწინოს“, – განმარტა საბჭოს ხელმძღვანელმა ლაშა ასლანიშვილმა. ამ საბჭოს წევრია მირიან მეტრეველიც.

„ალიანსი ფრივილიჯის“ 54-სართულიან შენობის პირველ 12 სართულზე სასტუმრო „მერიოტი“, დანარჩენ სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.

„მულტიფუნქციური კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი“ „ალიანს ჯგუფისთვის“ დამახასიათებელი ექსკლუზიური არქიტექტურით იქნება გამორჩეული,“ – განაცხადა „ალიანსი ფრივილიჯის“ დირექტორმა, აკაკი სონგულიამ უძრავი ქონების გზამკვლევი პორტალის Property Georgia-სთან. შესაბამის ხელშეკრულებას „მერიოტ ინთერნეშენელთან“ კი ხელი 2018 წლის 8 თებერვალს ციურიხში მოეწერა.

ამავე თემაზე: ბულვართან 54-სართულიანი კომპლექსი აშენდება – კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: