მთავარი,სიახლეები

ჩხუბი ოჯახში მანდარინის ფულის გამო – ბრალდებული ახალ წელს ციხეში შეხვდა

13.02.2020 • 2551
ჩხუბი ოჯახში მანდარინის ფულის გამო – ბრალდებული ახალ წელს ციხეში შეხვდა

ოჯახში ძალადობისთვის ოზურგეთში მცხოვრებ კაცს მოსამართლე მარინა კიკნაძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც პირობით ჩაუთვალა. ბრალდებულს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა მაინც მოუწია – შემთხვევა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

განაჩენის მიხედვით, ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პ.-ს ცოლთან ჩხუბი მანდარინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გამო მოუხდა.

„…დაახლოებით 21:00 საათზე პ. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დაბრუნდა სახლში და მეუღლეს – მ.-ს გადასცა კუთვნილი, მანდარინის რეალიზაციიდან აღებული თანხის ნაწილი, რაზეც მ.-მ უსაყვედურა და უთხრა, რომ იგი ,,ატყუებდა და არ იყო კაცური საქციელი მისი მხრიდან’’, ვინაიდან მას თანხა სრულად ჰქონდა აღებული. აღნიშნულზე განაწყენდა პ. და საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ ოთახში, ხელებით და ფეხებით ცემა მ., რომელმაც მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. პ. აგრძელებდა რა ძალადობას, რაც გამოიხატა მის სიტყვიერ შეურაცხყოფაში, მ. დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და ითხოვა პოლიციის დახმარება…“ – წერია განაჩენში.

ცოლზე ძალადობა პ.-ს პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგაც გაუგრძელებია „…ვინაიდან მ.-მ სამართალდამცავ ორგანოს აცნობა ოჯახში მომხდარი ძალადობის შესახებ, თავში ჩაარტა ხელი, რითაც მ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა“.

ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო და სადავოდ არ გაუხდია ამ საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლოს არ მოუსმენია დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: