მთავარი,სიახლეები

როგორ აპირებს ბაღდათის დეპუტატი უსახლკარო 9-შვილიანი ოჯახის დახმარებას

13.02.2020
როგორ აპირებს ბაღდათის დეპუტატი უსახლკარო 9-შვილიანი ოჯახის დახმარებას

ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი ,,ბათუმელებთან” აცხადებს, რომ მზად არის სამართლებრივი და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს ბაღდათში მცხოვრებ 11-სულიან ოჯახს, რომელთაგანაც 9 ბავშვია. მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის შესახებ ,,ბათუმელებმა” მასალა 9 თებერვალს გამოაქვეყნა.

დედა, მამა და 9 შვილი უსახლკაროდ – ბავშვები სკოლის გარეშე [ვიდეო]

ოჯახი ნაქირავები სახლის პირველ სართულზე, უკიდურეს სიღარიბესა და ცხოვრებისთვის შეუთავსებელ პირობებში ცხოვრობს. 5 სასკოლო ასაკის ბავშვისგან სკოლაში არცერთი დადის. სახლს არ აქვს გათბობა, წყალი, გაზი, ოჯახს არ აქვს ზამთრისთვის საკმარისი შეშა, 9 ბავშვი და მათი მშობლები ბეტონის იატაკზე, სიცივეში ცხოვრობენ. ხათრიძეების 9 შვილს შორის ყველაზე პატარა 2 თვისაა, უფროსი კი თოთხმეტი წლის. ოჯახი ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლის ან მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს, სადაც სახლის აშენება იქნება შესაძლებელი.

როგორც ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი ამბობ, ბაღდათის მუნიციპალიტეტს ანგარიშზე მიწის საკმაო რაოდენობაა, რომლის დამოუკიდებლად განკარგვის უფლებაც მუნიციპალიტეტს აქვს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასურველი მიწა ან შენობა არ არის ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე, მუნიციპალიტეტს შეუძლია, მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებების შემთხვევაში, გამონაკლისად გამოითხოვოს ეს ქონება სამინისტროსგან ოფიციალურად მუნიციპალიტეტისთვის გადმოსაცემად.

„თუ ბაღდათში მდებარე ჩემს ბიუროში ეს ოჯახი განცხადებას წარადგენს, მზად ვარ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინო. ქონების ნაწილი, რომელსაც განკარგავს მერია, სრულიად შესაძლებელია გამოყენებული იქნას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მათ შორის ისეთი ნაგებობები  ქალაქად და სოფლად, რაც მუნიციპალიტეტის ანგარიშზეა და ჩვენს ანგარიშზე არის ასეთები.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის ადგილზე რომ ვიყო, გამოვიყენებდი ამ შესაძლებლობას და ბევრ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ანგარიშზე არსებულ დაუტვირთავ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც უპატრონობით ნადგურდება, ამ და მსგავს მრავალშვილიან ოჯახებს გადავცემდი, რომლებიც მოუვლიდნენ და საკუთარ პირობებსაც გაიუმჯობესებდნენ”, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

მისი თქმით, ის აპირებს დაუკავშირდეს ბაღდათის მერიასა და საკრებულოს მდგომარეობის ადგილზე შესასწავლად და პირადად ჩაერთვება პრობლემის სამართლებრივი და პრაქტიკული მოგვარების საკითხებში.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: