მთავარი,სიახლეები

საკონსტიტუციოს მოსამართლე ნიკა მელიას: შეეძლო პარლამენტს კანონის იგნორირება?

14.02.2020 • 2315
საკონსტიტუციოს მოსამართლე ნიკა მელიას: შეეძლო პარლამენტს კანონის იგნორირება?

“ასე საერთოდ განაჩენის გარეშე შეიძლება შეუწყდეთ უფლებამოსილება პრეზიდენტს ან უზენაესი სასამართლოს წევრს, თუკი მას იმპიჩმენტს მოუწყობენ. რა გამოდის, რომ მხოლოდ პარლამენტის წევრს უნდა ჰქონდეს პრივილეგია?” – იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ და ნიკა მელიას გახედა, რომლის სარჩელსაც დღეს, 14 თებერვალს, არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

“ნიკა მელიას შემთხვევაში, ერთმა მოსამართლემ მიიღო განაჩენი და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის გარეშე შეუწყვიტეს მელიას უფლებამოსილება… პარლამენტი არც კი დაინტერესებულა, რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო ერთი მოსამართლე.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში კი, საჭიროა პარლამენტის ერთი მესამედის თანხმობა იმისთვის, რომ მოგმართონ თქვენ, საკონსტიტუციო სასამართლოს. პრეზიდენტის შემთხვევაში დაცვის მეტი გარანტიებია და ეს გარანტია ხართ თქვენ – 9 მოსამართლე,” – უპასუხა მოსამართლეს საია-ს იურისტმა, გიორგი გოცირიძემ. ის ნიკა მელიას ინტერესებს იცავს.

ნიკა მელიას პარლამენტის მანდატი 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, ნიკა მელია დამნაშავედ მიიჩნიეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩადენაში.

ნიკა მელია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს იმას, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერეს, კონსტიტუციის მიხედვით კი, დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაშვებულია მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის არსებობის შემთხვევაში.

მოსარჩელის პოზიციით, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ.

“სამართლიანი სასამართლო ეფუძნება ვარაუდს, რომ სასამართლოს პირველი ინსტანცია შესაძლოა შეცდეს და არსებობს გასაჩივრების შესაძლებლობა…” – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

დისკუსიაში ისევ მოსამართლე ევა გოცირიძე ჩაერთო, რომელიც დაინტერესდა “უდანაშაულობის პრეზუმფციით” რატომ უნდა სარგებლობდეს მხოლოდ პარლამენტის წევრი და არა ნებისმიერი ადამიანი.

მოსამართლეს მოსარჩელე მხარის იურისტებმა უთხრეს, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება პირდაპირი წესით ხალხის მიერ არჩეულ თანამდებობის პირს.

“მე მაინტერესებს, შეეძლო პარლამენტს მის მიერ მიღებული კანონის იგნორირება?” – მიმართა გიორგი გოცირიძეს მოსამართლე მანანა კობახიძემ. მან “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე” გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, აღსრულება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იწყება.

“არ ვთვლი, რომ საპროცესო კოდექსი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას… პარლამენტის წევრებს შეეძლოთ ენახათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგალითად, “ცინცქილაძის საქმეზე”, სადაც ხაზგასმით წერია, რომ საბოლოოა ისეთი განაჩენი, როცა გასაჩივრების ყველა ეტაპი ამოწურულია,” – უთხრა გიორგი გოცირიძემ მოსამართლე მანანა კობახიძეს, რომელიც მოსამართლეობამდე პარლამენტის წევრი იყო.

“რა გამოდის, პარლამენტი განმარტების გზით უნდა წასულიყო?” – იკითხა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ.

“კი, რატომაც არა,” – მოკლედ უპასუხა კითხვას მელიას ინტერესების დამცველმა.

“სასამართლო დარბაზში რომ დაეკავებინათ და ბორკილი დაედოთ?…” – მიუბრუნდა ისევ გიორგი გოცირიძეს მოსამართლე მანანა კობახიძე და იქვე დასძინა: “ამას მე არავის ვუსურვებ, არც მოსარჩელეს… თქვენი ლოგიკით გამოდის, რომ პარლამენტმა დაახლოებით ერთი წელი ხელფასი უნდა უხადოს მსჯავრდებულ დეპუტატს, თუკი მას სასამართლოს პირველი ინსტანცია მიუსჯის თავისუფლების აღკვეთას”, – თქვა მოსამართლემ, რომელსაც მაშინვე შეახსენა ნიკა მელიას ინტერესების დამცველმა, რომ დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაც შეიძლება.

“შეჩერებას თავისი საფუძვლები აქვს…” – აღნიშნა მოსამართლე მანანა კობახიძემ.

დისკუსიის ამოწურვამდე სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ შესვენება გამოაცხადა. სასამართლო განხილვა 4 საათზე განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლო ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: