მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა დარღვევები გამოვლინდა ბათუმის სკოლებსა და ბაღებში – სანიტარული ნორმების კონტროლის შედეგები

14.02.2020
რა დარღვევები გამოვლინდა ბათუმის სკოლებსა და ბაღებში – სანიტარული ნორმების კონტროლის შედეგები

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება საჯარო და კერძო ობიექტები.

ბათუმში სკოლებსა და ბაღებს ამოწმებს როგორც სურსათის უვნებლობის სამსახური, ისე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება. მათ გამიჯნული აქვთ  კომპეტენციები – თუ სურსათის უვნებლობა ბაღებსა და სკოლებში შეტანილი პროდუქციის ხარისხსა და შენახვის პირობებს ამოწმებს, მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობა უშუალოდ სისუფთავის ხარისხის შემოწმებაზეა ორიენტირებული, მაგალითად, როგორ არის ჭურჭელი დარეცხილი, რამდენად სუფთაა მაგიდის ზედაპირები და ა.შ.

2020 წელს მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილებამ ბათუმში ცხრა საჯარო სკოლა და ერთი კერძო საბვშვო ბაღი შეამოწმა.

განყოფილების უფროსის ნუგზარ ცეცხლაძის განმარტებით, ბათუმის ორი საჯარო სკოლის კვების ბლოკში (ბუფეტში), დარღვევა გამოვლინდა სისუფთავის ხარისხთან დაკავშირებით, შესაბამისად შედგა ადმინისტრაციულ დარღვევათა ორი ოქმი. ეს ნიშნავს, რომ დარღვევების გამო 50 ლარით დაჯარიმდნენ ის ინდმეწარმეები, რომლებიც სკოლასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობენ კვების ბლოკში.

გარდა ამისა, შემოწმებული სკოლების საკლასო ოთახებში განისაზღვრა განათების კოეფიციენტები – “უმეტეს სკოლაში განათების კოეფიციენტი ნორმასთან შედარებით დაბალია. ზოგიერთ სკოლაში არის თხევადი საპნისა და ხელსაშრობების, ასევე  ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი, თუმცა სკოლების უმეტესობა აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. მათ მიეცათ წერილობითი გაფრთხილება,” – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

ასეთ დარღვევებზე ჯარიმა ინდ მეწარმის შემთხვევაში 50 ლარია, იურიდიული პირის შემთხვევაში  კი – 100 ლარი. იმავე წელს თუ გამოვლინდა იგივე დარღვევები, ჯარიმები იზრდება ინდმეწარმის შემთხვევაში – 200 ლარამდე, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 500 ლარამდე.

რაც შეეხება საბავშო ბაღს, ნუგზარ ცეცხლაძის განმარტებით, აქ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა გამოვლინდა, რის საფუძველზეც შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

“ტექნიკური რეგლამენტი მოიცავს, თუ რა სანიტარულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის საბავშვო ბაღი, მათ შორის არის ის, რომ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უნდა ჰქონდეს პერსპექტიული მენიუ შედგენილი, ჰქონდეს შესაბამისი ჟურნალები, უნდა ჰქონდეს ინვენტარი აღჭურვილი საბავშვო ზონების შესაბამისად, როგორც საწოლები, ისე ხელსაბანი ნიჟარები, სანიტარული კვანძები, უნდა ჰქონდეს ხორცსაკეპი მანქანები… ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი დარღვეული იყო და აქედან გამომდინარე შედგა ოქმი,” – განმარტავს ნუგზარ ცეცხლაძე.

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე ჩატარდა 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში 70-მდე სახელმწიფო კონტროლი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სკოლებისა და ბაღების შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა გამოიკვეთა, თუმცა არც ერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. შემოწმებისას ყურადღება ექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას.

სეს-ის განმარტებით, დარღვევები ძირითადად საკვები პროდუქტების ეტიკეტირებას და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს შეეხებოდა, თუმცა არავინ დაჯარიმებულა. ბიზნესოპერატორებმა სააგენტოს ინსპექტორებისგან მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები.

სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებისა და სანიტარული შემოწმებები, წლის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: