მთავარი,სიახლეები

„ჩემს შტატს აუქმებენ“ – აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე 

14.02.2020 • 2771
„ჩემს შტატს აუქმებენ“ – აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე 

მაია მერკვილაძე, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე ადასტურებს, რომ მაუწყებელში მის შტატს აუქმებენ. მანამდე კი მაია მერკვილაძემ ტელევიზიის დირექტორს მოუმზადა ახსნა-განმარტება, სადაც პასუხობს დირექტორის კითხვას, რატომ მიიწვიეს ეთერში ერთი კონკრეტული სტუმარი, რითაც თითქოს ბალანსი დაირღვა. როგორც მაია მერკვილაძემ გვითხრა, დისციპლინური წარმოება დაიწყო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წინააღმდეგაც. ასევე, ეთერიდან მოხსნას უპირებენ „ჰეშთეგის“ წამყვანს – მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი კოხრეიძე ქუჩაში შეხვდა და უთხრა, რომ გადაცემის წამყვანი აღარ უნდა იყოს. ამჯერად რა ხდება აჭარის მაუწყებელში – „ბათუმელებმა“ მაია მერკვილაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • მაია, გავიგეთ, რომ თქვენი პოზიციიდან გადაყენებას გიპირებენ. მართალია?  

კი. გუშინ შევიტყვეთ, რომ აუქმებს [დირექტორი] სამსახურის მოადგილეების შტატებს მაუწყებელში. ასეთი იყო სულ ოთხი შტატი: აქედან ერთი არის ჩემი – ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე ვარ სარედაქციო მიმართულებით, ეს მიწერია ხელშეკრულებაში. მეორე იყო რადიოს მიმართულებით სამსახურის მოადგილე, რომელიც თამილა დოლიძის მრჩევლად არჩევის შემდეგ ვაკანტურია, არავინ დაუნიშნავთ. ასევე ვაკანტური იყო კიდევ ერთი სამსახურის მოადგილის შტატი და მეოთხე არის გიორგი მურვანიძე, რომელიც არის შემოქმედებითი მიმართულებით სამსახურის უფროსის მოადგილე. ანუ რეალურად ორ ადამიანზეა საუბარი – ერთი მე ვარ, ერთი – გიორგი მურვანიძე.

  • რის საფუძველზე მიიღო ეგ გადაწყვეტილება დირექტორმა?

როგორც განუმარტა გუშინ შეკრებილ მმართველთა საბჭოს, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ თითქოს დუბლირებულია ფუნქცია-მოვალეობა. ამიტომ ჩათვალა, რომ არ იყო მოადგილის შტატი საჭირო.

  • რა გითხრათ, რასთან ან ვისთან იყო თქვენი მოვალეობა დუბლირებული?

სამსახურის უფროსის – შორენა ღლონტის მოვალეობასთან არის დუბლირებულიო.

  • გავიგეთ, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საინფორმაციო სამსახურის უფროსის წინააღმდეგაც. შორენა ღლონტს რას უპირებენ?

შორენას წინააღმდეგ ერთი წლის წინანდელ ამბავთან დაკავშირებით დაიწყო დისციპლინური წარმოება. კონტექსტი, ეს ყველაფერი იმდენად ემთხვევა ერთმანეთს… ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს, უნდათ რამენაირად შეცვალონ რედაქცია. თან დაიწყეს არა ადმინისტრაციული, არამედ დისციპლინური წარმოება. იურისტების კონსულტაციით ვიცი, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობდა.

  • ასევე გავიგეთ, რომ „ჰეშთეგთანაც“ არის მსგავსი ტიპის წერილობითი გაფრთხილება. იცით რა ხდება „ჰეშთეგთან“ დაკავშირებით?

როგორც ვიცი, „ჰეშთეგს“ აქვს სხვა ტიპის პრობლემა – ალტერნატიული პროფკავშირის გამო მალხაზ რეხვიაშვილს ედავებიან ორი ფუნქციის თავსებადობას. ის გადაცემის წამყვანია და ასევე ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე, რომელიც ცოტა ხნის წინ შექმნეს. ჯერჯერობით მალხაზთან ზეპირსიტყვიერი ურთიერთობა აქვთ. არ ვიცი, რამდენად შეძლებენ მალხაზის ჩამოშორებას ეთერიდან. ვნახოთ, რა იქნება.

  • თქვენგან ოფიციალურად ითხოვენ ახსნა-განმარტებას, თუ რატომ მიიწვიეთ ეთერში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მოქმედი წევრი – გია ქარცივაძე, რომელიც სხვა მრჩევლების და დირექტორის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. როგორც გავიგე, ბალანსის დარღვევას გედავებიან და ამაზე პასუხს გთხოვენ.

ეგ გუშინდელ ამბავს უძღოდა წინ – მაუწყებლის დირექტორმა მომწერა განმემარტა, რატომ იყო დაუბალანსებელი ერთ-ერთი გადაცემა, ანუ რატომ მოვიწვიეთ გია ქარცივაძე ეთერში. ამ წერილს დაურთო მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა, სადაც პუნქტობრივად არის ერთსაათიანი გამოშვება განხილული – სიუჟეტები, გადაცემის სტუმრები… დასკვნის ავტორს უწერია, რომ დაირღვა ჩვენთან მაუწყებლობის შესახებ კანონი და ერთი სტუმარი გია ქარცივაძის სახით ვერ ასახავდა იმ სურათს, რაც ხდება მაუწყებელში. ბალანსი და მხარეთა პოზიციების წარმოსაჩენად საჭირო იყო მოწინააღმდეგე მხარის მოწვევაო – ასეთი შინაარსის წერილი მივიღე.

  • ვინ არის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი მაუწყებელში?

გიორგი მოისწრაფიშვილი ხელმძღვანელობს ამ სამსახურს. მე როგორც მითხრა გიორგიმ, მსგავსი დასკვნები არასოდეს გამოუყენებიათ რაიმე ზეწოლის ბერკეტად. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახურის ჩართვა არის ცენზურის მცდელობა. დირექტორი ამას იყენებს, შინაარსში შემოდის და განიხილავს გადაცემის შინაარსი. მას ამის უფლება არ აქვს, ზუსტად ეს არის ცენზურის მცდელობა.

  • შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა ბალანსის დარღვევას გედავებიან?

მე ამის თაობაზე წერილობითი პასუხი უკვე მომზადებული მაქვს… სადავო გამოშვება ორი ნაწილისგან შედგებოდა – პირველ ნაწილში იყო დღის ამბები. მეორე ნაწილში გვყავდა ორი სტუმარი, რაც შეეხებოდა მაუწყებელში დაგეგმილ რეორგანიზაციას. ჩვენ მოვიპოვეთ სქემა, რომელიც წარმოადგინა დირექტორმა და გადავწყვიტეთ ამისთვის დაგვეთმო ეთერი. ამ საკითხზე ვრცელი სიუჟეტი მოვამზადეთ, რომელშიც ჩაწერილი გვყავდა მრჩევლები და დირექტორი, სადაც ხსნიდნენ რეორგანიზაციის მიზეზებს. ამ რეორგანიზაციას რა რისკები და საფრთხეები მოჰყვებოდა, ამაზე  გადავწყვიტეთ სწორედ გია ქარცივაძე მოგვეწვია. ბალანსი არ დარღვეულა იმიტომ, რომ გია ქარცივაძემ უპასუხა მრჩევლების არგუმენტებს, რის საფუძველზეც აპირებდნენ რეორგანიზაციის დაწყებას. ასევე მოწვეული გვყავდა თამარ წილოსანი [მაუწყებლის საბჭოს წევრი], რომელსაც რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ჰქონდა და პასუხობდა სწორედ მრჩევლებს, რომლებიც ამას ემხრობოდნენ.

ჩემი აზრით, ამ გადაცემაში მაყურებელს სრული შთაბეჭდილება შეექმნა იმაზე, თუ რა ხდებოდა მაუწყებელში, შესაძლო რისკი დავინახეთ ჩვენც და საზოგადოებამაც. რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ რეორგანიზაციას, სხვაგვარად ჩვენ ამის გადმოცემას ვერ შევძლებდით.

  • თქვენი შტატის გაუქმება ასე ერთპიროვნულად შეუძლია დირექტორს?

როგორც გავარკვიე, სამი მრჩევლის თანხმობა სჭირდება დირექტორს. დებულების თანახმად, საშტატო განრიგში ცვლილებას არ სჭირდება საბჭოს ოთხი წევრის ხმა.

  • ჰყავს დირექტორს ეს მრჩევლები?

„ქართული ოცნების“ სამი ხმა მრჩეველთა საბჭოში გარანტირებულად ეყოლება ბატონ დირექტორს. ჩვენც ვამზადებთ ამ თემაზე სიუჟეტს და მათი კომენტარებიდან გავარკვიეთ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ ცვლილებას.

  • თქვენ რა პოზიციაზე გიპირებენ გადაყვანას?

ველოდები რას შემომთავაზებს დირექტორი, რადგან ცალმხრივად ვერ შემიცვლის ხელშეკრულებას, უნდა შემითანხმოს პირობები. ჯერჯერობით არ შემოუთავაზებია არაფერი. არ ვიცი, რამდენად იქნება ჩემი პოზიცია იმის საპირწონე, რაც აქამდე მქონდა. დარწმუნებული ვარ, დაკნინების და შევიწროების ხარჯზე აპირებს ჩემი უფლებამოვალეობის განსაზღვრას. დაველოდები ახალ ხელშეკრულებას.

____

2 თებერვალს აჭარის მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ. მან თქვა, რომ ახალი ხელშეკრულების საშუალებით, მას აღარ მისცეს მუშაობის საშუალება

2 თებერვალს აჭარის მაუწყებელი დატოვა ნათია ზოიძემ. მან თქვა, რომ ახალი ხელშეკრულების საშუალებით, მას აღარ მისცეს მუშაობის საშუალება

3 თებერვალს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ აჭარის ტელევიზიას უთხრა, რომ აბსოლუტურად არაფერშუაშია უმაღლესი საბჭო

3 თებერვალს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ აჭარის ტელევიზიას უთხრა, რომ აბსოლუტურად არაფერშუაშია უმაღლესი საბჭო

6 თებერვალს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის წასვლას შეაფასა, როგორც პოლიტიკური ზეწოლა

6 თებერვალს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის წასვლას შეაფასა, როგორც პოლიტიკური ზეწოლა

დღეს, 14 თებერვალს, ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მაუწყებელში დევნიან არასასურველ ადამიანებს და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლეს საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს და მთელ მმართველ გუნდს“.

დღეს, 14 თებერვალს ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მაუწყებელში დევნიან არასასურველ ადამიანებს და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლეს საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს და მთელ მმართველ გუნდს“.

აჭარის მაუწყებელში ხელისუფლების მხრიდან ჩარევაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც გასული წლის აპრილში მაუწყებლის დირექტორი, ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის გზით გადააყენეს. 2019 წლის ბოლომდე დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებდა და მან არაერთხელ განაცხადა ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: