მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის სრული მარაგი სახელმწიფომ ისევ ვერ იყიდა

13.02.2020 • 3019
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის სრული მარაგი სახელმწიფომ ისევ ვერ იყიდა

„დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტის „მიკოფენოლატის მოფეტილის“ (Mycophenolate Mofetil (Cellcept)) შესაძენად ბოლო სამი თვის მანძილზე გამოცხადებული რამდენიმე ტენდერი არ შედგა. სოციალურმა სააგენტომ  წამლის 2020 წლის მარაგის ნაცვლად რამდენჯერმე ნაწილ-ნაწილ შეიძინა პრეპარატის მხოლოდ თვიური მარაგი. სოციალური სააგენტო ამბობს, რომ ამის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე „მიკოფენოლატის მოფეტილის“ დეფიციტია და მასზე ფასი გაზრდილია. დღეის მონაცემებით, სოციალურ სააგენტოს ამ მედიკამენტის შესაძენად ტენდერი არ აქვს გამოცხადებული.

როგორც წამლის მწარმოებელმა კომპანია როშიმ [ROCHE] მოგვწერა, ამ წამალზე მოთხოვნა მართლაც გაზრდილია მსოფლიოში, თუმცა მათი კომპანია კვლავ აწარმოებს მედიკამენტ სელსეპტს და შეკვეთის განთავსების შემთხვევაში მედიკამენტს 5-6 თვეში მიაწვდიან დამკვეთს – “კომპანია როში აწარმოებს მედიკამენტ სელსეპტს 250მგ N100 და 500მგ  N50.  მსოფლიოში მედიკამენტზე მაღალი მოთხოვნის გამო მიწოდების ვადები შეადგენს 5-6 თვეს  შეკვეთის განთავსების დღიდან.”

საქართველოში 254 თირკმელგადანერგილი პაციენტი ცხოვრობს, რომლებსაც ყოველდღიურად იმუნოსუპრესიული ანუ იმუნიტეტის დამწევი მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა სჭირდებათ. წამლის თუნდაც ერთი მიღების გამოტოვების შემთხვევაში, ორგანიზმმა შეიძლება ტრანსპლანტატი მოიცილოს. ასეთი მედიკამენტია „მიკოფენოლატის მოფეტილი“, რომელსაც „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარები სპეციალიზებულ აფთიაქებში უფასოდ იღებენ. 

ეს მედიკამენტი წლების განმავლობაში ბენეფიციარებზე სამი თვის მარაგით გაიცემოდა, ბოლო სამი თვის განმავლობაში ბენეფიციარებს აფთიაქიდან მხოლოდ ერთი თვის მარაგს აძლევდნენ, შემდეგ – ორი კვირის, ბოლოს მარაგი ერთი კვირის სამყოფ დოზამდე დავიდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, არშემდგარი ტენდერის გამო ბენეფიციარებს მედიკამენტის მიღებისას ბარიერი  არ ექმნებათ: „სახელმწიფოს აქვს წამლის შესაბამისი მარაგი, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა პაციენტს მედიკამენტებით ტენდერის დასრულებამდე და წამლის დამატებითი მარაგის მიღებამდე ქსელში. დღეს ნებისმიერ ორგანოგადანერგილ პაციენტს შეუძლია მედიკამენტის შეუფერხებლად მიღება შესაბამის ფარმაცევტულ დაწესებულებაში”.

პროგრამის ერთ-ერთ ბენეფიციარი ლაშა (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ გასული წლის მიწურულს მას უკვე ჰქონდა გამოცდილება, როცა სპეციალიზებული აფთიაქიდან წამლის გაცემა დაუგვიანეს, ამის შემდეგ 27 000 მილიგრამით (18 დღის სამყოფი) ნაკლები დოზა მისცეს, სხვაობა კი არ აუნაზღაურეს. „2019 წლის ნოემბრის თვეში 3 თვის მარაგის ნაცვლად მომცეს მხოლოდ 1 თვის მარაგი, პრეპარატის არასაკმარისი მარაგის გამო. 6 დეკემბერს კი, იმავე მიზეზით პრეპარატი საერთოდ ვერ მომცეს, ორჯერ გადამივადეს მისვლა და ბოლოს 25 დეკემბერს მომცეს მხოლოდ 2 კვირის სამყოფი პრეპარატი. სპეციალიზებულ აფთიაქში განმიმარტეს, რომ  შემდგომში წამალი გაიცემოდა მხოლოდ 2 კვირის სამყოფი ოდენობით. სოციალური მომსახურების სააგენტომ ოფიციალური პასუხიც გამცა, რომ უკანა თარიღით სამკურნალო საშუალების გაცემა შეუძლებელია”. – გვიყვება ლაშა.

ლაშა შიშობს, რომ თუ სოციალური მომსახურების სააგენტო ალტერნატიულ გზას არ გამოძებნის იმუნოსუპრესიული მედიკამენტის მარაგის დროულად შესავსებად, შესაძლოა უახლოეს მომავალში წამლის გასაცემი მარაგი რამდენიმე დღის სამყოფ დოზამდე დავიდეს ან სულაც დეფიციტი შეიქმნას და პროგრამის ბენეფიციართა ჯანმრთელობა დიდი საფრთხის წინაშე დადგეს. „ეს მედიკამენტი საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ უფრო საშიში ის არის, რომ ჩვეულებრივ აფთიაქებში ყოველთვის არ იშოვება”, – ამბობს ის

ოთხი სააფთიაქო ქსელიდან (ავერსი, PSP, GPS, ფარმადეპო) “მიკოფენოლატის მოფეტილი” მხოლოდ ერთგან, თბილისის ფილიალში მოიძებნა  (8 კოლოფი), ბათუმში გამოკითხულ სამი აფთიაქიდანაც (Impulse, ჰეკატე, Irina) ეს მედიკამენტი მხოლოდ ერთგან იყიდება. ერთი კოლოფის ფასი 130 ლარია და პაციენტს საშუალოდ ორ კვირას ჰყოფნის.

სოციალური მოსმახურების სააგენტოს განმარტებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წამლის მარაგი ამოიწურა, არ შეესაბამება სინამდვილეს: „წამლის მარაგის თანაბრად განაწილების მიზნით პაციენტი ერთჯერადად მიკოფენოლატის მოფეტილის ორი კვირის მარაგს იღებს. აღნიშნული პრაქტიკა კვლავაც გაგრძელდება. ამის მიზანი პაციენტთა ინტერესების დაცვა და წამლის მარგიას უკეთ განკარგვაა”.

სოციალური მოსმახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 25 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი (NAT190022355), მიკოფენოლატის 40 000 კაფსულის შეძენაზე უარყოფითი შედეგით დასრულდა. 2019 წლის 13 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (NAT190024533) შედეგად, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეიძინა ამ მედიკამენტის დაახლოებით 1 თვის მარაგი (30 000 მგ). ხუთი დღის შემდეგ, სააგენტომ იმავე მედიკამენტის 2020 წლის ბოლომდე სამყოფ მარაგზე (91 800 000 მგ) კიდევ ერთი ტენდერი (NAT190024920) გამოაცხადა, რომელიც არ შეგდა. იმავე დღეს სოცსააგენტომ, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, პირდაპირი წესით შეიძინა სს “გეფასგან” ამ მედიკამენტის 10 000 კაფსულა. 10 იანვარს მეოთხედ (NAT190024920) გამოაცხადეს ტენდერი ამ მედიკამენტის წლის ბოლომდე სამყოფი მარაგის (91 800 000 მგ) შესაძენად, რომელიც ასევე არ შედგა. 

სოციალური მომსახურების სააგენტო: ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 24 000 კაფსულაა საჭირო პაციენტთა არსებული რაოდენობის სრულად დასაკმაყოფილებლად

დღეის მონაცემებით,  ამ მედიკამენტის შეძენაზე სოციალურ სააგენტოს ტენდერი არ აქვს გამოცხადებული. გვითხრეს, რომ ამჟამად კვლავ მზადდება ახლი ტენდერი და იგი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

„მიკოფენოლატის მოფეტილის დეფიციტი ქვეყანაში არ არის. მიმდინარე ეტაპზე წამლის მარაგი საკმარისია, თუმცა პარალელურად სახელმწიფო უწყებები მუშაობენ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გატარებაზე მედიკამენტის დამატებითი მარაგის შესაძენად. ეს პროცედურები დროულად დასრულდება და პაციენტებს პრობლემები არ შეექმნებათ მედიკამენტის მიღებისას“, – გვიპასუხეს სოციალურ სააგენტოში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: