მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„ჩვენც გვაქვს ღირსება“ – გოდერძიზე მდებარე რესტორნის მენეჯმენტის გამოხმაურება კლიენტს

13.02.2020 • 6914
„ჩვენც გვაქვს ღირსება“ – გოდერძიზე მდებარე რესტორნის მენეჯმენტის გამოხმაურება კლიენტს

“ბათუმელებმა” 13 თებერვალს გამოაქვეყნა მოქალაქის მოსაზრება, რომელიც კურორტ გოდერძიზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ამბავს შეეხებოდა. მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, დაგვიკავშირდა რესტორან  Chalet Goderdzi-ის მმართველი კომპანიის, შპს “ხიდის” დირექტორი ჯუმბერ ჭყონია, რომელმაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

გთავაზობთ ჯუმბერ ჭყონიას კომენტარს:

“დავიწყებ იმით, რომ ეს სტუმარი [ნინო ზვიადაური] ნამდვილად ბრძანდებოდა ჩვენთან, კურორტ გოდერძიზე მდებარე ობიექტზე…

ის თავის კრიტიკულ სტატიაში ახსენებს, რომ წინა დღით პერსონალმა ყურადღება მიაქცია ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერ კლიენტს ვაქცევთ. ვინ არის კლიენტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენს სფეროში ნებისმიერი კლიენტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ მათთვის შესაძლებლობის მაქსიმუმი ვაკეთებთ.

რაც შეეხება კუპეს, რომელზეც საუბარია სტატიაში, არის 12-კაციანი. მინდა გითხრათ, რომ პირველ დღეს მთელი დღე მათ ჰქონდათ დაკავებული, აბსოლუტურად ყველაფრით, მაგრამ ჩემს თანამშრომლებს მათთვის არაფერი მიუთითებიათ. მეორე დღეს კი, ეს კუპე იყო დაჯავშნილი – სტუმრებს ველოდით. სწორედ ამიტომ მივიდა მენეჯერი და ბოდიშის მოხდით სთხოვა კუპედან დარბაზში გადანაცვლება.

ჩემი თანამშრომლების თხოვნა მხოლოდ ეს იყო – თუ შეიძლება დარბაზში გადმობრძანდით. სამწუხაროდ, ჩვენს შეთავაზებაზე ასეთი რეაქცია მივიღეთ – აი, ბავშვით გარეთ მიშვებთ. სინამდვილეში კი, მათ მხოლოდ კუპეს გათავისუფლება სთხოვეს ჯავშნის გამო.

გარდა ამისა, ინსტაგრამსა და ფეისბუქგვერდზე პირველივე დღეს მათი ბავშვების ფოტოები გამოვაქვეყნეთ. ცუდი დამოკიდებულება რომ გვქონდეს კლიენტთან ან უყურადღებოები ვიყოთ, წინა დღით როგორ მოვემსახურებოდით ისე, როგორც მოვემსახურეთ?

მინდა გითხრათ, რომ ჩემი თანამშრომლები ინციდენტის შემდეგაც დაუკავშირდნენ ამ ადამიანებს, მაგრამ როგორც მითხრეს, მათ არაფრის გაგონება არ აინტერესებთ. თავისი აკვიატებული აზრები აქვთ – ასე იყო და ასე მოხდაო.

უკვე მართლა ძალიან უხერხულია მათი ქცევა – პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან. ჩვენ კი ვთვლით, არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რაც მათ ამის უფლებას მისცემდა.

და ბოლოს მონოპოლიაზეც მინდა გითხრათ – მათი თქმით, „თურმე მონოპოლია გვაქვს“. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე. მართალია, ჩვენ ვფლობთ ბათუმში მდებარე რესტორან “სან რემოს”, მაგრამ გოდერძიზე რა პროექტსაც ვახორციელებთ, არანაირი მონოპოლია არ გვაქვს. მხოლოდ ერთ რამეს ვცდილობთ – ჩვენს კუთხეში შევქმნათ ნორმალური სერვისი. ვართ კლიენტზე ორიენტირებული და ნებისმიერი კლიენტი ჩვენთვის არის ფასეული.

ოღონდ საკუთარი ფასეულობებიც გვაქვს და ღირსებაც.

______

„ასეთი უკმეხი დამოკიდებულება არ მინახავს“ – ტურისტი გოდერძიზე მდებარე რესტორანზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: