ბათუმი,მთავარი,სიახლეები

საქართველოს სახელმწიფო კომპანია სერტიფიკატებს რუსული კომპანიისგან იღებს

13.02.2020 • 2544
საქართველოს სახელმწიფო კომპანია სერტიფიკატებს რუსული კომპანიისგან იღებს

ქართული სახელმწიფო კომპანია „საზღვაო ტექსერვისი“, გარკვეული საქმიანობის აღიარების დამადასტურებელ სერტიფიკატებს რუსული კომპანია „რუსეთის საზღვაო ნაოსნობის რეგისტრისგან“ იღებს. კონკრეტულად კი, ამავე კომპანიის შვილობილი შპს-დან – „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“.

„საქართველოში შემოსული გემების უმრავლესობა გახლავთ აღნიშნული რეგისტრის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ. შესაბამისად, გემთმფლობელი კომპანიების და აგრეთვე, საკლასო საზოგადოების [შპს „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“] უმთავრესი მოთხოვნაა, მცურავ საშუალებებზე საჭირო ტექნიკური მომსახურება აწარმოონ ორგანიზაციებმა, რომლებსაც გააჩნიათ მათი საკლასო საზოგადოების აღიარების დამადასტურებელი სერტიფიკატები. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადების შესაბამისად საწარმოს აღიარების სერტიფიკატების საერთო ღირებულება შეადგენს 2 088.6 ევროს“, – აღნიშნულია „საზღვაო ტექსერვისის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ განცხადებაში.

„საზღვაო ტექსერვისის“ ინფორმაციით, „რეგისტრის სერტიფიკატის მინიჭების მომსახურება მოიცავს შემდეგი სახის სერტიფიკატებს: საცდელი ლაბორატორიის აღიარების სერტიფიკატი, შემდუღებლის თეორიული მომზადება და პრაქტიკული საკვალიფიკაციო გამოცდები, მცურავ საშუალებებზე სარემონტო სამუშაოების უფლება, სამაშველო საშუალებების შემოწმების უფლება, კორპუსის სისქის აზომვა გემებზე ნაოსნობის რეგისტრის ინსპექტორის დაკვირვების ქვეშ“.

ამონარიდი რუსული კომპანიის კომერციული წინადადების დოკუმენტიდან

„საზღვაო ტექსერვისი“ რუსული კომპანიისგან აღნიშნული სერტიფიკატების მიღებას ტენდერის გარეშე გეგმავს.

„მოგახსენებთ, რომ შპს „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“ წარმოადგენს ამავე ორგანიზაციის ერთადერთ ფილიალს საქართველოს ტერიტორიაზე და ის არის საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოების ასოციაციის წევრი(IACS). ჩვენს საწარმოს „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოსგან” მოპოვებული აქვს აღიარებისა და შესაბამისობის სერტიფიკატები… შპს „საზღვაო ტექსერვისი“ არის საწარმო, რომლის დაფინანსების წყაროა საკუთარი შემოსავლები, შემოსავლების მიღებისათვის კი საჭიროა საწარმოს მიერ მისი პროფილის მომსახურების გაწევა. დაკვეთების სიმრავლე აისახება, როგორც საწარმოს შემოსავალზე, ასევე სახელმწიფო დივიდენდზე“, – აღნიშნულია „საზღვაო ტექსერვისის“ დირექტორის წერილში.

ქართული კომპანიის განაცხადის მიხედვით, „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“ დაარსებულია უკვე მრავალი წელია და ამ პერიოდისათვის სხვა პირი ან მიზანშეწონილი ალტერნატივა, რომელიც განახორციელებდა მსგავსი საზღვაო საკლასიფიკაციო აღიარების სერტიფიკატების გაცემას, არ არსებობს. მომსახურების გაწევა მოხდება 2020 წლის 18 თებერვლიდან შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბრამდე“.

დოკუმენტების მიხედვით, „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“ 1999 წლის აპრილში, ბათუმშია რეგისტრირებული და მისი დირექტორია სერგო კოტოიანცი. ამ კომპანიის მესაკუთრე კი არის ფედერალური ავტონომიური დაწესებულება რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი [რუსეთის ფედერაცია].

რაც შეეხება „საზღვაო ტექსერვისს“, ისიც ბათუმშია რეგისტრირებული 1998 წელს. დირექტორია სოლომონ ჩხაიძე, ხოლო 100% წილის მფლობელი – საქართველოს სახელმწიფო.

სახელმწიფო „საზღვაო ტექსერვისის“ 100% წილს და კომპანიის კუთვნილ ქონებას, 2019 წელს 2 მილიონ 283 ათას ლარად, უპირობიდ ყიდდა, თუმცა აუქციონი განმკარგავი ორგანიზაციის [სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს] ოფიციალური მიმართვის საფუძველზე შეწყდა.

ამ თემაზე:

სახელმწიფო 2,2 მილიონ ლარად ყიდის კომპანიას, რომელიც ბათუმში 8 835 კვ.მ მიწას ფლობს

ქავერის ფოტო: „რუსეთის საზღვაო ნაოსნობის რეგისტრის“ ოფიციალური დოკუმენტიდან

გადაბეჭდვის წესი