განათლება,მთავარი,სიახლეები

რას უპირებს სამინისტრო მაძიებლებს და პრაქტიკოს მასწავლებლებს

13.02.2020 • 5489
რას უპირებს სამინისტრო მაძიებლებს და პრაქტიკოს მასწავლებლებს

საქართველოში ამ დროისთვის 285 საჯარო და 4 კერძო არაქართულენოვანი სკოლაა. არაქართულენოვან საჯარო სკოლებში 6 798 მასწავლებელი მუშაობს. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აქედან 4 162 მასწავლებელი პრაქტიკოსია, უფროსის სტატუსი კი მხოლოდ 1817 პირს აქვს.

სამინისტროს 2019 წლის მაისის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 33 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელია, ეს ციფრი უმნიშვნელოდ  შემცირდა გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე. თუმცა, ორივე სეზონის გამოცდებზე რეგისტრირებული პედაგოგებიდან  6-6 ათასამდე პედაგოგმა მაინც ვერ გადალახა დაწესებული ზღვარი და ვერ შეიცვალა სტატუსი.

ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება მაინც არაქართულენოვან სკოლებშია – ამ სკოლებში მხოლოდ 71 პედაგოგია წამყვანი, 9 პედაგოგი კი – მენტორი. გარდა ამისა, 739 პირი მაძიებელია.

საქართველოს მთავრობამ ახლახან გამოსცა დადგენილება, სადაც წერია, რომ მასწავლებლად დასაქმებულ პირს იმ შემთხვევაში შეუძლია მათემატიკის, საბუნებისმეტყველო ან მომიჯნავე მეცნიერებების სწავლება, თუ მოპოვებული აქვს სქემით გათვალისწინებული სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა), ან დიპლომში უწერია, რომ იმ საგნის სპეციალისტია, რომელსაც ასწავლის.

როგორ აისახება ამ დადგენილების შინაარსი იმ საჯარო სკოლებზე, სადაც უმეტესად პრაქტიკოსი პედაგოგები ასწავლიან აღნიშნულ საგნებს, შეუქმნის თუ არა ეს ჩანაწერი პრობლემას იმ პირებს, ვინც ამ დრომდე ვერ მოიპოვა უფროსი ან სხვა შემდგომი სტატუსი იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის? და რას აპირებს განათლების სამინისტრო იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობის დადგენილება ყველა პრაქტიკოს პედაგოგს შეუზღუდავს ბრძანებაში დასახელებული საგნების სწავლებას?

ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძეს მიმართა. ეკა დგებუაძე მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების სკოლებთან მიმართებაში აკეთებს მცირე კომენტარს და ამბობს, რომ მუშაობენ პოლიტიკაზე. „განსხვავებული მიდგომაა და ახლა ამას ვამუშავებთ. ძალიან მოკლე ხანში წარმოვადგენთ პრეზენტაციას“, – გვითხრა მინისტრის მოადგილემ.

„ბათუმელები“ შეეცადა უფრო მეტი გაეგო ამ საკითხზე და ეკა დგებუაძეს დამატებითი კითხვებიც დაუსვა, თუმცა მინისტრის მოადგილე მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ეთნიკურ უმცირესობებზე „გარდამავალ დებულებაში წერია“ და სანამ ჩვენ ამ განსხვავებულ პოლიტიკას არ შევიმუშავებთ, ხედვას არ დავდებთ, ჩვენ ამ ადამიანებს (პრაქტიკოს მასწავლებლებს) ხელს არ ვახლებთ და გააგრძელებენ მუშაობას“, – ამბობს დგებუაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, „პედაგოგებმა უნდა იცოდნენ, რას აპირებს სისტემა და ამისთვის უნდა მოამზადოს ისინი. ამიტომ, ამ ადამიანების უფლება იქნება დაცული“.

სისტემაში მიმდინარე ცვლილებები აშფოთებთ მაძიებლებსაც. ერთ-ერთი მაძიებელი რომელიც იმერეთიდან გვწერს ფეისბუკში, ამბობს, რომ მაძიებლებს არ მიეცათ სქემაში ჩართვის შესაძლებლობა, რის გამოც, შესაძლოა მათ საათების პრობლემაც დაუდგეთ.  ის ამბობს, რომ მაძიებლებმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით შესაძლოა აქციაც კი გამართონ.

პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის შეცვლა 2020 წლის ზაფხულში დაგეგმილ საგნობრივ გამოცდაზე შეუძლიათ. სექტემბრიდან კი, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებლის კარიერული წინსვლის ახალი მოდელი ამოქმედდება, თუმცა რას შესთავაზებს საბოლოოდ სამინისტრო პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად, არც ეს დეტალებია ბოლომდე ცნობილი.

 

მთავარი ფოტო: ეკა დგებუაძე/ფეისბუქის გვერდიდან

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/246920/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: