მთავარი,სიახლეები

როგორ არიდებს თავს აჭარის მაუწყებლის დირექტორი საგამოძიებო ჟურნალისტიკას

14.02.2020 • 2369
როგორ არიდებს თავს აჭარის მაუწყებლის დირექტორი საგამოძიებო ჟურნალისტიკას

„აჭარის ტელევიზიის დღევანდელ მენეჯმენტს არ სურს ჰქონდეს საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ტელევიზიის დირექტორი თავს არიდებს ამ პრიორიტეტის შესრულებას…“ – ეს მრჩეველთა საბჭოს წევრის გია ქარცივაძის შეფასებაა მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის  წერილობითი პასუხი მიიღო კითხვაზე: „რა კონკრეტულმა გარემოებებმა განაპირობა ამ დრომდე თქვენ მიერ მაუწყებლის მოქმედი პროგრამული პრიორიტეტების უგულებელყოფა?“

წინა წლებში ჟურნალისტურ გამოძიებას აჭარის ტელევიზიისთვის სტუდია „რეკი“ ამზადებდა. მაუწყებელი ვალდებულია, საგამოძიებო პროდუქტი გარე რესურსებიდან შეიძინოს ტენდერით – ეს მაუწყებელს თავის ბიუჯეტში უწერია. ამის მიუხედავად, წელს ამ მიმართულებით შესყიდვაზე აჭარის ტელევიზიას ტენდერი არ გამოუცხადებია.

როგორც ჩანს, ტელევიზია ამ მიმართულებით ტენდერის გამოცხადებას არც აპირებს – გიორგი კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრს, გია ქარცივაძეს უთხრა, რომ ტელევიზიაში მომზადებული ანალიტიკური სიუჟეტები ისედაც საგამოძიებო ჟურნალისტიკაა.

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს სატელევიზიო პროგრამით – „მთავარი აჭარაში“ მომზადდა და გადაიცა რამდენიმე ვრცელი რეპორტაჟი, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჟანრს განეკუთვნება, მათი საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 45 წუთია…“ – აღნიშნულია გიორგი კოხრეიძის წერილში, რომელიც ტელევიზიის ახალმა დირექტორმა მრჩეველთა საბჭოს წევრს მისწერა.

ნიშნავს თუ არა ეს პასუხი იმას, რომ ტელევიზიის ახალი მენეჯმენტი საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე მუშაობას აღარ აპირებს და გიორგი კოხრეიძე ანალიტიკურ სიუჟეტებს დაარქმევს საგამოძიებო ნამუშევარს?

„აქეთკენ მივდივართ… ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესების, რაზეც ჩვენ ბოლო პერიოდში ეჭვები გაგვიჩნდა,“ – ამბობს ლაშა ზარგინავა, გადაცემა „მთავარი აჭარაში“ წამყვანი და რედაქტორი.

გიორგი კოხრეიძისგან განსხვავებით, ლაშა ზარგინავა მიიჩნევს, რომ მის გადაცემაში გასული სიუჟეტები, მათ შორის ის რეპორტაჟები, რომლებზეც გიორგი კოხრეიძე ოფიციალურ წერილში იშველიებს, არ არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა.

„ვინც არის ჟურნალისტიკაში და იცის მედია, მარტივია იმის გაგება, რომ ეს არის ანალიტიკური სიუჟეტები და არა საგამოძიებო ჟურნალისტიკა. საგამოძიებო ჟურნალისტიკას სხვა რესურსი სჭირდება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს…“ – ამბობს ლაშა ზარგინავა.

მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე, ყურადღებას იმ სამართლებრივ ნორმაზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტების შეუსრულებლობა მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საფუძველია, თუმცა ვალდებულების შეუსრულებლობაზე ჯერ საბჭოს სხვა წევრებთან არ უსაუბრია.

„ამ პასუხიდან [დირექტორის] ერთი რამ ჩანს – მაუწყებელს მცდელობაც კი არ აქვს, რომ ეს პრიორიტეტი შეასრულოს,“ – დასძენს გია ქარცივაძე.

ის გვიყვება, რომ სმენია, თუ რა მიზეზს ასახელებს გიორგი კოხრეიძე ტელევიზიის თანამშრომლებთან, როცა საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესყიდვაზე უარს ასაბუთებს.

„ამბობს, რომ შესაძლოა ისეთმა სტუდიამ მოიგოს, რომელიც იქნება ტენდენციური. მე ამ არგუმენტის არ მჯერა, რადგან შესაძლებელია სატენდერო პირობის წინასწარ განსაზღვრა, რა სახის და ხარისხის პროდუქტს ითხოვს მაუწყებელი. თუ გარე სტუდია ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს და დაარღვევს ჟურნალისტურ ეთიკას, არ ჩაურიცხავ თანხას… თუ ამ პირობას გაწერს მაუწყებელი, რა მნიშვნელობა აქვს: X მოიგებს თუ Y?“ – კითხულობს გია ქარცივაძე.

„ჩვეულებრივი ინტერპრეტაციის საკითხია და ქარიშახალი ჭიქაში. გია ქარცივაძეს სურდა ამბავი აეტეხა და ატეხა ამბავი,“ – გვითხრა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, გიგა ჩხარტიშვილმა.

„გია ქარცივაძის წერილზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ… საგამოძიებო ფილმების წარმოება საკანონმდებლო ვალდებულება გვაქვს და საკითხი, უნდა იწარმოებოდეს თუ არა, არ განიხილება, ეს არის სავალდებულო მოთხოვნა. ჩემი არჩევის დროს მე ჩემს კონცეფციაში განვაცხადე, რომ საგამოძიებო ფილმები უნდა იწარმოებოდეს ტელევიზიის შიგნით და არა „out source“-ზე, ეს მეხსიერება მაუწყებელს უნდა ჰქონდეს, უნდა არსებობდეს საკმაოდ კარგი სტაფი, რომელიც ამას მოამზადებს და თავის გამოცდილებას უნდა უზიარებდეს შემდეგ თაობებს…. როცა გარე სტუდიის მიერ მომზადებულ პროდუქტს უშვებ შენს ეთერში, პასუხისმგებელი ვინაა შემდეგ სარედაქციო სიზუსტეზე? – რა თქმა უნდა, მაუწყებელი,“ – უთხრა გიგა ჩხარტიშვილმა „ბათუმელებს“.

ჩვენ გიგა ჩხარტიშვილს ვკითხეთ, იზიარებს თუ არა მაუწყებლის დირექტორის პოზიციას იმის შესახებ, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჟანრის რეპორტაჟები უკვე გადის სატელევიზიო პროგრამაში – „მთავარი აჭარაში“.

„ვერ გავიზიარებ თქვენს მოსაზრებას, რომ მაუწყებელი ამას ამბობს… როცა მეტყვის მენეჯმენტი, რომ ამას ვაკეთებო, ეს იქნება პასუხი,“ – გვიპასუხა გიგა ჩხარტიშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მრჩევლები ამ საკითხის განხილვას არ აპირებენ იმ არგუმენტით, რომ ახალი მენეჯმენტი „ორი თვეა შეუდგა ვალდებულებების შესრულებას“.

„ბათუმელებმა“ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრებიდან მხოლოდ თამილა დოლიძესთან მოახერხა დაკავშირება.

„უნდა ვისაუბრო ამ თემაზე სამუშაო შეხვედრაზე და შემდეგ გიპასუხებთ… რა თქმა უნდა, უნდა იყოს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ისევე, როგორც საბავშვო გადაცემები,“ – გვითხრა თამილა დოლიძემ.

„2 საათის შემდეგ დამირეკეთ,“ – გვიპასუხა გიორგი კოხრეიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორმა. მის განმარტებას მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

შენიშვნა: აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ გვითხრა, რომ კომენტარს არ გააკეთებს.

მთავარი ფოტო: გია ქარცივაძე და გიგა ჩხარტიშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: