მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია პარიზში ვიზიტზე: სიცრუეა, რომ მერს მეგობრები ახლდნენ ბიუჯეტის ფულით

14.02.2020
ბათუმის მერია პარიზში ვიზიტზე: სიცრუეა, რომ მერს მეგობრები ახლდნენ ბიუჯეტის ფულით

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ ვიზიტზე მერს ახლდნენ მეგობრები, რომლებიც დაფინანსებულნი იყვნენ ბიუჯეტის თანხებით, წარმოადგენს სიცრუეს“, – ასე მთავრდება ბათუმის მერიის მიერ წუხელ გავრცელებული განცხადება. – „ღონისძიებაზე დამსწრე სხვა პირები გამოფენაზე იმყოფებოდნენ საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით. მათი დაფინანსება არ განხორციელებულა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან. მოგიწოდებთ ყველას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“.

საქმე იმაშია, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ ბათუმის მერიასთან პერფორმანსი გამართა და ასე გააპროტესტა მერის და სხვა საჯარო მოხელეების პარიზში ბიუჯეტის ფულით გამგზავრება, სადაც ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართა. საჯარო მოხელეებმა ფეისბუქში გაავრცელეს თავიანთი ფოტოები პარიზის არტ-კაპიტალის საგამოფენო სივრციდან.

ეს ფაქტი აქტიურად განიხილეს სოციალურ ქსელებში. წუხელ გვიან ღამით მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო ორი დღის განმავლობაში ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მიზანმიმართულ, ცრუ კამპანიას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება ბათუმის მერის პარიზში ვიზიტის ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ არტ-კაპიტალის გამოფენაზე ქართული დელეგაციის სტუმრობა და ქართველი მხატვრების მონაწილეობა არის უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისა და რეგიონისთვის. აღნიშნულ გამოფენაში ბათუმელი მხატვრების მონაწილეობა არის ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძისა და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის, აკაკი ძნელაძის ძალისხმევის შედეგი. მხატვრების გამოფენაზე წარდგენისთვის ხარჯები გაწეული იქნა აჭარის კულტურის სამინისტროსა და, ნაწილობრივ, ბათუმის მერიის მიერ. წარმოდგენილი მხატვრების უმრავლესობა იყო ბათუმელი და შესაბამისად, არტ-კაპიტალის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერი ოფიციალურად იქნა მიწვეული აღნიშნულ ღონისძიებაზე. ვიზიტი ასევე მოიცავდა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და სამომავლო გეგმების განხილვას“.

___

ამავე თემაზე:

ბათუმელი ჩინოვნიკები პარიზში გამოფენაზე ბიუჯეტის ხარჯით

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: