8 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისში მცხოვრებ ლევან წ.-ს ავტომანქანის ყაჩაღობის მცდელობისა და ამ ავტომანქანის მძღოლის იძულებისთვის მიუსაჯეს. განაჩენის მიხედვით, ლ.წ.-მ მეგობართან ერთად თბილისში ტაქსის მძღოლი პისტოლეტის ფორმის სანთებელათი დააშინა და დუშეთში წაყვანა აიძულა, შემდეგ კი, ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა და დაზარალებულს მობილურიც წაართვა.
„…ღამის პირველის ნახევარი იქნებოდა, როცა ორი ბიჭი მოვიდა, დუშეთში თუ წაგვიყვან 40 ლარადო,“ – მოუყვა მოსამართლე მაია ოშხარელს დაზარალებული ნოდარ კ., – „ცოტა გზა რომ გავიარეთ, მივხდი მათი საუბრიდან, რომ შეიძლებოდა ფული არ გადაეხადათ. სუპერმარკეტთან გავაჩერე და ვუთხარი, რომ ფული წინასწარ უნდა მოეცათ… ამ დროს ჩემ გვერდით მჯდომი ბიჭი აგრესიული გახდა, ქამრიდან უცებ პისტოლეტი ამოიღო და მითხრა, მოგკლავ, თუ არ წაგვიყვანო. მე ნამდვილი იარაღი მეგონა, შემეშინდა, ვუთხარი, ნუ მომკლავ-მეთქი და გზა განვაგრძე…“
დუშეთში ავიდნენ და ლევან წ.-მ ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ ერთ-ერთ სოფელში მეგობარი უნდა ენახათ. მეგობრის ოჯახში მისულებს არავის უხსენებია ავტომანქანის გატაცება და ის, რომ ტაქსის მძღოლი, რომელიც ასევე მიიწვიეს სუფრასთან, იქ იძულებით იმყოფებოდა.
„…შუაღამე იყო უკვე, მაგრამ მეც შემიპატიჟეს… ღვინის სმა დაიწყეს… მეც ვამბობდი სადღეგრძელოებს, მაგრამ ჭიქა პირთან მიმქონდა და მერე ღვინოს მაგიდის ქვეშ ვაქცევდი, მათ რომ არ დაენახათ… იქ გავარკვიე ამ ბიჭების გვარები.
უკანა გზაზე ლევანმა მითხრა, საჭესთან მე დავჯდებიო. ტყვიას რას გაექცევი, დავთანხმდი… ისე დადიოდა, რამდენჯერმე კინაღამ ავარია გააკეთა. ვუთხარი, მე დამსვი-მეთქი, გინება დამიწყო… მერე მანქანა ჩაქრა და ვეღარ ამუშავებდა. მითხრა, მოდი, აამუშავე, თორემ მოგკლავო და ისევ ამოიღო იარაღი, მემუქრებოდა მოკვლით,“ – აღნიშნა დაზარალებულმა.
ტაქსის მძღოლის თქმით, სიტყვიერი დაპირისპირების დროს გასაღების რგოლიდან ავტომანქანის გასაღების გამოძრობა და გადამალვა მოახერხა, ხოლო ბმულზე მხოლოდ საბარგულის გასაღები დატოვა. მძღოლმა ავტომანქანის ამუშავება ვეღარ შეძლო. ტაქსის მძღოლი ლევანმა და მისმა მეგობარმა მანქანიდან გადმოიყვანეს და ცემა დაუწყეს.
„…თენდებოდა. ამ დროს ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და გამომესარჩლა… მივხვდი, ყურადღება ამ კაცისკენ გადაიტანეს, უცებ დავქოქე მანქანა და სწრაფად წამოვედი, დამრეცი იყო, მანქანის ოთხივე კარი – ღია, გამიკვირდა, როდესაც ოთხივე კარი დაიკეტა. უკვე თითქმის გათენებული იყო… მეეზოვე დავინახე, მასთან გავაჩერე და ვთხოვე, პოლიციის განყოფილება სად იყო. მეეზოვე მანქანაში ჩამიჯდა და პოლიციაში მიმიყვანა,“ – დაასრულა დაზარალებულმა.
„ბრალდების მხარეს არაფერი აქვს ხელმოსაჭიდი,“ – ეს წერილი საქმის განმხილველ მოსამართლეს ბრალდებულმა ლევან წ.-მ მისწერა. ლევანი ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მან სასამართლო სხდომებზე დასწრება არ ისურვა.
ლევან წ.-მ მცხეთის რაიონულ სასამართლოს წერილობით ასევე აცნობა, რომ მის წინააღმდეგ პოლიციელებმა მისი მეგობარი ვ.რ განაწყვეს, „რომელმაც დაადასტურა ისეთი გარემოებები, რასაც ადგილი არ ჰქონია… პირიქით, ორივე ვაქეიფე და ვუმასპინძლე“.
ბრალდებულმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ იმავე საქმეზე პროკურატურა მის მეგობარს არ მიედავა.
სასამართლომ ბრალდებულის მეგობრის ჩვენებაც მოისმინა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრალდებულის მეგობარია, მაგრამ პისტოლეტი მასაც ნამდვილი ეგონა და ამიტომ გაჩუმება არჩია. „მთხოვა, დუშეთში წამყევიო და გავყევი… არ მეგონა, თუ ასე მოხდებოდა…“ – დასძინა მოწმემ.