კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

დაცვა თუ არ შეგვიძლია, ნუ ჩავანაცვლებთ ბეტონით – ფრანგი პროფესორი ბათუმზე

14.02.2020
დაცვა თუ არ შეგვიძლია, ნუ ჩავანაცვლებთ ბეტონით – ფრანგი პროფესორი ბათუმზე

ისტორიკოს ჟაკლინ ხრისტიენის ღია წერილი

_____________________

ისევ ძალიან მესიამოვნა ბათუმის ნახვა. ისევ მოვიხიბლე უნივერსიტეტით, მისი ზღვისპირა ხედებისა და ბულვარის/პარკის ბრწყინვალებით.

დავრწმუნდი ასევე, რომ ქალაქი ვითარდება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ახალი უბნები. სხვათა შორის, ამ შენობების ზოგიერთი ნაწილი მშვენიერია!

მაგრამ, თუ საქართველოს სურს გერმანელი, იტალიელი და ფრანგი ტურისტების მოზიდვა (და თქვენი ქვეყანა უკვე საინტერესო ტურისტულ მიმართულებად მიიჩნევა), უნდა გაუფრთხილდეთ ისტორიულ მემკვიდრეობას! შავი ზღვისპირზეც შესაძლებელია შეგვხვდეს ბაჰრეინის სტილში აგებული შენობები, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია ისტორიული ღირებულებების შენარჩუნება, რადგან დასავლელი ტურისტები ჩამოვლენ არა ცათამბრჯენებისა და კაზინოებისთვის, არამედ ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის სანახავად!

ეს გულისხმობს ქალაქის პირვანდელი, ძველი იერსახის შენარჩუნებას და ამ შენობების მეპატრონეთა მხრიდან ნაგებობების (სულერთია, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო) მოვლის ვალდებულებას. რა თქმა უნდა, მთელი კანონმდებლობაა შესამუშავებელი ისტორიული მემკვიდრეობის დასაცავად.

როცა გვიმართლებს და გვაქვს ეს განძი, საჭიროა გონივრულად მოვუაროთ მას!

ფასადები უსახურდება, ქუჩები ფილებით იფარება, ძველი სახლები ახლებურად რემონტდება. ესეც ცივილიზაციაა! მაგრამ ამ სიმდიდრის დაცვა თუ არ შეგვიძლია, ნუ ჩავანაცვლებთ მათ ბეტონით, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მტვერი და ძალიან სწრაფად ხუნდება.

ეს ვერტიკალური სამყარო არ არის ადამიანური. იმისთვის, რომ ყველამ გაიხაროს, აუცილებელია ადამიანური ნაწილის, იმ ხიბლისა და ცხოვრების სიტკბოს შენარჩუნება, რომელიც ბათუმის სავიზიტო ბარათი იყო. განსაკუთრებით საჭიროა ზღვის სანაპიროების, ამ საზოგადოებრივი სიმდიდრის შენარჩუნება.

გწერთ იმ სამყაროში დაბრუნების იმედით, რომელსაც არც ხიბლი დაუკარგავს და არც ცხოვრების სიტკბო!

____________

ავტორის შესახებ: ჟაკლინ ხრისტიენი ისტორიკოსია, არის პარიზის X (ნანტერის) უნივერსიტეტის პროფესორი, ამჟამად პენსიონერი. რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს. ბოლოს რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა ბათუმში, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „ბიზანტინოლოგია საქართველოში – 5″. უყვარს საქართველო, განსაკუთრებით ბათუმი. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: