რატომ გაიზარდა ნარკოტიკის მოხმარების სტატისტიკა?

ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების სტატისტიკა გასულ წელს გაიზარდა. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ქვეყნის მასშტაბით 10 518 პირი გადაიყვანეს და აქედან 6725 შემთხვევაში ნარკომოხმარება დადასტურდა. აჭარაში 699 შემოწმებული პირიდან 360-ს დაუდასტურეს ნარკოტიკის მოხმარება.

2018 წელს 8625 შემოწმებული პირიდან 4961 ადამიანს დაუდგინეს ნარკოტიკის მოხმარება. ნარკოშემოწმებაზე გადაყვანილი პირების და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კლებადი 2013 წლიდან იყო 2019 წლამდე.

„ზუსტი მიზეზი უცნობია, თუ რას უკავშირდება ზრდა. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სამოქალაქო აქტივობა შეწყდა და ასევე შეჩერდა ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა… რეალურად წინა წლებში ნარკომოხმარებაზე გადაყვანის მაჩვენებელი არაბუნებრივად დაბალი იყო. შესაძლებელია, ხელისუფლება ამ დაბალი მაჩვენებლით ცდილობდა იმის ჩვენებას, რომ თითქოს ნარკოპოლიკა ცვლილებას არ საჭიროებს,“ – ამბობს გურამ იმნაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი.

გურამ იმნაძე მიიჩნევს, რომ წინა წლებში ნარკომოხმარების დადასტურების შემცირება განაპირობა სამოქალაქო აქტივიზმმაც, როდესაც საზოგადოების ინფორმირების ხარისხი გაიზარდა და ცნობილი გახდა, რომ იძულებით ბიოლოგიური მასალის მოთხოვნის უფლება არავის ჰქონდა.

შსს-ს სტატისტიკაში არაა მოცემული, კონკრეტულად რომელი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დადასტურდა 2019 წელს.

  • 2013 – შემოწმებაზე გადაიყვანეს 60 196, დადასტურდა – 22 711
  • 2014 – შემოწმებაზე გადაიყვანეს 50 865, დადასტურდა – 14 005
  • 2015 – შემოწმებაზე გადაიყვანეს 37 503, დადასტურდა – 10 834
  • 2016 – შემოწმებაზე გადაიყვანეს 22 405, დადასტურდა – 8229
  • 2017 – შემოწმებაზე გადაიყვანეს 13 175, დადასტურდა – 6657
  • 2018 – შემოწმებაზე გადაიყვანეს – 8650, დადასტურდა – 4961.

ამ თემაზე:

რამდენმა პირმა თქვა უარი ნარკოტესტირების დროს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი