ბათუმში სასწრაფო დახმარების 6 თანამშრომლის ტესტის პასუხს ელოდებიან კორონავირუსზე

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი, სულ  6 ადამიანი, კარანტინშია გადაყვანილი. მათ შეხება ჰქონდათ ქალთან, რომელსაც დღეს, 7 აპრილს, კორონავირუსი დაუდგინდა.

„ამ წუთას ჩვენი ექვსი თანამშრომელია კარანტინში და უტარდებათ შესაბამისი ტესტირება კორონავირუსზე. ორჯერ იყო ბრიგადა გამოძახებაზე გასული, შესაბამისად ორ ბრიგადას ჰქონდა შეხება პაციენტთან,“ – ამბობს მინდია კახიძე, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენელი ბათუმში.

„ბათუმელების“ კითხვაზე,  არიან თუ არა სასწრაფო დახმარების ბრიგადები სპეციალური ფორმებით აღჭურვილები, მინდია კახიძე პასუხობს რომ კი.

„C დონის აღჭურვა გააჩნია ყველა ბრიგადას. უბრალოდ ეს აღჭურვილობა გამოიყენება გრიპისმაგვარ დაავადებებთან. მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი არანაირ სიმპტომატიკას არ აფიქსირებს, პაციენტებთან სპეცფორმით არ მიდიან. თუმცა ხელთათმანი, ნიღაბი,  სათვალე, ფარი, ყველას აქვს.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ამ პაციენტთან სპეცფორმით არ მისულან და არც უნდა მისულიყვნენ. იმიტომ, რომ ქალბატონმა, როდესაც დარეკა 112-ში, თქვა, რომ არ ყოფილა უცხოეთში, ამასთან არც ტემპერატურა ჰქონდა, არც ხველა, არც სურდო. არაფერი არ უთქვამს ისეთი, რაც ვირუსის სიმპტომატიკასთან იყო დაკავშირებული. ნაღვლის ბუშტის პრობლემა მაქვს, ელენთა მაწუხებსო, ასე თქვა,“ – ამბობს მინდია კახიძე.

მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სხვა კოლეგებთან შეხება არ ჰქონიათ. სასწრაფოს ექიმები გუშინ, 6 აპრილს, გადაიყვანეს კარანტინში. აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი, დღეს, 7 აპრილს, საღამოს გახდება ცნობილი.

გარდა სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა, კარანტინშია კლინიკა “მედინას” რამდენიმე თანამშრომელიც. სასწრაფომ ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სწორედ ამ კლინიკაში მიიყვანა.

ბათუმში COVID-19 დაუდასტურდა ქალს, რომლის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის

ნაგვის პარკები თავზე – რას ჰყვება ექიმი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობს – BBC

ბრიტანეთში კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. საავადმყოფოები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ცდილობენ მოაწყონ შესაბამისად აღჭურვილი გარემო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი კრიტიკული პაციენტებისთვის. ექიმი რეანიმატოლოგი  BBC-სთან საუბრისას  მედპერსონალის, აღჭურვილობისა და მედიკამენტების  დეფიციტზე საუბრობს ანონიმურად, რადგან კლინიკაში საჯარო განცხადებების გაკეთება  ეკრძალებათ.

ექიმი რობერტსი [სახელი შეცვლილია] აღწერს საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებითაა სავსე ინტენსიური თერაპიის განყოფილება. გადადებულია ყველა გეგმიური ოპერაცია ონკოლოგიურ განყოფილებაშიც კი. არ არის პერსონალის საკმარისი რაოდენობა, არასაკმარისია საწოლები, ანტიბიოტიკები და სასუნთქი აპარატები.

დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში ეს მდგომარეობა პანდემიის პიკამდე შეიქმნა, პიკს კი ქვეყანაში აპრილის შუა რიცხვებში ელოდებიან. მედპერსონალი უკვე გრძნობს ამ მდგომარეობის მოსალოდნელ სირთულეებს.

როგორც ექიმი რობერტსი ჰყვება, მედპერსონალი, რომელიც 13-საათიან, უწყვეტ სამუშაო რეჟიმში უვლის პაციენტებს, იძულებულია  ვირუსისგან დაცვის აღჭურვლობა თავად დაამზადოს ნაგვის პარკების, ცელოფნის წინსაფრებისა და მოთხილამურეების სათვალეებისგან. 2-მეტრიანი აუცილებელი სოციალური დისტანცირების მოწოდების პირობებში, ექიმებს ბრიტანეთში პაციენტებთან 20 სანტიმეტრის დისტანციაზე უწევთ კონტაქტი მკურნალობისას, აუცილებელი აღჭურვილობის გარეშე.

ექიმი რობერტსის განყოფილებაში საავადმყოფოს თანამშრომლები დაცვის საშუალებებს თავად ამზადებენ.

„საღად უნდა ვიაზროვნოთ. ინტენსიური თერაპიის პალატის მედდები ატარებენ პროცედურებს, რის შემდეგაც შესაძლოა თავად იქცნენ ვირუსის გამავრცელებლებად. მათ ურჩევენ, გამოიყენონ ჩვეულებრივი ქირურგიული ქუდები, რომლებიც ნახვრეტებიანია და სინამდვილეში არ გიცავს. ეს არასწორია. გვიწევს თავი დავიცვათ ნაგვის პარკებითა და ცელოფნის წინსაფრებით,“- ამბობს ექიმი.

ბრიტანეთის ხელისუფლებაირწმუნება, რომ მომარაგების ეროვნული გუნდი ჯარის დახმარებით დღე-ღამის განმავლობაში მუშაობს აუცილებელი აღჭურვილობებით კლინიკების მოსამარაგებლად.

ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა BBC-ს ასევე აცნობა, რომ პირველ აპრილს  მილიონი რესპირატორი იყო მიღებული, თუმცა არ იყვნენ ინფორმირებულები, რომ სპეციალური ქუდებისა და გრძელმკლავიანი აღჭურვილობის ამგვარი საჭიროება იყო.

ექიმი რობერტსი ამბობს, რომ მის საავადმყოფოს სახელმწიფოსგან არაფერი მიუღია  და ის დამცავი საშუალებებიც, რითაც სარგებლობენ, საეჭვოა:

„დამცავ, რესპირატორულ ნიღბებზე, რითაც ახლა ვსარგებლობთ, შეცვლილი იყო ვარგისიანობის ვადის აღმნიშვნელი ეტიკეტი.

გუშინ ერთი რესპირატორი ვიპოვე, სამი ერთმანეთზე დაკრული იარლიყით. პირველ იარლიყზე ვარგისიანობის ვადა 2009 წლამდე იყო, მეორეზე – 2013-მდე, მესამე იარლიყზე რესპირატორს ვადა 2021 წლამდე ჰქონდა,“ – ამბობს ექიმი.

ფოტო BBC/ექიმი რობერტსი BBC-ის კორესპონდენტს აჩვენებს ნიღბებზე დაკრულ რამდენიმე სხვადასხვა სტიკერს, რომლებზეც ნიღბების ვარგისიანობის სხვადასხვა ვადაა მითითებული

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური აცხადებს, რომ ნიღბები, გამოყენების ვადის სხვადასხვა თარიღის მიუხედავად, ვარგისია და შემოწმებული, რაც საეჭვოა ექიმი რობერტსისთვის. მის კლინიკაში სამი ექიმი დაინფიცირდა კორონავირუსით.

ერთ-ერთ მათგანს, ექიმ რეანიმატოლოგს, შესაბამისი დამცავი სამოსი არ ჰქონდა.

პაციენტების ნათესავებს საავადმყოფოში არ უშვებენ.

„ყველაზე რთული მომენტი დგება, როცა გვიწევს დავურეკოთ კრიტიკული პაციენტის ახლობლებს. ვეუბნებით, რომ მათი ნათესავი კვდება და აპარატს ვთიშავთ, მაგრამ ვერ ვრთავთ მათი მონახულების და გამომშვიდობების ნებას. სხვა დროს, ჩვეულებრივ, პაციენტების ახლობლებს ვეუბნებით, რომ ,,ყველაფერს ვიზამთ, რაც შეგვიძლია“, ბოლო დროს ვგრძნობ, ამის თქმა აღარ გამოვა. ეს იქნება სიმართლე: მე არ შემიძლია ყველას მივცე ვენტილაციის აპარატი, ვისაც სჭირდება, ვეღარც მედდის დახმარების იმედს ვაძლევ ვერავის – ისინი უკვე შესაძლებლობების ზღვარზე არიან. გვეწურება ანტიბიოტიკების მარაგიც და ვერ მივცემთ ვერავის გარანტიას, რომ ჩაუტარდებათ აუცილებელი პროცედურები, რაც მათ დაეხმარებოდა,“ – ამბობს ექიმი.

საპასუხოდ, ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურში ამბობენ, რომ არ აქვთ ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ექიმი დაინფიცირდა კორონავირუსით უშუალოდ სამუშაო ადგილზე და რამდენი გაფორმდა პაციენტად.

როგორც ექიმი რობერტსი ამბობს, მედპერსონალი პანდემიის პიკს ქვეყანაში, იტალიისა და ესპანეთის მაგალითის გათვალისწინებით, დაახლოებით 2 კვირაში ელოდება. მისივე თქმით, თუ ამ პერიოდში ბრიტანეთშიც იმ ტემპით იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ, როგორც ესპანეთსა და იტალიაში, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება.

„ჩვენს დაწესებულებებში პაციენტებისთვის ადგილი მალე აღარ იქნება. ყველა ჩვენი ნარკოზული ანესთეზიის აპარატი, რომელიც მაქსიმუმ 2-3 საათს უნდა მუშაობდეს, გამოურთავად მუშაობს 5 დღის განმავლობაში,“ – ამბობს ექიმი.

რეანიმაციაში დამატებით საწოლებს საოპერაციოებიდან და სხვადასხვა განყოფილებიდან ამატებენ, ეს საშუალებას იძლევა გაორმაგდეს ადგილები კრიტიკული პაციენტების ნაკადის ზრდისას, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად აღარ შეუძლიათ სუნთქვა და ვენტილაციის აპარატი სჭირდებათ. თუმცა საწოლების გაორმაგებული რაოდენობის მიუხედავად საავადმყოფოებში მომზადებული მედპერსონალის რიცხვი იგივეა, რაც იყო.

როგორც ექიმი ამბობს, რეანიმაციის მედდები მაღალკვალიფიციური პერსონალია, ისინი ინდივიდუალურ მეთვალყურეობას უწევენ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ თითოეულ პაციენტს.

„მედდებმა საკუთარი პაციენტების სრული სურათი იციან, თმის ყველა ღერი, ახლა კი საწოლების გაორმაგების პირობებში უწევთ ერთდროულად 4 პაციენტის ინდივიდუალურად მეთვალყურეობა, თან ისე, როგორც ერთს უმკურნალებდნენ. ტირიან. მათთვის ეს ძალიან რთულია. ჩვენი განყოფილების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მედდები არიან, სწორედ მათზეა მთელი დატვირთვა, რასაც ვეღარ უძლებენ,“- ამბობს ექიმი რობერტსი.

მისი მონათხრობის მიხედვით, ტერიტორიაზე, სადაც პანდემიამდე სასწრაფო სამედიცინო მანქანების პარკი იყო, ახლა პაციენტთა მიმღები განყოფილებაა მოწყობილი, სადაც არკვევენ ნამდვილად კორონავირუსის სიმპტომები აქვს თუ არა კლინიკაში მოსულს, სანამ მას საავადმყოფოში შეუშვებენ. ამ „განყოფილებას“ ექიმი მეთვალყურეობს, რომელიც, წესით, ინფიცირებულებს უნდა მკურნალობდეს. ექიმი რობერტსი საავადმყოფოს ამ ნაწილს „სიცრუის დეტექტორს“ უწოდებს:

„ხშირად ადამიანები სიმპტომებს აბუქებენ, რომ უბრალოდ ექიმმა გასინჯოს. ისინი, ვინც სახლში უნდა ისხდნენ, გადაუდებელი დახმარების განყოფილებში მოდიან.

თვითიზოლაცია უმნიშვნელოვანესია. ჩვენი საავადმყოფოს მედპერსონალი არასამუშაო დროს თვითიზოლირდება, რადგან მომატებული რისკის ქვეშ ვართ და შეიძლება ვიქცეთ ინფექციის გადამტანებად.

ძალიან საწყენია ახლა ხალხით სავსე პარკების დანახვა, სავსე მაღაზიები, ისე, თითქოს არაფერი ხდებოდეს. გთხოვთ, დარჩით სახლში!“ – ამბობს ბრიტანელი ექიმი.

7 აპრილის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში Covid 19-ით გარდაცვლილია 5 373 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 52 ათასს აჭარბებს.


მთავარ ფოტოზე: ბრიტანელი ექიმები ნაგვის პარკების თავსაბურავებით/BBC

კორონავირუსი დაუდასტურდა მომღერალს, რომელიც ამბობს, რომ ანალიზს არ უღებდნენ

ბათუმის საოპერო დასის სოლისტს, ნიუ იორკის ლონგ-აილენდის უნივერსიტეტის კონსერვატორიის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტს, აჩიკო გოგიტიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მომღერალი ამბობს, რომ მას ჯანდაცვის მინისტრთან დარეკვა დასჭირდა, რომ მისთვის ტესტი აეღოთ კორონავირუსზე.  აშშ-დან ჩამოფრენის შემდეგ მომღერალი კარანტინში იმყოფებოდა, თუმცა იქედან, სიმპტომების მიუხედავად, სახლში, ტესტის გარეშე უშვებდნენ.

როგორც აჩიკო გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ის ნიუ იორკიდან საქართველოში 24 მარტს გამოფრინდა და ბაქოში ჩავიდა, საიდანაც ის, იზოლირებულად, სპეციალური მანქანით, თელავში, კარანტინში გადაიყვანეს.

„ნიუ იორკში არც კი იგრძნობოდა პანდემია. უნივერსიტეტებიც ძალიან გვიან დაიხურა. ბოლო რეისი გამოფრინდა და კარგია, რომ მოვასწარი გამოფრენა. თვითმფრინავში კი ჰქონდათ სადეზინფექციო საშუალებები და მეც ვიყენებდი, თუმცა აეროპორტში განსაკუთრებული ზომები არ იგრძნობოდა“.

აჩიკო გოგიტიძეს თელავში, კარანტინში ჩამოსვლისას სიცხე 37.5 ჰქონდა.

„ექიმების ინტერვიუებს ვისმენდი და ეს დამეხმარა სიმპტომების გარკვევაში. არც ხველება მქონდა, არც სუნთქვის გაძნელება, არც მაღალი ტემპერატურა, არც ყელის ტკივილი. მაგრამ მეორე დღეს დავკარგე ყნოსვის შეგრძნება. ამის მიუხედავად, მეუბნებოდნენ, რომ სიმპტომები საკმარისი არ იყო და უბრალოდ ემოციების ბრალი იყო.

მეც დავიჯერე, რადგან ექიმის მჯერა, თუმცა როცა კარანტინის ვადა მეწურებოდა, არ მინდოდა გაურკვევლობაში ვყოფილიყავი და მოვითხოვე ტესტის გაკეთება, მაგრამ გაურკვეველი პასუხები მივიღე.

ვეუბნებოდი, რომ ნიუ იორკიდან ჩამოვედი, პანდემიის ზონიდან, რომ მქონდა ყნოსვა დაკარგული, მაგრამ მაინც უარი მითხრეს ტესტზე. საკმარისი სიმპტომი არ გაქვსო. ვუთხარი, პოლიციის ძალითაც რომ გამომიყვანონ კარანტინიდან, სახლში მაინც არ წავალ- მეთქი. ტესტი მაინც არ გამიკეთეს.

კარანტინის დატოვებამდე წინა დღით აჭარის ჯანდაცვის მინისტრს დავურეკე და ავუხსენი ჩემი სიმპტომები. მითხრა, რომ ეს არ იყო სახუმარო ამბავი და რომ ამ ინფორმაციას გადასცემდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს,“ – ამბობს აჩიკო.

იმავე დღეს აჩიკო გოგიტიძეს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე: „ჩემი ეჭვი გამართლდა და ვირუსი დამიდასტურდა. გამოვედი, დამხვდა ორი ექიმი, სრული ეკიპირებით,  რეანომობილით და გადამიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, არადა, სახლში წასასვლელად მამზადებდნენ“.

აჩიკო ამბობს, რომ კარანტინიდან სახლში წასვლის შემთხვევაში მინიმუმ 7 ადამიანის დაავადების მიზეზი გახდებოდა.

„თელავში ჩემს სიძეს უნდა მოეკითხა მანქანით, რაც იმას ნიშნავს, რომ სიძესაც გადაედებოდა ვირუსი, შემდეგ კი ჩემს დას და დისშვილს, ასევე,  დედაჩემს და მამაჩემს. ორი ასაკოვანი ბებია მყავს სოფელში და როგორც „სუფთა“, კარანტინის დატოვების შემდეგ, მათ მონახულებას ვაპირებდი სოფელში. ფაქტობრივად, ვწირავდი ამ ადამიანებს,“ – გვეუბნება აჩიკო გოგიტიძე.

როგორც აჩიკო ამბობს, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, რადგან ექიმების თქმით, მას ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და არ აქვს ქრონიკული დაავადებები. „ფილტვებიც ჯანმრთელი მაქვს და ამისთვის მადლობას ვუხდი საოპერო ხელოვნებას,“ – გვეუბნება მომღერალი.

მისი თქმით, ყველამ შესაძლოა ვერ მოახერხოს მინისტრთან დარეკვა, ამიტომ უფრო მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანებმა, ვისაც სიმპტომების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.

„ვფიქრობ, მსუბუქ ჩივილებსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ახლა კლინიკაში ვარ და მშვიდად ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ან სხვა ადამიანები რომ დამეინფიცირებინა,  როგორ მოვიქცეოდი და რას ჩავიდენდი, არ ვიცი,“ – გვეუბნება მომღერალი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ საკარანტინო ზონას ვერც ერთი ადამიანი ვერ დატოვებს, თუ ერთი სიმპტომი მაინც აღენიშნება.

„გოგიტიძე ვერ დატოვებდა ტესტის გარეშე საკარანტინო სივრცეს, გარწმუნებთ, რადგან აქ ჩართული არიან ექიმები და ეპიდემიოლოგები. ვფიქრობ, მის შემთხვევაში კომუნიკაციის პრობლემა იყო, რადგან ყოველდღიურად უკუკავშირს ვერ ახერხებენ ექიმები ამდენ მოქალაქესთან. როცა გოგიტიძემ დამირეკა, ეს იყო მე-12 დღე, მომიყვა სიმპტომებიც.

ყველა მოქალაქეზე დგება ეპიდემიოლოგიური რუკები, მათ შორის, სამედიცინო რუკა, სადაც ყოველდღიურად იწერება ტემპერატურა და სხვა საგანგაშო ნიშნები. აჩიკოს შემთხვევაში ეს იყო გემოს და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა. 1200 ადამიანი გავუშვით კარანტინიდან, ყველაზე ტესტი არ გაგვიკეთებია, რადგან ცხრილში ივსება სიმპტომები და ერთი ნიშანიც თუ არის ცხრილში ვირუსისთვის დამახასიათებელი, მე-13 დღეს უღებენ ნიმუშს და გოგიტიძე მე-14 დღეს ეწერა ნიმუშის აღების გრაფიკში. უბრალოდ, ეს დეტალი არ იყო მისთვის მიწოდებული და ამან შექმნა პრობლემა,“-ამბობს ზაალ მიქელაძე.

მინისტრის თქმით, დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობა ნიშნავს, რომ შეიძლება ადამიანი გარეგნულად ვერ გრძნობს ნიშნებს, მაგრამ „დროს გააჩნია,“- გვეუბნება ის, „თუ ტემპერატურა მე-7 დღეს აღენიშნება, არ ვიღებთ ტესტს, არამედ გაწერის წინა დღეს ვუღებთ ტესტს და ისე ვაგზავნით სახლში“.

______________________

ფოტოზე: აჩიკო გოგიტიძე, საოპერო მომღერალი. ფოტო: FB

როგორ შეაგროვა ჟურნალისტმა 8600 ლარი 43 ოჯახის დასახმარებლად

მას შემდეგ, რაც  საქართველოში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ათასობით ადამიანი დროებით უმუშევარი დარჩა. რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს გაუჭირდათ.

სწორედ ასეთი ადამიანების დასახმარებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ ფეისბუქზე საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო.

„მახსოვს, ერთ-ერთი ნიუსი გავაზიარე და თან მეუხერხულა, რომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლე. ჩავთვალე, მხოლოდ ნიუსის გაზიარება არ იქნებოდა საკმარისი. ფეისბუქზე სტატუსი დავწერე, დასაქმებულ ადამიანებს ხომ არ გვეცადა, რომ 20-20 ლარი ჩამოგვეჭრა ხელფასიდან. იქვე დავწერე, რომ ვისაც ამის საშუალება არ აქვს, 5-10 ლარი ჩარიცხეთ-მეთქი. თავიდან მეგონა მაქსიმუმ 1000-მდე ლარს შევკრებდით, საბოლოოდ კი 8 600 ლარის შეგროვება შევძელით,“ – ამბობს თეონა თურმანიძე.

თეონა ამბობს, რომ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების ბაზა ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა. ამას გარდა, საკუთარი ძალებით  მოიძია ისეთი ოჯახები, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ. ჯამში 43 ოჯახი. თითოეულ მათგანს  შეგროვილი თანხიდან თეონამ 200 ლარი გადასცა.

თეონას თქმით, რომ არა მეგობრების დახმარება, მარტო არაფერი გამოუვიდოდა. თეონა და მისი მეგობრები, სამი დღის მანძილზე, ოჯახ-ოჯახ დადიოდნენ, ადგილზე ეცნობოდნენ არსებულ სიტუაციას და ამის შემდეგ აძლევდნენ თანხას.

„როდესაც ვარჩევდით ოჯახებს, შერჩევის კრიტერიუმი იყო  ამ ოჯახების შემოსავალი. ავარჩიეთ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები.

ერთ მაგალითს გეტყვით. მივედით ოჯახში, რომელიც კი იყო სოციალურად დაუცველი, მაგრამ ჯამში მათი შემოსავალი თვეში 900 ლარამდე ადიოდა. ასევე ჰყავდათ ძროხა, რომელიც ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას უყიდია მათთვის. ჩვენ ამ ოჯახს თანხა არ მივეცით. სოფელში ვიკითხეთ, ვინ იყო უფრო გაჭირვებული და ვიპოვეთ კაცი, რომელიც სამ შვილთან ერთად უფანჯრო სახლში ცხოვრობს. მათი ყოველთვიური შემოსავალი კი 250 ლარს არ სცდებოდა. თანხა გადავეცით ამ ოჯახს,“ –  ამბობს თეონა.

ასეთ სახლში ცხოვრობდა ერთ-ერთი ოჯახი, რომელსაც ქველმოქმედებით შეგროვილი თანხა გადასცეს

43 ოჯახიდან 7 ოჯახთან ვერ შეძლეს მხოლოდ ადგილზე მისვლა. ამ ოჯახებს თანხა საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხეს.

თეონას თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

„ჩემი ამ წამოწყების შემდეგ ჩემმა სხვა კოლეგებმაც დაიწყეს საქველმოქმედო აქციების ორგანიზება ფოთსა და ზუგდიდში. აჭარის ტელევიზიაში მუშაობს ჩემი კოლეგა ლევან დევაძე. ის თავისი მეგობრების დახმარებით აგროვებს თანხას, პროდუქტებს და მიაქვს გაჭირვებული ოჯახებისთვის. ახლა უამრავი ადამიანია  ძალიან ცუდ დღეში და სანამ შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ,“- ამბობს თეონა.

აქცია ერთჯერადი არ არის და ის გრძელდება. თანხის შეგროვების მეორე ეტაპი 18 აპრილიდან დაიწყება. ამ წუთას საქველმოქმედო ანგარიშზე 667 ლარია. თეონას თქმით, აგროვებს ახალი ოჯახების ბაზას, ვისაც დახმარება სჭირდება, ხოლო უკვე დახმარებული ოჯახებიდან უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ 6 ოჯახს, კიდევ ერთხელ დაეხმარებიან.

„იმდენი გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს… ამ ოჯახების  ბედი და სიტუაცია კორონავირუსის შემდეგაც ასეთი იქნება. ეს ერთჯერადი დახმარება ბევრს არაფერს არ ცვლის, მაგრამ ახლა  მათი დახმარება მნიშვნელოვანია,“ – ამბობს თეონა.

მოზარდებს იზოლაცია განსაკუთრებით უჭირთ, როგორ მოვიქცეთ? – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„სტრესის ჰიგიენაც მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა მოზარდებზე საუბრისას. მოზარდები ახლა ყველა დანარჩენის მსგავსად, იზოლაციაში არიან და შინ, ერთფეროვან გარემოში ყოფნა განსაკუთრებით უჭირთ.

„ბათუმელები“  მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის [ GCRT ] ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტს, მაია ცირამუას ესაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მოზარდებმა იზოლაციის პირობებში დეპრესიისგან და ასევე, ძალადობისგან თავის დასაღწევად.

  • ქალბატონო მაია, სოციალური იზოლაციის დაცვა რამდენად რთულია მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის? რით ხასიათდება ეს სირთულე ზრდასრულების იზოლაციისგან განსხვავებით?

სოციალური იზოლაცია, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებსაც შეეხოთ, რამდენიმე მიმართულებით არის საყურადღებო,  განსაკუთრებით 12- დან 18 წლამდე ასაკის პირებისათვის.

ის  ნეიროფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც ამ ასაკში ხდება, ვერ  ერგება შექმნილ რეალობას. მეტიც, მისი საპირისპიროა.

მაგალითად,  ჰორმონალური ცვლილებების გამო დარღვეულია მოზარდის აგზნება-შეკავების ბალანსი. ის მეტწილად აღგზნებულია, ვერ აკონტროლებს მოჭარბებულ ემოციებს, ვერ აბალანსებს მოზღვავებულ ენერგიას. მოზარდები ნაკლებად ფიქრობენ, სანამ ნაბიჯს გადადგამენ.

მაგალითად, ცნობილია, რომ ამ ასაკში იზრდება დოფამინის ოდენობა (ჰორმონები, რომელიც სიამოვნების შეგრძნებასთან არის დაკავშირებული),  როგორც ლიმბურ სისტემაში (ეს სისტემა ადამიანის ემოციურ რეაქციებზე აგებს პასუხს), ასევე პრეფრონტალურ ქერქშიც და მათი გაზრდილი ოდენობა, აქტივობა, აძლიერებს სარისკო ქცევას. ამავე მიზეზს უკავშირდება ისიც, რომ მოზარდებს იოლად სწყინდებათ, ბეზრდებათ და მუდმივი ლტოლვა აქვთ სიახლეებისკენ, სიამოვნების მიღებისკენ.  მოზარდებს მოჭარბებული ემოციურობა, იმპულსურობა ახასიათებთ, რაც სეროტონინის აქტივაციას უკავშირდება, სწორედ ის იღებს მონაწილეობას გუნება-განწყობისა და ქცევის რეგულაციაში.

მოზარდების ემოციურ ლაბილობას ხშირად იმ ატრაქციონის სახე აქვს, რომელსაც „ამერიკულ მთებს“ უწოდებენ. ასე დეტალურად რატომ განვიხილავთ ამ ყველაფერს? მინდა უფროსებმა კარგად გავიაზროთ, რომ ის სირთულეები, რასაც ვაწყდებით მათთან,  ნორმალური ასაკობრივი მოვლენებია და არა მათი ახირება. და თუ ახლა, იზოლაციის პირობებში კიდევ უფრო გვიჭირს მოზარდებთან ურთიერთობა, ასევე ბუნებრივად და გასაგებად უნდა აღვიქვათ.

მოზარდობის ასაკი რამდენიმე ქვე-პერიოდად იყოფა და ისინი განსხვავებულები არიან ამ დროს. მაგალითად, ადრეული თინეიჯერობა და პრებუბერტატი სხვა ნიშნებით ხასიათდება – ისინი უფრო მოდუნებულები და ინერტულები არიან, რასაც სიზარმაცეს ვეძახით ყოველდღიურ ყოფაში, შედარებით პასიურობით და ჩაკეტილობით გამოირჩევიან. აქ ზუსტი ასაკობრივი ზღვარის მოხაზვა რთულია, რადგან ეს პროცესი ინდივიდალურია, თუმცა დაახლოებით  11-14 წლის ასაკის ადამიანებს მოვიაზრებთ. მათთვის სხვა ნიშნითაა საყურადღებო ფიზიკური და სოციალური იზოლაცია, ისინი შესაძლოა უფრო მოდუნდნენ და გაპასიურდნენ, რაც, ცხადია, ასევე პრობლემურია.

საერთო ჯამში, ფიზიკური და სოციალური იზოლაცია სწორედ მოზარდებისათვის არის დიდი გამოწვევა – სამყაროსადმი, თანატოლებისადმი, მათთან სოციალური ინტეგრაციისადმი ბუნებრივი ინტერესი ითრგუნება. ამიტომ, იზოლაციამ ბევრი დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ემოციურ, ასევე ფიზიკურ დონეზე, მოიმატოს შფოთვამ, აგრესიულობამ, შესაძლოა სახეზე იყოს ფსიქომოტორული მოუსვენრობა (როცა ადგილს ვერ პოულობს მოზარდი) და საბოლოო ჯამში, იზრდება კონფლიქტების რისკიც.

  • რა შეიძლება იყოს ამ დროს რეკომენდაცია როგორც მოზარდებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის? 

არ მინდა, ზოგადი რეკომენდაციებით შემოვიფარგლო. ცოტათი გამაღიზიანებელია, როცა ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეუბნებით – შეინარჩუნე სიმშვიდე! ცხადია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ალბათ ისიც უნდა ვუთხრათ, როგორ გააკეთონ ეს.

ჩვენს ორგანიზაციას აქვს დიდი სურვილი, იკონტაქტოს მოზარდებთან სწორედ ასეთი კონსულტაციების გაწევის მიზნით. ჩვენ მზად ვართ, მოვაწყოთ მათთან ონლაინშეხვედრები სხვადასხვა ფორმატში,  მათი საჭიროებების შესახებ შევიტყოთ და სწორედ ამას მოვარგოთ ჩვენი რეკომენდაციები, სხვაგვარად ეს ყველაფერი სიბნელეში ხელის ცეცებას ემსგავსება: ვიღაცას გუნება-განწყობა დაუქვეითდა, ვიღაცას მაღალი შფოთვა აქვს და საერთოდ ვეღარ კონცენტრირდება, ვიღაცას სომატური ჩივილები გაუჩნდა,  მაგალითად, ხშირად ტკივა თავი, ან შესაძლოა ძილის რეჟიმი დაერღვა, აქ განსხვავებული მიდგომებია საჭირო. ჩვენ შეგვიძლია ამ კონსულტაციებს ინდივიდუალური სახეც მივცეთ და ჯგუფურიც. საბედნიეროდ, ციფრული ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას გვაძლევს.

იქამდე, კი, მინდა, მოზარდებს ვუთხრა, რომ როგორც ფიზიკური კეთილდღეობისთვისაა საჭირო ჰიგიენის დაცვა, ასევე სტრესის ჰიგიენაც მნიშვნელოვანია.

არსებობს რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია.

 არ ღირს მთელი დღე გავატაროთ სერიალების ყურებაში ან ვირუსის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, არც „ჩატში ყოფნაა“ მუდმივად სასურველი, მითუმეტეს, რომ ამ სტრესულ ფონზე ონლაინბულინგის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს ზიანის კიდევ ერთი დამატებითი სფეროა. ამისთვის სასურველია, მართვის სადავეები საკუთარ ხელში ავიღოთ და რაღაც რუტინა შევქნათ, დრო ჩვენს ხელებში მოვაქციოთ, ჩვენ ვაკონტროლოთ. როცა ადამიანს აქვს განცდა, რომ ის აკონტროლებს საკუთარ ქცევას, ეს გარკვეულწილად სტრესის დონესაც ამცირებს.  ამას ძალა  და გამბედაობა სჭირდება, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, თუ მოინდომებს.

მაგალითად, დაყავით  თქვენი დრო, გახადეთ ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი: დაიწყეთ დილა ფიზიკური აქტივობით ან თქვენთვის სასიამოვნო რომელიმე სხვა აქტივობით, საინტერესო და სასარგებლოა, თუ უკვე გამჯდარ ჩვევებს ცოტათი შეცვლით, მაგალითად, დილის რიტუალისას კბილის ჯაგრისს მარცხენა ხელში მოიმარჯვებთ, მარჯვენას ნაცვლად. ასეთი ცვლილებები კონცენტრაციაში და „აქ და ამჟამად“ ყოფნაში გვეხმარება.

დოზირებულად დაუთმეთ დრო: კითხვას, თამაშს, მეგობრებთან ონლაინკავშირს, მუსიკის მოსმენას, მეცადინეობას, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას. შექმენით თქვენს გონებაში სტრუქტურა და გადაანაწილეთ ეს აქტივობები, ან სულაც ჩამოწერეთ და თუ გიჭირთ დროის კონტროლი, გამოიყენეთ ამისათვის შეტყობინების „სიგნალი“ ( ტელეფონის ან მაღვიძარას დახმარებით), ერთი აქტივობიდან მეორეზე პირდაპირ კი არ გადახვიდეთ, გამოყავით ისინი მცირე „ფანჯრებით“, ეს შეიძლება იყოს სხვა ოთახში, სხვა სივრცეში გადანაცვლება, ან რაიმე ფიზიკური აქტივობა, ოღონდ წინა აქტივობისგან თვისობრივად განსხვავებული, მაგალითად, თუ ონლაინგაკვეთილზე იჯექით, ისევ ონლაინსივრცეში კი არ დარჩეთ, მაგალითად,  ინფორმაციის მოპოვებისთვის ან მეგობართან კონტაქტისთვის, არამედ ფიზიკურ აქტივობაზე გადადით. დღის რუტინის ასეთი მონაცვლეობა და სტრუქურა ემოციური ბალანსისათვის მნიშვნელოვანია.

მტკივნეულია შეგრძნებების „გაღარიბებაც“, სულ ერთი და იგივე ვიზუალური, თუ სხვა სახის შეგრძნებები, ამიტომ შეგიძლიათ რამდენიმე ნაცად და სახალისო ხერხს მიმართოთ:

  • აირჩიეთ ერთი ობიექტი და დააკვირდით, თითქოს პირველად ხედავთ, შეისწავლეთ ის, აქციეთ თქვენი აღქმის მთავარ საგნად [ვიზუალური აღმის გააქტიურება]
  • ახლა დააკვირდით ხმებს თქვენ გარშემო, შეისწავლეთ ისინი [სმენის აღქმის გააქტიურება]
  • შეეხეთ საგნის ზედაპირებს, მოსინჯეთ ხელით, თითქოს ხელის შეხებით გინდათ დაინახოთ [ტაქტილური აღქმის გააქტიურება]
  • გემოს შეგრძნების გააქტიურებისთვის კარგია, თუ თქვენთვის საყვარელ გემოს გადააქცევთ აღქმის საგნად, მაგალითად, ფორთოხლის გემოს მთელი სიცხადით შეიგრძნობთ
  • მნიშვნელოვანია, ყნოსვის გააქტიურებაც – დააკვირდით სუნებს თქვენ გარშემო, მოაქცეთ ის თქვენი ყურადღების ცენტრში

შემდეგი სავარჯიშო დაგეხმარებათ ისწავლოთ კონცენტრაცია და იყოთ „აქ და ამჟამად“.  ამ დროს ისეთი დოზით კონცენტრირება გჭირდებათ, რომ აუცილებლად გააქტიურებთ და საქმეში ჩართავთ იმ უნარებს, როლებიც „დაჩლუნგებულია“ იმის გამო, რომ შფოთავთ და მოუსვენრობთ, ან სულ ვირტუალურ სივრცეში ხართ,  ან თქვენი გონება სადღაც დახეტიალობს და უნებლიეთ შემოჭრილი ფიქრები „თავს არ განებებთ“:

გააყოლეთ თვალი  თქვენს ოთახში ან ფანჯრიდან დანახულ სივრცეში მოთავსებული საგნის  კონტურს [მის კიდეს],  ძალიან ნელა გააკეთეთ ეს  და ამავე დროს ერთი უწყვეტი ხაზით მოხაზეთ ფურცელზე ობიექტის კონტური ისე, რომ თავად ობიექტს თვალი არ მოაშოროთ.

ეს ძალიან მცირედი ნაწილია, უამრავი ასეთი ტექნიკა არსებობს, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ და შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენს ონლაინშეხვედრებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ არ დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობა, ნებისმიერი რამ, რაც სხეულს „გააცოცხლებს“, კარგად მუშაობს: ხტუნვა, ცეკვა, ვარჯიში, იოგა და ა. შ.

  •  მშობლებზეც გვითხარით, მათ რა უნდა გააკეთონ, რომ უფრო იოლად შეძლონ შვილებთან ურთიერთობა? 

რაც შეეხება მშობლებს, ისინი ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან. მათ უამრავი საზრუნავი აქვთ და შესაბამისად, სტრესის დონეც მაღალია. შეიძლება, ახლა კიდევ უფრო გაუჭირდეთ მოზარდ შვილებთან საერთო ენის პოვნა, რადგან, როგორც უკვე ვთქვით,  ფიზიკური და სოციალური იზოლაცია მოზარდისთვის სერიოზული სტრესული მოვლენაა.  შესაბამისად, იზრდება კონფლიქტებისა და ძალადობის რისკები, ამიტომ პრევენციულად მინდა ვუთხრა მშობლებს დასჯის ნეგატიურ მხარეებზე:

  • დასჯამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ქცევის დროებით მოგვარება, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში ქცევა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს;
  • დასჯის ხშირი გამოყენება უბიძგებს მოზარდს გაქცევისაკენ, დამალვისაკენ; მოზარდებმა, რომლებმაც იციან, რომ არასასურველი ქცევისთვის დაისჯებიან, ცდილობენ ეს ისე გააკეთონ, რომ სხვამ არ გაიგოს, დამალონ ან მოიტყუონ;
  • დასჯამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრაზი, რომელიც უბიძგებს მოზარდს გააკეთოს უარესი; ასევე,  გამოიწვიოს ძლიერი შიშის, შფოთვის რეაქციები და  სირცხვილის განცდა;  ასეთ შემთხვევაში მოზარდები სწავლობენ ქცევის შიშითა და სირცხვილის განცდით რეგულირებას და ვერ იაზრებენ არასასურველი ქცევის შედეგებს;
  • აგრესიული, დასჯაზე ორიენტირებული ქცევის ხშირი გამოყენების შემთხვევაში მოზარდი სწავლობს აგრესიულ ქცევას და ამიტომ აღარ გაგიკვირდეთ, თუ ის თქვენს ან სხვა ადამიანების მიმართ კომუნიკაციის იგივე ხერხს იყენებს.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არსებობს უამრავი კომუნიკაციური ბარიერი, რაც მოზარდს უფრო გვაშორებს და ურთიერთობას გვირთულებს, მაგალითად, მათზე ცუდად აისახება:  ჭკუის დარიგება, მორალის კითხვა, დადანაშაულება, დამუქრება, მომთხოვნი, დირექტიული კომუნიკაცია… ასეთი ურთიერთობა ბავშვს აძლევს მესიჯს, რომ ის ცუდია, უვარგისია, პატივისცემას არ იმსახურებს, არ ენდობიან და ა. შ. რაც აგრესიას ზრდის, ამას გარდა, ასეთი დამოკიდებულება ძალადობრივია, რადგან ნებისმიერი ქმედება, რომელიც მეორე ადამიანს ღირსებას ულახავს და მორალურად აზიანებს, ძალადობაა.

მნიშვნელოვანია მშობელმა იფიქროს საკუთარ ემოციურ ბალანსზეც. გასაგებია, რომ მოზარდის გარკვეული ქცევა გვაბრაზებს, გვასევდიანებს, გვაფორიაქებს, მაგრამ ჩვენი ემოციური პასუხები მათ ქცევაზე კომუნიკაციას უფრო ძაბავს. პრობლემა არაა იმაში, რომ ვბრაზდებით. მთავარია, რომ მისი მართვა შევძლოთ. თუ გაბრაზდით,  თქვენ შეგიძლიათ უთხრათ შვილს, რომ გაბრაზებული ხართ, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ მას ღირსება არ შეულახოთ და არ გამოიყენოთ ის „მეთოდები“, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ – ამ დროს შეგიძლიათ თამამად თქვათ, რას განიცდით, ოღონდ აღწერეთ გარემოებები, რის გამო ხართ ასე, სხვაა, როცა ბავშვს ეუბნები – „როგორ ბედავ ჩემს მოტყუებას, ეს აღარ გამეორდეს!“  და სხვა ტიპის კომუნიკაციაა, როცა ეუბნები -„ მე  ვბრაზდები და მწყინს,  როცა  ვხვდები, რომ ტყუილს ამბობ, მნიშვნელოვანია,  რომ სიმართლე ვიცოდე“.

მოზარდთან კომუნიკაცია ერთგავრი ხელოვნებაა. მათთან ხშირად პარიტეტული ურთიერთობა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე დომინანტური და მკაცრი. მათ აუცილებლად სჭირდებათ გარკვეული წესები და შეზღუდვები, მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ თანამშრომლობითაა შესაძლებელი.

  • მოზარდების გაჯეტებთან მიჯაჭვულობა აქამდეც იყო მშობლების წუხილის საგანი. დღეს რა იცვლება, როცა სწავლებაც კი ონლაინრეჟიმში გადავიდა?

გაჯეტებზე მიჯაჭვულობა ალბათ ყველაზე დიდი თავსატეხი იქნება ჩვენთვის – მშობლებისთვის, სპეციალისტებისთვის, როცა ეს კრიზისი გაივლის. აქამდეც საკმაოდ გავრცელებული პრობლემა იყო და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დავდექით.

ახლა ვირტუალური სივრცე შეიძლება ბავშვისთვის დეზადაპტაციური გამკლავების გზა აღმოჩნდეს  და აქ „შეაფაროს“ თავი, სწორედ იმ პრობლემების გამო, რასაც იზოლაცია იწვევს. რატომ? იმიტომ, რომ ვირტუალური სივრცე მას არსებული რეალობიდან გაქცევის გზას აჩვენებს, აქ არაა „კორონა“ და მთელი ეს ეიფორია, აქ მათ „სოციალიზაციის“ საშუალება აქვთ, რადგან აქ არიან თანატოლები, უამრავი ბავშვია დღეს ჩართული ონლაინთამაშებში, აქ თავგადასავალიცაა, აქ შეიძლება გარისკვა, აქ შეიძლება სწორედ იმ დეფიციტის შევსება, რაც აქვთ შეზღუდვებით, აქაა „ადრენალინი“, რაც შედეგად სიამოვნების ჰორმონებით „აჯილდოვებთ“. აქაა ყველა „სარგებელი“, რაც უქმნით ილუზიას, რომ უმკლავდებიან და აქაა „კონტროლისა და ბედნიერების“ ილუზია, ამიტომ ეს დიდი სატყუარაა!

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში პირდაპირ  წერია – „ნუ მიაძიძავებთ თქვენს შვილებს ვირტუალურ სივრცეს“, მაგრამ აქ ხშირად მშობელი უძლურია და ხშირად ბავშვიც საკმაოდ ამბივალენტურ მდგომარეობაშია. ზოგჯერ მათ იციან, რომ ასე არ ვარგა, მაგრამ აღარ აქვთ ძალა, თავი დააღწიონ მონსტრს, რომელიც მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას განადგურებით ემუქრება.

  • თქვენი ინფორმაციით, რა ხდება აზარტული თამაშების კუთხით – მოზარდების ნაწილი ონლაინთამაშებზეა დამოკიდებული. 

შორეულ პერსპექტივაში თუ შევხედავთ, ჩვენ ძალიან დიდ მაჩვენებელს მივიღებთ მოზარდთა თამაშზე დამოკიდებულებისა და დანაშაულის თვალსაზრისით, თუ დღესვე არ დავიწყებთ პრევენციაზე ზრუნვას. დღეს, როცა ყველა სავაჭრო, გასართობი ობიექტი დაიკეტა, საინტერესოა, რა ხდება ონლაინსლოტ – კლუბების თვალსაზრისით. მგონი, რომ ეს ერთადერთი ობიექტია, რაც ძველებურად მუშაობს. ბევრი მოზარდი თამაშობს დღეს ფულზე და ეს სრულიად უკონტროლოა. გვახსოვს, ალბათ, თამაშზე დამოკიდებულების თვალსაზრისით როგორი სერიოზული პრობლემები გვქონდა და გვაქვს. აქ მშობლების მარტო დატოვება არ შეიძლება. სახელმწიფომ ამაზე უნდა იფიქროს დაუყონებლივ.

დღეს ამ მიმართულებით ერთადერთი სერვისი მახსენდება, რომელიც კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას – კლუბი „სინერგია“, რომელიც თბილისისა და აჭარის რეგიონში მოქმედებს და დამოკიდებულების პრობლემებზე მოზარდებთან მუშაობს. კარგია თუ მშობლები ამ რესურსს გამოიყენებენ და კვალიფიციური სპეციალისტებისაგან მიიღებენ რეკომენდაციებს, როგორ დაეხმარონ ბავშვებს დამოკიდებულების პრობლემის გადაჭრაში.

  • რა შეგიძლით უთხრათ მოზარდს, რომელიც მშობლისგან ხდება სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი? ვის შეიძლება ისინი დაუკავშირდნენ? 

იზოლაცია ზრდის ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკებს. უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემით გვიკავშირდებიან. ბევრი ქალი, ბავშვი, მოხუცი აღმოჩნდა ამ სიტუაციის გამო პირისპირ მოძალადესთან.

ბავშვის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო სარისკოა, რადგან, როგორც ვიცით, ჩვენს საზოგადოებაში ბავშვთა მიმართ ძალადობა ნორმალიზებულია.

თუ დღეს რომელიმე სახლიდან ბავშვის ტირილის ხმა გამოდის და ამას თან ერთვის მშობლის ყვირილიც, ძალიან ბევრი ჩვეულებრივ ამბად იღებს – „ალბათ ცუდად მოიქცა და იმიტომ“; „ ამ ბავშვებს სხვა ენა არ ესმით და იმიტომ“, „მშობელია და შვილს როგორც უნდა ისე მოექცევა“  და ა. შ. იმედია, ჩვენს ამ ინტერვიუს მოზარდებიც კითხულობენ და მათ მინდა მივმართო:

ამ ქვეყნად არავის, მათ შორის, არც მშობელს არ აქვს უფლება, ბავშვს ფიზიკურად შეეხოს: სცემოს, თმაზე მოქაჩოს, კუთხეში დააყენოს, ყური აუწიოს და მიაყენოს ფიზიკური ან სულიერი ტკივილი, მაგალითად, დაშინებით, შანტაჟით, მუქარით, დამცირებით, დაცინვით და ღირსების შელახვით. პირველ რიგში, მშობელია ვალდებული გაუფრთხილდეს თქვენს ჯანმრთელობას და ემოციურ ცხოვრებას, თუ თქვენ ასეთ ძალადობრივ გარემოში ხართ, აუცილებლად მოგვაწვდინეთ ხმა, მოგვწერეთ ჩვენი ორგანიზაციის  Facebook -ის გვერდზე  ან დარეკეთ 112 – ზე. იგივე თხოვნა გვექნება ქალებთანაც, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები არიან.

მინდა, ასევე მოვუწოდო საზოგადოებას, გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა და გულისხმიერება და ნუ დატოვებენ ბავშვებს განსაცდელში.

____

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაცია – სუდოს“ დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია batumelebi.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

“მედინას” რამდენიმე თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს – კლინიკა მუშაობას აგრძელებს

კლინიკა „მედინას“ რამდენიმე თანამშრომელი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. მიზეზი პაციენტია, რომელსაც სამედიცინო მომსახურება კლინიკაში გაუწიეს და მას მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

„პაციენტმა მომართა ჩვენი კლინიკის ენდოსკოპისტს, შემოსვლისთანავე  შეიკრიბა ანამნეზი, სადიაგნოსტიკო საშუალებებითა და ანამნეზით მიღებული შედეგით ივარაუდეს, რომ არის კოვიდინფიცირებული. პაციენტი მაშინვე გადაყვანილი იქნა პროფილურ კლინიკაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ქაჯაია.

მისივე თქმით, ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ პაციენტთან, საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

„რა თქმა უნდა,  კლინიკა პაციენტის შემოსვლის მომენტიდან მზად იყო ასეთი პაციენტის მისაღებად, სრულად ითვალისწინებდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს. უკვე სათანადოდ დამუშავდა კლინიკაში ყველაფერი და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,“ – ამბობს კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ქაჯაია.

ბათუმში COVID-19 დაუდასტურდა ქალს, რომლის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის

როგორ ტარდება ონლაინგაკვეთილები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ონლაინგაკვეთილები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა ქართული სკოლებისთვის. მიუხედავად გამოცდილების ნაკლებობისა, მასწავლებლების უმრავლესობა ამბობს, რომ სხვადასხვა სახის სირთულის მიუხედავად, ონლაისწავლებას ალღო აუღო, მაგრამ როგორ უტარდებათ ონლაინგაკვეთილები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს? –  ამ საკითხზე „ბათუმელები“ ორ სპეცმასწავლებელს ესაუბრა.

ლალი ჯაფარიძე ბათუმის მე-4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლებში ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე [სსმ] მოსწავლეებს. ლალი ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი და განათლების სახლის ტრენერიცაა.  მისი თქმით, ონლაინსწავლება საკმაოდ მოხერხებული გამოდგა, რადგან  ინტერნეტრესურსებს ისედაც ხშირად იყენებს სასწავლო პროცესში.

„თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არა მშობლების ჩართულობა, მაინც გაგვიჭირდებოდა ონლაინმუშაობა. მახინჯაურის საჯარო სკოლაში 5 სსმ მოსწავლე მყავს, მე-4 საჯარო სკოლაში კი – ცხრა. მახინჯაურის სკოლის მოსწავლეებიდან ოთხი მინდობით აღზრდაშია. მიმღები მშობლები ძალიან მეხმარებიან ამ პროცესში და ვფიქრობ, რომ კარგი შედეგები გვაქვს,“ – გვითხრა მან.

როგორც ლალი ჯაფარიძე ამბობს, სასწავლო რესურსების მოძიებაში ეხმარება ფეისბუქგვერდი ინკლუზიური სწავლების ეფექტური და ხარისხიანი სწავლება, სადაც ბევრი სასწავლო რესურსის მოძიებაა შესაძლებელი.

„პატარა ჯგუფები გავაკეთე, 3-3, 4-4 ბავშვი შემომყავს ონლაინგაკვეთილებზე და ვმუშაობთ. ვაწვდი დავალებებს, გვაქვს კითხვა-პასუხის რეჟიმი, ონლაინპროგრამები იძლევა იმის საშუალებას, რომ წარწერები გავუკეთო ნამუშევარზე და ვფიქრობ, უფრო სახალისო გამოდის პროცესი. ჩვენ სსმ მოსწავლეებთან ისედაც თამაშით ვახერხებდით შედეგებზე გასვლას, ამიტომ ეს ფორმატიც მეხმარება, რომ გარკვეული შედეგი მივიღო,“ – ამბობს ლალი ჯაფარიძე.

მისი თქმით, ცხრა მოსწავლიდან მხოლოდ ერთ მოსწავლეს ვერ ეკონტაქტება ონლაინ, რადგან მოსწავლე სოფელში წაიყვანეს მშობლებმა და იქ ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

„ამ მოსწავლესთან სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს. ვუხსნი გაკვეთილებს ტელეფონით და ვაწერინებ. სმენის არმქონეებთან ნაკლები პრობლემა გვექმნება, რადგან მიმოწერა გვაქვს და ონალინფორმატი მათთვისაც მოსახერხებელია.

მოსწავლეებს ვურჩევ ფილმებს, მულტფილმებს, ვცდილობ  5-6-წუთიანი მულტფილმები იყოს,  რომ ონლაინჩართვის დროს გვქონდეს კითხვა-პასუხის რეჟიმიც,“ – გვიყვება ლალი ჯაფარიძე. მისი თქმით, ონლაინგაკვეთილები კვირაში სამჯერ უტარდებათ მოსწავლეებს და ეს საკმარისია.

ლალი ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე მოსწავლეს, რომლებსაც არ აქვთ კარგად განვითარებული კომპიუტერული უნარები, სასწავლო რესურს უბეჭდავს და ისე აწვდის „სანიტარული წესების სრული დაცვით“.

„ჩემი მოსწავლეები აქტიურად მყავს ჩართული არაფორმალურ განათლებაში, აპრილსა და მაისში ბევრი აქტივობა გვქონდა დაგეგმილი, მათ შორის, ჟესტური ენის უფასო კურსებზე უნდა გვევლო, თუმცა პანდემიის გამო ეს აქტივობები შეგვეზღუდა.

ამ გამოწვევებმა ასევე გვაჩვენა ისიც, რომ სამომავლოდ ძალიან  ბევრი სურდო თარჯიმანი გვჭირდება, მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის კი გვჭირდება ბრაილის შრიფტის მცოდნეები, რაც დღეს ბევრი არ გვყავს, სამწუხაროდ,“ – გვეუბნება ლალი ჯაფარიძე.

მერი ჩიმაკაძე ბათუმის #3 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელია. მისი თქმით, ონლაინსწავლების დროს ყველაზე რთული მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობა აღმოჩნდა.

„მხედველობის დარღვევის მქონე სამიდან ორ მოსწავლეს აქვს აკადემიური მოსწრება და სრულად ჩართულია სასწავლო პროცესში. ვინც სოფელში წავიდა, მათთან სატელეფონო კომუნიკაცია გვიწევს და პრობლემაა ის, რომ არ არიან მიჩვეული დამოუკიდებლად მუშაობას, უფრო მეტი მობილიზება უწევთ დავალებებზე, რადგან შეცდომები თვითონ უნდა დაინახონ და გაასწორონ. რა თქმა უნდა, მშობელიც უნდა დაეხმაროს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებლად სწავლა,“- გვეუბნება მერი ჩიმაკაძე.

მასწავლებლის თქმით, იმისთვის, რომ მოსწავლემ დავალებები გააკეთოს, ხშირად უწევთ სოფელში ბრაილერის  გაგზავნა, რომ მოსწავლემ დავალებები ამობეჭდოს: „როცა დავალებებს შეასრულებს, შემდეგ მშობელი იწერს ვიდეოს და გვიგზავნის“.

მერი ჩიმაკაძე ამბობს, რომ მას, როგორც სპეცმასწავლებელს, სხვა პედაგოგებთანაც უწევს მუშაობა, რადგან მათ შეძლონ მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვების დავალებების გასწორება.

„მასწავლებლებმა ვერ აითვისეს ბრაილი ადვილად, ამიტომ, რომ გაიგონ როგორ დაწერა ბავშვმა, მე მიწევს ზემოდან კალმით გადავაწერო ასოები და ასე ვაწვდი სხვა საგნის მასწავლებლებს“.

მერი ჩიმაკაძის თქმით, ბოლო პროცესებმა გვაჩვენა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნოს სკოლამ იმაზე, რომ სსმ მოსწავლეებმა კომპიუტერული უნარები გაიუმჯობესონ.

___________________________________

მთავარი ფოტო: ლალი ჯაფარიძე და მერი ჩიმაკაძე/სპეციალური მასწავლებლები

ყველამ უნდა მოიხადოს ეს ვირუსი, ეს მოსახდელი დაავადებაა – ლევან რატიანი

ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსტეტო კლინიკის დირექტორი

_________________

„როგორც ჩემთვისაა ამ ეტაპამდე უცნობი, ასევე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისათვის სამყაროში არის უცნობი ამ ვირუსის სტრატეგია. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთი რაღაც, რომ ეს მოსახდელი დაავადებაა, ეს ყველამ აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ. 80 პროცენტი -აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი კი მოვიხდით საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით.

იცით, ბცჟ ვაქცინაციის შესახებ, როგორი ბუმია სამყაროში. ალბათ ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ძალიან დიდი იმედია, რომ ჩვენ ქვეყანა [ვინაიდან ბცჟ ვაქცინაცია ჩატარებულია] მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას.

რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს. ეს არის ინდივიდუალური. მოგეხსენებათ, ესაა ინფექციური პათოლოგია, რომელსაც ახასიათებს ორი რამ: შეიძლება ვიყოთ მატარებელი და არ ვიყოთ დაავადებული, ამიტომ გააჩნია ორგანიზმს რა განწყობა გააჩნია, ყველაფერი არის ინდივიდუალური.

სულ ვუყურებ გადაცემებს, ვუყურებ ყველა მეცნიერს და ვეკონტაქტები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, ვინც ამ დაავადებასთან ბრძოლაში მონაწილეობს და სწავლობს მის ბიოქომიას და მოლეკულურ მექანიზმებს და ყველა იძახის, რომ დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია ორ რაღაცაზე: პირველი, ეს არის სომატური პათოლოგია, მეორე – ეს არის ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ ვიყოთ, რაც შეიძლება კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე“.

___________________

 

მეზღვაურთა საბუთებისა და სამედიცინო მოწმობების მოქმედების ვადა გააგრძელეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 6 აპრილის ბრძანებით, მეზღვაურთა საბუთების და სამედიცინო მოწმობების მოქმედების ვადა 6 თვით გაგრძელდა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის [COVID-19] გავრცელების პრევენციისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო იქნა მიღებული.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანების მიხედვით:

[checklist]

  • ყველა მეზღვაურის საბუთი (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი), რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 6 თვით. აღნიშნული ვადის გაგრძელებით სარგებლობს ყველა სერტიფიკატის მქონე მეზღვაური სააგენტოზე ოფიციალურად მომართვის გარეშე.
  • ყველა გემზე მყოფი მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც ამოიწურა  2020 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ, ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 6 თვის ვადით. აღნიშნული ვადის გაგრძელებით სარგებლობს მეზღვაური სააგენტოზე ოფიციალურად მომართვის გარეშე.

[/checklist]

ამავე ბრძანებით, მეზღვაურებს, რომელთა კომპეტენციის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მოქმედების ვადა ეწურებათ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მოქმედებს COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები და რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ან დარეგისტრირდებიან სერტიფიკატის გასაახლებლად საჭირო კურსებზე სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრში [რომლის ჩატარებაც შეიზღუდა კორონა ვირუსის COVID-19 გამო], შეუძლიათ სერტიფიკატის გასაახლებლად გააკეთონ განაცხადი ჩვეულებისამებრ 2020 წლის 22 აპრილიდან.

„სააგენტო ყველა ასეთ მეზღვაურზე გასცემს შეაბამისი ვადიანობის სერტიფიკატებს, კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ასეთი უფლებით სარგებლობისთვის მეზღვაური ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომ იგი დარეგისტრირებულია შესაბამის საწვრთნელ ცენტრში, შესაბამის საწვრთნელ კურსზე.

ადმინისტრაციული წერილი, რომელიც გაიცემა ყველა ასეთ სერტიფიკატზე, დაადგენს ვალდებულებას, რომ მართვის/ექსპლუატაციის დონის მეზღვაური სერტიფიკატის გაცემიდან 6 თვის ვადაში, ხოლო რიგითი შემადგენლობა 9 თვის ვადაში, ვალდებულია გაიაროს შესაბამისი საწვრთნელი კურსი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, წვრთნის გაუვლელობის შემთხვევაში, გაცემული სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება,“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

ამასთან, საზღვაო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ეს პირობები არ ეხება იმ მეზღვაურებს, რომელთა სერტიფიცირებაც ხორციელდება შესაბამის თანამდებობაზე პირველად.

აღნიშნული ბრძანება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრ სახელმწიფოებში დაიგზავნება IMO-ს სამდივნოს მეშვეობით.

ამ თემაზე:

მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და საკვალიფიკაციო გამოცდები შეჩერდა 

აჭარაში კორონავირუსის შიდაგადაცემა დაფიქსირდა – „დაიცავით სოციალური დისტანცირება“

დღეს, 7 აპრილს,  ცნობილი გახდა, რომ აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს, რომლის ინფიცირების წყაროც ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„მოვუწოდებ ყველას, დაიცვას უსაფრთხოება, დაიცვას სოციალური დისტანცირება, მოარიდოს თავი ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დაყოვნებას, აუცილებლად გამოიყენოს ნიღაბი, სპირტიანი და სადეზინფექციო ხელის ხსნარები. და სოციალური დისტანცირება ისევ და ისევ, თითოეული ჩვენგანი არის პასუხისმგებელი საკუთარი და სხვების ჯანმრთელობაზე,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ მთელს აჭარაში იქნებიან ისეთი პირები, რომელთა ინფიცირების წყარო ვერ იქნება დადგენილი და იდენტიფიცირებული, ამიტომ თითოეული პირი უნდა შეეცადოს საკუთარი თავის დაცვას, სოციალურ დისტანცირებას და მორიდებას სხვა პირებთან ურთიერთობისას.

ვრცლად ამ თემაზე: 

ბათუმში COVID-19 დაუდასტურდა ქალს, რომლის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის

ბათუმში COVID-19 დაუდასტურდა ქალს, რომლის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის

დღეს, 7 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევის შესახებ.

„კლინიკა „მედალფაში“ გვაქვს 10 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ერთი, 60 წლამდე პირი, რომლის იდენტიფიცირება მოხდა წუხელ, გვიან ღამით. ახლა მიმდინარეობს ეპიდკვლევითი სამუშაოები, კონტაქტების მოძიება.

აღნიშნული პირის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული, მიდის აქტიური მოძიება. განვმარტავ, ზოგადად კონტაქტად ითვლება ის პირი, რომელსაც სიმპტომების გამოვლენამდე, 48 საათის განმავლობაში ჰქონდა დაუცველი შეხება აღნიშნულ ქალბატონთან 15 წუთი და მეტი ხნის განმავლობაში.

ეს ქალბატონი გახლავთ ბათუმში მცხოვრები, მან გასული ორი დღის განმავლობაში მიმართა ორ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას, მას არ ჰქონდა კორონავირუსისათვის დამახასიათებელი ცხელებით რესპირაციული ჩივილები, ის აღნიშნავდა მხოლოდ მუცლის ტკივილს და დიარეას. ეჭვის მიტანის შემდეგ გადაყვანილი იქნა კლინიკა „მედალფაში“ დიაგნოსტიკისათვის, სადაც შემთხვევა დადასტურდა,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ქალი იმყოფებოდა, 5 პირი კარანტინში იმყოფება, ორი კი – თვითიზოლაციაში. ეს ის პირები არიან, რომლებიც არ იყვნენ ეკიპირებულნი.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ინფიცირებული ქალი ბათუმში არ ცხოვრობს კორპუსში, ის გასული ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ქალს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ჩვენ ამის მოლოდინი უკვე გვაქვს, მთელს აჭარაში გვეყოლება ისეთი პირები, რომელთა ინფიცირების წყარო ვერ იქნება დადგენილი და იდენტიფიცირებული, ამიტომ თითოეული პირი უნდა შეეცადოს საკუთარი თავის დაცვას, სოციალურ დისტანცირებას და მორიდებას სხვა პირებთან ურთიერთობისას.

ჩვენ მოსალოდნელი მატება, რა თქმა უნდა, გვექნება, ვერ ვიქნებით გამონაკლისი. მოვუწოდებ ყველას, დაიცვას უსაფრთხოება, დაიცვას სოციალური დისტანცია, მოარიდოს თავი ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დაყოვნებას, აუცილებლად გამოიყენოს ნიღაბი, სპირტიანი და სადეზინფექციო ხელის ხსნარები. და სოციალური დისტანცია ისევ და ისევ, თითოეული ჩვენგანი არის პასუხისმგებელი საკუთარი და სხვების ჯანმრთელობაზე,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ბოლო მონაცემებით, ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 10 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

7 აპრილის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არის 195.  მათ შორის გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი, გარდაიცვალა – 2. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4735 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 ადამიანი.

ბათუმის მერია მოქალაქეებისთვის ვირტუალურ ქოლცენტრს აამოქმედებს

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით „კორონავირუსის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარების პირობებში მოქალაქეებისათვის საჭირო ინფორმაციის, სერვისებისა და მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებისათვის“, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მერიის სისტემაში ვირტუალური ქოლცენტრის ამოქმედება.

„საგანგებო რეჟიმის პირობებში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს დისტანციურად უწევთ კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რამდენადაც მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზის მხოლოდ 1 ნომერი, გადატვირთული ზარების ფონზე მომსახურების გაწევა ხორციელდება შეფერხებით, მომსახურების შეფერხებით მიწოდების გამო კი, მნიშვნელოვნად ილახება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის იმიჯი,“ – აცხადებს მერია.

ქოლცენტრის გასამართად შესაბამისი მომსახურების შესყიდვას მერია ტენდერის გარეშე გეგმავს, რისთვისაც 9 906 ლარი დაიხარჯება.

მერიის ინფორმაციით, „საუბრის ლიმიტის მოცულობა დაანგარიშებული იქნა ბათუმის მერიის ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარების საშუალო სტატისტიკის შესაბამისად“.

მერია ხელშეკრულების გაფორმებას კომპანია GEONET-თან გეგმავს, რაზედაც შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ითხოვს.

ქოლცენტრი 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებს.

 

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

დღეს, 7 აპრილს, ცნობილი გახდა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ. 

ჯამში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არის 195,  მათ შორის გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი, გარდაიცვალა – 2. 

7 აპრილის [10 სთ] მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4735, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 ადამიანი.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 75 ათასამდე ადამიანი, გამოჯანმრთელდა 284 ათასი.

23 მილიონი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში – ვინ არიან ყველაზე მსხვილი შემწირველები

6 აპრილის 18 საათის მდგომარეობით კორონავირუსის [COVID-19] წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში 23 მილიონი 500 ათასი ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანი თითქმის ყოველდღიურად სოლიდური თანხით იზრდება. ფონდში ასახულია, როგორც კერძო კომპანიების ასევე ფიზიკური პირების შენატანი.

ამ დროის მონაცემებით მსხვილი შემწირველები არიან

  • მაგთიკომი – 3 მლნ ლარი
  • კავკასუს ონლაინი-  1 მლნ ლარი
  • „არ ემ ჯი“- 1 მლნ ლარი
  • სილქნეტი- 1 მლნ ლარი
  • ირაკლი გილაური- 1 მლნ ლარი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 1 მლნ ლარი
  • სათამაშო ბიზნესის ასოციაცია –  1 მლნ ლარი

სპეციალური ფონდი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.

ბიზნესომბუდსმენის ინფორმაციით, #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

სამუშაოს განახლებას ასობით კომპანია ითხოვს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სპეციალური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც კომპანიებმა საგანგებო ვითარების პერიოდში მუშაობის გაგრძელების უფლება უნდა მოიპოვონ,  რამდენიმე ასეულმა კომპანიამ უკვე შეავსო და სპეციალურ მისამართზე გადააგზავნა. მინისტრის თქმით, განსაკუთრებით სამშენებლო, ასევე საშენ მასალათა მწარმოებელი კომპანიები აქტიურობენ.

სპეციალური აპლიკაციები სამინიტროს ვებგვერდზე პარასკევს, 3 აპრილს, აიტვირთა.  მინისტრის განცხადებით,  გადამოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ კომპანიები სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, სხვა შესაბამის მუნიციპალურ  სამსახურებთან ერთად, დღეიდან [6 აპრილს] დაიწყებს.

ზედამხედველობის სამსახურები შემოწმებას დაიწყებენ იმ საწარმოებიდან, რომლებსაც მუშაობის ნებართვა უკვე აქვთ. კომპანიებს უსაფრთხოების სტანდარტები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად სრულად უნდა ჰქონდეთ დაკმაყოფილებული.

კონკრეტული მიმართულებების მიხედვით კორონავირუსის პრევენციის მიზნით დეტალური რეკომენდაციები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.

მინისტრი ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ დღეში დაახლოებით 50 საწარმოს შემოწმება მოხერხდება.

პარალელურად დაიწყება იმ ბიზნესების საქმიანობის შესწავლა, რომლებსაც საქმიანობის გაგრძელების უფლება შეზღუდული აქვთ და გაგრძელებას შესაბამისი აპლიკაციით ითხოვენ.

მინისტრმა დღეს მოუწოდა კომპანიებს, რომ გაიღონ ინვესტიცია, რომლითაც ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოების სტანდარტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას: ეს არის ინვესტიცია, რომელიც არ დაგეკარგებათ, რადგან ეს იქცევა ცხოვრების წესად,“ – განაცხადა მინისტრმა.

ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში საწარმოებში დასაქმებულებს ექნებათ ასევე საშუალება, ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ მთავრობას და შეატყობინონ ხარვეზის შესახებ.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობის გაგრძელების ნებართვის მოსაპოვებლად კომპანიებმა, რომლებსაც ამ დროისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეზღუდული აქვთ საქმიანობის განხორციელების უფლება,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან –  www.economy.ge  უნდა  ჩამოტვირთონ სარეგისტრაციო ფორმა, შეავსონ და გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – construction@moesd.gov.ge.

როგორ შეიძლება მოიპოვოს კომპანიამ მუშაობის გაგრძელების უფლება – მინისტრის განმარტება

ბათუმში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ დღეს, 6 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

„სამმა პაციენტმა დადასტურებული COVID-19-ით, რომლებიც კლინიკა მედალფაში გადიოდნენ მკურნალობას, გუშინ გაიარა პირველი ტესტირება და სამივე შემთხვევაში პასუხი იყო უარყოფითი.

დღეს, რამდენიმე წუთის წინ, დასრულდა მეორე კვლევა და სამივეს პასუხი არის უარყოფითი, ანუ ეს პაციენტები ითვლებიან პრაქტიკულად ჯანმრთელებად, ისინი დღეს დატოვებენ სამედიცინო დაწესებულებას და სტანდარტული მიდგომის თანახმად, თვითიზოლაციის რეჟიმში გადავლენ საკუთარ საცხოვრებლებში,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

დღეს ბათუმში 16 პირი შეამოწმეს COVID-19-ზე, მინისტრის განცხადებით, ყველა პასუხი უარყოფითია.

კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობას კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ახლა უკვე 9 პაციენტი აგრძელებს. მათგან ერთი რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

თიბისი შექმნილ ვითარებაში ყველა თანამშრომელს შეინარჩუნებს

თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. თიბისის გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს. ასევე, თიბისის მენეჯმენტი მიმდინარე წელს უარს ამბობს საბონუსე კომპენსაციაზე, რაც როგორც წესი, ანაზღაურების 70%ია.

ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად მოკლე დროში კომპანიის თანამშრომლების დისტანციურ და ციფრულ მოდელზე ეფექტიანად გადაყვანის გზით, ასევე, მენეჯმენტის მიერ წლიური ბონუსების დათმობის ხარჯზე.

თიბისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად მყარი დამსაქმებელი კომპანიაა და ჯამში 7000-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიისთვის პრიორიტეტულია, გუნდი წევრებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობისა და ფიზიკური თუ ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა და შენარჩუნება.

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა რთულ დროში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაოს შენარჩუნება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის და მათი ოჯახებისთვის. თიბისის კულტურა სწორედ ურთიერთმხარდაჭერის და გვერდში დგომის ფასეულობებზე დგას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არც ერთ თანამშრომელს არ გავათავისუფლებთ კრიზისის მიზეზით 2020 წლის განმავლობაში და მაქსიმალურად შევეცდებით, გავუმარტივოთ მათ ცხოვრება ამ რთულ პერიოდში. ამასთან გადავწყვიტეთ, რომ მენეჯმენტი წელს არ აიღებს  საბონუსე კომპენსაციებს, რაც წლიური ანაზღაურების 70 %.

ჩვენ დიდი ხანია ვახორციელებთ კომპანიის უპრეცედენტო ციფრულ ტრანსფორმაციას, ეს ჩვენი სტრატეგიაა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა შექმნილმა რეალობამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო მოქნილები და ძლიერები გამოვალთ და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება სამომავლოდ ჩვენი მისიის შესასრულებლად,” – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„ჩემს შვილს საბავშვო ბაღიდან საკვები არ მიუღია“- მშობელი

„ჩემი შვილი ბათუმის მე-11 საბავშვო ბაღში დადის.  კორონავირუსის პანდემიის გამო, რადგან ბაღები დაიკეტა, ითქვა, რომ ბავშვები საკვებ პროდუქტებს სახლში მიიღებდნენ. ჩემს შვილს პროდუქტები არ მიუღია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ირმა შარაძე.

მშობელი ამბობს, რომ პროდუქტების მიღებასთან დაკავშირებით ის ბაღის მასწავლებელს ესაუბრა, რომელმაც მას უთხრა, რომ როცა მისი რიგი მოვიდოდა, შეატყობინებდნენ.

„არავის არაფერი არ აუხსნია პროდუქტების გაცემასთან დაკავშირებით. ორი კვირის წინ მე თვითონ დავრეკე ბავშვის პედაგოგთან და ვკითხე, თუ მოუწევდა ჩემს შვილსაც პროდუქტი. მითხრა, რომ კი, ოღონდ ეტაპობრივად მიდის დარიგება და თვითონ დაგიკავშირდებით და გეტყვით, როდის უნდა მოხვიდეთო.

გუშინ კიდევ დავურეკე და მითხრა, მე არაფერი ვიციო. სხვა ბავშვებმა უკვე მეორე თვის აიღეს და ჩვენ არ შეგვხვდა. რატომ?“- კითხულობს მშობელი.

„ბათუმელები“ მე-11 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს ია ტაკიძეს ესაუბრა. ის ამბობს, რომ მშობელს ბავშვისთვის განკუთვნილი საკვები განცხადების გაკეთებიდან 3 დღეში უნდა წაეღო.

„არ შეგვეხმიანა ალბათ მშობელი, რადგან ინფორმაცია იდო ფეისბუქზე, შეძლებისდაგვარად ჩვენც ყველას შევეხმიანეთ. იყო სხვადასხვა ვარიანტი, მშობელს რომ ეთქვა ვერ მოვდივარო, სახლშიც მიუტანდნენ, ეს მომსახურებაც იყო.

მე დამიკავშირდნენ ერთი კვირის მერე და უკვე ამოიწურა გაცემის ვადა. ვინც მოვიდა და შეგვეხმიანა, მიიღეს პროდუქტი,“ – ამბობს ია ტაკიძე.

კითხვაზე, თუკი საკვები ყველა ბავშვისთვისაა განკუთვნილი, როგორ ამოიწურა მარაგი? – ია ტაკიძე ამბობს, რომ საკვები პროდუქტები მოთხოვნის მიხედვით იყო.

„270 ბავშვია ჩვენთან ბაღში და 250 კალათი გავეცით ზუსტად. სათითაოდ ყველა ბავშვზე არ იყო, მოთხოვნის მიხედვით იყო,“- გვითხრა ია ტაკიძემ.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ მშობელს დროულად უნდა მოეთხოვა პროდუქტი.

„გამოვაცხადეთ, რომ 3 დღე იყო პროდუქტების გაცემის ვადა. 23, 24 და 25 მარტი. ამ სამ დღეში მშობლებს უნდა მიემართათ საბავშვო ბაღებისთვის, სადაც მიიღებდნენ პროდუქტს. მიუხედავად ამისა, პროდუქტების გაცემა თითქმის ორი კვირა გაგრძელდა.

თუ ნახევარზე მეტმა არ წაიკითხა ფეისბუქგვერდზე ჩვენი განცხადება, ტელევიზიაშიც ჩვენი კომენტარი, ბაღებს ვეღარ ვაიძულებდი ამაზე მეტხანს მუშაობას და ნარჩენი პროდუქტი ოფისში გადმოვიტანეთ,“- ამბობს მამუკა შამილიშვილი.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა მშობელს, ვისაც არ მიუღია ბავშვისთვის განკუთვნილი პროდუქტი, მიაკითხოს ოფისს და წამოიღოს, შამილიშვილი ამბობს: „ახლა არანაირად არ უნდა გავცე, რადგან უკვე მეორე, აპრილის თვის პროდუქტების გაცემაზე მუშაობას ვიწყებთ და რა ვიცი.  ხვალ ველოდები მერთან შეხვედრას და დავგეგმავთ,“ – ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

მას ასევე ვკითხეთ, რომ თუკი პროდუქტი ყველა ბავშვზეა განკუთვნილი, მაშინ რატომ არ შეუძლია მშობელს თუნდაც მოგვიანებით წაღება. მამუკა შამილიშვილი ადასტურებს, რომ პროდუქტები ნამდვილად ყველა ბავშვს ეკუთვნის, თუმცა დასძენს: „რაღაც ფარგლები ხომ აქვს გაცემას, იქ იყო ბანანი, ვაშლი, რძე, კვერცხი, რომელიც ფუჭდებოდა და სხვებს ვუმატებდით, რაც არამალფუჭადია და მოგვრჩა, საწყობებში ნაშთად გვენახება“.

საბავშვო ბაღებში, ისევე როგორც სკოლებში, სასწავლო პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. ბაღებმა მუშაობა 2 მარტიდან შეაჩერეს.  საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების გაცემა კი იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ სასწავლო პროცესი არ განახლდება.

გამოცხადდა სოფლის განვითარების მესამე საგრანტო კონკურსი ხულოს მუნიციპალიტეტში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (ხულო LAG) აცხადებს სოფლის განვითარების მესამე საგრანტო კონკურსს ხულოს მუნიციპალიტეტში.

სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია ხულოში საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებისა და საკვანძო ამოცანების შესაბამისად. ასევე, ხელი შეუწყოს ხულოს მუნიციპალიტეტში covid-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პოპულარიზაციასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას. ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით ექვსი პრიორიტეტული მიმართულებაა განსაზღვრული:

[checklist]

  • ტურიზმი სოფლად;
  • სოფლის მეურნეობა;
  • კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა;
  • კულტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა;
  • არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობები;
  • გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა;

[/checklist]

სოფლის განვითარების წინამდებარე საგრანტო კონკურსი ვრცელდება ხულოს მუნიციპალიტეტის მთლიან ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. გრანტები გადაეცემა მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც ასახავენ ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებიც პასუხობენ ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და სტრატეგიულ აქტივობებს (იხ. ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2018-2022, გვ. 5-6). გრანტი არ გაიცემა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებმაც ENPARD ხულო სოფლის განვითარების კონკურსის ფარგლებში უკვე მიიღეს დაფინანსება ან გამოვლინდნენ გამარჯვებულად. შეზღუდვა ვრცელდება გრანტის მიმღების ოჯახის წევრებზეც. გრანტები ხელმისაწვდომია საჯარო, სამოქალაქო და ბიზნესპროექტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინონ სრული პროექტის განაცხადის ფორმა 2020 წლის 6 აპრილიდან 4 მაისის 17:30 საათამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

განაცხადების შევსება და გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info.enpard.khulo@caritas.cz

საგრანტო კონკურსის პირობების, კრიტერიუმებისა და დეტალების გასაცნობად იხილეთ თანდართული საგრანტო სახელმძღვანელო.

დამატებითი ინფორმაციისათვის, მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომრებზე:

551 13 55 25; 557 68 62 49; 577 79 11 88; 574 52 13 13; 555 25 49 25

ან/და მოგვწეროთ info.enpard.khulo@caritas.cz


საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის: საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი განთავსდება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.enpard.ge და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე: khulolag.ge

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) ერთად ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD II ფარგლებში.

 

„სიკვდილზე გვიშვებენ, აღჭურვილობას ვერ გვაძლევენ“ – ექიმების პროტესტი რუმინეთში

რუმინეთში მედპერსონალი ხელისუფლებას ადანაშაულებს, ექიმები და მედდები აცხადებენ, რომ სახელმწიფო მათ ვირუსისგან თავდაცვის ელემენტარული საშუალებებითაც კი ვერ უზრუნველყოფს. ინფორმაციას Le Monde ავრცელებს.

სუჩაევა უკრაინისა და რუმინეთის საზღვარზე მდებარე პატარა ქალაქია 100 000 მცხოვრებით. ქალაქში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებიდან მალევე, თებერვლის ბოლოს, Covid 19-ით 33 ადამიანი გარდაიცვალა. რუმინეთში სწორედ ეს ქალაქი იქცა კორონავირუსის გავრცელების ძირითად კერად. ქალაქში 3 894 ინფიცირებულია, მხოლოდ 4 აპრილს 148 ადამიანი გარდაიცვალა ერთ დღეში. გარდაცვლილთა მეოთხედი მედპერსონალია – ექიმები და ექთნები.

მედპერსონალი სუჩაევაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ისინი ვერ უზრუნველყო ნიღბებითა და თავდაცვის სხვა საშუალებებით.

„სიკვდილზე გვიშვებენ. არ გვაქვს რეზინის ხელთათმანები, ნიღბები, სადეზინფექციო საშუალებები, კომბინეზონების დეფიციტია, არაფერი გვაქვს, როგორ ვუმკურნალოთ ინფიცირებულებს? ექიმები ვართ და არა ჯადოქრები,“ – აცხადებს რუმინელი ექიმი, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელს. ქალაქში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული, მდგომარეობას პოლიცია და ჯარი აკონტროლებს.

რუმინეთში მედპერსონალის პროტესტი მზარდია. კორონავირუსის ეპიდემიამ აჩვენა, რომ ჯანდაცვის დაფინანსება საკმარისი არ არის კრიტიკულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად. ინფექციისგან თავდაცვის ელემენტარული საშუალებების არარსებობის გამო რუმინეთში სულ უფრო და უფრო მეტი მედპერსონალი გადის პენსიაში.

„ჩვენი დადანაშაულება მარტივია, მაგრამ მოსთხოვო ექიმს ვირუსთან ბრძოლა ყველანაირი აღჭურვილობის გარეშე, უბრალოდ დანაშაულია,“ – ამბობს მედიცინის დოქტორი კამელია როიუ, თუმცა არიან სხვა რუმინელი ექიმები, რომლებსაც საპირისპირო აზრი აქვთ. ბუქარესტის ფლორესკის ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ანესთეზიოლოგი, რადუ ტინკუ ამბობს, რომ კლინიკებში მომუშავე ყველა მედპერსონალი ვალდებულია დაეხმაროს პაციენტს და ამორალურია უარის თქმა დახმარებაზე, როცა ადამიანებს შველა სჭირდებათ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ რუმინეთის ხელისუფლება პენსიაში გასული ექიმების სტატისტიკას არ ასაჯაროებს, მაგრამ ადგილობრივები ამაზე ბევრს საუბრობენ.

ქვეყნის პრემიერი, ლუდოვიკ ორბანი მოუწოდებს მედპერსონალს, პატივი სცენ ჰიპოკრატეს ფიცს და აცხადებს, რომ ახლა ქვეყნისთვის თითოეული ექიმი და ექთანი ძვირფასია. მისივე განცხადებით, ხელისუფლება იზრუნებს მოამარაგოს კლინიკები ვირუსისგან თავდაცვის აუცილებელი აღჭურვილობით.

რუმინეთის მოსახლეობა 19 მილიონია. ჯანდაცვის სისტემა მთელ ევროპაში ყველაზე მცირე რესურსით რუმინეთშია დაფინანსებული. მიუხედავად 2018 წელს ხელფასების 50%-იანი მატებისა, რუმინეთი დატოვა ათასობით ექიმმა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მაღალანაზღაურებადი სამსახურის სანაცვლოდ. რუმინელები ძირითადად საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში გადადიან საცხოვრებლად.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში რუმინეთი 25 ათასმა ექიმმა დატოვა.

___________________

მთავარ ფოტოზე: საველე ჰოსპიტალი რუმინეთში, ბუქარესტთან ახლოს, 20 მარტი. ანდრეი პუნგოვიჩის ფოტო/AFP

ბათუმში, ვარდების სკვერში, ზურაბ გორგილაძის ბიუსტს დადგამენ

ბათუმში, ვარდების სკვერში პოეტ ზურაბ გორგილაძის ბიუსტს დადგამენ. მარმარილოს პოსტამენტი სკვერში უკვე განთავსებულია, ბრინჯაოს ბიუსტი კი მოგვიანებით დაიდგმება. ბიუსტის დამზადება და სკვერში განთავსება 40 ათასი ლარი დაჯდება.

„იდეის ავტორები ვართ მე და მწერალი დავით თედორაძე, მოქანდაკე კი დავით ბოლქვაძეა. ხელშეკრულების მიხედვით, ბიუსტის დადგმის ვადა ორ დღეში იწურება, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო პროცესი გავაჩერე. ბიუსტი ჩემი პირადი ხარჯებით კეთდება,“ – გვითხრა შპს „ბათმშენი2007“-ის ხელმძღვანელმა, გოჩა ირემაძემ.

ვარდების სკვერში გორგილაძის ბიუსტის განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულომ წლის დასაწყისში დაუჭირა მხარი. საკრებულოს დოკუმენტის მიხედვით, ბიუსტის ესკიზი შეთანხმებულია ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან.

ზურაბ გორგილაძის ბიუსტის მაკეტი

____________

მთავარი ფოტო: პოსტამენტი, სადაც ზურაბ გორგილაძის ბიუსტი უნდა განთავსდეს.

ახალ წრეზე რომ არ წავიდეთ, საჭიროა ინვესტიციები ჯანდაცვის სისტემაში – ჯანმო

ჯანდაცვის სფეროს მწვავე კრიზისის გარდა მსოფლიო არანაკლებ მძიმე ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია.

კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად მსოფლიო მასშტაბით სოციალურ-ეკონომიკური პროცესების გაჩერებას მილიონობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა მოჰყვება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო]  აცხადებს, რომ ეს მსოფლიოში პირველი პანდემიაა, რომელიც კორონავირუსის მიერ არის გამოწვეული, თანაც სრულიად ახალი კორონავირუსის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობს კიდევ ბევრი უცნობი ასეთი ვირუსი, ამიტომ სამომავლო გეგმების დასახვისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ საკმარისი ინვესტიციები არ ჩაიდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებაში, მსოფლიო იტრიალებს წრეზე:

„ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ვირუსს და როცა შევძლებთ მის კონტროლს, ჩვენ შეგვეძლება დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა. მაგრამ თუ ვიმერყევებთ სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ბლოკირებასა და ვირუსის ცუდად მართვას შორის, ეს ცუდ შედეგს მოგვიტანს.

თუ გვინდა, მივაღწიოთ იმ სიტუაციას, სადაც შეგვიძლია ვიცხოვროთ ამ ვირუსის გვერდით და ჩვენი ეკონომიკა დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს, უნდა გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა – საამისოდ გვჭირდება ძალიან დიდი ინვესტიციები“.

მაიკლ რაიანის განცხადებით, სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შეჩერებამ ვირუსთან ბრძოლაში უძვირფასესი დრო მოგვაგებინა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის არქიტექტურის შექმნასა და უფრო პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

„ჩვენ გვჭირდება ძალიან კარგი საინფორმაციო სისტემები, განათლებული, ჩართული და გაძლიერებული საზოგადოება მთელს მსოფლიოში, რომელსაც ეცოდინება, როგორ მოიქცეს, თუ ავად არის, სად მივიდეს, ჰქონდეს წვდომა ექიმთან, მედდასთან ვიზიტზე, ტესტირებაზე, იზოლაციასა და კარანტინზე.

როცა მთავრობები აღადგენენ სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობებს, როცა ხალხი დაბრუნდება სკოლაში, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზადყოფნაში, რათა დავიცვათ უსაფრთხოების ყველა ქსელი. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა ზომები უნდა გატარდეს, თუ აუცილებელი გახდება უფრო მეტი ფიზიკური დისტანციის შექმნა. ჩვენ არ გვინდა დავასრულოთ ეს პროცესი ისეთ წრეზე, სადაც ყველაფრის ბლოკირებას შედეგად შესუსტდება პანდემია, შემდეგ კი საჭირო გახდება კვლავ ბლოკირება“. 

მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ სწორედ ეს არის გამოწვევა:

„იქნებ დავბრუნდეთ არა ჩვეულ, იგივე სიტუაციაში, არამედ ვიყოთ უფრო მზრუნველი საზოგადოება, უკეთესი ჯანდაცვის სისტემით, უნივერსალური წვდომით ჯანდაცვაზე, უფრო მეტი სოციალური სამართლიანობით, უფრო გვადარდებდეს ერთმანეთი“ – აღნიშნა მან.

როგორ შეიძლება თურქეთიდან საქართველოში დაბრუნება ავტობუსით

„როგორ დავბრუნდეთ საქართველოში?“ – ეს არის შეკითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად გვწერენ თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

სტამბოლი, ანკარა, იზმირი – ეს არის სამი დიდი ქალაქი, სადაც  თავს იყრიან  თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, შემდეგ კი ავტობუსებით მათ საქართველოში აბრუნებენ. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ გიორგი ჯანჯღავამ მოაწოდა, საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში.

მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება ანკარაში – საქართველოს საელჩოს და სტამბოლში – საქართველოს საკონსულოს, ხოლო იზმირში საპატიო საკონსულოს  ოფისის მეშვეობით ხდება.

გიორგი ჯანჯღავას განმარტებით, მოქალაქემ, რომელსაც სურს დაბრუნება საქართველოში, აუცილებლად უნდა დარეკოს საელჩოს ან საკონსულოების ცხელ ხაზზე, აცნობოს საელჩოს/საკონსულოს საკუთარი ადგილმდებარეობა და გაიაროს დეტალური კონსულტაცია გადაადგილების შესახებ.

„იმისთვის, რომ მოქალაქე დაბრუნდეს საქართველოში, პირველ რიგში, უნდა დაუკავშირდეს საკონსულოს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია. მერე ჩვენი დახმარებით, ან თვითონ, დამოუკიდებლად  იღებენ გამომგზავრების  ნებართვას. ამის შემდეგ ჩვენ ვეუბნებით, რომელი ავტობუსი საიდან და რა დროს  გადის.

სტამბოლში ავტობუსი გამოდის ავტოსადგურიდან, ანკარაში დაკეტილია სადგური, ამიტომ მოქალაქეებს თავად ვაწვდით ინფორმაციას, სად უნდა მოვიდნენ. ნორმალურად ხდება კონცენტრაცია. ვავსებთ ავტობუსებს და ისე გადის ტრანსპორტი საქართველოსკენ.  ყველაფერი ხდება ჩვენი  სრული კონტროლით,“ – ამბობს გიორგი ჯანჯღავა.

თურქეთის 31 ქალაქი კარანტინშია მოქცეული და აკრძალულია გადაადგილება, მათ შორის ავტომანქანებითაც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს გადაადგილების სპეციალური ნებართვა. ელჩის თქმით, საკონსულოების თანამშრომლები მოქალაქეებს ეხმარებიან მგზავრობის ნებართვის მისაღებად.

რა უნდა ქნან იმ მოქალაქეებმა, რომლებიც დიდი ქალაქებიდან მოშორებით ცხოვრობენ? ელჩი ამბობს, რომ ცდილობენ ყველა მათგანს გაუწიონ კონსულტაცია.

„არის პატარ-პატარა ქალაქები, სადაც არიან ქართველები. ჩვენ ვეხმარებით დისტანციურად, ვრეკავთ და ვუგვარებთ გამომგზავრების საკითხს, რომ როგორმე ჩამოაღწიონ ან ანკარაში, ან ტრაბზონში, ან სარფში.

თუმცა, თუ მოქალაქე, მაგალითად, დიარბაქირშია ჩარჩენილი, ჩვენ აქედან ვრეკავთ და იქ ტელეფონს არავინ არ იღებს, რა გავაკეთოთ? ინფორმაციას მაინც ვაძლევთ, როგორ მოიქცნენ,“ – ამბობს გიორგი ჯანჯღავა.

ელჩის თქმით, თურქეთის რესპუბლიკაში არსებული საქართველოს სამივე მისია მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მოქალაქეებმა, თურქეთის ნებისმიერი ქალაქიდან გამომგზავრებამდე, უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე და დააზუსტონ მგზავრობის დეტალები.

საქართველოს საელჩო თურქეთში მოუწოდებს მოქალაქეებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს:

[checklist]

  • ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +905392208280
  • სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  • ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

[/checklist]

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/ERDEM SAHIN

ბათუმში სმენადაქვეითებული ბავშვების ოჯახის წევრებს ჟესტურ ენას შეასწავლიან – მერიის ტენდერი

ბათუმში მცხოვრები სმენადაქვეითებული ბავშვების ოჯახის წევრებს ჟესტურ ენას შეასწავლიან. ბათუმის მერია შესაბამის მომსახურებას 8 400 ლარად შეისყიდის.

სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელი 30 პირს უნდა მოემსახუროს, სწავლება ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მიმწოდებელ კომპანიას  ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს შესაბამისი პროფილის კვალიფიციური სპეციალისტი, კერძოდ, სერტიფიცირებული ჟესტური ენის თარჯიმანი, რომელსაც აქვს სმენადაქვეითებულ პირებთან მუშაობის  გამოცდილება, მას ასევე  გავლილი უნდა ჰქონდეს ტრენინგები მსგავს აქტივობებში.

კომუნიკაციის ნაკლებობაზე, იმის გამო, რომ გარშემომყოფებმა მათი ენა არ იციან, სმენადაქვეითებულმა ბავშვებმა „ბათუმელებთან“ თავად ისაუბრეს. იმავე მიზეზით ხშირად მათთვის მიუწვდომელია სახელმწიფო სერვისებიც კი, რის გამოც ისინი ამბობენ, რომ მათ სახელმწიფო ვერ ხედავს.

 

ვიტანჯები, რომ ოჯახის წევრებს ემოციებს ვერ ვუზიარებ – სმენისარმქონე ლინდას ისტორია

ბოლო 24 საათში კომენდანტის საათი 286-მა მოქალაქემ დაარღვია – შსს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შს სამინისტროს ინფორმაციით,  21:00 საათიდან 6 აპრილის დილის 06 :00 საათამდე  კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 136 მოქალაქე დააჯარიმეს.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 82 მოქალაქე დააჯარიმეს.

გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 9 ახალი ფაქტი, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი კიდევ დაჯარიმდა 59 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, „წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

 

ვიდეოკამერის ჩანაწერი არსებობს – პოლიციელების მიერ მოქალაქის სავარაუდო ცემის საქმე

„ეს შემთხვევა სადაც მოხდა, იქ არის განთავსებული სასტუმროს ვიდეოსათვალთვალო კამერები. ამ ჩანაწერებს გამოძიება სასამართლოს განჩინებით ამოიღებს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმში 2 აპრილს მომხდარ შემთხვევაზე – მოქალაქის თქმით,  კომენდანტის საათის დროს მას პოლიციელებმა სცემეს და იარაღით დაემუქრნენ.

მოქალაქემ  პოლიციელებთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ 3 აპრილს „ბათუმელებთან“ ისაუბრა. 4 აპრილს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გამოძიება დაიწყო. ეს უწყება იძიებს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტებს. იმავე დღეს, 4 აპრილს, ბათუმში მყოფმა პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ აჭარის პოლიციის უფროსს ამ თემაზე დაელაპარაკებოდა.

შედგა თუ არა საუბარი პრემიერსა და აჭარის პოლიციის უფროსს, კოტე ანანიაშვილს შორის? – ვკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ კოტე ანანიაშვილი განმარტებას ვერ გააკეთებს.

მოქალაქის ინტერესებს საია იცავს. იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოქალაქისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ, თუმცა ის უკვე გამოკითხეს და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მოქალაქემ სოციალურ ქსელში ასევე ამოიცნო ის პოლიციელები, ვისთანაც 2 აპრილის ღამეს კონფლიქტი ჰქონდა.

„მის სხეულზე არსებული დაზიანებები დათვალიერდა და გაიგზავნა ექსპერტიზაზე, ველოდებით პასუხს,“ – დასძინა პაატა დიასამიძემ.

პაატა დიასამიძის თქმით, სასტუმროში, სადაც ვიდეოსათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, დაადასტურეს ვიდეოჩანაწერების არსებობა. ჩანაწერი ამ დროისთვის ამოღებული არ არის.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში გვითხრეს, რომ გამოძიება ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და ტარდება საგამოძიებო, ასევე საპროცესო მოქმედებები. სხვა დეტალებს უწყება ჯერ არ ასაჯაროვებს.

სემესტრი არ ჩავარდება – განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2020 წლის სასწავლო სემესტრი არ ჩავარდება. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 6 აპრილს, განაცხადა.

„ტელესკოლა და ონლაინფორმატი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება.

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში.

ამ დოკუმენტში დეტალურადაა განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში, განათლების სამინისტროს მიერ და განსაკუთრებით არის გამოყოფილი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად – პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა, რადგან პროექტი განკუთვნილია ყველასთვის.

ამ დოკუმენტში დეტალურად არის დისტანციური სწავლების ღონისძიებებიც, კერძოდ, ის პროგრამები, რომლებიც სკოლების მიერ არის გამოყენებული დისტანციური სწავლებისთვის,- თქვა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე არც ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილება არ განიხილება.

ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებენ – ჯარიმა 500-1000 ლარია

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებენ.

„ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა“ – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000-მდე ლარია. თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, გამოძიება დაიწყება სისხლის სამართლის მუხლით.

სამინისტროს ინფორმაციით, ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. 

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 6 აპრილს, ბათუმში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსით დაინფიცირებული პირები კარანტინში იმყოფებოდნენ, ორს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი კი ლონდონში იმყოფებოდა. ინფიცირებული პირები ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ იმკურნალებენ.

„სამივეს მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი. სამივე არის 45 წლამდე ასაკის. აქედან, ორი პირი იყო საკარანტინო სივრცეში, მეორე კი კლინიკაში აეროპორტიდან გადაიყვანეს. ამ პირის ტრანპორტირება იყო იზოლირებული, თუმცა კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს“-აცხადებენ სამინისტროში.

ბოლო მონაცემებით ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ 12 პაციენტს მკურნალობენ, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

6 აპრილის [11 სთ] ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.  კარანტინში 5 056 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 386 პაციენტი მკურნალობს.

 

საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა

6 აპრილის 10:20 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა – 2. ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 150 პაციენტი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ სხვადასხვა კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 5 აპრილის საღამოს შემდეგ დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 14-ით გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმოფება – 386.

„მოვა უკეთესი დღეები“ – ელიზაბეტ II ბრიტანელებს სიმტიკიცისკენ მოუწოდებს

ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ბრიტანელებს მიმართა 5 აპრილს, კვირას.

დედოფალმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს და ხაზი გაუსვა საზოგადოების ყველა წევრის მნიშვნელოვან როლს კორონავირუსთან ბრძოლაში.

„მე მოგმართავთ თქვენ ძალიან რთულ დროს, როცა ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება შეფერხდა, ვიღაცისთვის ამან უკვე მწუხარება მოიტანა, ბევრისთვის ფინანსური სირთულეები და ჩვენ ყველას შეგვეხო კოლოსალური ცვლილებები.

ვიმედოვნებ, რომ მომავალში ყველა შეძლებს იამაყოს, როგორ შევხვდით ერთად ამ სირთულეებს, ხოლო ისინი, ვინც მოვლენ ჩვენს შემდეგ, იტყვიან, რომ ბრიტანელების ეს თაობა არის ისეთივე ძლიერი, როგორც იყვნენ წინა თაობები.

ისეთი თვისებები, როგორიცაა თვითდისციპლინა, მშვიდი გადაწყვეტილებები და თანაგრძნობა, კვლავინდებურად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა ელიზაბეტ მეორემ.

დედოფალმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ბრიტანელებს, რომლებმაც კარგი ამინდის მიუხედავად გაითვალისწინეს მთავრობის რეკომენდაცია და დარჩნენ სახლში.

„ჩვენ ადრეც დაგვიძლევია სირთულეები, მაგრამ ამჯერად არის ერთი განსხვავება – ახლა ჩვენ გავაერთიანეთ ძალისხმევა პლანეტის ყველა ქვეყანასთან, ვიყენებთ მეცნიერების უდიდეს მიღწევებსა და ჩვენს ბუნებრივ, თანაგრძნობის უნარს განკურნებისთვის. ჩვენ მივაღწევთ წარმატებას და ეს წარმატება იქნება ყველა ჩვენგანის კუთვნილება.

თავი უნდა დავიმშვიდოთ იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სირთულე გველის, მოვა უკეთესი დღეები. ჩვენ ისევ ვიქნებით ჩვენს მეგობრებთან, ნათესავებთან ერთად, ჩვენ ისევ შევხვდებით“ – განაცხადა ელიზაბეტ მეორემ.

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 48 406 შემთხვევაა დადასტურებული. COVID-19-ისგან გარდაიცვალა 4 943 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 229.

________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

 

როგორ დავამზადოთ ქსოვილის პირბადე – სამი მეთოდი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) გასცა რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებმა ატარონ ნაჭრისგან შეკერილი პირბადეები ისეთ ადგილებში, სადაც რთულია სოციალური დისტანციის დაცვა.

ნაჭრის ხელნაკეთი პირბადის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ბავშვებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც უჭირს სუნთქვა ან საკუთარი ხელით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა.

გაითვალისწინეთ! აუცილებელია ხშირად გარეცხოთ და გააუთოოთ ხელნაკეთი, ქსოვილის პირბადე. პირბადეს მოხსნისას არ უნდა შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს. მოხსნის შემდეგ კი აუცილებლად უნდა დაიბანოთ ხელები.

როგორ ვატაროთ ქსოვილისგან შეკერილი პირბადე სწორად?

  • პირბადე მორგებული უნდა იყოს სახის წინა მხარეს ცხვირის შუა ნაწილიდან ნიკაპის ჩათვლით
  • დამაგრებული უნდა იყოს ყურებზე ზონრების საშუალებით
  • უნდა დამზადდეს ქსოვილის რამდენიმე ფენისგან
  • სუნთქვაში ხელს არ უნდა გიშლიდეთ
  • არ უნდა დაზიანდეს გარეცხვის, გაშრობისა და გაუთოების შედეგად

შეკერილი ქსოვილის პირბადე

პირბადე ნემსისა და ძაფის გარეშე

თავსაფრისგან დამზადებული პირბადე

____________________________

მთავარი ფოტო: pixabay.com ფრანსისკო გოიას „ჩაცმული მახას“ მიხედვით.

COVID19-ით იტალიაში 525 ადამიანი გარდაიცვალა – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო ორ კვირაში

იტალიაში 5 აპრილს კორონავირუსით 525 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ორ კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, უკვე ზედიზედ მეორე დღეა მცირდება ინტერნსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტების რაოდენობა. ამჟამად იტალიის კლინიკების ამ განყოფილებებში 3977 ადამიანი წევს კორონავირუსის დიაგნოზით.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, უფრო ნაკლები, ვიდრე გუშინ, 4 აპრილს [4805].

„ეს შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ ეპიდემიამ მიაღწია პლატოს ქვეყნის ჩაკეტვიდან, 9 მარტიდან, თითქმის ერთი თვის შემდეგ,“ – წერს „როიტერსი“.

5 აპრილის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 124 632 შემთხვევაა დადასტურებული. COVID19-ით გარდაიცვალა 15 362 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 20 996.

________________

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/ANGELO CARCONI

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მესამე დღეა იკლებს

ესპანეთში უკვე ზედიზედ მესამე დღეა იკლებს Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა – ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 674 პაციენტი, რაც 135-ით ნაკლებია პარასკევის, 3 აპრილის მონაცემებზე – წერს BBC.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანა ახლოსაა დაავადების გავრცელების პიკის დასრულებასთან. მან ესპანეთში კარანტინი 25 აპრილამდე გაახანგრძლივა და განაცხადა, რომ ეს აუცილებელია ადამიანების გადასარჩენად, და, ასევე, კარანტინის დამატებით ორი კვირა მუშაობას შეუმსუბუქებს ჯანდაცვის სისტემას.

5 აპრილის მონაცემებით, ესპანეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული პირების სიმრავლით. ქვეყანაში სულ 130 759 ადამიანია ინფიცირებული Covid-19-ით, გარდაიცვალა 12 418 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 38 080 პირი.

___________

ფოტოზე: ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მადლიერების ტაშს ეხმაურებიან მადრიდში, 4 აპრილს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Kiko Huesca

ამავე თემაზე: 

ესპანეთში ერთ დღეში 514 ადამიანი იმსხვერპლა COVID-19-მა – ექიმებს ვირუსთან გამკლავება უჭირთ

ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტური იქნება – პაატა იმნაძე ფულის დეზინფექციაზე

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე

_________________________

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები ამას უკვე დიდი ხანია აკეთებენ. აქ ლაპარაკია უფრო არა იმაზე, ვთქვათ, ბანკომატიდან ფულს იღებს ადამიანი, არამედ  ხელიდან ხელში რომ ადამიანი ფულს მისცემს.

ხელიდან ხელში გადაცემისას ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, ამიტომაც არის ყველა ჩვენი რეკომენდაცია შეეხება სიფრთხილეს და აქ არაა ლაპარაკი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის.

ინდივიდუალურ პირობებში შესაძლებელია, ვთქვათ, ეს იქნება სადეზინფექციო გარკვეული ხსნარები, თუ იგივე ცხელი უთოს გამოყენება, საკმაოდ ეფეტური იქნება“.

საგანგებო მდგომარეობა ვერ გაამართლებს პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახავ მოპყრობას – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში, კომენდანტის საათის დროს პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ შემთხვევაზე „ბათუმელებმა“ სტატია 3 აპრილს გამოაქვეყნა.

აღნიშნულზე შემთხვევაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 4 აპრილს დაიწყო. დაზარალებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

საიას განცხადებით, დაზარალებულის განმარტებით, 2 აპრილს დაახლოებით 23:45 სთ-ზე, იგი სახლიდან აფთიაქში მედიკამენტის შესაძენად გამოვიდა. მან ქუჩის მეორე მხარეს მდებარე აფთიაქში გადასასვლელად ნებართვა იმავე ქუჩაზე გაჩერებულ პოლიციის ეკიპაჟს სთხოვა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიტყვიერი თანხმობა მისცა, თუმცა მალევე,  მას ამავე ქუჩაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟი მიუახლოვდა. მანქანიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმული ორი და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ერთი პირი გადმოვიდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მიმართა სიტყვებით: „ბიჭო, შენ სად მიდიხარ, არ იცი, რომ კომენდატის საათია“, რაზეც მან განუმარტა, რომ წამლის შესაძენად აფთიაქში მიდიოდა და აღნიშნულზე სიტყვიერი თანხმობა პოლიციის სხვა თანამშრომლებისგან ჰქონდა.

დაზარალებული იხსენებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აგრესიულად მიმართეს, რის გამოც მან მობილური ტელეფონით საუბრის გადაღება დააპირა. ამან პოლიციელების კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია. ერთ-ერთმა პოლიციელმა ძალის გამოყენებით გამოართვა ტელეფონი და ხმამაღლა მიმართა დანარჩენ პოლიციელებს –  „დავაი ჩატენეთ მანქანაში.“

დაზარალებული ყვება, რომ იგი ძალის გამოყენებით დააგდეს ძირს და გაუკეთეს ხელბორკილები. მისი განმარტება, რომ  ხერხემალზე ჰქონდა პრობლემები და თავად ჩაჯდებოდა მანქანაში, პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. ამ პროცესში მან მანქანის ძარას თავი რამდენჯერმე მიარტყა. დაზარალებულის თქმით, პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ ზეწოლა მანქანაშიც გაგრძელდა. ერთ-ერთი პოლიციელი მუხლებით დააწვა თავზე, ასევე, ურტყამდა ხერხემლის არეში და ასევე, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში იგი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, მიეცათ შესაძლებლობა, დაკავშირებოდა ადვოკატს, პოლიციის თანამშრომლებმა უარი უთხრეს და განუმარტეს, რომ იყო კომენდანტის საათი და ადვოკატი ვერ მივიდოდა.

მეორე დილით იგი იზოლატორიდან ისევ პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში იმავე პოლიციელთაგან ერთ-ერთმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავის მოჭრით დაემუქრა.

პოლიციის განყოფილებაში მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლით შეუდგინეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმავე დღეს, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განიხილა სამართალდარღვევის საქმე, იგი სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. პოლიციის თანამშრომლებმა მას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3000 ლარიანი ჯარიმაც შეუდგინეს.

საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული შეზღუდვები ვერ გაამართლებს პოლიციელთა მხრიდან არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ჩადენას და პირის დაცვის უფლების გარეშე დატოვებას, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის #204 დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს არ ჩერდება საადვოკატო საქმიანობა და ამავე დადგენილების მიხედვით, გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება შეთანხმებულ სიაში მყოფ იმ პირებსა და მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. 

საიას მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს – დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.

ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრს – გააკეთოს მკაფიო განცხადება აღნიშნულ ფაქტზე და მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმებულ პირებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განუხრელად დაიცვან საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული უფლებები.

„სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმებულ პირებს მიეცეთ მკაფიო მითითება,  საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის პროცესში არ იმოქმედონ ფორმალურად და გაითვალისწინონ ინდივიდუალური გარემოებები, რომლებიც შესაძლოა გამორიცხავდეს პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას; გაატაროს პრევენციული ზომები, რათა დაკავებულ პირებს არ შეეზღუდოთ ადვოკატის ყოლის უფლება“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

__________________________

ფოტოზე: დაზიანებები პოლიციის მიერ 2 აპრილს დაკავებული კაცის სხეულზე

Exit mobile version