განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ ტარდება ონლაინგაკვეთილები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

07.04.2020 • 3164
როგორ ტარდება ონლაინგაკვეთილები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ონლაინგაკვეთილები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა ქართული სკოლებისთვის. მიუხედავად გამოცდილების ნაკლებობისა, მასწავლებლების უმრავლესობა ამბობს, რომ სხვადასხვა სახის სირთულის მიუხედავად, ონლაისწავლებას ალღო აუღო, მაგრამ როგორ უტარდებათ ონლაინგაკვეთილები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს? –  ამ საკითხზე „ბათუმელები“ ორ სპეცმასწავლებელს ესაუბრა.

ლალი ჯაფარიძე ბათუმის მე-4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლებში ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე [სსმ] მოსწავლეებს. ლალი ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი და განათლების სახლის ტრენერიცაა.  მისი თქმით, ონლაინსწავლება საკმაოდ მოხერხებული გამოდგა, რადგან  ინტერნეტრესურსებს ისედაც ხშირად იყენებს სასწავლო პროცესში.

„თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არა მშობლების ჩართულობა, მაინც გაგვიჭირდებოდა ონლაინმუშაობა. მახინჯაურის საჯარო სკოლაში 5 სსმ მოსწავლე მყავს, მე-4 საჯარო სკოლაში კი – ცხრა. მახინჯაურის სკოლის მოსწავლეებიდან ოთხი მინდობით აღზრდაშია. მიმღები მშობლები ძალიან მეხმარებიან ამ პროცესში და ვფიქრობ, რომ კარგი შედეგები გვაქვს,“ – გვითხრა მან.

როგორც ლალი ჯაფარიძე ამბობს, სასწავლო რესურსების მოძიებაში ეხმარება ფეისბუქგვერდი ინკლუზიური სწავლების ეფექტური და ხარისხიანი სწავლება, სადაც ბევრი სასწავლო რესურსის მოძიებაა შესაძლებელი.

„პატარა ჯგუფები გავაკეთე, 3-3, 4-4 ბავშვი შემომყავს ონლაინგაკვეთილებზე და ვმუშაობთ. ვაწვდი დავალებებს, გვაქვს კითხვა-პასუხის რეჟიმი, ონლაინპროგრამები იძლევა იმის საშუალებას, რომ წარწერები გავუკეთო ნამუშევარზე და ვფიქრობ, უფრო სახალისო გამოდის პროცესი. ჩვენ სსმ მოსწავლეებთან ისედაც თამაშით ვახერხებდით შედეგებზე გასვლას, ამიტომ ეს ფორმატიც მეხმარება, რომ გარკვეული შედეგი მივიღო,“ – ამბობს ლალი ჯაფარიძე.

მისი თქმით, ცხრა მოსწავლიდან მხოლოდ ერთ მოსწავლეს ვერ ეკონტაქტება ონლაინ, რადგან მოსწავლე სოფელში წაიყვანეს მშობლებმა და იქ ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

„ამ მოსწავლესთან სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს. ვუხსნი გაკვეთილებს ტელეფონით და ვაწერინებ. სმენის არმქონეებთან ნაკლები პრობლემა გვექმნება, რადგან მიმოწერა გვაქვს და ონალინფორმატი მათთვისაც მოსახერხებელია.

მოსწავლეებს ვურჩევ ფილმებს, მულტფილმებს, ვცდილობ  5-6-წუთიანი მულტფილმები იყოს,  რომ ონლაინჩართვის დროს გვქონდეს კითხვა-პასუხის რეჟიმიც,“ – გვიყვება ლალი ჯაფარიძე. მისი თქმით, ონლაინგაკვეთილები კვირაში სამჯერ უტარდებათ მოსწავლეებს და ეს საკმარისია.

ლალი ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე მოსწავლეს, რომლებსაც არ აქვთ კარგად განვითარებული კომპიუტერული უნარები, სასწავლო რესურს უბეჭდავს და ისე აწვდის „სანიტარული წესების სრული დაცვით“.

„ჩემი მოსწავლეები აქტიურად მყავს ჩართული არაფორმალურ განათლებაში, აპრილსა და მაისში ბევრი აქტივობა გვქონდა დაგეგმილი, მათ შორის, ჟესტური ენის უფასო კურსებზე უნდა გვევლო, თუმცა პანდემიის გამო ეს აქტივობები შეგვეზღუდა.

ამ გამოწვევებმა ასევე გვაჩვენა ისიც, რომ სამომავლოდ ძალიან  ბევრი სურდო თარჯიმანი გვჭირდება, მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის კი გვჭირდება ბრაილის შრიფტის მცოდნეები, რაც დღეს ბევრი არ გვყავს, სამწუხაროდ,“ – გვეუბნება ლალი ჯაფარიძე.

მერი ჩიმაკაძე ბათუმის #3 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელია. მისი თქმით, ონლაინსწავლების დროს ყველაზე რთული მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობა აღმოჩნდა.

„მხედველობის დარღვევის მქონე სამიდან ორ მოსწავლეს აქვს აკადემიური მოსწრება და სრულად ჩართულია სასწავლო პროცესში. ვინც სოფელში წავიდა, მათთან სატელეფონო კომუნიკაცია გვიწევს და პრობლემაა ის, რომ არ არიან მიჩვეული დამოუკიდებლად მუშაობას, უფრო მეტი მობილიზება უწევთ დავალებებზე, რადგან შეცდომები თვითონ უნდა დაინახონ და გაასწორონ. რა თქმა უნდა, მშობელიც უნდა დაეხმაროს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებლად სწავლა,“- გვეუბნება მერი ჩიმაკაძე.

მასწავლებლის თქმით, იმისთვის, რომ მოსწავლემ დავალებები გააკეთოს, ხშირად უწევთ სოფელში ბრაილერის  გაგზავნა, რომ მოსწავლემ დავალებები ამობეჭდოს: „როცა დავალებებს შეასრულებს, შემდეგ მშობელი იწერს ვიდეოს და გვიგზავნის“.

მერი ჩიმაკაძე ამბობს, რომ მას, როგორც სპეცმასწავლებელს, სხვა პედაგოგებთანაც უწევს მუშაობა, რადგან მათ შეძლონ მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვების დავალებების გასწორება.

„მასწავლებლებმა ვერ აითვისეს ბრაილი ადვილად, ამიტომ, რომ გაიგონ როგორ დაწერა ბავშვმა, მე მიწევს ზემოდან კალმით გადავაწერო ასოები და ასე ვაწვდი სხვა საგნის მასწავლებლებს“.

მერი ჩიმაკაძის თქმით, ბოლო პროცესებმა გვაჩვენა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნოს სკოლამ იმაზე, რომ სსმ მოსწავლეებმა კომპიუტერული უნარები გაიუმჯობესონ.

___________________________________

მთავარი ფოტო: ლალი ჯაფარიძე და მერი ჩიმაკაძე/სპეციალური მასწავლებლები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: