მთავარი,სიახლეები

კორონავირუსი დაუდასტურდა მომღერალს, რომელიც ამბობს, რომ ანალიზს არ უღებდნენ

07.04.2020 • 2781
კორონავირუსი დაუდასტურდა მომღერალს, რომელიც ამბობს, რომ ანალიზს არ უღებდნენ

ბათუმის საოპერო დასის სოლისტს, ნიუ იორკის ლონგ-აილენდის უნივერსიტეტის კონსერვატორიის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტს, აჩიკო გოგიტიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მომღერალი ამბობს, რომ მას ჯანდაცვის მინისტრთან დარეკვა დასჭირდა, რომ მისთვის ტესტი აეღოთ კორონავირუსზე.  აშშ-დან ჩამოფრენის შემდეგ მომღერალი კარანტინში იმყოფებოდა, თუმცა იქედან, სიმპტომების მიუხედავად, სახლში, ტესტის გარეშე უშვებდნენ.

როგორც აჩიკო გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ის ნიუ იორკიდან საქართველოში 24 მარტს გამოფრინდა და ბაქოში ჩავიდა, საიდანაც ის, იზოლირებულად, სპეციალური მანქანით, თელავში, კარანტინში გადაიყვანეს.

„ნიუ იორკში არც კი იგრძნობოდა პანდემია. უნივერსიტეტებიც ძალიან გვიან დაიხურა. ბოლო რეისი გამოფრინდა და კარგია, რომ მოვასწარი გამოფრენა. თვითმფრინავში კი ჰქონდათ სადეზინფექციო საშუალებები და მეც ვიყენებდი, თუმცა აეროპორტში განსაკუთრებული ზომები არ იგრძნობოდა“.

აჩიკო გოგიტიძეს თელავში, კარანტინში ჩამოსვლისას სიცხე 37.5 ჰქონდა.

„ექიმების ინტერვიუებს ვისმენდი და ეს დამეხმარა სიმპტომების გარკვევაში. არც ხველება მქონდა, არც სუნთქვის გაძნელება, არც მაღალი ტემპერატურა, არც ყელის ტკივილი. მაგრამ მეორე დღეს დავკარგე ყნოსვის შეგრძნება. ამის მიუხედავად, მეუბნებოდნენ, რომ სიმპტომები საკმარისი არ იყო და უბრალოდ ემოციების ბრალი იყო.

მეც დავიჯერე, რადგან ექიმის მჯერა, თუმცა როცა კარანტინის ვადა მეწურებოდა, არ მინდოდა გაურკვევლობაში ვყოფილიყავი და მოვითხოვე ტესტის გაკეთება, მაგრამ გაურკვეველი პასუხები მივიღე.

ვეუბნებოდი, რომ ნიუ იორკიდან ჩამოვედი, პანდემიის ზონიდან, რომ მქონდა ყნოსვა დაკარგული, მაგრამ მაინც უარი მითხრეს ტესტზე. საკმარისი სიმპტომი არ გაქვსო. ვუთხარი, პოლიციის ძალითაც რომ გამომიყვანონ კარანტინიდან, სახლში მაინც არ წავალ- მეთქი. ტესტი მაინც არ გამიკეთეს.

კარანტინის დატოვებამდე წინა დღით აჭარის ჯანდაცვის მინისტრს დავურეკე და ავუხსენი ჩემი სიმპტომები. მითხრა, რომ ეს არ იყო სახუმარო ამბავი და რომ ამ ინფორმაციას გადასცემდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს,“ – ამბობს აჩიკო.

იმავე დღეს აჩიკო გოგიტიძეს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე: „ჩემი ეჭვი გამართლდა და ვირუსი დამიდასტურდა. გამოვედი, დამხვდა ორი ექიმი, სრული ეკიპირებით,  რეანომობილით და გადამიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, არადა, სახლში წასასვლელად მამზადებდნენ“.

აჩიკო ამბობს, რომ კარანტინიდან სახლში წასვლის შემთხვევაში მინიმუმ 7 ადამიანის დაავადების მიზეზი გახდებოდა.

„თელავში ჩემს სიძეს უნდა მოეკითხა მანქანით, რაც იმას ნიშნავს, რომ სიძესაც გადაედებოდა ვირუსი, შემდეგ კი ჩემს დას და დისშვილს, ასევე,  დედაჩემს და მამაჩემს. ორი ასაკოვანი ბებია მყავს სოფელში და როგორც „სუფთა“, კარანტინის დატოვების შემდეგ, მათ მონახულებას ვაპირებდი სოფელში. ფაქტობრივად, ვწირავდი ამ ადამიანებს,“ – გვეუბნება აჩიკო გოგიტიძე.

როგორც აჩიკო ამბობს, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, რადგან ექიმების თქმით, მას ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და არ აქვს ქრონიკული დაავადებები. „ფილტვებიც ჯანმრთელი მაქვს და ამისთვის მადლობას ვუხდი საოპერო ხელოვნებას,“ – გვეუბნება მომღერალი.

მისი თქმით, ყველამ შესაძლოა ვერ მოახერხოს მინისტრთან დარეკვა, ამიტომ უფრო მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანებმა, ვისაც სიმპტომების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.

„ვფიქრობ, მსუბუქ ჩივილებსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ახლა კლინიკაში ვარ და მშვიდად ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ან სხვა ადამიანები რომ დამეინფიცირებინა,  როგორ მოვიქცეოდი და რას ჩავიდენდი, არ ვიცი,“ – გვეუბნება მომღერალი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ საკარანტინო ზონას ვერც ერთი ადამიანი ვერ დატოვებს, თუ ერთი სიმპტომი მაინც აღენიშნება.

„გოგიტიძე ვერ დატოვებდა ტესტის გარეშე საკარანტინო სივრცეს, გარწმუნებთ, რადგან აქ ჩართული არიან ექიმები და ეპიდემიოლოგები. ვფიქრობ, მის შემთხვევაში კომუნიკაციის პრობლემა იყო, რადგან ყოველდღიურად უკუკავშირს ვერ ახერხებენ ექიმები ამდენ მოქალაქესთან. როცა გოგიტიძემ დამირეკა, ეს იყო მე-12 დღე, მომიყვა სიმპტომებიც.

ყველა მოქალაქეზე დგება ეპიდემიოლოგიური რუკები, მათ შორის, სამედიცინო რუკა, სადაც ყოველდღიურად იწერება ტემპერატურა და სხვა საგანგაშო ნიშნები. აჩიკოს შემთხვევაში ეს იყო გემოს და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა. 1200 ადამიანი გავუშვით კარანტინიდან, ყველაზე ტესტი არ გაგვიკეთებია, რადგან ცხრილში ივსება სიმპტომები და ერთი ნიშანიც თუ არის ცხრილში ვირუსისთვის დამახასიათებელი, მე-13 დღეს უღებენ ნიმუშს და გოგიტიძე მე-14 დღეს ეწერა ნიმუშის აღების გრაფიკში. უბრალოდ, ეს დეტალი არ იყო მისთვის მიწოდებული და ამან შექმნა პრობლემა,“-ამბობს ზაალ მიქელაძე.

მინისტრის თქმით, დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობა ნიშნავს, რომ შეიძლება ადამიანი გარეგნულად ვერ გრძნობს ნიშნებს, მაგრამ „დროს გააჩნია,“- გვეუბნება ის, „თუ ტემპერატურა მე-7 დღეს აღენიშნება, არ ვიღებთ ტესტს, არამედ გაწერის წინა დღეს ვუღებთ ტესტს და ისე ვაგზავნით სახლში“.

______________________

ფოტოზე: აჩიკო გოგიტიძე, საოპერო მომღერალი. ფოტო: FB

გადაბეჭდვის წესი


ასევე: