მთავარი,სიახლეები

მოზარდებს იზოლაცია განსაკუთრებით უჭირთ, როგორ მოვიქცეთ? – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

07.04.2020 •
მოზარდებს იზოლაცია განსაკუთრებით უჭირთ, როგორ მოვიქცეთ? – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„სტრესის ჰიგიენაც მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა მოზარდებზე საუბრისას. მოზარდები ახლა ყველა დანარჩენის მსგავსად, იზოლაციაში არიან და შინ, ერთფეროვან გარემოში ყოფნა განსაკუთრებით უჭირთ.

„ბათუმელები“  მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის [ GCRT ] ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტს, მაია ცირამუას ესაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მოზარდებმა იზოლაციის პირობებში დეპრესიისგან და ასევე, ძალადობისგან თავის დასაღწევად.

  • ქალბატონო მაია, სოციალური იზოლაციის დაცვა რამდენად რთულია მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის? რით ხასიათდება ეს სირთულე ზრდასრულების იზოლაციისგან განსხვავებით?

სოციალური იზოლაცია, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებსაც შეეხოთ, რამდენიმე მიმართულებით არის საყურადღებო,  განსაკუთრებით 12- დან 18 წლამდე ასაკის პირებისათვის.

ის  ნეიროფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც ამ ასაკში ხდება, ვერ  ერგება შექმნილ რეალობას. მეტიც, მისი საპირისპიროა.

მაგალითად,  ჰორმონალური ცვლილებების გამო დარღვეულია მოზარდის აგზნება-შეკავების ბალანსი. ის მეტწილად აღგზნებულია, ვერ აკონტროლებს მოჭარბებულ ემოციებს, ვერ აბალანსებს მოზღვავებულ ენერგიას. მოზარდები ნაკლებად ფიქრობენ, სანამ ნაბიჯს გადადგამენ.

მაგალითად, ცნობილია, რომ ამ ასაკში იზრდება დოფამინის ოდენობა (ჰორმონები, რომელიც სიამოვნების შეგრძნებასთან არის დაკავშირებული),  როგორც ლიმბურ სისტემაში (ეს სისტემა ადამიანის ემოციურ რეაქციებზე აგებს პასუხს), ასევე პრეფრონტალურ ქერქშიც და მათი გაზრდილი ოდენობა, აქტივობა, აძლიერებს სარისკო ქცევას. ამავე მიზეზს უკავშირდება ისიც, რომ მოზარდებს იოლად სწყინდებათ, ბეზრდებათ და მუდმივი ლტოლვა აქვთ სიახლეებისკენ, სიამოვნების მიღებისკენ.  მოზარდებს მოჭარბებული ემოციურობა, იმპულსურობა ახასიათებთ, რაც სეროტონინის აქტივაციას უკავშირდება, სწორედ ის იღებს მონაწილეობას გუნება-განწყობისა და ქცევის რეგულაციაში.

მოზარდების ემოციურ ლაბილობას ხშირად იმ ატრაქციონის სახე აქვს, რომელსაც „ამერიკულ მთებს“ უწოდებენ. ასე დეტალურად რატომ განვიხილავთ ამ ყველაფერს? მინდა უფროსებმა კარგად გავიაზროთ, რომ ის სირთულეები, რასაც ვაწყდებით მათთან,  ნორმალური ასაკობრივი მოვლენებია და არა მათი ახირება. და თუ ახლა, იზოლაციის პირობებში კიდევ უფრო გვიჭირს მოზარდებთან ურთიერთობა, ასევე ბუნებრივად და გასაგებად უნდა აღვიქვათ.

მოზარდობის ასაკი რამდენიმე ქვე-პერიოდად იყოფა და ისინი განსხვავებულები არიან ამ დროს. მაგალითად, ადრეული თინეიჯერობა და პრებუბერტატი სხვა ნიშნებით ხასიათდება – ისინი უფრო მოდუნებულები და ინერტულები არიან, რასაც სიზარმაცეს ვეძახით ყოველდღიურ ყოფაში, შედარებით პასიურობით და ჩაკეტილობით გამოირჩევიან. აქ ზუსტი ასაკობრივი ზღვარის მოხაზვა რთულია, რადგან ეს პროცესი ინდივიდალურია, თუმცა დაახლოებით  11-14 წლის ასაკის ადამიანებს მოვიაზრებთ. მათთვის სხვა ნიშნითაა საყურადღებო ფიზიკური და სოციალური იზოლაცია, ისინი შესაძლოა უფრო მოდუნდნენ და გაპასიურდნენ, რაც, ცხადია, ასევე პრობლემურია.

საერთო ჯამში, ფიზიკური და სოციალური იზოლაცია სწორედ მოზარდებისათვის არის დიდი გამოწვევა – სამყაროსადმი, თანატოლებისადმი, მათთან სოციალური ინტეგრაციისადმი ბუნებრივი ინტერესი ითრგუნება. ამიტომ, იზოლაციამ ბევრი დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ემოციურ, ასევე ფიზიკურ დონეზე, მოიმატოს შფოთვამ, აგრესიულობამ, შესაძლოა სახეზე იყოს ფსიქომოტორული მოუსვენრობა (როცა ადგილს ვერ პოულობს მოზარდი) და საბოლოო ჯამში, იზრდება კონფლიქტების რისკიც.

  • რა შეიძლება იყოს ამ დროს რეკომენდაცია როგორც მოზარდებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის? 

არ მინდა, ზოგადი რეკომენდაციებით შემოვიფარგლო. ცოტათი გამაღიზიანებელია, როცა ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეუბნებით – შეინარჩუნე სიმშვიდე! ცხადია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ალბათ ისიც უნდა ვუთხრათ, როგორ გააკეთონ ეს.

ჩვენს ორგანიზაციას აქვს დიდი სურვილი, იკონტაქტოს მოზარდებთან სწორედ ასეთი კონსულტაციების გაწევის მიზნით. ჩვენ მზად ვართ, მოვაწყოთ მათთან ონლაინშეხვედრები სხვადასხვა ფორმატში,  მათი საჭიროებების შესახებ შევიტყოთ და სწორედ ამას მოვარგოთ ჩვენი რეკომენდაციები, სხვაგვარად ეს ყველაფერი სიბნელეში ხელის ცეცებას ემსგავსება: ვიღაცას გუნება-განწყობა დაუქვეითდა, ვიღაცას მაღალი შფოთვა აქვს და საერთოდ ვეღარ კონცენტრირდება, ვიღაცას სომატური ჩივილები გაუჩნდა,  მაგალითად, ხშირად ტკივა თავი, ან შესაძლოა ძილის რეჟიმი დაერღვა, აქ განსხვავებული მიდგომებია საჭირო. ჩვენ შეგვიძლია ამ კონსულტაციებს ინდივიდუალური სახეც მივცეთ და ჯგუფურიც. საბედნიეროდ, ციფრული ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას გვაძლევს.

იქამდე, კი, მინდა, მოზარდებს ვუთხრა, რომ როგორც ფიზიკური კეთილდღეობისთვისაა საჭირო ჰიგიენის დაცვა, ასევე სტრესის ჰიგიენაც მნიშვნელოვანია.

არსებობს რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია.

 არ ღირს მთელი დღე გავატაროთ სერიალების ყურებაში ან ვირუსის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, არც „ჩატში ყოფნაა“ მუდმივად სასურველი, მითუმეტეს, რომ ამ სტრესულ ფონზე ონლაინბულინგის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს ზიანის კიდევ ერთი დამატებითი სფეროა. ამისთვის სასურველია, მართვის სადავეები საკუთარ ხელში ავიღოთ და რაღაც რუტინა შევქნათ, დრო ჩვენს ხელებში მოვაქციოთ, ჩვენ ვაკონტროლოთ. როცა ადამიანს აქვს განცდა, რომ ის აკონტროლებს საკუთარ ქცევას, ეს გარკვეულწილად სტრესის დონესაც ამცირებს.  ამას ძალა  და გამბედაობა სჭირდება, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, თუ მოინდომებს.

მაგალითად, დაყავით  თქვენი დრო, გახადეთ ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი: დაიწყეთ დილა ფიზიკური აქტივობით ან თქვენთვის სასიამოვნო რომელიმე სხვა აქტივობით, საინტერესო და სასარგებლოა, თუ უკვე გამჯდარ ჩვევებს ცოტათი შეცვლით, მაგალითად, დილის რიტუალისას კბილის ჯაგრისს მარცხენა ხელში მოიმარჯვებთ, მარჯვენას ნაცვლად. ასეთი ცვლილებები კონცენტრაციაში და „აქ და ამჟამად“ ყოფნაში გვეხმარება.

დოზირებულად დაუთმეთ დრო: კითხვას, თამაშს, მეგობრებთან ონლაინკავშირს, მუსიკის მოსმენას, მეცადინეობას, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას. შექმენით თქვენს გონებაში სტრუქტურა და გადაანაწილეთ ეს აქტივობები, ან სულაც ჩამოწერეთ და თუ გიჭირთ დროის კონტროლი, გამოიყენეთ ამისათვის შეტყობინების „სიგნალი“ ( ტელეფონის ან მაღვიძარას დახმარებით), ერთი აქტივობიდან მეორეზე პირდაპირ კი არ გადახვიდეთ, გამოყავით ისინი მცირე „ფანჯრებით“, ეს შეიძლება იყოს სხვა ოთახში, სხვა სივრცეში გადანაცვლება, ან რაიმე ფიზიკური აქტივობა, ოღონდ წინა აქტივობისგან თვისობრივად განსხვავებული, მაგალითად, თუ ონლაინგაკვეთილზე იჯექით, ისევ ონლაინსივრცეში კი არ დარჩეთ, მაგალითად,  ინფორმაციის მოპოვებისთვის ან მეგობართან კონტაქტისთვის, არამედ ფიზიკურ აქტივობაზე გადადით. დღის რუტინის ასეთი მონაცვლეობა და სტრუქურა ემოციური ბალანსისათვის მნიშვნელოვანია.

მტკივნეულია შეგრძნებების „გაღარიბებაც“, სულ ერთი და იგივე ვიზუალური, თუ სხვა სახის შეგრძნებები, ამიტომ შეგიძლიათ რამდენიმე ნაცად და სახალისო ხერხს მიმართოთ:

  • აირჩიეთ ერთი ობიექტი და დააკვირდით, თითქოს პირველად ხედავთ, შეისწავლეთ ის, აქციეთ თქვენი აღქმის მთავარ საგნად [ვიზუალური აღმის გააქტიურება]
  • ახლა დააკვირდით ხმებს თქვენ გარშემო, შეისწავლეთ ისინი [სმენის აღქმის გააქტიურება]
  • შეეხეთ საგნის ზედაპირებს, მოსინჯეთ ხელით, თითქოს ხელის შეხებით გინდათ დაინახოთ [ტაქტილური აღქმის გააქტიურება]
  • გემოს შეგრძნების გააქტიურებისთვის კარგია, თუ თქვენთვის საყვარელ გემოს გადააქცევთ აღქმის საგნად, მაგალითად, ფორთოხლის გემოს მთელი სიცხადით შეიგრძნობთ
  • მნიშვნელოვანია, ყნოსვის გააქტიურებაც – დააკვირდით სუნებს თქვენ გარშემო, მოაქცეთ ის თქვენი ყურადღების ცენტრში

შემდეგი სავარჯიშო დაგეხმარებათ ისწავლოთ კონცენტრაცია და იყოთ „აქ და ამჟამად“.  ამ დროს ისეთი დოზით კონცენტრირება გჭირდებათ, რომ აუცილებლად გააქტიურებთ და საქმეში ჩართავთ იმ უნარებს, როლებიც „დაჩლუნგებულია“ იმის გამო, რომ შფოთავთ და მოუსვენრობთ, ან სულ ვირტუალურ სივრცეში ხართ,  ან თქვენი გონება სადღაც დახეტიალობს და უნებლიეთ შემოჭრილი ფიქრები „თავს არ განებებთ“:

გააყოლეთ თვალი  თქვენს ოთახში ან ფანჯრიდან დანახულ სივრცეში მოთავსებული საგნის  კონტურს [მის კიდეს],  ძალიან ნელა გააკეთეთ ეს  და ამავე დროს ერთი უწყვეტი ხაზით მოხაზეთ ფურცელზე ობიექტის კონტური ისე, რომ თავად ობიექტს თვალი არ მოაშოროთ.

ეს ძალიან მცირედი ნაწილია, უამრავი ასეთი ტექნიკა არსებობს, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ და შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენს ონლაინშეხვედრებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ არ დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობა, ნებისმიერი რამ, რაც სხეულს „გააცოცხლებს“, კარგად მუშაობს: ხტუნვა, ცეკვა, ვარჯიში, იოგა და ა. შ.

  •  მშობლებზეც გვითხარით, მათ რა უნდა გააკეთონ, რომ უფრო იოლად შეძლონ შვილებთან ურთიერთობა? 

რაც შეეხება მშობლებს, ისინი ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან. მათ უამრავი საზრუნავი აქვთ და შესაბამისად, სტრესის დონეც მაღალია. შეიძლება, ახლა კიდევ უფრო გაუჭირდეთ მოზარდ შვილებთან საერთო ენის პოვნა, რადგან, როგორც უკვე ვთქვით,  ფიზიკური და სოციალური იზოლაცია მოზარდისთვის სერიოზული სტრესული მოვლენაა.  შესაბამისად, იზრდება კონფლიქტებისა და ძალადობის რისკები, ამიტომ პრევენციულად მინდა ვუთხრა მშობლებს დასჯის ნეგატიურ მხარეებზე:

  • დასჯამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ქცევის დროებით მოგვარება, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში ქცევა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს;
  • დასჯის ხშირი გამოყენება უბიძგებს მოზარდს გაქცევისაკენ, დამალვისაკენ; მოზარდებმა, რომლებმაც იციან, რომ არასასურველი ქცევისთვის დაისჯებიან, ცდილობენ ეს ისე გააკეთონ, რომ სხვამ არ გაიგოს, დამალონ ან მოიტყუონ;
  • დასჯამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრაზი, რომელიც უბიძგებს მოზარდს გააკეთოს უარესი; ასევე,  გამოიწვიოს ძლიერი შიშის, შფოთვის რეაქციები და  სირცხვილის განცდა;  ასეთ შემთხვევაში მოზარდები სწავლობენ ქცევის შიშითა და სირცხვილის განცდით რეგულირებას და ვერ იაზრებენ არასასურველი ქცევის შედეგებს;
  • აგრესიული, დასჯაზე ორიენტირებული ქცევის ხშირი გამოყენების შემთხვევაში მოზარდი სწავლობს აგრესიულ ქცევას და ამიტომ აღარ გაგიკვირდეთ, თუ ის თქვენს ან სხვა ადამიანების მიმართ კომუნიკაციის იგივე ხერხს იყენებს.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არსებობს უამრავი კომუნიკაციური ბარიერი, რაც მოზარდს უფრო გვაშორებს და ურთიერთობას გვირთულებს, მაგალითად, მათზე ცუდად აისახება:  ჭკუის დარიგება, მორალის კითხვა, დადანაშაულება, დამუქრება, მომთხოვნი, დირექტიული კომუნიკაცია… ასეთი ურთიერთობა ბავშვს აძლევს მესიჯს, რომ ის ცუდია, უვარგისია, პატივისცემას არ იმსახურებს, არ ენდობიან და ა. შ. რაც აგრესიას ზრდის, ამას გარდა, ასეთი დამოკიდებულება ძალადობრივია, რადგან ნებისმიერი ქმედება, რომელიც მეორე ადამიანს ღირსებას ულახავს და მორალურად აზიანებს, ძალადობაა.

მნიშვნელოვანია მშობელმა იფიქროს საკუთარ ემოციურ ბალანსზეც. გასაგებია, რომ მოზარდის გარკვეული ქცევა გვაბრაზებს, გვასევდიანებს, გვაფორიაქებს, მაგრამ ჩვენი ემოციური პასუხები მათ ქცევაზე კომუნიკაციას უფრო ძაბავს. პრობლემა არაა იმაში, რომ ვბრაზდებით. მთავარია, რომ მისი მართვა შევძლოთ. თუ გაბრაზდით,  თქვენ შეგიძლიათ უთხრათ შვილს, რომ გაბრაზებული ხართ, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ მას ღირსება არ შეულახოთ და არ გამოიყენოთ ის „მეთოდები“, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ – ამ დროს შეგიძლიათ თამამად თქვათ, რას განიცდით, ოღონდ აღწერეთ გარემოებები, რის გამო ხართ ასე, სხვაა, როცა ბავშვს ეუბნები – „როგორ ბედავ ჩემს მოტყუებას, ეს აღარ გამეორდეს!“  და სხვა ტიპის კომუნიკაციაა, როცა ეუბნები -„ მე  ვბრაზდები და მწყინს,  როცა  ვხვდები, რომ ტყუილს ამბობ, მნიშვნელოვანია,  რომ სიმართლე ვიცოდე“.

მოზარდთან კომუნიკაცია ერთგავრი ხელოვნებაა. მათთან ხშირად პარიტეტული ურთიერთობა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე დომინანტური და მკაცრი. მათ აუცილებლად სჭირდებათ გარკვეული წესები და შეზღუდვები, მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ თანამშრომლობითაა შესაძლებელი.

  • მოზარდების გაჯეტებთან მიჯაჭვულობა აქამდეც იყო მშობლების წუხილის საგანი. დღეს რა იცვლება, როცა სწავლებაც კი ონლაინრეჟიმში გადავიდა?

გაჯეტებზე მიჯაჭვულობა ალბათ ყველაზე დიდი თავსატეხი იქნება ჩვენთვის – მშობლებისთვის, სპეციალისტებისთვის, როცა ეს კრიზისი გაივლის. აქამდეც საკმაოდ გავრცელებული პრობლემა იყო და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დავდექით.

ახლა ვირტუალური სივრცე შეიძლება ბავშვისთვის დეზადაპტაციური გამკლავების გზა აღმოჩნდეს  და აქ „შეაფაროს“ თავი, სწორედ იმ პრობლემების გამო, რასაც იზოლაცია იწვევს. რატომ? იმიტომ, რომ ვირტუალური სივრცე მას არსებული რეალობიდან გაქცევის გზას აჩვენებს, აქ არაა „კორონა“ და მთელი ეს ეიფორია, აქ მათ „სოციალიზაციის“ საშუალება აქვთ, რადგან აქ არიან თანატოლები, უამრავი ბავშვია დღეს ჩართული ონლაინთამაშებში, აქ თავგადასავალიცაა, აქ შეიძლება გარისკვა, აქ შეიძლება სწორედ იმ დეფიციტის შევსება, რაც აქვთ შეზღუდვებით, აქაა „ადრენალინი“, რაც შედეგად სიამოვნების ჰორმონებით „აჯილდოვებთ“. აქაა ყველა „სარგებელი“, რაც უქმნით ილუზიას, რომ უმკლავდებიან და აქაა „კონტროლისა და ბედნიერების“ ილუზია, ამიტომ ეს დიდი სატყუარაა!

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში პირდაპირ  წერია – „ნუ მიაძიძავებთ თქვენს შვილებს ვირტუალურ სივრცეს“, მაგრამ აქ ხშირად მშობელი უძლურია და ხშირად ბავშვიც საკმაოდ ამბივალენტურ მდგომარეობაშია. ზოგჯერ მათ იციან, რომ ასე არ ვარგა, მაგრამ აღარ აქვთ ძალა, თავი დააღწიონ მონსტრს, რომელიც მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას განადგურებით ემუქრება.

  • თქვენი ინფორმაციით, რა ხდება აზარტული თამაშების კუთხით – მოზარდების ნაწილი ონლაინთამაშებზეა დამოკიდებული. 

შორეულ პერსპექტივაში თუ შევხედავთ, ჩვენ ძალიან დიდ მაჩვენებელს მივიღებთ მოზარდთა თამაშზე დამოკიდებულებისა და დანაშაულის თვალსაზრისით, თუ დღესვე არ დავიწყებთ პრევენციაზე ზრუნვას. დღეს, როცა ყველა სავაჭრო, გასართობი ობიექტი დაიკეტა, საინტერესოა, რა ხდება ონლაინსლოტ – კლუბების თვალსაზრისით. მგონი, რომ ეს ერთადერთი ობიექტია, რაც ძველებურად მუშაობს. ბევრი მოზარდი თამაშობს დღეს ფულზე და ეს სრულიად უკონტროლოა. გვახსოვს, ალბათ, თამაშზე დამოკიდებულების თვალსაზრისით როგორი სერიოზული პრობლემები გვქონდა და გვაქვს. აქ მშობლების მარტო დატოვება არ შეიძლება. სახელმწიფომ ამაზე უნდა იფიქროს დაუყონებლივ.

დღეს ამ მიმართულებით ერთადერთი სერვისი მახსენდება, რომელიც კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას – კლუბი „სინერგია“, რომელიც თბილისისა და აჭარის რეგიონში მოქმედებს და დამოკიდებულების პრობლემებზე მოზარდებთან მუშაობს. კარგია თუ მშობლები ამ რესურსს გამოიყენებენ და კვალიფიციური სპეციალისტებისაგან მიიღებენ რეკომენდაციებს, როგორ დაეხმარონ ბავშვებს დამოკიდებულების პრობლემის გადაჭრაში.

  • რა შეგიძლით უთხრათ მოზარდს, რომელიც მშობლისგან ხდება სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი? ვის შეიძლება ისინი დაუკავშირდნენ? 

იზოლაცია ზრდის ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკებს. უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემით გვიკავშირდებიან. ბევრი ქალი, ბავშვი, მოხუცი აღმოჩნდა ამ სიტუაციის გამო პირისპირ მოძალადესთან.

ბავშვის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო სარისკოა, რადგან, როგორც ვიცით, ჩვენს საზოგადოებაში ბავშვთა მიმართ ძალადობა ნორმალიზებულია.

თუ დღეს რომელიმე სახლიდან ბავშვის ტირილის ხმა გამოდის და ამას თან ერთვის მშობლის ყვირილიც, ძალიან ბევრი ჩვეულებრივ ამბად იღებს – „ალბათ ცუდად მოიქცა და იმიტომ“; „ ამ ბავშვებს სხვა ენა არ ესმით და იმიტომ“, „მშობელია და შვილს როგორც უნდა ისე მოექცევა“  და ა. შ. იმედია, ჩვენს ამ ინტერვიუს მოზარდებიც კითხულობენ და მათ მინდა მივმართო:

ამ ქვეყნად არავის, მათ შორის, არც მშობელს არ აქვს უფლება, ბავშვს ფიზიკურად შეეხოს: სცემოს, თმაზე მოქაჩოს, კუთხეში დააყენოს, ყური აუწიოს და მიაყენოს ფიზიკური ან სულიერი ტკივილი, მაგალითად, დაშინებით, შანტაჟით, მუქარით, დამცირებით, დაცინვით და ღირსების შელახვით. პირველ რიგში, მშობელია ვალდებული გაუფრთხილდეს თქვენს ჯანმრთელობას და ემოციურ ცხოვრებას, თუ თქვენ ასეთ ძალადობრივ გარემოში ხართ, აუცილებლად მოგვაწვდინეთ ხმა, მოგვწერეთ ჩვენი ორგანიზაციის  Facebook -ის გვერდზე  ან დარეკეთ 112 – ზე. იგივე თხოვნა გვექნება ქალებთანაც, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები არიან.

მინდა, ასევე მოვუწოდო საზოგადოებას, გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა და გულისხმიერება და ნუ დატოვებენ ბავშვებს განსაცდელში.

____

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაცია – სუდოს“ დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია batumelebi.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: