მთავარი,სიახლეები

„ჩემს შვილს საბავშვო ბაღიდან საკვები არ მიუღია“- მშობელი

06.04.2020 • 1434
„ჩემს შვილს საბავშვო ბაღიდან საკვები არ მიუღია“- მშობელი

„ჩემი შვილი ბათუმის მე-11 საბავშვო ბაღში დადის.  კორონავირუსის პანდემიის გამო, რადგან ბაღები დაიკეტა, ითქვა, რომ ბავშვები საკვებ პროდუქტებს სახლში მიიღებდნენ. ჩემს შვილს პროდუქტები არ მიუღია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ირმა შარაძე.

მშობელი ამბობს, რომ პროდუქტების მიღებასთან დაკავშირებით ის ბაღის მასწავლებელს ესაუბრა, რომელმაც მას უთხრა, რომ როცა მისი რიგი მოვიდოდა, შეატყობინებდნენ.

„არავის არაფერი არ აუხსნია პროდუქტების გაცემასთან დაკავშირებით. ორი კვირის წინ მე თვითონ დავრეკე ბავშვის პედაგოგთან და ვკითხე, თუ მოუწევდა ჩემს შვილსაც პროდუქტი. მითხრა, რომ კი, ოღონდ ეტაპობრივად მიდის დარიგება და თვითონ დაგიკავშირდებით და გეტყვით, როდის უნდა მოხვიდეთო.

გუშინ კიდევ დავურეკე და მითხრა, მე არაფერი ვიციო. სხვა ბავშვებმა უკვე მეორე თვის აიღეს და ჩვენ არ შეგვხვდა. რატომ?“- კითხულობს მშობელი.

„ბათუმელები“ მე-11 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს ია ტაკიძეს ესაუბრა. ის ამბობს, რომ მშობელს ბავშვისთვის განკუთვნილი საკვები განცხადების გაკეთებიდან 3 დღეში უნდა წაეღო.

„არ შეგვეხმიანა ალბათ მშობელი, რადგან ინფორმაცია იდო ფეისბუქზე, შეძლებისდაგვარად ჩვენც ყველას შევეხმიანეთ. იყო სხვადასხვა ვარიანტი, მშობელს რომ ეთქვა ვერ მოვდივარო, სახლშიც მიუტანდნენ, ეს მომსახურებაც იყო.

მე დამიკავშირდნენ ერთი კვირის მერე და უკვე ამოიწურა გაცემის ვადა. ვინც მოვიდა და შეგვეხმიანა, მიიღეს პროდუქტი,“ – ამბობს ია ტაკიძე.

კითხვაზე, თუკი საკვები ყველა ბავშვისთვისაა განკუთვნილი, როგორ ამოიწურა მარაგი? – ია ტაკიძე ამბობს, რომ საკვები პროდუქტები მოთხოვნის მიხედვით იყო.

„270 ბავშვია ჩვენთან ბაღში და 250 კალათი გავეცით ზუსტად. სათითაოდ ყველა ბავშვზე არ იყო, მოთხოვნის მიხედვით იყო,“- გვითხრა ია ტაკიძემ.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ მშობელს დროულად უნდა მოეთხოვა პროდუქტი.

„გამოვაცხადეთ, რომ 3 დღე იყო პროდუქტების გაცემის ვადა. 23, 24 და 25 მარტი. ამ სამ დღეში მშობლებს უნდა მიემართათ საბავშვო ბაღებისთვის, სადაც მიიღებდნენ პროდუქტს. მიუხედავად ამისა, პროდუქტების გაცემა თითქმის ორი კვირა გაგრძელდა.

თუ ნახევარზე მეტმა არ წაიკითხა ფეისბუქგვერდზე ჩვენი განცხადება, ტელევიზიაშიც ჩვენი კომენტარი, ბაღებს ვეღარ ვაიძულებდი ამაზე მეტხანს მუშაობას და ნარჩენი პროდუქტი ოფისში გადმოვიტანეთ,“- ამბობს მამუკა შამილიშვილი.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა მშობელს, ვისაც არ მიუღია ბავშვისთვის განკუთვნილი პროდუქტი, მიაკითხოს ოფისს და წამოიღოს, შამილიშვილი ამბობს: „ახლა არანაირად არ უნდა გავცე, რადგან უკვე მეორე, აპრილის თვის პროდუქტების გაცემაზე მუშაობას ვიწყებთ და რა ვიცი.  ხვალ ველოდები მერთან შეხვედრას და დავგეგმავთ,“ – ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

მას ასევე ვკითხეთ, რომ თუკი პროდუქტი ყველა ბავშვზეა განკუთვნილი, მაშინ რატომ არ შეუძლია მშობელს თუნდაც მოგვიანებით წაღება. მამუკა შამილიშვილი ადასტურებს, რომ პროდუქტები ნამდვილად ყველა ბავშვს ეკუთვნის, თუმცა დასძენს: „რაღაც ფარგლები ხომ აქვს გაცემას, იქ იყო ბანანი, ვაშლი, რძე, კვერცხი, რომელიც ფუჭდებოდა და სხვებს ვუმატებდით, რაც არამალფუჭადია და მოგვრჩა, საწყობებში ნაშთად გვენახება“.

საბავშვო ბაღებში, ისევე როგორც სკოლებში, სასწავლო პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. ბაღებმა მუშაობა 2 მარტიდან შეაჩერეს.  საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების გაცემა კი იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ სასწავლო პროცესი არ განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: