როგორი იქნება კლიმატი 2070 წელს – ცვლილება 3,5 მილიარდ ადამიანს ემუქრება

50 წლის შემდეგ 3,5-მდე მილიარდი ადამიანი შესაძლოა სიცოცხლისთვის არახელსაყრელ ზონაში აღმოჩნდეს, თუ კი კაცობრიობა არ შეაჩერებს კლიმატის ცვლილებებს დედამიწაზე СО2-ის ემისიის შემცირებით – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემაში, აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში [PNAS] გამოქვეყნდა.

კვლევისთვის ავტორთა ჯგუფმა, რომელშიც შედიან ანთროპოლოგები, ეკოლოგები და კლიმატის ცვლილების მკვლევარები, შეისწავლეს პლანეტაზე ისტორიულად ჩამოყალიბებული დასახლებები.

მათი პროგნოზის თანახმად, პლანეტაზე ადამიანის საცხოვრებელი გარემო შემცირდება და, ამავე დროს, გლობალური დათბობა სერიოზული ზიანით ემუქრება ადამიანის საცხოვრებელ არეალს, რომელიც, მკვლევარების თქმით, პრაქტიკულად 6000 წელია არ შეცვლილა.

მეცნიერები ეყრდნობიან კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათშორისო ჯგუფის ბოლო მოხსენებას, რომელშიც ნათქვამია, რომ სათბური გაზების გლობალური კონცენტრაცია გაიზრდება. პროგნოზი ასევე ეყრდნობა პლანეტის მომავლის განვითარების საბაზო სცენარს და მოსახლეობის ზრდის დინამიკას, რომელიც მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა შეადგინა და, ასევე, გამოყენებულია კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათშორისო ჯგუფის ბოლო მოხსენებაში.

გათვლა აჩვენებს, რომ დედამიწაზე ის ადგილები, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა გადააჭარბებს 29 გრადუსს, 2070 წელს 0,8 პროცენტით გაიზრდება და დედამიწის ხმელეთის 19 პროცენტს მიაღწევს.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ტემპერატურა გაიზრდება არა მხოლოდ დაუსახლებელ ზონებში, არამედ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. პრაქტიკულად საცხოვრებლად შეიძლება უვარგისი გახდეს მნიშვნელოვანი არეალი სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ავსტრალიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

კვლევაში მონაწილეობდნენ მეცნიერები მსოფლიოს 9 სამეცნიერო ცენტრიდან, მათ შორის: აშშ-დან, დანიიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მონაცემთა შესწავლის საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საშუალო წლიური ტემპერატურის ყოველი გრადუსით გაზრდამ შესაძლოა დაახლოებით მილიარდი ადამიანი დატოვოს სიცოცხლისთვის ვარგისი საცხოვრებელი გარემოს გარეშე. გლობალური დათბობა მხოლოდ ინდოეთში მოუსპობს სიცოცხლისთვის ვარგის გარემოს მილიარდ ადამიანს, ხოლო ნიგერიაში, პაკისტანში, ინდონეზიასა და სუდანში – არანაკლებ 100 მილიონს, თითოეულ ამ ქვეყანაში.

თუმცა ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნებს არ შეეხება. ცხოვრება შეიცვლება ყველგან, უმრავლეს რეგიონში საშუალო წლიური ტემპერატურა 13 გრადუსიდან შესაძლოა 20 გრადუსამდე გაიზარდოს, რაც შეესაბამება ჩრდილოეთ აფრიკის ყველაზე ცხელი რეგიონების კლიმატს.

გააძლიერებს თუ არა კლიმატის ცვლილება გლობალურ მიგრაციას? – მეცნიერები თავს იკავებენ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხისაგან და აღნიშნავენ, რომ მიგრაციის მიზეზები სხვადასხვაა, თუმცა ისინი ასეთ სცენარს შესაძლებლად მიიჩნევენ.

იმ რეგიონების უმრავლესობა, სადაც სამომავლოდ ტემპერატურის ზრდაა მოსალოდნელი, მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებია და მათი შესაძლებლობა, მოერგონ გაუარესებულ კლიმატს, შეზღუდულია, წერენ კვლევის ავტორები. ამას კი შესაძლოა ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს.

შორეულ წარსულში, როცა კლიმატი შეიცვალა, მას მასობრივი მიგრაცია და კონფლიქტები მოჰყვა, აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, არქეოლოგი ტიმ კოლერი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან. კაცობრიობას სჭირდება გეგმა მსგავსი სამომავლო სცენარისთვის.

„კორონავირუსმა შეცვალა მსოფლიო ისე, რომ რამდენიმე თვის წინ ამის წარმოდგენა ძნელად იყო შესაძლებელი. ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კლიმატის დათბობას შეუძლია გამოიწვიოს მსგავსი პროცესები,“ – აცხადებს მარტენ შეფერი, რომელიც მეცნიერთა ჯგუფის პროექტს ხელმძღვანელობს. კლიმატური კრიზისი ისეთი შესამჩნევი არ არის, როგორც პანდემია, მაგრამ, ვირუსისგან განსხვავებით, სიტუაციის მოკლე ხანში გაუმჯობესების იმედი არ უნდა გვქონდეს – დარწმუნებულია შეფერი.

„კლიმატის დათბობა შეცვლის ტემპერატურას ქალაქებსა და ქვეყნებშიც კი, რაც დღეს მოსახლეობას ვერ წარმოუდგენია,“ – განაცხადა კვლევის შეფასებისას გეოგრაფმა, ეკსეტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ნილ ადგერმა. მისი სიტყვებით, რომელსაც „ვაშინგტონ პოსტი“ ციტირებს, ტემპერატურის ზრდა მსოფლიო ეკონომიკური გეოგრაფიის უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს გამოიწვევს.

_____________________

ფოტო: weforum.org

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 200 ათასს აჭარბებს. „ბიბისის“ ცნობით, ქვეყანაში ინფიცირებულია 209 688 ადამიანი, მათგან 11 ათასი ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა.

რუსეთში ბოლო 24 საათში Covid19-ით 88 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსისგან სულ 1915 ადამიანია გარდაცვლილი.

Covid19-ით ინფიცირებულია რუსეთის კულტურის მინისტრი, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე მიხაილ მიშუსტინი, მშენებლობის სამინისტროს ხელმძღვანელი, ვლადიმერ იაკუშევი და მისი მოადგილე დიმიტრი ვოლკოვი.

_________________

ფოტო: ევროპის პრესსფოტო სააგენტო. EPA/YURI KOCHETKOV

20 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, 10 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 6 795 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 20 მილიონ 385 ათას ლარს გადააჭარბა.

[red_box]დაჯარიმებულთა სტატისტიკა[/red_box]

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანუ 3 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის სულ 590  პირი დააჯარიმა.

აქედან, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე – 482, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო – 83, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე – 20, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის – 4 პირი; ხოლო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი.

ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის აღებული გვაქვს ჯარიმის მინიმალური ოდენობა [რაც არის ფიზიკური პირის შემთხვევაში] – 3 ათასი ლარი.

კომენდანტის საათი საქართველოში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის -15 000 ლარის ოდენობით.

„ამ შემთხვევაში ჯარიმის აღსრულების პროცედურა აითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რადგან მანამდე გასაჩივრების მოქმედების ვადა შეჩერებულია,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ამ თემაზე:

კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 2000, საგანგებო მდგომარეობაში კი, 3000 ლარი – ცვლილება კანონში

მთავარი ფოტო: შსს

ბათუმში 10 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, აჭარაში, ცხელების კლინიკებში 246 პირის ანალიზის პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია, მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ამჟამად ბათუმში, ცხელების კლინიკებში, 16 პირი იმყოფება, მათი ანალიზის პასუხი დღის ბოლოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

აჭარაში 42 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, გარდაიცვალა – ერთი. ამჟამად 15 ადამიანი მკურნალობს ქოვიდზე კლინიკა „მედალფაში“.

უკვე მეათე დღეა აჭარაში Covid-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ბოლო შემთხვევა 30 აპრილს დადასტურდა და იგი ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 635 შემთხვევა, მათგან 309 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 10.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი მეწყერმა ჩაკეტა

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ამ დროისთვის [10:00 სთ] ჩაკეტილია. გზაზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში, დღეს, 10 მაისს, მეწყერი ჩამოწვა.

გზა ხეებითა და ლოდებითაა ჩახერგილი.

„მეწყერი დიდია, კლდეა ჩამოშლილი და მაგისტრალის გასაწმენდად შესაძლოა აფეთქება გახდეს საჭირო. ამ ეტაპზე ტექნიკა მუშაობს შემოვლითი გზის მოსაწყობად. შემოვლითი გზა დაიწყება ქვედა მახუნცეთის ხიდიდან და უნდა ჩამოვიდეს ახალ ხიდამდე. ესეც დროებით და გადაუდებელი აუცილებლობისთვის იქნება ორხიდიანი მანქანებისთვის [სასწრაფო, სახანძრო]. შემოვლითი გზა შესაძლოა 2-3 საათში იყოს მზად. ცენტრალური მაგისტრალი კი ჩაკეტილია,“ – გვითხრა ქედის მერმა ლევან გორგილაძემ.

 

მეწყერი ქედაში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე / ბადრი შავიშვილის ფოტოები

ბათუმის ბიუჯეტს მილიონები დააკლდება – ქონების გადასახადი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის სექტორი 2020 წლის ბოლომდე ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება, საშემოსავლო გადასახადი კი გადაუვადდება – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ტურიზმის გახსნის გეგმის წარდგენისას განაცხადა.

სპეციალისტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად დააწვება თვითმმართველობებს, ამიტომაც რეგიონებს ამ დანაკლისის შევსება ცენტრალური ბიუჯეტიდან დასჭირდებათ. ეს, თავის მხრივ, კიდევ დამტებით კრიზისს შექმნის ქვეყანაში.

გასულ წელს ქონების გადასახადის სახით ბათუმის ბიუჯეტში 30 მილიონამდე ლარი აისახა, აქედან 25 მილიონი შეადგინა საწარმოთა ქონების გადასახადმა, რაც მეტწილად ტურიზმის სექტორს მოიცავდა.

2 მილიონი ლარი შეადგინა ფიზიკურ პირთა გადასახადმა, ტურიზმის სექტორის წილი ამ თანხაშიც შეგვიძლია მოვიაზროთ. თითქმის ორი მილიონი ლარი კი მიწის გადასახადიდან შევიდა ბიუჯეტში.

ქონების გადასახადის 2019 წლის მაჩვენებელი, 2018 წლის შესრულების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიონ 888 ათასი ლარით, ანუ 10.7 %-ით იყო გაზრდილი. 2020 წლის ბოლოს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქონების გადასახადის სახით ბიუჯეტში შესული თანხა შესაძლოა განახევრდეს.

ბათუმის ბიუჯეტს დააკლდება ასევე მსხვილი შემოსავლები კაზინოებიდან. ამ ბიზნესიდან, 2019 წელს, ბათუმის ბიუჯეტში 30 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში კი 10 მილიონ ლარზე მეტი. შესაბამისად, პანდემიიდან გამომდინარე გაჩერებული კაზინოებიდან ბიუჯეტი ამ თანხებს ვეღარ მიიღებს.

როგორ ეხმარება რუსეთი და ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს პანდემიის დრო

Covid 19-ის პანდემიის დროს საყოველთაო კარანტინის და ფიზიკური დისტანცირების შედეგად გაჩერებული ეკონომიკის გამო, მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური. კორონავირუსის კრიზისი ყველაზე მძიმედ ღარიბ ქვეყნებს დააწვება, სწორედ ამიტომ გაერო ქვეყნებს სოლიდარობისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს. 

როგორია რუსეთის რეალური როლი გლობალური სოლიდარობის აქტში და რამდენად შეესაბამება ის პრორუსული მედიით გავრცელებულ სურათს? 

წაიკითხეთ: რუსეთის როლი კორონავირუსზე მოგონილ ამბებში

ცხადია, დასავლეთის, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ რუსეთი კორონავირუსსაც აქტიურად იყენებს. შესაბამისად, ვირუსის მასიურ გავრცელებასთან ერთად, იმატა COVID 19-ის შესახებ დეზინფორმაციის ნაკადმაც. უამრავი ვერსია გავრცელდა ვირუსის “საეჭვო/მასონურ” წარმოშობაზე, მის “რეალურ დანიშნულებაზე” და ასე შემდეგ. როიტერსი“ წერდა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, რუსული კამპანია მავნებლურ რეპორტებს იყენებს, ევროკავშირს პანდემიის საწინააღმდეგოდ მოქმედების კოორდინირება რომ გაურთულოს.

 

როგორ დაეხმარა რუსეთი თანამეგობრობას

როგორ წარმოაჩინა რუსეთმა თავისი სახე გლობალური სოლიდარობის აქტში? ამ ქვეყნის ფულადი კონტრიბუცია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ონლაინ სივრცეში ძნელად იძებნება. რუსული ინტერნეტმედია ძირითადად იმაზე წერს, რომ რუსეთი პარტნიორ თუ სტრატეგიულ ქვეყნებს ეხმარება სამედიცინო აღჭურვილობით და სამხედრო მედიკოსების მივლინებით. აპრილის თვის დასაწყისში, როცა რუსეთში ჯერ კიდევ არ მძვინვარებდა პანდემია, სახელისუფლებო მედია წერდა, რომ რუსული მხარე არ ტოვებს სხვა სახელმწიფოებს გასაჭირში. რუსეთის “მომხმარებელთა უფლებებსა და ადამიანის კეთილდღეობაზე ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის,

Роспотребнадзор”-ის ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე, 1-2 თებერვალს, რუსეთმა ინფიცირებულთა გამოსავლენი ტესტ-სისტემები მიაწოდა თავის მოკავშირე ქვეყნებს – ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, იგივე დსთ-ს ქვეყნებს. ამ გაერთიანებაში დღეს 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა გაერთიანებული: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და თავად რუსეთი.

როსპოტრებნადზორის ცნობით, რუსეთმა პარტნიორ ქვეყნებს გადასცა ახალი კორონავირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საშუალებები, რომლებიც რუსეთის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო კვლევითი ცენტრია “ვექტორის”  მიერ არის შექმნილი”. 

ქველმოქმედების სახელით გამართულ პიარკამპანიაზე პრეტენზიების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი კომერსანტთან ამბობს, რომ ამერიკას, იტალიასა და სხვა ქვეყნებს იმიტომ ეხმარებიან, რომ ისინი “მაინც გარკვეული ტრადიციების, მათ შორის სულიერი ტრადიციების ხალხია”. 

სერგეი ლავროვი დასძენს, რომ რუსეთი დსთ-ს ქვეყნების მსგავსად, ტესტ-სისტემების, რესპირატორებისა და სხვა ინვენტარით ეხმარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს – “ახლა კიდევ შემოვიდა დამატებითი მომართვები მათგან – ყველა განიხილება. არც ერთი მომართვიდან, იქნება ეს დსთ-ს ქვეყანა, აფხაზეთი თუ სამხრეთ ოსეთი, არ დარჩება უყურადღებოდ”.

7 მაისს საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია „კრიზისული ჯგუფმა“ (International Crisis Group/ICG) აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში Covid 19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარება მიმოიხილა.

ამ მიმოხილვის თანახმად:

„დე ფაქტო სახელმწიფოებს შორის სამხრეთ ოსეთი უკიდურესად სუსტადაა ეკიპირებული. რეგიონის რამდენიმე ექიმიდან ერთ-ერთმა უარი თქვა მუშაობაზე საავადმყოფოში ძირითადი დამცავი საშუალებების არარსებობის გამო… რუსეთმა, რომელიც [ზოგადად] რეგიონის საჭიროებების უმრავლესობას აკმაყოფილებს, მარტის დასაწყისში სამედიცინო მარაგების ექსპორტი შეწყვიტა“. 

„ვერ ვბედავთ, რომ ადგილობრივ ექიმებთან მივიდეთ ტესტირებისთვის”, – ეს „კრიზისულ ჯგუფს“ უთხრეს ცხინვალში.

სოხუმს კი რუსეთმა მიაწოდა 500-მდე სატესტო კომპლექტი Covid 19-ის დიაგნოსტირებისთვის და ჯარისკაცები გაგზავნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სადეზინფექციოდ. „ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, მაგრამ ნამდვილად მეტი დახმარება გვჭირდება“, – უთხრა ორგანიზაციას ადგილობრივმა ჩინოვნიკმა. 

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მარტის დასაწყისში ითხოვა დახმარება, რის შემდეგაც: გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მათ მიაწოდა აშშ-ისა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეძენილი სამედიცინო აღჭურვილობის 12 000-ზე მეტი პაკეტი.

რუსეთის ინტერესები კვლავინდებურად მაღალია აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, მან, მაგალითად სერბეთში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, პანდემიასთან საბრძოლველად სამხედრო მედიკოს-ვირუსოლოგები და სამედიცინო ინვენტარი მიავლინა. რუსული დამოუკიდებელი მედია, Novaya Gazeta წერს, რომ 3 აპრილს, სერბეთის დედაქალაქი ბელგრადის მახლობლად, ბატანიცას სამხედრო საჰაერო ბაზაზე დაეშვა რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76, ეპიდემიოლოგიური დიაგნოზირებისა და სადეზინფექციო ღონისძიებების ჩასატარებელი აღჭურვილობით დატვირთული.

მთლიანობაში, რუსეთის სამხედრო ავიაციამ 14 ფრენა შეასრულა ბელგრადის მიმართულებით – ჩაიყვანა 87 სამხედრო მედიკოსი, ასევე 24 სამხედრო და ჩაიტანა სამედიცინო აღჭურვილობა და 21 ერთეული სამხედრო ტექნიკა.  

პრორუსული მედია, ევროპაში პანდემიის პიკის ეტაპზე აქტიურად წერდა იმაზე, რომ ევროკავშირი არაეფექტური ორგანიზაციაა და ის არ ეხმარება გაჭირვებაში მყოფ პარტნიორ ქვეყნებს. მაშინ, როცა სერბეთში ევროკავშირის დელეგაციის ინფორმაციით, ევროკავშირმა კორონავირუსთან საბრძოლველად სერბეთს 93 მილიონი ევრო გამოუყო. აქედან 15 მილიონი ევრო დაუყოვნებლივი ზომების გასატარებლად, როგორიცაა – სერბეთის მიერ სხვა ქვეყნებიდან შეძენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღჭურვილობისა და ინვენტარის ტრანსპორტირება; სამედიცინო აღჭურვილობისა და ინვენტარის შეძენა და სხვა. ხოლო 78 მილიონი ევრო გამიზნულია სერბეთში სამუშაო ადგილების, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, გაეროს ინფორმაციით, Covid19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად საჭირო კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული პირველი თვითმფრინავი, გაეროსა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ბელგრადში ჯერ კიდევ 26 მარტს ჩაფრინდა. ინვენტარი მოიცავდა რესპირატორებს, სამედიცინო დამცავ აღჭურვილობას და ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის საჭირო ტესტებს. ეს გაეროს განვითარების პროგრამის 7.5 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივის ნაწილია, რაც გამიზნულია სერბეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისებთან გამკლავებისთვის.

მარტის თვეში, რუსეთმა კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას – მოლდოვას, მის პრო-რუს პრეზიდენტ იგორ დოდონთან შეთანხმების შედეგად, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შესამცირებლად 200 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოუყო, თუმცა უკვე აპრილში მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის მიერ გამოყოფილი 200 მილიონი ევროს სესხი დაბლოკა, მიზეზად კი სესხის ზოგიერთი სადაო პირობა დასახელდა. სესხის შეთანხმებას მოლდოვის პარლამენტის 101 წევრიდან 56-მა მისცა ხმა. ოპოზიციამ სასამართლოში გააპროტესტა, რომ მოლაპარაკებები არ იყო გამჭვირვალე და მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა. მაგალითად, მოლდოვური გამოცემა BalkanIinsight წერს, რომ შეთანხმების ერთ-ერთი დებულების მიხედვით, მოლდოვაში კერძო კომპანიის მიერ რუსული ბანკისგან აღებული ნებისმიერი სესხი, რომელიც მოლდოვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია, ავტომატურად გადაიქცევა მოლდოვას სახელმწიფო ვალად, თუ მას კერძო კომპანია არ დაფარავს. 

რესპირატორი “ლეპესტოკი”

ბელარუსთან მიმართებაში, რომელთანაც რუსეთს განსაკუთრებული ინტერესი აკავშირებს, რუსეთმა დამატებით 50 000 “მაღალი დაცვის მქონე” რესპირატორი “ლეპესტოკი” (ერთჯერადი დამცავი პირბადე) და 14 ათასი ტესტი გააგზავნა გამოკვლევისთვის. ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს რუსეთის ელჩი ბელარუსში.

  • ვინ რა დახმარება მიიღო ევროკავშირისგან?

პანდემიისა და მის შედეგად გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ევროკავშირმა სოლიდარობის პროგრამა შეიმუშავა, რომელიც უკვე ამოქმედდა მის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

ამავდროულად, კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირს 15.6 მილიარდი ევროს პაკეტი აქვს განსაზღვრული. აქედან 2,1 მილიარდი ევრო – სამხრეთ სამეზობლოსთვის, 962 მლნ ევრო – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, 800 მლნ ევრო კი – თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი თანხები კი ასე ნაწილდება:

  • სომხეთი – 92 მილიონი ევრო
  • აზერბაიჯანი – 14 მილიონი ევრო
  • ბელარუსი – 60 მილიონი ევრო
  • საქართველო – 183 მილიონი ევრო
  • მოლდოვა – 87 მილიონი ევრო
  • უკრაინა – 190 მილიონი ევრო

გარდა ამისა, ევროკავშირმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყო 30 მილიონი ევროს ღირებულების საგანგებო სამედიცინო აღჭურვილობა და მოწყობილობები – ნიღბები, ხალათები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ლაბორატორიული კომპლექტები, რაზეც საქართველოსაც ექნება წვდომა.

wyaro: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/sites/near/files/coronavirus_support_wb.pdf

 

რა დახმარება მიიღო საქართველომ და ვისგან?

დღეს, 9 მაისს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა თქვა: „დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში“.

ამ დროისთვის ევროკავშირმა უკვე გამოყო საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი გრანტის და 150 მილიონ ევროზე მეტი – სესხის სახის დახმარება. უკვე ხორციელდება საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ორი პაკეტი, რომელთა ღირებულებაც 250 მლნ ევროს აღემატება. ევროკავშირი საქართველოსთვის მესამე პაკეტის სახით დამატებით 150 მლნ ევროს გამოყოფას აპირებს.

 პირველი პაკეტი, რომელიც 30 მარტს გამოცხადდა, მოიცავდა დაახლოებით 20 მილიონი ევროთი  გადაუდებელი სამედიცინო მოწყობილობებისა და ტექნიკური გამოცდილების დაფინანსებას, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერას, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების ფართომასშტაბიან დახმარებას ლიკვიდურობის შენარჩუნებაში, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში.  მეორე პაკეტი გამოქვეყნდა 8 აპრილს და მოიცავდა საქართველოსთვის 183 მლნ ევროზე მეტი მოცულობის დახმარების გამოყოფას სოციალურ-ეკონომიკური ზომების მხარდასაჭერად, მათ შორის, ქვეყნის ფინანსური დანაკლისის შესავსებად. დღეისთვის, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ზემოხსენებული პაკეტების საშუალებით, კორონავირუსის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი სრული დახმარება გრანტების სახით 250 მლნ ევროს აღემატება. 150 მილიონის ევროს რაოდენობის სესხი ევროკომისიის მიერ გამოცხადებული მესამე პაკეტია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, მომდევნო თვეებში საქართველოს შემთხვევაში „მოხდება უკვე არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადამისამართება კრიზისის დასაძლევად“.

გარდა ამისა,  პანდემიის დროს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად აშშ-მ  $1.1 მილიონი გამოყო, რითაც ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები, ასევე ტექნიკურ ექსპერტთა მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა საჭირო ღონისძიებები ფინანსდება. მოგვიანებით ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 გამოყო, რომელიც COVID 19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უნდა მოხმარდეს.

საქართველომ აშშ-სგან 2000 ერთეული, მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტიც მიიღო, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა.

კორონავირუსის მიღმა, აშშ-ის მთავრობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად 64 მლნ აშშ დოლარზე მეტს გამოყოფს. მათივე ცნობით, ეს დაფინანსება აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია.

_________

აქ მოკლედ გაეცანით, როგორ „დაეხმარა“ რუსეთის იტალიას თუ ამერიკას და რა მოითხოვა სანაცვლოდ:

დსთ-ს ქვეყნების გარდა, რუსეთმა ძალიან ხმამაღალი პიარკამპანია მოაწყო იტალიისა და აშშ-სთვის დახმარების გაწევის შესახებ, სადაც რამდენიმე უცნაური გარემოება გამოიკვეთა:

იტალია – მარტის შუა რიცხვებში რუსეთმა იტალიას, რომელიც იმ დროისთვის პანდემიის პიკში იმყოფებოდა, დახმარების სახით, 100 რუს სამხედრო მედიკოსთან ერთად, 14 თვითმფრინავით გაუგზავნა მედპერსონალის დაცვის საშუალებები, ტრანსპორტისა და ტერიტორიის დეზინფექციისთვის კამაზის ბაზის აეროზოლური მობილური კომპლექსები, ასევე სამედიცინო და სხვა სახის აღჭურვილობა. რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარებისთვის იტალიისგან ოფიციალური მადლობა მიიღო, თუმცა იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთიდან იტალიაში დასახმარებლად გაგზავნილი საშუალებების 80% უვარგისია. იტალიური გაზეთი La Stampa თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დახმარების 80% უვარგისი გამოდგა.

12 აპრილს, საინტერესო ფაქტზე წერს იტალიური გამოცემა La Repubblica, რომლის ცნობითაც, რუსი მოქალაქეები, რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ, სთავაზობენ ნაცნობ იტალიელებს, მონაწილეობა მიიღონ „რუსული მედიის“ ვიდეოში და მადლობა გადაუხადონ რუსეთსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჰუმანიტარული დახმარებისთვის. როგორც La Republicca წერს, იტალიის მცხოვრებლებს შეტყობინებები Whatsapp-ში მიუვიდათ, სადაც პუტინისა და რუსეთის სამადლობელი ვიდეობის გადაღება-განთავსებაში 200 ევროს სთავაზობდნენ.

მოგვიანებით იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტემ თქვა, რომ რუსეთიდან და ჩინეთიდან დახმარების მიღება არ ნიშნავს, რომ იტალია საგარეო კურსს შეიცვლის.

მინაწერი: რუსეთმა აშშ-ში, კორონავირუსის გამო, ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა
მინაწერი: რუსეთმა აშშ-ში, კორონავირუსის გამო, ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

აშშ – რუსეთის სამთავრობო მედია და ბლოგერები, აპრილის დასაწყისში იუწყებოდნენ, რომ რუსეთმა აშშ-ში სამედიცინო მოწყობილობებითა და სხვა საჭირო ინვენტარით დატვირთული თვითმფრინავი “რუსლანი” გაგზავნა. 1-ელ აპრილს პროსახელისუფლებო მედია სპუტნიკი წერდა, რომ რუსეთიდან აშშ-სკენ, ძვირფასი ტვირთით – პირბადეებითა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული თვითმფრინავი “Руслан” გაფრინდა. ამ და სხვა გამოცემებში, აშშ-სკენ გაგზავნილი ტვირთი მოხსენიებული იყო როგორც “ჰუმანიტარული დახმარება”, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ტვირთი აშშ-სთვის უფასო არ იყო და “რადიო თავისუფლების” რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთმა ამერიკას ამ “ჰუმანიტარული დახმარებისთვის” 660 000 აშშ დოლარის ჩეკი წარუდგინა. იმავეს წერს ბრიტანული BBC და ამერიკული abcnew.

ABC-ს ცნობით, “დახმარება” შეიცავდა 15 000 რესპირატორს, 80 000 შეკვრა კანის ანტისეპტიკს, 30 000 ქირურგიულ ხელთათმანს და დაახლოებით 400 000 ერთეული სამედიცინო ტანსაცმელს. ტვირთი ასევე შეიცავდა 45 ერთეულ ხელოვნური სუნთქვის მოწყობილობას, რომელთა გამოყენებაც დაუყოვნებლივ ვერ მოხერხდა, რადგან მუშაობისთვის მათ 220 ვოლტი ესაჭიროებათ, აშშ-ში კი ტექნიკა 110 ვოლტზე მუშაობს.

რუსეთის საგარეო მინისტრმა თქვა, რომ აშშ-მ გადაიხადა ტვირთის მხოლოდ ნახევარი, ნახევარი კი რუსეთმა დაფარა – წერს BBC.

პირველ აპრილსვე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ტვიტერზე:

ამავდროულად რუსეთმა, ქვეყნის შიგნით, პანდემიის პერიოდში დეზინფორმაციასთან ბრძოლა გამოაცხადა. ინტერფაქსი ცნობით, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Роскомнадзор) 18 მარტს გააფრთხილა მედია ორგანიზაციები, რომ კორონავირუსის შესახებ არასანდო ინფორმაციის გავრცელების გამო, რაც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, ისინი დაიბლოკებიან ან ჩამოერთმევათ ლიცენზია.

რუსეთი დღეის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. ბოლო რამდენიმე დღეა ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად 10 000-ით მატულობს და ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა  – 198 676 -ია, აქედან 1 827 გარდაიცვალა,  31 916 გამოჯანმრთელდა. 

ყვავილები ბათუმის აივნებიდან და ქუჩებიდან | ფოტორეპორტაჟი

ბათუმში გაზაფხულობით ზღვის მარილიან ჰაერს სხვადასხვა ყვავილის სურნელი ერევა და თუ ოდესმე ვინმე ამ შავიზღვისპირა ქალაქის სახელობის სუნამოს ჩამოასხამს ბოთლში, მასში აუცილებელდ იქნება გლიცინიას, ვარდის, ლიმონისა და კამელიას არომატები.

გლიცინიები პორტის მახლობლად
ვარდები მაზნიაშვილის ქუჩიდან
აივნები აბაშიძის ქუჩაზე
აყვავებული ციტრუსის ხეები / ევროპის მოედანი
გლიცინიები მელაშვილის ქუჩიდან
კამელიები / აბაშიძის ქუჩა
ვარდები კინოთეატრ “აპოლოს” მახლობლად

მერიაში ამბობენ, რომ უკანონო სართულს მესაკუთრე ანგრევს, სინამდვილეში კი ისევ აშენებენ

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ლუკა ასათიანის #13-ში უკანონო სართულს მშენებელი თავად მოშლის: „მან დემონტაჟი უკვე დაიწყო“, – გვითხრეს ამ უწყებაში. თუმცა ასე არ არის და სინამდვილეში მშენებელს დემონტაჟი არ დაუწყია. მას შემდეგ, რაც ინსპექციის თანამშრომლები სამშენებლო ობიექტიდან წავიდნენ, მშენებლებმა სამუშაოები ისევ გააგრძელეს.

შპს „გლობალმშენის“ მიერ აშენებული რვასართულიანი კორპუსი ლუკა ასათიანის #13-ში, რომელსაც დღეს უკვე უნებართვოდ კიდევ ერთი სართული დააშენეს, მერიას ექსპლუატაციაში მიღებული არ აქვს. ამ სახლზე უკანონო დაშენების შესახებ „ბათუმელები“ გუშინ, 8 მაისს წერდა. დღეს, 9 მაისს კი ადგილზე ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები დავაფიქსირეთ.

ინსპექციის წარმომადგენლის, ირაკლი მოქიას ინფორმაციით, მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, რადგან შპს „გლობალმშენმა“ მერიასთან შეთანხმებული პროექტი დაარღვია. რაც შეეხება ერთი სართულის დაშენებას, ესეც  შეთანხმებული პროექტის დარღვევად ჩაითვალა, რასთან დაკავშირებითაც კომპანია კიდევ გააფრთხილეს.

„მან თვითონ დაიწყო დაშენებული ფართობის დემონტაჟი და მინდა გითხრათ ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი პირის, სავარაუდოდ, სამი მესაკუთრე აშენებს. ზუსტად არ ვიცით, რადგან სახლები დაკეტილი იყო. მათაც გავაფრთხილებთ და დავავალდებულებთ შენობა მერიასთან შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოიყვანონ. სხვა შემთხვევაში მერია შენობას ექსპლუატაციაში არ მიიღებს“.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მშენებელი ინსპექციისთვის მიცემულ პირობას დაარღვევს და აშენებულ უნებართვო სართულს არ მოშლის, არამედ მშენებლობას დაასრულებს. რადგან ასეთი შემთხვევები ბათუმში ადრეც ბევრჯერ დაფიქსირებულა, უკანონოდ მიმატებულ ფართობებს კი დამრღვევები ჩვეულებრივად სარგებლობენ.

აქ ნახეთ:

როგორ ააშენეს უკანონოდ 8-სართულიანი კორპუსი ბათუმის მერიასთან ახლოს 

მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანონო მშენებლობის გამოვლენის შემდეგ შვიდ თვეზე მეტი გავიდა, არაფერი შეცვლილა.

აქ ნახეთ:

რას ამბობდა 8-სართულიანი სახლის უკანონო მშენებლობაზე ბათუმის მერია, რომელმაც ამ უკანონო მშენებლობის დაშლა საკუთარი „პრესტიჟის საქმედ“ გამოაცხადა

„აღსრულებაში გადავცემთ ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ამას კანონმდებლობა გვავალდებულებს. თუ მერიამ არ გამოსცა ცალკე აქტი, ამ შემთხვევაში მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა გააკეთოს საკუთარი ხარჯებით დემონტაჟი“.

ამ ხარჯებს მერია დამრღვევი პირისგან სასამართლოს წესით ამოიღებს – ამას ითვალისწინებს კანონი.

ამ ეტაპზე მუნიციპალურმა ინსპექციამ მოამზადა შემოწმების აქტები, რომლის თანახმადაც შესაძლოა კომპანია დააჯარიმონ, რადგან ამ აქტებით დარღვევის ფაქტი დადასტურებულია.

„პროცესი უნდა შეეჩერებინა, რადგან ადმინისტრაციული წარმოება გვქონდა დაწყებული, რაზეც გაფრთხილებული იყო. იმის მაგივრად, რომ შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანათ, გააგრძელეს მშენებლობა“, – აცხადებს ირაკლი მოქია.

ახლა მერიას შპს „გლობალმშენის“ წინააღმდეგ ორი ადმინისტრაციული საქმის წარმოება აქვს დაწყებული, პირველი პროექტის დარღვევით მშენებლობის გაგრძელებაზე და მეორე ადმინისტრაციული ჯარიმის გასამმაგებასთან დაკავშირებით.

ახალი კოდექსით, თუ უნებართვო მშენებლობას არ შეაჩერებ 5000 ლარით დაგაჯარიმებენ.

ლუკა ასათიანის #13-ში, დასრულებულ რვასართულიან კორპუსზე კიდევ ერთი სართული ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში დააშენეს. ახლა კი შიდა სარემონტო სამუშაოებს ასრულებენ. ამ სართულის დამატებაზე მერიას ნებართვა არ ჰქონდა გაცემული. ბათუმის ცენტრში სართულს უკანონოდ შპს „გლობალმშენი“ აშენებდა. ამ კომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელი  და კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქეა.

_____

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

 

 

ცრუ „ბითლზი”, რომელმაც სამხრეთ ამერიკელების გაცურება სცადა

1964 წელს, „ბითლზის“ სამხრეთამერიკელი ფანები ლივერპულელ ოთხეულს ელოდნენ, თუმცა ჯონის, პოლის, ჯორჯის და რინგოს ნაცვლად იქ ტომი, ბიკი, ბილი და დეივი ჩავიდნენ. ნამდვილი ,,ბითლზისგან“ განსხვავებით ისინი ფლორიდის შტატიდან იყვნენ და ლივერპულთან არაფერი აკავშირებდათ.

1964 წელს, როცა ,,ბითლზის“ მუსიკას უკვე მთელი მსოფლიო უსმენდა, გაზეთების მთავარ გვერდებზე წერდნენ, რომ წლის მეორე ნახევარში ,,ბითლზი“ ტურნეს გეგმავდა სამხრეთ ამერიკაში.

ჯგუფის ტურნეს სამხრეთ ამერიკაში მილიონობით ფანი ელოდა. ივლისის თვეში არგენტინაში, ბუენოს-აირესის აეროპორტში ტრაპიდან ოთხი ახალგაზრდა დაეშვა ყველასთვის  ნაცნობი ვარცხნილობით.

სინამდვილეში კი ლივერპულელი ოთხეული ამ დროს გასტოროლებსა და ჩაწერებს შორის შუალედით სარგებლობდა და ლონდონში ისვენებდა.

მათი ადგილი ოთხმა ამერიკელმა ჩაანაცვლა ფლორიდიდან.

ჯგუფმა The Ardells, რომელიც ბარებსა და კლუბებში უკრავდა სახელი გადაირქვა და The American Beetles დაირქვა, მოკლედ კი უბრალოდ The Beetles – რეალური ,,ბითლზისგან“ სულ ერთი ასოთი განსხვავებული სახელი.

ამერიკული ,,ბითლზის“ მენეჯერი, ბობ იორი ფერნანდო პერესის დოკუმენტურ ფილმში ,,დღე, როცა ამერიკაში ,,ბითლზი“ ჩაფრინდა“, იხსენებს, რომ არსებობდა ინგლისური ,,ბითლზი“, მან კი გადაწყვიტა ამერიკული ,,The Beetles”  შეექმნა.

ამერიკულმა ოთხეულმა თმაც ნამდვილი ,,ბითლზის“ წევრებივით მოუშვა. ამ ერთი შეხედვით სახუმარო ნაბიჯს უცებ მოჰყვა გამოხმაურება, გაიზარდა ჯგუფის ჰონორარი და იმატა ამერიკელი პროდიუსერების ინტერესმა.

იმპრესარიო რუდი დუკლომ ამერიკულ ოთხეულს მაიამის ერთ-ერთ კლუბში მოუსმინა და გადაწყვიტა მათთვის ტური მოეწყო სამხრეთ ამერიკაში.

არგენტინის სატელევიზიო არხებზე აქტიურად მიდიოდა სარეკლამო კამპანია, მოქმედებდა ერთი პატარა ხრიკი, რომ იმპრესარიო რუდი დუკლო არ ახსენებდა ,,ამერიკულ ბითლზს“ და მოკლედ  ამბობდა ჯგუფის სახელს, რომ სამხრეთ ამერიკას მალე ,,ბითლზი“ ეწვეოდა.

კონკურენცია ტელევიზიებს შორის უზარმაზარი იყო. ყველას სურდა ,,ბითლზი“ პირველად ეჩვენებინა ეთერში.

ორმა არგენტინულმა ტელეარხმა Channel 13 და Channel 9 ერთდროულად ჩართო გადაცემაში  ამერიკული „ბითლზის“ წევრები. როგორც BBC წერს Channel 13-მა სრული მნიშვნელობით ,,გაიტაცა“ ჯგუფის ერთი წევრი აეროპორტიდან, რომ პირდაპირ ეთერში ჩაერთო.

BBC-სთან საუბრისას ფაქტის შემსწრე ნამდვილი,,ბითლზის“ ფანები იხსენებენ პირველ შთაბეჭდილებას, როცა აღმოაჩინეს, რომ ეს ცრუ ბითლზი იყო. ჯგუფის სრული შემადგენლობა ტელეარხმა Channel 9 ჩაწერა. სანამ მათზე გადაცემის წამყვანი საუბრობდა ისინი გიტარებით იდგნენ სცენაზე, როცა კამერებმა მათი სახე ახლოდან დააფიქსირეს, ბევრი მაყურებლისთვის მოეფინა ყველაფერი ნათელი.

ამბის შემსწრე რობერტო მონფორტი BBC-სთან ამბობს, რომ გამოჩნდა თუ არა ოთხეული ტელევიზორში, ყველა ყველაფერს მიხვდა.

პუბლიკის ნაწილი აღშფოთებული იყო, ნაწილი კი ამბავმა უბრალოდ გაახალისა. თვითმხილველი მონფორტის თქმით, ფანები, რომლებიც ნამდვილი ,,ბითლზის“ ჩამოსვლას ელოდნენ, თავს მოტყუებულად გრძნობდნენ.

ადამიანების მოტყუების ხარჯზე არგენტინულმა ტელეარხმა  Channel 9 ტელერეიტინგებში 63 ქულა დააგროვა, რაც არხის არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იყო.

ამერიკული „ბითლზის“ მენეჯერი ბობ იორი იხსენებს, რომ სტადიონზე გამართულ კონცერტზე ხალხმა ბენდს მონეტები და ქვებიც კი დაუშინა. მისი თქმით, სტადიონზე მოსული ფანების უმრავლესობას ამერიკული ,,ბითლზის“ მუსიკა მოსწონდა, მაგრამ არსებობდნენ უბრალოდ ,,შურიანებიც“. კონცერტის ბოლოს ჯგუფი და მენეჯერი სტადიონს დროულად გაარიდეს, რამე ცუდი რომ არ მომხდარიყო. ტელევიზიისგან განსხვავებით გაცილებით დაუნდობელი იყო სამხრეთამერიკული პრესა.

„საშინლად მღერიან, საშინლად უჭირავთ თავი“; „ბითლზმა აჩვენა, რომ მთელი მათი ტალანტი თმების მოზრდაშია“, – ეწერა გაზეთების მთავარ გვერდებზე.

მთელი თვის განმავლობაში სამხრეთამერიკული მედიის მთავარი თემა ცრუ „ბითლზის“ ტურნე იყო.

ამ ამბების შემდეგ ლოგიკური იქნებოდა  ნამდვილი ,,ბითლზი“ მართლაც ჩასულიყო არგენტინაში, მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ოთხეულს სამხრეთ ამერიკაში არასდროს ჰქონიათ ტურნე, თუ არ ჩავთვლით პოლ მაკარტნის კონცერტებს მას შემდეგ, რაც „ბითლზი” დაიშალა.

მას შემდეგ, რაც 1964 წლის თვითმარქვია ,,ბითლზის“ ტურნეს შესახებ გამჟღავნდა, ლივერპულელი ,,ბითლზის“ მენეჯერებმა სპეციალური კამპანია დაიწყეს, პრესრელიზები გაავრცელეს მედიისთვის, ,,ბითლზის“ ნებისმიერ პროდუქციაზე ხაზს უსვამდნენ ჯგუფის ინგლისურ წარმომავლობას, პოსტერებზე, ალბომების გარეკანზე და ა.შ.

ნამდვილ ,,ბითლზს“ შეეძლო მართლაც ჩაეტარებინა ტურნე სამხრეთ ამერიკაში და ამით მნიშვნელოვანი მოგებაც ენახა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა: 1964 წელს სამხრეთ ამერიკის ეკონომიკა ბევრად ჩამორჩებოდა შტატებს, ევროპას და ავსტრალიას.

საშულო სტატისტიკური ბრაზილიელის წლიური შემოსავალი 13-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე საშუალო ამერიკელის. სამხრეთამერიკელი პრომოუტერები ვერ შეძლებდნენ ამ დროს ისეთი ცნობილი ჯგუფის მიწვევას, როგორიც ,,ბითლზი“ იყო.

ცრუ ,,ბითლზმა“ მალე სახელი გადაირქვა და The Razor’s Edge დაირქვა. 1966 წელს მათ სინგლიც ჩაწერეს ,,ბითლზის“ სიმღერების სტილში, თუმცა წარუმატებლად.

60-იანი წლების ბოლოს ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა. დრამერი ტომ კონდრა და რითმ-გიტარისტი დევიდ იერონომუსი ცოცხლები აღარ არიან. ,,ამერიკული ბითლზისგან“ ახლა მხოლოდ ბილ ანდრე, ვიკ გრეი და მათი მენეჯერი ბობ იორია ცოცხალი.


მომზადებულია BBC-ის მიხედვით

როგორი იქნება პირველი აფთიაქის ფასადი – სააგენტო პროექტს მეორედ განიხილავს

„… ქალაქში ხმა დაირხა აფთიაქის შენობას ახალი მფლობელი ჰყავს, რესტავრაციას აპირებსო. ნამდვილად კარგი საქმეა, საშური, რომ არა ერთი მაგრამ, მას იმ უბედურების რესტავარცია-შენარჩუნება განუზრახავს, რაც ამ შენობას 2010 დაატყდა თავს. რათა, რათა?- ნაგავს რესტავრაცია რად სჭირდება, ის უნდა სანაგვეზე მოისროლო! ჩემო, ძვირფასო, კეთილო, ახალო მფლობელო, ფუჭად ნუ კარგავთ დროს, ნერვებს და თანხას! კეთილი საქმის გაკეთება და, ამ მშვენიერი შენობის გადარჩენა თუ გსურთ, მას იაფფასიანი ბიჟუტერია ჩამოხსენით, არ არის ის არც ღირებული და არც ავთენტური. არქიტექტურული გაუგებრობისგან გაათავისუფლეთ, მას რომ კლავს, შეურაცხყოფს , ამცირებს.“- დაწერა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ ფეისბუქის გვერდზე ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა.

ის შენობის ახალი მფლობელს ურჩევს ძეგლის რესტავრაცია „ ეს კეთილი საქმე, სწორი გზით გააკეთოს.“ თამარ ამაშუკელმა ამ სტატუსთან ერთად გამოაქვეყნა შენობის ძველი ფოტოც, სადაც ის ძველი იერსახით არის გადაღებული.

 

ბათუმში, მემედ აბაშიშის #30 -ში მდებარე  ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ ერთხელ უკვე განიხილა და სააგენტოს ხელმძღვანელს რეკომენდაცია მისცა „პროექტი გასწორდეს არქიტექტურულ დეტალებთან და ფერებთან მიმართებაში“.

სააგენტოს დირექტორის ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით პროექტი რეკომენდაციებით ავტორს გადაეგზავნა, რამდენიმე დღეში მას სხდომაზე ისევ გაიტანენ და  სპეციალისტების ჩართვით განიხილავენ. თუმცა ზაურ ახვლედიანი ეჭვობს, რომ შენობის პირვანდელი იერსახით აღდგენა ვეღარ მოხერხდება, რასაც მისივე თქმით რამდენიმე საბჭოს წევრი ითხოვს:

„ კომპანია არ ცვლის არც მასშტაბს და არც იერსახეს. 2007-2008 წლებში უნებართვო სამუშაოების გამო დაზიანებული ნაწილებს ჩაუტარებს რესტავრაციას და როგორ გააკეთებს ამას, მეთოდოლოგიაზეც უნდა ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა ის მოსაზრება საბჭოს ორი წევრის, რომ თავდაპირველ ფორმაში აღდგეს შეუძლებელია, ორ სართულს რომ დაუბრუნდეს, ეს  ვფიქრობ გამორიცხულია. არსებულ ფორმატში, რაც არის, ასეთივე იქნება, ოღონდ ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე მოხდება ფიგურებისა და ფერების აღდგენა.“

საუბარი შეხება იმას, რომ შენობა თავდაპირველად ორსართულიანი იყო, რამდენიმე წლის წინ მას გუმბათებიანი მანსარდა დააშენეს და ფასადი ახალი ფიგურებიანი ფენით შეფუთეს.

შენობა რესტავრაციამდე

 

საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე ერთერთია მათ შორის ვინც წარდგენილი პროექტით ძეგლის აღდგენის საკითხს მხარი არ დაუჭირა და  დირექტორს რეკომენდაცია მისცა არ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. შოთა გუჯაბიზე ამბობს, რომ კარგად იცის, ინვესტორი არ დასთანხმდება მასშტაბის შეცვლას და მისი რეკომენდაცია  მხოლოდ „ 2007-2008 წლებში გაფუჭებულის გამოსწორებაა“.

„ პროექტი ითვალისწინებს ფასადის რესტავრაციას, ის რაც გაკეთდა ათი წლის წინ, არ შეიძლება ბათუმის ისტორიის ნაწილად ჩაითვალოს. ეს არ არის ღირებული, გარდა ამისა ძველი იერსახით ფასადის აღდგენა გაცილებით იაფი დაუჯდება მეპატრონეს, მოსახსნელი იქნება ახალი ფენა და გამოჩნდება ქვედა ფენა, თან ქალაქისთვის უკეთესი იქნება.“

ბათუმში ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის ახალი მფლობელი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გალიფ ოზთურქია. 2019 წლის დეკემბერში მან ამ ქონების მესაკუთრე კომპანიის შპს „ჟასმინის“ ასი პროცენტი შეისყიდა.

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა მემედ აბაშიძის გამზირზე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს ბათუმში. თავიდანვე აქ ფუნქციონირებდა „პეტკევიჩის აფთიაქი“ და „სოკოლოვსკის სამკურნალო“.

აბაშიძის ქუჩას XX საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირი ერქვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ განაშენიანებული და საქმიანი ქუჩა იყო ძველ ბათუმში. XX საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდნენ ქალაქის შეძლებული ოჯახები და ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი დანიშნულების სხვადასხვა ობიექტი.

 

 

ბათუმში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა,351 კვლევის პასუხი უარყოფითია – covid-19

აჭარაში Covid-19-ით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ეს პაციენტები ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდნენ, ისინი მკურნალობის კურსს თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში გადიოდნენ.  ამ მონაცემების მიხედვით დღეის მდგომარეობით აჭარაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი  42- მდე გაიზარდა.
გუშინ, 8 მაისს კვლევაზე გადაგზავნილი 351 ლაბორატორიული კვლევის პასუხი უარყოფითია, შესაბამისად კლინიკა „მედალფაში“  რჩება 15 პაციენტი. ცხელების კლინიკებში კი დღეის მდგომარეობით  30-ია პირი იმყოფება, მათი  კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა 14 მარტს [იმპორტირებული]. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს, კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა ერთი  პაციენტი.
რაც შეეხება კარანტინს, დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1431 პირი, ხოლო ჯამში კარანტინი დატოვა 5155-მა პირმა.

ბათუმში 25 პაციენტს Covid-19 არ დაუდასტურდა

ბათუმის ცხელების ცენტრში დილით მოთავსებულ 25 პაციენტს Covid-19 არ დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მერვე დღეა ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის მკურნალობას 15 ინფიცირებული განაგრძობს. აჭარაში, ჯამში, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღეს, 8 მაისს, ქობულეთის 6 სოფელი გაიხსნა, აქ თერმოსკრინინგი 33 788 ადამიანს ჩაუტარდა. საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კი, მე-10 პაციენტი გარდაიცვალა.

8 მაისის 20 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დადასტურებულია 623 შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა – 288. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 4702 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459.

 

 

თურქეთში Grup Yorum-ის წევრის ცხედარი გაიტაცეს

სოციალურ ქსელებში დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის მიხედვითაც, თურქეთში Grup Yorum-ის გარდაცვლილი წევრის, იბრაჰიმ გიოქჩექის ცხედარი გაიტაცეს.

იბრაჰიმ გიოქჩექი, Grup Yorum-ის გიტარისტი გუშინ, 7 მაისს გარდაიცვალა. ის 323 დღე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. დღეს, 8 მაისს, მისი ცხედარი მშობლიურ ქალაქ ქაისერში უნდა გადაესვენებინათ, როცა პოლიციამ დაიწყო სამძიმარზე შეკრებილი ჭირისუფლის დარბევა.

დღეს დილიდან მოყოლებული სტამბოლის ერთ-ერთ უბანში, ალევიტური სამლოცველოს ეზოში იკრიბებოდნენ ადამიანები იბრაჰიმთან გამოსამშვიდობებლად, როცა პოლიციამ პანდემიური ზომების გათვალისწინებით 10 ადამიანი დააკავა. სამლოცველოს ორივე შესასვლელთან განათავსეს მანქანები, ხოლო პრესის წარმომადგენლებს არ მიეცათ მუშაობის საშუალება, წერს ANFNEWS, სააგენტო, რომელიც აქტიურად აშუქებს ჯგუფის წევრების შესახებ ინფორმაციას. მათივე ცნობით, დაკავებულია Grup Yorum-ის ორი წევრი – ერენ ერდემი და დილან ფოირაზი. ფოტოებში ჩანს, რომ პოლიციამ შეკრებილი ადამიანების დასაშლელად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.

ჯგუფის ოფიციალურ ტვიტერის ანგარიშზე კი განთავსდა პოლიციასთან შეტაკების ამსახველი ვიდეო:

ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუკ ანგარიშზე გამოქვეყნებული ლაივებიდან და ვიდეოებიდან ჩანს, რომ გატაცებულ ცხედარს უკან მიჰყვებიან ჭირისუფლები, თუმცა მანქანას, რომელშიც ცხედარია მოთავსებული, ორივე მხრიდან პოლიცია იცავდა.

წყარო ANFNEWS

ამასთან, 4 აპრილს Grup Yorum-ის წვერის ჰელინ ბოლექის დაკრძალვაზე შეკრებილი ადამიანებიც დაარბია პოლიციამ წყლის ჭავლისა და ძალის გამოყენებით, კადრები ტვიტერის საშუალებით გაავრცელეს მოქალაქეებმა:

„ბათუმელები“ მიადევნებს თვალს ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებას და გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით ინფორმაციას.

ჰელინ ბოლექის შეწყვეტილი სიმღერა – მუსიკოსი შიმშილობის 288-ე დღეს გარდაიცვალა

ბათუმის 13-მა საჯარო სკოლამ 502 ათასი ევროს გრანტი მოიპოვა

ბათუმის 13-მა საჯარო სკოლამ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიტვური კომპანია Via Solis-ის პარტნიორობით შემუშავებული პროექტის ფარგლებში გრანტი მოიპოვა. გრანტის ფარგლებში სკოლებს მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება.

პროექტის ღირებულება 502 667 ევროა. მზის ელექტროსისტემების ჯამური სიმძლავრე 327.7 კვტ-ია.

ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და განვითარების ფონდი ავრცელებს. ამავე წყაროს მიხედვით,  მზის მიკროელექტროსადგურების პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რომელიც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენების წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულება, რაც მდგრადი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოპოვებას, ენერგოეფექტური პროდუქტებისა და მომსახურების მხარდაჭერას გულისხმობს, სრულ თანხვედრაშია არსებულ პროექტთან.

მზის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებით სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ელექტროენერგიის გადასახადი.

პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა და შეაფასონ მისი პირდაპირი დადებითი ეფექტები“, – ნათქვამია ფონდის მიერ.

 

 

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველი სათაური იყო „ბათუმის მე-13 საჯარო სკოლამ 502 ათასი ევროს გრანტი მოიპოვა“; სინამდვილეში დაფინანსება მიიღო არა მე-13 საჯარო სკოლამ, არამედ 13-მა საჯარო სკოლამ.

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს

დღეს, 8 მაისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.

საპროტესტო აქცია სისხლის სამართლის წესით დაკავებული ორი პირის ახლობლებმა გამართეს. ბრალდებულების ახლობლები თავდაპირველად წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი, აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.

ორი პირი 30 აპრილს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს.

რატომ გაზარდეს ბანკებმა სესხის პროცენტები

„სესხის საპროცენტო განაკვეთი ახლა იმიტომ კი არ იზრდება, რომ ბანკმა შემოსავალი გაიზარდოს, არამედ იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, ზოგადად, რისკები გაიზარდა. მარტივად რომ ვთქვათ, სესხის ვერგადახდის რისკი ახლა ძალიან მაღალია,“ – ასე ხსნის ეკონომისტი გიორგი კეპულაძე იმ გარემოებას, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიუხედავად, ბანკებში საპროცენტო განაკვეთი სესხზე ისევ იზრდება.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების 9 პროცენტი 29 აპრილს 8,5 პროცენტამდე შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკები ახლა უფრო იაფად სესხულობენ ფულს ეროვნული ბანკის რეზერვებიდან ლარში, ვიდრე აქამდე. იაფად ნასესხებ ფულს კი, ბანკები უფრო ძვირად გასცემენ, ვიდრე აქამდე.

კონკრეტულად რამდენით გაძვირდა სესხი და რატომ? – ამ კითხვაზე „თიბისი ბანკის“ ოპერატორმა არ გვიპასუხა, თუმცა სატელეფონო საუბრის დროს მან დაგვიდასტურა, რომ საპროცენტო განაკვეთები, ზოგადად, გაიზარდა. „თიბისი ბანკის“ ოპერატორმა სწრაფი სამომხმარებლო სესხი 20 პროცენტად შემოგვთავაზა.

„თიბისი ბანკის“ ოფიციალური გვერდის მონაცემებით, სამომხმარებლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 8 მაისის მონაცემებით 15,9 პროცენტია, იპოთეკური სესხის – 12,17 პროცენტი.

„საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში, იპოთეკური სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ დროისთვის 14,1 პროცენტია, სამომხმარებლო – 21,1 %.

რატომ ზრდიან ბანკები საპროცენტო განაკვეთებს მაშინ, როცა მოთხოვნა შემცირებულია? – „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდას მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდება არ განსაზღვრავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს სესხების გაიაფებასაც ეპიდემიის გადავლის შემდეგ.

„იმედი მაქვს, რომ ეს კრიზისი მნიშვნელოვნად არ დააზარალებს საფინანსო სექტორს, როგორც საკმაოდ მყარ და კარგად კაპიტალიზებულ სექტორს… ახლა ბანკების ხელმძღვანელმა პირებმა შეიმცირეს ხელფასები და ბანკები ორიენტირებული არიან სესხების გადავადებაზე – ფაქტია, რომ ბიზნესი დათქმულ ვადებში სესხების დაბრუნებას ვერ შეძლებს. ბანკები ასევე ზრუნავენ არსებული რეზერვების შენარჩუნებაზე, რადგან მათ აქვთ ვალდებულებები მეანაბრეების წინაშე და ასე შემდეგ. რთული სათქმელია, რა იქნება ორ-სამ თვეში, ეს ალბათ დამოკიდებულია იმაზე, რა ზარალს მიაყენებს მთლიანობაში ეპიდემია ეკონომიკას,“ – ამბობს გიორგი კეპულაძე.

ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ გარემოებაზე – სესხები ძირითადად ლარში გაძვირდა.

„ეს მოხდა იმიტომ, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში რისკები იზრდება და ეს რისკი, პირველ რიგში, იზრდება ნაკლებად მყარ ვალუტაში, როგორიც ლარია. ევროსა და დოლარშიც შედარებით გაზრდილია სესხები,“ – გვითხრა „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ.

საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების გამოყენების შემთხვევაში პოლიცია 1000 ლარით დაგაჯარიმებთ

შს სამინისტროს ინფორმაციით, 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რა დროსაც იკრძალება:

  • „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია;
  • ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში;

შესაბამისად, ხვალ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-16 პრიმა მუხლით იკრძალება საქართველოს კანონის – „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული წესების დარღვევა, რაც გამოიხატება კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების გამოყენებაში. აღნიშნული სამართალდარღვევა იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები,“- აცხადებს შს სამინისტრო.

რუსეთის მოქალაქემ კორპუსს უკანონოდ სართული დააშენა ბათუმის ცენტრში

ბათუმში, ლუკა ასათიანის #13-ში, დასრულებულ რვასართულიან კორპუსზე კიდევ ერთ სართულს აშენებენ, რომელსაც შუშით ფუთავენ. ამ სართულის დამატებაზე მერიას ნებართვა არ აქვს გაცემული. ბათუმის ცენტრში სართულს უკანონოდ შპს „გლობალმშენი“ აშენებს. ამ კომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა.

ბათუმის მერისთვის, ლაშა კომახიძისთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ მოხდა, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობიდან 200 მეტრის დაშორებით, უკანონოდ აშენებენ ? – მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ლაშა კომახიძეს sms შეტყობინება გავუგზავნეთ და ვკითხეთ:

  • რატომ ხდება, რომ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, მერიასთან ახლოს, რუსეთის მოქალაქე ახერხებს დასრულებულ სართულზე კიდევ ერთი სართულის მოწყობას მაშინ, როცა ამ მიმართულების კონტროლისთვის ახალი ა (ა) იპი შექმენით და სპეციალისტებიც დაუმატეთ, როგორ ხდება, რომ მერია უკანონო სამშენებლო პროცესის კონტროლს ვერ ახერხებს?
  • ხომ არ უკავშირდება ეს თქვენი თანამშრომლების კორუფციულ გარიგებებს?

თუ ლაშა კომახიძე პასუხს გასცემს ამ კითხვებს, აქვე გამოვაქვეყნებთ.

საქმე იმაშია, რომ უკანონოდ მერიის ადმინისტრაციული შენობიდან ზუსტად ერთ კვარტალში აშენებენ. მერიის შენობა ლუკა ასათიანი ქუჩის #25-ში მდებარეობს, მშენებლობა კი ამავე ქუჩის #13-ში მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა უნებართვო მშენებლობა ამ დრომდე ვერ აღკვეთეს.

როგორც ფოტოზე ჩანს, კომპანიას უკანონო კონსტრუქცია უკვე დასრულებული აქვს, თითქმის დასრულებულია შუშით შეფუთვის სამუშაოებიც. გამომდინარე იქედან, რომ ნებართვა არ გაუციათ, მერიაში არც ის იციან, რა ფუნქციური დატვირთვა ექნება ამ ფართობს.

ბათუმში საზედამხედველო საქმიანობას, განსაკუთრებით სამშენებლო მიმართულებით, მერია ამ დრომდეც ვერ ახორციელებდა ეფექტურად.

სწორედ ამ პრობლემის გამოსასწორებლად, ანუ „ეფექტური მუშაობისთვის“, ლაშა კომახიძემ ახალი ა(ა)იპი – მუნიციპალური ინსპექცია შექმნა. მეტიც, ეფექტურობისთვის სპეციალისტებიც დაამატა, თუმცა უშედეგოდ. უნებართვო მშენებლობები ბათუმში მაინც იწყება, გრძელდება და წარმატებით სრულდება კიდეც.

ოპოზიციის ეჭვი, რომ ახალი ა(ა)იპი საარჩევნოდ მომხრეთა დასაქმების სავარაუდო ინსტრუმენტია, ამ ფაქტის შემდეგ შეიძლება კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდეს.

მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, რომელსაც ყოფილი პოლიციელი არჩილ კონცელიძე ხელმძღვანელობს, 176 პირია დასაქმებული. 

რა რეაგირება მოახდინა ან მომავალში მოახდენს მუნიციპალური ინსპექცია კონკრეტულად ამ მშენებლობაზე? – ამ კითხვაზე პასუხს მუნიციპალური ინსპექციიდან ველოდებით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „გლობალმშენი“ ეკუთვნის კომპანია „პაპირუსს“, რომელიც რუსეთის მოქალაქის, გიორგი რომანსკის საკუთრებაა. ის თავად არის ამ კომპანიის დირექტორიც. ამ კორპუსში კვადრატული მეტრი ფართობის ფასი 1200 დოლარია.

ავეჯი, დაცვა – მერიის ახალშექმნილი ინსპექცია 255-ათასიან ტენდერებს აცხადებს

 

თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა

თიბისი დაზღვევამ, აგროდაზღვევის ფარგლებში, 2019 წელს 228 ფერმერს ჯამში 2 მლნ ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა.

აგროდაზღვევა ფერმერებს იმ მოულოდნელი ხარჯისგან იცავს, რომელიც შესაძლოა სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს.

დაზღვეული რისკებია: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები და ვაზი.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისიწინებული აგროდაზღვევის მიმართულება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. ვაზის კულტურის შემთხვევაში დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს. სხვა კულტურებზე კი თანადაფინანსება 70%-ია. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხის სახითაც შეუძლია.

აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი. სავალდებულოა მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში კი – 30 ჰექტარს.

თუ მომხმარებელი აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის რომელიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი თავად გადაიხდის.

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის შიდა ქართლისა და კახეთის ფილიალებში.

აჭარაში მეორე მსოფლიო ომის 18 ვეტერანი ცხოვრობს, 9 მაისს მათ სურსათს გადასცემენ

აჭარაში  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 18 ვეტერანი ცხოვრობს. მათგან 14 ბათუმში, 3 ქობულეთში, 1 ვეტერანი კი ხელვაჩაურში ცხოვრობს.

წელს, 9 მაისს, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმში მცხოვრები ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მსვლელობას ვერ მოაწყობენ.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ წელს ვეტერანებისთვის სასურსათო კალათების გადაცემას აპირებენ.

„მერიას ვეტერანებისთვის გათვალისწინებული აქვს სასურსათო კალათა. შაქარი, ფქვილი, ხორცი, კარაქი და ა.შ. დაახლოებით 3 ათასი ლარია ამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული. სულ 14 ვეტერანია ბათუმში და ხვალ გადავცემთ“, – თქვეს მერიის „კულტურის ცენტრში“.

ქობულეთის მერია ომის ვეტერანებს ტკბილეულის კალათას გადასცემს. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით კი, ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთადერთ ვეტერანს, თამარა კამენცევას, 500 ლარი გადაეცემა.

საქართველო, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, 9 მაისს ჯერ კიდევ აღნიშნავს   ფაშიზმზე გამარჯვებას.

____

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

რატომ არ აქვთ კითხვები დეპუტატებს აჭარის ბიუჯეტის შესრულებაზე

„…2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში საერთოდ არაფერია ნათქვამი იმ დარღვევებზე, რომლებიც აუდიტის დასკვნაში მოხვდა. ანგარიშის წარმოდგენა მხოლოდ ფორმალური იყო. მე პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა და 15 წუთში მოსმენაც დაასრულეს,“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე.

დღეს, 8 მაისს, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2019 წლის აჭარის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარმოადგინა.

გია აბულაძე ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა დროს გასხვისებულ სახელმწიფო ქონებაზე და რამდენიმე ინვესტორის მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებებზე, რაზეც მინისტრს უმაღლესი საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენის დროს არ უსაუბრია. დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ კომიტეტის სხდომაზე მედიასაშუალებები უნდა მოეწვიათ. ასევე უმაღლესმა საბჭომ უნდა სცადოს, საზოგადოება აქტიურად ჩართოს ამ თემის განხილვაში.

„აუდიტის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფომ არ აღრიცხა 60 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმები. ამასთან, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დაკისრებული 20 მილიონი ლარი და 12 მილიონი დოლარის ჩამოწერა კითხვის ნიშნებს აჩენს… მინისტრის ანგარიშში კი მხოლოდ რიცხვებია, რა დახარჯეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ უნდა იყოს წარმოდგენილი მხოლოდ სტატისტიკა. თითოეულ პროგრამას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში, აქვს მიზნები. ეს უნდა გავიგოთ, რამდენად შესრულდა მიზნები და რა მივიღეთ,“ – აღნიშნა გია აბულაძემ „ბათუმელებთან“.

„ჩვენ შესრულება მართლაც კარგი გვქონდა: შემოსულობების ნაწილში 106, 2 % -ით, ხოლო ხარჯვით ნაწილში  95,3 %-ით შესრულდა… აუდიტი შენიშვნებს ყოველთვის წერს. აუდიტზე პასუხი გაცემული აქვს სამინისტროს,“ – ამბობს გიორგი რომანაძე, იგი უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. ეს კომიტეტია წამყვანი ბიუჯეტის შესრულების დროს. გიორგი რომანაძე განმარტავს, რომ ბიუჯეტის შესრულება დადებითად ან უარყოფითად საბოლოოდ სესიაზე შეფასდება.

გიორგი რომანაძე ოპოზიციას საყვედურობს, რომ მინისტრს არ მოუსმინეს და ისე გაახსენდა გია აბულაძეს 2018 წლის აუდიტის დასკვნა. გიორგი რომანაძე ადასტურებს იმასაც, რომ აუდიტს შენიშვნები 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებაზეც ჰქონდა.

„ჩვენ აუდიტს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით: ყველაფერს ვერ დაგეგმავ 100-პროცენტიანი სიზუსტით, როცა ცდომილება არის 5 პროცენტი კონკრეტულად და ამაზე წერ, რომ დაუგეგმავია, ეს არასწორია. მაგალითად, ინერტული მასალის გაყიდვა დაგეგმილი გაქვს გრაფიკის მიხედვით 7 ლარად და იყო შემთხვევა, როცა 18 და 20 ლარად გაიყიდა, ამაზე აუდიტი დაგიწერს, რომ ვერ განსაზღვრე. შესაბამისად, არის თემები, რასაც არ ვეთანხმებით“, – გვითხრა გიორგი რომანაძემ.

როცა უმაღლესმა საბჭომ მთავრობა უნდა აკონტროლოს, მაგრამ დეპუტატები და მთავრობა ერთ აზრზე არიან, ეს როგორ უნდა გაიგოს ამომრჩეველმა? – ვკითხეთ დეპუტატს.

„სესიაზე თუ არ ვხოცავთ ერთმანეთს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში ერთ აზრზე ვართ. ვიდრე მოსმენა იქნება კომიტეტში, ერთგვარი მოთელვა ხდება და გავდივართ თემებს“, – გვიპასუხა გიორგი რომანაძემ.

კომპანიამ უნებართვო პარკინგი მოშალა და ტროტუარი აღადგინა

შპს „ნიკალამ“ მითითება შეასრულა და ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის #42-ში, ტროტუარზე უნებართვოდ მოწყობილი პარკინგი მოშალა, დაზიანებული ტროტუარი აღადგინა და პირვანდელი სახე დაუბრუნა.

მანამდე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს „ნიკალა“ პარკინგის უნებართვოდ მოწყობისთვის დააჯარიმა და ტროტუარის პირვანდელი მდგომარეობის დასაბრუნებლად ერთდღიანი ვადა მისცა.

შპს „ნიკალას“ აქვე მრავალსართულიანი შენობა აქვს აშენებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანია შენობაში სასტუმროს მოწყობას გეგმავს, საკუთარ სამშენებლო მოედანზე კი, პარკინგისთვის საკმარისი ადგილი დატოვებული არ აქვს, სწორედ ამის გამო კომპანია პარკინგის  მოსაწყობად ქალაქის საკუთრებაში არსებული ადგილის, ტროტუარის ათვისებას ცდილობდა.

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, კომპანია კეთილმოწყობის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილით ანუ 1000 ლარით დააჯარიმეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2017 წელსაა დაფუძნებული და ის ნელი მელაძეს ეკუთვნის.

ბათუმში მოქალაქეებმა ტროტუარები მიიტაცეს

 

„ჩაი – მაკარონი, ჩაი – მაკარონი, ბავშვებს მობეზრდათ“ – უსახლკარო ოჯახი 5 ბავშვით

აზა დიდმანიძე 5 შვილთან და მეუღლესთან ერთად ერთი თვეა ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ნათესავის სახლში ცხოვრობს. მანამდე ოჯახი ქალაქში ბინას ქირაობდა, რაშიც 300 ლარს იხდიდა. სახელმწიფო დახმარების შეწყვეტის შემდეგ ოჯახი სოფელში, ნათესავის სახლში შეიხიზნა.

„ეს სახლი ქმრის მამიდასია. სახლის ნაწილში მამამთილი ცხოვრობს, ორ ოთახში კი ჩვენ ვცხოვრობთ, შვიდი სული. ბავშვებს საკუთარი ოთახი არ აქვთ. გვაქვს საკვების პრობლემაც. ყოველდღე ჩაი და მაკარონი მობეზრდათ. პატარა, რომელიც 3 წლისაა, აღარც „გრეჩიხას“ ჭამს. გუშინ ფაფას მთხოვდა, მაგრამ სად მეშოვა ფაფა. მშიერი დავაძინე“, – გვითხრა აზამ.

აზას უფროსი შვილი 10 წლისაა, დანარჩენები – 8, 6, 5 და 3 წლის. მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ოცნებობენ ხილზე. „ვაშლიც არაა, რომ კომპოტი მაინც გავუკეთო. სულ ჩაი – მაკარონი, სხვა რამე უნდათ, ტირიან, მაგრამ რა ვქნა“.

„ყოველდღე მაკარონი და ჩაი… ბავშვები აღარ ჭამენ“, – ამბობს დედა.

დიდმანიძეებს სოფელში მიწის ნაკვეთი ჰქონდათ, თუმცა სოფელში ჰესის მშენებლობის დროს მათგან მიწა გამოისყიდეს. „20 ათასი ლარი მოგვცეს, მაგრამ წამლებსა და ბინის ქირაში დაიხარჯა. ახლა აღარც მიწა გვაქვს და აღარც ფული“, – ამბობენ დიდმანიძეები.

აზა დიდმანიძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობასაც მიმართეს განცხადებით ბინის თაობაზე. „შეგვპირდნენ, მაგრამ არ ვიცით, დაგვეხმარებიან თუ არა. სოციალური საცხოვრისი შენდება და იქნებ იქ გადმოგვცენ ბინა. ბავშვებს თავიანთი სახლი უნდათ, დაიღალნენ სხვის სახლებში სიარულით. 3 ბავშვი სკოლის ასაკისაა, კომპიუტერი სჭირდებათ, ინტერნეტი, ტანსაცმელიც გვიჭირს“, – ამბობს დედა.

სახლი, სადაც ხუთშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ნათესავისაა.

აზას მხოლოდ საშუალო განათლება აქვს, ისევე როგორც მის მეუღლეს. მისი თქმით,   სამუშაო არ აქვთ და მხოლოდ სახელმწიფო დახმარებით გააქვთ თავი. „მე მაინც ვერ ვიმუშავებ, რადგან ბავშვებს ვზრდი, არც ჩემს მეუღლეს შეუძლია მუშაობა – ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჩემს მესამე შვილსაც სჭირდება მკურნალობა, მაგრამ საშუალება არ გვაქვს. გამაყუჩებელიც კი არ მქონდა სახლში და მთელი ღამე ტკივილით გავათენე. 200-ლარიანი ვაუჩერი მოგვცეს ერთხელ და ისიც გაიხარჯა“, – ამბობს აზა.

ბავშვების ბაბუას თქმით, სოციალური შემწეობის შეწყვეტის შემდეგ, ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა

ახლა ოჯახი სოციალური დახმარების აღდგენას ელის. „500 ლარამდე გამოდიოდა  დახმარება და ასე თუ ისე ვახერხებდით თავსი გატანას. ამ თანხას ახლა ვეღარ ვიღებთ. მხოლოდ 150 ლარი მოგვცეს მრავალშვილიანობის დახმარება და ეს არის სულ. შვიდი ადამიანი ამ თანხით თავს როგორ გავიტანთ“, – ამბობენ დიდმანიძეები.

ხეობაში კირნათი ჰესის აშენების შემდეგ, სოფელ მარადიდის ნაწილი უკვე დაიტბორა. დიდმანიძეები ამბობენ, რომ ამ სოფელში ცხოვრებას ისედაც ვერ შეძლებენ, ამიტომ თუ სახელმწიფო არ დაეხმარება, საცხოვრებლად ისევ ნაქირავებში მოუწევთ გადასვლა.

შაბათ-კვირას ბათუმში იწვიმებს

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 9 მაისს, ბათუმში იქნება ღრუბლიანი ამინდი და წვიმა. დროგამოშვებით  ძლიერი.

მაღალმთაში – ნალექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.დროგამოშვებით: 17-22მ/წმ.

ამინდის ტემპერატურა ღამით სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით:  12-17 გრადუსი
  • ღამით: 0-5 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით:  6-11 გრადუსი
  • ღამით: 0-5 გრადუსი

ზღვის წყლის პროგნოზი:

  • 16 გრადუსი
  • ხილვადობა 4-10კმ, ტალღის სიმაღლე: 15-25დმ (4-5 ბალი).

სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. მომდევნო ორ დღეს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ბენქსის ახალ ნახატზე სუპერგმირი მედდაა

ბენქსის ახალი ნახატი ინგლისის ქალაქ საუტჰემპტონის საავადმყოფოში გამოჩნდა. ნახატი ერთ კვადრატულ მეტრს იკავებს და საავადმყოფოს ფოიეშია განთავსებული – რეანიმაციის განყოფილებასთან. ნახატზე კომბინეზონიანი ბიჭი ნაგვის ურნასთან ზის. მან ეს-ესაა გადაყარა ძველი გმირები: ბეტმენი, სპაიდერმენი და ახალი გმირის, მედდის ფიგურით თამაშობს.

მედდას ხელი ცისკენ აქვს გაშვერილი და სუპერმენივით მიფრინავს, მოსასხამიც სუპერმენის აცვია. სახეზე სამედიცინო ნიღაბი უკეთია და წინსაფარზე წითელი ჯვარი ახატია – ერთადერთი ფერადი ელემენტი ნახატზე.

მხატვარმა ექიმებს შეტყობინება დაუტოვა: ,,მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. ვიმედოვნებ, ეს ნახატი ამ ადგილს მეტად გაანათებს, მიუხედავად იმისა, რომ შავ-თეთრია“.

ბენქსის ახალი ნახატი საუტჰემპტონის საავადმყოფოში შემოდგომამდე დარჩება, მერე კი აუქციონზე გაყიდიან. შემოსული თანხა ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის ფონდში ჩაირიცხება.

სთრითარტისტ ბენქსის ახალი ნახატი საუტჰემპტონის საავადმყოფოს კედელზე

საუტჰემპტონის საავადმყოფოების მმართველი ფონდის ხელმძღვანელის, პოლ ჰედის ცნობით, ამ კლინიკაში მომუშავე რამდენიმე ექიმი ეპიდემიამ იმსხვერპლა.

მსოფლიო მედიაში ბევრს წერენ ,,გმირის“ გაგების გადაფასებაზე, რასაც კორონავირუსის პანდემია მოიტანს. თუ აქამდე სამყაროს გამოგონილი გმირები იყვნენ ადამიანების მთავარი მხსნელები ანიმაციურ თუ მხატვრულ ფილმებში, პანდემიამ აჩვენა, რომ გამოგონილმა გმირებმა დაკარგეს აქტუალობა და წინა პლანზე გადმოინაცვლა რეალური ადამიანების საქმეები, რაზეც პირდაპირი მნიშვნელობით უამრავის სიცოცხლეა დამოკიდებული.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

არ შედგა ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მიერ წარდგენილი საკითხი უნდა განეხილათ. სხდომაზე მხოლოდ ამ ფრაქციის სამი წევრი მივიდა, შესაბამისად, სხდომა ჩაიშალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სხდომას არ დაესწრო „ოცნების“ უმრავლესობა, ასევე „მრეწველები“ და „კონსერვატორები“. დღეს საკრებულოს დარბაზში არ გამოჩენილან არც ფრაქცია „ბათუმის“ წევრები. ამ ფრაქციას „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, ამ ეტაპზე საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, რაულ თავართქილაძე ხელმძღვანელობს.

სხდომა 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა სხდომის ჩაშლაზე განცხადება ფრაქციამ 15 წუთით დააგვიანა: „ვიცით, რომ აქ არიან შენობაში და ცოტა დავიცადოთ, შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და შემოვიდნენ“. თუმცა, ამის პარალელურად, „ოცნების“ უმრავლესობამ მხოლოდ ფრაქციის სხდომა ჩაატარა და ბრიფინგის დანიშვნის შესახებ შეატყობინა ჟურნალისტებს.

სხდომის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ, ისაუბრა იმის შესახებ, რომ მოისმინა საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარი, სადაც ის ამბობდა, რომ რეგლამენტი მას არა ავალდებულებს განიხილოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მიერ წარდგენილი საკითხი.

„აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის არც ერთმა რეგლამენტი არ იცის“, – თქვა მირდატ ქამადაძემ უმრავლესობის წევრების მიმართ და საკრებულოს თითოეულ წევრს მაგიდაზე დაუტოვა ამობეჭდილი მუხლები რეგლამენტიდან, რითაც, მისი აზრით, თავმჯდომარეს უნდა ეხელმძღვანელა.

„ბოლომდე დაცლილი იყვნენ კომპეტენციისგან, დღეს საბოლოოდ დაიცალენ პასუხისმგებლობისგანაც. არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა პასუხისმგებლობა მობრძანებულიყო და საჯაროდ ეთქვათ ჩვენი თანაქალაქელებისთვის, რომლებიც ამ  მძიმე კრიზისში იმყოფებიან, რას აპირებენ. აპირებენ თუ არა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, აპირებენ თუ არა საგანგებო ბიუჯეტზე მსჯელობას. აპირებენ თუ არა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეღავათის გაწევას იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენციაა“.

„ოცნების“ მხრიდან საპასუხო განცხადება უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ, შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ გააკეთეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ოპონენტების ანტიკრიზისული გეგმა შედგენილია ზედაპირულად, არსებული სიტუაციის შესწავლის გარეშე, არაკომპეტენტურად, პოლიტიკური განაცხადის სახით, პიარისთვის და ის არ შეიძლება განხილულ იქნას რაიმე სახის ანტიკრიზისულ გეგმად.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ეკონომიები, რომლებსაც ფრაქცია ითხოვს, მერიას უკვე გათვალისწინებული აქვს, შეღავათები კი ისედაც ცენტრალური ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, რაც მთელს ქვეყანაზე ვრცელდება.

 ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 10 699 ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთის ფედერაციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 10 699 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო ვებგვერდი ავრცელებს.

ჯამში ქვეყანაში უკვე 187 859 დაავადებულის შესახებაა ცნობილი. აქედან გარდაიცვალა 1 723 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 26 608.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი ხუთეულშია აშშ-ს, ესპანეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

___

COVID-19: 11 231 ახალი შემთხვევა რუსეთში

ბათუმის ცხელების კლინიკებში 25 პირს იკვლევენ, პასუხები დღეს გახდება ცნობილი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 292 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი და მათი კვლევის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დღემდე სულ 71 პირს დაუდასტურდა ინფიცირება, მათ შორის 1 გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, ინფიცირებულთაგან კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს 15 პაციენტი გადის, განიკურნა 40 პაციენტი.

სხვა პაციენტები პერიოდულად გადაჰყავდათ თბილისის სხვადასხვა კლინიკაში.

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა 14 მარტს (იმპორტირებული). 

დღეის მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1340 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 5018-მა პირმა.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

_____

8 მაისის 12 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 623 ადამიანი, მათ შორის 288 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 459 პირი.

74 ადამიანი დააჯარიმა პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 10 საათში 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 7 მაისის 21:00  საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 74 მოქალაქე დააჯარიმა.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 5 მოქალაქე დააჯარიმეს.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი კიდევ 1 პირი დაჯარიმდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით.

დღეს ქობულეთის 6 სოფელი გაიხსნა – აქ თერმოსკრინინგი 33 788 ადამიანს ჩაუტარდა

დღეს, 8 მაისს, ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლებშიც ექვსი სოფელი შედის, შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძე „ბათუმელებთან“ თქვა, შეზღუდვების მოხსნა ნაკარნახევი იყო იმით, რომ ადმინისტრაციული ერთეულების ჩაკეტვის დღიდან, რომელიც 12 აპრილს დაიწყო, კორონავირუსით ინფიცირებული პირების დაახლოებით 570-ზე მეტი კონტაქტი და სავარაუდო კონტაქტი ოპერატიულად იყო გამოკვლეული.

„ეს იყო საჭირო იმისთვის, რომ დროულად გამოვლენილიყო ინფექციის წყარო და, შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებები ყოფილიყო გატარებული.

გაკეთდა 520 ანალიზი, 33 788 პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. აქედან მხოლოდ 34 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც  ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა. მათგან 10 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა“, – ამბობს მირიან ქათამაძე.

მირიან ქათამაძე

ქობულეთის მერის თქმით, „ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშულებას, რომ ვიფიქროთ საკარანტინო შეზღუდვების მოხსნაზე და გადაადგილების უფლება მივცეთ ადგილობრივ მოსახლეობას“.

მირიან ქათამაძის თქმით, ზომების შერბილება არ გულისხმობს იმას, რომ თავი ავარიდოთ საგანგებო რეგულაციების შესრულებას.

ქართველი-თურქი მოსწავლე: „ჩვენ ერთნი ვართ განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა“

ჩემი სახელია ჰავილ დენიზ, ვარ 18 წლის. დავიბადე ბათუმში, გავიზარდე აქვე. ჩემი ოჯახი მულტიკულტურულია. მამა წარმოშობით თურქია. ჩემი გვარი დენიზ – თურქულად ზღვას ნიშნავს. დედა ქართველია, ბელარუსში დაიბადა. მყავს და, ის ჩემზე ორი წლით პატარაა და მისი სახელია მელექ, ანუ ანგელოზი.

მიყვარს ცეკვა, სიმღერა, ცხოველები, ფოტოგრაფია. ალბათ კორონას ეპიდემიასაც ნიღბიანი სურათებით გავიხსენებთ. მშობლები მეუბნებიან, რომ ყოველთვის უნდა მქონდეს საკუთარი თავის რწმენა და არასდროს დავნებდე.

განათლება

ახლა სკოლა პროგრესში ვსწავლობ. დისტანციურად, ისევე, როგორც ყველა ჩემი თანატოლი. ვარ აბიტურიენტი. მიყვარს უცხო ენების შესწავლა – ვსაუბრობ თურქულ, ქართულ და ინგლისურ ენაზე. ვცდილობ, ასევე, ვისწავლო გერმანული და რუსული. ჩემი სკოლა ამაში ხელს მიწყობს, ყველა ენა გაძლიერებულად ისწავლება. მასწავლებლებიც ძალიან კომპეტენტურები და კვალიფიციურები არიან. უცხო ენები მეხმარება მოგზაურობისას, სხვა ეროვნების ადამიანებთან კომუნიკაციაში, მათი კულტურის უკეთ გაცნობაში, ასევე გამომადგება კარიერაში და ბიზნესში. ჩვენ სკოლაში მოქმედებს ამერიკული აკადემია, რომლის დამთავრების შემდეგაც მოსწავლეებს შეუძლიათ აიღონ  ამერიკული სკოლის დიპლომი.

პროფესია

მინდა ვისწავლო საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.  მინდა წარმატებული დიპლომატი გავხდე.

საერთაშორისო ურთიერთობები პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი კომპლექსური დარგია. ის მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ საკითხებს. გვეხმარება ურთიერთობის დამყარებაში სხვადასხვა ქვეყანასთან და ასევე წარმატებული სავაჭრო პოლიტიკის განხორციელებაში. მრავალმხრიობის გამო ავირჩიე მე ეს  პროფესია. ვფიქრობ, დამეხმარება: ენების გაუმჯობესებაში, ანალიტიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარებაში, ასევე  პოლიტიკური და გლობალური საკითხების კარგად გაგებაში. ეს ფაკულტეტი მომავალში არამარტო ერთი განხრით დასაქმებაში შემიწყობს ხელს, არამედ სხვადასხვა მიმართულებითაც.

პანდემია

ვადევნებ თვალყურს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. ჩემი აზრით, ეს მოვლენა თავის დროზე მკაცრი ზომების არ მიღების გამო გაუარესდა. ასევე მნიშვნელოვანია მიღებული ზომების ხალხის მიერ გათვალისწინება და მათი დაცვა. თუმცა საქართველო კარგად უმკლავდება.

კორონამდე ცხოვრება  ჩვეულებრივი ტემპით გრძელდებოდა, მაგრამ უეცრად გამოჩნდა ვირუსი, რომელიც არ ვიცით ხელოვნურად არის შექმნილი ადამიანის მიერ, თუ ბუნებრივად და ადამიანი, უბრალოდ, გავრცელების წყაროდ იქცა. მას  მოჰყვა თან ცვლილებები ყოველდღიურ ცხოვრებაში. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, დაიხურა თავშეყრის ადგილები. მაგალითად, განათლების მხრივ დაიხურა სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები და სწავლა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე.

მოსახლეობის უმრავლესობა დარჩა სამსახურის გარეშე.

პოზიტიური ხედვა

მანქანების და ქარხნების  გაჩერების გამო შემცირდა გამონაბოლქვი და ბუნებამ “ამოისუნთქა”, გალამაზდა.

კორონამ დაგვანახა კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ ადამიანები, ჩვენ, ყველანი ერთნი ვართ განურჩევლად სქესის, რჯულის, ასაკისა და ეროვნებისა. მე მჯერა,  ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება და როგორც სხვა ძველი ეპიდემიები და პანდემიები, ასევე დავძლევთ ამ ვითარებასაც. „ძალა ერთობაშია“ და ჩვენ დავამარცხებთ მას! ყველაფერი უბრალოდ დროს, თანადგომას, მოთმინებას და შრომას მოითხოვს.

კარგი განწყობა

სკოლა პროგრესში მომწონს თითქმის ყველაფერი. სახელს შეესაბამება და ქმნის პროგრესულ გარემოს, ზრდის პროგრესულ თაობას. განსაკუთრებით მომწონს კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, ასევე ის, რომ ჩემს სკოლაში არიან სხვადასხვა ეროვნების მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, რაც მეხმარება უცხო ენის გაუმჯობესებაში. ყველანი თავს ვგრძნობთ ძალიან კომფორტულად.

ოცნება

მიყვარს კერძების მომზადება და სხვადასხვა ქვეყნის კულინარიის გაცნობა. ახლა დაინტერესებული ვარ აღმოსავლური სამზარეულოთი. მომავალში კი მსურს, ვიმოგზაურო და  უკეთ გავეცნო სხვადასხვა კულტურასა და მათ სამზარეულოს.

დეფიციტი რომ არ შეიქმნას, 5 მილიონის ტესტები და სხვა მასალებია საჭირო – NCDC

„საქართველოში ფართომასშტაბიანი ტესტირების ჩატარების მიზნით, საჭიროა გამარტივებული შესყიდვით მოხდეს ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის საჭირო რეაგენტების, ტესტების, სახარჯი მასალების დეფიციტის აცილება და ცენტრის ლაბორატორიებთან ერთად ქვეყნის სხვა ლაბორატორიების შესაბამისი ჩართულობაც“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის წერილში, რომლითაც მან, გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 7 მაისს მიმართა.

„საქართველოში მიმდინარე ეპიდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადებული ადამიანების დროული გამოვლენა და მათზე ზედამხედველობის დაწესება, რისი განხორციელებაც მხოლოდ დიდი რაოდენობის ლაბორატორიული კვლევების ჩატარების გზით არის შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ ინფექცია არის ძალიან სწრაფად გავრცელებადი, ამიტომ იქმნება საშიშროება, რომ ეპიდზედამხედველობისა და ცენტრზე დაკისრებული სხვა ვალდებულებების დროულად განუხორციელებლობის შემთხვევაში, ქვეყანას შეექმნება ლაბორატორიული მომსახურების დეფიციტი, რაც შეაფერხებს ეპიდემიის მართვას და ქვეყანა ვერ შეძლებს ეპიდემიის შეჩერებას, რაც გამოიწვევს მძიმე ეკონომიკურ კრიზისს“, – აღნიშნულია ამირან გამყრელიძის წერილში.

მოწოდების ვადები დამოკიდებულია მოთხოვნილი პროდუქციის სახეობასა და მწარმოებლების მიერ შემოთავაზებულ გეგმა-გრაფიკზე. შესაბამისად, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ოპტიმალურ ვადად ითვლება ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღე.

რეაგენტების, ტესტებისა და სახარჯი მასალების შესაძენად ამ შემთხვევაში 5 051 556 ლარია საჭირო.

7 მაისის 20:00 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის სულ 615 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან გამოჯანმრთელდა 275. კარანტინის რეჟიმში 4 948 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 491.

 

მთავარი ფოტო: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

„კლანი იმდენად გაძლიერდა, რომ სხდომებსაც კი არ ატარებს“ – ჯანეზაშვილი

„მოსამართლეების დისციპლინურ სამართალწარმოებაზე საბჭოს ბოლო სხდომა 2019 წლის მარტში ჩატარდა… პირი, რომელსაც აქვს სხდომის მოწვევის უფლებამოსილება, არის იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც წელიწადზე მეტია სხდომას არ იწვევს…“ – წერს ფეისბუქში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. იგი  მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ მომზადებულ საჩივარს ეხმაურება.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა და მას დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა უჩივის. ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლე სხდომის დროს სოციალური ქსელით ერთობოდა და ექსპერტების დაკითხვას არ მოუსმინა.

ადვოკატის საჩივარი, ისევე როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, მოსამართლის წინააღმდეგ თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა უნდა შეისწავლოს. ინსპექტორი დასკვნას იუსტიციის საბჭოს უგზავნის, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაიწყოს თუ არა დისციპლინური დევნა კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების წინააღმდეგ საჩივრები ხშირად შედის, თუმცა საბჭოს უკვე ერთ წელზე მეტია  – გასული წლის მარტის შემდეგ, არც ერთი მოსამართლის წინააღმდეგ საქმე არ განუხილავს.

„…ეს არის იმის დემონსტრირება, რომ სასამართლო კლანს საერთოდ არ ადარდებს ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძის, რომელიც ამ სხდომას არ ნიშნავს. გამოდის, რომ მოსამართლემ, შეურაცხყოფა რომ მიაყენოს მხარეებს, ან დისკრიმინაციული გამონათქვამები გამოიყენოს, ან საქმის განხილვის ვადები დაარღვის და ასე შემდეგ, არავინ ამაზე რეაგირებას არ ახდენს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ მომზადებულ საჩივარზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა უკვე დაიწყო წინასწარი მოკვლევა. ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილია.

„წინა ინსპექტორი იყო ქეთევან ცინცაძე,“ – პარალელს ავლებს ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ აზნაურაშვილიც კლანის წევრია. – „ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა და გახდა იმიტომ, რომ ის მოსამართლეების მხრიდან სამოსამართლეო ეთიკის დარღვევებზე თვალს ხუჭავდა, მაგალითად, მე პირადად მივმართე სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ 2018 წელს, როცა ის რეგულარულად არღვევდა ეთიკას…“

რატომ არ ჩატარდა 2019 წლის მარტიდან ამ დრომდე მოსამართლეთა დისციპლინური საქმისწარმოების განხილვის სხდომა? – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში „სამწუხარო“ უწოდეს ამ ფაქტს და განმარტეს, რომ სხვა საქმეებით იყვნენ დატვირთული, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევით.

„სამწუხაროდ, დატვირთულობის გამო ვერ შედგა ეს სხდომა… ვერ გეტყვით, როდის იქნება შემდეგი სხდომა,“ – გვითხრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში.

„როგორც კი ეს კლანი გაძლიერდა და უფრო მეტი გარანტიები მიიღეს, მათი ანგარიშვალდებულების ხარისხი კიდევ უფრო დაბლა ჩამოვიდა. კლანი არის იმდენად თავისუფალი, რომ სხდომების ჩატარების ვალდებულებას არც კი გრძნობს – თვეში ერთი დღის გამონახვა შეიძლებოდა, მაგრამ მათ ხალხის წუხილი არ აინტერესებთ,“ – აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს კანონით განსაზღვრული, რა ვადაში უნდა განიხილოს მოსამართლის წინააღმდეგ საქმე. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში ინსპექტორი დასკვნებს ამზადებს, თუმცა ის ინსპექტორის კომპიუტერშივე რჩება და საქმე დღის სინათლეს ვერ პოულობს – ის საბჭოს წევრებისთვისაც გაუგებარი რჩება.

ნაზი ჯანეზაშვილის დაკვირვებით, ეს ბოლო პერიოდის ტენდენციაა, როცა საბჭო მოსამართლეების წინააღმდეგ საჩივრებს საერთოდ აღარ განიხილავს – წლების წინ არაერთ შემთხვევაში „ურჩი მოსამართლეების“ წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაუწყიათ.

ნაზი ჯანეზაშვილი კიდევ ერთ დეტალს შენიშნავს – ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ვის წინააღმდეგაც საჩივრით მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წლების წინ სასამართლო კლანის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურასთან – მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად მუშაობდა. ნიკოლოზ მარსაგიშვილი უვადო მოსამართლედ 2019 წელს გაამწესეს.

„…გასაუბრების დროს მან დასძინა, რომ 13 წლის წინ ერთად მუშაობდნენ მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში. წლების განმავლობაში ის იყო გორის სასამართლოს თავმჯდომარე. ეს ყველაფერი კი, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთან შემთხვევით არ ინიშნებიან მოსამართლეები ამ სისტემაში,“ – დასძინა ნაზი ჯანეზაშვილმა „ბათუმელებთან“.

330 მოსწავლე აჭარიდან ერთ ჯგუფში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

სოციალურ ქსელში შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელთა მიზანიც მედიაწიგნიერება და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაა, აჭარის რეგიონში – ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 330 მოსწავლე გაწევრიანდა.

სალომე ფუტკარაძე – ონლაინკურსის კოორდინატორი:

“პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გავავრცელეთ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინტერნეტთან წვდომა ყველა მოსწავლისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ინფორმაციის ადრესატამდე მიტანაში აჭარის განათლების სამინისტროს დახმარება დაგვჭირდა. რეგისტრაციის გავლა 6 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-18 წლის მოსწავლეებს შეეძლოთ”.

ჯგუფის წევრები ეტაპობრივად იღებენ ინფორმაციას, პრეზენტაციების, სტატიების, ვიდეო/ფოტო და სხვა ელექტრონული მასალებით. თითოეული მასალის გაცნობის შემდეგ, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, დასვან კითხვები და შეასრულონ სავარჯიშოები განსახილველ თემატიკაზე.

სასწავლო მასალაში შემავალი თემები ძირითადად მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების და პერსონალური ინფორმაციის დაცვას მოიცავს. პარალელურ რეჟიმში, ასევე ვაწვდით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეხება.

პროექტის მიმდინარეობის პროცესში უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია შემდეგ თემებზე: ყალბი ამბები და მათი ამოცნობის ხერხები, როგორ ვრცელდება და ვინ ავრცელებს მათ სოციალურ ქსელებში, ვინ არიან ტროლები და ბოტები? როგორ მუშაობენ ისინი, მათი ამოცნობის ხერხები, პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.

დასკვნით ეტაპზე ვიქტორინის შედეგად, თითოეულ მუნიციპალიტეტში მინიმუმ 3 გამარჯვებული გამოვლინდება. 4 გამარჯვებულს ხულოდან და 3 გამარჯვებულს შუახევიდან, „აჭარისწყალი ჯორჯია“ დააფინანსებს, 3 გამარჯვებულს ქედის მუნიციპალიტეტიდან კი – „ბი ჯი თრეიდი“.

სოფო ქარცივაძე – ონლაინკურსის კოორდინატორი:

სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ გათამამებული დამატებითი აქტივობებით, რაც მათ პიროვნულ განვითარებაში დაეხმარებოდა. ვერ იღებენ მონაწილეობას მოხალისეობრივ საქმიანობებში, რადგან არ აქვთ მსგავსი აქტივობების შესახებ ინფორმაცია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უფრო მეტად არიან მონდომებულები და ჩართულები, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ოჯახის წევრებს და სკოლაში მეგობრებს. ეს კი უფრო ზრდის მედიაწიგნიერების დონეს და ინფორმირებულობას.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დისტანციურად ონლაინპლატფორმებზე მუშაობს. ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის კამპანიასთან ბრძოლის მიმართულებით ორგანიზაციის პროექტს მხარს უჭერს ფონდი – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). პროექტის მიზანია, მოქალაქეთა ინფორმირების ხარისხის გაუმჯობესება და მედიაწიგნიერების დონის ამაღლება.

Exit mobile version