მთავარი,სიახლეები

სად უმკურნალებენ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომლებსაც სხვა დაავადებებიც აქვთ

10.07.2020
სად უმკურნალებენ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომლებსაც სხვა დაავადებებიც აქვთ

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ახლა კოვიდცენტრია მოწყობილი, არ არის მრავალპროფილური კლინიკა. შესაბამისად, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი და ამავდროულად სხვა დაავადებები, მათ ვერ მოემსახურებიან. სასურველია, ერთ სივრცეში მოხდეს პაციენტების მომსახურება,“ – განაცხადა დღეს, 10 ივლისს „ლელოს“ წევრმა და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის ექიმმა, დავით მამულაძემ. ექიმის თქმით, კლინიკა სასწრაფოდ უნდა აღიჭურვოს სრულად.

ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურში [ახალ შენობაში] კორონავირუსით დაავადებული 6 პაციენტია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორ უმკურნალებენ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტს, თუკი მას, მაგალითად, კარდიოლოგიური პრობლემებიც აქვს? – ვკითხეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს, გია კიკაბიძეს.

„როგორც შევძლებთ, მოვემსახურებით, თუ ჩვენს ძალებს აღემატება, არსებობს კატასტროფის მედიცინა და გადავიყვანთ სხვა კლინიკაში. საავადმყოფოს აღჭურვის პროცესზე ჯანდაცვის სამინისტროში გიპასუხებენ,“ – გვითხრა გია კიკაბიძემ.

კითხვაზე, რომელი კლინიკა მიიღებს ბათუმში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტს, გია კიკაბიძემ ასე გვიპასუხა:

„ვერ გეტყვით, ამაზე ვერ გიპასუხებთ… ჯერჯერობით, ვინც აქ გვყავს, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,“ – აღნიშნა მან „ბათუმელებთან“.

ვიდრე კონკრეტულ პრობლემაზე კითხვას უპასუხებდა, ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა იმაზე, რომ კორონავირუსის წარმატებული მართვა „პოლიტიკურ ელიტას ძალიან აღიზიანებს“ და „ვიღაცები თითიდან გამოწოვილ მიზეზს ეძებენ, რომ თემა მეტ-ნაკლებად შეატრიალონ“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ყველა სერვისი ერთ კლინიკაში ვერ იქნება და სამინისტროს კერძო კლინიკებთან კონტრაქტები აქვს გაფორმებული კონკრეტული მომსახურების მისაღებად.

„ვუშვებთ, რომ შესაძლოა წარმოიშვას მსგავსი პრობლემა, მაგრამ მთელი სტრუქტურა ამაზე მუშაობს, ამ დროს სად უნდა გადავიდეს პაციენტი კონკრეტული გაიდლაინით, კერძო კლინიკებს აქვთ შესაბამისი ბოქსირებული განყოფილებები,“ – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და კონკრეტული შემთხვევაც გაიხსენა, როცა კორონავირუსით დააავადებული პაციენტი თბილისში სამშობიაროდ ინფექციურიდან სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამშობიარო ბლოკია.

„ნებისმიერ კოლეგას ვთხოვ, ადამიანურად, სამუშაო საათებში იქნებ მეტი დრო დაუთმონ პაციენტებს, ვიდრე პარტიულ აქტივობებს,“ – დასძინა ზაალ მიქელაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: