მთავარი,სიახლეები

როგორი იქნება პირველი აფთიაქის ფასადი – სააგენტო პროექტს მეორედ განიხილავს

09.05.2020 • 2656
როგორი იქნება პირველი აფთიაქის ფასადი – სააგენტო პროექტს მეორედ განიხილავს

„… ქალაქში ხმა დაირხა აფთიაქის შენობას ახალი მფლობელი ჰყავს, რესტავრაციას აპირებსო. ნამდვილად კარგი საქმეა, საშური, რომ არა ერთი მაგრამ, მას იმ უბედურების რესტავარცია-შენარჩუნება განუზრახავს, რაც ამ შენობას 2010 დაატყდა თავს. რათა, რათა?- ნაგავს რესტავრაცია რად სჭირდება, ის უნდა სანაგვეზე მოისროლო! ჩემო, ძვირფასო, კეთილო, ახალო მფლობელო, ფუჭად ნუ კარგავთ დროს, ნერვებს და თანხას! კეთილი საქმის გაკეთება და, ამ მშვენიერი შენობის გადარჩენა თუ გსურთ, მას იაფფასიანი ბიჟუტერია ჩამოხსენით, არ არის ის არც ღირებული და არც ავთენტური. არქიტექტურული გაუგებრობისგან გაათავისუფლეთ, მას რომ კლავს, შეურაცხყოფს , ამცირებს.“- დაწერა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ ფეისბუქის გვერდზე ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა.

ის შენობის ახალი მფლობელს ურჩევს ძეგლის რესტავრაცია „ ეს კეთილი საქმე, სწორი გზით გააკეთოს.“ თამარ ამაშუკელმა ამ სტატუსთან ერთად გამოაქვეყნა შენობის ძველი ფოტოც, სადაც ის ძველი იერსახით არის გადაღებული.

 

ბათუმში, მემედ აბაშიშის #30 -ში მდებარე  ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ ერთხელ უკვე განიხილა და სააგენტოს ხელმძღვანელს რეკომენდაცია მისცა „პროექტი გასწორდეს არქიტექტურულ დეტალებთან და ფერებთან მიმართებაში“.

სააგენტოს დირექტორის ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით პროექტი რეკომენდაციებით ავტორს გადაეგზავნა, რამდენიმე დღეში მას სხდომაზე ისევ გაიტანენ და  სპეციალისტების ჩართვით განიხილავენ. თუმცა ზაურ ახვლედიანი ეჭვობს, რომ შენობის პირვანდელი იერსახით აღდგენა ვეღარ მოხერხდება, რასაც მისივე თქმით რამდენიმე საბჭოს წევრი ითხოვს:

„ კომპანია არ ცვლის არც მასშტაბს და არც იერსახეს. 2007-2008 წლებში უნებართვო სამუშაოების გამო დაზიანებული ნაწილებს ჩაუტარებს რესტავრაციას და როგორ გააკეთებს ამას, მეთოდოლოგიაზეც უნდა ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა ის მოსაზრება საბჭოს ორი წევრის, რომ თავდაპირველ ფორმაში აღდგეს შეუძლებელია, ორ სართულს რომ დაუბრუნდეს, ეს  ვფიქრობ გამორიცხულია. არსებულ ფორმატში, რაც არის, ასეთივე იქნება, ოღონდ ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე მოხდება ფიგურებისა და ფერების აღდგენა.“

საუბარი შეხება იმას, რომ შენობა თავდაპირველად ორსართულიანი იყო, რამდენიმე წლის წინ მას გუმბათებიანი მანსარდა დააშენეს და ფასადი ახალი ფიგურებიანი ფენით შეფუთეს.

შენობა რესტავრაციამდე

 

საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე ერთერთია მათ შორის ვინც წარდგენილი პროექტით ძეგლის აღდგენის საკითხს მხარი არ დაუჭირა და  დირექტორს რეკომენდაცია მისცა არ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. შოთა გუჯაბიზე ამბობს, რომ კარგად იცის, ინვესტორი არ დასთანხმდება მასშტაბის შეცვლას და მისი რეკომენდაცია  მხოლოდ „ 2007-2008 წლებში გაფუჭებულის გამოსწორებაა“.

„ პროექტი ითვალისწინებს ფასადის რესტავრაციას, ის რაც გაკეთდა ათი წლის წინ, არ შეიძლება ბათუმის ისტორიის ნაწილად ჩაითვალოს. ეს არ არის ღირებული, გარდა ამისა ძველი იერსახით ფასადის აღდგენა გაცილებით იაფი დაუჯდება მეპატრონეს, მოსახსნელი იქნება ახალი ფენა და გამოჩნდება ქვედა ფენა, თან ქალაქისთვის უკეთესი იქნება.“

ბათუმში ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის ახალი მფლობელი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გალიფ ოზთურქია. 2019 წლის დეკემბერში მან ამ ქონების მესაკუთრე კომპანიის შპს „ჟასმინის“ ასი პროცენტი შეისყიდა.

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა მემედ აბაშიძის გამზირზე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს ბათუმში. თავიდანვე აქ ფუნქციონირებდა „პეტკევიჩის აფთიაქი“ და „სოკოლოვსკის სამკურნალო“.

აბაშიძის ქუჩას XX საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირი ერქვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ განაშენიანებული და საქმიანი ქუჩა იყო ძველ ბათუმში. XX საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდნენ ქალაქის შეძლებული ოჯახები და ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი დანიშნულების სხვადასხვა ობიექტი.

 

 

გადაბეჭდვის წესი