მთავარი,სიახლეები

მთავრობამ ₾1,65 მილიარდის ობლიგაციები გაყიდა, ეროვნულმა ბანკმა – $229,65 მილიონი

09.07.2020 • 1899
მთავრობამ ₾1,65 მილიარდის ობლიგაციები გაყიდა, ეროვნულმა ბანკმა – $229,65 მილიონი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წელს 1 მილიარდ 650 მილიონი ლარის ობლიგაციები გაყიდა. ეს არის მთავრობის საშინაო ვალი, რომელიც გარკვეულ ვადაში უნდა დაიფაროს ბიუჯეტიდან. სახაზინო ობლიგაციები სხვადასხვავადიანია – 6-თვიანი, 1,2,5 და 10-წლიანი. 2020 წლის 9 ივლისის მდგომარეობით, სამინისტრომ 600 მილიონი ლარით მეტი სხვადასხვავადიანი ობლიგაცია გაყიდა, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში.

ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში – „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2019-2021 წლებისთვის“ – აღნიშნულია, რომ „მთავრობის ფასიანი ქაღალდების [ობლიგაციების] გამოშვება ფინანსური რესურსის მოსაზიდად არის მესამე წყარო [მრავალმხრივი/ორმხრივი კრედიტორების და ევრობონდების შემდეგ]“.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „მოსალოდნელია, რომ სამომავლოდ საქართველოს შეუწყდება წვდომა შეღავათიან კრედიტებზე, რომელსაც ამჟამად იღებს ორმხრივი და მრავალმხრივი კრედიტორებისაგან“. ამიტომ, „იმისთვის, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, მთავრობამ შედარებით დაბალი დანახარჯებით, გონივრული რისკების ფარგლებში მოიზიდოს ფინანსური რესურსები, საჭიროა განვითარდეს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზარი“.

„მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზარი რომ განვითარდეს, უნდა მოხდეს საპენსიო ფონდების, ორმხრივი ფონდების და სხვა კერძო ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და მოზიდვა. უცხოელი ინვესტორებისთვის, ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია მცირე ზომის ბაზარი და განუვითარებელი მეორადი ბაზარი. ბაზარზე არსებული ლიკვიდობის პრობლემის გამო, უცხოელი ინვესტორისთვის მარტივი არ არის მთავრობის ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი მოცულობის გაყიდვა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველოს რეზიდენტებიდან, მთავრობის ფასიან ქაღალდებს ძირითადად კომერციული ბანკები ყიდულობენ/ფლობენ.

ფინანსთა სამინისტროს სტრატეგიულ დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ადგილობრივ ბაზარზე სესხების აღება [ანუ ობლიგაციების გამოშვება] არაინფლაციურია. ეს იმას ნიშნავს, რომ საშინაო ბაზარზე სესხებით რა მოცულობითაც ხდება მიმოქცევიდან ფულის ამოღება, უკანაც იმავე მოცულობით ბრუნდება მთავრობის მიერ ხარჯების გაღების დროს“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის მაისის თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი 4 მილიარდ 616 მილიონ 500 ათას 700 ლარი იყო.

სამინისტროს განმარტებით, „სახელმწიფო საშინაო ვალი არ მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვინაიდან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მოცულობა დაუზუსტებელია“.

გარდა საშინაო ვალისა, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.8 მილიარდი აშშ დოლარი (25.6 მილიარდი ლარი), რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მილიარდი აშშ დოლარი (18.7 მლრდ ლარი)

პანდემიის პირობებში, 13 მარტიდან 9 ივლისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 229 მილიონ 650 ათასი აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, „სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. სავალუტო აუქციონის მიზანია, საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება“.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2020 წლის 13 მარტიდან დღემდე:

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, 2020 წლის 13 მარტს იყო 2.94, ხოლო 9 ივლისს არის – 3,05. ამ პერიოდში ყველაზე მაღალი ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა 27 მარტს – 3,48 / ინფოგრაფიკა: ეკა ბერიძე|„ბათუმელები“ / წყარო: ეროვნული ბანკი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: