კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის რეაბილიტაციის პროექტი სააგენტომ შეითანხმა

10.07.2020 • 3094
ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის რეაბილიტაციის პროექტი სააგენტომ შეითანხმა

ბათუმში ევროპის მოედანზე ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდება. შენობას არსებული სახით აღადგენენ.

შენობის პროექტი ძეგლების საბჭომ დღეს, 10 ივლისს განიხილა, რის შემდეგაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

შენობის არსებული სახით აღდგენას ეწინააღმდეგებოდნენ სპეციალისტები და მიიჩნევდნენ, რომ ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას პირვანდელი ფასადი უნდა დაებრუნებინა და მოშოებოდა ფიგურებიანი ფასადის ნაწილი, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დაამატეს:

„კეთილი საქმის გაკეთება და ამ მშვენიერი შენობის გადარჩენა თუ გსურთ, მას იაფფასიანი ბიჟუტერია ჩამოხსენით, არ არის ის არც ღირებული და არც ავთენტური. არქიტექტურული გაუგებრობისგან გაათავისუფლეთ, მას რომ კლავს, შეურაცხყოფს, ამცირებს“- დაწერა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ ფეისბუქის გვერდზე ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა.

ბათუმში, მემედ აბაშიძის #30 -ში მდებარე ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ ერთხელ უკვე განიხილა [2020 წლის 14 მაისს] და სააგენტოს ხელმძღვანელს რეკომენდაცია მისცა – „პროექტი გასწორდეს არქიტექტურულ დეტალებთან და ფერებთან მიმართებაში“.

ამ სხდომის ოქმის მიხედვით, ძეგლის პირვანდელი, 2008 წლამდე არსებული იერსახით ითხოვდნენ სხდომაზე მიწვეული სპეციალისტებიც.

მოკლე ამონარიდი ოქმიდან:

ლია ბოკუჩავა: „2008- 2010 წლებში შენობის ფასადზე ჩატარებული სამუშაოების დროს დამატებული მორთულობები – ახალი არქიტექტურული მორთულობები ჩამოიხსნას ფასადის ზედაპირიდან…“

მანანა სურამელაშვილი: „ათიოდე წლის წინ შემატებული შეუსაბამო, ეკლექტური და ამავე დროს უხარისხო დეკორის მოხსნის ნაცვლად, მისი ე.წ. რესტავრაციის დაგეგმვა ძეგლთა დაცვის მეთოდოლოგიასთან სრულიად შეუთავსებელი და მიუღებელია“.

თამარ ამაშუკელი: „სამწუხაროდ 2010 წელს შენობას სრულიად შეუცვალეს იერი და სადა, შეიძლება ითქვას მკაცრი კლასიცისტური ობიექტი, ეპოქასთან სრულიად შეუფერებელ, ჭარბად დეკორირებულ არქიტექტურულ კიჩად აქციეს. აუცილებელია 2010 წელს დაშვებული შეცდომა გამოსწორდეს“.

ლელა ნინოშვილი: „ვეთანხები მოსაზრებებს, შენობას უნდა დაუბრუნდეს თავდაპირველი იერსახე“.

ამავე ოქმის მიხედვით, ძეგლის 2008 წლამდე არსებული იერსახის აღდგენას ითხოვდა საბჭოს წევრი სოფო ჭანიშვილი, ამ მოსაზრებას ეთანხმებოდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ზვიად ბურჭულაძეც, თუმცა დღეს სააგენტოში გვითხრეს, რომ რესტავრირების შეთავაზებულ პროექტს მხარი დაუჭირა საბჭოს ხუთმა წევრმა ორის წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დღეს გამართულ სხდომაზე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს და წარდგენილ პროექტს დაეთანხმნენ.

შენობა რესტავრაციამდე. შენობის სწორედ ასეთი სახით აღდგენას ითხოვდნენ სპეციალისტები.

საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წარდგენილი პროექტით ძეგლის აღდგენის საკითხს მხარი არ დაუჭირა და დირექტორს რეკომენდაცია მისცა, არ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. შოთა გუჯაბიძე „ბათუმელებთან“ საკითხის პირველ ჯერზე განხილვის შემდეგაც ამბობდა, რომ ინვესტორი არ დათანხმდებოდა მასშტაბის შეცვლას და მისი რეკომენდაცია მხოლოდ 2007-2008 წლებში გაფუჭებულის გამოსწორება იყო“:

„პროექტი ითვალისწინებს ფასადის რესტავრაციას. ის, რაც გაკეთდა ათი წლის წინ, არ შეიძლება ბათუმის ისტორიის ნაწილად ჩაითვალოს. ეს არ არის ღირებული, გარდა ამისა ძველი იერსახით ფასადის აღდგენა გაცილებით იაფი დაუჯდება მეპატრონეს, მოსახსნელი იქნება ახალი ფენა და გამოჩნდება ქვედა ფენა, თან ქალაქისთვის უკეთესი იქნება.“

სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „სააგენტოში რამდენიმე პროექტი იყო წარდგენილი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არაერთი სართულის დაშენებას. სააგენტოს მიერ მკაფიოდ იქნა მოთხოვნილი არსებული მოცულობის შენარჩუნება და სარემონტო სამუშაოების წარმოება ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე.“

იგივე პოზიცია აქვს კომპანიასაც, „მეტრო ჰოლდინგის“ დირექტორი რაულ კახაძე ამბობს, რომ კომპანიამ საზოგადოების მოთხოვნა ძეგლის მასშტაბის შეცვლასთან დაკავშირებით გაითვალისწინა და სწორედ ამის გათვალისწინებით არ მოითხოვა მასშტაბის გაზრდა.

რაც შეეხება შენობის პირვანდელ იერსახეს:

„მაშინ სართულიც უნდა მოგვხსნა, რომ შენობას პირვანდელი სახე დაბრუნებოდა. ეს შენობა ქალაქში მიიღეს სწორედ ისეთი, როგორიც ახლაა და ჩვენ მას არსებული სახით აღვადგენთ“ – გვითხრა რაულ კახაძემ. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესს კომპანია ნებართვის მიღებისთანავე დაიწყებს.

 

13 მლნ დოლარად გაიყიდა ბათუმში პირველი აფთიაქის შენობა – მყიდველი „მეტროს“ მფლობელია 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: