მთავარი,სიახლეები

უჩიპო პირადობას ისევ ვერ აიღებთ – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

04.06.2020
უჩიპო პირადობას ისევ ვერ აიღებთ – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეების – ნანა სეფაშვილის და ია რეხვიაშვილის სარჩელი. ისინი არაელექტრონული ანუ უჩიპო პირადობის გაცემას ითხოვდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლომდე მოსარჩელეებმა მიმართეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვეს პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სააგენტომ, ისევე როგორც საერთო სასამართლოებმა, მოსარჩელეს განუმარტეს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად მათ შეეძლოთ მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღება.

მოსარჩელეები რელიგიური რწმენიდან გამომდინარე უარს აცხადებენ ელექტრონული დოკუმენტებით სარგებლობაზე. ამავდროულად, სადავო ნორმებით დადგენილი უალტერნატივო წესის გამო, მოსარჩელე ნანა სეფაშვილი ვერ სარგებლობს სხვაგვარი დოკუმენტით, რის გამოც რჩება სოციალური ცხოვრებისგან სრულად იზოლირებული.

მოსარჩელეები სასამართლო განხილვის დროს აღნიშნავდნენ, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობა ანტიქრისტეს ბეჭდისკენ მიმავალი გზაა. „ეს უკავშირდება აპოკალიპსს“, – ამბობდნენ ისინი.

„საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს იმგვარი რწმენის დაცვას, რომელიც დამაჯერებლობის, სერიოზულობის, თანმიმდევრულობისა და მნიშვნელობის გარკვეულ დონეს აღწევს. ბუნებრივია, აღნიშნული არ გულისხმობს პირის მრწამსის კანონიერების შემოწმებას. უფრო მეტიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია დავა იმაზე, თუ რატომ გააჩნია პირს ესა თუ ის რწმენა. თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამოწმოს პირის რელიგიური გრძნობების უტყუარობა ან/და გულწრფელობა,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საკონსტიტუციო სასამართლო წმინდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც „წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია“.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულია რწმენა და ქმედება, რომელიც ამ რწმენას უკავშირდება.

„იმისათვის, რომ ქმედებამ ავტომატურად მოიპოვოს დაცვა რელიგიის თავისუფლების საფუძველზე, იგი უნდა წარმოადგენდეს ამ რელიგიის გაცხადებას, ხოლო იმისათვის, რომ ქმედება წარმოადგენდეს „რელიგიის გაცხადებას“, საჭიროა მჭიდრო და პირდაპირი კავშირის არსებობა ქმედებასა და რელიგიას შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი კავშირი უდავოდ არსებობს ისეთ დროს, როდესაც ქმედება წარმოადგენს შესაბამისი რელიგიის უშუალო მოთხოვნას. მაგალითად, რელიგიური ტექსტების კითხვა, ლოცვა, მარხვის შენახვა, რელიგიური რიტუალების განხორციელება წარმოადგენს რელიგიის გაცხადების ტრადიციულ ფორმებს და არსებობს მჭიდრო და პირდაპირი კავშირი ქმედებასა და რელიგიას შორის“ , – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იუსტიციის სამინისტრო გასული წლის 26 დეკემბრიდან გასცემდა არაელექტრონულ პირადობის მოწმებებს, რომელთა მოქმედების ვადაც ერთი თვე იყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: