მთავარი,სიახლეები

გასაყიდი ბინების ფასის კლება არ არის მოსალოდნელი – კვლევაში მონაწილე კომპანიები

10.07.2020 • 1805
გასაყიდი ბინების ფასის კლება არ არის მოსალოდნელი – კვლევაში მონაწილე კომპანიები

საერთაშორისო-საკონსულტაციო ორგანიზაცია Cushman and Wakefield Georgia – ის ინფორმაციით, რომელმაც პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში სამშენებლო ბიზნესის ბაზარზე არსებული მონაცემები შეადარა ერთმანეთს, პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, ბათუმის დეველოპერების აბსოლუტური უმრავლესობა ინარჩუნებს არსებულ საფასე პოლიტიკას.

კვლევაში მონაწილე კომპანიები ირწმუნებიან, რომ გასაყიდი ფასის კლება არ არის მოსალოდნელი. ასეთი პასუხების პარალელურად, დეველოპერების ნაწილი აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მყიდველებს სპეციალურ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობენ კონკრეტულ ფართობებზე.

კვლევის მიხედვით, ბათუმის რეზიდენტული ბაზარი საკმაოდ მზარდია და ქალაქს ყოველწლიურად ემატება ათასობით ახალი აპარტამენტი. შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. კომპანიებს მუდმივად უწევთ დიდი რესურსის გამოყოფა მარკეტინგის მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არ აპირებს მარკეტინგული მიმართულების ოპტიმიზაციას ან ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებას.

რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, კვლევაში მონაწილე ყველა დეველოპერმა თანამშრომლების შენარჩუნება შეძლო. მათმა 78%-მა, აპრილის ჩათვლით შეძლო დროებით დაქირავებული მუშახელის, თუ მუდმივი თანამშრომლების ანაზღაურების სრულად დაფარვა, ხოლო 22%-მა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ეს მოვალეობა.

კვლევის ფარგლებში დეველოპერულმა კომპანიებმა ის კონკრეტული მიმართულებები გამოკვეთეს, რა მხრივაც ელიან ან საჭიროებენ მხარდაჭერას, როგორც სახელმწიფოს, ასევე საფინანსო სექტორის მხრიდან. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დღგ-ს, საშემოსავლოსა და ქონების გადასახადთან დაკავშირებული შეღავათებია.

გარდა ამისა, დეველოპერებმა ისაუბრეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერების მნიშვნელობაზე. რესპონდენტების თქმით, აუცილებელია პროექტების ჩაბარების ვადების გადახედვა, ვინაიდან არსებულმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა, როგორც მშენებლობის, ასევე გაყიდვების პროცესი. ეს ფინანსური რესურსის გენერირების უმნიშვნელოვანესი წყაროა.

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება დეველოპერებმა ფინანსური ინსტიტუციების მხრიდან შეღავათების აუცილებლობაზე გაამახვილეს. მათი თქმით, საპროცენტო განაკვეთის გადახედვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც მათ დაეხმარება პოსტკრიზისული პერიოდის სირთულეების დაძლევაში.

იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ცვლილებები გაყიდვებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან ბათუმის რეზიდენტული უძრავი ქონების მყიდველთა უმრავლესობა უცხოელები არიან, მხოლოდ მათი მცირედი ნაწილი სარგებლობს საბანკო მხარდაჭერით.

ბათუმის დეველოპერები პოტენციურ მყიდველებს, ძირითადად, შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობენ, რაც მათი თქმით, გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.

მაისში საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დეველოპერთა მხარდაჭერის გეგმა წარადგინა, რომელიც ასევე მყიდველებისთვის იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ის სუბსიდირებას გულისხმობს. სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე და შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე სესხს ახალაშენებული ბინის შესაძენად აიღებს. რაც შეეხება დეველოპერებს, მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო აუქციონის ფარგლებში, სახელმწიფო დევნილებისთვის 1 800 საცხოვრებელ ბინას შეიძენს, რომლის ღირებულებაც 150 000 მლნ ლარი იქნება, თუმცა ამ ბინების გასაყიდი ფასი არ უნდა აღემატებოდეს 1,700 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. კვლევის ავტორების ვარაუდით, ვინაიდან ბათუმის რეზიდენტულ ბაზარზე გასაყიდი აპარტამენტების კვადრატული მეტრის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე სახელმწიფოს მსყიდველუნარიანობა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დადგენილება ბათუმის დეველოპერებსაც შეეხოს.

____

ამავე თემაზე:

ბინების გაყიდვა ბათუმში 50/100%-ით შემცირდა – ახალი კვლევა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: