მთავარი,სიახლეები

გონკურის პრემიის გამარჯვებული ფრანგი ავტორი საქართველოში წელს პირველად გამოავლინეს

10.07.2020
გონკურის პრემიის გამარჯვებული ფრანგი ავტორი საქართველოში წელს პირველად გამოავლინეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველო წელს პირველად შეუერთდა გონკურის პრემიის გამცემი ქვეყნების რიგებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული მედიათეკის სტუდენტურმა ჟიურიმ დაასახელა საქართველოში გონკურის პრემიის 2020 წლის გამარჯვებული ავტორი ჟან ლუკ კუატალენი, რომანით – „შვილის წილი“. ქართველმა სტუდენტებმა არჩევანი ამ ოთხი ფრანგი ავტორის რომანებს შორის გააკეთეს:

  • ამელი ნოტომი – „წყურვილი“  [Amélie Nothomb – „Soif”]
  • ჟან პოლ დუბუა – „ყველა ადამიანი ერთნაირად არ ცხოვრობს მსოფლიოში“ [Jean-Paul Dubois – „Tous les hommes n’habitent pas le monde de la même”]
  • ოლივიე როლენი – „გარესამყარო“ [Olivier Rolin – „Extérieur monde”]
  • ჟან ლუკ კოატალემი – „შვილის წილი“ [Jean-Luc Coatalem – La part du fils]

გონკური ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაა საფრანგეთში. ამ პრემიით წლის საუკეთესო ფრანგულენოვანი რომანი ჯილდოვდება. პრემია პირველად 1903 წლის 21 დეკემბერს გაიცა. დაახლოებით 15 წელია, რაც გონკურის პრემიის გაცემა შეუძლიათ სხვა ქვეყნებსაც. პირველი ამ ქვეყნებს შორის პოლონეთი იყო. მას ნელ-ნელა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. ალფონს დოდეს მიერ დაარსებული პრემია საქართველომ წელს პირველად გასცა.

პრესტიჟული ფრანგული ლიტერატურული პრემიის გამცემ ქვეყანად საქართველოს დასახელების იდეა პირველად გონკურის აკადემიის ათი წევრიდან ერთ-ერთს, მწერალს, დრამატურგსა და ფილოსოფოს ერიკ ემანუელ შმიტს მოუვიდა ორი წლის წინ, საქართველოში ყოფნისას.

მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის წევრი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი ამ შეხვედრის მონაწილე იყო:

„საქართველოში საფრანგეთის მაშინდელი ელჩის, პასკალ მენიეს შეხვედრაზე შმიტმა შემოგვთავაზა მიგვეღო მონაწილეობა გონკურის პრემიის გაცემაში, რაზედ სიამოვნებით დავთანხმდით. ელჩმა ჩვენს უნივერსიტეტს სთხოვა ორგანიზების გაწევა, იდეა მივაწოდე რექტორ გიგა ზედანიას და გადავწყვიტეთ ილიას უნივერსიტეტს საორგანიზაციო საკითხები მოეგვარებინა, კერძოდ ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვებული ავტორის საქართველოში მოწვევას, დავამზადეთ სპეციალური პრიზი. ჩვენივე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გამარჯვებული რომანის თარგმნას და გამოცემას.

ყველაფერს ვგეგმავდით საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან შეთანხმებით, რომლის დირექტორიც თამარ ხოსრუაშვილია, სწორედ ის აწარმოებდა გონკურის აკადემიასთან უწყვეტ მოლაპარაკებებს“ – ამბობს მზაღო დოხტურიშვილი.

მისი თქმით გონკურის აკადემიის მოთხოვნა იყო, რომ სტუდენტებს აერჩიათ ოთხ ფინალისტ ავტორს შორის გამარჯვებული.

თავდაპირველად აკადემია აცხადებს ფრანგული გამომცემლებისთვის კონკურსს, რომლებიც საკუთარ ავტორებს წარადგენენ, მათ შორის აკადემია 15 საუკეთესო რომანს გამოავლენს, 15 საუკეთესოს შორის კი ბოლოს 4 რომანი რჩება, რომელთაგანაც ერთი გამარჯვებული ვლინდება.

„საქართველოს გონკურის არჩევანი“ – ასე ქვია ქართულ გონკურს, რომლის რჩეული ავტორიც 9 ივლისს, ილიას უნივერსიტეტის ფეისბუგვერდზე, პირდაპირ ეთერში გამოვლინდა.  გონკურის პრემიაზე ჯილდოდ ყოველწლიურად სიმბოლური თანხა, 10 ევრო გაიცემა, მაგრამ ამ პრემიის მფლობელის წიგნები მთელ მსოფლიოში სწრაფად იყიდება და ითარგმნება სხვადასხვა ენაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008