მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში მიიღებს პირი უჩიპო პირადობას, თუ ჩიპიანზე უარს რწმენის გამო აცხადებს

10.07.2020 •
რა შემთხვევაში მიიღებს პირი უჩიპო პირადობას, თუ ჩიპიანზე უარს რწმენის გამო აცხადებს

პირს, რომელიც რწმენის გამო უარს განაცხადებს პირადობის ელექტრონული [ჩიპიანი] მოწმობის მიღებაზე, შეუძლია მიიღოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე [ანუ უჩიპოდ], მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ადრე არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი. ასეთ შემთხვევაში უჩიპო მოწმობა გაიცემა არაუმეტეს ერთი თვის ვადით.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში [„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“] შესაბამისი ცვლილების შეტანას მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი 2020 წლის 9 ივლისს მოაწერა. ახალი ბრძანების მოქმედება კი ვრცელდება მისი ამოქმედების დროისათვის [ანუ 9 ივლისისთვის] მიმდინარე წარმოებებზეც.

ამ ცვლილებით, „პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში:

თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და მას არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.“

შესაბამისი პუნქტი, 2019 წლის დეკემბრიდან, ბრძანებაში შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც დასტურდება მისი აღმსარებლობის კუთვნილების ფაქტი“, – ეს ჩანაწერი ბრძანებიდან ამოღებულ იქნა.

თავის დროზე კი, ეს ჩანაწერი მინისტრის ბრძანებაში საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაჩნდა, მთავრობას რომ აღესრულებინა ეს განჩინება.

მოსარჩელეები, ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიდნენ პირადობის მოწმობის, ასევე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის – ჩიპის გარეშე მიღების შესაძლებლობას.  საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 26 დეკემბერს აღნიშნული სარჩელის არსებითად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იუსტიციის სამინისტრო 2019 წლის დეკემბრიდან გასცემდა არაელექტრონულ პირადობის მოწმებებს, რომელთა მოქმედების ვადაც ასევე ერთი თვე იყო.

საბოლოოდ, 2020 წლის 4 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნანა სეფაშვილის და ია რეხვიაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი არაელექტრონული ანუ უჩიპო პირადობის გაცემას ითხოვდნენ.

საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც ჩანს, მთავრობამ გადაწყვიტა გააგრძელოს ერთთვიანი უჩიპო პირადობის მოწმობების გაცემა იმ შემთხვევაში, თუ რწმენის გამო მოქალაქე უარს ამბობს აიღოს ჩიპიანი მოწმობა. ოღონდ, ასეთი მოწმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კონკრეტულ მოქალაქეს ადრე არ აუღია ასეთი მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.

ამავე თემაზე:

უჩიპო პირადობას ისევ ვერ აიღებთ – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: