მთავარი,სიახლეები

„ერდოღანი ვა-ბანკზე მიდის“ – რატომ დასჭირდათ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება

10.07.2020 • 3167
„ერდოღანი ვა-ბანკზე მიდის“ – რატომ დასჭირდათ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება

„არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე ერდოღანს ბევრი აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი და ისევ რელიგიური პოპულიზმის გამოყენებას ცდილობს,“ – მიიჩნევს აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე. ეს გადაწყვეტილება თურქეთში დღეს, 10 ივლისს მიიღეს. სანდრო ბაკურაძე ელის, რომ აია სოფიას, როგორც მეჩეთს, საზეიმოდ 15 ივლისს გახსნიან. ეს თარიღი სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება, ანუ 4 წლის წინანდელ პროცესებს… აღმოსავლეთმოცდნე ფიქრობს, რომ აია სოფიას მეჩეთში ლოცვას ერდოღანიც დაესწრება, მაგრამ ეს იდეა ვერ იმუშავებს და მალე იქ ისევ მუზეუმს გახსნიან.

რატომ დასჭირდა თურქეთის პრეზიდენტს აია სოფიას მუზეუმის სტატუსის გაუქმება და მისი მეჩეთად გადაკეთება? – „ბათუმელებმა“ აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძეს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო სანდრო, აქამდე ხშირად განიხილებოდა აია სოფიას მუზეუმის სტატუსის გაუქმება. თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა დღეს ამის გაკეთება თურქეთში ერდოღანის ხელისუფლებას? 

აია სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის გაუქმებას, პირველ რიგში, აქვს სიმბოლური მნიშვნელობა. თურქულ მემარჯვენე პოპულიზმში აია სოფია საკმაოდ პოპულარული თემაა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან. აქამდე ვერც ერთმა მთავრობამ ადვილად ვერ გადადგა ეს ნაბიჯი, თუმცა მემარჯვენე პოპულიზმის თემა არ შეცვლილა. როცა ათათურქმა ოსმალეთისგან იდეოლოგიური და კულტურული გამოცალკევების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ აია სოფია გახდა ერთგვარი სიმბოლო ახალი სახელმწიფოს დაარსებისა. შემდეგ კი, რელიგიური პოპულიზმის გააქტიურების პარალელურად, აია სოფიას მეჩეთად ხელახლა გადაკეთება იქცა ისტორიის გაცოცხლებად, მასთან დაბრუნების ახალ სიმბოლოდ.

დღეს, უბრალოდ, ეკონომიკური პრობლემების პირობებში, ერდოღანს ბევრი აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი. სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე ნარატივის აგებამ მას რეიტინგი ვერ მოუტანა, ამან არ იმუშავა და ახლა ისევ რელიგიური პოპულიზმის გამოყენებას ცდილობს.

  • რატომ ვერ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ერდოღანის წინამორბედმა პოლიტიკოსებმა? 

მათ, უბრალოდ, ამის საჭიროება არ ჰქონდათ. თურქეთში მემარჯვენე ძალები ყოველთვის პოპულისტები იყვნენ და მიმართავდნენ რელიგიურ და კულტურულ თემატიკას, თუმცა აია სოფიას მეჩეთად გადაქცევა არ დასჭირვებიათ ფიზიკურად.

რაც შეხება ერდოღანს, ბოლო პერიოდში თითქმის ყველა ავტორიტეტული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ერდოღანის და მისი პოლიტიკური ალიანსი რეიტინგი დღითიდღე იკლებს, ძირითადად, ეკონომიკური პრობლემების გამო. შესაბამისად, სხვა რამის მოფიქრება იყო საჭირო. ერდოღანმა ბოლო პერიოდში უმატა რიტორიკას იმ კუთხით, რომ 2016 წლის 15 ივლისიდან, როცა თურქეთში სამხედრო გადატრიალება სცადეს, ახალი თურქეთი დაარსდა და აია სოფიას მეჩეთად გადაქცევა იქნება ამ ახალი თურქეთის სიმბოლო. დიდი ალბათობით ზუსტად 15 ივლისს გახსნიან აია სოფიას, როგორც მეჩეთს და ერდოღანიც დაესწრება ამას. თავის წარმოსახვაში ერდოღანი ახალი თურქეთის სიმბოლოს ეძებს.

  • როგორ იმუშავებს ეს სიმბოლო თურქეთში, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

ვფიქრობ, რომ ამ სიმბოლოს შექმნით ცდილობენ 15 ივლისის და ახალი სახელმწიფოს იდეის პუბლიკისთვის გათავისებას, მაგრამ ეს არ გამოვა. 15 ივლისის ნარატივის ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას ისედაც არ სჯეროდა და ეს თარიღი არც ერდოღანის ამომრჩევლებში მუშაობს. აია სოფიას სიმბოლოთი ცდილობენ ერდოღანის ამომრჩევლებში ზუსტად ამ იდეის განმტკიცებას, თუმცა გამოკითხვები და ბოლო არჩევნებიც აჩვენებს, რომ თურქეთში ამომრჩეველი გადაწყვეტილების მიღების დროს ძირითადად ეკონომიკას უყურებს.

  • და რელიგიას არა? 

რელიგიური ფაქტორი აქ არც ისე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. თურქეთში რელიგიური პოპულიზმი ყოველთვის იყო პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილი, რასაც თურქულ-ისლამურ სინთეზსაც უწოდებენ, მაგრამ რეალური დასაყრდენი ბევრად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ თურქი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ერდოღანს ამ გადაწყვეტილებას მოუწონებს, მისი პოლიტიკური განწყობა მაინც არ შეიცვლება, მიუხედავად ოფიციალური იდეოლოგიის მიმართ გადადგმული ხარკისა. ეს ნაბიჯი არის ხელისუფლების ბოლო კარტის გათამაშება, ვა-ბანკზე მიდის ერდოღანი…

  • რა გათვლა აქვს ერდოღანს, თქვენი აზრით, მან ხომ იცის ამომრჩევლის განწყობა? 

მას სურს ქვეყნის შიგნით ახალი სახელმწიფოს იდეის შექმნის განმტკიცება, მაგრამ ეს ვერ იმუშავებს. ადრეც იყო მსგავსი მცდელობა, როცა 1960 წლის 27 მაისის გადატრიალების შემდეგ დაღუპულები ათათურქის გვერდით დაკრძალეს. აქაც იყო ახალი თარიღის შექმნის მცდელობა, თუმცა მალე ეს აღარავის ახსოვდა… მე ვფიქრობ, 15 ივლისის და აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ნარატივიც არ იმუშავებს და აია სოფიას ისევ მუზეუმად გადააკეთებენ.

  • რა გზავნილია აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება მსოფლიოსთვის? 

თურქეთის და დასავლეთის ურთიერთობა ყოველთვის პრაგმატული იყო და ამჯერადაც არაფერი შეიცვლება… საერთაშორისო დონეზე ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთი თავის თავს, ზოგადად, ევროპულ სახელმწიფოდ აღარ მოიაზრებს და ოფიციალური იდეოლოგია ისლამს უკავშირდება. თუმცა იგივე თურქეთში ჩატარებული გამოკითხვებით თუ შევხედავთ, მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ მათთვის იდეალი ევროპის ქვეყნები და ამერიკაა.

  • ხომ არ შეიძლება ელოდოს საფრთხე აია სოფიას, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლს, რადგან იქ მეჩეთი უნდა მოეწყოს? 

არა მგონია, ეს საფრთხე იყოს, რადგან თავის დროზე აია სოფია გადააკეთეს მეჩეთად და ის, რაც მეჩეთს სჭირდება, ყველაფერია, მინარეთებიც არსებობს, მხოლოდ მათი ამოქმედებაა საჭირო. ერთადერთი შესაძლებელია, რომ მინარეთებზე ხმის გამაძლიერებლები დააყენონ. სულ ესაა.

ამ თემაზე:

მუზეუმი თუ მეჩეთი: აია სოფია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: