მთავარი,სიახლეები

თბილისიდან ფრენები პარიზის, მიუნხენისა და რიგის მიმართულებით 13 ივლისიდან აღდგება

10.07.2020 • 3502
თბილისიდან ფრენები პარიზის, მიუნხენისა და რიგის მიმართულებით 13 ივლისიდან აღდგება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის 2020 წლის 13 ივლისიდან დაშვებულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ, დღეს, 10 ივლისს მიიღო. საქართველოს მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარი, ჯერჯერობით, მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან აქვს გახსნილი – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ამ დადგენილებით ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლითაც შეჩერებულია საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. მათ შორის პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა „2020 წლის 13 ივლისიდან არ ვრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

[checklist]

  • მიუნხენი (ICAO-ს კოდი  EDDM);
  • პარიზი (ICAO-ს კოდი  LFPG);
  • რიგა (ICAO-ს კოდი  EVRA).

[/checklist]

ამასთან, „გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან  შეთანხმებით.“

„იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიხედვით, „ჩერდება პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით. შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის მცურავი საშუალების ორგანული ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებში სასწავლო მიზნებით განხორციელებულ ფრენებზე“.

მთავრობის 10 ივლისის დადგენილებით ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში, საიდანაც ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ეს დადგენილება ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე“.

შესაბამისად, უცნობი რჩება თუ რა დრომდე იქნება ძალაში აღნიშნული წესები.

პარალელურად, პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია კანონპროექტი “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მთავრობას 2021 წლის პირველ იანვრამდე ექნება შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიზანია 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, “რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს”.

9 ივლისიდან კი საქართველოს მთავრობამ 18 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის ნებართვა დართო.

ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია და ისლანდია.

ამ თემაზე:

18 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: