„სანაპიროებზე წყალმცენარეების გაჩენა დაკავშირებულია წყლის რაოდენობის შემცირებასთან, ეს პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან,“ – ამბობს „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე. მას გლობალური დათბობის შესახებ ვესაუბრეთ, რის შედეგებიც უკვე ჩანს. ნინო ჩხობაძე, როგორც ექსპერტი და მესამე სექტორის წარმომადგენელი, ჩართულია ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებულ სამუშაო ჯგუფში. ამ ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ ემისიების შესამცირებლად ანუ გლობალური დათბობის წინააღმდეგ.
- ქალბატონო ნინო, პირველ რიგში, ზღვის სანაპირო ზოლზე წყალმცენარეების მომრავლებაზე მინდა გკითხოთ. როგორც ვიცით, კვლევა დაწყებულია. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება ეს უკავშირდებოდეს გლობალურ დათბობას?
პირველ რიგში, ამას სჭირდება შესწავლა. წყალმცენარეების გავრცელებას, ზოგადად, იწვევს სერიოზული დაბინძურება, რაც შესაძლოა მდინარეებიდანაც იყოს შემოსული. ბევრ ტბასაც ძალიან უჭირს, რადგან დაწყებულია დაჭაობების პროცესი. დაბინძურების გარდა, ზღვის სანაპიროებზე წყალმცენარეების გაჩენა დაკავშირებულია წყლის რაოდენობის შემცირებასთან, რაც პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან: მაღალი ტემპერატურა, დაბინძურება ფეკალიებით, საკანალიზაციო სისტემით, კარგი გარემოა წყალმცენარეების გასამრავლებლად.
- რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ტყეებშიც ხანძრის მომრავლება გლობალური დათბობის შედეგია?
კი, ესეც გლობალური დათბობის ერთ-ერთი ინდიკატორია, ისევე, როგორც ჩამომდინარე წყლების შემცირება, მიწისქვეშა წყლის დონის დაწევა, აგროვადების ცვლილებები, რაც უკვე მოხდა აშკარად ჩვენს შემთხვევაში.
- გვითხარით, როგორ შეიძლება იწვევდეს ტყეში ხანძარს გლობალური დათბობა?
საქართველოს ტყეებისთვის ხანძარი ასეთი სიხშირით არ იყო დამახასიათებელი. ხანძარს დღეს იწვევს ნებისმიერი ნამწვი – ნალექის რაოდენობა არ არის მაღალი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს აალება. ტყეებში არ გვაქვს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები გატარებული, რაც ერთადერთი პრევენციაა. მთავარი ამოცანაა სიფრთხილე, რომ ნამწვი არ გადააგდონ, თუნდაც სიგარეტის, რადგან იმდენად გამომშრალია მთელი ეკოსისტემა და იმდენად მაღალია ტემპერატურა, რომ აუცილებლად აალდება. ჩვენ ზამთარშიც გვქონდა ხანძარი ტყეებში. ეს რეალურად იმის შემდეგია, რომ ნალექების რაოდენობა შემცირდა. ზამთარშიც კი იყო სერიოზული გვალვა და ახლაც გვაქვს გვალვა.
- კიდევ რაზე აისახა უკვე საქართველოში გლობალური დათბობა?
მაგალითად, მყინვარების დნობაზე, ასევე მიწისქვეშა წყლების დაწევაზე. დღეს, როცა ჭებს თხრიან, უფრო დიდი სიღრმეა ამისთვის საჭირო, ასევე, სადაც იყო მოწყობილი ჭა, იქ თოკების დაგრძელება დასჭირდათ.
- რა კონკრეტული მეთოდები არსებობს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და რას ვაკეთებთ ამ კუთხით ჩვენ?
ამ დროისთვის მზადდება სპეციალური ვალდებულებების პაკეტი, თუ როგორ უნდა შემცირდეს ემისია. ორი ტიპის გეგმა უნდა მომზადდეს: ერთი არის გლობალურ პროცესებთან შერბილების კუთხით და მეორე – ადაპტირებასთან დაკავშირებით. პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველომ დეკემბრის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს ეს გეგმა და ასევე ეროვნული ვალდებულებები, შესაბამისი მოქმედების გეგმით. საქართველო იღებს ვალდებულებას ემისიის 35 პროცენტით შემცირებაზე. ეს ჯგუფი მუშაობს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მე, როგორც ექსპერტი, ჩართული ვარ ამ პროცესში.
- რა უნდა ჩაიწეროს ამ გეგმაში?
ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული ღონისძიება არის ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღება, რაც ნაწილობრივ უკვე მიღებულია, ასევე საჭიროა ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, ენერგოეფექტური მშენებლობები, რომელიც არ მისცემს საშუალებას დეველოპერებს, ააშენონ იმ ტიპის სახლები, რომლებიც ტემპერატურას კარგავენ, უნდა დაინერგოს ასევე ენერგოეფექტური ტექნოლოგიები საწარმოებში. ჩვენ ასევე უნდა დავიწყოთ წვეთოვანი რწყვა და არა ასე, კვალში მიშვებით. ამ გზით წყალი თითოეულ მცენარესთან მიდის. ეს რაციონალურია და თან ნაკლებ რესურსს მოითხოვს – წყალი ნაკლები იხარჯება.
- როგორია ჰიდროელექტროსადგურების გავლენა ამ პროცესზე?
გააჩნია, სად და როგორ. ზოგადად, სადგურები არ ითვლება დამაზიანებლად, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი სახე მიიღო, რომ ეს უფრო ზიანის მომტანია და არა შემარბილებელი. დიდი წყალსაცავები არ ითვლება პრიმატდამცავად, დიდი სარკეები არ უნდა გაკეთდეს, ეს არ არის სწორი პოლიტიკა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს, როგორ ზემოქმედებს ეს კლიმატზე და კლიმატი რა ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე. ერთ-ერთი ინდიკატორი, რაც ზემოთ არ დამისახელებია, არის წყალდიდობები, ღვარცოფი, მეწყერი… აჭარა მეწყერსაშიში ზონაა და აქ პრევენციული ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანი ფაქტორია.
- რას აჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა – რამდენად სწრაფად ვითარდება გლობალური დათბობა და რა ტიპის საფრთხის მოლოდინი უნდა გვქონდეს?
მიიჩნევა, რომ ეს პროცესი არის ძალიან სწრაფი და გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება. იცვლება მეთოდები, შესაბამისად, ახალი სცენარები იდება. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რასაც გლობალურად ელიან, ეს არის ზღვის დონის აწევა 50 სანტიმეტრიდან მეტრ-ნახევრამდეც კი. ჩვენთვის ნებისმიერი სცენარი, მათ შორის, წყლის დონის 50 სანტიმეტრით აწევა, იქნება სერიოზული პრობლემა – ზღვა შემოვა ნაპირზე.
- ნაპირსამაგრი სამუშაოები უკვე დასრულდა შავი ზღვის სანაპიროზე. თქვენი ინფორმაციით, არის გათვალისწინებული ეს რისკები?
ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. რამდენადაც მე ვიცი, ეს რისკები შესწავლილი არ არის. ის, რაც მოხდა გრიგოლეთში, ნიშნავდა არასწორ ქმედებას პლაჟების გამაგრების კუთხით… კოლხეთის დაბლობი არის ზღვის დონიდან დაბალ ნიშნულზე და ის იცავს ზღვის შემოსვლას ნაპირზე, თუმცა თუ პლაჟები იქნება ამორტიზებული, იქნება საფრთხე, რომ ზღვა შემოგვივარდეს ხმელეთზე. ამიტომაც, მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა ნაპირზე მიზანშეწონილი არ არის. ნაპირი არ არის მყარი, ის მოძრავია. მინიმუმ 500-მეტრიან ზოლში არანაირი ქმედება არ უნდა განხორციელდეს ზღვის სანაპიროზე. მთავარი არის დაკვირვების სისტემის არსებობა და სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვა. ამ კუთხით კანონპროექტი მომზადებულია, ის დაახლოებით 15 წლის წინ შევიდა პარლამენტში, მაგრამ ჯერ კიდევ თაროზე დევს.