მთავარი,სიახლეები

ბინების გაყიდვა ბათუმში 50/100%-ით შემცირდა – ახალი კვლევა

09.07.2020 • 2174
ბინების გაყიდვა ბათუმში 50/100%-ით შემცირდა – ახალი კვლევა

„ქვეყნის მასშტაბით, ბათუმის საცხოვრებელი სექტორი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშეა. შეჩერებულმა მშენებლობის პროცესმა, სახელმწიფო და საფინანსო სექტორისგან შეღავათების ნაკლებობამ, ტურისტების ნაკადის მკვეთრმა ვარდნამ, შესაძლებელია, ქალაქის დეველოპერულ სექტორს უდიდესი დარტყმა მიაყენოს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა დეველოპერები გაყიდვების ჩვეული რიტმის დაბრუნებას“, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Cushman and Wakefield Georgia-მ პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში მოამზადა ბათუმთან დაკავშირებით.

კვლევის მიხედვით, COVID 19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელი ბინების ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. აპრილის განმავლობაში, მშენებლობისა და გადაადგილების შეზღუდვამ დიდი ზიანი მიაყენა დეველოპერულ კომპანიებს. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება – ბათუმში აპარტამენტების გაყიდვის ყველაზე დიდ წილი კი სწორედ ამ ჯგუფზე მოდიოდა.

Cushman & WakefieldGeorgia-მ ბათუმის რეზიდენტული ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა ბაზარზე არსებული წამყვანი დეველოპერული კომპანიები. კვლევაში მონაწილეობა დეველოპერთა 56%-მა მიიღო. მონაწილეების სია შედგა მიზნობრივი შერჩევის მეთოდით. გამოკითხულთა ვინაობა კი, მათი სურვილის გათვალისწინებით, ანონიმურია. კვლევის პარალელურად, კომპანიამ 2020 წლის იანვარი-მაისის თვეებში განხორციელებული ტრანზაქციები გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს შეადარა.

კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების უმეტესობამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობა შეაჩერა და ამ პერიოდმა 20 დღიდან 2 თვემდე გასტანა. ამ კომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, საქმიანობის განახლება შეძლო, თუმცა ყველა მათგანი სრულად ამუშავებული ჯერ კიდევ არ იყო მაისის მეორე და მესამე კვირაში. ძირითად სირთულეს კი დაქირავებული მუშახელის ტრანსპორტირება წარმოადგენდა. იქედან გამომდინარე, რომ ბათუმის ბაზარზე სამშენებლო სექტორში დასაქმებულების უმეტესობა რეგიონის სხვადასხვა სოფლის მცხოვრები და ზოგ შემთხვევაში, არაადგილობრივი თანამშრომელია, ეს აფერხებდა მშენებლობის პროცესის სრულად გააქტიურებას.

კვლევაში მოცემული ინფორმაციით,​ მნიშვნელოვანი კლებაა გაყიდვის მიმართულებითაც. დეველოპერების თქმით, გაყიდვა 50%-დან, ზოგიერთ შემთხვევაში, 100%-მდეა შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების უმეტესობა გადავიდა გაყიდვის ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე, მათივე თქმით, ეს მიდგომა არ არის გამართლებული.

ბათუმში საცხოვრებელი ფართობების მყიდველთა უმრავლესობა არარეზიდენტია – ბინის შეძენის მსურველები კი ვერ იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას ბათუმში ვიზიტის გარეშე [ისრაელი, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, პოლონეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, კანადა, აშშ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები]. საზღვრების ჩაკეტვა და პარტნიორ ქვეყნებში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პირდაპირ აისახება გაყიდვის რაოდენობაზე.

2020 წელს პირველი კვარტალის გაყიდვის დინამიკა მზარდი იყო და მთლიანობაში გაყიდული აპარტამენტების რაოდენობამ 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 11%-ით გადააჭარბა. ტრანზაქციების კლება მარტიდან შეინიშნება. რაც შეეხება აპრილის თვეს, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვამ, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 94%-ით იკლო. მაისის თვის ტრანზაქციებმა გვაჩვენა, რომ გაყიდვა შედარებით გაიზარდა, თუმცა 2019 წლის იმავე თვესთან მიმართებაში მაინც 75%-ით ნაკლებია. საზღვაო სეზონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმის დეველოპერებისთვის, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში აღინიშნება გაყიდვის მკვეთრი ზრდა.

კვლევის თანახმად, 2019 წელს ივნისი-სექტემბერში გაყიდვამ მთლიანი წლის გაყიდვის 41% შეადგინა. ამის მიუხედავად, დეველოპერების მოლოდინები მიმდინარე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებითაც არ არის ოპტიმისტური. მათი უმეტესობა ელის გაყიდვის მაჩვენებლის მნიშვნელოვან კლებას გასულ წელთან შედარებით.

აგვისტოში დაგეგმილი საზღვრების გახსნის მიუხედავად, დეველოპერები დარწმუნებულნი არ არიან, რომ ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად მოიმატებს. შესაბამისად, გაყიდვის დინამიკაც ვერ გამოსწორდება. გამოკითხული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მოსალოდნელია გაყიდვის 30%-ით შემცირება, ზოგიერთი მათგანის ვარაუდით კი, ვარდნამ, წინა წელთან შედარებით, შესაძლოა 80%-საც მიაღწიოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: