გლდანში, საბურთალოზე, ვარკეთილსა და დიდუბეში სილქნეტის ოფისები ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო შაბათს 10:00-16:00 საათამდე.
აბონენტთა მომსახურების ოფისებში ერთდროულად მხოლოდ 2 პირი დაიშვება. კომპანიის შენობებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია.
კომპანია თხოვს მომხმარებლებს დაიცვან დისტანცია და იქონიონ პირბადე.
ამ ეტაპზე თბილისსა და რეგიონებში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ემსახურებიან სერვის ცენტრები შემდეგ მისამართებზე: თბილისი
ხიზანიშვილის #17
მეტრო “ვარკეთილი”ის ტერიტორია
ყაზბეგის გამზ. 14
თევდორე მღვდლის 46 ქუთაისი – თამარ მეფის 22 ბათუმი – 26 მაისი 47
ამავე დროს, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი 2100100 ფიზიკური პირებისთვის და 2100200 ორგანიზაციებისთვის, სადაც შესაძლებელია, როგორც საინფორმაციო, ისე ტექნიკური მომსახურების მიღება.
აქტიურია პორტალი mysilknet.co – რომელიც ერთგვარი ვირტუალური სერვის ცენტრია მომხმარებლებისთვის, სადაც საკუთარ ანგარიშებს თავად მართავს აბონენტი, ამოწმებს ბალანსს, ახდენს ანგარიშწორებას, პაკეტის აქტივაციას.
მობილურის ბალანსის შემოწმება, შევსება, სიახლეების, აქციების თვალის მიდევნება, პაკეტების გააქტიურება, ონლაინ დახმარების მიღება შესაძლებელია ასევე პორტალიდან და აპლიკაციიდან My Silknet.
ბალანსის შესამოწმებლად მომხმარებელს შეუძლია კომბინაციით *100#ok მიიღოს ინფორმაცია, ხოლო ინტერნეტ პაკეტების დეტალურად ნახვისთვის გამოიყენოს კომბინაცია *135#ok.
მომხმარებლების განკარგულებაშია ვებ გვერდი www.silknet.com; ვებ-ჩატი (ონლაინ დახმარება) და მესინჯერი.
სამართლიანი იყო თუ არა მარნეულსა და ბოლნისში გადაადგილების შეზღუდვა – ამ საკითხზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 15 მაისს, დაიწყო. ეს პირველი სხდომაა საკონსტიტუციოს სხდომათა დარბაზში მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული სხვადასხვა აქტი ჯამში ხუთმა მოქალაქემ და ორგანიზაციამ გაასაჩივრა. ერთ-ერთი სარჩელის არსებითად განხილვაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე უარი თქვა – საქმე ეხებოდა ქუჩაში სამზე მეტი პირის შეკრებისთვის დაჯარიმების შემთხვევას.
დღევანდელ პროცესზე მოსარჩელე მარნეულში მცხოვრები მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძეა. იგი ასაჩივრებს საქართველოს მთავრობის დადგენილებას „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელ საკარანტინო ღონისძიებებს“.
გიორგი ჭაუჭიძე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები.
“უკვე რამდენიმე კვირაა ჩარჩენილი ვარ მარნეულის ტერიტორიაზე და არ მეძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ვთვლი, რომ დარღვეულია თავისუფალი მიმოსვლის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს მთავრობა ამ შეზღუდვას იყენებს ისე, რომ მე არ მაქვს დადასტურებული Covid 19“, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე სარჩელში, რომლითაც მან საკონსტიტუციოს მიმართა. ის ისევ მარნეულშია და თავისი სარჩელის განხილვას ვერ დაესწრო.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს მთავრობას. ამ პირობებში კი, საქართველოს მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა იწვევს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას.
მოსარჩელის აზრით, ასევე არ არსებობდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვის საჭიროება. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო უფლების უფრო ნაკლებად შეზღუდვის ხარჯზე, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი პირბადისა და დამცავი ხელთათმანების გამოყენების გზით მოქალაქეები გადაადგილების უფლებით ისარგებლებდნენ.
“საკარანტინო ღონისძიებების შესახებ მთავრობის დადგენილება სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. საწინააღმდეგო არგუმენტაცია არც მატერიალური და არც ფორმალური თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი,” – უთხრა მთავრობის წარმომადგენელმა, ქეთევან კრაწაშვილმა ჟურნალისტებს, ვიდრე სხდომათა დარბაზში მოსამართლეები შემოვიდოდნენ.
რით დასტურდება, რომ არ იყო საკმარისი ხელთათმანებისა და პირბადის გამოყენება და საჭირო იყო გადაადგილების შეზღუდვა? – ვკითხეთ მთავრობის წარმომადგენელს.
“სხდომაზე შესაბამისი სპეციალისტები ისაუბრებენ ამ მიზანშეწონილობის შესახებ… ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა და საშუალება პრევენციული ღონისძიებების კუთხით მარნეულსა და ბოლნისში, რომელიც შეიძლებოდა გატარებულიყო,” – გვიპასუხა ქეთევან კრაწაშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს ჩვენებას მისცემს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.
რა შეიცვლება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი ჭაუჭიძის სარჩელს დააკმაყოფილებს?
“ამ შემთხვევაში მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები ადამიანები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას,” – ამბობს პარტია “გირჩის” იურისტი, ლევან ჯგერენაია. იგი მოსარჩელის ინტერესებს იცავს.
ლევან ჯგერენაიას მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან განმწესრიგებელ სხდომაზე სარჩელი დაჩქარებული წესით განიხილეს.
“ასეც რომ არ მოხდეს, თუ სხვა დროს, ან შემოდგომაზე ხელახლა გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა, მთავრობას აღარ შეეძლება მსგავსი შეზღუდვის დაწესება,”- დასძენს ლევან ჯგერენაია.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს მარნეულსა და ბოლნისში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ ადამიანებზეც.
“თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, დაჯარიმებულები ჯარიმას აღარ გადაიხდიან,” – აღნიშნა ლევან ჯგერენაიამ.
ბათუმის მერიის ცნობით, 16 მაისიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისათვის გაიხსნება.
დამთვალიერებელს ბაღის მონახულება 9-დან 18 საათამდე შეეძლება. ჯერჯერობით ბოტანიკურ ბაღს არ მოემსახურებიან გიდები და, ასევე, არ არის დაშვებული ელექტრომობილებით გადაადგილება.
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქისათვის 8 ლარია, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის – 2 ლარი, 16 წლამდე მოზარდებისა და ბავშვებისთვის კი – 1 ლარი.
დღეს, 15 მაისს, განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმებზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, განიხილება შეფასების ორი ალტერნატივა, ეს არის განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული.
„ეს მოდელი ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და აკადემიური სტანდარტიც არის შენარჩუნებული. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს მოსწავლის როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები.
საუბარია იმაზე, რომ მოსწავლე შეფასდეს პირველ სემესტრში მიღებული ქულების მიხედვით და პანდემიამდე ანუ მეორე სემესტრის 6 კვირის პერიოდში მიღებული ქულებით და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე,“-აცხადებს მინისტრი.
მინისტრის თქმით, ბევრმა სკოლამ დააფიქსირა თავისი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსწავლე დისტანციური სწავლების მიხედვითაც შეფასდეს და შემაჯამებელი ქულების საშუალო არითმეტიკული ქულა იქნება მოსწავლის შეფასების წლიური ქულა, თუკი სკოლები ამ გზას აირჩევენ.
„მეხუთეკლასელებისთვის, არსებული სისტემით, განმსაზღვრელი შეფასება იწყებოდა მეორე სემესტრიდან, შესაბამისად, მათთვის პირველი სემესტრის 6 კვირის განმავლობაში პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასება მოხდება და ამის მიხედვით დადგინდება მეხუთეკლასელების წლიური ქულა,“- ამბობს მინისტრი.
ჩხენკელის თქმით, თუ მოსწავლეს 2019-2020 წლების პირველი სემესტრის შეფასება არ გააჩნია, მოსწავლის წლიური ქულა ამ შემთხვევაში განისაზღვრება მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში მიღებული ქულების საფუძველზე“.
მინისტრმა მე-12-კლასელებისთვის საგნის წლიური ქულის ამაღლებაზეც ისაუბრა. „2020 წლის 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ასეთი მოსწავლეები აფიქსირებენ სურვილს, რომ აიმაღლონ ნიშანი და 2020 წლის 19 ივნისამდე სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ, კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც მოხდება შეფასება“.
ჩხენკელის თქმით, მეცხრეკლასელი მოსწავლეები, რომლებიც ძირითადად გადიან სისტემიდან, იმავე მეთოდებით შეფასდებიან. „განსხვავება ისაა, რომ კომპლექსურ დავალებას ასეთი მოსწავლეები 30 ივნისის ჩათვლით მიიღებენ“.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უფრო მეტი დეტალები იქნება ცნობილი როგორც სკოლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.
დღეს, 15 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, მე-12-კლასელები მიმდინარე სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ, პირველკლასელები კი – 27 მაისს, დანარჩენები კი – 15 ივნისს.
პრემიერის თქმით, ონლაინგაკვეთილებმა და ტელესკოლის დანერგვამ უზრუნველყო ის, რომ 2020 წლის სასწავლო წელი არ ჩავარდა. „საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა და აკადემიური წელი არ გამოცხადდა,“- ამბობს გიორგი გახარია.
პრემიერის განცხადებით, განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო, გრძელდება და პანდემიის მიუხედავად, რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. „რა თქმა უნდა, რეფორმა შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომლებიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებებზე ორიენტირებული სწავლების სხვადასხვა ფორმაზე, მაგრამ განათლების რეფორმა ისევ რჩება მთავრობის პრიორიტეტად,“- განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
„სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ფულის კეთება დაუშვებელი არაადამიანობაა,“ – ეს და მსგავსი კომენტარები ფრანგულ მედიაში ფრანგული ფარმაკოლოგიური კომპანია Sanofi-ის განცხადების შემდეგ გაჩნდა.
13 მაისს კომპანია Sanofi-ს პრეზიდენტმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 18 თებერვალს, აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, თუკი კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიგონებს, ამერიკა იქნება უპირატესი ქვეყანა, რომელიც პრეპარატს მიიღებს. კომპანია Sanofi-ს პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება ასიგნირებულია და აშშ-ს წინასწარ, გამოგონებამდე აქვს შეკვეთილი ვაქცინა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველა ქვეყანაში თანაბარი ინტერესით ელოდებიან ვაქცინის გამოგონებას, მათ შორის, საფრანგეთშიც, სადაც 15 მაისის მონაცემებით 178 994 ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსისგან და მათგან 27 428 გარდაიცვალა.
ფრანგული ფარმაცევტული კომპანიის პრეზიდენტის განცხადებამ დიდი მღელვარება გამოიწვია საფრანგეთის როგორც მემარცხენე, ასევე, მემარჯვენე პოლიტიკურ წრეებში.
სოციალისტური დაჯგუფების ლიდერმა, ოლივიე ფორემ „სკანდალურ გადაწყვეტილებად, ნაციონალიზებულ საბაზრო თამაშებად“ შეაფასა კომპანია Sanofi-ს დამოკიდებულება ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე და მოუწოდა საფრანგეთის ხელისუფლებას, დროულად გამოხმაურებოდნენ ფარმაკოლოგიური კომპანიის გადაწყვეტილებას.
მედიის ცნობით, კომპანია Sanofi-ს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი დაუკავშირდა და აუხსნა, რომ „ვაქცინა ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი“.
ელისეს სასახლე კომპანია Sanofi-ს პრეზიდენტის ინტერვიუს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ამ ტიპის მედიკამენტებზე საბაზრო ეკონომიკის პრინციპები არ ვრცელდება“.
ფარმაკოლოგიური კომპანია Sanofi-ის ლიდერები მომავალი კვირის დასაწყისში პრეზიდენტ მაკრონთან დაიბარეს ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების განმარტებებისთვის.
ევროკომისიის მტკიცე პოზიციაა, რომ Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. „ვაქცინა გლობალური სიკეთეა საზოგადოებისთვის, მისი ხელმისაწვდომობა სამართლიანი და უნივერსალური უნდა იყოს,“- განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დე კერსმეკერმა სააგენტო AFP-თან საუბრისას.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 26 აპრილის შემდეგ ჩაკეტილია. მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ით ინფიცირების 50-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ქალაქ თეთრიწყაროში 3 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მთლიანად მუნიციპალიტეტში კი – 22 ათასამდე. „ბათუმელები“ თეთრიწყაროში მცხოვრებ მოქალაქეს გულიკო შოშიტაშვილს დაუკავშირდა, რომელიც იქ არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს.
„თეთრიწყარო ქვემო ქართლშია და მარნეული და ბოლნისი გვემეზობლება. ამიტომ, როცა ეს ორი რეგიონი ჩაიკეტა, ჩვენ ისედაც შევიზღუდეთ, რადგან ამ რეგიონებთან აქტიური ეკონომიკური კავშირები გვქონდა.
მაღაზიებში გარკვეული პროდუქტი არის, ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გაზაფხულია და სოფლის მეურნეობის პროდუქტები უნდა შემოვიდეს. კვებაზეა საუბარი ხომ? ადამიანს ახალი პროდუქცია სჭირდება. ჩვენ ზღვის დონიდან 1200 მეტრზე ვართ, ჯერ აქ ცივა და ჩვენი საკუთარი მწვანილი თუ კიტრი არ შემოსულა, ყველაფერი მარნეულიდან ან თბილისიდან შემოდიოდა. ახლა აღარ შემოდის. შესაბამისად, პროდუქტების დეფიციტია. მარნეულში ხალხი ჩივის, რომ პროდუქტი ულპებათ და ვერ ყიდიან, ჩვენ კი ვჩივით, რომ საკვები არ გვაქვს. ძალიან მარტივია აქ კომუნიკაცია და ვისაც ამის მოგვარება შეუძლია, რატომ უნდა ელოდოს სხვას, ხომ შეიძლება ეს მაინც მოგვარდეს“, – ამბობს გულიკო შოშიტაშვილი.
მისი თქმით, ქალაქში არც სადეზინფექციო საშუალებები და პირბადეები იყიდება.
„ერთი პატარა აფთიაქია, სადაც ყველაფერს ვერ იყიდი. შეგიძლია წამალი შეუკვეთო და რამდენიმე დღეში ჩამოგიტანონ, მაგრამ წამლის გარდა გვჭირდება ჰიგიენური, სადეზინფექციო საშუალებები, პირბადეები, ამ ყველაფერზე არც ადრე გვქონდა ხელმისაწვდომობა და არც ახლა გვაქვს, როცა კარანტინი გამოაცხადეს“, – ამბობს გულიკო.
მისი თქმით, კარანტინის გამოცხადება არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა მიტოვებულად იგრძნონ თავი. „მე პირადად მიტოვებულად ვგრძნობ თავს და არა დაცულად. კი, ბატონო, კარანტინია და ჩაკეტილი ვართ, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან ყურადღება არ გვქონდეს. ამ ყურადღებას ვერ ვგრძნობთ. მაგრძნობინე, რომ დაცული ვარ და არა მიტოვებული.
პრემიერ-მინისტრი გამოვიდა გუშინ, ისაუბრა შეზღუდვების შემსუბუქებაზე, სალონების გახსნაზე და ერთხელ არ უხსენებია თეთრიწყარო, თითქოს ჩვენ ამ სივრცის ნაწილი არ ვიყოთ“.
გულიკო შოშიტაშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ვალდებულია მოქალაქეები სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველყონ.
რადგან კოვიდ19 თეთრიწყაროში კლინიკის თანამშრომლებს გამოუვლინდათ, ადგილობრივებს არც ერთადერთი სამედიცინო პუნქტით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ. შოშიტაშვილის თქმით, ამ კლინიკაში ისედაც შეზღუდულია სერვისები, ამჯერად კი საერთოდ ვეღარ იღებენ. „ითქვა, რომ მოიწვიეს სხვა სპეციალისტები და პირველადი ამბულატორიული დახმარებაზე წვდომა გვექნება, თუმცა მე, პირადად, არ ვიცი, ჩამოვიდნენ თუ არა ეს ექიმები: ვცდილობთ, ფრთხილად ვიყოთ, რომ რაიმე არ დაგვემართოს. თეთრიწყაროს კლასტერი მედიკოსები და მათი ოჯახის წევრები არიან, ამიტომ ვცდილობთ კლინიკებში მისვლისგან თავი შევიკავოთ“, – ამბობს გულიკო შოშიტაშვილი.
მისი თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბოლო რამდენიმე დღეა, რაც იმ ადამიანების სიების შეგროვება დაიწყო, ვისაც წამალი ან რაიმე სხვა დახმარება სჭირდება. „მგონი „ავერსიც“ აპირებს აფთიაქის გახსნას, თუმცა ჯერ არ არის ობიექტი დასრულებული“, – გვეუბნება გულიკო.
დღეს, 15 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მთლიანობაში 671-ია. მათგან 15 შემთხვევა გუშინ ღამით, ბოლნისში დადასტურდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონში საკარანტინოიმდგომარეობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რაც შესაძლოა თეთრიწყაროზეც აისახოს.
თვითდასაქმებულებს, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, დღეიდან, 15 მაისიდან, საშუალება აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და გაიარონ რეგისტრაცია, 300 ლარის კომპენსაციის ერთჯერადად მისაღებად.
რეგისტრაცია შეუძლიათ ასევე იმ თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესავსები განაცხადის ელექტრონული ფორმისთვის საჭირო ეს მისამართიდღეს, 15 მაისს ჩაირთვება. [გაითვალისწინეთ, რომ საიტი ჩაირთო თუმცა ხარვეზების გამო ხშირად ითიშება]
მთავრობის მიერ ადრე გამოქვეყნებული ინსტრუქციის მიხედვით, თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი შემოსავლების სამსახურში, კომპენსაციის მიღების მიზნით, არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა, ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
[checklist]
სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად, შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;
[/checklist]
სააგენტო, სამუშაო ჯგუფთან ერთად, განიხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადებს და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას.
აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებიც არიან შემოსავლების სამსახურიდან სააგენტოსთვის მიწოდებულ სხვა საკომპენსაციო სიებში.
კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლისათვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვას განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
იმ პირებს, რომელთა განცხადებებიც არ დაკმაყოფილდება, სააგენტო გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აწვდის ინფორმაციას კომპენსაციის გაცემაზე უარის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება პირს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505.
ვინ შეიძლება მოხვდეს არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში, ჩამონათვალი ნახეთ ამ ბმულზე:
კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ ასევე იმ თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მიღება არის უფრო გამარტივებული და მათ არ დასჭირდებათ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა, თუმცა ზემოთ აღნიშნულ განაცხადის ფორმას ისინიც ავსებენ.
უფრო დეტალურად ნახეთ აქ:
[toggle title=”თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში“]თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.
კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ ეს პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.
თვითდასაქმებული პირები იყოფიან 2 კატეგორიად:
ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში;
ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მიღება იქნება უფრო გამარტივებული და მათ არ დასჭირდებათ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა.
შემოსავლების სამსახური იდენტიფიცირებას გაუკეთებს:
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.
მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან ბაზრობებზე, წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით, ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი დადასტურებული იქნება ბაზრობის ორგანიზატორის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით.
პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას (მაგალითად, თონეებში, სილამაზის სალონებში, ავტო-ტექ მომსახურების ობიექტებში დასაქმებული პირები) და საქმიანობას ახორციელებდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურში დარიცხული და გადახდილი ფიქსირებული გადასახადით.
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან;
ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ აპრილამდე წარმოდგენილი აქვთ 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ან 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.
აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს 2020 წლის 20 მაისამდე და აკეთებს საკომპენსაციო პირების სიას.
საკომპენსაციო სიაში ზემოჩამოთვლილი კატეგორიებიდან არ შეიტანება ის ფიზიკური პირები, რომლებზეც 2020 წლის განმავლობაში ფიქსირდება ხელფასის გაცემა ან/და ეს პირები ფიქსირდებიან დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციის სიებში (ვინც დაკარგა ხელფასი).
შესაბამის ინფორმაციას შემოსავლების სამსახური არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა მიაწვდის სააგენტოს.
ამავდროულად, სიაში მყოფი პირები კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge-ზე.
ამ კატეგორიის პირებისთვის 2020 წლის 15 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გაიხსნა ელექტრონული განაცხადის ფორმა, სადაც კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);
პირის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო განაცხადში არსებულ პირად ნომერს ადარებს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას და საკომპენსაციო თანხას რიცხავს პირის მიერ მითითებულ მის საბანკო ანგარიშზე.
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის პირადი ნომერი არ არის საკომპენსაციო პირთა სიაში, სააგენტო ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს. განმცხადებელს საშუალება აქვს დამატებითი ინფორმაცია მიიღოს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრისგან – info@rs.ge, T. 2
299 299. [/toggle]
კახა ოქრიაშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი. მან მხარი არ დაუჭირა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას.
______
„პოლიტიკური პროცესი ეხლა არის ჩიხში შესული, ამ, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების მეორე პუნქტთან დაკავშირებით. გვყავს პოლიტიკური პატიმრები, არა გვყავს პოლიტიკური პატიმრები… გამოუშვებენ იმ სამ ადამიანს თუ არ გამოუშვებენ იმ სამ ადამიანს.
ჩემი პოზიცია არის, რომ უმრავლესობა ვერ აღიარებს, რომც ჰყავდეს პოლიტპატიმრები, ვერ აღიარებს და ჩვენ გვყავს ზეპარტიული პრეზიდენტი, ყოველ შემთხვევაში კონსტიტუციით, ამიტომ პრეზიდენტმა, ჩემი აზრია ეს, უნდა შეიწყალოს ეს ხალხი და გამოუშვას. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი ამოცანა არის 2020 წელს ჩვენ მივიღოთ ისეთი არჩევნები, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ დასვას არავინ.
თიბისი კაპიტალმა ხელმეორედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნეს სექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის მოლოდინები განიხილეს. ასევე, ცალკეულ ბიზნესსექტორებთან დაკავშირებით 2020-2021 წლის პროგნოზები გაჟღერდა.
თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის მეორე კვარტლის მკვეთრი ვარდნის შემდგომ კი ეტაპობრივი აღდგენა და 2021 წელს 4-5%-ის ფარგლებში ზრდა არის მოსალოდნელი. თიბისი კაპიტალი წლის განმავლობაში ტურიზმის შემოსავლების 65%-იან შემცირებას პროგნოზირებს, სექტორში აქტივობა მეორე კვარტლის შემდეგ დაიწყება და 2019 წლის დონის დაბრუნებას დაახლოებით 1.5 წელი დასჭირდება.
„მიმდინარე გამოწვევების პერიოდში, სირთულეების ერთიანი ძალისხმევით გადასალახად, თიბისის გუნდი ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან აქტიური დიალოგის რეჟიმში მუშაობას.
დღეს გაზიარებული ანალიზი და მიგნებები დამატებითი ინსტრუმენტია კომპანიებისათვის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, რაც ვფიქრობთ, რომ მათ მომდევნო თვეების ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება.“ – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადით, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. იკრძალება ასევე სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან [მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა].
18 მაისამდე კი, ასევე, აკრძალულია3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრება და ანალოგიური ღონისძიებები, რაც 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთანაა დაკავშირებული. საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული.
22 მაისის ჩათვლით აკრძალულია:
[crosslist]
საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა ნებადართულია დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას, მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
სარკინიგზო მიმოსვლა; საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.
საგანგებო მდგომარეობის ვადით [22 მაისამდე] იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით [მოქმედებს კომენდანტის საათი]. საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ფიზიკური პირი ვალდებულია, გადაადგილებისას თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.
70 წლისა და მეტი ასაკის პირებს ფაქტობრივი/რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ.
[/crosslist]
მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან ზომები მკაცრდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მოქალაქეებს შიდა გადაადგილებაც ეზღუდებათ.
14 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში Covid19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცნობით, ყველაზე დიდი ე.წ. კლასტერი სწორედ ბოლნისისაა.
15 მაისის მონაცემებით [10:30 სთ], საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 671 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 პირი, გარდაიცვალა – 12.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში ჩატარებული 335 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 24 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
რეგიონში კორონავირუსის პირველი, იმპრორტირებული შემთხვევა დადასტურდა 14 მარტს. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი ჩაუტარდა 8612 პირს.
ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს 4 ინფიცირებული პაციენტი.
კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა „მედალფა“ დატოვა 60-მა პაციენტმა, გადაიცვალა 2 პაციენტი.
დღეის მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1114 პირი.
15 მაისის მონაცემებით [10:30 სთ] საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 671 შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 393 პირი, გარდაიცვალა – 12.
ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
ავარია ბათუმის ახალ ბულვართან 14 მაისს მოხდა, ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა.
კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მოზარდებისთვის აცხადებს კონკურსს – „ნამდვილი თუ მოგონილი?!“. კონკურსში მონაწილეობის მიღება 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით შეუძლია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლეს.
მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში, მათ შორის – ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია – “Fake News”, რომელიც ეხება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.
კონკურსში გამარჯვებული პირველი ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება iPhone 11 Proთი
მეორე ადგილის მფლობელი მიიღებს – iPad 10.2-ს
მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა
მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2020 წლის 14 მაისიდან 14 ივნისისჩათვლითუნდაწარადგინონშემდეგბმულზე – https://tiny.cc/oggb6y
კონკურსის მონაწილეებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ ფორმატი – ვიდეო ან მულტიმედიური ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.
კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი“ წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქგვერდზე და კომისიის ვებგვერდზე: www.gncc.ge .
„…რამდენიმე დღეა არაფერი მიჭამია, ამ ბინაშიც ყოფნის ვადა ამომეწურა, ხვალ ღია ცის ქვეშ ვრჩები,“ – გვითხრა ვალერი შონიამ. ის ციხიდან ერთი თვის წინ გამოვიდა. ბათუმში მას არავინ ჰყავს. ნათესავებთან ზუგდიდში კი ვერ ბრუნდება.
„ზუგდიდში მინდა წასვლა, სადაც ჩემი ნათესავები ცხოვრობენ და დროებით იქ ვიცხოვრებ. მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის, ტაქსს კი 100 ლარი მაინც უნდა…“ – ამბობს ის.
ყოფილმა პატიმარმა ბათუმში სამუშაო ერთი თვის განმავლობაში ეძება, ახლა უკვე შემდეგი თვის ბინის ქირის გადასახდელი ფულიც აღარ აქვს.
ვალერი აფხაზეთიდან დევნილია. აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ ის დედასთან ერთად ბათუმში ცხოვრობდა. ციხიდან გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვალერის დაურეკეს და უთხრეს, რომ გარდაიცვალა დედა, რომელიც ღამის თავშესაფარში ცხოვრობდა.
„…კინაღამ მოვკვდი ცოცხლად, ეს რომ მითხრა ადმინისტრაციამ, მანამდე ოთხი დღით ადრე ველაპარაკე დედას, ავად კი ვარ, მარა ჩემზე ნუ ნერვიულობ, კარგად დაგხვდებიო, ასე მითხრა“, – გვიყვება ვალერი შონია. – „ოთხწელიწადნახევარი ვიყავი ციხეში, ქუთაისში ვიხდიდი სასჯელს. იქედან რომ გამოვედი, 14 აპრილი იყო, პირდაპირ ბათუმში წამოვედი დედის საფლავზე. დედა მერიას საერთო სასაფლაოზე დაეკრძალა.
ბათუმში სხვა არავინ მელოდა. დედის საფლავიდან როცა წამოვედი, ვიფიქრე, ბინას ვიქირავებ სასწრაფოდ და რამე სამსახურს ვიშოვი-მეთქი. დევნილობის ფული მერიცხება თვეში 45 ლარი და მაგის დანაზოგი მქონდა – სადღაც 500 ლარი. ბინა ავიღე და სამსახურის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. კონკრეტული სპეციალობაც არ მაქვს. ციხეში მოხვედრამდე ხან სად ვმუშაობდი, ხან – სად… მთელი თვე უმუშევარი ვარ. საჭმლის ფულიც ასე გამითავდა.
მე და დედას, როგორც დევნილებს, წლების წინ ერთი პატარა ოთახი ხელვაჩაურის გზაზე, ფსიქიატრიულთან მოგვცეს… ციხეში რომ მოვხვდი, დედას ის ოთახი გაუყიდია. ბოლო ორი წელიწადი დედა ბათუმის ღამის თავშესაფარში ცხოვრობდა. იქ მოკვდა 25 მარტს.
ვიყავი თავშესაფარშიც მისული. დაცვის თანამშრომელმა მითხრა, სავარაუდოდ წაიქცა და თავი დაარტყაო, ეგრევე მომკვდარა…
დღეს ავდექი და პოლიციის განყოფილებაში მივედი. ვუთხარი, ამ მდგომარეობაში ვარ და იქნებ გამიშვათ როგორმე ზუგდიდში, ახლობლები მყავს და დამეხმარებიან, ხელახლა დანაშაული ხომ არ ჩავიდინო-მეთქი. ჩვენ ვერ დაგეხმარებით, საია-ში მიდიო…“ – ყვება ვალერი შონია.
აფხაზეთის ხსენებაზე ყოფილ პატიმარს გემი ახსენდება, რომლითაც ბათუმისკენ გამოემგზავრა და ძაღლი, ამ გემზე რომ აჰყავდათ და ეს კადრი შემდეგ ბევრს სხვას დაამახსოვრდა.
„მეც მაგ გემით ვარ წამოსული, 11 წლის ვიყავი მაშინ, ყველაფერი მახსოვს…. ჩემი ძმა 16 წლის იყო, სამხედროებთან დადიოდა ეგ და საკვებს უზიდავდა, ეხმარებოდა, ვერტმფრენში ააფეთქეს… მამა სულ პატარა ვიყავი, როცა მოკვდა. ჩვენ გულრიფშში ვცხოვრობდით, სოფელ დრადაში, ჩვენი სახლი გვქონდა, აღარ მინდა მაგის გახსენება…“ – მზერას გვარიდებს ვალერი და აივნის კარს აღებს.
ვალერი შონია სასჯელს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო იხდიდა. ვალერის ასევე ხულიგნობისთვის შეფარდებული აქვს ჯარიმა – 2 ათასი ლარი, რომელიც არ გადაუხდია, რის გამოც მისი საბანკო ანგარიში დაყადაღებულია.
„დევნილობის ფულს ვერ მაჭრიდნენ, რადგან კანონით დაუშვებელია, სხვა თანხა რომ ჩამერიცხოს, ჩამომაჭრიან, ალბათ,“ – დასძინა ვალერიმ.
„ხანდახან მგონია, რომ კრიმინალი ვარ და აღარაა საშველი. მრცხვენია ამ ყველაფრის ახსნა, ვის ავუხსნა, როგორ?“ – გვკითხა დამშვიდობებამდე ყოფილმა პატიმარმა.
ავარია მოხდა დღეს, 14 მაისს, ბათუმში, ახალ ბულვართან, სადაც ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა კლინიკაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას რუსეთთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გააკეთა. საუბარია რუსი ჰაკერების მიერ, 2015 წელს გერმანიის ბუნდესტაგის ქსელზე შეტევის შესახებ ბოლო ცნობებზე. გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“რუსული სამსახური იუწყება, რომ გერმანიის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ამ შეტევის შედეგად მოპარულია ელექტრონული კორესპონდენცია/მიმოწერა კანცლერის დეპუტატთა ბიუროდანაც. ინფორმაცია ამის შესახებ გერმანულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
2015-ში ბუნდესტაგზე მიტანილ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, მერკელს ჰკითხეს, კონკრეტულად რა ინფორმაცია მოიპარეს მისი ბიუროდან, რაზეც მან უპასუხა, რომ როგორც ჩანს, ჰაკერი მონაცემებს აგროვებდა განურჩევლად, თუმცა ის ასეთი ტიპის თავდასხმებს ძალიან სერიოზულად ეკიდება.
მერკელმა ამ ფაქტს „მტკივნეული“ და „აღმაშფოთებელი“ უწოდა.
„გულახდილად რომ ვთქვა, ეს ჩემთვის ნამდვილად მტკივნეულია. მე ყოველდღიურად ვზრუნავ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, მაგრამ სხვა მხრივ, როცა ჩნდება მყარი დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ ასეთი ქმედებების უკან რუსული ძალები დგანან, ჩნდება დაძაბულობის ველი, რომელშიც გვიწევს მუშაობა და რაც ძალიან არასასიამოვნოა. მე არ შემიძლია უარი ვთქვა რუსეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილზე… მიუხედავად ამ ფაქტისა, მე გავაგრძელებ მუშაობას რუსეთთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად, გვაქვს ამის საფუძველი, მაგრამ ასეთი ქმედებები ამ დავალებას არ ამარტივებს ჩვენთვის,” – თქვა მან.
რუსეთზე საუბრისას მერკელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ეს ფაქტი მისთვის არა მხოლოდ უსიამოვნო, არამედ აღმაშფოთებელია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას მივიღოთ ზომები, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე, გარე დაკვირვების გადადებას, რომელიც განათლების მინისტრის 13 მაისის ბრძანებით განისაზრა, უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ სამინისტროს გარე დაკვირვების გავლის სანაცვლოდ პედაგოგებისთვის, სტატუსის ასამაღლებლად, სხვა წინადადება უნდა შეეთავაზებინა. ეს სამინისტრომ არ გაითვალისწინა. მის აზრს ძალიან ბევრი პედაგოგი იზიარებს. რას და რატომ აპროტესტებენ პედაგოგები? ამის შესახებ „ბათუმელები“ გიორგი ჭაუჭიძეს ესაუბრა, რომელიც ამ დროისთვის მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელია.
ბატონო გიორგი, თქვენ ამბობთ, რომ გარედაკვირვების აქტივობის გადადება არის უსამართლობა. იგივეს ამბობს თქვენი ბევრი კოლეგაც. რატომ მიგაჩნიათ ეს უსამართლობად?
ეს არის უსამართლობის განცდა პროცესზე, რადგან როგორც ვიცით, მასწავლებლები დაყოფილი არიან კატეგორიებად. მაღალ კატეგორიაში ვინც არის, იღებს უფრო მაღალ ხელფასს, შედარებით დაბალი კატეგორია, უფრო ნაკლებ ხელფასს. შესაბამისად, შეთავაზებული აქვთ მასწავლებლებს, რომ აიმაღლონ კატეგორია. ერთ-ერთი პროცედურა გულისხმობდა ე.წ. გარე დაკვირვების გავლას და თუ ეს გაკვეთილი შეუფასდა დადებითად, იღებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს. შესაბამისად, ხელფასიც ემატება.
შეჩერებული სასწავლო პროცესის გამო, მასწავლებლებს, ვინც იყო დარეგისტრირებული ამ სემესტრში – მარტი, აპრილი მაისში, აღარ მიეცათ გარე დაკვირვების გავლის საშუალება.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გარედაკვირვება აუცილებელი აქტივობაა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსზე დანამატი 850 ლარია.
მე მქონდა ასეთი იდეა, რომ რადგან ეს არ იყო მასწავლებლების მიზეზით გამოწვეული და მათ გამო არ მომხდარა ამ აქტივობის გადადება, განათლების სამინისტროს მოეფიქრებინა ალტერნატიული გზა და სექტემბრიდან მასწავლებლებს ამაღლებოდათ სტატუსი, ოღონდ არა გარე დაკვირვების საფუძველზე, არამედ რამე სხვა აქტივობის საფუძველზე, მაგალითად, ე.წ. გარე დაკვირვებისთვის ატვირთული ხუთი გაკვეთილის გეგმის შესახებ გასაუბრება და ამ გაკვეთილის გეგმების დაცვა. ეს ნამდვილად არ არის უფრო ნაკლები კომპეტენციის დადასტურება მასწავლებლის მხრიდან. თუმცა, ეს წინადადება არ გაიზიარა სამინისტრომ.
სამინისტრომ იცოდა თქვენი წინადადების შესახებ, ანუ ესაუბრეთ ვინმეს ამის შესახებ?
მე რატომ უნდა მიმეწოდებინა, უბრალოდ, საჯაროდ გამოვთქვი ჩემი მოსაზრება. ამისთვის სამინისტროში არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები. შესაძლოა რაღაც გზებს განიხილავდნენ და შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ. არ გაითვალისწინეს და მომავალი სასწავლო წლისთვის დააანონსა სამინისტრომ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია.
როგორ ფიქრობთ, სექტემბრიდან დეკემბრამდე არ მოხერხდება გარე დაკვირვების გავლა?
შესაძლოა მოესწროს. კი ბატონო, გასაგებია, რომ პანდემია იყო, მაგრამ სამართლიანი იქნებოდა თუკი სამინისტრო იტყოდა, რომ ვინც გაივლის გარე დაკვირვებას სექტემბრიდან დეკემბერში, იმათ სტატუსზე დანამატი მიეცეთ არა მომავალი წლის იანვრიდან, არამედ სექტემბრიდან დაუანგარიშდეთ დანამატი.
ამ შემთხვევაში, სამინისტრო გეტყვით, რომ 2 მარტს კი დარეგისტრირდით, მაგრამ ხომ შეიძლება ვერ გაგევლოთ გარედაკვირვება და მაინც მოგიწევდათ გადადებაო?
თუ ჩაეთვლებათ მაგალითად ოქტომბერში, მეტი ხელფასი მიეცეთ არა იანვრიდან, როცა სტატუსი აუმაღლდებათ, არამედ სექტემბერი და ოქტომბერიც ჩაეთვალოთ.
პედაგოგების პრეტენზიას, რომ „ამდენი ვიშრომეთ და ტყუილად“, ან თავიდან რატომ უნდა ვწეროთ გეგმები და ა.შ. სამინისტრო პასუხობს – ეს ხომ ისედაც უნდა გაეკეთებინათ. თქვენ რა არგუმენტი გაქვთ ამაზე?
ნახეთ რა ხდება, მე რომ მეტყვით, რომ ერთ კვირაში სტუმრად უნდა გეწვიოთო, დავკლავ ქათამს, ხბოს და ერთი კვირის მერე, იმ დღეს რომ მეუბნებით „უი, არ მოვდივარ“ და ერთი თვის მერე მოვალო, სწორია? მეც ხომ გეტყვით, შე მამაცხონებულო, ერთი დღით ადრე მაინც გეთქვათ-მეთქი და თქვენ რომ მიპასუხოთ, „როგორ, ჭამა ხომ მაინც გინდოდა“ დაახლოებით ამას ჰგავს ეს ამბავი. კი ბატონო, მინდოდა ჭამა, მაგრამ უნდა მითხრა დროულად.
გარე დაკვირვება არის დამატებითი საქმე, 5 გაკვეთილის გადაბმულად გეგმის მომზადება, ატვირთვა ნამდვილად შრომატევადი.
გარდა იმისა, რომ სამინისტრომ არ განიხილა ალტერნატივები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ხომ არ გაქვთ განცდა, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ხელფასის მატებასაც – რაც უფრო მეტი მასწავლებელი აიმაღლებს სტატუსს, ბიუჯეტიც უფრო მეტია საჭირო.
არ ვიცი, გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ, სამინისტრო არც პედაგოგებთან კონსულტაციის პროცედურებით იღებს გადაწყვეტილებებს. სტატუსის ზრდა არის ბიუჯეტზე დამოკიდებული, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო არ განიხილეს სხვა წინადადებები – ბიუჯეტი ხომ წინასწარ იყო დაგეგმილი და დამტკიცებული.
Plague Inc-ი 2012 წელს გამოსული კომპიუტერული თამაშია, რომლის საშუალებითაც მოთამაშე მთელ მსოფლიოში ავრცელებს დაავადებას მანამ, სანამ წამალს არ გამოიგონებენ. ვიდეოთამაშის მომხმარებელთა რაოდენობა კორონავირუსის გავრცელებისთანავე, იანვრიდან მარტის ჩათვლით 123%-ით გაიზარდა.
თამაშის შემქმნელი ბრიტანული კომპანია Ndemic Creation-ის თანახმად, ყოველ ჯერზე, როცა დაავადებები ვრცელდება, იზრდება ინტერესი ამ თამაშის მიმართაც. კომპანია ამას იმით ხსნის, რომ ადამიანებს აინტერესებთ დაავადებების გავრცელების თავისებურებები, განსაკუთრებით ეპიდემიების და ვირუსების დროს. გარდა გართობისა, თამაშს ერთგვარი შემეცნებითი ფუნქციაც აქვს და საშუალებას იძლევა გაერკვეს მოთამაშე, რა განსხვავებაა ბაქტერიულ, ვირუსულ დაავადებებს შორის. რა საფრთხესთანაა დაკავშირებული მათი გავრცელება, რა შეიძლება მოხდეს, თუ ვირუსი უცხო „ხელში“ აღმოჩნდება, რა ემართება პანდემიებისას დნმ-ს და ა.შ.
იანვარში Plague Inc-ი ყველაზე კარგად გაყიდული ვიდეოთამაშების სიაში პირველი იყო ჩინეთში, თუმცა ონლაინმაღაზიებში ჩინეთიდან შემსვლელებისთვის თამაში დაიბლოკა იმ მიზეზით, რომ კონტენტი, რასაც თამაში შეიცავს, ჩინეთში აკრძალულია.
ამის შემდეგ კომპანიამ – Ndemic Creation-ი სტრატეგია შეცვალა და განაცხადა, რომ მუშაობს ვიდეოთამაშ Plague Inc-ის ახალ ვერსიაზე, რაც მოთამაშეს მიზნად უსახავს, მსოფლიოს დაცვას ეპიდემიისგან, ნაცვლად ინფექციის გავრცელებისა.
ეს ვერსია საშუალებას იძლევა, მოთამაშემ შეანელოს დაავადების პროგრესირება ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებით, სოციალური იზოლაციის სხვადასხვა საშუალებით, სახელმწიფო სამსახურების დახურვით და ა.შ. მოთამაშე ითავსებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და დაავადებათა მაკონტროლებელი ორგანოების, ხელისუფლებების ფუნქციებს.
თამაში ჯანდაცვის ორგანიზაციებთან შეთანხმებით შეიქმნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შემქმნელი კომპანია მომხმარებლებს მიმართავს, რომ ეს არის მხოლოდ თამაში და არა პანდემიის სამეცნიერო მოდელი. კომპანია მომხმარებლებს ურჩევს, რომ ნამდვილი ინფორმაცია მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და შესაბამისი ადგილობრივი სისტემებისგან მიიღონ.
ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას ფეხბურთელ ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებისა და მისი ბათუმის „დინამოში“ შესაძლო გადასვლის შესახებ. ჯანო ანანიძე ბოლო დრომდე თამაშობდა კვიპროსულ ანორთოსისში, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ჯანო ანანიძე „იქედან წამოსვლის შემდეგ გადავიდა თუ არა რომელიმე გუნდში, დაზუსტებით არ ვიცით და ვერ გეტყვით.“
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შევთავაზეთ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია ფიქრობს“, – გვითხრეს პრესსამსახურში.
კვიპროსულ გუნდში გადასვლამდე ჯანო ანანიძე რუსეთში ასპარეზობდა, მათ შორის,, მოსკოვის „სპარტაკში“ თამაშობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე თეკლა დავითულიანს უარი უთხრა სარჩელის არსებითად განხილვაზე. ეს ის მოქალაქეა, რომელიც 4 აპრილს სამ მეგობართან ერთად შეკრებისთვის დააჯარიმეს 3 ათასი ლარით. თეკლა დავითულიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული სხვადასხვა სამართლებრივი აქტი კიდევ ოთხმა მოქალაქემ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში.
მოქალაქე თეკლა დავითულიანი მიიჩნევდა, რომ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი განვითარების უფლება და არ იყო დაცული თანაზომიერების პრინციპი. მომჩივანის აზრით, მთავრობის მხრიდან ასევე დაუსაბუთებელია, რატომ წარმოადგენს ოჯახში ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაზე უფრო დიდ საფრთხეს საჯარო სივრცეში შეკრება.
„პირადი ცხოვრების უფლება არ არის აბსოლუტური და იგი ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს… კონსტიტუციის ხსენებული უფლებების შეზღუდვა, თავისთავად, არაკონსტიტუციური არ არის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული პრაქტიკის შესაბამისად, გარკვეული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად ამ უფლებათა შეზღუდვა, რიგ შემთხვევებში, გარდაუვალია,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის განჩინებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზე ასევე იმსჯელა გიორგი ჭაუჭიძის სარჩელზე. ის საქართველოს მთავრობის დადგენილებას ასაჩივრებდა, კერძოდ კი, მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვას.
„უკვე რამდენიმე კვირაა ჩარჩენილი ვარ მარნეულის ტერიტორიაზე და არ მეძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ვთვლი, რომ დარღვეულია თავისუფალი მიმოსვლის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს მთავრობა ამ შეზღუდვას იყენებს ისე, რომ მე არ მაქვს დადასტურებული Covid 19“, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.
საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო გიორგი ჭაუჭიძის სარჩელი. არსებითი განხილვის პირველი სხდომა ხვალ, 15 მაისს, გაიმართება. ეს პირველი სხდომაა საკონსტიტუციოს დარბაზში, რომელიც პანდემიის პირობებში გაიმართება.
განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება. ამას მოსარჩელე გიორგი ჭაუჭიძე ითხოვდა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოქალაქეს შეეძლება, ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს მთავრობას.
დანარჩენი სამი სარჩელი, რომლებიც ასევე საგანგებო მდგომარეობას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე ჯერ არ განუხილავს. ამ სხდომაზე მსჯელობენ მოსამართლეები, უნდა შედგეს თუ არა სარჩელზე არსებითი განხილვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 1-ელ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ.
ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების რეექსპორტს შემოტანიდან 90 დღის განმავლობაში ან მის სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევას.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.
ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან მისი რეექსპორტი. სამინისტროს ცნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ზემოთ აღნიშნული შეღავათები არ გავრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 13 მაისის 21 საათიდან 14 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 89 მოქალაქე დააჯარიმა.
მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 7 პირი დააჯარიმეს.
პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 6 ფაქტი გამოავლინა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
—
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, საქართველოში იხსნება შეზღუდვა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე, თუმცა ეს შეზღუდვა ძალაში რჩება ავტომობილებთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა კვლავ აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება. აღნიშნული შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის მოხსნამდე იმოქმედებს და მისი დარღვევისთვის მოქალაქეები კვლავ 3000 ლარით დაჯარიმდებიან.
სთექი ქართულად ითარგმნება, როგორც დასტა. სთექი არის სმარტბრაუზერი თანამედროვე ინტერნეტისთვის. იმისათვის, რომ მართოთ თქვენი სოციალური მედია, მესენჯერები, მეილები და სხვა აპლიკაციები უფრო ეფექტურად, ერთი წერტილიდან.
თუ პირველი ქართული ინეტრნეტბრაუზერის დიზაინს შევხედავთ, ეს მართლაც არის ჩვენი სოციალური ქსელების დასტა. ერთ ეკრანზე მოთავსებული ყველა ის სოციალური ქსელი – ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი, ლინკდინი თუ სხვა, რომელსაც ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი ვიყენებთ.
სთექი – Stack მეგობრების მიერ დაწყებული სტარტაპია და მაშინ შექმნეს, როცა სულ სხვა პროექტზე მუშაობდნენ.
„ცოტა სახალისო და ცოტა უხერხული ამბავია. ჩვენი მეგობარი და ტექნიკური დირექტორი ზიკო, ზვიად სიჭინავა მუშაობდა ბანკში დეველოპერად, სადაც არ შეეძლო შეემოწმებინა თავისი სოციალური მედია. ბრაუზერში რომ გაეხსნა ფეისბუქი ან ინსტაგრამი არ იყო მიზანშეწონილი. ამიტომ, რომ არ დაერღვია სამსახურში მუშაობის წესი, შექმნა თავისი პირადი მოხმარების ბრაუზერი და იქ ხსნიდა ხოლმე სოცმედიას. თან შექმნა ისეთი დიზაინის, რომელიც მისცემდა საშუალებას, რომ ერთდროულად რამდენიმე სოციალური ქსელი შეემოწმებინა. მოგვიანებით, ეს მისი პირადი მოხმარებისთვის შექმნილი პროდუქტი მან ერთ-ერთ საიტზე ატვირთა. პროფესიული საიტია, სადაც იღებ უკუკავშირს, რამდენად კარგი პროდუქტი გაქვს გაკეთებული. მიიღო ძალიან კარგი უკუკავშირი. აღმოჩნდა, რომ ბრაუზერში ერთმანეთის გვერდით გახსნილი ათობით ტაბი ყოფილა პრობლემა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებდა. სთექი კი მათ ამ პრობლემას უგვარებს,“ – ყვება დაჩი გუბაძე, სთექის გუნდის წევრი, ამბავს სთექის დაარსების შესახებ.
სთექს შეიძლება ვუწოდოთ ახალი თაობის ინტერნეტპლატფორმა. მისი პირველი საცდელი ვერსია 2018 წელს გაეშვა. მომხმარებლების ინტერესმა კი განაპირობა აპლიკაციის დახვეწა, სტარტაპ-პროექტად ქცევა და უკვე 2019 წლის 26 სექტემბერს ოფიციალურად გახდა ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. 2020 წლის მაისამდე სთექი მხოლოდ Mac-ის მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მაისიდან პირველი ქართული ბრაუზერის ავტორებმა ვინდოუსის ვერსიაც ჩაუშვეს და იმედოვნებენ, რომ ამ გზით უფრო მეტ მომხმარებელს შეიძენენ.
სთექის დიზაინი
როგორც სთექის გუნდის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ლალიაშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, 13 მაისის მდგომარეობით, სთექი 37 ათასზე მეტ მომხმარებელს აქვს ჩამოტვირთული. მომხმარებლების მიხედვით პირველ ადგილზეა იაპონია, მეორე ადგილზე ამერიკა და მესამეზე სამხრეთ კორეა, შემდეგ უკვე ევროპის ქვეყნები – ინგლისი და საფრანგეთი.
„საქართველომ საკმაოდ სწრაფი სტარტი აიღო. უკვე ვხედავთ, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ეწევა ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში,“ – ამბობს გიორგი ლალიაშვილი.
სთექის გუნდი ახლა სულ რვა ადამიანისგან შედგება, მათგან ხუთი ჰოლანდიაშია. კორონავირუსის პანდემიამ პროექტზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა. გუნდმა დაახლოებით 400 ათასი ევრო და ინვესტორი დაკარგა. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე მოხდა, რომ სთექის გუნდის წევრებმა, სხვა სამსახურები, სადაც მანამდე მუშაობდნენ, იანვარში დატოვეს და მთლიანად სთექში მუშაობაზე იყვნენ მობილიზებული.
„ინსტიტუციური დაფინანსებისთვის გვჭირდებოდა 1 მილიონ 200 ათასი ევრო. თუმცა შუალედში გამოჩნდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება – 650 ათასი ლარის ოდენობით, ეს დაახლოებით 200 ათასი ევროა. ამ 200 ათასი ევროს მისაღებად ჩვენ გვჭირდებოდა თანადაფინანსება კიდევ 200 ათასი ევრო, რომელსაც ჩავდებდით კომპანიაში. ჯამში 400 ათასი ევრო უნდა გვქონოდა. ვიპოვეთ ორი ინვესტორი, თითოეული 100 ათას ევროს დებდა. თუმცა პამდემიამ მოგვისწრო და საბოლოოდ გამოვიდა რომ ეს თანხა დავკარგეთ,“ – ამბობს გიორგი ლალიაშვილი.
„ინვესტორებთან კონტრაქტები უკვე ხელმოწერილი იყო ორმხრივად. თუმცა კორონავირუსის პანდემია წამოგვეწია. ერთი კომპანია საერთოდ დაიხურა. მეორე ინვესტორმა ფორსმაჟორი აამოქმედა და ასე დავრჩით თანხის გარეშე,“ – ამბობს დაჩი გუბაძე.
გიორგი ლალიაშვილის თქმით, როდესაც პანდემია გადაივლის, სთექი, როგორც კომპანია, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე იყო.
„ახლა უფრო მეტი მომხმარებელი გვყავს, უკვე გვაქვს ვინდოუსის ვერსიაც. ამასთან, ფაქტია, რომ ჩვენ გადავურჩით კორონავირუსის პანდემიას, რაც ძალიან ბევრმა სტარტაპმა ვერ მოახერხა. ჩემი აზრით, ბევრად უფრო მიმზიდველ სტარტაპად გვაქცევს ინვესტორებისთვის და სხვა პოტენციურ პარტნიორებსაც აჩვენებს, თუ რამდენად მაღალი პოტენციალი აქვს სთექს,“, – ამბობს გიორგი.
უსაფრთხოა თუ არა სთექი?
„მარტივად რომ გითხრათ, უსაფრთხოა იმიტომ, რომ ჩვენ ვიყენებთ ქრომიუმის ძრავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გუგლ ქრომს ენდობა ადამიანი, ზუსტად იგივენაირად შეუძლია ენდოს სთექსაც. რადგან ბრაუზერის ფუნქციონალი არის უზრუნველყოფილი გუგლის მიერ,“ – ამბობს გიორგი ლალიაშვილი.
მისივე განმარტებით, მომხმარებლის პირადი მონაცემები, როგორებიცაა პაროლები და ID სთექზე არ ინახება.
„სთექის გუნდს და ასევე ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც თეორიულად შეიძლება გატეხოს სთექი, ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება. ეს ინფორმაცია პირდაპირ იმ საიტებზე და იმ აპლიკაციებში მიდის, რომლებშიც თქვენ გადიხართ ავტორიზაციას.
კიდევ ერთი საკითხია ვინდოუსთან დაკავშირებით. როდესაც ვინდოუსზე ვუშვებთ სთექს, ვინდოუსი გვაფრთხილებს, რომ ეს აპლიკაცია არ არის უსაფრთხო და გვირჩევს, რომ ეს აპლიკაცია არ გავუშვათ. ეს არის ძალიან დიდი ხარვეზი და დიდი დანაკლისი ჩვენთვის. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვინდოუსის დეველოპერის ლიცენზია შევძინეთ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მივხვდით, რომ ვინდოუსი უნდა გაგვეშვა. გარკვეული დრო და რამდენიმე ასეული მომხმარებლის უკუკავშირია საჭირო იმისათვის, რომ მაიკროსოფტმა დაიწყოს ვალიდაცია ამ სერტიფიკატის, რომელიც ჩვენ შევიძინეთ.
შესაბამისად, ამ კუთხით, როდესაც ვინდოუსი გაფრთხილებთ, რომ შესაძლოა ეს აპლიკაცია არ იყოს უსაფრთხო, ჩვენ ვეუბნებით მომხმარებელს, პირდაპირ ვთხოვთ, რომ გვენდონ. ძალიან ღიად და ძალიან ალალად, ნამდვილად არავითარ რისკს არ შეიცვას ეს აპლიკაცია. შეუძლიათ თამამად დაუშვან, რადგან არც კომპიუტერისთვის და არც მათი პირადი მონაცემების უსაფრთხოებისთვის ეს აპლიკაცია არ იქნება საზიანო. ეს არის ჩვენი პირობა,“ – ამბობს გიორგი ლალიაშვილი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2020 წლის საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლებს უზრუნველყოფს სპორტული ინვენტარით.
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებმა საჭიროებების შესაბამისად მიიღეს მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა, ჰანტელები და სხვა სპორტული ინვენტარი.
2020 წელს სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფილი იქნა 10 საჯარო სკოლა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 32032 ლარი. ეს სკოლებია:
[checklist]
ქ. ბათუმის N14 საჯარო სკოლა
ქ. ბათუმისს N26 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლა სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლა
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლა
[/checklist]
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, ორი წელია ახორციელებს სკოლების მომარაგებას სპორტული ინვენტარით. სპორტული ინვენტარით სულ უზრუნველყოფილია 30 საჯარო სკოლა.
თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 15 მაისის 24 საათიდან 19 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის 15 ქალაქში.
ეს ქალაქებია: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი.
თურქეთში საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.
14 მაისის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 143 114 ადამიანი. მათგან განიკურნა 101 715 პირი, გარდაიცვალა – 3 952.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მაისის 21 საათიდან 15 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბრულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 20 – 25 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 3- 8 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 16-17 მაისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, 2020 წლის 1-ლი მაისიდან ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე გავრცელდება.
რას ნიშნავს ეს შეღავათი – კითხვები და პასუხები მთავრობისგან:
ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი, რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი?
არ ნიშნავს. ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს საწარმოს და მისი გადასაწყვეტია, მიმართავს ხელფასის გაზრდის გზას თუ შეინარჩუნებს უფრო მეტ დაქირავებულს. აღნიშნული შეღავათის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები.
ისარგებლებს, თუ არა ამ შეღავათით პირი, რომელიც დაქირავებით მუშაობს ორ ან მეტ საწარმოში?
ისარგებლებს. გადასახადისგან გათავისუფლდება თითოეული დამქირავებლისგან მიღებული ხელფასი 750 ლარამდე, თუ ამავე დამქირავებელთან მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.
ხომ არ დაკარგავს ამ საგადასახადო შეღავათის გამოყენებით პირი სხვა შეღავათს, რომელიც მას კანონმდებლობით ეკუთვნის [მაგ: სარგებლობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილისთვის გათვალისწინებული შეღავათით ან სხვა შეღავათით]?
არ დაკარგავს. პირი ისარგებლებს ორივე შეღავათით.
ეხება თუ არა შეღავათი საჯარო სამსახურებს?
არ ეხება. შეღავათით სარგებლობენ მხოლოდ კერძო ორგანიზაციები [რაც მოიცავს ყველა ტიპის საწარმოს, მათ შორის, კომპანიებს, საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და ამავდროულად, იხდიან საშემოსავლო გადასახადს].
ონკოპაციენტების მიერ დაარსებული ორგანიზაცია – „ევროპა დონა ჯორჯია“ პეტიციას ავრცელებს. ამ პეტიციით ისინი მოითხოვენ, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ კრიზისულ პერიოდში ონკოპაციენტთა მკურნალობა სახელმწიფომ 100 პროცენტით დააფინანსოს.
„ბათუმელები“ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ანა მაზანიშვილის ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ონკოპაციენტები მძიმე ფინანსურ კრიზისში არიან.
„ჩვენ, ონკოპაციენტები, ისედაც მძიმე და რთულ გზას გავდივართ, როცა კოვიდ 19-ის გამო ჩაიკეტა ქალაქები, დაიხურა სამსახურები და ადამიანები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. ახლა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ.
ძალიან ბევრი ონკოპაციენტი მწერს, რომ ბავშვისთვის პურს ვერ ყიდულობს, ვიღაც ქირით ცხოვრობს და მეპატრონე სახლიდან აგდებს ქირის გადაუხდელობის გამო. მეც გამიჭირდა ფსიქოლოგიურად, რადგან ძალიან ბევრი ატირებული ადამიანი მომმართავს დასახმარებლად“, – ამბობს ანა მაზანიშვილი.
სახელმწიფო ონკოპაციენტების მკურნალობას მხოლოდ 70 პროცენტით აფინანსებს, სოციალურად დაუცველ პაციენტს კი – 90 პროცენტით. თუმცა, როგორც ანა ამბობს, ამ პაციენტებისთვის ის დარჩენილი 30 თუ 10 პროცენტი თანხის მოძიებაც ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
„პაციენტი, რომელიც მწერს, რომ ბავშვისთვის პურს ვერ ყიდულობს, 10 პროცენტი თანხა საიდან უნდა მოიტანოს? ადრე თუ ეხმარებოდნენ მეგობრები, ახლობლები, ახლა მათაც აღარ აქვთ შემოსავალი. ადამიანები მწერენ, მირეკავენ, რომ ვერ იტარებენ მკურნალობას“, – ამბობს ანა.
მისი თქმით, ონკოპაციენტებს ყოველ 21 დღეში მინიმუმ 300 ლარის დამატება სჭირდებათ ქიმიოთერაპიაზე. თუმცა ქიმიოთერაპიის შემდგომი მკურნალობა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის რეაბილიტაციისთვის, საერთოდ არ ფინანსდება.
„რაც ფინანსდება, ისიც პრობლემატური გახდა, რადგან ახლა იწელება დროში, მიზეზი სულ არის. 1605 ცხელი ხაზი გახდა რეალურად და სულ დაკავებულია. გაუმართავია უკვე ეს ყველაფერი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ, ონკოპაციენტები, კოვიდ 19-ის პირობებში მაღალი რისკის ჯგუფი ვართ და მკურნალობის გარეშეც არ გამოდის, რადგან კიბო არ ითმენს“, – ამბობს ანა მაზანიშვილი.
პეტიციას უკვე ხელი მოაწერა 700-ზე მეტმა მოქალაქემ. მთლიანობაში 5000 ხელმოწერაა საჭირო.
მთავარი ფოტო: EUROPA DONNA GEORGIA/სოლიდარობის აქცია ონკოპაციენტთა მხარდასაჭერად
როგორ გაგრძელდა საქართველოში ტყვიის წყაროების შესწავლის პროცესი მას შემდეგ, რაც ლაბორატორიულმა კვლევებმაგამოკვლეული ბავშვების 41 პროცენტში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აჩვენა? – ამ თემაზე გაეროს ბავშვთა ფონდის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელს, ანდრია ნადირაძეს ვესაუბრეთ.
ბატონო ანდრია, მას შემდეგ, რაც ბავშვებში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, საუბარი იყო გარემოს კვლევის აუცილებლობაზე წყაროების დადგენის მიზნით, ასევე სპეციალური სახელმწიფო პროგრამა უნდა დაწყებულიყო. როგორ გაგრძელდა ეს პროცესი?
როგორც მოგეხსენებათ, პირველი კვლევა ეროვნული წარმომადგენლობითი კვლევა იყო და მთლიანად საქართველოზე ვრცელდებოდა. შედეგის მიხედვით, ბავშვების დაახლოებით 41 პროცენტს აქვს მომატებული ტყვიის დონე სისხლში. აქედან დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, განსაკუთრებით აჭარაში, ფაქტობრივად, 70%-ზე მაღალია მაჩვენებელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვების 70 პროცენტს სისხლში მაღალი აქვს ტყვიის მაჩვენებელი.
ამის შემდეგ მთავრობამ კარგი სამუშაო გაწია ამ კუთხით. ერთი ის, რომ 2020 წელს ამოქმედდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, თუ პედიატრი მოითხოვს ბავშვის ტესტირებას ტყვიაზე, ამას სახელმწიფო გააკეთებს უფასოდ. ასევე, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით შეიქმნა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ტყვიისა და სხვა ტოქსიკანტების შემცველობა არ უნდა დაფიქსირდეს საბავშვო ბაღების მშენებლობის დროს. ასევე, ამოქმედდა სათამაშოების ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2020 წლისთვის არის სარეკომენდაციო ხასიათის, შემდეგ კი გახდება სავალდებულო.
საუბარი იყო ასევე გრძელვადიანი სტრატეგიის მომზადებაზე ამ მიმართულებით.
ანდრია ნადირაძე
დიახ, დასრულდა გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაზე მოსამზადებელი სამუშაოები და ჯერ არ დამტკიცებულა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვეღარ მოესწრო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ დავიწყეთ ლაბორატორიული ტექნიკის მოძიება და შეძენა, რომ საქართველოში იყოს ტყვიის და მძიმე მეტალების ტესტირების შესაძლებლობა, როგორც გარემოში, ისე სისხლში, თმაში და ასე შემდეგ. საერთაშორისო ტენდერით შევისყიდეთ და ჩამოვიტანეთ 4 პორტატული მოწყობილობა, დეტექციის აპარატი [რენტგენის ფლუოროსცენტული ანალიზატორი].
გარდა ამისა, გავაფორმეთ ხელშეკრულება ატომური აბზორფციისსპექტომეტრის ჩამოსატანად, რომელიც განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ეს არის მაღალი ხარისხის, სხვადასხვა ნიმუშის, მძიმე მეტალების საზომი ხელსაწყო. უნდა ჩამოვიდეს ზაფხულში, სავარაუდოდ ივლისში იქნება საქართველოში. ამ მოწყობილობებთან მიმართებაში ტრენინგებიც ჩატარდება. როდესაც გაიხსნება საზღვრები, ჩამოვლენ სპეციალისტები და ჩვენს სპეციალისტებს მოამზადებენ. დეტექციის აპარატებს არ სჭირდებათ ხანგრძლივი ტრენინგი, რამდენიმედღიანი ტრენინგიც საკმარისი იქნება, რადგან ძალიან მარტივია. ატომური აბზორფციისსპექტომეტრი კი უფრო რთული მექანიზმია, დიდია და ბევრი კომპონენტისგან შედგება, ამიტომ შედარებით უფრო დეტალური ტრენინგი იქნება საჭირო და ესეც დევს კონტრაქტში უცხოურ კომპანიასთან, რომელიც საერთაშორისო ტენდერით შევარჩიეთ.
ჩვენ ვმუშაობთ ორი მიმართულებით: ერთია კვლევები ჩავატაროთ, შესაბამისი მონაცემები და ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც საზოგადოებას, ასევე მთავრობას; მეორე მიმართულებაა გავზარდოთ ეროვნული სიმძლავრეები. ლაბორატორიული ტექნიკის შესყიდვა ემსახურება ორივეს, ამ ლაბორატორიულ ტექნიკას გამოვიყენებთ კვლევების ჩასატარებლად, ეს ტექნიკა დარჩება საქართველოს.
ამ ტექნიკით გარემოს შესწავლას და სისხლში ტყვიის შემცველობის გაზრდის მიზეზების შესწავლას შეძლებთ, თუ მხოლოდ არსებულ მონაცემებს დაადგენთ?
დიახ, გარემოს შესწავლას შეუწყობს ხელს. ანალიზატორები არის იმისთვის, რომ შეიტანო სახლში და გატესტო მყარი ობიექტები, მაგალითად, კედელი, სათამაშო და ასე შემდეგ, ხოლო ატომური აბზორფციის სპექტომეტრი არის სტაციონარული, რომლითაც შეგიძლია გატესტო საკვები, წყალი, მიწა და ასე შემდეგ.
რაც შეეხება კვლევის მეორე ეტაპს. პირველ ეტაპზე სისხლში გამოვიკვლიეთ ტყვია და მძიმე მეტალები, მეორე ეტაპია გამოვიკვლიოთ ეს ყველაფერი გარემოში. ამ კუთხით წავიწიეთ წინ. გავაკეთეთ ე.წ. სტაბილური იზოტოპური ანალიზი, სადღაც 1578 სისხლის ნიმუშიდან ავარჩიეთ 131 სისხლის ნიმუში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ეს ანალიზები გავაკეთეთ იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან თანამშრომლობით. ტყვიას აქვს ოთხი სტაბილური იზოტოპი და ანალიზის გაკეთების შედეგად შეგვიძლია გვქონდეს ჰიპოთეზები, საიდან შეიძლება მოდიოდეს ტყვია.
გარდა ამისა, გავაკეთეთ ე.წ. GIS რუკა. ამ რუკაზე ვდებთ ტყვიის მონაცემებს, ვიკვლევთ, ე.წ. ცხელი წერტილები სად არის და იმ წერტილებში ვეძებთ სავარაუდო წყაროებს, მაღარო თუ იყო და ასე შემდეგ…. ჯერ პროცესში ვართ. შემდეგ უკვე გვინდა დავიწყოთ საველე სამუშაოები, შევიდეთ ოჯახებში, სკოლებში და გავტესტოთსხვადასხვა ობიექტი, ასევე, შევაგროვოთ საკვების, ნიადაგისა და წყლის ნიმუშები. კორონავირუსი რეალურად გვაბრკოლებს, აპარატურის ჩამოტანამაც დაიგვიანა.
შეგიძლიათ დაგვისახელოთ ტყვიის რომელიმე წყარო? თუ უკვე გაქვთ ამაზე ინფორმაცია. ბათუმში, მაგალითად, მონაცემებს უკავშირებდნენ ინტენსიურ სამშენებლო პროცესს, ვიდრე არ გაირკვა, რომ სოფლად უფრო მაღალი იყო მონაცემები, ვიდრე ქალაქში.
რთულია იმის თქმა ქალაქშია [უფრო მაღალი მონაცემები] თუ სოფელში. პირველადმა მონაცემებმა გვაჩვენა, რომ სოფლად ცოტა მეტია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ისეთი შერჩევა, რომ აჭარაზე გავაკეთოთ ქალაქი და სოფელი ცალ-ცალკე და ამან მერე მოგვცეს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი. ეს არ ნიშნავს, რომ სოფელს უკავშირდება წყარო. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს, მაგალითად იმას, რომ სოფლად უფრო ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს და დაბალი ხარისხის პროდუქტს მოიხმარს, ასევე სამშენებლო მასალასაც. ერთი რაც გამოიკვეთა, ჯერჯერობით, არის სანელებლები. სტაბილურმა იზოტოპურმა კვლევამ, რაც ჩავატარეთ, აჩვენა, რომ იგივე „ხელწერა“ არის ნაპოვნი სანელებლებში ბანგლადეშში. ამიტომაც, სანამ ტექნიკა ჩამოვა და არ ჩავატარებთ ლაბორატორიულ კვლევას, იქამდე ეს ყველაფერი არის ჰიპოთეზა, ჰიპოთეზა კი უნდა დაიტესტოს ლაბორატორიული კვლევით.
დაახლოებით რა ბიუჯეტი სჭირდება ამ ყველაფერს?
შეგროვილი სიხლის ნიმუშების ტყვიაზე ტესტირება იტალიის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა გაგვიკეთა უსასყიდლოდ, რაც 50,000 დოლარზე მეტი დაგვიჯდებოდა. სტაბილური იზოტოპური ანალიზი კანადაში რომ გაგვეკეთებინა, თითოეულზე 1000 დოლარი უნდა გადაგვეხადა, მთლიანობაში დაგვიჯდებოდა 100 000-ზე მეტი დოლარი. ტექნიკა კი 350 000 დოლარზე მეტი ღირებულებისაა. ჩვენ ამ ფულის მობილიზება შევძელით დონორებისგან.
ვირუსის ახალი შემთხვევების კლების პარალელურად ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნისთვის ემზადებიან. რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა იმ ფონზე, რომ ბევრ ქვეყანაში პანდემია კვლავ მძვინვარებს, ზოგან კი ახლა იკრებს ძალებს. ჯანმოს ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელი, მაიკ მაიერსი განმარტავს, რომ საზღვრების გახსნა რეკომენდებულია ისეთ ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა საჭირო ნორმა გამართულად მუშაობს.
მიიჩნევა, რომ თავიდან სახმელეთო საზღვრები უნდა გაიხსნას, რადგან მაიკ მაიერს თქმით, „ეს, ძირითადად, გულისხმობს ადამიანის გადაადგილებას ავტომანქანით, ერთი ზონიდან მეორე ზონაში, რაც თავის თავში არ მოიცავს გრანდიოზულ რისკებს… ავიამიმოსვლისგან განსხვავებით, როცა ადამიანებს ერთ დღეში შეუძლიათ მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში აღმოჩნდნენ, შესაბამისად მეტ სირთულეს უკავშირდება”.
მაიკ მაიერსი: “ქვეყნები აკვირდებიან ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას სხვა ქვეყნებში – არის თუ არა იგივე სიტუაცია კონკრეტულ ქვეყანაში, რაც ჩვენთან. თუ ჩვენ გავცვლით მოქალაქეებს, ტურისტებს ასეთ ქვეყნებში, რისკები არ იზრდება. თუ ის ქვეყანაც კარგად მართავს რისკებსა და საპასუხო ზომებს, ადამიანებს შეუძლიათ ამ ქვეყნებს შორის მიმოსვლა.
მნიშვნელოვანია, გავიგოთ რისკის დონე ამა თუ იმ ქვეყანაში. თუ ადამიანი ჩამოდის იმ ქვეყნიდან, სადაც ყველა საჭირო ზომას იღებენ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს ზომები ასევე ზედმიწევნით სრულდება – მაშინ რისკი არ იზრდება. მაგალითად, ლიეტუა, ლატვია, ასევე ახალი ზელანდია და ავსტრალია მიმართავს ასეთ მიდგომას. აზიის ქვეყნებიც ამ გზით მიდიან. ვფიქრობ, ვაჭრობა და მოგზაურობა ეტაპობრივად აღდგება სწორედ ამ ფორმით. მალე დავინახავთ, რომ ერთი რეგიონის ქვეყნები, განსაკუთრებით მოსაზღვრე ქვეყნები, რომელთაც აქვთ ისტორიული, მჭიდრო სავაჭრო კავშირები ერთმანეთთან – მოძებნიან გზებს, რომ გაათანაბრონ რისკები და გაატარონ პანდემიასთან ბრძოლის იგივე ზომები, რაც მეზობელ ქვეყანაში ტარდება. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ასე განვითარდება მოვლენები სამომავლოდ”, – ამბობს მაიკ რაიანი.
ჯანმოს პროგრამის ხელმძღვანელმა დეტალურად შეაფასა საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული რისკების მასშტაბები: “რაც შეეხება ფრენებს – აქ საქმე სხვაგვარადაა, რადგან საჰაერო გზით ადამიანებს შეუძლიათ იფრინონ სხვადასხვა ქვეყანაში, ერთ დღეში მათ შეუძლიათ მსოფლიოს მეორე ბოლოში აღმოჩნდნენ და ეს მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული. საჭირო იქნება რისკების უფრო აქტიური შეფასება, სხვა ქვეყნებში სიტუაციის უკეთ გაანალიზება და მნიშვნელოვანია ავიაკომპანიებმაც (ბევრ მათგანთან ჩვენ ვმუშაობთ მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ნაწილში) გაითვალისწინონ ასევე უსაფრთხოების საკითხი უშუალოდ თვითმფრინავში, ასევე ჩასვლის ადგილზე… ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხო ავიამიმოსვლასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე, თუმცა ვის შეუძლია ჩავიდეს ამა თუ იმ ქვეყანაში და ვის შეუძლია დატოვოს ქვეყანა – უნდა გადაწყვიტონ მთავრობებმა, სახელმწიფო დონეზე. სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება იყოს სხვადასხვა სიტუაცია”.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების უმრავლესობამ არჩევით საგნად ისტორია ჩაწერა.
ისტორია აირჩია 22 850 -ზე მეტმა აბიტურიენტმა
მათემატიკა აირჩია 12 660 -ზე მეტმა აბიტურიენტმა
ბიოლოგია აირჩია 3250 -მდე აბიტურიენტმა
გეოგრაფია აირჩია 1040-ზე მეტმა აბიტურიენტმა
ზოგადი უნარები აირჩია 4500-ზე მეტმა აბიტურიენტმა
ლიტერატურა აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა
სამოქალაქო განათლება აირჩია 430-ზე მეტმა აბიტურიენტმა
ქიმია აირჩია 2340-ზე მეტმა აბიტურიენტმა
ფიზიკა აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა
ხელოვნება აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ: 1. ქართულ ენასა და ლიტერატურას; 2. უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე.
ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას ჩააბარებენ, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას.
ცენტრის ინფორმაციით, სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულოა ოთხი გამოცდა. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. აბიტურიენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.
„…მე ხუცუბანში ვცხოვრობ. ჩემს სოფელში სასმელი წყლის რეაბილიტაციაში 4 მილიონი ლარი დახარჯეს. ამ წყალს დღემდე დასალევად ვერ ვიყენებთ“, – ეს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მცხოვრებმა. მისივე თქმით, პრობლემის შესახებ მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ მთავრობას, თუმცა არაფერი შეცვლილა.
სოფელ ხუცუბანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია 2016 წელს ჩატარდა, რაშიც დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ქობულეთის მერიაში ახლაც იგივე პასუხი აქვთ, რაც სამი წლის წინ – „მუშავდება ალტერნატიული პროექტები“ – 2017 წელსაც ეს უთხრეს „ბათუმელებს“, როცა ხუცუბანში მღვრიე წყლის პრობლემაზე წერდა. მაშინ სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა ახალი დასრულებული იყო.
„…დაახლოებით 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება მღვრიე წყალი, მუშავდება ალტერნატიული პროექტები, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ეს წყალი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ეს დადასტურებულია“, – გვიპასუხეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.
„ახალგაწვიმებულზე იმღვრევა წყალი, შემდეგ კი ჩვეულებრივ იწმინდება“, – გვითხრა სულხან ევგენიძემ 2017 წელს, რომელიც მაშინ ქობულეთის გამგებელი იყო, დღეს კი, ის ბათუმის მერიის თანამშრომელია.
რატომაა მღვრიე წყალი, როცა პროექტზე 4 მილიონი დაიხარჯა და რატომ ვერ მოგვარდა პრობლემა დღემდე, როცა პროექტის განხორციელების დროსაც ცნობილი იყო ამ პრობლემის შესახებ? – ქობულეთის მერიის პრესცენტრმა მუნიციპალური ორგანიზაციის „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორს, სულიკო თხილაიშვილს დაგვაკავშირა.
„მოსახლეობას სოფელ ხუცუბანში სუფთა წყალი მიეწოდება“, – გვიპასუხა სულიკო თხილაიშვილმა და როცა ვუთხარით, რომ ონკანებში მღვრიე წყალი მოდის, დასძინა: „ბაქტერიოლოგიური პრობლემა არ გააჩნია… მეც ხუცუბანში ვცხოვრობ პირადად და ასეთი პრეტენზია არ მომისმენია,“ – თქვა მან.
სულიკო თხილაიშვილი ადასტურებს, რომ ყოველი გაწვიმების შემდეგ წყლის სისტემას რამდენიმე საათით კეტავს. იგი ირწმუნება, რომ სხვაგვარად არ ხერხდება. მან ეს პროცესი ისე აღწერა, თითქოს პრობლემა არაფერია – გაწვიმდება. მოდის მღვრიე წყალი. წყალს კეტავენ.
4 მილიონი დაიხარჯა პროექტში და თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ წყალი მღვრიე იქნებოდა ყოველი გაწვიმების შემდეგ? – ვკითხეთ „ქობულეთის სოფლის წყლის“ ხელმძღვანელს.
„თქვენ გინდათ, რომ მათქმევინოთ რაღაც…“ – აღნიშნა სულიკო თხილაიშვილმა. – „პროექტის მიხედვით ყველაფერი არის ნორმალურად გაკეთებული, მაგრამ არ არსებობს საშუალება, რომ ეს პრობლემა არ იყოს…. რომ არ აიმღვრეს, ეს გამორიცხულია,“ – გვითხრა მან. სულიკო თხილაიშვილი მიიჩნევს, რომ 4 წლის წინანდელ პროექტზე პასუხი მას არ უნდა მოსთხოვონ, რადგან ის ბოლო ორი წელია ხელმძღვანელობს ქობულეთის სოფლის წყალს.
რატომაა ტექნიკურად შეუძლებელი სასმელი წყალი არ იმღვრეოდეს? – საბოლოოდ, სულიკო თხილაიშვილმა გვიპასუხა, რომ რადგან ეს პრობლემა წყლის სისტემის ოთხმილიონიანი პროექტის შედეგად ვერ მოგვარდა, მას „აჭარის წყლის ალიანსი“ მიხედავს, ამჯერად გერმანიის მთავრობის დაფინანსებით. „ქობულეთის სოფლის წყლის“ უფროსმა ვერ გვითხრა, რამდენი დაიხარჯება კიდევ ერთხელ ხუცუბანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, თუმცა გვითხრა კონკრეტული დრო, როცა ეს პრობლემა მოგვარდება.
„ხუთწლიანი პროექტი არის და ხუთი წლის შემდეგ იქნება ეს პრობლემა მოგვარებული… ევროპულ დონეზე მოგვარდება, დანარჩენი რა შემიძლია გითხრათ?“ – კითხულობს „ქობულეთის სოფლის წყლის“ ხელმძღვანელი.
COVID19- ის გამომწვევი კოროვირუსი, შეიძლება აივ-ინფექციის მსგავსად, მუდმივად არსებული ვირუსი გახდეს – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა იმაზე საუბრისას, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის ცირკულაცია მსოფლიოში.
„ეს ვირუსი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ენდემური ვირუსი ჩვენს საზოგადოებებში და შესაძლოა, ეს ვირუსი არასოდეს გაქრეს.
აივ-ი არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ მისი კონტროლი, ჩვენ ვიპოვეთ თერაპიული, ასევე პრევენციის საშუალებები, აივით დადებითი ადამიანები საკმაოდ დიდ ხანს ცოცხლობენ და ადამიანებს უკვე ისე აღარ ეშინიათ ამ ვირუსის. მე არ ვადარებ ამ ორ დაავადებას ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ – ჩვენ არ ვიცით ეს ვირუსი გაქრება თუ არა. ცხადია, თუ ვიპოვით ეფექტურ ვაქცინას და მივაწოდებთ მას ყველას მსოფლიოში, შეგვეძლება ამ ვირუსის ელიმინაცია,“ – განაცხადა მაიკ რაიანმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ონლაინბრიფინგზე.
მისივე თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის პოვნისა და მისი ყველასთვის მიწოდების გარდა მნიშვნელოვანია მისი გამოყენება. მისი ეს განცხადება ნაწილობრივ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს მიემართებოდა, რადგან რაინმა მოგვიანებით დასძინა:
„მაპატიეთ, თუ ცინიკური ვარ, მაგრამ ამ პლანეტაზე იდეალურად ეფექტური ვაქცინები გვაქვს, რომლებსაც ვერ ვიყენებთ ეფექტურად, ისეთი დაავადებებისთვის, რომელთა ელიმინაციაც შეგვეძლო და ჯერ ვერ მოვახერხეთ… მეცნიერებას შეუძლია შეიმუშაოს ვაქცინა, ვიღაცამ უნდა შექმნას ის, თანაც საკმარისი რაოდენობით, ჩვენ უნდა შევძლოთ მისი მიწოდება თანაბრად ყველასთვის და ადამიანებმა უნდა გაიკეთონ ის – ყველა ეს ნაბიჯი მოიცავს გამოწვევებს. მაგალითად, არსებობს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ წითელა ჯერ კიდევ არ გამქრალა.
ვფიქრობ, აქ არანაირი დაპირება, არანაირი თარიღი არ არის. ეს ვირუსი შესაძლოა დარჩეს გრძელვადიან პრობლემად, ან არ დარჩეს, მაგრამ ფაქტია – საჭიროა ძალიან დიდი ძალისხმევა,” – თქვა მაიკ რაიანმა.
ამ დროისთვის მეცნიერები ასზე მეტ პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ, მათი ნაწილი კლინიკური კვლევების ეტაპზეა.
შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, 2020 წლის 1-ლი მაისიდან, ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე გავრცელდება. თუმცა, ეს შეღავათი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულზე გაცემული ხელფასი, თითოეულ თვეში, არ აღემატება 1 500 ლარს.
ამ შეღავათის ასამოქმედებლად საგადასახადო კოდექსის გარდამავალ დებულებებში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება. პროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია დასამტკიცებლად.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, შეღავათი გავრცელდება 1-ლი მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გაცემულ ხელფასებზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი თვის ანაზღაურებას გასცემს დამსაქმებელი: „ვთქვათ, მაისის თვეში პირზე გაიცა იანვრის თვის ხელფასი, ან დავუშვათ, აგვისტოში გაიცა მაისის თვის ხელფასი – რომელი თვის ხელფასიც არ უნდა ერქვას, ამ პერიოდში გაცემულ ხელფასებზე ეს შეღავათი გავრცელდება“.
საშემოსავლო გადასახადის შეღავათით სარგებლობაზე მთავრობამ ინსტრუქციაც გამოაქვეყნა:
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 2020 წლის 1-ლი მაისიდან 6 თვის განმავლობაში, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6-თვიან პერიოდში, თითოეულ თვეში მათი ხელფასი არ აღემატება 1 500 ლარს.
აღნიშნული შეღავათის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეს ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები;
დამსაქმებელი მოიცავს ყველა ტიპის საწარმოს, მათ შორის, კომპანიებს, საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და ამავდროულად, იხდიან საშემოსავლო გადასახადს.
ის საწარმოები, ვინც უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ შეღავათით, მაისი-ოქტომბრის პერიოდში, ხელფასების გაცემის დროს საშემოსავლო გადასახადს:
[checklist]
საერთოდ არ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც 750 ლარი ან უფრო ნაკლებია;
ნაწილობრივ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც მეტია 750 ლარზე და არ აღემატება 1500 ლარს. ამ შემთხვევაში დარიცხულ ხელფასს აკლდება 750 ლარი და დარჩენილი თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. მაგალითად: თუ საწარმოში დასაქმებული პირის დარიცხული ხელფასი შეადგენს 1000 ლარს, აღნიშნულ თანხას აკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს იხდის მხოლოდ დარჩენილ 250 ლარზე [50 ლარს].
საშემოსავლოს სრულად გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასი კონკრეტულ თვეში იქნება 1500-ზე მეტი ლარი.
[/checklist]
ხელფასის 1500-ლარიანი ზღვარი მოქმედებს კონკრეტულ თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე. ანუ, მაგალითისთვის, თუ მაისში დაქირავებულზე გაიცა 1600 ლარი, ამ დაქირავებულზე საწარმო საშემოსავლო გადასახადის შეღავათით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუ ამავე დაქირავებულზე ივნისში გაიცა 1400 ლარი, ამ შემთხვევაში, ისარგებლებს შეღავათით და ივნისის საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის ნაწილობრივ, კერძოდ, 1400 ლარს გამოაკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის 650 ლარზე [130 ლარს].
საწარმო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენს ჩვეულ რეჟიმში, მომდევნო თვის 15 რიცხვში.
შესაძლო კითხვები და პასუხები მთავრობისგან:
ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი, რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი?
არ ნიშნავს. ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს საწარმოს და მისი გადასაწყვეტია, მიმართავს ხელფასის გაზრდის გზას თუ შეინარჩუნებს უფრო მეტ დაქირავებულს.
ისარგებლებს, თუ არა ამ შეღავათით პირი, რომელიც დაქირავებით მუშაობს ორ ან მეტ საწარმოში?
ისარგებლებს. გადასახადისგან გათავისუფლდება თითოეული დამქირავებლისგან მიღებული ხელფასი 750 ლარამდე, თუ ამავე დამქირავებელთან მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.
ხომ არ დაკარგავს ამ საგადასახადო შეღავათის გამოყენებით პირი სხვა შეღავათს, რომელიც მას კანონმდებლობით ეკუთვნის [მაგ: სარგებლობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილისთვის გათვალისწინებული შეღავათით ან სხვა შეღავათით]?
არ დაკარგავს. პირი ისარგებლებს ორივე შეღავათით.
შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ კერძო სექტორში მომუშავე ორგანიზაციები და აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება საჯარო სექტორში არსებულ ორგანიზაციებზე.
[toggle title=”საჯარო სამსახურები, სადაც ვერ ისარგებლებენ შეღავათით, ნახეთ აქ:“] საჯარო სექტორი, ვინც ვერ ისარგებლებს შეღავათით მოიცავს:
ყველა სამინისტროს;
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სსიპ-ებს (მათ შორის საჯარო სკოლები, თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები) და არაკომერციულ (არამომგებიან) იურიდიულ პირებს – ა(ა)იპ;
მუნიციპალურ სამსახურებს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს და ა(ა)იპებს (მათ შორის საბავშვო ბაღები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და სხვა);
სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ნებისმიერ სამსახურს;
სახელმწიფო საწარმოებს, რაც მოიცავს – სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების წილი შეადგენს 50%-ზე მეტს. ასევე, ამ საწარმოების შვილობილ საწარმოებს, თუ მათი წილი შეადგენს 50%-ზე მეტს;
„Ce l’abbiamo fatta! – ჩვენ ეს გავაკეთეთ!“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტერეზა ბელანოვამ 13 მაისს ფეისბუქზე პოსტი. ამით მან მილიონობით მიგრანტს ამცნო, რომ კანონი, რომლითაც ისინი იტალიაში ლეგალურად ცხოვრებას და დასაქმებას შეძლებენ, იტალიის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.
კანონის ინიციატორი სწორედ იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტერეზა ბელანოვა იყო.
„მინდა ხაზი გავუსვა ჩემთვის ფუნდამენტურ საკითხს – სამუშაო ურთიერთობების გაჩენას. დღეიდან უხილავები გახდებიან ნაკლებად უხილავები“, – განაცხადა ტერეზა ბელანოვამ.
უხილავებში მან იგულისხმა ის მიგრანტები, რომლებიც წლებია იტალიაში არალეგალურად მუშაობენ.
ახალი კანონის შესახებ ჯერჯერობით ისაა ცნობილი, რომ მიგრანტები 6 თვით მიიღებენ ცხოვრების და მუშაობის ნებართვას, შემდეგ კი სამუშაო კონტრაქტის მიხედვით შეძლებენ ამ ნებართვის გაგრძელებას. კანონი უახლოეს ხანში გამოქვეყნდება იტალიის ოფიციალურ საკანონმდებლო მაცნეში, Gazetta ufficiale-ში და დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.