მთავარი,სიახლეები

„ვაქცინას პირველი აშშ-ი მიიღებს“ – მღელვარება საფრანგეთში ფრანგული კომპანიის განცხადებაზე

15.05.2020
„ვაქცინას პირველი აშშ-ი მიიღებს“ – მღელვარება საფრანგეთში ფრანგული კომპანიის განცხადებაზე

„სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ფულის კეთება დაუშვებელი არაადამიანობაა,“ – ეს და მსგავსი კომენტარები ფრანგულ მედიაში ფრანგული ფარმაკოლოგიური კომპანია Sanofi-ის განცხადების შემდეგ გაჩნდა.

13 მაისს კომპანია Sanofi-ს პრეზიდენტმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 18 თებერვალს, აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, თუკი კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიგონებს, ამერიკა იქნება უპირატესი ქვეყანა, რომელიც პრეპარატს მიიღებს. კომპანია Sanofi-ს პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება ასიგნირებულია და აშშ-ს წინასწარ, გამოგონებამდე აქვს შეკვეთილი ვაქცინა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველა ქვეყანაში თანაბარი ინტერესით ელოდებიან ვაქცინის გამოგონებას, მათ შორის, საფრანგეთშიც, სადაც 15 მაისის მონაცემებით 178 994 ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსისგან და მათგან 27 428 გარდაიცვალა.

ფრანგული ფარმაცევტული კომპანიის პრეზიდენტის განცხადებამ დიდი მღელვარება გამოიწვია საფრანგეთის როგორც მემარცხენე, ასევე, მემარჯვენე პოლიტიკურ წრეებში.

სოციალისტური დაჯგუფების ლიდერმა, ოლივიე ფორემ „სკანდალურ გადაწყვეტილებად, ნაციონალიზებულ საბაზრო თამაშებად“ შეაფასა კომპანია Sanofi-ს დამოკიდებულება ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე და მოუწოდა საფრანგეთის ხელისუფლებას, დროულად გამოხმაურებოდნენ ფარმაკოლოგიური კომპანიის გადაწყვეტილებას.

მედიის ცნობით, კომპანია Sanofi-ს  საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი დაუკავშირდა და აუხსნა, რომ „ვაქცინა ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი“.

ელისეს სასახლე კომპანია Sanofi-ს პრეზიდენტის ინტერვიუს  ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  „ამ ტიპის მედიკამენტებზე საბაზრო ეკონომიკის პრინციპები არ ვრცელდება“.

ფარმაკოლოგიური კომპანია Sanofi-ის ლიდერები მომავალი კვირის დასაწყისში პრეზიდენტ მაკრონთან დაიბარეს ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების განმარტებებისთვის.

ევროკომისიის მტკიცე პოზიციაა, რომ Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. „ვაქცინა გლობალური სიკეთეა საზოგადოებისთვის, მისი ხელმისაწვდომობა სამართლიანი და უნივერსალური უნდა იყოს,“- განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დე კერსმეკერმა სააგენტო AFP-თან საუბრისას.

_____________________________

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: