როგორ გაგრძელდა საქართველოში ტყვიის წყაროების შესწავლის პროცესი მას შემდეგ, რაც ლაბორატორიულმა კვლევებმა გამოკვლეული ბავშვების 41 პროცენტში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აჩვენა? – ამ თემაზე გაეროს ბავშვთა ფონდის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელს, ანდრია ნადირაძეს ვესაუბრეთ.
- ბატონო ანდრია, მას შემდეგ, რაც ბავშვებში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, საუბარი იყო გარემოს კვლევის აუცილებლობაზე წყაროების დადგენის მიზნით, ასევე სპეციალური სახელმწიფო პროგრამა უნდა დაწყებულიყო. როგორ გაგრძელდა ეს პროცესი?
როგორც მოგეხსენებათ, პირველი კვლევა ეროვნული წარმომადგენლობითი კვლევა იყო და მთლიანად საქართველოზე ვრცელდებოდა. შედეგის მიხედვით, ბავშვების დაახლოებით 41 პროცენტს აქვს მომატებული ტყვიის დონე სისხლში. აქედან დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, განსაკუთრებით აჭარაში, ფაქტობრივად, 70%-ზე მაღალია მაჩვენებელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვების 70 პროცენტს სისხლში მაღალი აქვს ტყვიის მაჩვენებელი.
ამის შემდეგ მთავრობამ კარგი სამუშაო გაწია ამ კუთხით. ერთი ის, რომ 2020 წელს ამოქმედდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, თუ პედიატრი მოითხოვს ბავშვის ტესტირებას ტყვიაზე, ამას სახელმწიფო გააკეთებს უფასოდ. ასევე, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით შეიქმნა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ტყვიისა და სხვა ტოქსიკანტების შემცველობა არ უნდა დაფიქსირდეს საბავშვო ბაღების მშენებლობის დროს. ასევე, ამოქმედდა სათამაშოების ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2020 წლისთვის არის სარეკომენდაციო ხასიათის, შემდეგ კი გახდება სავალდებულო.
- საუბარი იყო ასევე გრძელვადიანი სტრატეგიის მომზადებაზე ამ მიმართულებით.
დიახ, დასრულდა გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაზე მოსამზადებელი სამუშაოები და ჯერ არ დამტკიცებულა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვეღარ მოესწრო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ დავიწყეთ ლაბორატორიული ტექნიკის მოძიება და შეძენა, რომ საქართველოში იყოს ტყვიის და მძიმე მეტალების ტესტირების შესაძლებლობა, როგორც გარემოში, ისე სისხლში, თმაში და ასე შემდეგ. საერთაშორისო ტენდერით შევისყიდეთ და ჩამოვიტანეთ 4 პორტატული მოწყობილობა, დეტექციის აპარატი [რენტგენის ფლუოროსცენტული ანალიზატორი].
გარდა ამისა, გავაფორმეთ ხელშეკრულება ატომური აბზორფციის სპექტომეტრის ჩამოსატანად, რომელიც განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ეს არის მაღალი ხარისხის, სხვადასხვა ნიმუშის, მძიმე მეტალების საზომი ხელსაწყო. უნდა ჩამოვიდეს ზაფხულში, სავარაუდოდ ივლისში იქნება საქართველოში. ამ მოწყობილობებთან მიმართებაში ტრენინგებიც ჩატარდება. როდესაც გაიხსნება საზღვრები, ჩამოვლენ სპეციალისტები და ჩვენს სპეციალისტებს მოამზადებენ. დეტექციის აპარატებს არ სჭირდებათ ხანგრძლივი ტრენინგი, რამდენიმედღიანი ტრენინგიც საკმარისი იქნება, რადგან ძალიან მარტივია. ატომური აბზორფციის სპექტომეტრი კი უფრო რთული მექანიზმია, დიდია და ბევრი კომპონენტისგან შედგება, ამიტომ შედარებით უფრო დეტალური ტრენინგი იქნება საჭირო და ესეც დევს კონტრაქტში უცხოურ კომპანიასთან, რომელიც საერთაშორისო ტენდერით შევარჩიეთ.
ჩვენ ვმუშაობთ ორი მიმართულებით: ერთია კვლევები ჩავატაროთ, შესაბამისი მონაცემები და ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც საზოგადოებას, ასევე მთავრობას; მეორე მიმართულებაა გავზარდოთ ეროვნული სიმძლავრეები. ლაბორატორიული ტექნიკის შესყიდვა ემსახურება ორივეს, ამ ლაბორატორიულ ტექნიკას გამოვიყენებთ კვლევების ჩასატარებლად, ეს ტექნიკა დარჩება საქართველოს.
- ამ ტექნიკით გარემოს შესწავლას და სისხლში ტყვიის შემცველობის გაზრდის მიზეზების შესწავლას შეძლებთ, თუ მხოლოდ არსებულ მონაცემებს დაადგენთ?
დიახ, გარემოს შესწავლას შეუწყობს ხელს. ანალიზატორები არის იმისთვის, რომ შეიტანო სახლში და გატესტო მყარი ობიექტები, მაგალითად, კედელი, სათამაშო და ასე შემდეგ, ხოლო ატომური აბზორფციის სპექტომეტრი არის სტაციონარული, რომლითაც შეგიძლია გატესტო საკვები, წყალი, მიწა და ასე შემდეგ.
რაც შეეხება კვლევის მეორე ეტაპს. პირველ ეტაპზე სისხლში გამოვიკვლიეთ ტყვია და მძიმე მეტალები, მეორე ეტაპია გამოვიკვლიოთ ეს ყველაფერი გარემოში. ამ კუთხით წავიწიეთ წინ. გავაკეთეთ ე.წ. სტაბილური იზოტოპური ანალიზი, სადღაც 1578 სისხლის ნიმუშიდან ავარჩიეთ 131 სისხლის ნიმუში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ეს ანალიზები გავაკეთეთ იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან თანამშრომლობით. ტყვიას აქვს ოთხი სტაბილური იზოტოპი და ანალიზის გაკეთების შედეგად შეგვიძლია გვქონდეს ჰიპოთეზები, საიდან შეიძლება მოდიოდეს ტყვია.
გარდა ამისა, გავაკეთეთ ე.წ. GIS რუკა. ამ რუკაზე ვდებთ ტყვიის მონაცემებს, ვიკვლევთ, ე.წ. ცხელი წერტილები სად არის და იმ წერტილებში ვეძებთ სავარაუდო წყაროებს, მაღარო თუ იყო და ასე შემდეგ…. ჯერ პროცესში ვართ. შემდეგ უკვე გვინდა დავიწყოთ საველე სამუშაოები, შევიდეთ ოჯახებში, სკოლებში და გავტესტოთ სხვადასხვა ობიექტი, ასევე, შევაგროვოთ საკვების, ნიადაგისა და წყლის ნიმუშები. კორონავირუსი რეალურად გვაბრკოლებს, აპარატურის ჩამოტანამაც დაიგვიანა.
- შეგიძლიათ დაგვისახელოთ ტყვიის რომელიმე წყარო? თუ უკვე გაქვთ ამაზე ინფორმაცია. ბათუმში, მაგალითად, მონაცემებს უკავშირებდნენ ინტენსიურ სამშენებლო პროცესს, ვიდრე არ გაირკვა, რომ სოფლად უფრო მაღალი იყო მონაცემები, ვიდრე ქალაქში.
რთულია იმის თქმა ქალაქშია [უფრო მაღალი მონაცემები] თუ სოფელში. პირველადმა მონაცემებმა გვაჩვენა, რომ სოფლად ცოტა მეტია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ისეთი შერჩევა, რომ აჭარაზე გავაკეთოთ ქალაქი და სოფელი ცალ-ცალკე და ამან მერე მოგვცეს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი. ეს არ ნიშნავს, რომ სოფელს უკავშირდება წყარო. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს, მაგალითად იმას, რომ სოფლად უფრო ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს და დაბალი ხარისხის პროდუქტს მოიხმარს, ასევე სამშენებლო მასალასაც. ერთი რაც გამოიკვეთა, ჯერჯერობით, არის სანელებლები. სტაბილურმა იზოტოპურმა კვლევამ, რაც ჩავატარეთ, აჩვენა, რომ იგივე „ხელწერა“ არის ნაპოვნი სანელებლებში ბანგლადეშში. ამიტომაც, სანამ ტექნიკა ჩამოვა და არ ჩავატარებთ ლაბორატორიულ კვლევას, იქამდე ეს ყველაფერი არის ჰიპოთეზა, ჰიპოთეზა კი უნდა დაიტესტოს ლაბორატორიული კვლევით.
- დაახლოებით რა ბიუჯეტი სჭირდება ამ ყველაფერს?
შეგროვილი სიხლის ნიმუშების ტყვიაზე ტესტირება იტალიის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა გაგვიკეთა უსასყიდლოდ, რაც 50,000 დოლარზე მეტი დაგვიჯდებოდა. სტაბილური იზოტოპური ანალიზი კანადაში რომ გაგვეკეთებინა, თითოეულზე 1000 დოლარი უნდა გადაგვეხადა, მთლიანობაში დაგვიჯდებოდა 100 000-ზე მეტი დოლარი. ტექნიკა კი 350 000 დოლარზე მეტი ღირებულებისაა. ჩვენ ამ ფულის მობილიზება შევძელით დონორებისგან.