მთავარი,სიახლეები

სთექი – პირველი ქართული ბრაუზერი

14.05.2020 • 2473
სთექი – პირველი ქართული ბრაუზერი

სთექი ქართულად ითარგმნება, როგორც დასტა. სთექი არის სმარტბრაუზერი თანამედროვე ინტერნეტისთვის. იმისათვის, რომ მართოთ თქვენი სოციალური მედია, მესენჯერები, მეილები და სხვა აპლიკაციები უფრო ეფექტურად, ერთი წერტილიდან.

თუ პირველი ქართული ინეტრნეტბრაუზერის დიზაინს შევხედავთ, ეს მართლაც არის ჩვენი სოციალური ქსელების დასტა. ერთ ეკრანზე მოთავსებული ყველა ის სოციალური ქსელი – ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი, ლინკდინი თუ სხვა, რომელსაც ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი ვიყენებთ.

სთექი – Stack მეგობრების მიერ დაწყებული სტარტაპია და მაშინ შექმნეს, როცა სულ სხვა პროექტზე მუშაობდნენ.

„ცოტა სახალისო და ცოტა უხერხული ამბავია. ჩვენი მეგობარი და ტექნიკური დირექტორი ზიკო,  ზვიად სიჭინავა მუშაობდა ბანკში დეველოპერად, სადაც არ შეეძლო შეემოწმებინა თავისი სოციალური მედია. ბრაუზერში რომ გაეხსნა ფეისბუქი ან ინსტაგრამი არ იყო მიზანშეწონილი. ამიტომ, რომ არ დაერღვია სამსახურში მუშაობის წესი, შექმნა თავისი პირადი მოხმარების ბრაუზერი და იქ ხსნიდა ხოლმე სოცმედიას. თან შექმნა ისეთი დიზაინის, რომელიც მისცემდა საშუალებას, რომ ერთდროულად რამდენიმე სოციალური ქსელი შეემოწმებინა. მოგვიანებით, ეს მისი პირადი მოხმარებისთვის შექმნილი პროდუქტი მან ერთ-ერთ საიტზე ატვირთა. პროფესიული საიტია, სადაც იღებ უკუკავშირს, რამდენად კარგი პროდუქტი გაქვს გაკეთებული. მიიღო ძალიან კარგი უკუკავშირი. აღმოჩნდა, რომ ბრაუზერში ერთმანეთის გვერდით გახსნილი ათობით ტაბი ყოფილა პრობლემა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებდა. სთექი კი მათ ამ პრობლემას უგვარებს,“ – ყვება დაჩი გუბაძე, სთექის გუნდის წევრი, ამბავს სთექის დაარსების შესახებ.

სთექს შეიძლება ვუწოდოთ ახალი თაობის ინტერნეტპლატფორმა. მისი პირველი საცდელი ვერსია 2018 წელს გაეშვა. მომხმარებლების ინტერესმა კი განაპირობა აპლიკაციის დახვეწა, სტარტაპ-პროექტად ქცევა და უკვე 2019 წლის 26 სექტემბერს ოფიციალურად გახდა ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. 2020 წლის მაისამდე სთექი მხოლოდ Mac-ის მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მაისიდან პირველი ქართული ბრაუზერის ავტორებმა ვინდოუსის ვერსიაც ჩაუშვეს და იმედოვნებენ, რომ ამ გზით უფრო მეტ მომხმარებელს შეიძენენ.

სთექის დიზაინი

როგორც სთექის გუნდის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ლალიაშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, 13 მაისის მდგომარეობით, სთექი 37 ათასზე მეტ მომხმარებელს აქვს ჩამოტვირთული. მომხმარებლების მიხედვით პირველ ადგილზეა იაპონია, მეორე ადგილზე ამერიკა და მესამეზე სამხრეთ კორეა, შემდეგ უკვე ევროპის ქვეყნები – ინგლისი და საფრანგეთი.

„საქართველომ საკმაოდ სწრაფი სტარტი აიღო. უკვე ვხედავთ, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ეწევა ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში,“ – ამბობს გიორგი ლალიაშვილი.

სთექის გუნდი ახლა სულ რვა ადამიანისგან შედგება, მათგან ხუთი ჰოლანდიაშია. კორონავირუსის პანდემიამ პროექტზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა. გუნდმა დაახლოებით 400 ათასი ევრო და ინვესტორი დაკარგა. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე მოხდა, რომ სთექის გუნდის წევრებმა, სხვა სამსახურები, სადაც მანამდე მუშაობდნენ, იანვარში დატოვეს და მთლიანად სთექში მუშაობაზე იყვნენ მობილიზებული.

„ინსტიტუციური დაფინანსებისთვის გვჭირდებოდა 1 მილიონ 200 ათასი ევრო. თუმცა შუალედში გამოჩნდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება – 650 ათასი ლარის ოდენობით, ეს დაახლოებით 200 ათასი ევროა. ამ 200 ათასი ევროს მისაღებად ჩვენ გვჭირდებოდა თანადაფინანსება კიდევ 200 ათასი ევრო, რომელსაც ჩავდებდით კომპანიაში. ჯამში 400 ათასი ევრო უნდა გვქონოდა. ვიპოვეთ ორი ინვესტორი, თითოეული 100 ათას ევროს დებდა. თუმცა პამდემიამ მოგვისწრო და საბოლოოდ გამოვიდა რომ ეს თანხა დავკარგეთ,“ – ამბობს გიორგი ლალიაშვილი.

„ინვესტორებთან კონტრაქტები უკვე ხელმოწერილი იყო ორმხრივად. თუმცა კორონავირუსის პანდემია წამოგვეწია. ერთი კომპანია საერთოდ დაიხურა. მეორე ინვესტორმა ფორსმაჟორი აამოქმედა და ასე დავრჩით თანხის გარეშე,“ – ამბობს დაჩი გუბაძე.

გიორგი ლალიაშვილის თქმით, როდესაც პანდემია გადაივლის, სთექი, როგორც კომპანია, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე იყო.

„ახლა უფრო  მეტი მომხმარებელი გვყავს, უკვე გვაქვს ვინდოუსის ვერსიაც. ამასთან, ფაქტია, რომ ჩვენ გადავურჩით კორონავირუსის პანდემიას, რაც ძალიან ბევრმა სტარტაპმა ვერ მოახერხა. ჩემი აზრით,  ბევრად  უფრო  მიმზიდველ სტარტაპად გვაქცევს ინვესტორებისთვის და სხვა პოტენციურ პარტნიორებსაც აჩვენებს, თუ რამდენად მაღალი პოტენციალი აქვს სთექს,“, – ამბობს გიორგი.

უსაფრთხოა თუ არა სთექი?

„მარტივად რომ გითხრათ, უსაფრთხოა იმიტომ, რომ ჩვენ ვიყენებთ ქრომიუმის ძრავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გუგლ ქრომს ენდობა ადამიანი, ზუსტად იგივენაირად შეუძლია ენდოს სთექსაც. რადგან ბრაუზერის ფუნქციონალი არის უზრუნველყოფილი გუგლის მიერ,“ – ამბობს გიორგი ლალიაშვილი.

მისივე განმარტებით, მომხმარებლის პირადი მონაცემები, როგორებიცაა პაროლები და ID სთექზე არ ინახება.

„სთექის გუნდს და ასევე ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც თეორიულად შეიძლება გატეხოს სთექი, ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება. ეს ინფორმაცია პირდაპირ იმ საიტებზე  და იმ აპლიკაციებში მიდის, რომლებშიც თქვენ გადიხართ ავტორიზაციას.

კიდევ ერთი საკითხია ვინდოუსთან დაკავშირებით. როდესაც ვინდოუსზე ვუშვებთ სთექს, ვინდოუსი გვაფრთხილებს, რომ ეს აპლიკაცია არ არის უსაფრთხო და გვირჩევს, რომ ეს აპლიკაცია არ გავუშვათ. ეს არის ძალიან დიდი ხარვეზი და დიდი დანაკლისი ჩვენთვის. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვინდოუსის დეველოპერის ლიცენზია შევძინეთ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მივხვდით, რომ ვინდოუსი უნდა გაგვეშვა. გარკვეული დრო და რამდენიმე ასეული მომხმარებლის უკუკავშირია საჭირო იმისათვის, რომ მაიკროსოფტმა დაიწყოს ვალიდაცია ამ სერტიფიკატის, რომელიც ჩვენ შევიძინეთ.

შესაბამისად, ამ კუთხით, როდესაც ვინდოუსი გაფრთხილებთ, რომ შესაძლოა ეს აპლიკაცია არ იყოს უსაფრთხო, ჩვენ ვეუბნებით მომხმარებელს, პირდაპირ ვთხოვთ, რომ გვენდონ. ძალიან ღიად და ძალიან ალალად, ნამდვილად არავითარ რისკს არ შეიცვას ეს აპლიკაცია. შეუძლიათ თამამად დაუშვან, რადგან არც კომპიუტერისთვის და არც მათი პირადი მონაცემების უსაფრთხოებისთვის ეს აპლიკაცია არ იქნება საზიანო. ეს არის ჩვენი პირობა,“ –  ამბობს გიორგი ლალიაშვილი.

გადაბეჭდვის წესი