მთავარი,სიახლეები

პირველი სხდომა საკონსტიტუციოში საგანგებო რეჟიმის შემდეგ, საგანგებოს ერთ-ერთ შეზღუდვაზე

15.05.2020 • 1270
პირველი სხდომა საკონსტიტუციოში საგანგებო რეჟიმის შემდეგ, საგანგებოს ერთ-ერთ შეზღუდვაზე

სამართლიანი იყო თუ არა მარნეულსა და ბოლნისში გადაადგილების შეზღუდვა – ამ საკითხზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 15 მაისს, დაიწყო. ეს პირველი სხდომაა საკონსტიტუციოს სხდომათა დარბაზში მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული სხვადასხვა აქტი ჯამში ხუთმა მოქალაქემ და ორგანიზაციამ გაასაჩივრა. ერთ-ერთი სარჩელის არსებითად განხილვაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე უარი თქვა – საქმე ეხებოდა ქუჩაში სამზე მეტი პირის შეკრებისთვის დაჯარიმების შემთხვევას.

დღევანდელ პროცესზე მოსარჩელე მარნეულში მცხოვრები მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძეა. იგი ასაჩივრებს საქართველოს მთავრობის დადგენილებას „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელ საკარანტინო ღონისძიებებს“.

გიორგი ჭაუჭიძე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები.

“უკვე რამდენიმე კვირაა ჩარჩენილი ვარ მარნეულის ტერიტორიაზე და არ მეძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ვთვლი, რომ დარღვეულია თავისუფალი მიმოსვლის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს მთავრობა ამ შეზღუდვას იყენებს ისე, რომ მე არ მაქვს დადასტურებული Covid 19“, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე სარჩელში, რომლითაც მან საკონსტიტუციოს მიმართა. ის ისევ მარნეულშია და თავისი სარჩელის განხილვას ვერ დაესწრო.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს მთავრობას. ამ პირობებში კი, საქართველოს მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა იწვევს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას.

მოსარჩელის აზრით, ასევე არ არსებობდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვის საჭიროება. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო უფლების უფრო ნაკლებად შეზღუდვის ხარჯზე, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი პირბადისა და დამცავი ხელთათმანების გამოყენების გზით მოქალაქეები გადაადგილების უფლებით ისარგებლებდნენ. 

“საკარანტინო ღონისძიებების შესახებ მთავრობის დადგენილება სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. საწინააღმდეგო არგუმენტაცია არც მატერიალური და არც ფორმალური თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი,” – უთხრა მთავრობის წარმომადგენელმა, ქეთევან კრაწაშვილმა ჟურნალისტებს, ვიდრე სხდომათა დარბაზში მოსამართლეები შემოვიდოდნენ.

რით დასტურდება, რომ არ იყო საკმარისი ხელთათმანებისა და პირბადის გამოყენება და საჭირო იყო გადაადგილების შეზღუდვა? – ვკითხეთ მთავრობის წარმომადგენელს.

“სხდომაზე შესაბამისი სპეციალისტები ისაუბრებენ ამ მიზანშეწონილობის შესახებ… ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა და საშუალება პრევენციული ღონისძიებების კუთხით მარნეულსა და ბოლნისში, რომელიც შეიძლებოდა გატარებულიყო,” – გვიპასუხა ქეთევან კრაწაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს ჩვენებას მისცემს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.

რა შეიცვლება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი ჭაუჭიძის სარჩელს დააკმაყოფილებს?

“ამ შემთხვევაში მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები ადამიანები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას,” – ამბობს პარტია “გირჩის” იურისტი, ლევან ჯგერენაია. იგი მოსარჩელის ინტერესებს იცავს.

ლევან ჯგერენაიას მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან განმწესრიგებელ სხდომაზე სარჩელი დაჩქარებული წესით განიხილეს.

“ასეც რომ არ მოხდეს, თუ სხვა დროს, ან შემოდგომაზე ხელახლა გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა, მთავრობას აღარ შეეძლება მსგავსი შეზღუდვის დაწესება,”- დასძენს ლევან ჯგერენაია.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს მარნეულსა და ბოლნისში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ ადამიანებზეც.

“თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, დაჯარიმებულები ჯარიმას აღარ გადაიხდიან,” – აღნიშნა ლევან ჯგერენაიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: