მთავარი,სიახლეები

მარნეულში პროდუქტი ულპებათ, ჩვენ საკვები არ გვაქვს – მოქალაქე ჩაკეტილი თეთრიწყაროდან

15.05.2020 • 1497
მარნეულში პროდუქტი ულპებათ, ჩვენ საკვები არ გვაქვს – მოქალაქე ჩაკეტილი თეთრიწყაროდან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 26 აპრილის შემდეგ ჩაკეტილია. მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ით ინფიცირების 50-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ქალაქ თეთრიწყაროში 3 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მთლიანად მუნიციპალიტეტში კი – 22 ათასამდე. „ბათუმელები“ თეთრიწყაროში მცხოვრებ მოქალაქეს გულიკო შოშიტაშვილს დაუკავშირდა, რომელიც იქ არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს.

„თეთრიწყარო ქვემო ქართლშია და მარნეული და ბოლნისი გვემეზობლება. ამიტომ, როცა ეს ორი რეგიონი ჩაიკეტა, ჩვენ ისედაც შევიზღუდეთ, რადგან ამ რეგიონებთან აქტიური ეკონომიკური კავშირები გვქონდა.

მაღაზიებში გარკვეული პროდუქტი არის, ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გაზაფხულია და სოფლის მეურნეობის პროდუქტები უნდა შემოვიდეს. კვებაზეა საუბარი ხომ? ადამიანს ახალი პროდუქცია სჭირდება. ჩვენ ზღვის დონიდან 1200 მეტრზე ვართ, ჯერ აქ ცივა და ჩვენი საკუთარი მწვანილი თუ კიტრი არ შემოსულა, ყველაფერი მარნეულიდან ან თბილისიდან შემოდიოდა. ახლა აღარ შემოდის. შესაბამისად, პროდუქტების დეფიციტია. მარნეულში ხალხი ჩივის, რომ პროდუქტი ულპებათ და ვერ ყიდიან, ჩვენ კი ვჩივით, რომ საკვები არ გვაქვს. ძალიან მარტივია აქ კომუნიკაცია და ვისაც ამის მოგვარება შეუძლია, რატომ უნდა ელოდოს სხვას, ხომ შეიძლება ეს მაინც მოგვარდეს“, – ამბობს გულიკო შოშიტაშვილი.

მისი თქმით, ქალაქში არც სადეზინფექციო საშუალებები და პირბადეები იყიდება.

„ერთი პატარა აფთიაქია, სადაც ყველაფერს ვერ იყიდი. შეგიძლია წამალი შეუკვეთო და რამდენიმე დღეში ჩამოგიტანონ, მაგრამ წამლის გარდა გვჭირდება ჰიგიენური, სადეზინფექციო საშუალებები, პირბადეები, ამ ყველაფერზე არც ადრე გვქონდა ხელმისაწვდომობა და არც ახლა გვაქვს, როცა კარანტინი გამოაცხადეს“, – ამბობს გულიკო.

მისი თქმით, კარანტინის გამოცხადება არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა მიტოვებულად იგრძნონ თავი. „მე პირადად მიტოვებულად ვგრძნობ თავს და არა დაცულად. კი, ბატონო, კარანტინია და ჩაკეტილი ვართ, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან ყურადღება არ გვქონდეს. ამ ყურადღებას ვერ ვგრძნობთ. მაგრძნობინე, რომ დაცული ვარ და არა მიტოვებული.

პრემიერ-მინისტრი გამოვიდა გუშინ, ისაუბრა შეზღუდვების შემსუბუქებაზე, სალონების გახსნაზე და ერთხელ არ უხსენებია თეთრიწყარო, თითქოს ჩვენ ამ სივრცის ნაწილი არ ვიყოთ“.

გულიკო შოშიტაშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ვალდებულია მოქალაქეები სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველყონ.

რადგან კოვიდ19 თეთრიწყაროში კლინიკის თანამშრომლებს გამოუვლინდათ, ადგილობრივებს არც ერთადერთი სამედიცინო პუნქტით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ. შოშიტაშვილის თქმით, ამ კლინიკაში ისედაც შეზღუდულია სერვისები, ამჯერად კი საერთოდ ვეღარ იღებენ. „ითქვა, რომ მოიწვიეს სხვა სპეციალისტები და პირველადი ამბულატორიული დახმარებაზე წვდომა გვექნება, თუმცა მე, პირადად, არ ვიცი, ჩამოვიდნენ თუ არა ეს ექიმები: ვცდილობთ, ფრთხილად ვიყოთ, რომ რაიმე არ დაგვემართოს. თეთრიწყაროს კლასტერი მედიკოსები და მათი ოჯახის წევრები არიან, ამიტომ ვცდილობთ კლინიკებში მისვლისგან თავი შევიკავოთ“, – ამბობს გულიკო შოშიტაშვილი.

მისი თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბოლო რამდენიმე დღეა, რაც იმ ადამიანების სიების შეგროვება დაიწყო, ვისაც წამალი ან რაიმე სხვა დახმარება სჭირდება. „მგონი „ავერსიც“ აპირებს აფთიაქის გახსნას, თუმცა ჯერ არ არის ობიექტი დასრულებული“, – გვეუბნება გულიკო.

დღეს, 15 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მთლიანობაში 671-ია. მათგან 15 შემთხვევა გუშინ ღამით, ბოლნისში დადასტურდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონში საკარანტინოიმდგომარეობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რაც შესაძლოა თეთრიწყაროზეც აისახოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: