მთავარი,სიახლეები

მღვრიე წყალი ქობულეთის სოფელში, სადაც წყლის სისტემაზე 4 მილიონი დახარჯეს

14.05.2020 • 2448
მღვრიე წყალი ქობულეთის სოფელში, სადაც წყლის სისტემაზე 4 მილიონი დახარჯეს

„…მე ხუცუბანში ვცხოვრობ. ჩემს სოფელში სასმელი წყლის რეაბილიტაციაში 4 მილიონი ლარი დახარჯეს. ამ წყალს დღემდე დასალევად ვერ ვიყენებთ“, – ეს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მცხოვრებმა. მისივე თქმით, პრობლემის შესახებ მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ მთავრობას, თუმცა არაფერი შეცვლილა.

სოფელ ხუცუბანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია 2016 წელს ჩატარდა, რაშიც დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ქობულეთის მერიაში ახლაც იგივე პასუხი აქვთ, რაც სამი წლის წინ – „მუშავდება ალტერნატიული პროექტები“ – 2017 წელსაც ეს უთხრეს „ბათუმელებს“, როცა ხუცუბანში მღვრიე წყლის პრობლემაზე წერდა. მაშინ სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა ახალი დასრულებული იყო.

„…დაახლოებით 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება მღვრიე წყალი, მუშავდება ალტერნატიული პროექტები, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ეს წყალი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ეს დადასტურებულია“, – გვიპასუხეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.

„ახალგაწვიმებულზე იმღვრევა წყალი, შემდეგ კი ჩვეულებრივ იწმინდება“, – გვითხრა სულხან ევგენიძემ 2017 წელს, რომელიც მაშინ ქობულეთის გამგებელი იყო, დღეს კი, ის ბათუმის მერიის თანამშრომელია.

რატომაა მღვრიე წყალი, როცა პროექტზე 4 მილიონი დაიხარჯა და რატომ ვერ მოგვარდა პრობლემა დღემდე, როცა პროექტის განხორციელების დროსაც ცნობილი იყო ამ პრობლემის შესახებ? – ქობულეთის მერიის პრესცენტრმა მუნიციპალური ორგანიზაციის „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორს, სულიკო თხილაიშვილს დაგვაკავშირა.

„მოსახლეობას სოფელ ხუცუბანში სუფთა წყალი მიეწოდება“, – გვიპასუხა სულიკო თხილაიშვილმა და როცა ვუთხარით, რომ ონკანებში მღვრიე წყალი მოდის, დასძინა: „ბაქტერიოლოგიური პრობლემა არ გააჩნია… მეც ხუცუბანში ვცხოვრობ პირადად და ასეთი პრეტენზია არ მომისმენია,“ – თქვა მან.

სულიკო თხილაიშვილი ადასტურებს, რომ ყოველი გაწვიმების შემდეგ წყლის სისტემას რამდენიმე საათით კეტავს. იგი ირწმუნება, რომ სხვაგვარად არ ხერხდება. მან ეს პროცესი ისე აღწერა, თითქოს პრობლემა არაფერია – გაწვიმდება. მოდის მღვრიე წყალი. წყალს კეტავენ.

4 მილიონი დაიხარჯა პროექტში და თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ წყალი მღვრიე იქნებოდა ყოველი გაწვიმების შემდეგ?  – ვკითხეთ „ქობულეთის სოფლის წყლის“ ხელმძღვანელს.
„თქვენ გინდათ, რომ მათქმევინოთ რაღაც…“ – აღნიშნა სულიკო თხილაიშვილმა. – „პროექტის მიხედვით ყველაფერი არის ნორმალურად გაკეთებული, მაგრამ არ არსებობს საშუალება, რომ ეს პრობლემა არ იყოს…. რომ არ აიმღვრეს, ეს გამორიცხულია,“ – გვითხრა მან. სულიკო თხილაიშვილი მიიჩნევს, რომ 4 წლის წინანდელ პროექტზე პასუხი მას არ უნდა მოსთხოვონ, რადგან ის ბოლო ორი წელია ხელმძღვანელობს ქობულეთის სოფლის წყალს.
რატომაა ტექნიკურად შეუძლებელი სასმელი წყალი არ იმღვრეოდეს? – საბოლოოდ, სულიკო თხილაიშვილმა გვიპასუხა, რომ რადგან ეს პრობლემა წყლის სისტემის ოთხმილიონიანი პროექტის შედეგად ვერ მოგვარდა, მას „აჭარის წყლის ალიანსი“ მიხედავს, ამჯერად გერმანიის მთავრობის დაფინანსებით. „ქობულეთის სოფლის წყლის“ უფროსმა ვერ გვითხრა, რამდენი დაიხარჯება კიდევ ერთხელ ხუცუბანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, თუმცა გვითხრა კონკრეტული დრო, როცა ეს პრობლემა მოგვარდება.
„ხუთწლიანი პროექტი არის და ხუთი წლის შემდეგ იქნება ეს პრობლემა მოგვარებული… ევროპულ დონეზე მოგვარდება, დანარჩენი რა შემიძლია გითხრათ?“ – კითხულობს „ქობულეთის სოფლის წყლის“ ხელმძღვანელი.

სასმელი წყალი სოფელ ხუცუბანში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: