მთავარი,სიახლეები

„კიბო არ ითმენს“ – ონკოპაციენტები მკურნალობის 100%-ით დაფინანსებას ითხოვენ [პეტიცია]

14.05.2020 • 2690
„კიბო არ ითმენს“ – ონკოპაციენტები მკურნალობის 100%-ით დაფინანსებას ითხოვენ [პეტიცია]

ონკოპაციენტების მიერ დაარსებული ორგანიზაცია – „ევროპა დონა ჯორჯია“ პეტიციას ავრცელებს. ამ პეტიციით ისინი მოითხოვენ, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ კრიზისულ პერიოდში ონკოპაციენტთა მკურნალობა სახელმწიფომ 100 პროცენტით დააფინანსოს.

„ბათუმელები“ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ანა მაზანიშვილის ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ონკოპაციენტები მძიმე ფინანსურ კრიზისში არიან.

„ჩვენ, ონკოპაციენტები, ისედაც მძიმე და რთულ გზას გავდივართ, როცა კოვიდ 19-ის გამო ჩაიკეტა ქალაქები, დაიხურა სამსახურები და ადამიანები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. ახლა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ.

ძალიან ბევრი ონკოპაციენტი მწერს, რომ ბავშვისთვის პურს ვერ ყიდულობს, ვიღაც ქირით ცხოვრობს და მეპატრონე სახლიდან აგდებს ქირის გადაუხდელობის გამო. მეც გამიჭირდა ფსიქოლოგიურად, რადგან ძალიან ბევრი ატირებული ადამიანი მომმართავს დასახმარებლად“, – ამბობს ანა მაზანიშვილი.

სახელმწიფო ონკოპაციენტების მკურნალობას მხოლოდ 70 პროცენტით აფინანსებს, სოციალურად დაუცველ პაციენტს კი – 90 პროცენტით. თუმცა, როგორც ანა ამბობს, ამ პაციენტებისთვის ის დარჩენილი 30 თუ 10 პროცენტი თანხის მოძიებაც ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

„პაციენტი, რომელიც მწერს, რომ ბავშვისთვის პურს ვერ ყიდულობს, 10 პროცენტი თანხა საიდან უნდა მოიტანოს? ადრე თუ ეხმარებოდნენ მეგობრები, ახლობლები, ახლა მათაც აღარ აქვთ შემოსავალი. ადამიანები მწერენ, მირეკავენ, რომ ვერ იტარებენ მკურნალობას“, – ამბობს ანა.

მისი თქმით, ონკოპაციენტებს ყოველ 21 დღეში მინიმუმ 300 ლარის დამატება სჭირდებათ ქიმიოთერაპიაზე. თუმცა ქიმიოთერაპიის შემდგომი მკურნალობა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის რეაბილიტაციისთვის, საერთოდ არ ფინანსდება.

„რაც ფინანსდება, ისიც პრობლემატური გახდა, რადგან ახლა იწელება დროში, მიზეზი სულ არის. 1605 ცხელი ხაზი გახდა რეალურად და სულ დაკავებულია. გაუმართავია უკვე ეს ყველაფერი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ, ონკოპაციენტები, კოვიდ 19-ის პირობებში მაღალი რისკის ჯგუფი ვართ და მკურნალობის გარეშეც არ გამოდის, რადგან კიბო არ ითმენს“, – ამბობს ანა მაზანიშვილი.

პეტიციას უკვე  ხელი მოაწერა 700-ზე მეტმა მოქალაქემ. მთლიანობაში 5000 ხელმოწერაა საჭირო.

 

მთავარი ფოტო: EUROPA DONNA GEORGIA/სოლიდარობის აქცია ონკოპაციენტთა მხარდასაჭერად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: