მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ვირუსი შეიძლება არასოდეს გაქრეს – ჯანმო კორონავირუსსა და ვაქცინაზე

14.05.2020
ვირუსი შეიძლება არასოდეს გაქრეს – ჯანმო კორონავირუსსა და ვაქცინაზე

COVID19- ის გამომწვევი კოროვირუსი, შეიძლება აივ-ინფექციის მსგავსად, მუდმივად არსებული ვირუსი გახდეს – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა იმაზე საუბრისას, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის ცირკულაცია მსოფლიოში.

„ეს ვირუსი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ენდემური ვირუსი ჩვენს საზოგადოებებში და შესაძლოა, ეს ვირუსი არასოდეს გაქრეს.

აივ-ი არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ მისი კონტროლი, ჩვენ ვიპოვეთ თერაპიული, ასევე პრევენციის საშუალებები, აივით დადებითი ადამიანები საკმაოდ დიდ ხანს ცოცხლობენ და ადამიანებს უკვე ისე აღარ ეშინიათ ამ ვირუსის. მე არ ვადარებ ამ ორ დაავადებას ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ – ჩვენ არ ვიცით ეს ვირუსი გაქრება თუ არა. ცხადია, თუ ვიპოვით ეფექტურ ვაქცინას და მივაწოდებთ მას ყველას მსოფლიოში, შეგვეძლება ამ ვირუსის ელიმინაცია,“ – განაცხადა მაიკ რაიანმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ონლაინბრიფინგზე.

მისივე თქმით,  კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის პოვნისა და მისი ყველასთვის მიწოდების გარდა მნიშვნელოვანია მისი გამოყენება. მისი ეს განცხადება ნაწილობრივ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს მიემართებოდა, რადგან რაინმა მოგვიანებით დასძინა:

„მაპატიეთ, თუ ცინიკური ვარ, მაგრამ ამ პლანეტაზე იდეალურად ეფექტური ვაქცინები გვაქვს, რომლებსაც ვერ ვიყენებთ ეფექტურად, ისეთი დაავადებებისთვის, რომელთა ელიმინაციაც შეგვეძლო და ჯერ ვერ მოვახერხეთ… მეცნიერებას შეუძლია შეიმუშაოს ვაქცინა, ვიღაცამ უნდა შექმნას ის, თანაც საკმარისი რაოდენობით, ჩვენ უნდა შევძლოთ მისი მიწოდება თანაბრად ყველასთვის და ადამიანებმა უნდა გაიკეთონ ის – ყველა ეს ნაბიჯი მოიცავს გამოწვევებს.  მაგალითად, არსებობს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ წითელა ჯერ კიდევ არ გამქრალა.

ვფიქრობ, აქ არანაირი დაპირება, არანაირი თარიღი არ არის. ეს ვირუსი შესაძლოა დარჩეს გრძელვადიან პრობლემად, ან არ დარჩეს, მაგრამ ფაქტია – საჭიროა ძალიან დიდი ძალისხმევა,” – თქვა მაიკ რაიანმა.

ამ დროისთვის მეცნიერები ასზე მეტ პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ, მათი ნაწილი კლინიკური კვლევების ეტაპზეა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: