ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ქობულეთში 5-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს


„კრილია სოვეტოვის “ ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ქობულეთში ხუთმილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. თუ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს [აბაშიძის ქუჩის #90-ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს] მიიღებს სპორტსმენი, ოთხმოცნომრიან სასტუმროს ააშენებს 10 495 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

ის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, იჯარის წესით, ასევე ითხოვს ზემოთ აღნიშნული მისამართის გვერდით არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიას. თუმცა დოკუმენტებში დაზუსტებით არ ჩანს, კონკრეტულად რომელ მიმდებარე ტერიტორიაზეა საუბარი და იგულისხმება თუ არა პლაჟი.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაგეგმილ ინვესტიციასთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას აზრი უკვე ჰკითხა. მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმში, რომელმაც პროექტი უკვე განიხილა და მოიწონა, ნათქვამია, რომ ფეხბურთელი ქობულეთში ჯამში ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე კი 50 000 ლარს დახარჯავს.

ტერიტორიზე, რომელსაც ფეხბურთელი ითხოვს, მრავალწლიანი ხეებია გაშენებული. რა ბედი ელის ამ ხეებს, ჯერჯერობით, ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ არც ერთ დოკუმენტში არ წერია.

ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმის  მიხედვით, ჯანო ანანიძე ინვესტიციას განახორციელებს ქონების ეროვნული სააგენტოს პროექტის ფარგლებში – „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“. ამ დროის მონაცემებით, ზემოთ აღნიშნული ნაკვეთი ჯერ ისევ ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაშია.

ქობულეთის მიზანშეწონილობის კომისიამ  მოთხოვნილი ნაკვეთის გასხვისებაზე 2019 წლის 23 იანვარს იმსჯელა. 2019 წლის 21 მარტს კი ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ტერიტორიას პირობიანი აუქციონით გაასხვისებენ. საწყის საპრივატიზებო თანხად ორი მილიონ  110 000  ლარი განისაზღვრა.

ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანებაში ნათქვამია, რომ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის 433 00 კვ.მეტრია, რომელზეც დადგენილია სერვიტუტის უფლება – შემძენმა ზღვასთან მისასვლელი გზა უნდა მოაწყოს და ქვაფენილით მოაპირკეთოს, ასევე უზრუნველყოს ამ გზის განათება.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, ინვესტორებს  შესთავაზოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსები.

 

მთავარი ფოტო: ჯანო ანანიძის ფეისბუქგვერდიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი