გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ივლისის 21 საათიდან 13 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, დღისით შესაძლებელია იწვიმოს ძლიერად.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 22– 27 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია, მოსალოდნელია 3-4-ბალიანი ღელვა.
მომდევნო 2 დღეს, 14-15 ივლისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, გადადგომას სთხოვენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლაშა კომახიძეს არ სურს ამ მოთხოვნის უპირობოდ შესრულება და გადადგომის სანაცვლოდ ის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის სიაში ჩასმას ითხოვს. მას ამ პირობაზე უარს ეუბნებიან.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელიც ასევე ინფორმირებულმა პირმა დაგვიდასტურა, ლაშა კომახიძესთან მოსალაპარაკებლად აზერბაიჯანიდან მოქმედი ელჩი, ზურაბ პატარაძე გამოიძახეს და ის ამჟამადაც თბილისში იმყოფება. თავის დროზე ლაშა კომახიძის კანდიდატურა ქალაქის მერად მმართველ პარტიას სწორედ ზურაბ პატარაძემ შესთავაზა.
თავად ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის დღეს მედიასთან კონტაქტზე არ გამოვიდა. მისი თანამდებობიდან წასვლა დღეს, 11 ივლისს, მერიის პრესსამსახურში არ დაადასტურეს და გვითხრეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს მერი ორშაბათს, 13 ივნისს გასცემს პასუხს.
არის ვარაუდი, რომ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას.
ლაშა კომახიძის შესაძლო გადადგომას ტყუილს უწოდებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე. პარლამენტის დეპუტაცია აჭარიდან, ისევე როგორც უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი აცხადებს, რომ ლაშა კომახიძის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ არაფერი იციან.
ლაშა კომახიძე ბათუმის არჩეული მერია 2017 წლიდან. მას უფლებამოსილების ვადა გასდის 2021 წელს. შესაბამისად, ლაშა კომახიძის გადაყენების უფლება არავის აქვს, გარდა საკრებულოს უმრავლესობისა. ასევე არჩეული მერი შეიძლება გადააყენონ იმ შემთხვევაში, თუ მას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდება.
მსოფლიოში მშვიდობის საწინდარი ჩვენს სახლებში მშვიდობაა, როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, როდესაც მსოფლიოს „ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა გენდერული ნიშნით ძალადობასთან დაკავშირებით – ამგვარი ძალადობა პანდემიაა COVID 19-ის პანდემიის ფარგლებში. ყოველი სამიდან ერთ ქალი, სიცოცხლის განმავლობაში, ერთჯერ მაინც ხდება ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ახლა, როდესაც ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში მკაცრი იზოლაცია მოქმედებს და ოჯახებში დაძაბულობა მატულობს, გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართულებით მდგომარეობა მწვავდება, ხოლო სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება ჩრდილში აღმოჩნდა, ჯანდაცვის სისტემების COVID 19-თან გამკლავების ძალისხმევის ფონზე.
COVID 19-ით გამოწვეულმა კრიზისმა შემაძრწუნებელი დარტყმა მიაყენა ადამიანებს, საზოგადოებასა და ეკონომიკას, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. თუმცა, ყველას თანაბარი ზიანი არ მიდგომია და, ჩვენ ხშირად ვხდებით სავალალო ტენდენციის მოწმე, რომ ქალები და გოგონები ყველაზე მეტად ზარალდებიან.
COVID 19-ი, დიდი ალბათობით, შეაფერხებს გლობალურ ძალისხმევას სამი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, რომლებიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ძირითად საზრუნავსა და მიზანს წარმოადგენს, ესენია: 2030 წლისთვის დასრულდეს დედათა სიკვდილობა, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა კონტრაცეფციაზე და გენდერული ნიშნით ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ და მათ წინააღმდეგ მიმართული საზიანო პრაქტიკები. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროგნოზით, მიმდინარე პანდემია გლობალურ მიღწევებს, გენდერული ნიშნით ძალადობის დასრულების მიმართულებით, სულ მცირე, ერთი მესამედით შეამცირებს, მომავალი ათწლეულის განმავლობაში. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ჯანმრთელობის მომსახურებათა მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიწოდების ფონზე, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 47 მილიონ ქალს შეეზღუდება წვდომა თანამედროვე კონტრაცეპტივებზე, რის შედეგადაც მივიღებთ 7 მილიონ დაუგეგმავ ორსულობას.
დღეს, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის დღეს აღვნიშნავთ, ჩვენი ყურადღება მიპყრობილია ქალებისა და გოგონების დაუცველობასა და მათ საჭიროებებზე, COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის დროს, და იმაზე, თუ რატომ არის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა და გენდერული ნიშნით ძალადობის ფარულად მიმდინარე პანდემიის დასრულება ესოდენ აუცილებელი, განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგევართ.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს თანამედროვე კონტრაცეპტივებისა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა საქონლის ხელმისაწვდომობა და რომ ბებიაქალები და სხვა სამედიცინო პერსონალი სათანადოდ იყვნენ აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რაც მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
ჩვენ იმედს გვისახავს ის ფაქტი, რომ 146-მა წევრმა სახელმწიფომ უკვე მოაწერა ხელი გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას ჩვენს სახლებში მშვიდობის უზრუნველყოფის რეალობად ქცევის შესახებ და ჩვენ ვერთიანდებით მათ მხარდასაჭერად. COVID 19-ზე რეაგირების ფარგლებში, ჩვენ გამოვდივართ დისტანციური მომსახურების ინიციატივით, როგორიცაა ცხელი ხაზების, ტელემედიცინისა და დისტანციური საკონსულტაციო მომსახურების შემოღება და დანერგვა და ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს, რათა დავეხმაროთ მთავრობებს იმ პირების იდენტიფიცირებასა და მათთან დაკავშირებაში, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებასა და თანადგომას.
გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით გაკეთებული პოზიტიური საჯარო განხადებები და გზავნილები და გენდერული სტერეოტიპებისა და მავნე სოციალური ნორმების წინააღმდეგ გალაშქრება ძალადობის რისკის შემცირებას ემსახურება. და ამ ძალისხმევაში მთავარი მოკავშირეების ფუნქცია მამაკაცებსა და ბიჭებს ეკისრებათ.
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის უფლებაა, და ისევე, როგორც არ წყდება ორსულობები და მშობიარობები, ადამიანის უფლებებიც არ წყვეტს არსებობას პანდემიის გამო. მოდით, გავერთიანდეთ, რათა შევაჩეროთ COVID 19-ის პანდემია და დავიცვათ ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობა და უფლებები – ახლა!
არცერთ ორგანიზაციას თუ ქვეყანას არ შესწევს ძალა დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. მიმდინარე პანდემია კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გლობალურ დონეზე. გაერო, რომელიც წელს დაარსებიდან 75-ე წლისთავს აღნიშნავს, სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, რაც გლობალურ პრობლემებთან გამკლავების ერთადერთი გზაა. დღეს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ესოდენ სოლიდარულია და კიდევ ერთხელ გაერთიანდა, ამჯერად პანდემიასთან გამკლავების მიზნით, მე მჯერა, რომ ამ გზით ჩვენ საფუძველს ჩავუყრით უფრო მდგრადი საზოგადოების შენებას, სადაც დაცული იქნება გენდერული თანასწორობა, და რომელიც ჯანსაღი და წარმატებული მომავალის საწინდარი გახდება.
ბათუმის მერიის პრესსამსახური ბათუმის მერის – ლაშა კომახიძის გადადგომის თაობაზე დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
პრესსამსახურის განმარტებით, ლაშა კომახიძე თანამდებობიდან არ გადამდგარა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, მის შესაძლო გადადომასა და „ოცნების“ პარტიული სიით საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, მერი მედიის კითხვებს უახლოეს მომავალში უპასუხებს.
თავად ლაშა კომახიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ინფორმაცია ბათუმის მერის გადადგომის თაობაზე დღეს, 11 ივლისს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა.
ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე ტროტუარის ერთი მონაკვეთით მოსახლეობა საერთოდ ვერ სარგებლობს და ის უკვე თვეების განმავლობაში გასაყიდ მანქანებს აქვთ დაკავებული.
პარკინგი პროტუარზე
ეს ტროტუარი ესაზღვრება ისეთ საზოგადოებრივ დაწესებულებებს, როგორიცაა ბანკი, ტექნიკის შეკეთების სერვისები და სხვა.
ადგილობრივების თქმით ამ ქუჩის ტროტუარების სხვა მონაკვეთებიც დატვირთულია და მათი სხვადასხვა ნაწილი კომერციულ ობიექტებს აქვთ ათვისებული, ქუჩაზე კი მაქნების ინტენსიური მოძრაობაა დილიდან გვიან საღამომდე, რაც დამატებითი საფრთხეა, განსაკუთრებით მოზარდებისთვის.
გადატვირთული ტროტუარები და ქვეითისთვის დატოვებული ვიწრო ადგილი განსაკუთრებულ პრობლემას ეტლით მოსარგებლეებსა და იმ პირებს უქმნის, რომლებიც ბავშვებს ეტლით ასეირნებენ.
კომპანია „ჯეტ გრუპი“ სოფელ ზედა მახუნცეთში ზიპლაინის მოწყობას გეგმმავს, კომპანია სპეციალური გრავიტაციული გზის მოსაწყობად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს გამოიყენებს. რეესტრის მონაცემებით შესაბამისი შეთანხმება კომპანიას აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინიტროსთან უკვე გაფორმებული აქვს.
პროექტის შეთანხმების მოთხოვნით კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც მიმართა, რადგან ტერიტორია, სადაც „ჯეტ გრუპი“ მშენებლობას გეგმავს ძეგლის დაცვის ზონაშია.
სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, სადაც საკითხი განიხილეს, საბჭოს წევრებმა პროექტი შეითანხმეს, იმ პირობით რომ კომპანია დამატებით გაივლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს შესაბამის სტრუქტურებთან.
სააგენტოსთვის წარდგენილი ილუსტრაციის მიხედვით გრავიტაციული გზა, რომლის მოწყობასაც კომპანია გეგმავს, დაფარავს მდინარე აჭარისწყლის კალაპოტს, გადადის სოფლის ტერიტორიაზე და სოფლის მეორე მხარეს მთებში სრულდება.
რეესტრის მონაცემებით კომპანია „ჯეტ გრუპი“ 2019 წლის აპრილშია დაფუძნებული და წილებს სამი მესაკუთრე ჯიმშერ პაქსაძე, ტრისტან წივილაშცილი და თეა ჭურკვეიძე ფლობენ.
სოფელი მახუნცეთი აწარაში ტურისტული თვალსაზრისით ერთერთი მოთხოვნადი ადგილია, აქ მნახველებს ძირითადად, თამარის თაღოვანი ხიდი და ჩანჩქერი იზიდავს.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-4 ეტაპის ვადები შეიცვალა. სამინიტროში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს.
მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 20 აგვისტოს ნაცვლად 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.
სამინიტროს განმარტებით ვადები ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობის გათვალისწინებით გახანგრძლივდა.
„სამინისტროში შემოსული დიდი რაოდენობით მოქალაქეთა განცხადებების გათვალისწინებით, რომელთა შვილები ელექტრონული რეგისტრაციით ვერ მოხვდნენ სასურველ ან ვერცერთ ახლომდებარე სკოლაში და გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან, სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩაითვალა დაჩქარდეს რეგისტრაციის მე-4 ეტაპის დაწყება რათა დარჩენილ ადგილებზე სკოლებს დროულად მიეცეთ შესაძლებლობა რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ბავშვები ჩარიცხონ. სწორედ ამიტომ, რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.“ – ნათქვამია სამინიტროს განცხადებაში.
სამინიტროს ინფრომაციით IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე დარეგისტრირდებიან მოსწავლეები, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
სამინისტრო განმარტავს ასევე, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას, სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.
ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი [ასეთის არსებობის შემთხვევაში]. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
აჭარაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საუბარია ერთ ოჯახში ინფიცირებულ 5 ადამიანზე. ამის შესახებ დღეს, 11 ივლისს, ჟურნალისტებთან განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ინფიცირების პირველწყარო სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელსაც თავდაპირველად ვირუსი არ დაუდასტურდა, ახლა კი ოჯახის 5 წევრი, მძღოლის ჩათცლით, ინფიცირებულია. ოთხი ინფიცირებული გადაყვანილია თბილისში, მათგან 2 არასრულწლოვანია.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, შესწავლილია 18 კონტაქტი და ეპიდემიოლოგები აგრძელებენ სხვა კონტაქტების შესწავლას.
11 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი.
დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 981 შემთხვევა, 851 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველო წელს პირველად შეუერთდა გონკურის პრემიის გამცემი ქვეყნების რიგებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული მედიათეკის სტუდენტურმა ჟიურიმ დაასახელა საქართველოში გონკურის პრემიის 2020 წლის გამარჯვებული ავტორი ჟან ლუკ კუატალენი, რომანით – „შვილის წილი“. ქართველმა სტუდენტებმა არჩევანი ამ ოთხი ფრანგი ავტორის რომანებს შორის გააკეთეს:
ჟან პოლ დუბუა – „ყველა ადამიანი ერთნაირად არ ცხოვრობს მსოფლიოში“ [Jean-Paul Dubois – „Tous les hommes n’habitent pas le monde de la même”]
ოლივიე როლენი – „გარესამყარო“ [Olivier Rolin – „Extérieur monde”]
ჟან ლუკ კოატალემი – „შვილის წილი“ [Jean-Luc Coatalem – La part du fils]
გონკური ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაა საფრანგეთში. ამ პრემიით წლის საუკეთესო ფრანგულენოვანი რომანი ჯილდოვდება. პრემია პირველად 1903 წლის 21 დეკემბერს გაიცა. დაახლოებით 15 წელია, რაც გონკურის პრემიის გაცემა შეუძლიათ სხვა ქვეყნებსაც. პირველი ამ ქვეყნებს შორის პოლონეთი იყო. მას ნელ-ნელა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. ალფონს დოდეს მიერ დაარსებული პრემია საქართველომ წელს პირველად გასცა.
პრესტიჟული ფრანგული ლიტერატურული პრემიის გამცემ ქვეყანად საქართველოს დასახელების იდეა პირველად გონკურის აკადემიის ათი წევრიდან ერთ-ერთს, მწერალს, დრამატურგსა და ფილოსოფოს ერიკ ემანუელ შმიტს მოუვიდა ორი წლის წინ, საქართველოში ყოფნისას.
მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის წევრი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი ამ შეხვედრის მონაწილე იყო:
„საქართველოში საფრანგეთის მაშინდელი ელჩის, პასკალ მენიეს შეხვედრაზე შმიტმა შემოგვთავაზა მიგვეღო მონაწილეობა გონკურის პრემიის გაცემაში, რაზედ სიამოვნებით დავთანხმდით. ელჩმა ჩვენს უნივერსიტეტს სთხოვა ორგანიზების გაწევა, იდეა მივაწოდე რექტორ გიგა ზედანიას და გადავწყვიტეთ ილიას უნივერსიტეტს საორგანიზაციო საკითხები მოეგვარებინა, კერძოდ ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვებული ავტორის საქართველოში მოწვევას, დავამზადეთ სპეციალური პრიზი. ჩვენივე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გამარჯვებული რომანის თარგმნას და გამოცემას.
ყველაფერს ვგეგმავდით საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან შეთანხმებით, რომლის დირექტორიც თამარ ხოსრუაშვილია, სწორედ ის აწარმოებდა გონკურის აკადემიასთან უწყვეტ მოლაპარაკებებს“ – ამბობს მზაღო დოხტურიშვილი.
მისი თქმით გონკურის აკადემიის მოთხოვნა იყო, რომ სტუდენტებს აერჩიათ ოთხ ფინალისტ ავტორს შორის გამარჯვებული.
თავდაპირველად აკადემია აცხადებს ფრანგული გამომცემლებისთვის კონკურსს, რომლებიც საკუთარ ავტორებს წარადგენენ, მათ შორის აკადემია 15 საუკეთესო რომანს გამოავლენს, 15 საუკეთესოს შორის კი ბოლოს 4 რომანი რჩება, რომელთაგანაც ერთი გამარჯვებული ვლინდება.
„საქართველოს გონკურის არჩევანი“ – ასე ქვია ქართულ გონკურს, რომლის რჩეული ავტორიც 9 ივლისს, ილიას უნივერსიტეტის ფეისბუგვერდზე, პირდაპირ ეთერში გამოვლინდა. გონკურის პრემიაზე ჯილდოდ ყოველწლიურად სიმბოლური თანხა, 10 ევრო გაიცემა, მაგრამ ამ პრემიის მფლობელის წიგნები მთელ მსოფლიოში სწრაფად იყიდება და ითარგმნება სხვადასხვა ენაზე.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის 2020 წლის 13 ივლისიდან დაშვებულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ, დღეს, 10 ივლისს მიიღო. საქართველოს მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარი, ჯერჯერობით, მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან აქვს გახსნილი – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
ამ დადგენილებით ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლითაც შეჩერებულია საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. მათ შორის პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა „2020 წლის 13 ივლისიდან არ ვრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
[checklist]
მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).
[/checklist]
ამასთან, „გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.“
„იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიხედვით, „ჩერდება პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით. შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის მცურავი საშუალების ორგანული ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებში სასწავლო მიზნებით განხორციელებულ ფრენებზე“.
მთავრობის 10 ივლისის დადგენილებით ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში, საიდანაც ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ეს დადგენილება ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე“.
შესაბამისად, უცნობი რჩება თუ რა დრომდე იქნება ძალაში აღნიშნული წესები.
პარალელურად, პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია კანონპროექტი “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მთავრობას 2021 წლის პირველ იანვრამდე ექნება შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიზანია 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, “რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს”.
9 ივლისიდან კი საქართველოს მთავრობამ 18 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის ნებართვა დართო.
ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია და ისლანდია.
„არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე ერდოღანს ბევრი აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი და ისევ რელიგიური პოპულიზმის გამოყენებას ცდილობს,“ – მიიჩნევს აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე. ეს გადაწყვეტილება თურქეთში დღეს, 10 ივლისს მიიღეს. სანდრო ბაკურაძე ელის, რომ აია სოფიას, როგორც მეჩეთს, საზეიმოდ 15 ივლისს გახსნიან. ეს თარიღი სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება, ანუ 4 წლის წინანდელ პროცესებს… აღმოსავლეთმოცდნე ფიქრობს, რომ აია სოფიას მეჩეთში ლოცვას ერდოღანიც დაესწრება, მაგრამ ეს იდეა ვერ იმუშავებს და მალე იქ ისევ მუზეუმს გახსნიან.
რატომ დასჭირდა თურქეთის პრეზიდენტს აია სოფიას მუზეუმის სტატუსის გაუქმება და მისი მეჩეთად გადაკეთება? – „ბათუმელებმა“ აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძეს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.
ბატონო სანდრო, აქამდე ხშირად განიხილებოდა აია სოფიას მუზეუმის სტატუსის გაუქმება. თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა დღეს ამის გაკეთება თურქეთში ერდოღანის ხელისუფლებას?
აია სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის გაუქმებას, პირველ რიგში, აქვს სიმბოლური მნიშვნელობა. თურქულ მემარჯვენე პოპულიზმში აია სოფია საკმაოდ პოპულარული თემაა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან. აქამდე ვერც ერთმა მთავრობამ ადვილად ვერ გადადგა ეს ნაბიჯი, თუმცა მემარჯვენე პოპულიზმის თემა არ შეცვლილა. როცა ათათურქმა ოსმალეთისგან იდეოლოგიური და კულტურული გამოცალკევების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ აია სოფია გახდა ერთგვარი სიმბოლო ახალი სახელმწიფოს დაარსებისა. შემდეგ კი, რელიგიური პოპულიზმის გააქტიურების პარალელურად, აია სოფიას მეჩეთად ხელახლა გადაკეთება იქცა ისტორიის გაცოცხლებად, მასთან დაბრუნების ახალ სიმბოლოდ.
დღეს, უბრალოდ, ეკონომიკური პრობლემების პირობებში, ერდოღანს ბევრი აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი. სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე ნარატივის აგებამ მას რეიტინგი ვერ მოუტანა, ამან არ იმუშავა და ახლა ისევ რელიგიური პოპულიზმის გამოყენებას ცდილობს.
რატომ ვერ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ერდოღანის წინამორბედმა პოლიტიკოსებმა?
მათ, უბრალოდ, ამის საჭიროება არ ჰქონდათ. თურქეთში მემარჯვენე ძალები ყოველთვის პოპულისტები იყვნენ და მიმართავდნენ რელიგიურ და კულტურულ თემატიკას, თუმცა აია სოფიას მეჩეთად გადაქცევა არ დასჭირვებიათ ფიზიკურად.
რაც შეხება ერდოღანს, ბოლო პერიოდში თითქმის ყველა ავტორიტეტული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ერდოღანის და მისი პოლიტიკური ალიანსი რეიტინგი დღითიდღე იკლებს, ძირითადად, ეკონომიკური პრობლემების გამო. შესაბამისად, სხვა რამის მოფიქრება იყო საჭირო. ერდოღანმა ბოლო პერიოდში უმატა რიტორიკას იმ კუთხით, რომ 2016 წლის 15 ივლისიდან, როცა თურქეთში სამხედრო გადატრიალება სცადეს, ახალი თურქეთი დაარსდა და აია სოფიას მეჩეთად გადაქცევა იქნება ამ ახალი თურქეთის სიმბოლო. დიდი ალბათობით ზუსტად 15 ივლისს გახსნიან აია სოფიას, როგორც მეჩეთს და ერდოღანიც დაესწრება ამას. თავის წარმოსახვაში ერდოღანი ახალი თურქეთის სიმბოლოს ეძებს.
როგორ იმუშავებს ეს სიმბოლო თურქეთში, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
ვფიქრობ, რომ ამ სიმბოლოს შექმნით ცდილობენ 15 ივლისის და ახალი სახელმწიფოს იდეის პუბლიკისთვის გათავისებას, მაგრამ ეს არ გამოვა. 15 ივლისის ნარატივის ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას ისედაც არ სჯეროდა და ეს თარიღი არც ერდოღანის ამომრჩევლებში მუშაობს. აია სოფიას სიმბოლოთი ცდილობენ ერდოღანის ამომრჩევლებში ზუსტად ამ იდეის განმტკიცებას, თუმცა გამოკითხვები და ბოლო არჩევნებიც აჩვენებს, რომ თურქეთში ამომრჩეველი გადაწყვეტილების მიღების დროს ძირითადად ეკონომიკას უყურებს.
და რელიგიას არა?
რელიგიური ფაქტორი აქ არც ისე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. თურქეთში რელიგიური პოპულიზმი ყოველთვის იყო პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილი, რასაც თურქულ-ისლამურ სინთეზსაც უწოდებენ, მაგრამ რეალური დასაყრდენი ბევრად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ თურქი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ერდოღანს ამ გადაწყვეტილებას მოუწონებს, მისი პოლიტიკური განწყობა მაინც არ შეიცვლება, მიუხედავად ოფიციალური იდეოლოგიის მიმართ გადადგმული ხარკისა. ეს ნაბიჯი არის ხელისუფლების ბოლო კარტის გათამაშება, ვა-ბანკზე მიდის ერდოღანი…
რა გათვლა აქვს ერდოღანს, თქვენი აზრით, მან ხომ იცის ამომრჩევლის განწყობა?
მას სურს ქვეყნის შიგნით ახალი სახელმწიფოს იდეის შექმნის განმტკიცება, მაგრამ ეს ვერ იმუშავებს. ადრეც იყო მსგავსი მცდელობა, როცა 1960 წლის 27 მაისის გადატრიალების შემდეგ დაღუპულები ათათურქის გვერდით დაკრძალეს. აქაც იყო ახალი თარიღის შექმნის მცდელობა, თუმცა მალე ეს აღარავის ახსოვდა… მე ვფიქრობ, 15 ივლისის და აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ნარატივიც არ იმუშავებს და აია სოფიას ისევ მუზეუმად გადააკეთებენ.
რა გზავნილია აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება მსოფლიოსთვის?
თურქეთის და დასავლეთის ურთიერთობა ყოველთვის პრაგმატული იყო და ამჯერადაც არაფერი შეიცვლება… საერთაშორისო დონეზე ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთი თავის თავს, ზოგადად, ევროპულ სახელმწიფოდ აღარ მოიაზრებს და ოფიციალური იდეოლოგია ისლამს უკავშირდება. თუმცა იგივე თურქეთში ჩატარებული გამოკითხვებით თუ შევხედავთ, მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ მათთვის იდეალი ევროპის ქვეყნები და ამერიკაა.
ხომ არ შეიძლება ელოდოს საფრთხე აია სოფიას, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლს, რადგან იქ მეჩეთი უნდა მოეწყოს?
არა მგონია, ეს საფრთხე იყოს, რადგან თავის დროზე აია სოფია გადააკეთეს მეჩეთად და ის, რაც მეჩეთს სჭირდება, ყველაფერია, მინარეთებიც არსებობს, მხოლოდ მათი ამოქმედებაა საჭირო. ერთადერთი შესაძლებელია, რომ მინარეთებზე ხმის გამაძლიერებლები დააყენონ. სულ ესაა.
ბათუმში ევროპის მოედანზე ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდება. შენობას არსებული სახით აღადგენენ.
შენობის პროექტი ძეგლების საბჭომ დღეს, 10 ივლისს განიხილა, რის შემდეგაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
შენობის არსებული სახით აღდგენას ეწინააღმდეგებოდნენ სპეციალისტები და მიიჩნევდნენ, რომ ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას პირვანდელი ფასადი უნდა დაებრუნებინა და მოშოებოდა ფიგურებიანი ფასადის ნაწილი, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დაამატეს:
„კეთილი საქმის გაკეთება და ამ მშვენიერი შენობის გადარჩენა თუ გსურთ, მას იაფფასიანი ბიჟუტერია ჩამოხსენით, არ არის ის არც ღირებული და არც ავთენტური. არქიტექტურული გაუგებრობისგან გაათავისუფლეთ, მას რომ კლავს, შეურაცხყოფს, ამცირებს“- დაწერაარასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ ფეისბუქის გვერდზე ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა.
ბათუმში, მემედ აბაშიძის #30 -ში მდებარე ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ ერთხელ უკვე განიხილა [2020 წლის 14 მაისს] და სააგენტოს ხელმძღვანელს რეკომენდაცია მისცა – „პროექტი გასწორდეს არქიტექტურულ დეტალებთან და ფერებთან მიმართებაში“.
ამ სხდომის ოქმის მიხედვით, ძეგლის პირვანდელი, 2008 წლამდე არსებული იერსახით ითხოვდნენ სხდომაზე მიწვეული სპეციალისტებიც.
მოკლე ამონარიდი ოქმიდან:
ლია ბოკუჩავა: „2008- 2010 წლებში შენობის ფასადზე ჩატარებული სამუშაოების დროს დამატებული მორთულობები – ახალი არქიტექტურული მორთულობები ჩამოიხსნას ფასადის ზედაპირიდან…“
მანანა სურამელაშვილი: „ათიოდე წლის წინ შემატებული შეუსაბამო, ეკლექტური და ამავე დროს უხარისხო დეკორის მოხსნის ნაცვლად, მისი ე.წ. რესტავრაციის დაგეგმვა ძეგლთა დაცვის მეთოდოლოგიასთან სრულიად შეუთავსებელი და მიუღებელია“.
თამარ ამაშუკელი: „სამწუხაროდ 2010 წელს შენობას სრულიად შეუცვალეს იერი და სადა, შეიძლება ითქვას მკაცრი კლასიცისტური ობიექტი, ეპოქასთან სრულიად შეუფერებელ, ჭარბად დეკორირებულ არქიტექტურულ კიჩად აქციეს. აუცილებელია 2010 წელს დაშვებული შეცდომა გამოსწორდეს“.
ლელა ნინოშვილი: „ვეთანხები მოსაზრებებს, შენობას უნდა დაუბრუნდეს თავდაპირველი იერსახე“.
ამავე ოქმის მიხედვით, ძეგლის 2008 წლამდე არსებული იერსახის აღდგენას ითხოვდა საბჭოს წევრი სოფო ჭანიშვილი, ამ მოსაზრებას ეთანხმებოდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ზვიად ბურჭულაძეც, თუმცა დღეს სააგენტოში გვითხრეს, რომ რესტავრირების შეთავაზებულ პროექტს მხარი დაუჭირა საბჭოს ხუთმა წევრმა ორის წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დღეს გამართულ სხდომაზე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს და წარდგენილ პროექტს დაეთანხმნენ.
შენობა რესტავრაციამდე. შენობის სწორედ ასეთი სახით აღდგენას ითხოვდნენ სპეციალისტები.
საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წარდგენილი პროექტით ძეგლის აღდგენის საკითხს მხარი არ დაუჭირა და დირექტორს რეკომენდაცია მისცა, არ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. შოთა გუჯაბიძე „ბათუმელებთან“ საკითხის პირველ ჯერზე განხილვის შემდეგაც ამბობდა, რომ ინვესტორი არ დათანხმდებოდა მასშტაბის შეცვლას და მისი რეკომენდაცია მხოლოდ „2007-2008 წლებში გაფუჭებულის გამოსწორება იყო“:
„პროექტი ითვალისწინებს ფასადის რესტავრაციას. ის, რაც გაკეთდა ათი წლის წინ, არ შეიძლება ბათუმის ისტორიის ნაწილად ჩაითვალოს. ეს არ არის ღირებული, გარდა ამისა ძველი იერსახით ფასადის აღდგენა გაცილებით იაფი დაუჯდება მეპატრონეს, მოსახსნელი იქნება ახალი ფენა და გამოჩნდება ქვედა ფენა, თან ქალაქისთვის უკეთესი იქნება.“
სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „სააგენტოში რამდენიმე პროექტი იყო წარდგენილი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არაერთი სართულის დაშენებას. სააგენტოს მიერ მკაფიოდ იქნა მოთხოვნილი არსებული მოცულობის შენარჩუნება და სარემონტო სამუშაოების წარმოება ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე.“
იგივე პოზიცია აქვს კომპანიასაც, „მეტრო ჰოლდინგის“ დირექტორი რაულ კახაძე ამბობს, რომ კომპანიამ საზოგადოების მოთხოვნა ძეგლის მასშტაბის შეცვლასთან დაკავშირებით გაითვალისწინა და სწორედ ამის გათვალისწინებით არ მოითხოვა მასშტაბის გაზრდა.
რაც შეეხება შენობის პირვანდელ იერსახეს:
„მაშინ სართულიც უნდა მოგვხსნა, რომ შენობას პირვანდელი სახე დაბრუნებოდა. ეს შენობა ქალაქში მიიღეს სწორედ ისეთი, როგორიც ახლაა და ჩვენ მას არსებული სახით აღვადგენთ“ – გვითხრა რაულ კახაძემ. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესს კომპანია ნებართვის მიღებისთანავე დაიწყებს.
თბილისის სხვადასხვა მაღაზიიდან ამოიღეს საკვები პროდუქცია, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათო საღებავს „სუდანს“ შეიცავდა. „ბათუმელები“ ქსელიდან ამოღებული პროდუქციის ორ მწარმოებელს ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორ აღმოჩნდა აკრძალული საღებავი მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაში.
ერთ-ერთი კომპანია არის „ნენა“, რომელიც რამდენიმე დასახელების საკვებპროდუქციას აწარმოებს. კომპანიის მწარმოებელი „ბათუმელებს“ ფეისბუქზე გამოეხმაურა, სადაც გვწერს, რომ „ამ საკითხის კვლევა, სიღრმისეულად მიმდინარეობს კომპანიის მხრიდანაც“.
„ჩვენ ჩავრთეთ დამოუკიდებელი ექსპერტები ყველა მიმართულებით, რათა მაქსიმალურად სამართლიანად და გამჭვირვალედ მოხდეს ამ შემთხვევის კვლევა.
ძალიან მალე გავაკეთებთ კომპანია „ნენას“ სახელით ოფიციალურ განცხადებას და დავიცავთ როგორც კომპანიის, ასევე მისი მომხმარებლის ინტერესებს“, – მოგვწერეს კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან.
„ბათუმელები“ ესაუბრა თამარ ყოლბაიას, რომელიც „ხათოს აფხაზური აჯიკის“ მფლობელია. ის ამბობს, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავით პროდუქციის დაბინძურების შესახებ კომპანიამ ინფორმაცია 2020 წლის 5 მარტს მიიღო.
„რადგან პანდემია იყო, პროდუქციის გამოთხოვა დავიწყეთ მაისში და ყველა ქსელიდან ამოვიღეთ, რაც დასტურდება ჩვენ მიერ უკან დაბრუნების ზედნადებებით. 120 ცალი იყო საერთო ჯამში. შემდეგ სურსათის უვნებლობა მოვიდა ჩვენთან და უკან დაბრუნებული პროდუქცია გაანადგურეს წესისამებრ, რისი ოქმიც არსებობს“, – ამბობს თამარ ყოლბაია.
კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა საღებავი აჯიკაში, თამარ ყოლბაია ამბობს, რომ საღებავი იმ ნედლეულს აღმოაჩნდა, რისგანაც დამზადდა აჯიკა.
„ჩვენ გვყავდა მომწოდებელი, რომლის მიერ იმპორტირებულ წიწაკაშიც გამოვლინდა „სუდანი“ და შესაბამისად, ყველა მწარმოებლის პროდუქციაში გამოვლინდა, ვინც მისი შემოტანილი ნედლეული გამოიყენა“.
თამარ ყოლბაია ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურმა მწარმოებელ კომპანიებს რეკომენდაცია მისცა ნედლეული კომპანია „ჯეოსგან“ შეიძინონ, რადგან მას ქართულ ბაზარზე ლაბორატორიულად შემოწმებული ნედლეული შემოაქვს.
„ახლა უკვე ლაბორატორიულად შემოწმებულ პროდუქციას ვყიდულობთ და ვაწარმოებთ ახალ პროდუქტს“, – ამბობს ყოლბაია.
მისი თქმით, კომპანია პროდუქციას დამზადების შემდეგ ვერ შეამოწმებს, რადგან ამის რესურსი არ გააჩნიათ. „ასეთი ანალიზები საქართველოში არ კეთდება და რომც გავაკეთოთ, პასუხები თვენახევარში ჩამოდის. ამიტომ, რადგან სურსათის უვნებლობამ გვირჩია, რომ „ჯეოსგან“ შევიძინოთ ყველა წიწაკა და სხვა მატერიალები, რადგან მას უკვე შემოწმებული შემოაქვს, ჩვენც მისგან ვყიდულობთ“.
აღნიშნული პროდუქციის გარდა ქსელიდან კიდევ სამი დასახელების პროდუქცია ამოიღეს, რომელშიც ჯანმრთელობის საზიანო საღებავი აღმოჩნდა.
Momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. „ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.“
განზრახ მკვლელობის ჩადენის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 150 პროცენტით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს მაისის ჩათვლით 30 ადამიანი მოკლეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 12.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 30-დან 24 საქმეა გახსნილი, 2019 წელს კი, სამართალდამცველებმა 8 საქმე გახსნეს.
წლის პირველ ხუთ თვეში სიცოცხლის წინააღმდეგ სულ 1219 დანაშაულია ჩადენილი, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის [109-ე მუხლი] საქმე იყო 18, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 16.
წელს, მაისის ჩათვლით, სულ 37 ადამიანის მკვლელობა სცადეს. ანალოგიური მაჩვენებელი იყო გასულ წელსაც.
ისევ მაღალია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელიც – 2020 წლის მაისის ჩათვლით 979 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო – 993.
პირს, რომელიც რწმენის გამო უარს განაცხადებს პირადობის ელექტრონული [ჩიპიანი] მოწმობის მიღებაზე, შეუძლია მიიღოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე [ანუ უჩიპოდ], მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ადრე არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი. ასეთ შემთხვევაში უჩიპო მოწმობა გაიცემა არაუმეტეს ერთი თვის ვადით.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში [„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“] შესაბამისი ცვლილების შეტანას მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი 2020 წლის 9 ივლისს მოაწერა. ახალი ბრძანების მოქმედება კი ვრცელდება მისი ამოქმედების დროისათვის [ანუ 9 ივლისისთვის] მიმდინარე წარმოებებზეც.
ამ ცვლილებით, „პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში:
თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და მას არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.“
შესაბამისი პუნქტი, 2019 წლის დეკემბრიდან, ბრძანებაში შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც დასტურდება მისი აღმსარებლობის კუთვნილების ფაქტი“, – ეს ჩანაწერი ბრძანებიდან ამოღებულ იქნა.
თავის დროზე კი, ეს ჩანაწერი მინისტრის ბრძანებაში საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაჩნდა, მთავრობას რომ აღესრულებინა ეს განჩინება.
მოსარჩელეები, ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიდნენ პირადობის მოწმობის, ასევე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის – ჩიპის გარეშე მიღების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 26 დეკემბერს აღნიშნული სარჩელის არსებითად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იუსტიციის სამინისტრო 2019 წლის დეკემბრიდან გასცემდა არაელექტრონულ პირადობის მოწმებებს, რომელთა მოქმედების ვადაც ასევე ერთი თვე იყო.
საბოლოოდ, 2020 წლის 4 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნანა სეფაშვილის და ია რეხვიაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი არაელექტრონული ანუ უჩიპო პირადობის გაცემას ითხოვდნენ.
საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც ჩანს, მთავრობამ გადაწყვიტა გააგრძელოს ერთთვიანი უჩიპო პირადობის მოწმობების გაცემა იმ შემთხვევაში, თუ რწმენის გამო მოქალაქე უარს ამბობს აიღოს ჩიპიანი მოწმობა. ოღონდ, ასეთი მოწმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კონკრეტულ მოქალაქეს ადრე არ აუღია ასეთი მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.
დღეს, 10 ივლისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია აბულაძემ ბრიფინგი გამართა. მან მოვაჭრეთა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
გია აბულაძის თქმით, ფრაქციამ მაისის დასაწყისში წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მეთექვსმეტე პუნქტი ითვალისწინებდა ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებული მოვაჭრეების გათავისუფლებას გადასახადებისგან და ამ თანხის სუბსიდირებას ბიუჯეტიდან, რაც არ გაითვალისწინეს ბიუჯეტის განხილვისას.
მისი თქმით, მოვაჭრეები მძიმე მდგომარეობაში არიან, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ მათთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა და თუ მათ მხარს არ დაუჭერს სახელმწიფო, მოვაჭრეები უბრალოდ გაკოტრდებიან შემოდგომაზე.
„შევაგროვეთ მოვაჭრეთა ასობით ხელმოწერა, რითაც ეს ადამიანები ითხოვენ გადასახადისგან გათავისუფლებას. დღეს ამ ხელმოწერებს წარვუდგენთ აჭარის მთავრობას და მოვითხოვთ სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება მოვაჭრეების გადასარჩენად. თითოეული მოვაჭრე იხდის ყოველთვიურად, ზოგიც – ყოველდღიურად ბაზარში დგომის გადასახადს, ამ თანხაზეა საუბარი. მართალია, ის პირები, ვისიცაა სავაჭრო ცენტრები და ბაზრები, მთლიანად ვერ გაათავისუფლებენ მოვაჭრეებს გადასახადებისგან, რადგან მიმდინარე ხარჯები აქვთ, მაგრამ ვითხოვთ ამ გადასახადების დასაფარად გამოიყოს სუბსიდია ბიუჯეტიდან – დღეიდან ახალ წლამდე, რომ მოვაჭრეებს პანდემიის მძიმე ტვირთი შეუმსუბუქდეთ,“- ამბობს გია აბულაძე.
როგორც ფრაქციის წევრი ამბობს ამბობს, მას აქტიური კავშირი აქვს ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებულ მოვაჭრეებთან და მათ დიდ უმრავლესობას აქვს საბანკო ვალდებულებები, ასევე ბევრი სხვა ფინანსური პრობლემა, რასაც ისინი სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებიან.
პოსტ-პანდემიის პერიოდში ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მარდი პლაზას ადმინისტრაცია გამოთქვამს სურვილს გამართოს საერთო კრება, რომელიც მიზნად ისახავს არსებული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრას და სამომავლო გეგმების დასახვას.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან პლაზაში არსებული კომერციული ფართების მესაკუთრეები და მეიჯარეები.
კრებაზე განიხილება პანდემიის შედეგად გამოწვეული მდგომარეობა, მოსალოდნელი განვითარება და ერთობლივი აქტივობები საერთო სარგებლის მისაღებად.
მარდი პლაზას ადმინისტრაცია გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას და დახმარებას სთავაზობს მესაკუთრეებს და მეიჯარეებს, რათა უმტკივნეულოდ მოხდეს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მარდი პლაზას აქვს მესაკუთრეებთან თანამშრომლობის და პრობლემების გადაჭრის მრავალწლიანი პრაქტიკა პოლიტიკური თუ სხვა გარეშე ძალების ჩარევის გარეშე.
შეხვედრა გაიმართება 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმი პლაზას მეოთხე სართულზე, საკონფერენციო დარბაზში.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, ერთი შემთხვევის წყარო უცნობია. კორონავირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდა გოგოს, რომელიც გუშინ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმყოფებოდა.
„კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც 7 რიცხვში გასული იყო ეროვნულ გამოცდაზე. ჩვენ გვიან ღამით გვქონდა კომუნიკაცია საგამოცდო ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული პრევენციისთვის და ყველა ის პირი, ვინც იმ დღეს აბარებდა გამოცდას ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად, გააგრძელებს გამოცდებზე ტესტების წერას, ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით,“- ამბობს გამყრელიძე
მისი თქმით, ახალგაზრდა გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, „ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, ის გადაყვანილია შემდგომი მკურნალობისთვის,“-ამბობს ამირან გამყრელიძე.
ასევე, იმ ცხრა ადამიანზე, მათ შორის, დამკვირვებლებსა და სხვა აბიტურიენტებზე, ვინც აღნიშნულ პირთან ერთად იმყოფებოდა საგამოცდო ცენტრში, ეპიდკვლევები მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ განაცხადა დღეს, 10 ივლისს, განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.
ჩოხატაურში, სოფელ ქვაბღასთან, ნაბეღლავი-ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა მოცურდა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – რვა თვის ბავშვი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანაში მსხდომ პირებს მხოლოდ მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებათ.
„ხიდზე გადასვლის დროს მდინარისკენ მოცურდა ავტომობილი, მაგრამ მდინარეში არ ჩავარდნილა. მგზავრები საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი, თუმცა მოტეხილობები არ აქვთ,“ – გვითხრეს შს სამინისტროში.
შემთხვევა გუშინ, 9 ივლისს, მოხდა.
გამოძიება სსკ-ის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ჩვენთვის, სქროლის გუნდისთვის, ჩვენი მგზავრების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ სკუტერის უსაფრთხო მართვის შესახებ რეკომენდაციები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ რეკომენდაციების კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის გადავწყვიტეთ წამოგვეწყო უსაფრთხოების კამპანია, რომლის ფარგლებში “სქროლის მართვის აკადემია” ატარებს ტრენინგების სერიას სკუტერის მართვისა და უსაფრთხოების წესების შესასწავლად, სადაც მონაწილეები საჩუქრად დაცული მგზავრობის ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტს – ჩაფხუტს მიიღებენ.
სკუტერის მართვა მარტივი და სახალისოა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქალაქში არსებობს სხვადასხვა დაბრკოლება, რომელმაც შესაძლოა ახალბედა სქროლერი შეაფერხოს, იქნება ეს ქვეითი, ავტომობილი თუ გზის წინაღობები. “სქროლის მართვის აკადემიის” ღონისძიების ფარგლებში, ჩვენი აკადემიის ტრენერები მონაწილეებს სკუტერის მართვას ასწავლიან ისეთ უსაფრთხო გარემოში, სადაც სატესტო გასქროლვა დამწყებებს გაცილებით გაუმარტივდებათ. ასევე აუხსნიან იმ ფუნდამენტურ წესებს, რაც უნდა გაითვალისწინონ მგზავრობის დროს, რათა იმგზავრონ კომფორტულად და უსაფრთხოდ. მართალია, უსაფრთხოების წესებს ონლაინსივრცის საშუალებით აქტიურად ვავრცელებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სრულიად ახალი სატრანსპორტო საშუალების კარგად ასათვისებლად თეორიულ გაკვეთილებთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც საჭიროა.
ასევე, როგორც მოგეხსენებათ სქროლის მართვა, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, მხოლოდ სრულწლოვანებისთვისაა ნებადართული, ამიტომაც ამ უსაფრთხოების წესის დარღვევების მინიმუმამდე შესამცირებლად, ბანკებთან თანამშრომლობის ფარგლებში, აპლიკაციაში აკრძალულია სასკოლო ბარათების გამოყენება და სამუდამოდ იბლოკება ის ანგარიში, რომლის გამოყენებაშიც არასრულწლოვანი იქნება შემჩნეული.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აპლიკაცია თავადაც გვაძლევს მითითებებს და გვიხსნის წესებს, რომელთა დაცვაც დაგვეხმარება უსაფრთხო მგზავრობაში. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით აპლიკაციაში არსებობს ზონები, სადაც გადაადგილების სიჩქარე შეზღუდულია, მაგალითად: ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა პარკები და სკვერები, სადაც ვერ გასქროლავ მაღალი სიჩქარით, რადგან შესაძლებელია ამით საფრთხე შეუქმნა სხვებსაც და საკუთარ თავსაც. სწორედ ამიტომ, ასეთ ტერიტორიებზე შესვლისას, შენივე და სხვისი უსაფრთხოებისთვის, სქროლის გადაადგილების სიჩქარე იკლებს. აპლიკაციაში ასევე მონიშნულია ზონები, სადაც სკუტერის გაჩერება არ შეიძლება.
გარდა ამისა, კომპანია „სქროლმა“ და ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომლის მიზანიცაა: მოვახდინოთ ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია, ავამაღლოთ ამ მიმართულებით ცოდნისა და ცნობიერების დონე საზოგადოებაში და ხელი შევუწყოთ საგზაო უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში.
აქვე მთავარი წესების მოკლე ჩამონათვალი:
[checklist]
სკუტერზე დადექი მარტო
მართვა ნებადართულია 18 წლიდან
რეკომენდებულია ატარო ჩაფხუტი
არ გაიკეთო ყურსასმენები
ატარე ორივე ხელით
იყავი ფხიზელი
დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები
სამანქანო გზაზე სქროლვის დროს სკუტერი მოძრაობის მიმართულებით, სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს ატარე
„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ახლა კოვიდცენტრია მოწყობილი, არ არის მრავალპროფილური კლინიკა. შესაბამისად, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი და ამავდროულად სხვა დაავადებები, მათ ვერ მოემსახურებიან. სასურველია, ერთ სივრცეში მოხდეს პაციენტების მომსახურება,“ – განაცხადა დღეს, 10 ივლისს „ლელოს“ წევრმა და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის ექიმმა, დავით მამულაძემ. ექიმის თქმით, კლინიკა სასწრაფოდ უნდა აღიჭურვოს სრულად.
ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურში [ახალ შენობაში] კორონავირუსით დაავადებული 6 პაციენტია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორ უმკურნალებენ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტს, თუკი მას, მაგალითად, კარდიოლოგიური პრობლემებიც აქვს? – ვკითხეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს, გია კიკაბიძეს.
„როგორც შევძლებთ, მოვემსახურებით, თუ ჩვენს ძალებს აღემატება, არსებობს კატასტროფის მედიცინა და გადავიყვანთ სხვა კლინიკაში. საავადმყოფოს აღჭურვის პროცესზე ჯანდაცვის სამინისტროში გიპასუხებენ,“ – გვითხრა გია კიკაბიძემ.
კითხვაზე, რომელი კლინიკა მიიღებს ბათუმში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტს, გია კიკაბიძემ ასე გვიპასუხა:
„ვერ გეტყვით, ამაზე ვერ გიპასუხებთ… ჯერჯერობით, ვინც აქ გვყავს, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,“ – აღნიშნა მან „ბათუმელებთან“.
ვიდრე კონკრეტულ პრობლემაზე კითხვას უპასუხებდა, ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა იმაზე, რომ კორონავირუსის წარმატებული მართვა „პოლიტიკურ ელიტას ძალიან აღიზიანებს“ და „ვიღაცები თითიდან გამოწოვილ მიზეზს ეძებენ, რომ თემა მეტ-ნაკლებად შეატრიალონ“.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ყველა სერვისი ერთ კლინიკაში ვერ იქნება და სამინისტროს კერძო კლინიკებთან კონტრაქტები აქვს გაფორმებული კონკრეტული მომსახურების მისაღებად.
„ვუშვებთ, რომ შესაძლოა წარმოიშვას მსგავსი პრობლემა, მაგრამ მთელი სტრუქტურა ამაზე მუშაობს, ამ დროს სად უნდა გადავიდეს პაციენტი კონკრეტული გაიდლაინით, კერძო კლინიკებს აქვთ შესაბამისი ბოქსირებული განყოფილებები,“ – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და კონკრეტული შემთხვევაც გაიხსენა, როცა კორონავირუსით დააავადებული პაციენტი თბილისში სამშობიაროდ ინფექციურიდან სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამშობიარო ბლოკია.
„ნებისმიერ კოლეგას ვთხოვ, ადამიანურად, სამუშაო საათებში იქნებ მეტი დრო დაუთმონ პაციენტებს, ვიდრე პარტიულ აქტივობებს,“ – დასძინა ზაალ მიქელაძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 9 ივლისს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აკრძალვის მიუხედავად წყალში შესული 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
საგანგებოს ცნობით, შემთხვევები ქობულეთსა და ბათუმში დაფიქსირდა. ყველა მათგანი ნაპირზე უვნებლად იქნა გამოყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
„მთელს სანაპიროზე დღის განმავლობაში 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა და აღმართული იყო წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში,“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ივლისის 21 საათიდან 11 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 25– 30 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 17 – 22 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.
მომდევნო 2 დღეს, 12-13 ივლისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე, კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, საამქროში აწარმოებდა თვისობრიობაშეცვლილ ხორცის ნახევარფაბრიკატებს.
„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს, მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილისა და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.
____________
ფოტოზე: კადრი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან.
„ხშირად ტურისტებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დასავლეთისკენ როცა მოვდივართ, ყოველთვის ვაჩერებ წეროვანთან და ვუყვები მათ, როგორ ვერ ბრუნდებიან მშობლიურ სოფლებში ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ“, – ამბობს თამარ ფანჩულიძე, არცთუ ისე ჩვეულებრივი გიდი იმ ნიშნით, რომ მის მსგავსად, ერთდროულად გიდიც და მძღოლიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ქალია. თამარი ერთ-ერთი მათგანია.
საჯარო სამსახურში მუშაობდა, დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვსამდე. მერე ეს რიტმი მობეზრდა და გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების რიტმი თავად დაეგეგმა, ასე გადაწყვიტა გიდობა. თავიდან ტურსააგენტოები აკავშირებდნენ თამარს ტურისტებთან, მერე ამას დამოუკიდებლად აკეთებდა, ახლა კი მძღოლიც თავადაა, გიდიც და ტურისტებიც პირდაპირ მას უკავშირდებიან საქართველოში მოგზაურობის დასაგეგმად.
გიდი-მძღოლი, თამარ ფანჩულიძე
მშობლიურის გარდა სამი ენა იცის, ინგლისური, რუსული და არაბული. არაბულის სწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბევრი ტურისტი დაუკავშირდა არაბული ქვეყნებიდან, მათ კი ინგლისური ცუდად იცოდნენ.
როგორც თამარი ამბობს, მძღოლობა და გიდობა ერთდროულად მარტივი არ არის, რადგან საჭის მართვას და პარალელურად საუბარს დიდი კონცენტრაცია სჭირდება.
„ვმართავ საჭეს, თან ვლაპარაკობ, ყველა გიდის მსგავსად მეც ერთდროულად ვარ ექთანი, ფოტოგრაფი, გიდი, ბავშვების მომვლელი, პირადი მცველი და შეთავსებით ყველაფერი“, – ამბობს თამარი.
გიდი-მძღოლი თამარ ფანჩულიძე
გიდებზე, რომლებიც საჭესაც მართავენ და ამბებსაც საინტერესოდ გადმოსცემენ, მოთხოვნა დიდია, რადგან მცირე, 3-4-კაციანი საოჯახო და მეგობრების ჯგუფებისთვის ეს კომფორტულია.
როგორც თამარი ამბობს, მას შემდეგ, რაც მან საჯარო სამსახური დატოვა, ბევრად მეტს გამოიმუშავებს. მისი ავტომანქანა სუზუკი XL7 გათვლილია 4 ადამიანზე, შეუძლია ბავშვების სავარძლების დამატებაც, ეს ჯიპი გიდი-მძღოლის განუყრელი ატრიბუტია. მართალია, ყოველთვის დაგეგმილი აქვს, სად და რას აჩვენებს ტურისტებს, მაგრამ აღნიშნავს იმასაც, რომ ყოველთვის იტოვებს გზიდან გადახვევის შესაძლებლობას და თუ ტრასიდან 10 კილომეტრში რამე საინტერესო, ლამაზი ან ისტორიული ადგილია, აუცილებლად აჩვენებს ყველას.
საუბრობს ტურისტების ინტერესებსა და საკუთარ გამოცდილებაზე, თუ რა აინტერესებთ ყველაზე მეტად მათ საქართველოში.
„ქართული სამზარეულო, ბუნება რომ ყველას მოსწონს, ეს არ არის ახალი ამბავი, მაგრამ ხშირად ტურისტებს უკვირთ, როგორ შევძელით საუკუნეების განმავლობაში პატარა საქართველო ყოფილიყო მრავალეროვანი და მრავალრელიგიური ქვეყანა, საქართველოს მულტიკულტურულობა ტურისტებისთვის ჩვენი მიმზიდველობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია“, – ამბობს გიდი.
თამარმა იცის, რომ მის მსგავსად გიდ-მძღოლად 4, 5 ქალი მუშაობს საქართველოში, მაგრამ პირადად არც ერთ მათგანს არ იცნობს. ყველაზე რთულად სვანეთისკენ მიმავალ გზას იხსენებს, თუშეთსა და მთიან აჭარაში ტურისტების აყვანას კი სამომავლოდ გეგმავს.
როგორც გიდი-მძღოლი ამბობს, ტურისტები, რომლებიც ერთხელ ჩამოდიან, მეორედაც ბრუნდებიან საქართველოში, ხშირად ერთკვირიანი ტურით მოდიან, მერე კი ხვდებიან, რომ ეს არ არის საკმარისი და შემდეგ, ან იმავე წელს ორი კვირით მოგზაურობენ, ყველაფერი რომ მოასწრონ.
„პანდემიამ კი ყველაფერი არია. ბოლო ტური მარტში მქონდა, მერე საზღვრებიც მალევე ჩაიკეტა, 10 ტური გამიუქმდა. შიდა ტურისტები მე საერთოდ არ მყავს. ინდივიდუალური, 3-4-კაციანი ტურებით ქართველები არ ინტერესდებიან, მთლიანად გაჩერებული ვარ ახლა. გიდები საზღვრების გახსნის მოთხოვნით აპირებენ მალე აქციების გამართვას, მათ აუცილებლად შევუერთდები“, – ამბობს თამარ ფანჩულიძე.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დღეს, 10 ივლისს, 11 საათიდან 18 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ზურაბ გორგილაძის ქუჩას, ლუკა ასათიანისა და ბარათაშვილის ქუჩების მონაკვეთს.
„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.
გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა იმპორტირებულია, ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
ამჟამად, ახალი შემთხვევის ჩათვლით, აჭარაში 6 პაციენტს მკურნალობენ Covid19-ზე.
ბოლო 24 საათში აჭარაში 633 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია კორონავირუსზე. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 40 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 25 996 პირს. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 2313 პირი.
კარანტინში გატარებულმა თვეებმა ყველას მოანატრა ღია ცის ქვეშ ყოფნა, ფეხით სეირნობა, ჰაერზე დასვენება და აქტიური ცხოვრება.
„ნეტა მალე დამთავრდეს ყველაფერი და სულ მზეზე ვიქნები“ – რამდენი ვფიქრობდით ასე შინ ყოფნისას, სარკეში საკუთარი ფერმკრთალი სახის შემხედვარე? ბევრნი ვართ ასეთები.
ჰოდა, ახლა საუკეთესო დროა ზღვაზე დასასვენებლად, მით უფრო, რომ ამინდის პროგნოზი ზედგამოჭრილია ზღვაზე დასვენებისა და გარუჯვის, ჩვენი წილი D ვიტამინის მისაღებად.
კარგი ამბავი ის არის, რომ თუ აქამდე ზღვაზე დასასვენებლად სერიოზული დანაზოგი გჭირდებოდათ, ახლა ბევრი სასტუმრო თუ აპარტამენტი გთავაზობთ აჭარის სანაპიროზე შეღავათიან ფასად დასვენებას. გასულ წლებთან შედარებით რომ ფასებმა მნიშვნელოვნად იკლო, ამას სასტუმროებისა და ბინების დაჯავშნის პლატფორმებზე ერთი თვალის გადავლებითაც მიხვდებით, მაგრამ ჩვენ შევაგროვეთ ზუსტი ინფორმაცია, აჭარის რომელ კურორტზე რა ფასად შეიძლება დაისვენოთ.
ბათუმი
თუ აქამდე ზღვის პირველ ზოლში, ბულვართან და პლაჟთან სულ ახლოს, ფეშენებელურ სასტუმროებში დასვენებას ვერ ახერხებდით მაღალი ფასების გამო, წელს შეგიძლიათ ეს ოცნება აისრულოთ.
ჩვენ ცნობილ სასტუმროებს დავუკავშირდით ფასების გადასამოწმებლად.
ბათუმში მაღალი კლასის სასტუმროებში ორადგილიანი ნომრის ფასი 200 ლარიდან იწყება
მზის ჩასვლა ბათუმის სანაპიროზე
დღეის მონაცემებით, ბათუმში, ზღვის პირველ ზოლში მდებარე მაღალი კლასის სასტუმროებში ორადგილიანი ნომრის ფასი ერთი დღე-ღამის განმავლობაში 200 ლარიდან იწყება. საუბარია სასტუმროებზე აუზითა და სრული კომფორტით. რა თქმა უნდა, სასტუმროს ნომრების ფასში შედის საუზმეც.
მაინც ძვირი გეჩვენებათ?! პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ ფასები გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია და მეორეც – ბათუმში, სადაც 200-ზე მეტი სასტუმროა, არჩევანი და ფასებიც, მრავალფეროვანია, ასე რომ თქვენი საფულის შესაფერისი ვარიანტი აუცილებლად მოიძებნება.
მაგალითად, ბულვართან ახლოს მდებარე სასტუმროებში ორადგილიანი ნომრის ფასი საშუალოდ 100 ლარია, გააჩნია სად შეარჩევთ სასტუმროს, ძველ თუ ახალ ბულვარში.
ხოლო თუ კი ზღვის მეორე და მესამე ზოლს აირჩევთ დასასვენებლად, ფასი კიდევ უფრო დაბლა იწევს და ორადგილიანი ნომერი 70-80 ლარადაც შეგიძლიათ იქირაოთ.
რაც შეეხება აპარტამენტებს, სეზონზე გასაქირავებელ ბინებს ბათუმში, არჩევანი წარმოუდგენლად დიდია, ფასებიც – სხვადასხვა. მაგალითად, ზღვის პირას, ახალ ბულვარში, ბინა, სადაც სამ ადამიანს შეუძლია განთავსდეს, აივნით, ზღვის ხედითა და სრული კომფორტით, 63 ლარადაც კი შეგიძლიათ ნახოთ, ხოლო ქალაქის ცენტრიდან 3,5 კილომეტრით დაშორებული ბინა – 39 ლარიც კი ღირს. ამ ფასად გასულ წლებში ბათუმში კომფორტული ბინის დაქირავება ორ ადამიანზე ნამდვილად გაგიჭირდებოდათ.
არის კიდევ უფრო ბიუჯეტური ვარიანტებიც, მაგალითად, განცალკევებული ოთახები კერძო სახლებში, რომელთა ფასი დღე-ღამეში, ორ ადამიანზე, 20 ლარიდან იწყება. ალბათ დამეთანხმებით, რომ ზაფხულში, ზღვის სეზონზე ეს ძალიან დაბალი ფასია.
ქობულეთი
ქობულეთის სანაპირო ბევრისთვის შეუცვლელი ადგილია ზაფხულობით. პლაჟი, ბუნგალოები, აღმაშენებლის ქუჩა, ორ-სამ სართულიანი სახლები და ფიჭვნარი ყოველწლიურად ათასობით ადამიანს იზიდავს ზაფხულში.
წელს ქობულეთში დასვენება გასულ წლებთან შედარებით ბევრად იაფი დაგიჯდებათ.
სასტუმროებით დავიწყოთ.
ორადგილიანი ნომრის ფასი ქობულეთის სასტუმროებში 60-70 ლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, არის უფრო ძვირადღირებული სასტუმროებიც, რაც უფრო მეტად ახლოს გსურთ ზღვასთან ყოფნა და მეტი კომფორტი, მით უფრო ძვირია სასტუმროც.
ქობულეთის სანაპირო . ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ტრადიციულად, უფრო იაფია საოჯახო სასტუმროები. მაგალითად, ზღვის პირველ ზოლში მდებარე საოჯახო სასტუმროს ერთოთახიან ნომერს, სადაც სამი ადამიანისთვისაა ადგილი, 40-დან 80 ლარამდე იქირავებთ. კიდევ უფრო იაფია ოთახები, კერძო სახლებში. მაგალითად, ქობულეთში, კერძო სახლში ოთახი ორი საწოლით დღე-ღამეში 25-30 ლარადაც შეგიძლიათ იქირაოთ.
სარფი, გონიო და კვარიათი
გაიაფდა სასტუმროები, კოტეჯები და საოჯახო სასტუმროები სარფში, გონიოსა და კვარიათშიც.
ეს ადგილები განსაკუთრებით იმ დამსვენებლებს უყვართ, ვისაც სურთ ზღვაზე დასვენება უფრო მშვიდ გარემოში, ქალაქისგან მოშორებით.
პატარ-პატარა სასტუმროებიდან, ბუნგალოებიდან და ღია კაფეებიდან აქ ერთდროულად იშლება ხედები ზღვასა და მთაზე, სწორედ ამ პეიზაჟებისა და განსაკუთრებით სუფთა ზღვის წყლის გამო ირჩევენ ტურისტები ამ ადგილებს.
სარფში ზღვისპირა, საოჯახო სასტუმროებში ერთ ნომერს ორი ადამიანისთვის 30-50 ლარად იქირავებთ ივლისის ბოლომდე, აგვისტოში ეს ფასი უმნიშვნელოდ იზრდება.
ხედი სასტუმრო ნომრიდან კვარიათში. ამ სასტუმროს ორადგილიან ნომერში დასვენების ფასი, საუზმით, 70 ლარია.
დაახლოებით იგივე ფასებია გონიოსა და კვარიათში. ერთ ნომრის ფასი ორი საწოლით აქ 60- 80 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, არის უფრო ძვირადღირებული ნომრებიც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა თანხის დახარჯვას გეგმავთ თქვენ.
აჭარის რომელ ზღვისპირა კურორტზეც არ უნდა ჩახვიდეთ, არ დაგავიწყდეთ აჭარის კულინარიული „სავიზიტო ბარათის“, აჭარული ხაჭაპურის გასინჯვა. აჭარული ხაჭაპური არსად არ არის ისეთი გემრიელი, როგორც აჭარაში, პლაჟზე დასვენების შემდეგ.
თქვენ რომელ კურორტს აირჩევთ წელს? მონაწილეობა მიიღეთ გამოკითხვაში.
ბათუმის ბულვარში დაჭრილ 17 წლის ბიჭს „მედცენტრში“ ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევა გუშინ, 9 ივლისს, ღამით მოხდასაზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. 17 წლის ბიჭი სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობებით.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. ჯერჯერობთ არ ვრცელდება ინფორმაცია, დაკავებულია თუ არა ვინმე აღნიშნულ შემთხვევაზე.
საერთაშორისო-საკონსულტაციო ორგანიზაცია Cushman and Wakefield Georgia – ის ინფორმაციით, რომელმაც პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში სამშენებლო ბიზნესის ბაზარზე არსებული მონაცემები შეადარა ერთმანეთს, პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, ბათუმის დეველოპერების აბსოლუტური უმრავლესობა ინარჩუნებს არსებულ საფასე პოლიტიკას.
კვლევაში მონაწილე კომპანიები ირწმუნებიან, რომ გასაყიდი ფასის კლება არ არის მოსალოდნელი. ასეთი პასუხების პარალელურად, დეველოპერების ნაწილი აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მყიდველებს სპეციალურ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობენ კონკრეტულ ფართობებზე.
კვლევის მიხედვით, ბათუმის რეზიდენტული ბაზარი საკმაოდ მზარდია და ქალაქს ყოველწლიურად ემატება ათასობით ახალი აპარტამენტი. შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. კომპანიებს მუდმივად უწევთ დიდი რესურსის გამოყოფა მარკეტინგის მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არ აპირებს მარკეტინგული მიმართულების ოპტიმიზაციას ან ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებას.
რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, კვლევაში მონაწილე ყველა დეველოპერმა თანამშრომლების შენარჩუნება შეძლო. მათმა 78%-მა, აპრილის ჩათვლით შეძლო დროებით დაქირავებული მუშახელის, თუ მუდმივი თანამშრომლების ანაზღაურების სრულად დაფარვა, ხოლო 22%-მა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ეს მოვალეობა.
კვლევის ფარგლებში დეველოპერულმა კომპანიებმა ის კონკრეტული მიმართულებები გამოკვეთეს, რა მხრივაც ელიან ან საჭიროებენ მხარდაჭერას, როგორც სახელმწიფოს, ასევე საფინანსო სექტორის მხრიდან. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დღგ-ს, საშემოსავლოსა და ქონების გადასახადთან დაკავშირებული შეღავათებია.
გარდა ამისა, დეველოპერებმა ისაუბრეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერების მნიშვნელობაზე. რესპონდენტების თქმით, აუცილებელია პროექტების ჩაბარების ვადების გადახედვა, ვინაიდან არსებულმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა, როგორც მშენებლობის, ასევე გაყიდვების პროცესი. ეს ფინანსური რესურსის გენერირების უმნიშვნელოვანესი წყაროა.
კვლევის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება დეველოპერებმა ფინანსური ინსტიტუციების მხრიდან შეღავათების აუცილებლობაზე გაამახვილეს. მათი თქმით, საპროცენტო განაკვეთის გადახედვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც მათ დაეხმარება პოსტკრიზისული პერიოდის სირთულეების დაძლევაში.
იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ცვლილებები გაყიდვებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან ბათუმის რეზიდენტული უძრავი ქონების მყიდველთა უმრავლესობა უცხოელები არიან, მხოლოდ მათი მცირედი ნაწილი სარგებლობს საბანკო მხარდაჭერით.
ბათუმის დეველოპერები პოტენციურ მყიდველებს, ძირითადად, შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობენ, რაც მათი თქმით, გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.
მაისში საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დეველოპერთა მხარდაჭერის გეგმა წარადგინა, რომელიც ასევე მყიდველებისთვის იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ის სუბსიდირებას გულისხმობს. სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე და შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე სესხს ახალაშენებული ბინის შესაძენად აიღებს. რაც შეეხება დეველოპერებს, მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო აუქციონის ფარგლებში, სახელმწიფო დევნილებისთვის 1 800 საცხოვრებელ ბინას შეიძენს, რომლის ღირებულებაც 150 000 მლნ ლარი იქნება, თუმცა ამ ბინების გასაყიდი ფასი არ უნდა აღემატებოდეს 1,700 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. კვლევის ავტორების ვარაუდით, ვინაიდან ბათუმის რეზიდენტულ ბაზარზე გასაყიდი აპარტამენტების კვადრატული მეტრის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე სახელმწიფოს მსყიდველუნარიანობა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დადგენილება ბათუმის დეველოპერებსაც შეეხოს.
დღეს, 9 ივლისს ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრთან 17 წლის ბიჭი დაჭრეს. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა კლინიკაში.
როგორც კლინიკაში გვითხრეს, დაჭრილი საავადმყოფოში შეიყვანეს მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობებით.
პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას ამ წუთებში [22:40 სთ] ოპერაცია უტარდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. ჯერჯერობთ არ ვრცელდება ინფორმაცია, დაკავებულია თუ არა ვინმე აღნიშნულ შემთხვევაზე.
„სანაპიროებზე წყალმცენარეების გაჩენა დაკავშირებულია წყლის რაოდენობის შემცირებასთან, ეს პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან,“ – ამბობს „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე. მას გლობალური დათბობის შესახებ ვესაუბრეთ, რის შედეგებიც უკვე ჩანს. ნინო ჩხობაძე, როგორც ექსპერტი და მესამე სექტორის წარმომადგენელი, ჩართულია ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებულ სამუშაო ჯგუფში. ამ ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ ემისიების შესამცირებლად ანუ გლობალური დათბობის წინააღმდეგ.
ქალბატონო ნინო, პირველ რიგში, ზღვის სანაპირო ზოლზე წყალმცენარეების მომრავლებაზე მინდა გკითხოთ. როგორც ვიცით, კვლევა დაწყებულია. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება ეს უკავშირდებოდეს გლობალურ დათბობას?
პირველ რიგში, ამას სჭირდება შესწავლა. წყალმცენარეების გავრცელებას, ზოგადად, იწვევს სერიოზული დაბინძურება, რაც შესაძლოა მდინარეებიდანაც იყოს შემოსული. ბევრ ტბასაც ძალიან უჭირს, რადგან დაწყებულია დაჭაობების პროცესი. დაბინძურების გარდა, ზღვის სანაპიროებზე წყალმცენარეების გაჩენა დაკავშირებულია წყლის რაოდენობის შემცირებასთან, რაც პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან: მაღალი ტემპერატურა, დაბინძურება ფეკალიებით, საკანალიზაციო სისტემით, კარგი გარემოა წყალმცენარეების გასამრავლებლად.
რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ტყეებშიც ხანძრის მომრავლება გლობალური დათბობის შედეგია?
კი, ესეც გლობალური დათბობის ერთ-ერთი ინდიკატორია, ისევე, როგორც ჩამომდინარე წყლების შემცირება, მიწისქვეშა წყლის დონის დაწევა, აგროვადების ცვლილებები, რაც უკვე მოხდა აშკარად ჩვენს შემთხვევაში.
გვითხარით, როგორ შეიძლება იწვევდეს ტყეში ხანძარს გლობალური დათბობა?
საქართველოს ტყეებისთვის ხანძარი ასეთი სიხშირით არ იყო დამახასიათებელი. ხანძარს დღეს იწვევს ნებისმიერი ნამწვი – ნალექის რაოდენობა არ არის მაღალი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს აალება. ტყეებში არ გვაქვს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები გატარებული, რაც ერთადერთი პრევენციაა. მთავარი ამოცანაა სიფრთხილე, რომ ნამწვი არ გადააგდონ, თუნდაც სიგარეტის, რადგან იმდენად გამომშრალია მთელი ეკოსისტემა და იმდენად მაღალია ტემპერატურა, რომ აუცილებლად აალდება. ჩვენ ზამთარშიც გვქონდა ხანძარი ტყეებში. ეს რეალურად იმის შემდეგია, რომ ნალექების რაოდენობა შემცირდა. ზამთარშიც კი იყო სერიოზული გვალვა და ახლაც გვაქვს გვალვა.
კიდევ რაზე აისახა უკვე საქართველოში გლობალური დათბობა?
მაგალითად, მყინვარების დნობაზე, ასევე მიწისქვეშა წყლების დაწევაზე. დღეს, როცა ჭებს თხრიან, უფრო დიდი სიღრმეა ამისთვის საჭირო, ასევე, სადაც იყო მოწყობილი ჭა, იქ თოკების დაგრძელება დასჭირდათ.
რა კონკრეტული მეთოდები არსებობს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და რას ვაკეთებთ ამ კუთხით ჩვენ?
ამ დროისთვის მზადდება სპეციალური ვალდებულებების პაკეტი, თუ როგორ უნდა შემცირდეს ემისია. ორი ტიპის გეგმა უნდა მომზადდეს: ერთი არის გლობალურ პროცესებთან შერბილების კუთხით და მეორე – ადაპტირებასთან დაკავშირებით. პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველომ დეკემბრის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს ეს გეგმა და ასევე ეროვნული ვალდებულებები, შესაბამისი მოქმედების გეგმით. საქართველო იღებს ვალდებულებას ემისიის 35 პროცენტით შემცირებაზე. ეს ჯგუფი მუშაობს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მე, როგორც ექსპერტი, ჩართული ვარ ამ პროცესში.
რა უნდა ჩაიწეროს ამ გეგმაში?
ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული ღონისძიება არის ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღება, რაც ნაწილობრივ უკვე მიღებულია, ასევე საჭიროა ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, ენერგოეფექტური მშენებლობები, რომელიც არ მისცემს საშუალებას დეველოპერებს, ააშენონ იმ ტიპის სახლები, რომლებიც ტემპერატურას კარგავენ, უნდა დაინერგოს ასევე ენერგოეფექტური ტექნოლოგიები საწარმოებში. ჩვენ ასევე უნდა დავიწყოთ წვეთოვანი რწყვა და არა ასე, კვალში მიშვებით. ამ გზით წყალი თითოეულ მცენარესთან მიდის. ეს რაციონალურია და თან ნაკლებ რესურსს მოითხოვს – წყალი ნაკლები იხარჯება.
როგორია ჰიდროელექტროსადგურების გავლენა ამ პროცესზე?
გააჩნია, სად და როგორ. ზოგადად, სადგურები არ ითვლება დამაზიანებლად, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი სახე მიიღო, რომ ეს უფრო ზიანის მომტანია და არა შემარბილებელი. დიდი წყალსაცავები არ ითვლება პრიმატდამცავად, დიდი სარკეები არ უნდა გაკეთდეს, ეს არ არის სწორი პოლიტიკა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს, როგორ ზემოქმედებს ეს კლიმატზე და კლიმატი რა ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე. ერთ-ერთი ინდიკატორი, რაც ზემოთ არ დამისახელებია, არის წყალდიდობები, ღვარცოფი, მეწყერი… აჭარა მეწყერსაშიში ზონაა და აქ პრევენციული ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანი ფაქტორია.
რას აჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა – რამდენად სწრაფად ვითარდება გლობალური დათბობა და რა ტიპის საფრთხის მოლოდინი უნდა გვქონდეს?
მიიჩნევა, რომ ეს პროცესი არის ძალიან სწრაფი და გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება. იცვლება მეთოდები, შესაბამისად, ახალი სცენარები იდება. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რასაც გლობალურად ელიან, ეს არის ზღვის დონის აწევა 50 სანტიმეტრიდან მეტრ-ნახევრამდეც კი. ჩვენთვის ნებისმიერი სცენარი, მათ შორის, წყლის დონის 50 სანტიმეტრით აწევა, იქნება სერიოზული პრობლემა – ზღვა შემოვა ნაპირზე.
ნაპირსამაგრი სამუშაოები უკვე დასრულდა შავი ზღვის სანაპიროზე. თქვენი ინფორმაციით, არის გათვალისწინებული ეს რისკები?
ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. რამდენადაც მე ვიცი, ეს რისკები შესწავლილი არ არის. ის, რაც მოხდა გრიგოლეთში, ნიშნავდა არასწორ ქმედებას პლაჟების გამაგრების კუთხით… კოლხეთის დაბლობი არის ზღვის დონიდან დაბალ ნიშნულზე და ის იცავს ზღვის შემოსვლას ნაპირზე, თუმცა თუ პლაჟები იქნება ამორტიზებული, იქნება საფრთხე, რომ ზღვა შემოგვივარდეს ხმელეთზე. ამიტომაც, მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა ნაპირზე მიზანშეწონილი არ არის. ნაპირი არ არის მყარი, ის მოძრავია. მინიმუმ 500-მეტრიან ზოლში არანაირი ქმედება არ უნდა განხორციელდეს ზღვის სანაპიროზე. მთავარი არის დაკვირვების სისტემის არსებობა და სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვა. ამ კუთხით კანონპროექტი მომზადებულია, ის დაახლოებით 15 წლის წინ შევიდა პარლამენტში, მაგრამ ჯერ კიდევ თაროზე დევს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წელს 1 მილიარდ 650 მილიონი ლარის ობლიგაციები გაყიდა. ეს არის მთავრობის საშინაო ვალი, რომელიც გარკვეულ ვადაში უნდა დაიფაროს ბიუჯეტიდან. სახაზინო ობლიგაციები სხვადასხვავადიანია – 6-თვიანი, 1,2,5 და 10-წლიანი. 2020 წლის 9 ივლისის მდგომარეობით, სამინისტრომ 600 მილიონი ლარით მეტი სხვადასხვავადიანი ობლიგაცია გაყიდა, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში.
ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში – „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2019-2021 წლებისთვის“ – აღნიშნულია, რომ „მთავრობის ფასიანი ქაღალდების [ობლიგაციების] გამოშვება ფინანსური რესურსის მოსაზიდად არის მესამე წყარო [მრავალმხრივი/ორმხრივი კრედიტორების და ევრობონდების შემდეგ]“.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, „მოსალოდნელია, რომ სამომავლოდ საქართველოს შეუწყდება წვდომა შეღავათიან კრედიტებზე, რომელსაც ამჟამად იღებს ორმხრივი და მრავალმხრივი კრედიტორებისაგან“. ამიტომ, „იმისთვის, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, მთავრობამ შედარებით დაბალი დანახარჯებით, გონივრული რისკების ფარგლებში მოიზიდოს ფინანსური რესურსები, საჭიროა განვითარდეს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზარი“.
„მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზარი რომ განვითარდეს, უნდა მოხდეს საპენსიო ფონდების, ორმხრივი ფონდების და სხვა კერძო ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და მოზიდვა. უცხოელი ინვესტორებისთვის, ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია მცირე ზომის ბაზარი და განუვითარებელი მეორადი ბაზარი. ბაზარზე არსებული ლიკვიდობის პრობლემის გამო, უცხოელი ინვესტორისთვის მარტივი არ არის მთავრობის ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი მოცულობის გაყიდვა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველოს რეზიდენტებიდან, მთავრობის ფასიან ქაღალდებს ძირითადად კომერციული ბანკები ყიდულობენ/ფლობენ.
ფინანსთა სამინისტროს სტრატეგიულ დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ადგილობრივ ბაზარზე სესხების აღება [ანუ ობლიგაციების გამოშვება] არაინფლაციურია. ეს იმას ნიშნავს, რომ საშინაო ბაზარზე სესხებით რა მოცულობითაც ხდება მიმოქცევიდან ფულის ამოღება, უკანაც იმავე მოცულობით ბრუნდება მთავრობის მიერ ხარჯების გაღების დროს“.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის მაისის თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი 4 მილიარდ 616 მილიონ 500 ათას 700 ლარი იყო.
სამინისტროს განმარტებით, „სახელმწიფო საშინაო ვალი არ მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვინაიდან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მოცულობა დაუზუსტებელია“.
[toggle title=”სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის 48-ე მუხლი ნახეთ აქ:“]
მუხლი 48. კანონის მიღებამდე [05/03/1998] სხვადასხვა ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებებად აღიარება
1. ამ კანონის მიღებამდე სახელმწიფო საშინაო ვალად, აღიარებულ იქნეს შემდეგი სავალო ვალდებულებები:
ა) მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება;
ბ) ყოფილი სსრ კავშირის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული, ამავე ბანკის თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანება;
გ) რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ ამ ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული, საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება;
დ) თურქმენეთიდან 1995 წლის ჩათვლით მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობის დავალებით ქვეყნის საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გადატვირთული პროდუქციის ანაზღაურებაში არსებული დავალიანება;
ე) საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება;
ვ) ყოფილი სსრ კავშირის 1990 წლის სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების დაფარვის ვალდებულება;
ზ) კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება;
ი) მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ლატარიაში მოგებული ნივთების გაუნაღდებლობით წარმოქმნილი დავალიანება;
კ) ყოფილი სსრ კავშირის „ინდუსტრიაბანკის“ მიერ ბლოკირებული, ამავე ბანკის ბათუმის განყოფილების ანგარიშზე რიცხული, საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სავალუტო სახსრების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანება.
[/toggle]
გარდა საშინაო ვალისა, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.8 მილიარდი აშშ დოლარი (25.6 მილიარდი ლარი), რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მილიარდი აშშ დოლარი (18.7 მლრდ ლარი)
პანდემიის პირობებში, 13 მარტიდან 9 ივლისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 229 მილიონ 650 ათასი აშშ დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის განმარტებით, „სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. სავალუტო აუქციონის მიზანია, საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება“.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2020 წლის 13 მარტიდან დღემდე:
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, 2020 წლის 13 მარტს იყო 2.94, ხოლო 9 ივლისს არის – 3,05. ამ პერიოდში ყველაზე მაღალი ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა 27 მარტს – 3,48 / ინფოგრაფიკა: ეკა ბერიძე|„ბათუმელები“ / წყარო: ეროვნული ბანკი