მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს გადადგომას სთხოვენ

11.07.2020
ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს გადადგომას სთხოვენ

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, გადადგომას სთხოვენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლაშა კომახიძეს არ სურს ამ მოთხოვნის უპირობოდ შესრულება და გადადგომის სანაცვლოდ ის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის სიაში ჩასმას ითხოვს. მას ამ პირობაზე უარს ეუბნებიან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელიც ასევე ინფორმირებულმა პირმა დაგვიდასტურა, ლაშა კომახიძესთან  მოსალაპარაკებლად აზერბაიჯანიდან მოქმედი ელჩი, ზურაბ პატარაძე გამოიძახეს და ის ამჟამადაც თბილისში იმყოფება. თავის დროზე ლაშა კომახიძის კანდიდატურა ქალაქის მერად  მმართველ პარტიას სწორედ ზურაბ პატარაძემ შესთავაზა.

თავად ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის დღეს მედიასთან კონტაქტზე არ გამოვიდა. მისი თანამდებობიდან წასვლა დღეს, 11 ივლისს, მერიის პრესსამსახურში არ დაადასტურეს და გვითხრეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს მერი ორშაბათს, 13 ივნისს გასცემს პასუხს.

არის ვარაუდი, რომ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას.

ლაშა კომახიძის შესაძლო გადადგომას ტყუილს უწოდებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე. პარლამენტის დეპუტაცია აჭარიდან, ისევე როგორც უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი აცხადებს, რომ ლაშა კომახიძის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ არაფერი იციან.

ლაშა კომახიძე ბათუმის არჩეული მერია 2017 წლიდან. მას უფლებამოსილების ვადა გასდის 2021 წელს. შესაბამისად, ლაშა კომახიძის გადაყენების უფლება არავის აქვს, გარდა საკრებულოს უმრავლესობისა. ასევე არჩეული მერი შეიძლება გადააყენონ იმ შემთხვევაში, თუ მას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: